წინა საუკუნის მწერლობაზე საუბრისას ახლა იშვიათად იხსენებენ, თითქმის აღარც იხსენებენ გივი მაღულარიას, რაც სამწუხაროა, რადგან, ვფიქრობ, მისი სულ მცირე ერთი მოთხრობა, “მეამბოხენი”, მაინც იმსახურებს ინტერესს და ყურადღებას. დიახ, ეს სამწუხაროა, მაგრამ არ არის გასაკვირი: მწერლის სიცოცხლეშიც მისი შემოქმედებით დაინტერესებული იყო მხოლოდ მკითხველთა მცირერიცხოვანი წრე, რომელიც ძირითადად პროფესიონალი ლიტერატორებისგან შედგებოდა. და თვით ეს დაინტერესებულნიც მისი შემოქმედების (უფრო კი მწერლური ინდივიდუალობის) ცალკეულ ღირსებებსა თუ საყურადღებო მხარეებს რომ აღნიშნავდნენ, საერთო შთაბეჭდილებას მაინც ასე განსაზღვრავდნენ: “ძნელადსაკითხავი” (არა ძნელადგასაგები, რადგან აქ გაუგებარი თითქმის არაფერია, არამედ სწორედაც რომ ძნელადსაკითხავი), “დამღლელი”, ხოლო უფრო გულწრფელნი – “მოსაწყენი”.
ამგვარ შთაბეჭდილებას აქვს თავისი გამართლებაცა და საფუძველიც. საქმე ისაა, რომ გ. მაღულარიას მოთხრობებში არ არის… თხრობა: ავტორი არ გვიყვება ამბავს (არც გარეგანს, არც გულისას; არც თანაგრძნობის, არც შიშის, არც, საერთოდ, ისეთი გრძნობის აღმძვრელს, რასაც ინტერესი ჩაეჭიდებოდა. მის ნაწარმოებებში საქართველოს ისტორიის ან პერსონაჟის ბიოგრაფიის ფაქტები მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს); და ამის გამო, მათში არ არის მოძრაობა: აქ არაფერი ვითარდება (არც სიუჟეტი, არც ხასიათები, არც ემოციები, არც პერსონაჟთა ურთიერთობები); და კიდევ მეტი, მათში ფაქტობრივად არ არის განსხვავებული ხასიათები: ყველა მოთხრობა ერთადერთი პერსონაჟის სულიერი მდგომარეობის დამქანცველად ვრცელი და ერთფეროვანი აღწერაა, რომელშიც იცვლება დეტალები, მაგრამ უცვლელია განწყობილება – სიკვდილის, ან სასიკვდილო საფრთხის წინაშე, ან მტრობითა და უცხოობით სავსე გარემოში მყოფი ადამიანის უნუგეშო და უკიდეგანო მოწყენა. ვერსად წააწყდები არა მხოლოდ ხალისს, სილაღეს, არამედ სასიცოცხლო ენერგიასაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორიული მოთხრობების გმირები ძალიან ძლიერი ადამიანები არიან: ქეთევან დადოფალი, გივი ამილახვარი, იმერელი ბატონიშვილი არჩილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი; დაბოლოს, ესოდენ ძლიერი ადამიანებით დასახლებულ მოთხრობებში არ არის… პიროვნება, ინდივიდუალობა: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მოთხრობებში აღწერილი სულიერი ლანდშაფტი ეკუთვნის არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს – გარკვეული ბიოგრაფიის, ხასიათის, მსოფლმხედველობის მქონე პიროვნებას, – არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გონებაჭვრეტითი გზით შექმნილ ზედროულ ქართველ პატრიოტს, და ამ უაღრესად განზოგადებულ სულიერ ლანდშაფტში რამდენადმე ხელოვნურადაც კი არის განთავსებული კონკრეტული ისტორიული პერსონაჟების ბიოგრაფიული მონაცემები, ამ მონაცემებთან დაკავშირებული განცდები და ა. შ.; ხელოვნურად იმიტომ, რომ ეს ორი მოცემულობა – ზოგადადამიანური და ბიოგრაფიული – ორგანულ მთლიანობად ვერ ერთიანდება, ვერ ქმნის განუმეორებელ ინდივიდუალობას, ზოგადადამიანური ნაკადი აშკარად უფრო ფართო და თვითკმარია.
ასეთია გ. მაღულარიას პროზის ძირითადი თვისებები (სტილური თავისებურებები ქვემოთ გამოჩნდება მისი საუკეთესო მოთხრობის განხილვისას). ასეა დაწერილი მისი თითქმის ყველა ნაწარმოები (რაც მე წამიკითხავს, ყველას ცოდნას ვერ დავიჩემებ), როგორც ისტორიული, ისე თანამედროვეობის ამსახველი (ეს უკანასკნელნი ისტორიულებზე უფრო ძნელად საკითხავი, დამღლელიც კია, რადგან არც ცნობილი პიროვნებები და მოვლენები გრჩება ინტერესის საყრდენად და ნიღაბსმოკლებული პერსონაჟის სულიერი სამყაროც გაცილებით ნაკლებმიმზიდველია). კარგახანს მეგონა, რომ სხვაგვარად წერა მას, უბრალოდ, არც შეეძლო (აბა, რატომ უნდა წერო სხვადასხვა თემაზე ერთი და იმავე სტილით? რატომ უნდა თქვა უარი, უფრო იოლად და ინტერესით საკითხავი და, მაშასადამე, უფრო პოპულარული გახადო შენი შემოქმედება?). მერე შემთხვევით ჩამივარდა ხელში სცენარი კინოკომედიისა “ბაბულისტები”, – ოსტატურად დაწერილი ხალისიანი ამბავი, რომელიც თვალმოუწყვეტლივ იკითხება, – და დავრწმუნდი, რომ თუკი ეს ავტორი “საინტერესოდ წერას” ისურვებდა, ამ საქმეს, სულ მცირე, სხვებზე უარესად მაინც არ გაართმევდა თავს. ძნელად დასაძლევი სტილი მას აშკარად სრულიად გააზრებულად ჰქონდა შერჩეული, რადგან მიაჩნდა, რომ სწორედ ასე დაწერილი მისი ნაწარმოებები იყო კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი.
ცხადია, ასეა დაწერილი “მეამბოხენიც” – მას გ. მაღულარიას “ტრადიციული სტილის” ყველა თვისება ახასიათებს. მიუხედავად ამისა, ეს დანარჩენებზე ბევრად უფრო გრძელი მოთხრობა მათზე მეტი ინტერესითაც იკითხება და უფრო ძლიერ ემოციასაც ტოვებს. რატომ?
ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი მოთხრობის მთავარი გმირის, გივი ამილახვრის, მართლაც რომ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაა. ისეთი სტილის მწერალს, ვისთანაც, როგორც ვთქვი, ემოცია ვერც ინტერესის, შიშის ან თანაგრძნობის აღმძვრელ ამბავს ჩაეჭიდება (ე.ი. იმას, რასაც აკეთებს პერსონაჟი) და ვერც – პერსონაჟის გულის მღელვარებას (ე.ი. იმას, რასაც იგი განიცდის), ძალიან გაუმართლა, როდესაც იმ ისტორიულ პიროვნებაზე შეაჩერა ყურადღება, რომლის ბიოგრაფიული ფაქტების უბრალო ჩამონათვალიც კი მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო მოთხრობის მსგავსად იკითხება; როდესაც სტილით, რომელიც ძირითადად ფიქრების აღწერას ემსახურება, მოგვითხრო არა ფიქრის, არამედ ქმედების კაცის ამბავი.
***
ზემოთ იმდენად ვრცლად ჩამოვთვალე, რა არ არის გ. მაღულარიას მოთხრობებში, რომ, ვფიქრობ, ბუნებრივად გაჩნდებოდა კითხვა: მაშ, რა არის მათში?
ოტია პაჭკორიამ, რომელმაც გ. მაღულარიას მოთხრობებს მიუძღვნა ძალიან კარგი, მაგრამ, მხატვრულობის ჭარბი დოზის გამო, ალაგ-ალაგ სიცხადეს მოკლებული სტატია, მათი დახასიათებისას გამოიყენა სიტყვები: “მონოლოგი” და “ესეისტური აზროვნება”. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ზუსტი ტერმინებია. კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ამოირჩევს თემას: “ჩემი, როგორც XX საუკუნის ქართველის აზრით, რა შეიძლება ეფიქრა და განეცადა ამა თუ იმ ისტორიულ პერსონაჟს მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტში, ექსისტენციალური არჩევნის ჟამს”, და შემდეგ მეტ-ნაკლებად ვრცელ მონოლოგს წარმოთქვამს ამ თემაზე. ცხადია, ასეთ ვითარებაში წინა პლანზე თავისთავად გადმოდის თავად ავტორის შეხედულებები სიცოცხლესა და სიკვდილზე, ღირსებასა და უღირსობაზე, სამშობლოს ბედსა და ისტორიულ კანონზომიერებებზე… ხოლო მსჯელობათა საბაბად არჩეული კონკრეტული ისტორიული ეპოქა თუ რეალური ისტორიული პერსონაჟის პიროვნული თავისებურებები ასევე თითქმის ავტომატურად გადაინაცვლებს უკანა პლანზე. ამიტომ არის, რომ ასე ჰგავს ერთმანეთს (მსოფლმხედველობრივადაც და სტილურადაც) უაღრესად განსხვავებული ინდივიდუალობების (ქეთევან დედოფალი, გივი ამილახვარი, არჩილ ბატონიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი) სულიერი პეიზაჟის აღწერილობები. აქედანვე მოდის ერთფეროვნება, ხოლო ერთფეროვნებას აუცილებლად მოსდევს დაღლა.
მოვიყვან ერთ აბზაცს ო. პაჭკორიას სტატიიდან, რომელშიც, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად არის დახასიათებული გ. მაღულარიას სტილი: “ეს არ გახლავთ საამოდ საკითხავი პროზა, განზავებული მახვილგონიერი დიალოგებითა და იუმორით. მისი მელოდია დუნეა და მძიმე, აკლია გარეგნული სილაღე, ყოველი მოთხრობა მკაცრი ანალიზის, დაძაბული ნერვების ნაყოფია, და იმავე დროს, სიტყვის ჯებირი თითქოს ოდნავ მორღვეულიცაა – რიტორიზმის, ექსტენსიურობის დაღი ახლავს. ერთიანად უარყოფილია დიალოგი, რაც მოთხრობას თავისებურ გრაფიკულ სახეს აძლევს… არსად არ რჩება თავისუფალი სივრცე, ემოციური თუ აზრობრივი პაუზა, სულის ამოთქმის საშუალება. იქნებ ეს იმის გამო ხდება, რომ “დაღამება ამა სოფლისა”, “და განიყვეს სამოსელი მისი”, “მეამბოხენი” თავისებური მონოლოგებია. არავითარი სიუჟეტური სიახლე, არავითარი ეფექტური ხრიკები…” (პაჭკორია 1986: 121)
აღსანიშნავია, რომ დასახელებული სამი მოთხრობიდან მეორეში არის მოზრდილი დიალოგი, ხოლო მესამეში დიალოგი, სულაც, 20 გვერდზე მეტს მოიცავს, თანაც – ყოველგვარი თხრობითი ჩანართების გარეშე (ასე რომ, შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე ვრცელი უწყვეტი დიალოგი ქართულ პროზაში). მიუხედავად ამისა, კრიტიკოსმა “ვერ შენიშნა”, უფრო სწორად კი, დიალოგად არ მიიჩნია ეს მონაკვეთები. რატომ? იმიტომ, რომ ეს ფაქტობრივად არც არის დიალოგები, არამედ ორ მოსაუბრეს შორის გადანაწილებული ნაირსახეობა იმ ესეისტური მონოლოგისა, რასაც მთელი წინამდებარე და მომდევნო ტექსტი წარმოადგენს.
და მაინც, “მეამბოხენი” ის გამონაკლისია, როცა ერთფეროვნება წაკითხვის შემდეგ სულიერ და ინტელექტუალურ სიცარიელეს არ ტოვებს, როცა ნაწარმოების ნაკლოვანებები აღძრავს სინანულს არა კითხვისას ფუჭად დაკარგული ენერგიის, არამედ მასში განუხორციელებელი სრულქმნილების გამო, რადგან იგი თავის თავშივე მოიცავს ამ სრულქმნილების კონტურებს… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ცოცხალი ქმნილება (მერე რა, რომ არა ბელეტრისტული არამედ ესეისტური საწყისის პრიმატით?!), რომლის წაკითხვაც ღირს დაღლად.
***
მოთხრობის კომპოზიციურ საფუძველში, მართლაც რომ, არაფერია ახალი: კრიზისულ ვითარებაში მყოფი ადამიანი (ჩვენს შემთხვევაში, დატყვევებული და სპარსეთში თვალების დასათხრელად გაგზავნილი მეამბოხე ქართველი თავადი) იხსენებს განვლილ ცხოვრებას, ცდილობს გაერკვეს, რა მოვლენებმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. მოთხრობის აწმყო ერთ დღემდეა დაყვანილი (ხვატიან შუადღისას იწყება და დაღამებულზე მთავრდება) და იგი სპარსეთისკენ მიმავალი სიცხით გადაბუგული ხრიოკი გზის შთაბეჭდილებებს მოიცავს. სინამდვილეში, ეს აწმყო მხოლოდ ერთგვარი კომპოზიციური ღერძია, რომელზეც მთავარი გმირის მშფოთვარე, თავდაუზოგავი ბრძოლებით სავსე წარსულის მოგონებებია ასხმული. ბოლოს კი მონიშნულია მთავარი გმირის მომავალი, კიდევ უფრო საოცარი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრების კონტურები.
