ესე

გაგა ნიჟარაძე – ორ ზღვას შუა ძველისძველად…

gaga_nijaradze_0

Times they are a changing

Bob Dylan

  1. 1.     შესავალი

კულტურული თვალსაზრისით ცნებები – ევროპა და აზია, აღმოსავლეთი – დასავლეთი – ძალიან ზოგადია და პირობითი. რომ შევადაროთ, ვთქვათ, შვედური და ბერძნული, ან იაპონური და ირანული კულტურები, მათ შორის არანაკლები რაოდენობრივი და თვისობრივი სხვაობა აღმოჩნდება, ვიდრე შვედურსა და იაპონურს შორის. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცხადია, რომ შვედი და ბერძენი ევროპელები არიან, ხოლო იაპონელი და ირანელი – აზიელები, და ამ შემთხვევაში მთავარია არა კულტურული, არამედ გეოგრაფიული ფაქტორი.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ „სუფთა“ აზიური ან ევროპული კულტურის დასახელება შეუძლებელია, მეცნიერული გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ზოგიერთი ღირებულებები, შეხედულებები, ქცევითი სტერეოტიპები და მისთანები ევროპულ კულტურებში გვხდება უფრო ხშირად, ან სხვა ხარისხით, ვიდრე აზიურებში და პირიქით. თუმცა საქმეს ართულებს ის, რომ კულტურის მახასიათებლები იცვლება და ზოგჯერ, ისტორიული მასშტაბით, საკმაოდ სწრაფად: ასიოდე წლის წინათ ვინ წარმოიდგენდა, რომ „აზიათ-აზიელი“ იაპონელები შვეიცარელებს (!) გაასწრებდნენ ისეთ წმინდა „ევროპულ“ თვისებებში, როგორიცაა პუნქტუალობა და დროის დაფასება.

ასე რომ, გეოგრაფიული მდებარეობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არაა საბედისწერო; და რახან ასეა, შევხედოთ ამ თვალსაზრისით ჩვენს ევრაზიულ ქვეყანას. ეპითეტი „ევრაზიული“ ალბათ არცერთ ქართველს არ გაუკვირდება, მაგრამ მას მეცნიერული საფუძველიც აქვს: რამდენიმე ფართომასშტაბიან კროს-კულტურულ გამოკვლევაში საქართველოს კულტურული პროფილი ყველაზე „დასავლური“ იყო აზიურ ქვეყნებს შორის (მაგალითად, ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა ინდივიდუალიზმი, რაციონალობა, გენდერული თანასწორობა და სხვ.), და ყველაზე „აღმოსავლური“ – ევროპულებში (ბულგარეთსა და რუსეთთან ერთად).

ცხადია, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს საზოგადოებაში ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა და ხდება კიდეც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების უმრავლესობა „დასავლეთის მიმართულებით“ ხდება, რასაც ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს – საბაზრო ეკონომიკა, ყველა ხელისუფლების მიერ განცხადებული პროდასავლური გეზი და, ყოველივე ამის საფუძველი – ისტორიული, თუმცა ზოგჯერ არცთუ კარგად გაცნობიერებული, ლტოლვა ევროპისაკენ.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, მოძრაობა დაწყებულია, თუმცა წინ ჯერ კიდევ საკმაო მანძილია. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში პირობით „აღმოსავლელს“ თავი ევროპაში ჰგონია, „დასავლელს“ კი – აზიაში. ამ წერილში მე ვეცდები წარმოვაჩინო ის ღირებულებები, ჩვევები, ყოველდღიურობის ელემენტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად საერთოა პირობითი „დასავლეთისათვის“ და დასავლურ იდენტობას ქმნის, ხოლო ქართული საზოგადოების უმრავლესობის მიერ ჯერ კიდევ არაა გაზიარებული. მათი გაზიარება კი მოგვიწევს, რაც, რასაკვირველია, ცხოვრების წესს შეცვლის, მაგრამ ნურავის შეეშინდება, კულტურულ თვითმყოფადობას არაფერი ემუქრება.

  1. 2.      „ჩვენ“ და „ისინი“

ჯენტლმენი ისაა, ვინც ჯენტლმენურად იქცევა მაშინაც,

როცა საქმე აქვს არაჯენტლმენთან.

„პშეკრუი“, პოლონური იუმორისტული ჟურნალი

მშვენიერ ქალაქ პრაღაში ასეთი სცენის მომსწრე გავხდი: ვიწრო, ერთხაზიან ქუჩაზე შუქნიშანთან ახალგაზრდა ქალს ძრავა ჩაუქრა. სანამ მანქანა მოხალისე დამხმარეების ძალებით გადააგორეს, რასაც ათიოდე წუთი დასჭირდა, ქუჩაში უშველებელი „კუდი“ დადგა; ჰოდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთი სიგნალი არ გაისმა და გასაჭირში მოხვედრილი მძღოლის ნათესავებსაც არავინ შეხებია…

თავაზიანობა ჩვენში ფასობს (თუმცა სად არ ფასობს?!), მაგრამ დაკვირვება გვიჩვენებს, რომ თავაზიანობის წესები უფრო ხშირად „ჩვენიანებზე“ ვრცელდება. მძღოლმა ზოგჯერ შეიძლება გზა დაუთმოს ფეხით მოსიარულეს ან სხვა მანქანას, მაგრამ საყოველთაო ნორმად ეს ჯერჯერობით არ ქცეულა. ერთხელ ქუჩაზე გადასასვლელად გავატარე ჩრდილოევროპული გარეგნობის წყვილი, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, თბილისში ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა, ჰოდა, იმდენი მადლობა მითხრეს, სირცხვილით არ ვიცოდი, სად წავსულიყავი.

