პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი დაიბადა 1962 წელს. ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში ფსიქოთერაპევტად, მაგრამ პროფესიულ საქმიანობას მალე დაანება თავი და მთელი დრო წერას დაუთმო. მწერლის პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა 1979 წელს ნატაშა ბოროვინის ფსევდონიმით. მისი ნამდვილი ლიტერატურული დებიუტი კი 1993 წელს შედგა რომანით “წიგნის მაძიებელთა მოგზაურობა” (“Pod róż ludzi Księgi”), რომელსაც პოლონეთის გამომცემელთა საზოგადოების მიერ დაწესებული ჯილდო ხვდა წილად. იგი სამჯერ იყო ნომინირებული პოლონეთის პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე “ნიკე” და სამჯერვე „მკითხველის რჩეულის“ პრიზი დაიმსახურა.
1986 წლიდან ოლგა ტოკარჩუკი ოჯახთან ერთად ცხოვრობს პოლონეთის ერთ-ერთ რეგიონში, ქვემო სილეზიაში, სოფელ კრაიანოვოში.
ოლგა ტოკარჩუკი დღესდღეობით არაერთი რომანის, პოეტური თუ პროზაული კრებულის ავტორია. მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, კატალონიურ, შვედურ, ესპანურ, ჩეხურ, ხორვატიულ, ლიტვურ, დანიურ ენებზე. მოთხრობა „გლიცინია“ შესულია მწერლის 2001 წელს გამოცემულ მოთხრობების კრებულში „ბევრ დოლზე დაკვრა” (“Gra na wielu bębenkach“).
ზემოდან მათი თითოეული ნაბიჯის ხმა მესმოდა. და საერთოდაც, მას შემდეგ რაც გათხოვდა, სწორედ ამით ვიყავი დაკავებული – ყურის გდებით, მათი მიმოსვლის თვალთვალით, მათი ნაბიჯების თვლით და ამ ყველაფერზე დაყრდნობით წარმოსახვითი სურათებისგან რთული კონსტრუქციების აგებით. ოთახიდან სამზარეულოში, სამზარეულოდან სააბაზანოში, მერე ისევ სამზარეულოში, ისევ ოთახში, მერე საძინებელი, რომელსაც ჯერ კიდევ დედაჩემის, მისი ბებიის, ნაქონი ორ მეტრამდე სიგანის დრეკადზამბარებიანი ვეებერთელა საწოლის ჭრიჭინი მოსდევს. რა თქმა უნდა, შემიძლია მათი ნაბიჯები ერთმანეთისგან განვასხვაო.Mმისი – უფრო მსუბუქი და სწრაფი, ქმრის – ხანდახან ისე მიაფრატუნებდა ფეხებს, თითქოს იმაზე გაცილებით დიდი ზომის ფლოსტები ეცვა, ვიდრე სჭირდებოდა. ნაბიჯები, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და შორდებოდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ და სცილდებოდნენ. ფანჯრებსაც კი ვხურავდი, კარგად რომ მომესმინა. ახლომდებარე დეპოდან მომავალი ტრამვაის ზარის წკრიალიც ხელს მიშლიდა. ქალაქის განაპირას ვცხოვრობთ, რესპექტაბელურ უბანში, სადაც სიმწვანეში ჩაფლული ომამდელი ვილები დგას. ჩვენი სახლიც ერთ-ერთი მათგანია. გრილი სადარბაზო, პარტერი და ერთი სართული. მე ქვემოთ დავრჩი, ზედა სართული კი მათ გადავულოცე. შესასვლელში, კიბესთან, უზარმაზარი გლიცინია იზრდება, ლამაზი, მაგრამ ამავდროულად თავგასული მცენარე. ყოველ ზაფხულს ყვავილობს და ყვავილებით დახუნძლული მოგრძო მტევნები ძუძუებივით ჰკიდია. შლეგივით იზრდება, თითოეული ყლორტი წელიწადში ერთი მეტრით მაინც მატულობს, ამიტომაც ზაფხულობით ფანჯრებს და აივნის კარს ღიას ვერ ვტოვებთ – ყლორტები შიგნით მოილტვიან, სიფრიფანა მაქმანის ფარდების ფორიაქა ხვეულებში მოზრდილ ნახვრეტებს ეძებენ, ასე მგონია, საცაა შინ შემოიჭრებიან, ავეჯს გარს მოეხვევიან, მაგიდას მოუსხდებიან… ჩემი ნება რომ იყოს, საუკეთესო ფაიფურის ფინჯნით ჩაისაც მივართმევდი და მსუყე თურქული ნამცხვრითაც გავუმასპინძლდებოდი.