თუ ახლა კომპოზიციურ საფუძველს კი არა, კარკასს დავაკვირდებით, ასეთი სურათი წარმოგვიდგება (ხელთ მაქვს გამოცემა – მაღულარია 1982): აქ ჯერ სამოც გვერდამდე გაბმული თხრობაა თვალების დასათხრელად მიმავალი გივი ამილახვრის გზისა და მისი წარსულის შესახებ. ამ მონაკვეთში დასაწყისიდანვე შემოდის და მას შუაწელამდე გასდევს მოგონებები კიდევ ერთ მეამბოხე თავადზე – შანშე ერისთავზე, რომელიც ყიზილბაშებმა შეიპყრეს და სპარსეთში თვალების დასათხრელად გივიზე ადრე გაგზავნეს. მონაკვეთის მიწურულს გამოჩნდებიან ცხენოსნები. როგორც გამოირკვევა, ეს ყოფილა სპარსეთიდან მომავალი უკვე თვალებდათხრილი შანშე ერისთავი ამალითურთ (გვ. 53-110). მთელ ამ ვრცელ მონაკვეთში არ არის არცერთი დიალოგი. მეორე მონაკვეთის დასაწყისში მოკლედ არის აღწერილი გივისა და შანშე ერისთავის დასხდომა პურობისათვის, რის შემდეგაც იწყება მათი ოცდასამ გვერდზე გადაჭიმული დიალოგი. მოკლე პიესის მოცულობის ამ მონაკვეთში, მსგავსად პიესისა, მხოლოდ რემარკებია აქა-იქ ჩართული (გვ. 110-134). ამას მოსდევს ოც გვერდზე მეტი მოცულობის თითქმის უდიალოგო თხრობა, ისევ გზისა და მოგონებების შესახებ (გვ. 134-155). ნაწარმოები მთავრდება ოთხგვერდიანი ამონარიდით გივი ამილახვრის ძმისწულის, ალექსანდრე ამილახვრის თხზულებიდან “გეორგიანული ისტორია”, სადაც მოთხრობილია გივის თავგადასავლი სპარსეთში ჩასვლის შემდეგ (გვ. 155-159). თუ მხოლოდ მოთხრობის აწმყოს საზღვრებში დავრჩებით, კომპოზიცია ასეც შეიძლება წარმოვიდგინოთ: ერთსა და იმავე გზას სხვადასხვა მხრიდან ურთიერთშემხვედრი მიმართულებით ადგას ორი კაცი. ერთი სპარსეთში მიჰყავთ, სადაც მას თვალები უნდა დასთხარონ. მეორე უკვე თვალებდათხრილი ბრუნდება სპარსეთიდან. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, ისაუბრებენ, მერე კი თავ-თავის გზას განაგრძობენ.
შემადგენელ ნაწილთა ასეთი არაერთგვაროვნება (პერსონაჟის მოგონებებში მოთხრობილი ისტორიული ფაქტების სიმრავლესა და სათავგადასავლო-საბრძოლო ხასიათსაც თუ გავითვალისწინებთ) თითქოს ადგილს არ უნდა ტოვებდეს ზემოთ უკვე რამდენჯერმე ნახსენები ერთფეროვნებისთვის და, მრავალფეროვან თუ არა, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ჭრელ სურათს მაინც უნდა ქმნიდეს. სინამდვილეში კი ასე არ ხდება – მოთხრობა მონოტონური და ერთფეროვანია. ამის მთავარი მიზეზი, ვფიქრობ, ესეისტური საწყისის პრიმატია – ავტორის მონოტონურმა ხმამ პერსონაჟებისა და ისტორიკოსების ხმათა მრავალხმიანობა გადაფარა.
***
თავისთავად იმას, რომ ესეისტურ საფუძველზე აგებული პროზა, რომლის მთავარ პერსონაჟებად, არსებითად, არა იმდენად ადამიანები, რამდენადაც იდეები გვევლინებიან, მთელი თავისი “დამღლელობის” და “მოსაწყენობის” მიუხედავად, უაღრესად მნიშვნელოვანიც შეიძლება იყოს და საინტერესოც, ცხადყოფს თუნდაც მხოლოდ თომას მანის შემოქმედება (ამ მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ, მოცულობითაც და იდეათა ჭიდილის მასშტაბებითაც, გრანდიოზული “ჯადოსნური მთა”). მთავარი ისაა, რამდენად არის ესეისტური ნაკადი ბელეტრისტულ კალაპოტში მოქცეული, რით წონასწორდება შიშველი იდეურობისთვის გარდაუვალი “დამღლელობა” და “მოსაწყენობა”. თომას მანთან ამგვარ გამაწონასწორებელ როლს ასრულებს უკიდურესი დეტალურობით დახატული ყოფითი სურათები (აგრეთვე ინტერიერები და პეიზაჟები, რომლებშიც ეს სურათებია ჩაწერილი) და პერსონაჟთა მკაფიოდ ინდივიდუალიზებული, ასევე უაღრესად გულმოდგინედ დახატული პორტრეტები.
გ. მაღულარიას მწერლური ინდივიდუალობისთვის, ეს აშკარაა, არც ყოფის დეტალიზებული ასახვა იყო ორგანული და არც მკაფიო ინდივიდუალობათა ხატვა. რას შეიძლება ასეთ ვითარებაში ზოგადი გაეწონასწორებინა კონკრეტულით (ნამდვილი ესესგან განსხვავებით, ესეისტურ მოთხრობაში ამგვარი გაწონასწორება, გარკვეული “დოკუმენტალიზმი”, როგორც ჩანს, აუცილებელია)? ეს როლი შეიძლება შეესრულებინა ისტორიულ მასალას, ფაქტობრივ მონაცემებს და გარკვეულწილად შეასრულა კიდეც, მაგრამ სწორედ აქ მიჩნდება განსახილავი მოთხრობის მიმართ მთავარი პრეტენზია…
საქმე ის არის. რომ ავტორი მატიანეებში ამოკითხულ ისტორიულ მოვლენებს გადმოგვცემს არა ამ მოვლენათა თვითმხილველი (და, მაშასადმე. ძალაუნებურად კონკრეტულობისკენ მიდრეკილი) პერსონაჟის, არამედ… ისევ მემატიანის თვალით, და მხოლოდ ძუნწად აფერადებს თხრობას ემოციური დეტალებით. მოგეხსენებათ, მემატიანე სურათს გარკვეული დისტანციიდან უყურებს და მწერალიც უფრო ახლოს მისვლას იშვიათად ცდილობს.
აი, მცირე პარალელი – ერთი ისტორიული ეპიზოდის აღწერა XVIII ს. მატიანესა და ჩვენს მოთხრობაში: შემდგომში თვალებდათხრილი ქსნის ერისთავი შანშე ლეკების ჯარითურთ ანანურის ციხეს მიადგა და თავისი მოსისხლე მტერი, არაგვის ერისთავი ურთურთი, ალყაში მოიმწყვდია. “დაუწყეს ბრძოლა. არ ავად იყვნენ შიგნით მყოფნი ციხისანი. ამდენი ლეკი ამოსწყვიტეს, რომ მკვდრის სანგარს ივლებდნენ ლეკნი და ეგრე იბრძოდეს, ვითარ შანშე ერისთავის კაცნი ბელადნი იყვნეს” (ორბელიანი 1981: 43). “ლეკებს იერიში იერიშზე მიჰქონდათ, მაგრამ ვერც ციხის კარი შელეწეს და ვერც კედელზე გადასვლა მოახერხეს. ციხის მისადგომები გვამებით აივსო, ჰაერი მძორის სუნით გაიჟღინთა” (მაღულარია 1982: 71).
როგორც ვხედავთ, მიუხედავად ემოციური შეფერილობის რამდენადმე განსხვავებული ინტენსივობისა (თანაც, საკითხავია, რა მეტ ემოციას იწვევს, სანგრებად გამოყენებული გვამები თუ გვამების სუნით გაჟღენთილი ჰაერი), ორივეგან გვაქვს ერთი და იგივე “ხედვის წერტილიდან დანახული” თუ ერთი და იმავე პრინციპით დახატული სურათი. პრეტენზიის არსიც სწორედ ეს არის: გივი ამილახვრის მოგონებები მეტისმეტად მიაგავს მატიანეს, მაგრამ რამდენადაც მხატვრულ ნაწარმოებში მოვლენათა ნამდვილი მატიანეებისგან განსხვავებული შეფასება, ფაქტების გადასხვაფერება და ა. შ. გარდაუვალია (ხოლო ჩვენს მოთხრობაში არის აშკარად უყურადღებობით გამოწვეული არცთუ უმნიშვნელო შეცდომაც), ნაწარმოების ეს პლასტი რამდენადმე ემსგავსება ერთგვარ ფსევდომატიანეს, ფსევდოდოკუმენტს.
[რით შეიძლებოდა ამ შთაბეჭდილების გაქარწყლება თუ არა, შერბილება მაინც? ვფიქრობ ერთ-ერთი გზა ნამდვილი დოკუმენტების უფრო გაბედულად გამოყენება, მატიანეთა ფრაგმენტების ტექსტში ჩართვა იქნებოდა, რაც თვით პერსონაჟის მოგონებათა საზღვრებშიც კი არ გასცდებოდა პირობითობის დასაშვებ ზღვარს და, თუნდაც ენობრივ-სტილურ დონეზე “ნამდვილი დოკუმენტის” შთაბეჭდილების შექმნით, მოთხრობის ესეისტური შემადგენლის მეტისმეტად ზოგად ხასიათს რამდენადმე გააწონასწორებდა. ცხადია, ეს არ არის გარდაცვლილი ავტორისადმი მიმართული ნაგვიანევი რჩევა, არამედ წუხილი სრულქმნილების განუხორციელებელი შესაძლებლობის გამო, რომლის კონტურები ნაწარმოებშივეა მოცემული: თვით ეს სურვილი მოთხრობის დამასრულებელმა ოთხგვერდიანმა მონაკვეთმა წარმოშვა, რომელიც ნამდვილი მატიანის, ა. ამილახვრის თხზულების, ნაწყვეტს წარმოადგენს. ავტორი, რომელმაც უმნიშვნელოვანეს ადგილას, ნაწარმოების ფინალში, სხვისი ტექსტის ასე წარმატებით გამოყენება შეძლო, თუ მოისურვებდა, ამას სხვაგანაც არანაკლებ ოსტატურად მოახერხებდა.]
***
რა ამბებს მოგვითხრობს გივი ამილახვრის მოგონებები (თუკი მათ ფაქტებამდე დავწურავთ)? მოთხრობა მოკლე მონაკვეთებად არის დაყოფილი. აი, სიუჟეტურად უფრო მნიშვნელოვან მონაკვეთებში მოთხრობილი ამბები, მხოლოდ სამოცგვერდიანი პირველი თავიდან (შემდეგ აბზაცში ისტორიული ფაქტების დახვავება საჭირო გახდა, რათა შთაბეჭდილება შეგვექმნას, რაოდენ მჭიდროდ არის ისინი განთავსებული 2-5 გვერდიან მონაკვეთებში. ციფრები მონაკვეთის პირობით ნომერს აღნიშნავს, მოთხრობაში ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილია, მაგრამ არა დანომრილი):
1. თბილისში შემოდის ნადირ-შაჰის ლაშქარი. გივი სხვა ქართლელ თავადებთან ერთად მიეგებება მას. შაჰი, მეტი საიმედოობისთვის, შვილს სთხოვს ცოლად და, გივი რომ არ დაეთანხმება, ძალად წაიყვანს მცირეწლოვან გოგოს თავისი ჰარამხანისთვის (ეს ამბავი მოუშუშებელ იარად რჩება გივის პიროვნებაში). ქსნის ერისთავი შანშე სპარსელების წინააღმდეგ აჯანყდება. 6. შანშე ერისთავი რუსეთიდან ქართლში დაბრუნდება. რძლისა და ძმისშვილების გაცემით დატყვევების ამბავს შეიტყობს და ლეკების დიდ ჯარს დაიქირავებს. ურთურთ არაგვის ერისთავს ანანურის ციხეში მოიმწყვდევს, ციხეს აიღებს და მოღალატე მეზობელს, ცოლ-შვილთან ერთად, კოშკში გამობუგავს. მერე თავის ხეობაში გადავა. მის მიერ ჩამოყვანილი ლეკები ქართლს ააოხრებენ. 9. ქართველ-სპარსელთა ჯარი, გივი ამილახვრის მონაწილეობით აწყვერის ციხეს აიღებს. შანშე არ დახვდებათ, ღამით ძმასთან ერთად გაპარულა. შანშეს მალე ჩამოიყვანენ თბილისში დატყვევებულს. იგი ახალციხეში ჩასულა, ოსმალების იმედი ჰქონდა, ირანელებთან ბრძოლაში და საერისთაოს დაბრუნებაში დამეხმარებიანო. მაგრამ, ნადირ-შაჰის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, ოსმალებმა იგი ირანელებს გადასცეს. შანშე დარუბანდში ჩაიყვანეს. შაჰმა არ შეიწყალა. შანშე გაიქცა. შეიპყრეს და თვალები დასთხარეს. 10. ნადირ-შაჰმა გივის ქსნის საერისთავო უბოძა და ქართლის გამგებლად დანიშნა. შაჰი წარუმატებლად ომობს დაღესტანში. გივის ისეთ გადასახდს მოსთხოვს, რომლის აკრეფა ქართლში შეუძლებელია. გივი უსტარზე პასუხს არ გასცემს, სხვა თავადებთან და ეპისკოპოსებთან მოლაპარაკებას იწყებს, გაქცევისთვის ემზადება. 11. სააღდგომოდ გივი ცოლ-შვილთან ერთად თბილისიდან გარბის, ადიდებულ მტკვარს ნავ-ტიკებით გადალახავს. დუშეთში ჩადის. მასთან სხვა განმდგარი თავადები მიდიან. ფიცს დადებენ, ებრძოლონ ირანელებს. გივი ციხეების გამაგრებას იწყებს, რუსეთთან და ოსმალეთთან კავშირის დამყარებას ცდილობს. 12. ზაფხულში ირანელები 20 ათასი კაცით შეიჭრებიან ქართლში. გივის სულ 5 ათასამდე კაცი ჰყავს ჩაყენებული ციხეებში, ამიტომ ირანელებთან პირისპირ შებმას გაურბის. შემოდგომაზე ირანელები უკან გაბრუნდებიან. გივი, სადაც მოუხერხდება, თავს ესხმის და ჟუჟავს მათ. 14. ქართლის ტახტზე მთელი საუკუნის შემდეგ პირველად ადის ქრისტიანი მეფე, თეიმურაზი. მეფესა და გივის შორის დაპირისპირება გარდაუვალი ხდება (იმ დროს გივის ქართლში თეიმურაზზე არანაკლებ ძლიერი პოზიციები აქვს, თავის ტერიტორიაზე ლამის მეფეა). მალე საბაბიც გამოჩნდება: გივის მოკავშირე არაგვის ერისთავ ბეჟანს ყმები მოკლავენ. არაგვის საერისთავოს შაჰი მეფეს უბოძებს. გივი ცდილობს, დაასწროს და უფრო ადრე ჩაიგდოს ხეობა ხელში, მაგრამ მკვლელებს შურისძიების ეშინიათ, ციხეებში იკეტებიან და მედგრად იბრძვიან. თეიმურაზი და ალი-ხანი გივისთან საომრად დაიძვრებიან. 16. გივის ბანაკი რღვევას იწყებს. ჯერ მისი ბიძაშვილი რევაზი გადავა თეიმურაზის მხარეს. მერე ორი თავადი გაიპარება ღამით. ცხინვალთან გივის ჯარს უთენია თავს დაესხმის თეიმურაზის ვაჟი, ჭაბუკი ერეკლე და სასტიკად დაამარცხებს. გივი ურბნისისკენ დაიხევს, გორს და ცხინვალს კარგავს. 17. გივი ლეკებისა და ახალციხიდან მოსაშველებლად ჩამოსული ოსმალების დახმარებით დაამარცხებს თეიმურაზს და ალი-ხანს. ისინი გორში შეასწრებენ. 19. ახალდაბისა და კეხვის ციხეების დაკარგვის შემდეგ გივის სურამის ციხეღა დარჩება, იქაც ალყას შემოარტყამენ. 22. თეიმურაზი და ალი-ხანი ხანგრძლივი ალყის შემდეგ სურამის ციხის ერთ კედელს საძირკველს გამოუთხრიან და დენთით სავსე კასრებს შეუწყობენ. ციხე ერთ აფეთქებას გაუძლებს, მეორეზე კედელი ჩამოეშლება.