ძალიან გამაღიზიანებელია, როცა ოფიციალური პირი იმთავითვე „შენ“-ობით მოგმართავს, რითაც „შენს ადგილს“ გიჩვენებს. განსაკუთრებით ამითი პოლიციელები და ექიმები სცოდავენ. სამედიცინო დაწესებულებაში სამოცს გადაცილებული პაციენტი ავტომატურად „ბაბო“ ან „ბაბუ“ ხდება, რაც აგრეთვე ვერ ჩაითვლება თავაზიანობის ნიმუშად. ხოლო ის გულწრფელი სიძულვილი, რომელიც სტადიონის ტრიბუნებზე სუფევს მოწინააღმდეგე გუნდის მიმართ, რაღაცნაირად არ შეესაბამება ჩვენს საამაყო სტუმართმოყვარეობას. აღარაფერს ვამბობ რასიზმის გახშირებული გამოვლინებების შესახებ მუქკანიანი ჩამოსულების მიმართ.

***

ქართული კულტურა კოლექტივისტურია და მცირე ჯგუფებზეა ორიენტირებული. ამგვარი მცირე ჯგუფი შედგება რამდენიმე ასეული ადამიანისგან, რომლებიც პირადად იცნობენ ერთმანეთს, ენათესავებიან, მეგობრობენ, მეტ-ნაკლებად ხშირად ურთიერთობენ, ასე თუ ისე იზიარებენ საერთო ნორმებსა და ღირებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან. შეიძლება გამოვყოთ ქვეჯგუფებიც – სანათესავო, სამეგობრო, თანამშრომლები, სამეზობლო, შედარებით შორეული ნაცნობების წრე; მოკლედ, ყველა ისინი, ვინც ერთიანდება სიტყვებით „ჩემიანები“ ან „ჩვენიანები“. საზოგადოების ამგვარი სტრუქტურის გამო სოციალური ცხოვრება ე.წ. „შიდაჯგუფობრივი ფავორიტიზმის“ მკვეთრად გამოხატული ნიშნით წარიმართება (რაც არა მარტო ჩვენი კულტურისთვისაა დამახასიათებელი) – ჩემიანია, შესაბამისად, იმთავითვე მართალია, მხარდასაჭერია, დასაცავია, თუნდაც მიუღებელი რამ ჩაიდინოს.

ამ თემას აღარ განვავრცობ, ვიტყვი მხოლოდ, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართული საზოგადოების ტრადიციული მცირეჯგუფობრივი სტრუქტურა თანდათან იშლება ორი, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ვექტორის გავლენით.

ერთი ფაქტორია ეკლესიის ძალზე გაზრდილი როლი, რომლის გავლენითაც ყალიბდება ახალი ტიპის კოლექტივიზმი – „მრევლური“, რაც გულისხმობს არადიფერენცირებულ მრევლს და უმაღლესი ავტორიტეტის მქონე, ყოველგვარ კრიტიკაზე მაღლა მდგომ მოძღვარს (ეკლესიის თემას კიდევ დავუბრუნდებით). მეორე ფაქტორი საბაზრო ეკონომიკაა, რომელიც, სხვა მრავალ შედეგთან ერთად, ხელს უწყობს ინდივიდუალისტური მენტალიტეტის ზრდას (ფრჩხილებში აღვნიშნავ, რომ ინდივიდუალიზმის მომძლავრების ფაქტორი არის აგრეთვე ისეთი მაღალტექნოლოგიური „ინდივიდუალისტური“ მოწყობილობების ფართო გავრცელება, როგორიცაა კომპიუტერი და მობილური ტელელეფონი, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლეს „კოლექტივისტური“ ტელევიზორი და საოჯახო თუ საოფისე ტელეფონი).

ინდივიდუალიზმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგივდეს ეგოიზმთან. პირიქით, ინდივიდუალისტურ ღირებულებათა გავრცელებასთან ერთად იზრდება სამოქალაქო აქტივობა; „ჩვენიანობის“ გრძნობა, რასაკვირველია, არ ქრება, მაგრამ პიროვნების შეფასებისას უფრო აქტუალური ხდება მისი პროფესიული და ზნეობრივი თვისებები, და არა ამა თუ იმ ჯგუფს მიკუთვნებულობა.

სავარაუდოდ, თუ რაიმე ფორს-მაჟორული არ მოხდა, უახლოეს ათწლეულებში საქართველოს სოციალურ ცხოვრებას განსაზღვრავს აღწერილი ორი ტენდენციის, ინდივიდუალისტურის და  კოლექტივისტურის, დაპირისპირება.

  1. 3.     საჩოთირო თემა – სისუფთავე

ცივილიზაციის დონეს განსაზღვრავს კანალიზაციის დონე.

ტურისტული ანდაზა

ქუჩაში შემხვდა ჩემი ყოფილი სტუდენტი გოგონა; როგორც გამოირკვა, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ავსტრიიდან, სადაც სწავლობდა და საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრობდა. როცა შთაბეჭდილებებზე ვკითხე, ცხვირი აიბზუა და მითხრა, „ავსტრიელები ჭუჭყიანები არიან“; ცხადია, ასეთი მოულოდნელი შეფასების მიზეზით დავინტერესდი და პასუხმაც არ დააყოვნა: „სპორტულ ფეხსაცმელს სარეცხ მანქანაში რეცხავენო“. თავიდან, მართალი გითხრათ, კავშირი ვერ დავიჭირე, მაგრამ მოგვიანებით მივხდი, რომ აქ საკმაოდ ღრმად ჩანერგილ წესსა თუ რწმენასთან გვაქვს საქმე, და გოგონა ამოდიოდა სისუფთავე – სიბინძურის ჩვენში გავრცელებული გაგებიდან.