სიმართლე კი ის არის, რომ ჩაის მარტოდმარტო ვსვამდი, ჭერს მიშტერებული, მათ ნაბიჯებს ვაყურადებდი და ჩემს წარმოსახვაში ვხედავდი, როგორ ცხოვრობდნენ. მოსაწყენად. ერთფეროვნად. ჩანდა, ჩემი ქალიშვილი ვერ ახერხებდა მის სათანადოდ გართობას. მაღლა სიჩუმე რომ ჩამოვარდებოდა და ფეხის ხმა მიწყდებოდა, ვიცოდი, დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. მისი ხელი ჩემი ქალიშვილის მხარზე ესვენა, თეძოები კი მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს. მაგიდაზე მისი ლუდით სავსე ჭიქა იდგა, გვერდით – ჩემი ქალიშვილის ფორთოხლის წვენი, იქვე – გადაშლილი სატელევიზიო პროგრამა. ჩემი ქალიშვილი ალბათ ფრჩხილებს იქლიბავდა (მოწესრიგებულ ფრჩხილებზე ყოველთვის ჭკუას კარგავდა), ის კი კითხულობდა. სამზარეულოში ჩამოვარდნილი სიჩუმე ნიშნავდა, რომ ჭამდნენ. ხანდახან, როცა რომელიმე მათგანი მარილის მოსატანად წამოდგება, სკამის გაჩოჩების ხმა თუ გაისმება. წყლის ხმაური სააბაზანოდან – ძნელი მისახვედრი არ არის, ერთ-ერთი მათგანი იბანს. მათი ერთმანეთისგან გარჩევაც ვისწავლე – ჩემი ქალიშვილი სწრაფად ბანაობდა, ის კი საჭიროზე მეტხანს იდგა შხაპის ქვეშ. ნეტა რას აკეთებდა ცხელი წყლის ქვეშ საპონივით სველი და გლუვი? ზურგს იხეხავდა? თავს იბანდა? იქნებ უძრავად იდგა და შიშველ სხეულზე ჩამოცურებულ წყლის წვეთს ადევნებდა თვალს? ისევ სიჩუმე, წყლის შეწყვეტილი ჩხრიალი. ალბათ სარკის წინ დგას და პირს იპარსავს. ამ სცენის დაწვრილებით წარმოდგენა ვისწავლე – როგორ იქაფებს ლამაზ პირისახეს და მერე ნელა, ნელა ჩამოისვამს სამართებელს, რომელიც ქაფწასმულ ლოყაზე სუფთა, ვარდისფერ კვალს ტოვებს. თეძოებზე პირსახოცშემოხვეული, ფეხშიშველი, წყლის წვეთებით დანამული, თითქოს ახლიდან იშვაო. ამ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ წამიერად უკნიდან ვეკვრი, რომ უხორცო ვარ, უსხეულო, მე მას შევიგრძნობ, ის კი მე ვერა. ის უდანაშაულოა, მე კი თეძოებზე ხელებს ვხვევ და მის წინ მუხლებზე ვეშვები. მერე, პირის პარსვას რომ მორჩებოდა, მისი ცოლი მოდიოდა, ნაზად უსვამდა კრემს, თან ალბათ გამომწვევად უყოფდა ხელს პირსახოცის ქვეშ და ამის შემდეგ საძინებლისკენ მიმავალი ნაბიჯების ხმა შეუმჩნევლად გადადიოდა მოძველებული ზამბარების ჭრიალში. ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარი იყვნენ. ეს ყველაფერი ხომ სავსებით ნორმალურია-მეთქი, – ვუმეორებდი თავს. გავდიოდი ბაღში. რეზინის ხელთათმანებს ვიცვამდი და კვლებს ვმარგლავდი. მიწას თითით ვღრუტნიდი და შიგ ვაფურთხებდი. ხელით გეორგინების მსხვილ, დაძარღვულ ბოლქვებს ვეხებოდი და ნაჩქარევად ფეხზე წამომდგარს თავბრუ მეხვეოდა.
ჩემს ქალიშვილს – აღმოსავლური სილამაზის მქონე მუქთმიან ქალს, თითქოს მხოლოდ მისი გარეგნობის გამო ასდიოდა მუშკის სურნელი. გრძელი, სწორი და შავი თმა, აზიური თვალის ჭრილი (მამისგან ერგო). ჩემი ქალიშვილი ოცდაექვსი წლისაა, თუმცა ვიცი, მხოლოდ ჩანს ასე. სინამდვილეში ბევრად ახალგაზრდაა – დამეფიცება, რომ ჩვიდმეტი წლისამ ერთ ჩვეულებრივ დღესა თუ ღამეში მიაღწია მოწიფულობის მწვერვალს და მას შემდეგ ისე მისრიალებს მომავალში, როგორც მოციგურავე ყინულის გლუვ ზედაპირზე. როგორც ვთქვი, ის ჯერ კიდევ ჩვიდმეტისაა და სიკვდილითაც, ალბათ, ჩვიდმეტი წლის გოგოდ მოკვდება.
როგორც კი შეიტყო, რომ ორსულად იყო, ჩემთან სიარულს მოუხშირა. ახლებურად, მოდურად გაშიშვლებული მუცლით, ტუჩებდაბერილი და ორსულისთვის დამახასიათებელ პოზაში მდგომი, ხელებს თეძოებზე შემოიწყობდა და იტყოდა: “გული მერევა”. ჩაის ვუკეთებდი, ან გვირილის ნაყენს. “ოლეგი ძალიან წუხს ჩემ გამო, უზომოდ ვუყვარვარ”, – ხშირ-ხშირად იმეორებდა. მუცელი მოეშალა. ქმარმა საავადმყოფოში წაიყვანა. შინ მობრუნებული ერთხანს ტელეფონზე ეკიდა, მერე კიბეზე ბოთლების წკარაწკურის ხმა ჩამესმა. საღამოს ლუდი მოიდგა და ტელევიზორს მიუჯდა. ვახშამი ავუტანე. ჩაის თითით მოვურიე და მერე ის თითი გავილოკე. დასაძინებლად დივანზე მივაწვინე. ქვემოდან, სადღაც სიღრმიდან მიყურებდა. დაწოლილს ტყავის ქამარი შევუხალვათე. “გმადლობ”, ამოილუღლუღა და ჩაეძინა. მთელი ღამე მათ ბინაში დავბოდიალებდი. ხარბად ვათვალიერებდი კარადაში ფაქიზად დაკეცილ თეთრეულს, სააბაზანოში ჩამწკრივებულ კოსმეტიკურ საშუალებებს, სარკეზე დამჩნეულ ნათითურებს, აბაზანაში ჩარჩენილ რამდენიმე თმის ღერს, მოწნულ კალათაში ჩაყრილ ჭუჭყიან თეთრეულს, შავი ტყავის პორტფელს, რომელსაც დროთა განმავლობაში მისი დუნდულის ფორმა მიეღო.
სხეული მიშლიდა ხელს, საკუთარმა სხეულმა ქანცი გამაძრო. Aამ დროს მერჩივნა, უხორცო, უსხეულო ვყოფილიყავი და გვერდით უჩინრად მიწოლა შემძლებოდა. სწორედ ეს სხეული მკვრივდებოდა, როდესაც ერთმანეთს კიბეებზე ავუქცევდით ხოლმე გვერდს. როდესაც საშიშად ახლო მდგომი მესაუბრებოდა. ამ სიახლოვეს თავისებური სურნელიც ახლდა.Dდა მისით გაჯერებული უხილავი კომბინეზონიც თითქოს აღარ აყოვნებდა, ელვა-შესაკრავივით ერთბაშად იხსნებოდა და ათასგვარი შესაძლებლობა ენაცვლებოდა ერთმანეთს – ხან მხარზე ხელის მოთათუნებასავით უმწიკვლო, ხან კი იგივე ხელი ჩემს ბარძაყებს შორის მოსრიალე. ვეუბნებოდი, გლიცინიის გამო ფანჯარის დაკეტვა არ დავიწყებოდა, რეგულარულად შეემოწმებინა ფოსტის ყუთი, და კიდევ სხვა უამრავ ასეთ წვრილმანს ვახსენებდი.