მთელი ეს ეპოპეა, როგორც აღვნიშნე, სამოცგვერდიან თავშია ჩატეული. თანაც, ეს მხოლოდ მოგონებები, ე. ი. წარსულია. ეს თავი, გარდა ამისა, მოთხრობის აწმყოდან იტევს სპარსეთში მიმავალი გივი ამილახვრის საგზაო შთაბეჭდილებებს – მოზრდილ მონაკვეთებს უდაბნოს ხვატის, დანგრეული წარმართული ტაძრის, ხეებისა და ჩრდილის მონატრების და ა.შ. შესახებ, ხოლო მოთხრობის წარსულიდან – გივის მოგონებებს შემდგომში ანანურის ციხეში გამობუგული ურთურთ ერისთავის სახლში სმეულობაზე, ერთ-ერთი თანამებრძოლის ცოლთან მიჯნურობაზე, თბილისში ნაყიდ ლათინურ წიგნზე და ა. შ. ამიტომ, გასაგებია, რომ ისტორიული ამბები მოთხრობაში იმაზე ცოტა უფრო ნაკლებად მშრალად თუ არის გადმოცემული, ვიდრე ზემოთ მოყვანილ ჩამონათვალში.
ახლა ვნახოთ, სახელდობრ როგორ არის ყველაფერი ეს მოთხრობილი:
თბილისში შემოდის ნადირ-შაჰის ლაშქარი: “მოგორავდა უზარმაზარი, ენაარეული, აღვირახსნილი ბრბო, რომლის ამლაგმავი ძალა საქართველოში არ მოიპოვებოდა. ყიზილბაშები სივრცეს წითლად ღებავდნენ, ნახევრად შიშველი ავღანელები მტვრის სქელი ფენით იმოსებოდნენ, თუთიყუშებივით აჭრელებული ქურთები ველურად ყიოდნენ. მათ უკან მოჰყვებოდნენ ქურდები, ყომარბაზები, მაწანწალები, რის შეჭმასაც მგლები ვერ მოასწრებდნენ, ისინი შესანსლავდნენ. ბრბო ქოთავდა, წამლავდა ჰაერს, სულსა და ხორცს. უზარმაზარი სხეული იმხელა სტომაქს მოათრევდა თან, რომ თბილისს მისი ამოყორვა არ შეეძლო” (მაღულარია 1982: 54-55). როგორც ვხედავთ, ამ ძუნწ აღწერაში შტრიხები სახვითობასა და სიზუსტეს არის მოკლებული (მტვრის ბუღს გზაზე ავღანელების გარდა სხვებიც დააყენებდნენ, ველური ყივილი კი საეჭვოა, მხოლოდ ქურთების დამახასიათებელი თავისებურება ყოფილიყო), ხოლო უზარმაზარი სტომაქის მეტაფორა იმდენად ზოგადია, რომ ვერ ქმნის კარსმომდგარი საშიშროების ვერც ვიზუალურ ხატსა და ვერც ემოციურად აღქმად სახეს, უბრალოდ, ხატოვნად მოწოდებული ინფორმაციის დონეზე გეუწყება, რომ ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდა თავს.
თბილისიდან გაქცეული გივი ამილახვრის განწყობილებაც ასევე მეტფორულად არის გადმოცემული: “ყმობისგან თავდახსნილს სივრცე და თავისუფლება იტაცებდა, მოუკირწყლავი გზა დაკარგულ ფინიასავით ეგებოდა ფეხქვეშ, ჩრდილები დიღმის ჭალისკენ მიუძღოდნენ” (იქვე, 85). გაქცევისას ფეხქვეშ გაგებული ფინია მხოლოდ დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელია, ასეთ ძაღლს წიხლისკვრით იშორებენ ხოლმე თავიდან, არც საითკენღაც “ჩრდილების გაძღოლა” არის ის გამოთქმა, რომელიც ტყვეობიდან თავდახსნის სიხარულსა და სილაღეს გადმოგვცემს. უშუალოდ ამ სიტყვების შემდეგ აბზაცი ასე გრძელდება: “ახლა მთავარი იყო მცხეთამდე ჩაეღწია როგორმე, ქალები და ბავშვები დაებინავებინა, განსაკუთრებით იმ თავადთა ცოლ-შვილი, რომლებიც იმამ-ყული-ხანს უნდა გამოჰქცეოდნენ და არაგვის ხეობაში გადმოსულიყვნენ, შემდეგ კი მათ იმდენი ემართათ, რომ ასანაზღაურებლად საუკუნეებიც არ იკმარებდა” (იქვე, 85). გ. მაღულარიასთან ხშირია ბოლო წინადადების მსგავსი (ოღონდ, მეტწილად ბევრად უფრო ვრცელი) მონაკვეთები – ფრაზები, რომლებიც ყურადღებას ამუხრუჭებს, რადგან სიცხადეს არის მოკლებული, ახსნას მოითხოვს (ვის ვისი და რა ემართა – თავადებს გივისი, სპარსელებს გივის და თავადების თუ ქართველებს სპარსელების – ისეთი, რომ ვალის გადახდას საუკუნეები დაჭირდებოდა?). ამ ტიპის გაურკვევლობები ტემპის შენელების და მკითხველის დაღლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
იქმნება შთაბეჭდილება: ყველაფერი ძალიან შორიდან… ორსაუკუნოვანი მანძილიდან არის დანახული, ყველაფერი… თვით სასიყვარულო ვნებაც კი: თანამებრძოლ თავადთან სტუმრად მისული გივი ამილახვარი ისე გაახელა მისი ცოლის ეშხმა, რომ “ფეხზე კი გაიხადა, მაგრამ ლოგინში ჩაწოლა ვეღარ შეძლო. ქვეყანა ევიწროებოდა. მარტო დაწოლა საკუთარი თავის გაძარცვად, ცხოვრებაზე ხელის აღებად მიაჩნდა” (იქვე, 92). “მარტო დაწოლა საკუთარი თავის გაძარცვად მიაჩნდა”… ეს პერსონაჟის განცდის მეტისმეტად გონებისმიერი, მეტისმეტად ცივი გადმოცემაა საიმისოდ, რათა დაიჯერო: ეს კაცი რამდენიმე წინადადების შემდეგ ოთახში შეუვარდება და გააუპატიურებს დიასახლისს.
ძუნწი და უემოციოა ბრძოლის სურათიც: სურამში ალყაშემორტყმულმა გივი ამილახვარმა “ზარბაზნები პირველად საცდელად გაისროლა, შემდეგ კი მათი ქუხილისაგან ყურთასმენა აღარ იყო. ზოგჯერ მტვრითა და კვამლით ისე იფარებოდა სივრცე, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანდა” (იქვე, 192).