ლოგიკა ასეთია: მიწა ჭუჭყის ადგილია,  ის, რაც მას ეხება, ამ შემთხვევაში ფეხსაცმელი, აგრეთვე ჭუჭყიანია, შესაბამისად, აბინძურებს სუფთა ალაგს, სამრეცხაოს. სხვა სიტყვებით, სუფთას ადგილი სუფთა უნდა იყოს, ჭუჭყისა კი – ჭუჭყიანი. პრაქტიკაში ეს გამოიხატება იმაში, რომ სოფლად (უმეტესად) საპირფარეშო ჯერ კიდევ  ეზოშია განლაგებული (ზოგჯერ პრინციპულად, მაგას სახლში რა უნდაო) და არასდროს სუფთავდება.

ყოველივე ეს ძირეულად ეწინააღმდეგება „დასავლურ“ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ჭუჭყის ადგილიც უნდა სუფთა იყოს; ეს მცნება იმდენად მნიშვნელოვნად ითვლება, რომ მენაგვის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე უფრო პატივსაცემად და დასაფასებლად ითვლება, განსაკუთრებით კი სწორედ ავსტრიაში.

რასაკვირველია, პროგრესი არის. ტურისტული ბიზნესის თანდათან ამოქმედება და სხვა სახის საერთაშორისო ურთიერთობები შეუძლებელი იქნებოდა სათანადო პირობების გარეშე, რომელთა შორის ჰიგიენური მოთხოვნები პირველ ადგილზე დგას. ჩვენი სამხრეთელი ევრაზიელი მეზობელი, თურქეთი, ამ მხრივ კარგ მაგალითს იძლევა.

საქმეს მნიშვნელოვნად წაადგა ნაგვის ბუნკერები, თუმცა ერთი არსებითი ხარვეზით: განვითარებულ ქვეყნებში ამგვარი ბუნკერი დახურულია, მომხმარებელი მას თვითონ აღებს და ისევ ხურავს, რადგან იმდენად კარგადაა მოვლილი, რომ მიკარება ზიზღს არ იწვევს.

რამდენადაც ვიცი, დასავლეთ საქართველოში იწყება კანალიზაციის გაყვანის ფართომასშტაბიანი პროექტი. სხვისი არ ვიცი, მე კი ეს ამბავი, სულ ცოტა, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე გზების გაყვანა და ქვეყნის ინტერნეტიზაცია. თუმცა, ალბათ, ფანჯრიდან გადმოპირქვავებული საფერფლეებისა და ნაპიკნიკარის ნარჩენებთან კიდევ საკმაო ხანს მოგვიწევს ბრძოლა.

  1. 4.     დრო

დრო, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ფული,

რომელიც ჩვენ არა გვაქვს.

ოსტაპ ბენდერი

ჩრდილოეთ ამერიკაში ხუმრობენ, რომ ამერიკელის ხუთი წუთი უდრის მექსიკელის ერთ საათს. ეს ის დროა, რომლითაც დაგვიანების შემთხვევაში ბოდიში უნდა მოიხადო. ჩვენში ეს იქნება 10-20 წუთი, ასე რომ, შეიძლება ითქვას, მექსიკას „ვუსწრებთ“, უფრო სწორად, „გავუსწარით“. მე სატელევიზიო გამოსვლების საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, ჰოდა, ოციოდე წლის წინ ნებისმიერი გადაცემის ჩაწერა მინიმუმ ერთი საათით აგვიანებდა მთელი რიგი მიზეზების გამო („კიდევ ერთ სტუმარს ველოდებით“, „კაბელი დაზიანდა“, „სადაა ვასიკო?!“ და ა.შ.); ახლა ეს დრო ხსენებულ 10-20 წუთამდე შემცირდა, რაც ამ სფეროშიც პროგრესის მაჩვენებელია. მაგრამ მაინც, ჩვენი „დაგვიანების ნორმის“ გამო, საერთო ჯამში, უამრავი დრო ფუჭად იხარჯება, პუნქტუალური ხალხის ნერვების მდგომარეობა კი საფრთხის წინაშე დგება.

დროსთან დამოკიდებულება, რასაკვირველია, არა მარტო მეტ-ნაკლებ პუნქტუალობაში გამოიხატება. ძალზე მნიშვნელოვან კულტუროლოგიულ პარამეტრად განიხილება „დროის ლოკუსი“, ანუ ის, თუ რაზეა მოცემული საზოგადოება უპირატესად ორიენტირებული – წარსულზე, აწმყოზე თუ მომავალზე.

ჯერ ვნახოთ, რას ნიშნავს აწმყოზე ორიენტირება. გამოჩენილი ინგლისელი ზოოლოგი, ჯერალდ დარრელი გაემგზავრა დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც უნდა შეეგროვებინა იქაური ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები ბრიტანული ზოოპარკებისთვის. ყოველი ცოცხალი ეგზემპლარისთვის დამჭერი საკმაო „ჰონორარით“ ჯილდოვდებოდა. თავიდან საქმე კარგად წავიდა, მაგრამ შემდეგ გაჭიანურდა. როგორც წერს დარრელი, მონადირეები აღარ მიდიოდნენ საშოვარზე, სანამ არ გაუთავდებოდათ წინა გასამრჯელო. სხვა სიტყვებით, სანამ სასიცოცხლო რესურსები არის, ისინი იხარჯება, როდესაც დამთავრდება  – „რამე გამოჩნდება“.

