პროზა

გიორგი კეკელიძე – ანასტასიას ზარი

kekelidze-32466

თავი 1. დიალოგი ბნელში

Skype:

[26.04.2015 19:02:54] nodarnuradin: აბა, რა ხდება ჩვენს თავს?? ზნაკომსტვამ ამოაგდო თქვენი აიდი,  თავიდანვე მინდა იცოდეთ: მე ქალები და ამბავი არ მაკლია, მარა ის მევასება, ადრიდან შემომრჩა ეგეთი რაღაცები – დლია რაზნააბრაზია, კი არა, მრავალფეროვნება როგორაა რუსულად

[26.04.2015 19:03:04] nodarnuradin: რა პირობებია და ა.შ.

[26.04.2015 19:04:07] nodarnuradin: ?? ალლოო

[26.04.2015 19:04:11] anastasiadance: სჰემიდზლია სჰემოგტავაზო კამერიტ მომსახურება რასჰიც სჰედის: გახდა და მასტურბაცია, 1 სეანსის ფასი არის 15 ლარი, წინასწარ დაგენახები რომ ნამდვილად მე ვარ

[26.04.2015 19:04:31] nodarnuradin: ისე არ ხვდებით?

[26.04.2015 19:04:42] nodarnuradin: ცხადია, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მაინც

[26.04.2015 19:05:11] anastasiadance: ამ ეტაპზე კამერიტ მინდა, სჰემდეგ ვისაუბროტ დანარცჰენზე, ტუ არ გაწყობს კარგად იყავი

[26.04.2015 19:05:24] nodarnuradin: ასე უცებ რატომ წყვეტთ საუბარს?

[26.04.2015 19:05:29] nodarnuradin: თანხას სად ვრიცხავ?

[26.04.2015 19:05:53] anastasiadance: დამირეკე დაგენახები და მოგწერ სჰემდეგ

[26.04.2015 19:06:14] *** Call to anastasiadance ***

[26.04.2015 19:07:05] *** Call ended, duration 00:28 ***

[26.04.2015 19:07:14] nodarnuradin: გხედავთ:)

[26.04.2015 19:07:19] nodarnuradin: საქართველოში ხართ ისე?

[26.04.2015 19:07:24] nodarnuradin: სად ვრიცხავ თანხას

[26.04.2015 19:07:29] anastasiadance: კი

[26.04.2015 19:08:03] anastasiadance: ოკლაჰომაბეტის ამ ნომერზე ცჰარიცხე: 0002546789435 და სახელი anastasiadance579035478 უნდა ამოგიგდოს

[26.04.2015 19:08:45] nodarnuradin: ოკ, ხუთ წუთში

[26.04.2015 19:09:03] anastasiadance: ოკ

[26.04.2015 19:11:07] nodarnuradin: ლაპატნიკს ვეძებ

[26.04.2015 19:11:10] nodarnuradin: კარტა იქ მაქვს

[26.04.2015 19:11:19] nodarnuradin: მიუხედავად იმისა, რომ გარანტია არ მაქვს

[26.04.2015 19:11:23] nodarnuradin: ჩაგირიცხავთ

[26.04.2015 19:12:35] anastasiadance: მე აქ ვარ გელოდები

[26.04.2015 19:20:31] nodarnuradin: აი

[26.04.2015 19:20:33] nodarnuradin: ვიპოვე

[26.04.2015 19:20:37] nodarnuradin: ახლა დავრიცხავ

[26.04.2015 19:21:22] nodarnuradin: ლინკი მომეცი

[26.04.2015 19:21:25] nodarnuradin: სად ჩავრიცხო

[26.04.2015 19:21:43] anastasiadance: აი, http.www.ocklahoma.bet.ge45787328732

[26.04.2015 19:21:45] anastasiadance: აქედან ცადე

[26.04.2015 19:25:32] nodarnuradin: დარიცხულია:)

[26.04.2015 19:25:48] nodarnuradin: აბა, ახლა გაქრები თუ შეასრულებთ პირობას:)

[26.04.2015 19:25:51] anastasiadance: ვნახავ ეხლავე

[26.04.2015 19:25:57] nodarnuradin: ნახეთ!!!

[26.04.2015 19:26:17] anastasiadance: კარგი მე მზად ვარ

[26.04.2015 19:26:19] anastasiadance: დავიწყო?

[26.04.2015 19:26:23] nodarnuradin: კი

[26.04.2015 19:26:27] *** Call from anastasiadance ***

[26.04.2015 19:26:58] nodarnuradin: ეს ჩაწერილი გაქვს?:)

[26.04.2015 19:27:11] nodarnuradin: ჰაუ:)

[26.04.2015 19:28:14] nodarnuradin: აქ მოდი

[26.04.2015 19:28:27] nodarnuradin: მომწერე ერთ წუთას:))

[26.04.2015 19:28:37] nodarnuradin: ეჰ

[26.04.2015 19:28:39] nodarnuradin: :))))

[26.04.2015 19:28:57] nodarnuradin: ხმა რატომ არ აქვს სკაიპს?:))

[26.04.2015 19:29:03] anastasiadance: დამაცდი რასაც ვაკეტებ იმას ტუ გავტისჰო?! რა ამიკელი წერიტ საყვარელო?

[26.04.2015 19:29:13] nodarnuradin: ხმა მინდა:))

[26.04.2015 19:29:16] anastasiadance: არ გინდა რომ გავაგრდზელო?

[26.04.2015 19:29:17] nodarnuradin: და შეხვედრა???

[26.04.2015 19:29:18] nodarnuradin: კიიიი, გააგრძელეთ!!

[26.04.2015 19:29:19] anastasiadance: ხმა არა

[26.04.2015 19:29:20] nodarnuradin: ცხადია

[26.04.2015 19:29:22] nodarnuradin: 🙂

[26.04.2015 19:29:22] anastasiadance: აქ მოგწერ

[26.04.2015 19:29:56] nodarnuradin: ძალიან სექსუალური ხართ

[26.04.2015 19:30:01] nodarnuradin: უდაოდ

[26.04.2015 19:30:04] anastasiadance: მმმ

[26.04.2015 19:30:05] nodarnuradin: უდაოდ

[26.04.2015 19:30:08] nodarnuradin: იმაზე უფრო

[26.04.2015 19:30:09] nodarnuradin: ვიდრე

[26.04.2015 19:30:15] nodarnuradin: მსგავსი ამბები ითვალისწინებს

[26.04.2015 19:30:17] nodarnuradin: :))

[26.04.2015 19:30:27] anastasiadance: მადლობა, კარგი ეხლა გავაგრდზელებ მაცადე ცოტა ხანი და სჰემდეგ სჰეხვედრაზე დავილაპარაკოტ, ჩუუუუ 😛

[26.04.2015 19:30:30] nodarnuradin: ასეთი პრაქტიკა თან პირველად მაქვს

[26.04.2015 19:30:34] nodarnuradin: ოკ, გააგრძელეთ

[26.04.2015 19:31:31] nodarnuradin: წეღან შენ რომ თქვი, ახლა მეც მმმმ

[26.04.2015 19:31:32] nodarnuradin: გრეატ! გრეატ!

[26.04.2015 19:33:37] anastasiadance: დამელოდე გავტისჰავ და მოგწერ 2 წუტსჰი და დავილაპარაკოოტ

[26.04.2015 19:33:41] anastasiadance: ეხლავე

[26.04.2015 19:33:43] *** Call ended, duration 07:15 ***

[26.04.2015 19:34:46] nodarnuradin: მართლა ძალიან საინტერესო გარეგნობა გაქვთ

[26.04.2015 19:34:50] nodarnuradin: არ ველოდი ამ სივრცეში

[26.04.2015 19:35:02] anastasiadance: აბა, რას ვამბობდით შეხვედრაზე?

[26.04.2015 19:35:26] nodarnuradin: მე აქ პირობებს ვერ გკარნახობთ

[26.04.2015 19:35:30] nodarnuradin: თქვენი გადასაწყვეტია:)

[26.04.2015 19:36:23] anastasiadance: 50 ლარს ტუ ცჰამირიცხავ სჰემიდზლია ცჰემტან დაგპატიჯო სახლსჰი გასაცნობად, ლაივ შოუზე და ყავაზე, რაც სჰეეხება უფრო გრმა ურტიერტობას რომ გავიცნობტ ერტმანეტს სჰემდეგ მივიგებ გადაწყვეტილებას

[26.04.2015 19:36:39] nodarnuradin: აი, მანდ არის მე მგონი

[26.04.2015 19:36:44] nodarnuradin მთავარი ხაფანგი:)

[26.04.2015 19:36:52] nodarnuradin: როგორც მსმენია მეგობრებისგან:)))

[26.04.2015 19:36:57] nodarnuradin: მომეცით ნომერი ტელეფონის

[26.04.2015 19:37:01] nodarnuradin: და დაგირიცხავთ:)

[26.04.2015 19:37:32] anastasiadance: რა ხაფანგი?

[26.04.2015 19:37:46] nodarnuradin: ის, რომ შეიძლება გაქრეთ

[26.04.2015 19:37:50] nodarnuradin: მისმინეთ ახლა, მეგობარო

[26.04.2015 19:37:57] nodarnuradin: მე ქალების გასაჭირი ნამდვილად არ მაქვს

[26.04.2015 19:38:01] nodarnuradin: სრულიად პირიქით

[26.04.2015 19:38:05] nodarnuradin: უბრალოდ დეპრესია მაქვს

[26.04.2015 19:38:08] nodarnuradin: და ახალ გამოცდილებას

[26.04.2015 19:38:10] nodarnuradin: ვეძებ

[26.04.2015 19:38:15] nodarnuradin: ძალიან გული დამწყდება

[26.04.2015 19:38:21] nodarnuradin: თუ გაქრებით და მომატყუებთ

[26.04.2015 19:38:22] nodarnuradin: 🙂

[26.04.2015 19:39:12] anastasiadance: ტანხის ცჰარიცხვას იმიტომ გტხოვ წინასწარ რომ მინდა გარანტია მქონდეს იმისი რომ მოხვალ და არ მეტყვი ტანხა დგეს არ მაქ ხვალ მოგცემო ან კიდევ რაიმე სახიტ გულს მატკენ, ასეტ სჰემტხვევასჰი ტანხა ანგარისჰზე დამრცჰება და სანერვიულო არაფერი მექნება

[26.04.2015 19:39:45] nodarnuradin: მე მგონი, რომ ეგეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია

[26.04.2015 19:39:50] nodarnuradin: თუ ტელეფონს მომცემთ

[26.04.2015 19:39:52] nodarnuradin: თანხას

[26.04.2015 19:39:55] nodarnuradin: ახლავე დავრიცხავ

[26.04.2015 19:40:32] anastasiadance: რომ ცჰამირიცხავ და დავრწმუნდები ამ საქმის სერიოზულობასჰი სჰემდეგ მოგცემ ცჰემს ნომერს უპრობლემოდ

[26.04.2015 19:41:00] nodarnuradin: ოკ

[26.04.2015 19:41:43] anastasiadance: 551 45 67 ** ბოლო ორ ციფრს გეტკჰვი მერეეე. ლოტო ხო გაჰსოვს??:))

[26.04.2015 19:42:55] nodarnuradin: გამახსენეთ თქვენი კოდი

[26.04.2015 19:43:40] anastasiadance: http.www.ocklahoma.bet.ge, 0002546789435 და სახელი anastasiadance579035478 უნდა ამოგიგდოს

[26.04.2015 19:44:02] nodarnuradin: თქვენ თვითონ გამოსვლას ვერ შეძლებთ?

[26.04.2015 19:45:35] anastasiadance: მეხუმრები? არ გიცნობ სად გამოვიდე ან ვისტან?

[26.04.2015 19:45:47] nodarnuradin: და მე რა ვიცი, სად გამოვდივარ?:))

[26.04.2015 19:45:57] nodarnuradin: აჰა, დავრიცხე უკვე

[26.04.2015 19:45:59] nodarnuradin: არ მოსულა?

[26.04.2015 19:46:29] anastasiadance: ჰმმ

[26.04.2015 19:46:35] nodarnuradin: ??

[26.04.2015 19:46:49] anastasiadance: არა, არ გიცნობ დაა

[26.04.2015 19:47:01] nodaranuradin: თანხა ხომ დაირიცხა??

[26.04.2015 19:47:05] anastasiadance: ვნახავ

[26.04.2015 19:47:57] anastasiadance: ტანხა ცჰამოგაცჰრა? აბა სჰეამოწმე

[26.04.2015 19:48:14] nodarnuradin: არა

[26.04.2015 19:48:16] nodarnuradin: მოიცა

[26.04.2015 19:48:33] nodarnuradin: კი, ახლა ჩამომაჭრა

[26.04.2015 19:48:35] nodarnuradin: აბა, ნახეთ ახლა

[26.04.2015 19:49:08] anastasiadance: დამელოდე

[26.04.2015 19:49:52] nodarnuradin: :))))) სად ხართ??? ნუ მე კი ვიცი, მაგრამ

[26.04.2015 19:50:30] nodarnuradin: ყოჩაღთ)))

[26.04.2015 19:51:28] nodarnuradin: ძაან დამაზარალეთ, ახლა თქვენ გგონიათ:)))))))))))))))ხომ ვიცოდი, რომ ეგ სცენარი იყო, მაგრამ მაინც მოგწერეთ, დამუნჯდით? დამბლოკეთ?? 50 ლარი არ არის ჩემთვის ისეთი ფული, ამაზე რომ ვინერვიულო

[26.04.2015 20:51:28]  nodarnuradin : აქ ხომ არა ხართ??

თავი 2. „გოჭსა ჰგავდა ხახულასა“

ამირან მგელაძე ეგრე აღზარდეს, რომ შენობით საგარეო ტანსაცმელში ჩაცმულ საკუთარ თავსაც არ ელაპარაკებოდა. ზედმიწევნითი კაცი იყო, კორექტურას და წერტილ-მძიმეს მძიმე მარხვასავით იცავდა და გაუპარსავი მხოლოდ ერთხელ ნახეს, როცა გლანდები ამოიჭრა. ხანდახან ბარბარიზმები თუ გაეპარებოდა და ისიც მგონი შეგნებულად – ამირანს უნდოდა ხალხს სტერილური არ მოჩვენებოდა. ზომიერად იყენებდა ნეოლოგიზმებსაც და იშვიათად სათვალეს. უფრო მზის. ხოლო მუშაობდა ამირანი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, რაც უდრის ჯიბეში ჰილზებივით ჩაწყობილ სავიზიტო ბარათებს და „ჩვენი კომპანიის ინტერესებშია, რაც შეიძლება ფართოდ გამოჩნდეს ბრენდის სახელი, აი, აქ მარცხნივ, სივრცე რომ არის. ვერ გეტყვით, ჩვენ მსგავს აქტივობებს არ ვაფინანსებთ, მაგრამ მაინც შევატყობინებთ და გავივლით. საქმე ის გახლავთ, რომ მე მაინც“ და მერე თამთას გაგრძელებას: „ეგ უნდა იყოს ძაან ქულ და მინიმალისტურ დიზაინში, სხვანაირად არ გაიყიდება. არა, არა, კარგით რა, რას ამბობთ, მე უპატრიოტო არ გეგონოთ, მე სხვა გაყიდვას ვგულისხმობ, თორე ეგრე ჩვენ ისეთი ხელნაწერების გამოცემები გვიფინანსებია უფასოდ, სულ პაპირუსების პონტში როა. დიზაინერებს ჩვენ თვითონ მოვიყვანთ, სხვებს არ ვენდობით, ასეთი პრაქტიკა გვაქვს, ცუდად არ გაგვიგოთ – აი, ხო იცი, ისეთი, თან მანდ მგონი ვერჰოლი უხდება. თუ გადავწყვეტთ, რა თქმა უნდა. მარკეტინგთან უნდა გავიაროთ. რისკებია დასათვლელი. ვერჰოლს ყველაზე კარგად ვხედავ. მერილინის ის გავათამაშოთ, ოთხი როა? წარმოიდგინეთ ოთხი იაკობ გოგებაშვილი: იასამნისფერი, წითელი და მოკლედ ეგ არის რა: ტრადიციებს შეზავებული ქონთენფორარი, ცოტა ისეთი – პანკური“.  ამირანს ჰყავდა ორი ნახევარძმა, უყვარდა ჟოლოს ჩაი და სძულდა კუპატი. ამირანს ძლიერად სულ სამჯერ შეეშინდა და ისიც ბავშვობაში. ხოლო ბავშვობა მისი გულისხმობდა სოფელ ყამარეთს.

შიში პირველი. ცრუ

სამი მწვანე ჰქონდათ და ერთი სტაფილოსფერი. საახალწლოდ ბევრი უყიდეს. მანდარინი გაყიდეს და იმ ფულით. მანამდეც აფეთქებდნენ. გამოზოგვით. სხვადასხვა მეთოდით – ბოთლში. სკოლის ქვეშ რომ სარდაფია, იქ. პარალელურკლასელის კაპიუშონში. პიროტექნიკა: ასაფეთქებლები. მაშინ სულ ოთხიღა შერჩენოდათ, დანარჩენი ახალი წლის დასაცხრილად გაიხარჯა და ეგდო მერე მკვდარი ახალი წელი მეორე დღეს სოფლის მგლოვიარესავით მდუმარე ქუჩებში. მე შევაგდებ! – თქვა ოდნავი ყოყმანით, მაგრამ ამაყად. მანამდე ცოტა ითათბირეს. მეზობლებმა. ბავშვებმა. ელეფთერიჩს, უბნის გიჟს, ევგენი ცერცვაძეს პირი ღია ჰქონდა და ისე ეძინა. დედამისი მეორე სართულზე წვებოდა. ეს ქვევით, გაყინულ ტელევიზორთან, დაღლილ ტახტზე. თვითონც დაღლილი. რაღაც უცხოთი. ეძინა ელეფთერიჩს. შეიძლება ის რუსი გოგო ესიზმრებოდა, ჯარში ყოფნისას, სადაც „გააგიჟეს“, როგორც ამბობდნენ. სოფელში წყლის დასალევად რომ შევიდნენ და ღუმელთან ოდნავ გაკვირვებული იჯდა – ის გოგო. შეიძლება ჭიდაობა, რომელსაც „გაგიჟდა“ და ვერ  გაყვა. შეიძლება კარაქი ესიზმრებოდა. კარაქის ჭამა განსაკუთრებით უყვარდა. ან ყავა ხუთი კოვზი შაქრით. შეიძლება არაფერი ესიზმრებოდა. ელეფთერიჩს ეძინა. შეაგდო და ევგენია გამოვარდა. ისინიც გავარდნენ. ამირანმა წამით მოიხედა უკან, ელეფთერიჩი იყურებოდა სადღაც, გაურკვეველი მიმართულებით და ამირანს მოეჩვენა, რომ ელეფთერიჩი ცახცახებდა. მესამე დღეს, სკოლიდან მომავალს შეხვდა და უცებ უთხრა: „არ გინდოდა, ბუძია, მაი შენ, აწი არ ქნა“. ამირანმა მიიღო უტიფარი სახე, „მე არ ვყოფილვარ, ევგენია ბუძია“, – უნდოდა ეთქვა, მაგრამ ელეფთერიჩი მისკენ წამოვიდა. ეეეე! იყვირა ამირანმა, ისე, სიზმარში რომ ყვირიან, როცა ხვდებიან – სიზმარში არიან და გამოღვიძება სურთ. და გაიქცა. „ნუ გეშინია, ბუძია, ნუ, ჩემი, ნუ გეშინია, ჩემ გზაზე მივალ მე!“ დაუძახა ევგენიამ, მაგრამ ამირანი გარბოდა. შიშითა და ცოტა სირცხვილით. სირცხვილით და შიშით.

შიში მეორე, ცრუ

სიზმრების სამყაროში ფეხის ჩადგმა ადვილი საქმე არ არის. მეორე დღეს ან კოჭლი ამოდიხარ, ან სველი, ან ფრთებით. გავლენიანი ამბავია. ეფრემ-ვერდის და მისი თანამედროვე ძმების ყალბ ღლიცინები არა – „მკვდარი ნახო, ფული იცის“ და სხვა ამგვარი დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. ოთხმოცდაათიანებში სიზმრები მოძლიერდნენ, რაც გეზმანებოდა (ტავტოლოგიას ვირიდებ), მერე ცხადში უნდა გეძებნა, ეშმაკისგან იყო თუ ღვთისგან. ბალიშების გადაბრუნებამ არ უშველა, ვინმემ ძილში გარდაცვლილი ნათესავები რომ ნახა და თავისთან წასვლა ურჩიეს. ეს რაც გავრცელდა, თორემ ზუსტად ვიცი, თქვენ შორისაც შესწრებიან  წლების წინ მსგავს სცენას და დღემდე ცოცხლებად ითვლებით. „როგორი თვალები ჰქონდა, წინა დღეს რომ ვნახე, თითქოს მემშვიდობებოდა“-ს სქემაა. კლასიკური. ბევრჯერ გაშარჟებული. ხვდებით რასაც ვგულისხმობ. ხოლო ამირანს ჭირდა უცნაური სიზმრები ბავშვობისას, ზუსტად კვირაში ერთხელ, ნახულობდა სრულიად ჩვეულებრივ სცენას, მაგალითად,  ნათესავების, მეზობლების, ნაცნობების მონაწილეობით და ამ მოქმედების სრულიად უბრალო ნაწილზე (არავითარი ჩონჩხები და სიმაღლიდან გადმოვარდნა), უცებ ძალიან შეეშინდებოდა და ყვირილით იღვიძებდა. „ეეეეე!“ იმდენად გახშირდა, რომ სიზმარშივე ემზადებოდა ამ წუთისთვის. მთელი ექვსი წელი ეგრე იყო. არავის შეულოცია, არც ფროიდი წაუკითხავს, თავისით გადაიარა. ეტყობა სიზმრებიც მოსახდელია. ცხადივით.

შიში მესამე. მართალი

სანამ ქარი ჩადგა, იქ იდგა. ირგვლივ ეგეთი სურათია – კი არ ჩადგეს, ეკრანზე რომ გაყინო ქარი და მხოლოდ შენთვის, სხვა ამინდი გამოიგონო. გაყინულ ქარში მიდიოდე, გაშეშებულ ქარში. ცაზე მშრალი ტუჩებივით დახეთქილი ღრუბლები. ლურჯი ნაპრალებით. თუმცა მაშინ ზევით არ აუხედავს. ზეპირად იცოდა, ასე იქნებოდა. შეიძლება ამინდების დამახსოვრება – ადვილი საქმეა, თუ აკვირდები. სადაც იდგა – სასაფლაო იყო. მამამისის საფლავი. უსურათო, მოკრძალებული ქვით – როგორც 1994 წელს შეეფერება. 7 თებერვალი – მისი გარდაცვალების დღეა. ამირანის იქ დგომის დღე – 15 თებერვალი. მარტო მივიდა. როცა მიდიოდა – ქარი ქროდა. სხვა არაფერი. მანამდე ისედაც ყველა დღე საფლავზე გასვლის იყო. სასაფლაოზე ბევრი ბალახია, ხოლო ძროხას ბალახი სჭირდება. აიღებდა მამამისი რამდენიმე ტომარას, ნამგალს და მიდიოდნენ. სადღაც ორ საათამდე დრო სჭირდებოდა საქმეს. დღეში ორი საათი ცოტა როდია, ნებისმიერ ნიუანსს იზეპირებ. მკვდრების სახეებს მარმარილოზე, გვერდიდან რომ ნეგატივივით ჩანს, თუ მარმარილო შავია. ასაკს, გარდაცვალების ვითარებას, ოჯახის შესაძლებლობებს. და მთელი ის საშიში, მისტიკური განწყობები, რაც ამგვარ ადგილებს ახლავს, სახუმარო საქმე ხდება.  აკვირდებოდა – მამამისი ბალახს ჭრიდა. მერე ავიწყდებოდათ ერთმანეთი – ამირანი რომელიმე საფლავის გმირის სავარაუდო ბიოგრაფიის წარმოდგენას ცდილობდა, მამამისი კი ხმამაღლა თამაშობდა ჭადრაკს. სადღაც, ფერდამფრთხალ წარმოდგენებში ტალს და ფიშერს ამარცხებდა – ქიშ! ლაზიერი უნდა გავწირო! დეტსკი მატი! და ასე შემდეგ. მამამისი შეუმდგარი მოჭადრაკე იყო. და არცერთი ადგილი ისე არ აადვილებს ოცნებებს, როგორც სასაფლაო. იქ ყველაზე იოლად გრძნობ ოცნებების აუცილებლობას. და მამამისიც თამაშობდა ჭადრაკს ნამგლით. და მერე მზე გადადის. მზე რომ გადადის, სახლში ძროხები ბრუნდებიან. ახლა მამამისი იქ იწვა. ხოლო ამირანს უცებ შეეშინდა. არავინ იცის და არც მან – რატომ? არც მამის აჩრდილი გამოცხადებია, არც ხმები გაუგონია რამე. არც წებია ბალახს დაუქაჩავს, საფლავიდან ამოშვერილ მკვდრის ხელად რომ ჩაეთვალა. უბრალოდ შეეშინდა. უმიზეზოდ. ეეეე! იყვირა და სახლისკენ გამოიქცა.

  თავი 3.  წინასიტყვაობა. იგრი ბატონის წყალი

ელზა ლექსებს წერდა და მკვდარი რომ იპოვეს, მესამე თუ მეოთხე, რაც მამიდამისმა თქვა, კრებული უნდა გამოვუცეთ და ჩავაყოლოთო. ელზა არავის მოუკლავს. რაღაც გამოუცნობმა მოწამლა, ოთხი დღე საავადმყოფოში იწვა, ბოლოს თქვეს სტამბოლში გადავფრინოთო და ისიც გადაფრინდა. თავისით და ალბათ უფრო შორს. ელზა ამირანის ბიძაშვილი იყო. ამირანს კი ასე დასჩემდა ბოლო დროს, რომ სიკვდილებს ვერ აღიქვამდა. შესაბამისად – არც სწყინდა. აი, ელზას სიკვდილი უნდოდა რომ წყენოდა, მთელი გზა ამას აძალებდა თავს, მაგრამ ამაოდ.  სადარბაზოში ლიფტთან მიკრული ქაღალდები. „სასწრაფოდ იყიდება პირველხარისხოვანი და იშვიათი ფილოსოფიური ლიტერატურა გერმანულ ენაზე: ლოტცი, შელერი, დალთაი, გამოცემულია დას.გერმანიაში გასული საუკუნის 20-იან, 60-იან წლებში. ფასზე დავილაპარაკებთ. ნორლანდ წიფურია. ბინის ნომერი…“  ამირანი და ელზა ერთად არ იზრდებოდნენ, თუმცა ტოლები კი ეთქმოდათ და ასე ახლო ნათესავები. უცნაურია, მაგრამ დამკვიდრებულ საქმედ ითვლებოდა, რომ ვინც რაიონში ცხოვრობდა, ზაფხულში, ივლისის შუა რიცხვებში, როცა თბილისში მზე ჯოჯოხეთის რეპეტიციას ატარებდა და ქალაქი იცლებოდა სოფლის მიმართულებით, იქ მცხოვრები ბავშვები, პირიქით, დასასვენებლად დედაქალაქში მოჰყავდათ. ამირანიც ეგრე უცვლიდა ადგილს ელზას და მარტო რჩებოდა ბიძამისთან და ბიცოლამისთან სახლში. ბიცოლა ერთობ ნერვიული ქალი გახლდათ, ერთდროულად კეთილიც და სასტიკიც. შეიძლება ეს იმის ბრალი იყო, რომ ტანზე ძალიან ბევრი ხალი ჰქონდა და სულ ეშინოდა, ბანაობისას არ გამეკაწროს და: მელანომამ ეგრე მოკლა ნელის დაო და წავედი, გამონაზარდი უნდა მოვიწვაო, მაგრამ ეგეც საშიში ყოფილაო და ასე შემდეგ. ზღვაზე ნამყოფიც არ იყო ამის გამო. ხოლო რაც შეეხება სისასტიკესა და სიავეს, ბიცოლა ნონას სრული შესაძლებლობები მაშინ მჟღავნდებოდა, თუ ჭამის შემდეგ თეფშს მოუწმენდავს დატოვებდი. ან უკიდურესი რუდუნებით დღეში მეორასეჯერ გახეხილ პიანინოს სრულიად შემთხვევით შენი თითის ანაბეჭდები დააჩნდებოდა. ან ერთი დღის გარეცხილ შარვალზე ნაყინის წვენი ძეხორციელისთვის შეუმჩნეველ წერტილს გამოსახავდა. ნონა ყველაფერს ამჩნევდა, ნონა ყველაფერს გრძნობდა და შესაბამისად – თმებიც ამირანის ყურისძირში. ამიტომაც ამირანის კათარზისი ის დრო იყო, როცა ნონა სამსახურში მიდიოდა. კვალიფიციური ბუღალტერი ქმრის დისშვილს მაცივარზე ორ ლარს უტოვებდა შოკოლადისთვის და მაცივარში მზა საჭმელს. ამირანი იმ ოთახში შედიოდა, სადაც ახლა ელზა ესვენა. კარადები ლამაზყდიან წიგნებს აბრიალებდნენ. ესეც ნონას მიმართულებაა – ახალი ყდები წინ, ძველი ზურგში. არადა, ამირანს ძველები უფრო აინტერესებდა. ის წიგნები გურიიდან იყო ემიგრირებული, ბახვში ნათესავისთვის მიყიდული წინაპრების სახლიდან. ჩალის ფასად – როგორც ამბობდნენ. მაგრამ ახლების გადმოღება ენითაღუწერელ ოსტატობას გულისხმობდა – ისე, რომ ნათითური არ დამჩნეოდა და ისეც, რომ მერე საკუთარ ადგილს დაბრუნებოდნენ მილიმეტრების გარდაუვალი დაცვით. ორი სეზონი, სარეცხისთვის განკუთვნილი ხელთათმანების მოშველიება და დაუდგრომელი ვარჯიში დასჭირდა პატარა ამირან მგელაძეს ამ საქმის შესაბამისად აღსასრულებლად.

ხოლო წიგნების ძველ კარადას ხის მტარვალ მწერთა შესამუსრად, ძნელად შესამჩნევ ხვრელებში ნავთი აქვს ჩაწვეთებული. შესაბამისად, მძაფრი სუნი იგრძნობა. ეს ნონას წესია. გადმოიღებ, შეიძლება წაკითხული გაქვს, მაგრამ ძველი ნივთი სხვა რამესაც ნიშნავს. ხან უფრო მეტს, ვიდრე ის წიგნია. მინაწერები – პატრიოტული, სამიჯნურო თუ სულაც საყოფაცხოვრებო. მინაწერები, არც კი ვიცით, თუ ვისი. მაგალითად, ვკითხულობთ რომანს „სამამულო ომზე“. თითქმის ყველა გვერდზე არის სხვადასხვაფერი მელნით მიწერილი „სიკვტილი ფაშისტ ოკუპანტებს“ /ბიკენტი, 1967. ან ელიჩკა 1970. თან ყველგან „სიკვ-ტ-ილი“. ეს უკანასკნელი კი „გურული კოინეს“ ნიშანია და ყველაფერი ცხადია, მაგრამ თვითონ სურვილი, რომ სხვადასხვა ადამიანს, ასე ხმაშეწყობით დაედასტურებინა ანტიფაშისტური განწყობა, დიდად გასაგები ამბავი ნაღდად არ არის. ეგებ უბრალოდ თავის გართობის უცნაური ხერხი იყო, ეგებ საბჭოთა მკითხველის თვითნაკარნახევი ვალი. ჰო, რომანი ეკუთვნის ელიზბარ მაისურაძეს, სახელი მისი – „სევასტოპოლის დღეები“. ზოგან შენიშნავთ – „მე ამან და ამან ვითხოვე ეს წიგნი და მომეწონა“ ან „წავიკითხე პატივცემული შაქროს რჩევით ეს რომანი და ძალიან კარგია“. ვანო ურჯუმელაშვილის „ფერისცვალება“. ნახევრადსატრფიალო ჟანრის. რაღაც ამბები ვითარდება პარტიული წინსვლის პარალელურად – კლასიკური ინტრიგები, ცოტა ცრემლი და ცოტაც სექსი რომ უნდა იყოს და იმის მაგივრად ჩახუტებაა. მაგრად ჩახუტება. ჰოდა, მანდ არის თუ არის, რაგინდარა ხასიათის, ციტატა თუ ორიგინალი – „საიდუმლო ბარათო, გითხრეს ექმენ მარადო“, „გამიცრუა ამ ყმაწვილმა იმედები, არადა თავიდან გულისხმიერი ჩანდა“, „გადავიკითხე ფურცლები, გული მწველ ცეცხლზე ეკიდა, დამეწვა, არ ჩანს ნაცარიც, არც წვიმა მოდის ზეციდან“, „მე არ მეგონა, თუ მანონის ამბავზე უფრო საინტერესო წიგნს წავიკითხავდი“ და უცებ, იმავე გვერდზე – ქვეშმიწერით გამრავლების მეთოდით რაღაც ციფრებს ანგარიშობენ. ეს უკვე ფანქრითაა, სხვათა შორის, დანარჩენი მელნით იყო. მელნითვე იყო ერთი წარწერა, რომელიც ამირანს სამჯერ შეეჩეხა „ეთერიანის“ ფურცვლისას – „შენ კი იბრალებდი ჩემ სიყვარულს, მაგრამ ანას სახელით ეშმა გამოგეცხადა და გამოგცადა. მე წავალ და შენ ინანებ. 1953 წელი“ და წიგნის ბოლოს, სადღაც მურმანის ეკალთან მიწერილი მოულოდნელი წინადადება – „ერთი კონა კლიავი ეყოფა“. რას ეყოფა? ლობიოს, ცერცვს? ვინ იცის. არავინ.

ამირანს ახლა ის საქმე დაევალა, რომ ელზას ლექსების კრებულისთვის კარგი მწერლის წინასიტყვაობა ეჩალიჩა. უარი არ უთქვამს. იოლად ხვდებოდა, რომ მიუხედავად დელიკატური მდგომარეობისა, მისიას რთული ეთქმოდა. რადგან: „მე მქვია ელზა, სიყვარულის გამო გული დამეწვა, მაგრამ რად გინდა, ისე ვართ, როგორც მე – მიწა და შენ – ცა! ასე დავჭკნები, ვიცი, ყვავილი, ისევ შორია ჩვენი მანძილი. და რადგან ძალა აღარა აქვს ჩემს გულსა ობოლს, მე გადავწყვიტე ჩემი თავი მივცე სამშობლოს“.

გარეთ ფრთხილად წვიმდა, ტაქსი გააჩერა და შინ წავიდა.

თავი 4   ამბრი არაბის ფეხი

მიუხედავად იმისა, რომ ამირანი უკვე მუშაობდა, ამავდროულად, იცოდა ანდაზაც: სწავლა სიბერემდეო და ჯგუფში ოთხი მაგისტრანტი იჯდა. ბატონი ილო, ახალგაზრდა ილია, კუბოკრულკოლგოტიანი ნინა და საკუთრივ ამირანი. ლექტორი იმთავითვე დაღლილი იყო და მხოლოდ მაშინ უელავდა თვალები, როცა ამბობდა: მე ლონდონში გავდიოდი ამ ქეისებს! ლექტორი წინასწარი ბოდიშის მოხდით კევს ღეჭავდა და ხან, ძნელად შესამჩნევად, სიტყვებსაც მიაყოლებდა. ლექტორს ეცვა მოკლე კაბა და ჰქონდა ნერვიული, უცნაურად გამხდარი ფეხები ხორცისფერი წინდებით, გაუგებარი მუწუკებით და, შესაბამისად, მკაცრადვე მიგანიშნებდათ, დანტეს „თქვენ, შემოსულნო, მიატოვეთ ყველა იმედი!“ *  ცოტა უნდა გაგევრცოთ: „თქვენ, შემოსულნო სექსის ნდომით, მიატოვეთ ყველა იმედი!“  ლექტორმა თქვა, რომ იმ დღის თემა იქნებოდა „ფაბლიკ რილეიშენზ!“ და იქვე დასძინა: „ანუ გრუზინულად სახალხოდ ჩახუტება რა“. მხოლოდ მას გაეცინა, მაგრამ არც შეუმჩნევია, ისე განაგრძო ოდნავ გამკაცრებული სახით: „ჩვენ ამ ქეისებს გავივლით სემ ბლეკის წიგნის მიხედვით, ალაგ-ალაგ, აბა, მოვსინჯოთ ჯუდი ტიორკიც. რუსულს ფლოობთ, ხო? ძაან კაი. მაშინ პოჩეპცოვიც დაგვჭირდება“.  ბატონმა ილომ იკითხა, რომელი თაობის კაცი იყო პოჩეპცოვიო. ლექტორმა უპასუხა და განაგრძო: „ფაბლიკ რილეიშენზისთვის თქვენ უნდა დაიმახსოვროთ ათი ოქროს წესი. შეხედეთ ეკრანს. პირველი წესი ჯერ კიდევ ეგვიპტელებმა გამოიგონეს და ბერძნებმა: გაუღიმეთ თქვენს პოტენციურ პარტნიორს. ალბათ გახსოვთ წინა ქვიზებიდან, რომ პრესრელიზთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მყარი კონსტრუქცია და კითხვები: who? what? when? where? why?, რომლებიც აუცილებლად უნდა დასვათ. აი, ფაბლიკ რილეიშენის დროს ორი კითხვაა – მე და ის. ანუ პერსონა. სამიზნე ობიექტი. ანუ რას ვშვები მე და როგორ ვზემოქმედებ მასზე. ანუ რას შვება ის. შეხედეთ ყვითელ შკალაში გაწითლებულ გრაფას“.  შეხედეს. სიმართლე გითხრათ, ელზას ამბის გამო, ამირანი გააცდენდა ამ სემინარს, მაგრამ იქ ბატონი ილო ეგულებოდა – ცნობილი მწერლისა და კრიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ძმა. წინასიტყვაობა უნდა ეთხოვა. უფრო სწორად, ძმის ნომერი. „აი, მაგალითად, წარმოიდგინეთ, თქვენ ხვდებით ინდოელ სტუმრებს და გინდათ დაანახოთ იმ კომპანიის სახე, რომელსაც წარმოადგენთ. როგორ იქცევით? რომელ გრაფაში ზის თქვენი მოქმედება?“ იკითხა ლექტორმა. „აბა დავიწყეთ ბრეიმსტორმინგი“. აღმოჩნდა, რომ პასუხი იყო მეოთხე გრაფა. კუბოკრულკოლგოტიანი გოგო ბუდაპეშტში სწავლობდა სამი თვით, მერე გათხოვდა და ჩამოთბილისდა. მაგრამ მაგისტრატურა ანუ მასტერი მაინც საჭირო იყო და ახლა აქ ჩააბარა. „გარდა პროფესიული ასოციაციების მეშვეობით განსაზღვრული კოდექსებისა და ნომრების დაცვისა, გაგეცინებათ და, პიარის სპეციალისტისთვის აუცილებელია იუმორის გრძნობაც, – თქვა ლექტორმა, – გამოკითხული თარგეტ-ჯგუფებიდან  უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს იმ მენეჯერს, ვინც, აი, როგორ გითხრათ, ხალისიანად ცდილობს პროდუქტის მიწოდებას“. „უი, ჰო, მე წავიკითხე კვლევები ამაზე სხვადასხვა ქვეყანაში და ეგ ყველგან რიპეტიტივ არის. მეორდება ხშირად“, – თქვა კუბოკრულკოლგოტიანმა. „კი, მე რაც ჩაგიგდეთ მაილლისტში, ორი სტატია, იქაც იყო მაგალითები, თუ ნახავდით“, – ეს ლექტორია. „ეგ თემაა რა, ახლა ტიპმა რომ რაღაც უნდა მომყიდოს, ტიპა თავისი პროდუქტის ფეისი და თან იბღვირება, თემაა რა და კიდე თემაა, ისეთი მასტები რო იჩითებიან, აქეთ რომ გამადლიან რაღაცას“, – ეს კი ახალგაზრდა ილიაა. ამირანს ამ შემთხვევაში ბატონი ილო აინტერესებს. „მაგას დაგამადლი? კი, კაცო, მოგცემ ნომერს, რა პრობლემაა და დაურეკე ჩემი სახელით. უმცროსი ძმა ვარ და ხათრს არ გამიტეხავს“.

საღამოს შვიდ საათზე ამირანმა დარეკა.

– როგორი სახის ხედვით გნებავთ? ჰერმენევტიკულ ჭრილში?

– ჩვეულებრივი, მაგრამ კარგი რომ ეწეროს, ავტორი ახალგარდაცვლილია და ნათესავების სურვილია, რომ…

– მესმის, მესმის… პოეზია რა ხასიათისაა? ლირიკულ-პატრიოტულია თუ?..

– რა გითხრათ, ყველაფერზე…

– ხელნაწერი გაქვთ თუ ელექტრონული ფორმით?

– ავაკრეფინებთ უცებ. ჰონორარს ვიხდით 400 ლარს.

– ეგ არ არის მნიშვნელოვანი… ეგ არ არის მნიშვნელოვანი… არ გინდათ აკრეფა, პირდაპირ მომიტანეთ. გავარჩევთ, მაგას კი არა, პალეოგრაფიულ ამბებს ვარჩევდი.

– იქნება ასე ორი რვეული.

– რამხელა?

– ორი რვეული.

– რამხელა რვეული-მეთქი?

– აა, სქელი, თურქული.

– არა უშავს. რამეს ხომ არ წამიკითხავთ ამონარიდის სახით?

– აქ არ მაქვს. ისე, მგონი, ჯობს ავაკრეფინო, ძაან უცნაური ხელით წერდა.

– არ გინდათ-მეთქი. მოიტანეთ. ხვალ მოიტანეთ ჩემთან რედაქციაში. სხვა მწერალთა ქუჩის რვაში. მეორე სადარბაზო. მეორე სართული. კარებზე მიხატულმა ბანანებმა არ შეგაშინოთ, ადრე სხვა კანტორა ქირაობდა და ვერაფრით ჩამოვფხიკეთ. თან ხომ იცით, ბანანი…

– კარგი, ხვალ მაგ დროს მოვიტან. და რამდენ ხანში იქნება?

– ზეგ დილით იქნება. მე ღამით ვწერ, როგორც წესი. და რამ მოკლა საწყალი გოგო?

თავი 5. ელვარე და ლომვერდი

–         არ ვიცი, არ ვიცი, გოგო, გამაგიჟებს ის ბიჭი, ყველაფერი დაუტოვეს მშობლებმა და ამოიხდის სულს. ხარისხიანი მაინც იყოს, ყველაფერს აზის. ლულუს კიდე რა ბედი აქვს…

ამირანმა ბოდიში მოიხადა მათი მყუდროების დარღვევისთვის და ამცნო, რომ გაზეთის რედაქტორთან არის დაბარებული.

–         ბატონ ლომვერდს კაცი ჰყავს და ცოტა უნდა დაელოდოთ.

ამირანი დაჯდა. ორი გოგო, რომელიც მისაღებში მუშაობდა, აღარ გარჯილა ლულუს ბედის თუ უბედობის გასავრცობად. ერთმა კომპიუტერს შეხედა, მეორემ ამირანს. ამირანს სულ რამდენჯერმე დამართია ასე. პირველად მაშინ, ელენე რომ ყამარეთში ჩამოვიდა. იყო ასეთი საქმე-რიტუალი: წყლის მოტანა მეზობლის ჭიდან. დღეში ერთხელ, თუ ზამთარია. რამდენჯერმე – თუ ზაფხული. „წაი, წყალი მეიტანე რაია, ბებიე“ – „ამირანას უწევს ახლა“. მიდის. კარგია, თუ დაემთხვა და ის ჩამოსული გოგოც გაუშვეს წყლის მოსატანად. მაგრამ ეგ დამთხვევა, პლანეტები რომ ერთ რიგზე განლაგდებიან, მაგ სიხშირით ხდება. ამიტომაც მარტო მიდის. გაივლის ერთი მეზობლის ეზოს, სადაც თვალებდაწირპლული მაძებარი წევს და ტკიპების მოშორებას ცდილობს. მივიდა ჭასთან. „თუ ოცის დათვლაში ამევიღებ, ჯინსის შარვალს მიყიდიენ“ – ჩაუთქვამს. ