სემუელ ბეკეტის წერილები, ტ. III: 1957-1965
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
შვეიცარიელ ჩოგბურთელს, სტენ ვავრინკას მარცხენა წინამხარზე ლურჯი მელნით აქვს ამოსვირინგებული სიტყვები: “მარად იბრძოდი. მარად მარცხდებოდი. მერე რა? კვლავ იბრძოლე. კვლავ დამარცხდი. კიდევ უფრო მეტად დამარცხდი!”. ისრაელ ჰოროვიცის ბოლოდროინდელი ფილმის (“ჩემი დედაბერი”) დასასრულს კი კევინ კლაინი მოწიწებით კითხულობს წარწერას საფლავის ქვაზე: “არ გიყვარვარ? მერე რა, ნუ გეყვარები”. პირველი ციტატა აღებულია სემუელ ბეკეტის პიესიდან “წინ, უარესისკენ!”, მეორე – 1936 წელს დაწერილი პიესიდან, სახელწოდებით “კასკანდო”.
თავდაპირველად ეს ციტატები იმდენად პოპულარული არ იყო, როგორც, მაგალითად, სამოტივაციო ლოზუნგები ან სენტიმენტალური სანუგეშო გამოთქმები. სიტყვებს “კიდევ უფრო მეტად დამარცხდი” (რომელიც ახლახან ვნახე ფინანსური კომპანიის რეკლამაში) რამდენიმე სტრიქონის შემდეგ მოჰყვება ბეკეტისეული მოწოდება: გამარჯვებას კი არ უნდა დაველოდოთ, არამედ განუწყვეტლივ განვიცადოთ მარცხი, სანამ საბოლოოდ დავმარცხდებით: “კვლავ დამარცხდი. კიდევ ერთხელ. ან კიდევ უფრო მეტად. კიდევ უფრო მეტად დამარცხდი. კიდევ ერთხელ უფრო მეტად დამარცხდი. სანამ საბოლოოდ გამოიფიტები. სანამ გულისრევას იგრძნობ”. ეს მოწოდება არცთუ მისაღებია, მაგალითად, სპორტსმენისთვის, ხოლო ფრაზას – “არ გიყვარვარ? მერე რა, ნუ გეყვარები” – მოსდევს სიტყვიერი გულისრევის გამომხატველი კიდევ ერთი პასაჟი:
გულში კვლავ გაცვეთილი სიტყვების ნარევია,
სიყვარული სიყვარული სიყვარული ბაგაბუგი გაცვეთილი მოტორისა,
მობეზრებულ სიტყვებს რომ იმეორებს.
ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სტრიქონები ოდესმე ვიხილოთ ვალენტინობის დღესასწაულის მისალოც ბარათებზე.
ბეკეტს უყვარდა ჩოგბურთი და, მისთვის ჩვეული იუმორით, აღიარებდა, რომ თანამედროვე კულტურა ეთამაშებოდა მას, ხოლო სამყაროს უაზრობისადმი მიძღვნილი პიესების წერა ისეთივე უაზრო იყო, როგორც – ჩირლიდერების სიმღერები. ბედის ირონიით, მისი უიღბლო ცხოვრება უეცრად სასიკეთოდ გარდაიქმნა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 1950-იანი წლების შუახანებში პიესას “გოდოს მოლოდინში” მოულოდნელად წარმატება ხვდა წილად, ავტორს კი სახელი და სიმდიდრე მოუხვეჭა. მანამდე ბეკეტს არ სჯეროდა, რომ ოდესმე წარმატებას მიაღწევდა: მუზებთან იმგვარი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ უნდა დათანხმებულიყო (როგორც ბეკეტის ბიოგრაფი ჯეიმს ნოულსონი ასკვნის) “სიღატაკესა, მარცხსა, ყარიბობასა და უიღბლობაზე”. კიდევ უფრო მეტად დამარცხების ნაცვლად, მან წარმატებას მიაღწია.
მარტოობის გრძნობა (რომელმაც აიძულა ბეკეტი, 1947-1950 წლებში დაეწერა “გოდო”, “მოლოი”, “მელოუნი კვდება” და “უსახელო”) და შეგნება იმისა, რომ არავის აინტერესებდა, რას ან რატომ წერდა – ახლა უკვე აღარ აწუხებდა. 1948 წელს ის მწარე იუმორით სწერდა თავის აგენტს, ჯორჯ რივის: “ახლა ვბეჭდავ ერთ დროს გამომცემელთა მიერ დაწუნებულ რომანს “მელოუნი კვდება”. მწერლის აღიარებით, ის მზად იყო, ხელი აეღო ლიტერატურულ საქმიანობაზე, 1950 წელს პარიზელ გამომცემელს, ჟერომ ლინდონს მისი ვრცელი რომანი, “მოლოი” რომ არ გამოეცა: “ჩემი ამგვარი მდგომარეობა კიდევ ცოტა ხანს რომ გაგრძელებულიყო, ვეღარ გავუძლებდი, მაგრამ, თქვენი წყალობით, სულიერი სიმხნევე ვიგრძენი” – სწერს ის ლინდონს (1962 წ. ივნისს).