სწორედ ამგვარი ცხოვრების სტილით ხსნიან იმას, რომ ბევრი ღარიბი ქვეყანა ვერაფრით გამოდის თავისი მდგომარეობიდან სოლიდური ფინანსური დახმარების მიუხედავად; მიღებული ფული სწრაფად და უაზროთ იხარჯება, გაუმჯობესება კი ნულოვანია. ესაა „ღარიბის ფსიქოლოგია“, რომელსაც ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით.

წარსულზე ორიენტაცია გასაგებია: ჩვენ ბრძენი წინაპრები გვყავდა, მათ ერთხელ და სამუდამოდ დაადგინეს ცხოვრების სწორი წესები, რომელთა შეცვლა სახიფათოა და მიუღებელი, ხოლო გაჭირვების შემთხვევაში მეტი ყურადღებით უნდა ჩავხედოთ მამა-პაპათა დანატოვარს, სადაც ყველაფერია გათვალისწინებული, ჭეშმარიტად ახალი ხომ არაფერი ხდება… ერთი სიტყვით, ძველი ცალსახად სჯობია ახალს, ხოლო წარსული – აწმყოსა და მომავალს. ასეთია პატრიარქალური (ტრადიციონალისტური) საზოგადოებები.

დროის ახალი გაგება შუა საუკუნეების ბოლოს ჩნდება ევროპაში და დიდად უწყობს ხელს ხსენებული ეპოქის დასასრულს. ამ გაგების მიხედვით, მომავალი არაა წინასწარგანსაზღვრული, იგი შეიძლება შეიცვალოს და ადამიანს ამის უნარი შესწევს – დაფიქრების, დაგეგმვის, შესაძლო რისკების გათვალისწინებით, მომავალი თაობების სიკეთის გააზრებით (შთამბეჭდავი მაგალითი: ლუი XIV-ის ფინანსთა მინისტრის, ჟან ბატისტ კოლბერის (1619-1683) განკარგულებით გაშენდა მუხნარი, რომლის გამოყენება (ხომალდმშენებლობისათვის) გათვალისწინებული იყო 300 (სამასი!) წლის შემდეგ). აქედან თავისთავად გამომდინარეობს ცხოვრების განახლება- გაუმჯობესების, პროგრესის იდეა. ყოველივე ახალი დაუყონებლივ გამოიცდება პრაქტიკით  და, წარმატების შემთხვევაში, ულაპარაკოდ ენაცვლება დრომოჭმულს, თუნდაც ეს უკანასკნელი ურყევი დოგმის რეპუტაციით სარგებლობდეს.

დღეს თითქმის ნებისმიერ საზოგადოებაში შევხდებით დროის სამივე, სქემატურად აღწერილ, ლოკუსს (როგორც ინდივიდების, ცალკეული ჯგუფებისა თუ მთელი სუბკულტურების მახასიათებელს). ასეა ქართულ სინამდვილეშიც. აქ ხშირად შევხვდებით მხოლოდ დღევანდელი დღით მცხოვრებ „არასერიოზულ კაცებს“ (ფილმის პერსონაჟს ვგულისხმობ, თორემ ქალებსაც, ცხადია); სტუდენტებთან ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება; მაგრამ დომინანტურ ლოკუსს დღეს მაინც წარსული შეადგენს.

ამ განცხადების სასარგებლოდ ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მე მხოლოდ ერთით შემოვიფარლები – იმ სფეროდან, რომლისთვისაც საზოგადოების წამყვანი განწყობების ცოდნა და მათზე თამაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუ დაკვირვებიხართ, რამდენად ხშირად იხმარება ქართულ რეკლამაში სიტყვა „ძველი“ – „ძველი ბორჯომი დაბრუნდა“, „ძველი ყავის გემო“, ათეულობით „ძველი“ რესტორანი… მართალი ბრძანდებით, ზოგჯერ „ახალსაც“ შეხვდებით, მაგრამ ძირითადად ნათარგმნ, „იმპორტულ“ კლიპებში, „ახალი“ კაფე თუ რესტორანი კი საერთოდ არ შემხვედრია.

ალბათ გასაგებია, ძველისა და წარსულის დავიწყებისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ნაცნობი უცხოელისაგან წერილს მივიღებთ – ორი თვის თავზე, პარასკევს, საღამოს შვიდ საათზე თუ გეცლებაო, აღარ გაგვეცინება, და თუ გაგვეცინება კიდეც, არც ისე გულიანად, როგორც დღეს…

  1. 5.     ფული

ფულიან ღარიბად მინდა ვცხოვრობდე.

პაბლო პიკასო

ხშირად გამიგონია: „… ესა და ეს დაჯდა მილიონ ს ჩემ-ტო“. ეს „ს ჩემ-ტო“ კი იმდენია, ათ ოჯახს რომ ეყოფა მთელი წელი… როდესაც ეროვნული ვალუტა შემოვიდა, ერთ- და ორთეთრიანები ძალიან მალე გავიდა ხმარებიდან. მერე ისევ გაჩნდა და ისევ გაქრა, მხოლოდ მსხვილ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში აბრუნებენ ხურდად, მაგრამ მყიდველთა უმრავლესობა იქვე ტოვებს. ამ დროს არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ამერიკელებმა თავისი ორი ყველაზე პატივცემული პრეზიდენტი, ვაშინგტონი და ლინკოლნი, ფულის ყველაზე წვრილ ერთეულებზე, დოლარიანზე და ცენტიანზე გამოსახეს.

ჩვენს კულტურაში ფული, როგორც ღირებულება, უარყოფითადაა მარკირებული. „ხელის ჭუჭყია“, მასზე ლაპარაკი ცუდ ტონად ითვლება, თვით სიტყვის ხმარებაც კი უხერხულია, ამიტომ შემოვიდა ევფემიზმი „თანხა“; ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა და კომერცია თითქოს იმთავითვე გულისხმობს არაპატიოსნებას… შეიძლება ითქვას, ფულს პატივს არ ვცემთ, თუმცა ძალიან კი გვიყვარს.