მისმა პირველივე დანახვამ ვნებით ამავსო. რა არის ამაში დასაძრახი? ქალიშვილები ხომ დედების ნაწილები არიან და პირიქით – და რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ორივე ისე ჩაიძიროს თავით ფეხებამდე ვნებაში, როგორც მდინარის კალაპოტიდან გადმოსული წყალი ფარავს დაბლობს? მე ჩემი წილი ვიცხოვრე და ვიცი, რომ ასეთ მწველ სურვილთან ბრძოლას აზრი არა აქვს – მგრძნობიარე მელიორანტი უნდა იყო, დინებას ნაფოტივით უნდა მისცე თავი, რადგან მისი არც დარწყულება ძალგიძს და არც დაოკება. ყველა, ვინც სხვანაირად ფიქრობს, თავს იტყუებს. ისიც სხვანაირად ფიქრობდა.
ჯერ ჩემი ქალიშვილი დაბრუნდა შინ და სამზარეულოში ჩვენი ცნობილი სევდიანი ცეკვა ვიცეკვეთ – ჩახუტებულები ტაატით ვინაცვლებდით ფეხს, მონოტონური მოძრაობით მთელი სამზარეულო გადავკვეთეთ, ფანჯრიდან კარამდე, ისევ ერთ არსებად ქცეულებმა, როგორც მანამდე, სანამ უგულოდ დაგვაშორებდნენ. თმაზე ვეფერებოდით ერთმანეთს – ის ჩემს საყელოში, მე მის კაპიუშონში ცხვირჩარგული – ერთმანეთის სურნელით გაბრუებულები. მისი მკერდის და დაჩუტული მუცლის შეხებას ვგრძნობდი. მაგრამ როგორც კი ზღურბლზე მდგომი დავლანდეთ, დარცხვენილები სასწრაფოდ მოვშორდით ერთმანეთს. მან ცოლი მაღლა წაიყვანა და მერე ისევ ზემოდან მესმოდა მათი ნაბიჯების ხმა.
მე ჩემს ქალიშვილს ვასწავლიდი, როგორ უნდა ამოეძირკვა სარეველა ბალახი და ხელის მარჯვე მოძრაობით როგორ გადაეკრა ლოგინისთვის სუფთა თეთრეული. ღამით ის მოდიოდა ჩემთან და ვგრძნობდი, ეშინოდა ჩემი. მუდმივად სასმლის სუნი ასდიოდა და იმიტომ. ფეხებს პატარა გოგოსავით შემოვაჭდობდი ხოლმე თეძოებზე. დილით კი მესმოდა, როგორ იღებდა შხაპს – წყლის ქვეშ ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს და გაუნძრევლად მდგომი.
ის კიდევ, ალბათ, თავის მხრივ ფიქრობდა – რომ ყველა ვნების დაცხრობა შეიძლება, ყველა წყურვილის დაოკება, ყველა სურვილის ასრულება – ფიქრობდა ისე, როგორც ეს მამაკაცებს სჩვევიათ.
საზამთროდ ფანჯრები დავგმანეთ; და ამჯერადაც მოგვიწია გლიცინიისთვის რტოების შეჭრა. მაინც არ დაცხრა. შემოდგომის პირველივე ქარიან დღეებში რიტმულად უკაკუნებდა ფანჯრის მინებს, მაგრამ ამაოდ. შიშველი და უძლური ფანჯრის რაფასთან გაყურსულიყო და იქიდან გვითვალთვალებდა. გათბობის მილებმა აათრთოლეს ჰაერი.
ნეტა მან, ჩემმა ქალიშვილმა თუ იცოდა რამე? წესით, თუ ისიც ისეთივე ჩემი ნაწილი იყო, როგორც მე მისი – უნდა სცოდნოდა სიმართლე. ზოგჯერ ჩამესმოდა, როგორ იღვიძებდა ღამღამობით და მეძახდა – “დედა!”, მაგრამ ვიცოდი, რომ ამჯერად მე არ მიხმობდა. აღარ იყო საჭირო, ლოგინიდან წამოვმხტარიყავი და მიმეხედა. “დედა!” – ყვიროდა, ისევე, როგორც შეეძლო ეყვირა “ააააააააჰ!” ან “ოოოოოოოოოოჰ!” ის იხუტებდა. ის უყვავებდა – “ყველაფერი კარგადაა. დამშვიდდი. დაიძინე.”