1957 წლისთვის, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ბეკეტის წერილების კემბრიჯისეულ ბრწყინვალე გამოცემას, ის უკვე სახელგანთქმული მწერალი იყო და ეს “ახვარი ჟურნალისტები” და “ახვარი კრიტიკოსები” (როგორც ის სწერდა ალან შნაიდერს) დაინტერესდნენ მისი პიროვნებით. ბეკეტს კარგად ესმოდა, რომ რამდენჯერაც უნდა “ეთქვა უარი ნებისმიერ კომენტარზე”, უკვე ცნობილი პიროვნება გახლდათ; ამის გამო იტანჯებოდა და შენატროდა იმ დროს, როდესაც სრულიად სასოწარკვეთილი და სრულიად თავისუფალი იყო (როგორც 1958 წლის ნოემბერში სწერდა ამერიკელ გამომცემელს, ბარნი როსეტს):
ვგრძნობ, რომ სულ უფრო მეტად ვიხლართები პროფესიონალიზმისა და თვითექსპლუატაციის ბადეში და რომ მართლაც უკეთესი იქნება აღარაფერი დავწერო, ვიდრე ასეთ მდგომარეობას შევურიგდე. ერთადერთი რამ მჭირდება – დაბრუნება 1945 წლის სულიერ მდგომარეობაში, როდესაც ვფიქრობდი, რომ ან უნდა მეწერა, ან თავი მომეკლა. მაგრამ ამის არავითარი საშუალება არ მაქვს.
სამი დღის შემდეგ ის კვლავ უბრუნდება ამ თემას:
ამჟამად ერთადერთი შანსი ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, არის მიმალვა, სანამ ეს იდიოტური აჟიოტაჟი ჩაცხრება, და, შემდეგ, დაბრუნება უდიდეს შემოქმედებით ბარიერებთან – 45-ში დაბრუნება და უფრო შენელებული ზეაღსვლა. ყველაზე უფრო ღირებულ მიზნად ახლანდელი მდგომარეობიდან თავის დაღწევა მესახება. შესაძლოა, დიდხანს (ან, იქნებ, არასდროს) აღარაფერი დავწერო.
რამდენიმე დღის შემდეგ თავის რადიოპროდიუსერს (და, შემდგომ, სატრფოს) ბარბარა ბრეის ბეკეტი კვლავ სწერს, რომ უკან უნდა დაბრუნდეს, იმ შემოქმედებით ბარიერებთან, რომელთა წინაშეც იმყოფებოდა “მოლოის” დაწერამდე. მოგვიანებით ის კვლავ სწერს ბრეის თავისი ესთეტიკური შეხედულებებისა და უიღბლო მცდელობების შესახებ, “ძალზე უვარგისი და, ალბათ, უბადრუკი რიტმისა და სინტაქსის” თაობაზე.
უნდა ითქვას, რომ ბეკეტის ეს აღიარება სანდო არაა. ხუმრობით ნათქვამი სიტყვები უფრო მეტად დამარცხების შესახებ წერილებში როსეტისადმი – შესაძლოა, დიდხანს (ან არასდროს) აღარაფერი დავწეროო – არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჯეროთ.
დიდი ხნით ადრე, სანამ ბეკეტს სახელმოხვეჭილობის და “თვითექსპლუატაციის” ბადეში გაბმისა შეეშინდებოდა, ის ყოველთვის პოულობდა სხვა მიზეზებს, რათა აეთვალწუნებინა თავისი შემოქმედება და ერწმუნა, რომ რაც უფრო მეტად გააკრიტიკებდა მათ, საბოლოოდ, მით უფრო უკეთესი იქნებოდა მისთვის. 1933 წელს, როდესაც ბეკეტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა განთქმული სახელი, ის სწერდა თავის მეგობარს, ტომას მაკგრივის: “სულ უფრო მეტად მიჭირს წერა და, ალბათ, სულ უფრო უარესად ვწერ, მაგრამ ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ შთაგონება ერთბაშად გადმოსკდება, სისხლის ნაკადის მსგავსად”.
იმხანად, როდესაც (“გოდოს” წარმატების შემდგომ) ბეკეტს მძიმე განცდები დაეუფლა, მას ძალიანაც მოსწონდა საკუთარი თავის ხატი, რომელიც თვითონვე შექმნა. წერილების ამ ახალ ტომში ბეკეტი ხალისით სთავაზობს თავის კორესპონდენტებს საკუთარი თავის ვერსიას, რომელიც მის გმირებს წააგავს. როდესაც მწერლის ნაწარმოებთა თაყვანისმცემელი უგზავნის მას ორ ათეულ მონოგრამიან ცხვირსახოცს, ის ისევე იქცევა, როგორც ჰამი (“თამაშის დასასრულის” გმირი), რომელიც თავის ცხვირსახოცს “ძველ ბანდს” უწოდებს: “მივიღე ორი ათეული ძველი ბანდი; ახლა უკვე შემიძლია კვლავ დავიწყო ტირილი”. ის როსეტს საოცრად მშვიდად უამბობს, თუ როგორ იდგა ლანჩის შემდეგ ქუჩის კუთხეში ფაბერის და ფაბერის გამომცემლობის თანამშრომლებთან, ჩარლზ მონტეიტთან და პიტერ დე სოტოსთან ერთად, და სანამ მონტეიტი და დე სოტო ხოტბას ასხამდნენ “კრეპის უკანასკნელ ლენტს”, როგორც “საოცრად სასაცილო” პიესას,
მე სევდიანად ვფიქრობდი, რომ შარდის ბუშტის დაცლას შევძლებდი მხოლოდ ვესტ-ენდის ჩემთვის კარგად ნაცნობ საზოგადოებრივ საპირფარეშოში, სახელდობრ კი პიკადილის მეტროში (ეს თითქმის ასე მოხდა).
“თითქმის” და მისი შესაბამისი კომიკური კატასტროფა ისევე შესანიშნავია, როგორც ნებისმიერი რამ “გოდოში”. ამგვარადვე აღუწერს ბეკეტი ბრეის ყოფიერების ამაოებას: “ბაღში უნდა წავიმუშაო. გუშინ გავთიბე ბალახი, რომლის გათიბვა საჭირო არ იყო. შესაძლოა, წვიმიან დღეს მოვრწყა კიდეც ის”. და ანალოგიურად უხატავს საკუთარ თავს ჟაკობა ვან ველდეს, როგორც ბაღის ნიჩბით შეიარაღებულ სიზიფეს: “კარგი იქნებოდა, ორი თვე გამეტარებინა სოფლად ორმოების თხრაში და თითოეული მათგანი ამომევსო მეორე ორმოდან ამოღებული მიწით”.
ის ხალისობს საკუთარი ფიზიკური დაავადებებითაც: “საკმარისად ზორბა ტანისა ვარ და კისტებმაც არც აციეს და არც აცხელეს – მესტუმრნენ”; მისი ექიმის მძიმე დაავადება ბეკეტისთვის ხუმრობის საბაბად იქცევაO(“ცოტაც და ამ ექიმის რეცეპტებს ვეღარ ეღირსებით” – სწერს ის ბრეის) და იმედოვნებს, რომ ასეთივე ტანჯვა მასაც მოუღებს ბოლოს: “შესაძლოა, ასევე მოვკვდე და ოპერაცია არ დამჭირდეს”. მომდევნო ნაწარმოების პერსონაჟი, მწერლის ჩანაფიქრით, “არ ლაპარაკობს, მხოლოდ დროდადრო ყმუის”. ბეკეტი თვალთმაქცობს, თითქოს წერა მობეზრდა: “ვნანობ, რომ მამაჩემის სურვილი არ შევასრულე და არ დავიწყე მუშაობა გინესის ლუდის სახარშ ფაბრიკაში”.
ეს “სპექტაკლები”, რომლებშიც ბეკეტი ხუმრობით მსჯელობს საკუთარი თავის, როგორც ტანჯული, უბედური და უიღბლო ადამიანის შესახებ, გვაიძულებს, არ დავიჯეროთ მისი სიტყვები “მწვავე შემოქმედებითი კრიზისის” შესახებ (1958 წელს). მეგობრებს შეეძლოთ ეკითხათ ბეკეტისთვის, ნუთუ ამ კრიზისს მართლაც განიცდიდა? ან კი როგორ უნდა ეწერა მწვავე შემოქმედებითი კრიზისის გარეშე? კიდევ ერთი უდიდესი სიამოვნება, რომელსაც ეს წერილები გვანიჭებს, ისაა, რომ ვეცნობით ბეკეტის წარმოდგენებს საკუთარი შემოქმედების შესახებ, რომელთაც ის უფრო გულახდილად და უფრო მეტ ადამიანს უზიარებს, ვიდრე – უწინ. ესაა არა მარტო დეტალური და მკაფიო ინსტრუქციები მისი პიესების დადგმის შესახებ, არამედ გაცხადებაც იმ ჭეშმარიტებისა, რომ სასოწარკვეთილება და სევდა მისი შემოქმედების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
1959 წელს ნენსი კუნარდისადმი გაგზავნილ წერილში ბეკეტი ათიოდე სიტყვით აჯამებს იმას, თუ როგორ წერს: “ქაღალდში თითქოს ნახვრეტები ჩნდება და იქიდან ამომძვრალი ფანტომები გარს მეხვევიან ხოლმე”. ეთნა მაკარტის მწერალი უმხელს, რომ “რვეული კარსავით იღება და საშუალებას მაძლევს ჩავიძირო სასიამოვნო წყვდიადში”. ეს წყვდიადი, გარკვეულწილად, შეესაბამება წარმოდგენას მისი შემოქმედებითი კრიზისის შესახებ. საყურადღებოა ისიც, რომ ნაწარმოებზე მუშაობის საწყის ეტაპებზე ბეკეტს შემოქმედებითი უუნარობის შეგრძნება ეუფლებოდა ხოლმე. 1960 წლის წერილში ისრაელელ მწერალ მატი მეგედისადმი ის მკაფიოდ განასხვავებს ცხოვრებისეულ მარცხს და, მეორე მხრივ, შემოქმედებით მარცხს, რომელიც მისი შემოქმედების საფუძველია:
ცხოვრებისეულმა მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დეპრესია, მაშინ, როდესაც მწერლისთვის არ არსებობს შემოქმედებით მარცხზე უფრო ძლიერი იმპულსი.
1957 წელი ბეკეტის შემოქმედებაში გარდატეხის ეტაპი გახლდათ. ამ პერიოდში მასში თავი იჩინა მნიშვნელოვანმა ტენდენციებმა და წერილების მესამე ტომი მათი მიზეზების დადგენის საშუალებას გვაძლევს. თუმცა, ერთ მნიშვნელოვან ასპექტში, ჩვენი დაკვირვებები უშედეგო მცდელობად დარჩება. “სემუელ ბეკეტის წერილების” ტომები შესანიშნავად გაფორმებული და კომენტირებულია, მაგრამ ყოველ მომდევნო ტომში გამოუქვეყნებელი წერილების რაოდენობა სულ უფრო იმატებს. შერჩევის პროცესი გამორიცხვის პროცესად იქცა:P პირველი ტომი შეიცავს მთელი არსებული კორპუსის 60 პროცენტს; მეორე ტომი – 40 პროცენტს; წინამდებარე ტომი – 20 პროცენტზე ოდნავ მეტს. მათი გამოცემა უნდა დასრულებულიყო 1967 წელს, მაგრამ დასრულდა 1965 წელს. გამომცემელთა აშკარა რუდუნება და კეთილსინდისიერება იმდენად აშკარაა, რომ, ერთგვარად, თითქოს კადნიერებაა იმის მითითება, რა ხარვეზებს შეიცავს ეს ტომები. მაგრამ ზოგიერთი ხარვეზი მეტად არსებითია.
შერჩევის პრინციპი ამ ტომებისთვის დაადგინა თვით ბეკეტმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა გამოქვეყნებულიყო მხოლოდ მის შემოქმედებასთან დაკავშირებული წერილები. მაგრამ, რედაქტორთა აღიარებით, მიჯნა მწერლის პირად ცხოვრებასა და მისსავე საჯარო მოღვაწეობას შორის “ძალზე საკამათოა”. ჩემი აზრით, ყველაზე საკამათო გადაწყვეტილებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ამ ტომებში შეტანილი არაა ბეკეტის მიერ 1958 და 1959 წლებში ეთნა მაკარტისადმი გაგზავნილი წერილები. ეს ქალი მას უყვარდა 1922 თუ 1923 წელს, როდესაც ორივენი დუბლინის ტრინიტი-კოლეჯის სტუდენტები იყვნენ. ბეკეტი თაყვანს სცემდა ეთნას, თუმცა მასთან ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონია.