* * *

პარადოქსების ოსტატმა, ოსკარ უაილდმა, შენიშნა: „მდიდრებზე ხშირად ფულზე ფიქრობენ მხოლოდ ღარიბები“ დაკვირვება უეჭველად სწორია, იმ დაზუსტებით, რომ ხსენებული კატეგორიების წარმომადგენლები ფულზე სხვადასხვანაირად ფიქრობენ.

როგორც აჩვენა მრავალ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ, ღარიბი ფენების წამომადგენლებს, მნიშვნელოვან კულტურულ განსხვავებებთან ერთად, საერთო ნიშნებიც აღმოაჩნდათ, გამოვყოფ ძირითადებს: ფული მხოლოდ ამწუთიერი სიამოვნების მისაღწევად მოიაზრება; სიმდიდრე გაგებულია როგორც ბევრი საჭმელ-სასმელი (სინამდვილეში საქმე სწორედაც რომ პირიქითაა: ჭარბი წონა ღარიბი მოსახლეობისთვის ბევრად უფრო დამახასიათებელია); მტრულ-უნდობელი დამოკიდებულება სახელმწიფო სტრუქტურების, განსაკუთრებით კი პოლიციის მიმართ; რწმენა, რომ სიმდიდრე პატიოსანი გზით ვერ მიიღწევა; „ციდან ჩამოფრენილ“ სიმდიდრეზე ოცნება (სწორედ ამიტომ ტოტალიზატორების და მსგავსი დაწესებულებების ძირითადი შემოსავლის წყარო ღარიბი ფენებია); ურთიერთობების პრიმატი საქმესთან შედარებით და, შესაბამისად, სტუმართმოყვარეობა; დაბოლოს, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, განზოგადებული „დედის“ ხატის უპირატესობა ასევე განზოგადებული „მამის“ ხატთან შედარებით. თუ არ ვცდები, ნაცნობი სურათი იხატება, „ქართლის დედის“ ჩათვლით. მაგრამ განვაგრძოთ.

ჩაღრმავებულმა ანალიზმა მკვლევარებს შემდეგი დასკვნის გამოტანის საფუძველი მისცა: აღწერილი მენტალიტეტი სიღარიბის შედეგი კი არ არის, არამედ პირიქით, ამგვარი ცხოვრებისეული პრინციპებით მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ აღწევს თავს სიღარიბეს, ჩინეთში იქნება ეს, ინგლისში, თუ საქართველოში. სხვა საქმეა, რომ მდიდარ ქვეყნებში ამ მენტალიტეტის მქონეთა ფენა შედარებით მცირერიცხოვანია.

ამერიკელმა ბიზნესმენმა და ფსიქოლოგმა, ჯიმ რონმა, ასეთი მოსაზრება გამოთქვა: მსოფლიოში არსებული მთელი სიმდიდრე რომ შევკრიბოთ და თანაბრად გავუნაწილოთ დედამიწის მცხოვრებს, მალე ყოფილი მდიდრები ისევ გამდიდრდებიან, ხოლო ღარიბები – გაღარიბდებიან. ცხადია, ამ, ასე ვთქვათ, ჰიპოთეზის შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერული მონაცემები დიდწილად მის სასარგებლოდ მეტყველებენ.

ახლა გავარკვიოთ, რა ხდება, როდესაც „ღარიბის მენტალიტეტის“ პატრონი მოულოდნელად მდიდრდება – გამორჩეული ტალანტის წყალობით, კრიმინალური გზით თუ მემკვიდრეობის მიღებით. ასეთი სოციალური ტიპის აღსანიშნავად ბევრ ენაში სპეციალური სიტყვები და გამოთქმები ჩნდება: „ნუვორიში“ („ახალი მდიდარი“) ფრანგულში, „ახალი რუსი“ რუსულში. ეს ტერმინები, როგორც წესი, ირონიული ხასიათისაა და შინაარსობრივად ემთხვევა ქართულ გამოთქმას „უნახავმა რა ნახაო“. სხვა სიტყვებით, „გამდიდრებული ღარიბი“ არ შეესაბამება ახალ სოციალურ როლს, შეძენილ სიმდიდრეს ეპყრობა „ღარიბულად“ – ყიდულობს მარმარილოს პალატებს, ოქროთი დაფარულ ლიმუზინს და საკუთარ დაბადების დღეზე ქირაობს კობზონს ან ლექსენს.

ალბათ მიმიხვდით, რა დასკვნისკენ მიმყავს მსჯელობა: სიმდიდრის კულტურა ჩვენს ქვეყანაში დეფიციტშია. ანკი საიდან უნდა იყოს, თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, მეტ-ნაკლებად სერიოზული ფული კერძო მფლობელობაში მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ჩნდება, მისი წყარო კი იყო იდიოტური ეკონომიკა და ტოტალური კორუფცია, რომელიც უკანონო სიმდიდრის შოვნის საშუალებას იძლეოდა; ასეთ პირობებში რაიმე ბიზნეს-ეთიკაზე, ინვესტიციებზე და ამგვარებზე ლაპარაკი ზედმეტია.