სამაგიეროდ, შთამბეჭდავად არის გადმოცემული განცდა, რომელიც ალყაშემორტყმულ გივის მისი ციხე-სიმაგრის კედლის აფეთქებისა და, მაშასადამე, ირანელებთან ოთხწლიანი ომის წაგების შემდეგ დაეუფლა: “ძლიერმა აფეთქებამ კედელი ჰაერში აიტანა, დაფშვნა და მტვრად აქცია. სანამ დაჭრილთა ღრიალი ცოტათი მინელდებოდა და მტვერი გაიფანტებოდა, ყრუ და ბრმა იყო, მაგრამ როცა ქარმა რუხი ფერის ღრუბელი გადარეკა, მის წინ ღია სივრცე აღმოჩნდა, ციხეს ცალი კედელი მორღვეული Hჰქონდა. ფართო ღიობიდან მწვანე ველი და ტყით შემოსილი ფერდობები მოჩანდა. უცნაური, შემზარავი საყურებელი იყო კედელმორღვეული ციხე, მაგრამ გულში შიშის ნაცვლად სევდამ დაისადგურა, გაურკვეველმა, უტყვმა სევდამ, რომელსაც არც თავი უჩანდა და არც ბოლო” (იქვე, 110).
ო. პაჭკორია ამ მონაკვეთის შესახებ ვრცლად და კარგად წერს: “სურათი ცხად პლასტიკურ წარმოდგენას ქმნის, ფიზიკურად ხელშესახებსა და ზუსტს, ოღონდ აქვე გადადის ფსიქიკის, განწყობილების სფეროში. “შემზარავი საყურებელი იყო კედელმორღვეული ციხე” და უცებ – “ფართო ღიობიდან მწვანე ველი და ტყით შემოსილი ფერდობები მოჩანდა” – გაჩნდა პასტორალი, ანაზდად შემოიჭრა თხრობაში მშვიდი, ხელშეუხები, მარადი და ამ დაპირისპირებამ – აფეთქება, წაგებული ომი, კედელმორღვეული ციხე – წარმოშვა საოცრად ადამიანური, ღრმა განცდა და იქვე მოულოდნელი აზრობრივი დასკვნაც. გაბოროტება, თავის დახსნის სურვილი, კბილთა ღრჭენა კი არა – სევდა, უტყვი, უთქმელი სევდა. სწორედ ეს სევდაა ცნობადი, გონებისმიერი შედეგი. (ხაზი ავტორისაა, – ზ. კ.) მისი საფანელი ყოფის ამაოების, ამ წაგებული ომის უაზრობის, საკუთარი წარმავალობის შეგრძნებაა; ტკივილი იმის გამო, რომ ციხის კედელში გაჩენილმა ბზარმა (წაგებამ, დისჰარმონიამ) ბუნების უშფოთველი და უმწიკვლო წიაღი გამოაჩინა და ეს მეამბოხე, ცოდვილი, ძლიერი კაცი მთელი ძალით შეიგრძნობს თავისი ხვედრის, ქმედების, სწრაფვის ამაოებას, ეწვევა სევდა და მის სევდიან სულს უკვე აღარ ძალუძს არც გამარჯვება, არც დამარცხება. ამიერიდან იგი უმამაცესია, რადგან განმარტოების ტკივილი იგრძნო; აღარ დადრკება, რადგან არ სჭირდება ხორციელი საზრდელი; ვეღარ მოილხენს, რაკი ნგრევისა და უშფოთველი ველების უცნაური ერთიანობა იხილა… და სამუდამოდ დასევდიანდა გივი ამილახვარი” (პაჭკორია 1986: 123-124).]
აქვე ვიტყვი, ზემოთ რამდენჯერმე ცოტა არ იყოს აუგად ნახსენები სტილური ხერხებითა და მეტაფორებით გ. მაღულარია ზოგ მონაკვეთში უკანასკნელ ნიმუშზე არანაკლებ შთამბეჭდავ სურათებსაც ქმნის, რის ორ მაგალითს ბოლოსთვის მოვიტოვებ.
***
უკვე ვთქვი, რომ მოთხრობის მეორე თავი ქართულ პროზაში ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ დიალოგს წარმოადგენს და, რომ ეს, ფაქტობრივად, არც არის დიალოგი, არამედ თანამოსაუბრეთა შორის გადანაწილებული ფორმა ესეისტური მონოლოგისა. ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის როგორც შინაარსი დიალოგისა, ისე მისი სტილი და ტონალობა.
გივი ამილახვარი ამბობს: “ტყუილად გგონია, შანშე-ბატონო, რომ შუღლი, ღალატი, შური და გაუტანლობა მარტო ჩვენი, ქართველების თვისებაა. ბერძნებმა ყველა ამ თვისების ზემოქმედება ისე მწვავედ განიცადეს თავიანთი თავზე, რომ მათი გამომხატველი ღმერთები თუ ქალღმერთები შექმნეს და ზოგი კვარცხლბეკზე შეაყენეს, ზოგი კი ქვის კედელზე ამოტვიფრეს. <…> რომელ ქვეყანაში არ ყოფილა ძმათა შორის სისხლის ღვრა, ტახტისთვის ქიშპობა, ყაჩაღობა, რბევა, დამნაშავის გაბატონება და უდანაშაულოს დასჯა. ბიზანტიელებს, არაბებსა და სპარსელებს ჩვენ კი არ ვასწავლეთ ცოცხლად ტყავის გაძრობა, ძელზე გასმა, თვალების დათხრა, არამედ მათ გვასწავლეს, მამული ჩვენ კი არ წაგვირთმევია მეზობლებისთვის, არამედ მათ წაგვართვეს” (მაღულარია 1982: 130). ან კიდევ: “იქნებ, ჩვენ სწორედ ის დრო დაგვიდგა, როცა უკეთესია ღარიბ-ღატაკნი ვიყოთ, ვიდრე მდიდრები, იქნებ იმიტომაც დავიშალენით და დავიქსაქსენით, რომ გვირჩევნია მტერს ერთ სახელმწიფოს ნაცვლად ათ სახელმწიფოსთან, ათ მეფესთან და თავადთან ჰქონდეს საქმე, იქნებ, ათი დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბრძოლის წაგებას, ასი პატარა ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლის წაგება გვირჩევნია” (იქვე, 129).
შანშე ერისთავი კი ასე მსჯელობს: “ვალდებულნი ვართ, ჩვენი არეულ-დარეული ყოფა ჩვენვე მოვაწესრიგოთ. მოწესრიგება კი მანამდე არ მოხერხდება, სანამ ყველა ერთ მიზანს არ დავისახავთ, ერთ კანონს არ დავემორჩილებით” (იქვე, 126). ან კიდევ: “ჩვენი უბედურება ისაა, რომ საკუთარი ნაკლის შეუფასებლობა და ღირსების გადაფასება გვიყვარს, თავი ყველას მართალი გვგონია, სინამდვილეში კი ყველა მტყუანი ვართ. ჩვენი არც ღმერთი ჰგავს ღმერთს, არც სახელმწიფო სახელმწიფოს და არც კაცობა კაცობას, ამიტომაც ვიხარჯებით ტყუილუბრალოდ” (იქვე, 121). ხოლო მოღალატე მეზობლის ოჯახიანად ამობუგვას იგი ასე ამართლებს: “ჩვენში მანამდე არ აღმოიფხვრება ერთმანეთის სიძულვილი და შიში, სანამ მოღალატე დარწმუნებული იქნება, რომ ავკაცობისთვის არ დაისჯება. ეს რომ მხოლოდ ერთ ან ორ კაცს ეხებოდეს, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ბოროტმოქმედება, უპასუხისმგებლობა, უზნეობა ხალხსაც რყვნის და ასეთი ხალხი ვეღარ უძლებს გაჭირვებას, ფიზიკურ და გონებრივ ტანჯვას” (იქვე, 122). არადა, ასე მსჯელობს კაცი, რომლის მიერ “არაგვის ხეობაში გადმოყვანილმა ლეკებმა ჯერ მთელი ქართლი ააოხრეს, შემდეგ კი კავკასიონიდან ახალციხემდე ტყვეთა გასაყვანი ხიდი გადეს და ხელი მოითბეს. ამ ხიდის მოშლა და ლეკების ქართლიდან განდევნა ფასად დაუჯდათ ქართველებს” (იქვე, 72).
სავსებით დამაჯერებელი იქნებოდა ასეთ თემებზე და, რაც მთავარია, ასეთი სტილით რომ ესაუბრათ XX საუკუნეში, ვთქვათ, ივანე ჯავახიშვილსა და გრიგოლ რობაქიძეს ან გერონტი ქიქოძეს, ან რომელიმე მათგანს ესაუბრა ასე მოთხრობის ავტორთან. არ არის დამაჯერებელი, რომ ასე საუბრობს XVIII საუკუნეში ორი გულკერპი, დღემუდამ ხმალსისხლიანი თავადი, ვისაც მსგავსი ისტორიულ-თეორიული განზოგადებებისკენ სწრაფვა და, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ცხოვრების ინტელექტისმიერი იმპერატივებისთვის დამორჩილების სურვილი, მგონი, არაფერში გამოუვლენია. მეტისმეტად აშკარაა, რომ ორივე პერსონაჟის პირით აქ გველაპარაკება თვით ავტორი, რომელიც არც კი ცდილობს ამ დიალოგს ისტორიულად დამაჯერებელი ფორმა მიანიჭოს.
***
მესამე თავში მოთხრობილია გივი ამილახვრის შემდგომი თავგადასავალი, ერთი კედელმორღვეული ციხისამარა დარჩენიდან მოყოლებული, ვიდრე სპარსეთში თვალების დასათხრელად გაგზავნამდე.
გივიმ მოლაპარაკება დაიწყო მეფე თეიმურაზთან დანებების პირობების თაობაზე. შეურიგდა თეიმურაზსა და დედოფალს – თავის სიყრმის მეგობარ თამარს. მეფემ იგი სახლთუხუცესად, ქართლის მთელი შემოსავალ-გასავლის განმკარგულებლად დანიშნა. შაჰმა გავეზირებულ ყოფილ მეამბოხეს თვალების ამოშანთვა მიუსაჯა და თბილისში ორი ხანი გამოგზავნა, რათა იგი ისპაჰანში ჩაეყვანათ…
არსებითად, მთელი მოთხრობა გამოუვალ მანკიერ წრეში მომწყვდეული ძლიერი მამკაცის უიმედო ბორგვის აღწერაა.
მოთხრობის დასაწყისში, შაჰის მიერ ქართლის გამგებლად დანიშნულ გივი ამილახვარს “სპარსელები აწმყოს აჩეჩებდნენ ხელში, მას კი თვალი მომავლისაკენ გაურბოდა, არეულობისა და ქაოსის წინააღმდეგ ბრძოლა სურდა, მაგრამ როცა თბილისის ხანის თანხლებით ერთ სოფელს ეწვია და ხალხი დაემალა, მიხვდა, რომ მოურიგებლის მორიგებას ცდილობდა” (მაღულარია 1982: 79). ამ ეტაპზე მან “ერთი-ორჯერ სცადა სხვების დაუკითხავად ემართა ქვეყანა, აყრილი ყმები მიტოვებულ სოფლებში დააბრუნა, აკრეფილი გადასახადების ნაწილი გზების, ხიდების, ეკლესიების შეკეთებას მოახმარა, იმამ-ყული-ხანის მიერ მიტაცებული მცხეთის საეკლესიო ქონება ნიკოლოზ კათოლიკოსს დაუბრუნა, მაგრამ ამის გამო იმდენი საჩივარი გაუგზავნეს ნადირ-შაჰს, რომ თუ მათ წაკითხვას მოისურვებდა, რამდენიმე ლაშქრობაზე ხელი უნდა აეღო” (იქვე, 80).
შემდეგ გივი სპარსელების წინააღმდეგ აჯანყდა და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან იცის, რამდენიმე თვეში ბრძოლა განახლდება და მტერს ისევ სამხედრო ძალის განუზომელი უპირატესობა ექნება მასთან შედარებით. “ეს რომ საბოლოო გამარჯვება ყოფილიყო, ხმალს კედელზე დაკიდებდა და ათას საქმეს მოჰკიდებდა ხელს – ააშენებდა ბრძმედებს, საამქროებსა და ქარვასლებს, დაიწყებდა ფულის მოჭრას, წიგნის ბეჭდვას, ზღვის გაღმიდან რაღაცის შემოტანას, მაგრამ გაზაფხულამდე ისე ცოტა დრო იყო დარჩენილი, რომ ასეთ რამეზე ფიქრი ოცნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს” (იქვე, 91).
მოთხრობის მიწურულს გივი ახერხებს წაგებული ომი მეფესთან მოლაპარაკებით თუნდაც ხანმოკლე გამარჯვებად შემოაბრუნოს და თითქმის ადრინდელ ძალაუფლებას იბრუნებს, სახლთუხუცესი ხდება, თუმცა ახლაც ვერაფერს ახერხებს, რადგან “როგორც კი რომელიმე მოხელე თავს გამოიჩენდა, მაშინვე აწინაურებდა, ჯამაგირს უორკეცებდა, მაგრამ დაწინაურებულთა უმეტესობა თვალსა და ხელს შუა ოხრდებოდნენ და არაფრის მაქნისნი აღარ იყვნენ” (იქვე, 143).
ამასთან, ამ ეპოქისმიერად მანკიერ წრეში მომწყვდეული ადამიანი თავს სრულ სიმარტოვეში გრძნობს: მას შემდეგ რაც შვილი არ შერჩა, გივი “ცოლს ვეღარ ეკარებოდა, ჭალიდან მოურავს ახალგაზრდა, ლამაზი ყმა გოგო ჩამოაყვანინა, ხარჭად დაისვა, მაგრამ ქალს ისეთი რიდი ჰქონდა მისი, რომ საწოლშიც კი ვერ იღებდა ხმას” (იქვე, 144).
ასეთ ვითარებაში ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი მხოლოდ ის ძალუძს, რომ ბოლომდე არ დანებდეს გარემოებებსა და ბედისწერას, შიშსა და უიმედობას ხერხემალი არ გადაამსხვრევინოს. და ნაწარმოების გმირი ახერხებს ამას. მოთხრობის ბოლოს (მატიანის ამონარიდის დაწყებამდე) თვალების დასათხრელად მიმავალი გივი ამილახვარი უდაბნოს გაივლის და ქედიდან დასცქერის სპარსულ ქალაქს. ახლა მას, “რაკი ბედმა ასე შორს და ასე მტრულად განწყობილ ქვეყანაში გადმოისროლა, ყოველი ნაბიჯი საკუთარი თავის იმედით უნდა გადაედგა. ამილახვარმა ცხენი ადგილიდან დაძრა და იმის მაგივრად, რომ გარდუვალი ტკივილისთვის მომზადებულიყო, ღამეს და წინ გადაშლილ ქვეყანას თამამად გაუღიმა, ისე დაეშვა დაღმართში, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ არ წაიქცეოდა” (იქვე, 153).
მატიანის ამონარიდში მოკლედ არის მოთხრობილი თითქოს დაბრმავებისთვის განწირული ტუსაღის საოცარი სამხედრო კარიერა სპარსეთში, მთელი გვარდიის უფროსად გახდომა, ლეგენდარული გამარჯვება ინდოეთში და ა. შ. საქართველოში რომ დაბრუნდა, “თეიმურაზ მეფემ იგი დიდი პატივით მიიღო, ირაკლი მას თავის მამას უწოდებდა” (იქვე, 159).
***
ავტორის სტილზე საუბრისას ო. პაჭკორია იყენებს კიდევ ტერმინს “რეფლექსიის მოჭარბება” (მართალია, სხვა ნაწარმოების გამო, მაგრამ ეს დახასიათება მეტ-ნაკლებად გ. მაღულარიას მთელ შემოქმედებას მიესადაგება) და ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვჩიოდით რეფლექსიის ნაკლებობას და აი, როცა ხელთ გვაქვს იგი, ფეხს ვითრევთ და ვკრთებით” (პაჭკორია 1986: 117).
რეფლექსია, თვითჩაღრმავება, მათ შორის საკუთარ ეროვნულ-ისტორიულ რაობაში ჩაღრმავება, ე. წ. ლირიკული გმირისა თუ პერსონაჟის ნიღბის მეშვეობით, თითქოს, XX საუკუნეში მაინც არ აკლდა ქართულ პროზას. ასე რომ, არა მგონია, გ. მაღულარიას მოთხრობები ამ მხრივ რაღაც სიახლეს წარმოადგენდეს. ახლია ამ რეფლექსიის და, საერთოდ, თხრობის მდორე ესეისტური დინება და მეტაფორულობით აღბეჭდილი სტილი, რომლის ორ კარგ ნიმუშს აქვე მოვიყვან.
“მეამბოხენი” ასე იწყება: “აღმოსავლეთიდან ცხელი, მტვრით შესქელებული ნიავი უბერავდა და სახის კანს აშრობდა. ცხენები დაკარგულ ჩრდილზე დარდით იხუთებოდნენ, ისე ზანტად მიაბიჯებდნენ, თითქოს იცოდნენ, რომ ბედისწერა დროს აჩქარებდა, მუქი თვალების დასათხრელად ემზადებოდა. ეს გზა შეკაზმულებს ადრეც ბევრჯერ გაუვლიათ, მის გარდიგარდმო სიკვდილიც უნახავთ და სიცოცხლის ჩასახვაც, მაგრამ ამით მათ ზურგს არც ტვირთი მოჰკლებია და არც იარა. მხოლოდ ეს იყო, რომ ყოველი ახალი მოგზაურობის შემდეგ უკან მომავალი ურმების ჭრიალს ან აქლემების ეჟვანთა ჟღარუნს სევდა ემატებოდა, უდაბნოში გაფანტულ ბგერათა უსაზღვროებას იძენდა” (მაღულარია 1982: 53). მართალია, ბოლომდე გარკვეული ყველაფერი არც აქ არის, ყურადღებას მოთხრობის აღქმისთვის არასაჭირო კითხვები აქაც ფანტავს (მაგალითად: რატომ უნდა მოკლებოდა სიკვდილის ან სიცოცხლის ჩასახვის ნახვით ცხენების ზურგს ტვირთი ან იარა? ან რა მატებდა უკან მომავალი ურმების ჭრიალს და აქლემების ეჟვანთა ჟღარუნს სევდას, რომელიც იქითგზობაზე ნაკლები ჰქონდა? ან როგორ ჟღერს უდაბნოში გაფანტვის უსაზღვროებაშეძენილი ბგერები?), მაგრამ მთლიანობაში აბზაცი კარგად გადმოგვცემს უდაბნოს ხვატის განცდას, ტემპის შენელებას და, ვფიქრობ, გივი ამილახვრის სულიერ პეიზაჟზე ერთგვარ მინიშნებად თუ მის სიმბოლოდაც მოიაზრება. [შემდგომში მოთხრობა, თითქოს, ყველგან ითვალისწინებს მთავარი გმირის სულის ამ “ხვატიანი უდაბურებას” და ამიტომ მისი ენერგიული ქმედებებიც კი, – ბრძოლაში, სმაში, სიყვარულში, – ერთგვარი შენელებით არის გადმოცემული.]
გივი ამილახვრის გაუნელებელი ტკივილი ცამეტი წლის შვილის, ნათიას დაკარგვის გამო, რომელიც შაჰმა თავისი ჰარამხანისთვის გაიტაცა, “მეხსიერებაში ჩაჭედილი სოლის” მეტაფორით არის შთამბეჭდავად გადმოცემული: “ნათია დრომ სულიან-ხორციანად შთანთქა, მაგრამ მის მეხსიერებაში ჩაჭედილი სოლი ვერაფერმა მოარყია. ზოგჯერ ისე აწვებოდა ტვინს, რომ ირგვლივ ყველაფერი წითლად იძარღვებოდა. შეიძლება სწორედ ეს სოლი იყო მისი დაუდეგრობის, მერყეობისა და ავკაცობის მიზეზი, შეიძლება სწორედ იმ დღეს მიხვდა პირველად, რომ სჯობია ბრძოლა წააგო, ვიდრე უმწეობას ამოეფარო” (იქვე, 58). თვალების დასათხრელად მიმავალს ნათია რომ გაახსენდა, “ამილახვარმა ერთი წამით ცხენი შეაჩერა და ჭრელი ხელსახოცით ისე მოიწმინდა ოფლი, თითქოს კეფასთან ღრმა, დაჩირქებული ჭრილობა ეგულებოდა” (იქვე, 57).
***
“მეხსიერებაში ჩაჭედილი სოლი”, “ცნობიერების სიღრმეში ჩარჩენილი იარა, რომელიც ზოგჯერ ისე აწვება ტვინს, რომ წითლად ან შავად იძარღვება გარემო და ირგვლივ ყველაფერს შენელებული კადრების მსგავად აღიქვამ” – ეს მეტაფორები, შესაძლოა, ნაწარმოების პერსონაჟზე მეტად მისი ავტორის პიროვნებას შეეფერებოდეს.
სრულიად ახალგაზრდა იყო გივი მაღულარია, როდესაც, რამდენიმე მეგობართან, მათ შორის ოტია პაჭკორიასთან ერთად, დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით, თანაც… არჩადენილი დანაშაულის გამო: ახლგაზრდებს ბოროტმოქმედებად რამდენჯერმე შეკრება და პატრიოტულ თემებზე საუბარი შეურაცხეს და 20-20 წელი მიუსაჯეს (მერედა რა, რომ აქედან მხოლოდ 8 მოიხადეს). ოტია პაჭკორიამ სიცოცხლის ბოლოს დაწერა რამდენიმე მოთხრობა. მიუხედავად მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერისა, სტილურად ისინი შორეულად მოგვაგონებს გ. მაღულარიას პროზას. გამორიცხული არ არის, დატუსაღებას “მეხსიერებაში ჩაჭედილი სოლის” სიმყარით დაეფიქსირებინა “გულში დასადგურებული გაურკვეველი, უტყვი სევდა, არც თავი რომ არ უჩანს და არც ბოლო”, რადგან სამუდამო ტუსაღი ხარ ეპოქისა, რომელშიც სამშობლოს სიყვარული დანაშაულია… ეს განწყობა კი შემოქმედების მეტაფიზიკამ შემდგომში სტილისწარმომქმნელ ერთ-ერთ ფაქტორად აქცია.
დამოწმებანი
მაღულარია 1982: მაღულარია გ. დაღამება ამა სოფლისა. თბილისი: გამომცემლობა “ნაკადული”, 1982.
ორბელიანი 1981: ორბელიანი პაპუნა. ამბავნი ქართლისანი. თბილისი: გამომცემლობა “მეცნიერება” 1981.
პაჭკორია 1986: პაჭკორია ო. ხმა სინათლეა. თბილისი: გამომცემლობა “მერანი”, 1986.
© არილი