1957 წელს ბეკეტს თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ ეთნა მაკარტის O (რომელიც გათხოვილი იყო ბეკეტის ძველ მეგობარზე, კონ ლევენტალზე) დაუსვეს დიაგნოზი: ყელის კიბო უკანასკნელ სტადიაში. ეთნა მწერალს ჯერ კიდევ უყვარდა. ერთი წლის შემდეგ ის გაფრინდა დუბლინში, რათა მომაკვდავი სატრფოს გვერდით ყოფილიყო (ბეკეტი წერს როსეტს: “დეკემბრის დასაწყისში ერთი კვირით დუბლინში უნდა გავფრინდე, რათა მძიმედ დაავადებული ძველი მეგობარი მოვინახულო”. ეს მგზავრობა ჩვეულებრივი რამ არ გახლდათ ბეკეტისთვის, რომელიც წინამორბედი ოთხი წლის განმავლობაში დუბლინში არ ჩასულა. 1957 წლის ზაფხულში ის წერდა მერი ჰატჩინსონს: “დუბლინის გახსენებაც კი არ მინდა, თუ არ ჩავთვლით კლდეებს მის მახლობელ მთებში”).
ჯეიმს ნოულსონის ავტორიზებული ბიოგრაფიის – “დიდებისთვის განწირულის” თანახმად:
1957 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ბეკეტი სწერდა ეთნას (რომელიც თვრამეტი თვის შემდეგ გარდაიცვალა) ვრცელ, ზოგჯერ იმდენად გულისამაჩუყებელ წერილებს, რომ აშკარა ხდება – ეს ქალი მას სულის სიღრმემდე უყვარდა.
ბეკეტის წერილებში დეტალურადაა აღწერილი მწერლის იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრება. ის წერდა ეთნას: “ამაზე უკეთესს ვერაფერს შემოგთავაზებ: პატარა სარკმლიდან დაგათვალიერებინებ ჩემს პატარა სამყაროს”.
მიუხედავად ამისა, “სემუელ ბეკეტის წერილებში” მაკარტისადმი გაგზავნილი მხოლოდ სამი წერილია შეტანილი. ორი მათგანი მიემართება ერთობლივად ეთნასა და ლევენთალს, და არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ვრცელსა და გულისამაჩუყებელ სასიყვარულო წერილს. ორი მინიშნება მათს ემოციურ ღირებულებაზე ბეკეტისთვის, გვხვდება სქოლიოში, რომელშიც ბეკეტი უმხელს ეთნას: “ის გრძნობა, რომელიც მქონდა და მარად მექნება შენ მიმართ” და მინაწერში წერილზე (1959 წლის თებერვალში): “Je t’embrasse tout doucement tout tendrement” (სიყვარულითა და ალერსით გკოცნი).
ხომ არაა ნაკარნახევი ამ წერილების წაკითხვის სურვილი უბრალო ცნობისმოყვარეობით? აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი ბეკეტის შემოქმედებასთან? რა თქმა უნდა, აქვთ. რადგან ზუსტად ისევე, როგორც მამის სიკვდილმა (1933 წელს) მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ბეკეტის მომდევნო შემოქმედებაზე, მაკარტის ავადმყოფობა და სიკვდილიც ნამდვილად უკავშირდება იმას, თუ რა ცვლილებები განიცადა ბეკეტის შემოქმედებამ 1950-იანი წლების ბოლოს. სწორედ ამ ცვლილებებმა გამოიყვანა ის ჩიხიდან, რომლის შესახებაც შესჩიოდა როსეტსა და ბრეისს 1958 წელს. შედეგად, ბეკეტის შემოქმედებაში შემოიჭრა ქალი, მეხსიერება და სიყვარულის შესაძლებლობა – სამი რამ, რასაც ბეკეტი უწინ თავისი მხატვრული სამყაროდან გამორიცხავდა. ეს ყოველივე უკავშირდება მოგონებებს სიყვარულის შესახებ, რომლებიც გააღვიძა ეთნა მაკარტის მოახლოებულმა სიკვდილმა.
მარტივად რომ ვთქვათ, წერილების ამ ტომის (1957-1965) მიხედვით, ბეკეტის შემოქმედებაში ამ წლებში შემოიჭრნენ ქალები. უწინ ბეკეტის მხატვრული სამყარო მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცთა საუფლო გახლდათ. “გოდოში” ქალები არ მონაწილეობენ, ხოლო მის რომანთა ქალი-პერსონაჟები ან უსახელო დედაბრები არიან, რომელთაც ქალური თვისებები თითქმის აღარ შემორჩენიათ (ლუსი “მოლოიში” “არაჩვეულებრივად ბრტყელი ქალია”, ისე, რომ, მთხრობლის აზრით, “შესაძლოა, ლუსი მამაკაცია ან, თუნდაც, ანდროგინი” – და ეს “სიბრტყე” არა მარტო ესთეტიკური, არამედ – ფიზიკური მახასიათებელიცაა), ან – კეთილი მეძავები, მაგალითად, სელია “მერფიში”.
ამგვარად, 1956 და 1957 წლების შემდეგ ბეკეტის პერსონაჟთა შორის ქალები გვხვდებიან. თავდაპირველად ისინი ფონური პერსონაჟები არიან, მაგალითად, ნელი – “თამაშის დასასრულში”. ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება რადიოპიესაში “ყოველნი დაცემულნი” (რომელშიც დომინირებს მისის რუნის მართლაც რომ უზარმაზარი ფიგურა), გრძელდება “კრეპის უკანასკნელ ლენტში” და კულმინაციას აღწევს 1961 წელს, “ბედნიერ დღეებში” . შემდგომ ქალები ყოველთვის მონაწილეობენ – მამაკაცებთან ერთად – ბეკეტის პროზასა და დრამატულ ნაწარმოებებში (მაგალითად, “არა მე”-ში, “ნაბიჯებში” და სხვ.) თვით იმ პერიოდშიც, რომელსაც ეს წერილები მოიცავს, ბეკეტი წერს პიესას “მიდი-მოდიან”(1965) – წმინდა ქალურ დრამატულ ტრიოს, რაც ათი წლის წინ წარმოუდგენელი იყო.
მართებული არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ტენდენცია მხოლოდ და მხოლოდ ეთნა მაკარტისადმი სიყვარულის ზეგავლენით გამოვლინდა: ნელი და მისის რუნი ბეკეტის ნაწარმოებებში მაკარტის ავადმყოფობამდე გამოჩნდნენ. მაგრამ ისიც უეჭველია, რომ ბეკეტის სამყაროში სწორედ ამ გრძნობების კარნახით შემოიჭრა მოგონებები, ეროტიკა, ნაზი გრძნობები. ამას ააშკარავებს “კრეპის უკანასკნელი ლენტი” და ბეკეტის წერილები მისი კორესპონდენტებისადმი.
“სემუელ ბეკეტის წერილებში” გამოქვეყნებული დოკუმენტური მასალა მოწმობს, რომ ბეკეტს კარგად ესმოდა, რასაც მოასწავებდა მის შემოქმედებაში ეს პიესა და რომ ყოველივე ეს ეთნა მაკარტის უკავშირდებოდა. 1958 წლის ივნისში ბეკეტმა აუწყა მაკარტის, რომ დაწერა დრამატული მონოლოგი ინგლისურ ენაზე, რომელიც, მისი აზრით, ქალს უნდა მოსწონებოდა. მაინც, რატომ უნდა მოსწონებოდა? იმიტომ, რომ მასში აისახა ბეკეტის სიყვარულის ისტორია: კრეპი მწერალია, რომელმაც სიყვარული ანაცვალა თავის ლიტერატურულ შემოქმედებას, მაგრამ ვერ ივიწყებს იმ დროს, როდესაც ის და მისი სატრფო ერთად იყვნენ.
ბეკეტმა სწრაფად დაწერა ეს პიესა 1958 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც შეიტყო მაკარტის ავადმყოფობის შესახებ. 25 თებერვალს ის სწერს რადიოპროდიუსერს, დონალდ მაკვინის: “მოკლე დრამატული მონოლოგი ჩავიფიქრე. საკმაოდ საინტერესოა”, და დასძინა: “ვიცი, როგორია ჩემი საინტერესო ჩანაფიქრები და მათი დეპრესიული ზეგავლენა”. მაგრამ ეს არ ამცირებს მის მღელვარებას. ბეკეტის ამგვარი ემოციური აგზნება – “კრეპთან” დაკავშირებით – ერთადერთია მის გამოქვეყნებულ კორესპონდენციაში. მოგვიანებით, 1958 წელს, მწერალმა განაცხადა, რომ ლონდონში გატარებული ერთი კვირა, როდესაც ის ესწრებოდა სპექტაკლის რეპეტიციებს პატრიკ მეგის მონაწილეობით, “თეატრში გატარებული საუკეთესო დღეები იყო”. ეს ბავშვური ენთუზიაზმი სრულიად უჩვეულო იყო მისთვის. ბეკეტი იმდენად ღელავდა ამ პიესის დადგმის გამო, რომ როსეტს სწერდა: “ამ პატარა ტექსტს ისე ვუფრთხილდები, როგორც ბებერი დედალი – უკანასკნელად გამოჩეკილ წიწილას”, და, იქვე: “საშინლად ვღელავ ამ პატარა პიესის გამო”.
მრავალი წლის შემდგომ, როდესაც ბეკეტი სან კვენტინის დრამატულ სტუდიაში “კრეპის უკანასკნელი ლენტის” დადგმას ხელმძღვანელობდა, ის წერდა: “ქალური ატმოსფერო, ლირიკული ინტონაცია მსჭვალავს მთელს პიესას…”. ეს ქალური ატმოსფერო სრულიად ახალი ელემენტია ბეკეტის შემოქმედებაში. გამოქვეყნებული წერილები ააშკარავებს, რომ მწერალს გაცნობიერებული ჰქონდა – იწყებოდა ახალი ეტაპი მის შემოქმედებაში – ჰუმანურობისა და სიკეთის ეტაპი. და ბეკეტი შიშობდა, ვისმე არ ევარაუდა, რომ მან თავისი კრიტიკული პათოსი შეარბილა. ის ამგვარად აღუწერს ჟაკობა ვან ველდეს “კრეპსა” და გაცილებით უფრო სევდიან “თამაშის დასასრულს”:
“ესაა სევდიანი და სენტიმენტალური “მსუბუქი საუზმე”, რომელიც წინ უნდა უძღოდეს მძიმე კერძს – ჰამისა და კლოვის მსგავს სირობას. ალბათ, ქებასაც დავიმსახურებ: ყოჩაღ, სისხლი ჯერ კიდევ უდუღს ძარღვებში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაჩაჩანაკდაო”.
“კრეპის უკანასკნელი ლენტი”, შესაძლოა, სენტიმენტალურ ნაწარმოებად ქცეულიყო, რომ არა კრეპის ბეკეტისეული დახასიათება – ესაა მასხარა, ბინძური, უსუსური ვარიანტი თვით ავტორისა (როდესაც ეს უკანასკნელი დუბლინში ცხოვრობდა და, წარუმატებლობის გამო, ლამის იყო, თავი დაენებებინა ლიტერატურული საქმიანობისთვის). ამ პიესამ გაუღვიძა მწერალს მოგონებები, სევდა და სიყვარული.
ბარბარა ბრეის ქმრის სიკვდილის შემდეგ ბეკეტი სწერს ქალს თანაგრძნობით აღსავსე სიტყვებს სევდისა და სიყვარულის, სულიერი სიმშვიდის შესახებ:
სადღაც გულში სევდის (და აგრეთვე სიყვარულის) ქარიშხლები ტრიალებს. ყოველთვის მადლიერი ვიყავი ამ შეგრძნებისა და ჩემს გულში ყოველთვის შეფარული ადამიანური სისუსტისა და უდრტვინველობისა. მათგან განთავისუფლება საჭიროდ როდი მიმაჩნდა და ალბათ, თქვენთვისაც არაა აუცილებელი.
სწორედ ეთნა მაკარტის სიკვდილით გამოწვეული სევდა (და, აგრეთვე, სიყვარული) იგრძნობა “კრეპის უკანასკნელ ლენტში”, ამგვარი განწყობილებები კი სრულიად უცხოა ბეკეტის წინარე ნაწარმოებებისთვის. ის ერთვის ლირიკულ მოგონებას ეთნასთან ერთად ტბაზე, ნავში გატარებული დროის შესახებ, და ესაა უშფოთველობისა და სიყვარულის მომაჯადოებელი ხატი:
დინებამ ჩვენი ნავი ლელქაშის რაყაში წაიღო. როგორ ოხრავდნენ მცენარეები, როდესაც ნავის წინ იხრებოდნენ [პაუზა]. პირქვე ვიწექი. სახე მის მკერდში მქონდა ჩაფლული. ცალი ხელით ვეხვეოდი. გაუნძრევლად ვიწექით, მაგრამ ყველაფერი ირყეოდა და ჩვენც ოდნავ შესამჩნევად გვარყევდა – ზემოთ-ქვემოთ, აქეთ-იქით.
ეს ინტონაცია ბეკეტთან უწინ არ იგრძნობოდა. მანამდე ბეკეტის პერსონაჟებს მეხსიერება არ ჰქონდათ – მოლოი ვერ იხსენებს საკუთარ, ან თუნდაც დედამისის სახელებს; “გოდოს” მეორე მოქმედებაში ესტრაგონს არ ახსოვს, თუ რა მოხდა წინა დღეს (პირველ აქტში), ხოლო ის და ვლადიმირი ვერ იხსენებენ ცხოვრობდნენ თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში. ტიპური დიალოგი “თამაშის დასასრულში” ამგვარია:
ჰამი: სადაა თქვენი ველოსიპედი?