ამრიგად, ევროპისკენ გზაზე ქართველ მდიდრებს სტილის შეცვლა მოუწევთ (ღარიბებსაც არ აწყენდათ, ცხადია). თითო-ოროლა მაგალითი უკვე არის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე არ მოხდება. გამდიდრებულ ღარიბს ღრმად სწამს, რომ ყველაფერი იცის და რაიმეს სწავლა არ სჭირდება. ასე რომ, რაციონალური სიმდიდრის კულტურის ჩამოყალიბებისათვის მინიმუმ 1-2 თაობა უნდა შეიცვალოს. ეს ცოტა არაა, მაგრამ ძალიან ბევრსაც ვერ დაარქმევ. მე პირადად ვინატრებდი მოვესწრო დროს, როცა საფონდო ბირჟაზე მიმდინარე პროცესები ჩვენს საზოგადოებაში არანაკლებ ინტერესს იწვევდეს, ვიდრე ბელგიის ჩემპიონატის მორიგი ტური, რეპუტაცია მეტად ფასობდეს ვიდრე ყისმათი, ხოლო ანდერძი ისეთ მნიშვნელობას მიიღებს, რომლის გარეშეც დეტექტივების ნახევარი არ დაიწერებოდა.

  1. 6.     შრომა და მუშაობა

თუ ადამიანმა ადრეული ასაკიდან შეითვისა შრომის ჩვევა,

შრომა მისთვის სიამოვნების მომტანია. თუკი ეს ჩვევა არ აქვს,

სიზარმაცე შრომას საძულველს ხდის.

კლოდ ჰელვეციუსი, ფრანგი ფილოსოფოსი

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს თემა ყველაზე პრობლემურად მიმაჩნია. 90-იანების ბოლოს ფოთში ვიყავი მივლინებით, გავჩერდი მალთაყვის სასტუმროში, სადაც აღმოვჩნდი ბევრი არაბის და პაკისტანელის გარემოცვაში; გაირკვა, რომ არიან შემდუღებლები და მუშაობენ სუფსის ნავთობსადენზე. დავინტერესდი, ქართველებს რატომ არ ქირაობთ-მეთქი, ხომ უფრო იაფი გამოდის. და აქ შევიტყვე ერთობ დამაფიქრებელი ამბავი: ასზე მეტი ადგილობრივი კანდიდატიდან მხოლოდ ერთმა შეძლო ტესტის დაძლევა.

ასი – უკვე სტატისტიკაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი არაა რაღაც საიდუმლო დაწყევლის მსხვერპლი, რომლის გამოც გამოძახებული სანტექნიკოსი, მღებავი და ძმანი მათნი აგვიანებენ ან საერთოდ არ მოდიან, საქმეს აკეთებენ ცუდად და ძვირად, ხოლო მათი წასვლის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეს მოითხოვს. ეს საყოველთაო ტენდენციაა, რომელიც ქვეყანაში შრომის დაბალ კულტურაზე მიუთითებს. ეს ეხება არა მარტო ფიზიკურ, არამედ გონებრივ შრომასაც. ეს ეხება შრომის ხარისხსაც და შრომისადმი დამოკიდებულებასაც (ამ ორი მახასიათებლის განსხვავებულობის მაგალითი: იაპონელები და ჩინელები უმაღლესი შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, მაგრამ პირველთა პროდუქცია ბევრად უფრო ხარისხიანია). ჯერჯერობით მე მიჭირს ეკონომიკური სფეროს წარმოდგენა, სადაც საქართველო შეძლებდა კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, მომეყვანა თუ არა დადებითი პასუხების პროცენტი დებულებაზე: „მინდა ბევრი ფული მქონდეს და არაფერს ვაკეთებდე“. ბოლოს გადავწყვიტე თავი შემეკავებინა, რადგან ძნელი დასაჯერებელია, გამოკვლევის შედეგები კი არ გამოქვეყნებულა. ვიტყვი მხოლოდ, რომ მაჩვენებლის შედარება შეიძლება  პატრიარქის რეიტინგთან…

აქ დიდი ცდუნებაა ყველაფერი საბჭოთა წარსულს გადავაბრალოთ და, ცხადია, ამ ფაქტორის შეუფასებლობა წარმოუდგენელია, სოციალიზმს შრომა არავისთვის შეუყვარებია, მაგრამ იქნებ რაიმე სხვაც მოვიძიოთ…

***

გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი, თავის კლასიკურ ნაშრომში „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ მოცემული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ეკონომიკური ქცევის ჩვევებს უკავშირებს დომინანტურ რელიგიას. სახელდობრ, პროტესტანტიზმის ერთ-ერთმა მთავარმა მიმართულებამ, კალვინიზმმა, დაუღალავი შრომა დააყენა უმთავრეს რელიგიურ ღირებულებათა რიგში, ხოლო პატიოსანი შრომით მოპოვებული სიმდიდრე მომავალი ცხონების ნიშნად გამოაცხადა. ვებერის მიხედვით, სწორედ ამ მომენტებმა შეუწყვეს ხელი კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნების განვითარებას, როგორიცაა მეურნეობის, ბიზნესის რაციონალური განკარგვა, კრედიტუნარიანობაზე ზრუნვა, გრძელვადიანი ინვესტიციები და სხვ., რამაც, საბოლოო ჯამში განსაზღვრა კაპიტალიზმის აღზევება და ინდუსტრიული რევოლუცია პროტესტანტულ ქვეყნებში.

ვებერს იმთავითვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები და კამათი დღესაც გრძელდება; თუმცა ერთი რამ ცხადია: დომინანტური რელიგია, ეკლესია, რომელიც წარსულში იყო და ზოგიერთ კულტურებში (საქართველოს ჩათვლით) რჩება  სოციალიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტად, უდიდეს გავლენას ახდენს სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, მათ შორის შრომით საქმიანობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს გავლენა ვრცელდება არა მარტო მორწმუნეებზე, არამედ ყველაზე, ათეისტების ჩათვლით, მეტიც, თვით ათეისტურ რეჟიმებზეც კი, როგორიც იყო საბჭოთა ხელისუფლება ან ჩინური სოციალიზმი.