ზამთარი თანდათანობით ძალაში შედიოდა და ჯიუტად აბნელებდა სამყაროს. მკვნესარე გრძელი ღამეები, ზემოდან ჩამომავალი ნაბიჯების ხმით დაქუცმაცებული მოკლე დღეები. ჩემი ქალიშვილი ხმას არ იღებდა და არც მე ვამბობდი რამეს. სახლიდან რომ გადიოდა, ფანჯრიდან მის კეფას მივჩერებოდი. ვხედავდი, როგორ აფურთხებდა ქოლგის წვერით მიწაში თითქოს უნებურად გაკეთებულ ხვრელებში. მესმოდა ახალგადაკრული თეთრეულის წამიერი შრიალი.
ჩემი ქალიშვილის შინარყოფნის დროს მის ქმარს არაერთხელ გავმასპინძლებივარ ყავით. ჭიქაში ორ კოვზ შაქარს ვუყრიდი და მანამდე ვურევდი, სანამ სიტკბო სიმწარეს არ შეარბილებდა. ჭიქას ჩაშტერებული ხარბად და ბოლომდე სვამდა. მე ვიყავი ის, ვინც პირველ, გაუბედავ, თითქმის შეუმჩნეველ ნაბიჯს დგამდა მისკენ, არა იმიტომ, რომ მე უფრო მეტად მსურდა, მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ მისი სინდისის ქენჯნისგან გათავისუფლება მეწადა, მისთვის მსხვერპლად ყოფნის კომფორტის მინიჭება; მინდოდა, ცოდვა ჩადენამდე მიტევებოდა. ფეხებს თეძოებზე ვაჭდობდი და ვცდილობდი, მისი დაუოკებელი ლტოლვა ოდნავ მაინც შემენელებინა. არ მინდოდა, მისი სისუსტის მოწმე გავმხდარიყავი.Mმინდოდა, ძლიერი ყოფილიყო.
მერე ჩემი ქალიშვილი ბრუნდებოდა შინ და ის თავისებურად უმზადებდა ყავას. ორი კოვზი შაქრით ატკბობდა და მანამდე ურევდა, სანამ სასმელს ხავერდოვან კონსისტენციამდე არ მიიყვანდა.
გაზაფხულამდე გაგრძელდა ასე, მანამდე, სანამ ამ კარგად გაწონასწორებული კონსტრუქციის მდგრადობა აუტანელი არ გახდა. ერთსა და იმავე დღეს თითოეულმა ჩვენგანმა მის ფინჯანს მეორე კოვზი შაქარი დააკლო. რადგან ეს ერთსა და იმავე დღეს მოხდა, ორივესთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ქალიშვილები დედების, ხოლო დედები ქალიშვილების განუყოფელი ნაწილი არიან. შეუძლებელი იყო, ამ მოვლენას სხვა ახსნა ჰქონოდა. ასე რომ, ის სიკვდილითაც ორჯერ მოკვდა. მიცვალებულიც ორივეს გვეკუთვნოდა – ჩემს ქალიშვილს და მე.
კიბე ფეხშიშველმა ჩამოირბინა, ტირილით და მოთქმით ჩავიკარით გულში ერთმანეთი. ვირწეოდით ასე ჩახვეულები – ერთი პიჟამით და მეორე ღამის პერანგით. “მოკვდა, მოკვდა” – ჩურჩულებდა ის. “წავიდა, მიგვატოვა,” – ვეხმიანებოდი მე.
ჩვენ ის ვიცოდით, რაც მან არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდეგ არ იცოდა, არ იცოდა, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც ისეთივე სიზმარია, როგორიც სიკვდილამდე. რომ სიკვდილი სინამდვილეში მოჩვენებაა და სხვა არაფერი, ამიტომაც შეგვიძლია უპრობლემოდ განვაგრძოთ ეს თამაში. ჰოდა, დავიწყე, ჩემდა უნებურად, ისე, თითქოს რამე გამეგებოდა ამ რთული რიტუალისა, ის კი, უბრალოდ, ამყვა.Mმალევე მიხვდა რაც უნდა ექნა, და ვიდექით ასე ორივენი ჭერს მიშტერებულები, გაცხარებულები ვჩურჩულებდით და ვთხოვდით, დაგვბრუნებოდა.Uუცებ დავფიქრდი, რატომ ვიყურებით-მეთქი ზევით? სიკვდილმა ხომ დაბლა-მაღლა არ იცის, არც ზევით-ქვევით, არც მარჯვნივ და მარცხნივ, შიგნით და გარეთ. ამიტომ გადავწყვიტე, სხვაგვარად მეცადა და ვუთხარი, მოდი, ჩვეულებას ნუ ვუღალატებთ და სიკვდილიც იქ ვეძებოთ, სადაც არის-მეთქი, ანუ ყველგან. კედლებს და იატაკს მუშტებს ვცემდით, ჩურჩულის ნაცვლად ახლა უკვე ხმამაღლა ვყვიროდით. სათქმელს მონდომებით გამოვთქვამდი. ვცდილობდი, ჩვენს სიტყვებს როგორმე მის ყურამდე მიეღწია, რომ მათი მნიშვნელობის აღქმა შესძლებოდა. დარწმუნებული ვიყავი, როგორც ყველა სხვა დანარჩენისთვის, სიკვდილი მისთვისაც არსებობის შეწყვეტას ნიშნავდა. “ოლეგ”, – ვიმეორებდი ნელ-ნელა და დაბეჯითებით, – “ოლეგ, იმაზე გაცილებით რთულადაა საქმე, ვიდრე შენ გგონია”. როგორ გინდა, ვინმე, ვინც უკვე აღარ არის, დაარწმუნო, რომ გაბედოს და თავიდან შეუდგეს ყოფნას. და ის, ჩემი აღმოსავლური სილამაზის მქონე ქალიშვილი, მშვენივრად აცნობიერებდა ამ უცნაურ მეტაფიზიკურ პრობლემას – რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ჩვენს თავებში გველებივით იკლაკნებიან ზრდისთვის შემართული რეალობის მორჩები. არსებობს მხოლოდ ის, რისი არსებობისაც გწამს. Yსხვა დანარჩენი, მოგონილია.Aამიტომაც უფრო და უფრო გახელებულები ვურტყამდით მუშტებს სახლის კედლებს, ვყვიროდით, ვუხმობდით. ჩემი ქალიშვილი ბავშვივით უმეორებდა: “გეყოფა, გთხოვ. გაიღვიძე, აქ არავის სჯერა, რომ მოკვდი. გეხვეწები, დაფიქრდი. მარტივი ლოგიკა მოიშველიე”. მეც სასწრაფოდ ვუბამდი მხარს: “ოლეგ, შეეცადე ამ ყველაფერს სხვა კუთხითაც შეხედო, გემუდარები, სულ ცოტათი მაინც დაატანე თავს ძალა”.
Bბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა. ჯერ კიდევ ფერმკრთალი, წაშლილი კონტურებით. ტელევიზორის ეკრანიდან გადმოსულივით ციმციმებდა. ცოტა გაბოროტებული და დაბნეულიც მეჩვენა. პირველმა მე დავინახე – ბოლოს და ბოლოს, ასაკიც მეტი მაქვს და გამოცდილებაც. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემმა ქალიშვილმაც შენიშნა. მაშინვე შევეხე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ სხეული, სურვილი, არ დავიწყებოდა. ჩანდა, ყველაფერი წესრიგში იყო. მისი კონტურები თანდათანობით გამკვეთრდნენ, იმ უცნაურმა ციმციმმაც იკლო. მერე, როგორც დამსახურებული ჯილდო, იატაკზე დავაწვინე და ტუჩებში ვაკოცე. მანაც ვნებიანი კოცნითვე მიპასუხა. მისმა ტუჩებმა ნელ-ნელა ფერი დაიბრუნეს, ხორცი შეისხეს. მომდევნო ნაბიჯი ჩემმა ქალიშვილმა გადადგა და, მაშინ უკვე ნამდვილად დავიჯერეთ, რომ ცოცხალი იყო.
ფანჯრების გამოღებისა და ბნელი წიაღით გლიცინიის ახლად ამოყრილი, ნორჩი ყლორტების ცდუნების დრო დაბრუნებულიყო.
© არილი