კლოვი: ველოსიპედი არასოდეს მქონია.
აქ მეხსიერების ყველაზე ბანალური სახეობებიც კი უფუნქციოა, მაგრამ “კრეპის უკანასკნელ ლენტში” მოგონებები დაცულია, ჩაწერილი და გაცოცხლებული. შესაბამის თვალსაზრისს ბეკეტი აყალიბებს გაცილებით გვიან, თავის პროზაულ ნაწარმოებში “თანამოსაუბრე”: “იმისთვის, რომ მოგისმინონ, წარსული უნდა გქონდეს და უნდა შეიმეცნო ის”. მწერლის მომდევნო ნაწარმოებში – “ბედნიერ დღეებში” – ვინი გადამწყვეტ მომენტში იხსენებს, რაოდენ თბილად ექცეოდა მას ქმარი, ვილი, და მეხსიერების ამბივალენტურობის მიუხედავად, ამ მოგონებას მოულოდნელი სინაზე შეაქვს პიესაში. ამის შემდეგ ბეკეტის პერსონაჟები მეხსიერებით აღიჭურვებიან, რაც მწერალს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ახალი მხატვრული საშუალებები ლირიკული მოგონებებისთვის და გამოავლინოს აწმყოს გოტიკური ნიშან-თვისებები წარსულის მეშვეობით, რაც თავს იჩენს ბეკეტის გვიანდელ დრამებში.
ახლა უკვე ბეკეტს ძალუძს მიმართოს მეხსიერებას და, მაშასადამე, გააცოცხლოს საკუთარი ბავშვობა ან ყრმობა, განსაკუთრებით კი – მამამისის სიკვდილით გამოწვეული მძიმე სულიერი განცდები, რომელთაც თავს არიდებდა მას შემდეგ, რაც 1933 წელს “ექოს ძვლები” დაწერა. მისი სულიერი სიმტკიცე არ შერყეულა. ბეკეტი არც სენტიმენტალური გამხდარა – მეხსიერება შემზარავია პიესაში “არა მე” და მისტიკურ “ნაბიჯებში”. ის არ გაუტაცნია იდეას პერსონაჟისა, რომელიც განუწყვეტლივ გადაინაცვლებს წარსულიდან აწმყოში, მაგრამ უკვე უშუალოდ იყენებდა თავის ცხოვრებას, როგორც მასალას შემოქმედებისთვის. ამის შემდეგ მისი ნაწარმოებების განუყოფელ ნაწილად იქცევა ჰუმანურობა, რომელშიც შერწყმულია ოცნება და სიყვარული, სევდა და ვნება.
აი, ასე ვითარდებოდა ბეკეტის შემოქმედება. მას, ფაქტობრივად, აღარ განუცდია მარტოობა, რომელიც 1945 წელს სტანჯავდა. ან კი როგორ უნდა განეცადა მეგობრების, შემოქმედებითი მუშაობის, მოგზაურობების, თეატრალური დადგმების, მომთხოვნი გამომცემლებისა და საქვეყნო დიდების ატმოსფეროში, რაც ესოდენ შთამბეჭდავად ვლინდება ამ წერილებში? მისი წინსვლა ვერ შეჩერდებოდა. მაგრამ თუ ბეკეტს არ შეეძლო დროის მდინარების უკუშექცევა, სამაგიეროდ, შეეძლო წარსულში დაბრუნება თავისი მეხსიერების წყალობით. ძალზე ამაღელვებელია, რომ მწერლის უკანასკნელი წერილი ამ უაღრესად საინტერესო ტომში მიემართება ყველაზე ძველ მეგობარს, ტომას მაკგრივის, რომელიც წინამდებარე გამოცემის პირველი ტომის ყველაზე ადრეული წერილების ადრესატია. ბეკეტი კითხულობს:
როგორ მუშაობთ თქვენს მოგონებებზე? იყენებთ თუ არა მაგნიტოფონს? ხომ არ მომცემთ ერთ ჩანაწერს?
თვით ბეკეტმა ყველაფერი იცოდა მაგნიტოფონების შესახებ და იყენებდა კიდეც მათ თავის პიესებში, რათა გაეკვლია საკუთარი გზა უკან, სიყვარულისა და სიკვდილისკენ.
© არილი