შევეცადოთ, ვებერიანული (ფართო გაგებით) ასპექტით შევხედოთ „მართლმადიდებლურ შრომით ეთიკას“.

***

შეიძლება შემთხვევითობად ჩაითვალოს, რომ ყველა ტრადიციულად მართლმადიდებელმა ქვეყანამ, საბერძნეთის გარდა (საბერძნეთზე – ცოტა ქვემოთ), „სოციალისტურ ბანაკში“ ამოყო თავი? და ის, რომ ვარშავის პაქტის წევრებში არამართლმადიდებელი ტრადიციის ქვეყნები (გდრ, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი) ეკონომიური პარამეტრებით მნიშვნელოვნად უსწრებდნენ მართლმადიდებელს, რუმინეთს და ბულგარეთს? ისიც, რომ სსრკ–ის შიგნითაც იგივე მდგომარეობა იყო – ბალტიისპირეთის ქვეყნები აშკარად გამოირჩეოდნენ სხვებისაგან? ძალიან ბევრი შემთხვევითობა ხომ არ გამოდის?

რაც შეეხება საბერძნეთს. როგორც ცნობილია, 2009-13 წლებში საბერძნეთს უმძიმესი ფინანსური კრიზისი დაატყდა თავს, რომლის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი წევრობა ევროსაბჭოში. ამ კრიზისის ეკონომიკური მიზეზების ანალიზი შორს სცილდება ჩემს კომპეტენციას, მაგრამ მინდა მოვიყვანო ერთი ეპიზოდი, რომელიც, როგორც მგონია, გარკვეულად ასახავს მომხდარის სოციალურ ფონს (ვაცნობიერებ, რომ ფართო განზოგადება უმართებულოა).

2012 წელს, კრიზისის პიკზე, ვიმყოფები საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე; ბუნებრივია, კრიზისის თემა მთელ ქვეყანაში ვნებათა ღელვის საგანია. აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გამომელაპარაკა ტაქსის მძღოლი, რომელმაც, როგორც ეტყობა,  გააგრძელა ვიღაცასთან დაწყებული ტემპერამენტიანი საუბარი. იგი ჯერ დარწმუნდა, რომ მე არ ვარ დასავლეთ ევროპიდან, შემდეგ კი გამიზიარა საკუთარი შეხედულებები, რომელთა რეზიუმეს გთავაზობთ: რახან საბერძნეთი ევროკავშირში მიიღეს, დასავლეთმა უნდა შეინახოს კიდეც იგი. ჩვენ, ბერძნები, განსაკუთრებული ხალხი ვართ, ვშრომობთ  იმისთვის, რათა ვიცხოვროთ და არა პირიქით, როგორც დასავლეთელები, რომლებიც ცხოვრობენ, რათა იშრომონ. მაგალითად მე, – დასძინა მძღოლმა, – დღე დაკარგულად მიმაჩნია, თუ საღამოს ერთი კარგად არ ვიცეკვე…

მაშ რა, მართლმადიდებლური ეთიკა ეწინააღმდეგება პროდუქტიულ შრომას და ეკონომიკის განვითარებას? თუ არ ეწინააღმდეგება, ხელსაც არ უწყობს. მოვიხმოთ არგუმენტები:

ქრისტიანულ ტრადიციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას. მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ შვიდიდან ერთი აღმოსავლურ და დასავლურ ქრისტიანობაში სხვდასხვანაირადაა გაგებული. ბერძნული წარმომავლობის სიტყვა acedia  ნიშნავს „უმოქმედობას“, რაც მართლმადიდებლობაში ინტერპრეტირებულია როგორც სასოწარკვეთა, იმედის დაკარგვა, ხოლო კათოლიციზმში როგორც სიზარმაცე. შესაბამისად, მართლმადიდებელ ეკლესიებში, მათ შორის ქართულში, სიზარმაცე არ ითვლება მძიმე ცოდვად და არცთუ იშვიათად გამამართლებელი არგუმენტია („ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“).

გარდა ამისა, ქართულ საეკლესიო ტრადიციაში, შრომა არ განიხილება როგორც დამოუკიდებელი ღირებულება (სიქველე). იგი გაგებულია როგორ ფიზიკური არსებობის უზრუნველყოფის საშუალება. ფიზიკური არსებობის მიზანი კი არის სულიერი სრულყოფა. ამასთან, შრომა „ბიბლიურად“ გაიგება, როგორც მიწათმოქმედება ან ხელოსნობა. მართლმადიდებლობა ორიენტირებულია უფრო სიტყვაზე და არა საქმეზე; საქმე გაგებულია პირველ რიგში როგორც სულიერი მოღვაწეობა (ამას ეხმაურება ქართული სუფრის ტრადიცია, სადაც საყოველთაოდ გაზიარებული ღირებულებებისადმი სიტყვიერი ლოიალობის გამოხატვა (სადღეგრძელო) პრაქტიკულად გაიგივებულია სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან). მატერიალურ კეთილდღეობასთან შედარებით სულზე ზრუნვის პრიორიტეტი თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ, ვინაიდან სულიერ გზაზე წინსვლაში წარმატების ხილვადი ნიშნები, ფიზიკური ან გონებრივი შრომისაგან განსხვავებით, არცთუ მკაფიოა, ეს პროფესიული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ბანალური სიზარმაცის „სულზე ზრუნვით“ გამართლების შესაძლებლობას იძლევა.

ეკლესია თავისი არსით კონსერვატული ინსტიტუტია, თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, აქაც არის გარკვეული გრადაციები. კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ მაშინ აღიარა მსოფლიოში მომხდარი რადიკალური ცვლილებები, როცა ინდუსტრიულმა რევოლუციამ უკვე თავისი პიკი გაიარა. პაპმა ლეო XIII-მ 1891 წელს გამოაქვეყნა ენციკლიკა Rerum novarum, სადაც დააფიქსირა ეკლესიის ოფიციალური პოზიცია ისეთ რეალიებთან დაკავშირებით, როგორიცაა მესაკუთრის და დაქირავებულის უფლებები, სოციალური კონფლიქტები, სამართლიანი ანაზღაურება, პროტესტის ფორმები და სხვა სოციალურ ფაქტების მიმართ, რომლებიც უკვე დიდი ხანია გახდა ყოველდღიურობის ნაწილი. რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანალოგიური დოკუმენტი (ძირითადად, კათოლიკურზე დაყრდნობით) 2000 წელს მიიღო. რამდენადაც ვიცი, დაახლოებით ამ დროიდან იწყება ლაპარაკი მსგავსი დოკუმენტის შემუშავებაზე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც, მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკი ლაპარაკად რჩება, რაც თავისთავად ასახავს საკითხისადმი დამოკიდებულებას.

ალბათ არ შევცდებით, თუ ვივარაუდებთ, რომ სოციალური პოლიტიკისადმი „უყურადღებობა“ განპირობებულია მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ფუძემდებლური წანამძღვრით; სახელდობრ, მართლმადიდებელი ეკლესიები, მათ შორის ქართული, თვლიან, რომ, სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და მიმდინარეობებთან შედარებით, ისინი ყველაზე უფრო ზუსტად იცავენ პირველი საეკლესიო კრებების განჩინებებს, რომლებიც საბოლოოა და ცვლილებებს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ბოლო ოცი საუკუნის განმავლობაში მომხდარი სოციალური თუ ტექნოლოგიური ცვლილებები არ მიიჩნევა არსებითად, ადამიანის ბუნება და მოწოდება იგივე რჩება, დროის ვექტორი წარსულისაკენაა მიმართული. სხვა შემთხვევაში დგება დოგმატიკის რევიზიის საფრთხე, რაც სწორედაც საფრთხედ აღიქმება. შესაბამისად, მრევლთან ურთიერთობისას მართლმადიდებელი მღვდელთმსახური ამჯობინებს ადრექრისტიანულ უბრალოებას, მიმართავს მარტივ სიუჟეტებს მარტივი პერსონაჟებით; როგორც უკვე აღინიშნა, მშრომელი არსებითად იგივდება მიწათმოქმედსა ან ხელოსანთან, რომელთათვის  შრომა მხოლოდ არსებობის უზრუნველყოფის საშუალებაა.

ერთი სიტყვით შრომის კულტურის ასამაღლებლად და შრომითი მოტივაციის გასაძლიერებლად ეკლესიისგან იმპულსებს არ უნდა ველოდეთ, სხვა წყაროები უნდა ვეძიოთ – საბაზრო ეკონომიკის პოტენციალის გამოყენება, მომავალი თაობების აღზრდის ახალი მეთოდები – უფრო ზუსტად ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, აკი დავწერე, ეს სფერო ყველაზე პრობლემურად მეჩვენება-მეთქი.

***

წერილის ჩარჩო აღარ მაძლევს საშუალებას შევეხო იმ სფეროებს, რომელთა მიმართებითაც 21-ე საუკუნე მოითხოვს დამოკიდებულებების და ქცევითი სტერეოტიპების შეცვლას. ასეთი სფეროები კი არცთუ ცოტაა: ეკოლოგია, მართლცნობიერება, ტოლერანტობა, გენდერული საკითხები, ჯანმრთელობა… არა უშავს, თქმულით შემოვიფარგლები, მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ, ზემოთ განხილულ სფეროებში დაწყებული ცვლილებები დანარჩენებზედაც იქონიებს შესაბამის გავლენას. მაგრამ, სანამ წერტილს დავსვამდე, მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს:

მე არ გახლავართ დიდაქტიკის მოყვარული და სრულიად არ მინდა, ეს ტექსტი ამ ასპექტში იყოს გაგებული. მეტიც, არ ვთვლი, რომ დასავლური ცხოვრების წესის ყველა ნორმა ყოველთვის უფრო სწორია, ზნეობრივია, მოკლედ უკეთესია, ვიდრე ჩვენებური. როგორც ცნობილია, ყველაფერს აქვს თავისი მეორე მხარე და თავისი ფასი. და ეს ფასი უნდა გავიღოთ, რათა ევროპულმა თანამეგობრობამ მიგვიღოს როგორც „თავისიანები“, როგორც თანასწორი წევრი ამ თანამეგობრობისა, და არა როგორც ხურდა ფული გეოპოლიტიკურ თამაშებში.


[1] წინამდებარე წერილი ძირითადად ეფუძნება შემდეგ პუბლიკაციებს: გ. ნიჟარაძე. პოლემიკური შენიშვნები ქართული კულტურის სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ. წიგნში: გ.ნოდია (რედ.). ჭკუა ვაისაგან. თბილისი, CIPDD, 1994, 41-82; გ. ნიჟარაძე. ლეფთოფი და ჯვარი. წიგნში: შ. ლორთქიფანიძე (პროექტის ავტორი). დაკარგული სივრცის ძიებაში: კულტურის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში. თბილისი, 2010, 41-64; ი. კაჭკაჭიშვილი, თ. მატარაძე, გ. ნიჟარაძე, გ. შუბითიძე. შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში. თბილისი, „ინტელექტი“, 2013.

ფოტო © 2015 Heinrich Boell Foundation

© არილი

Facebook Comments Box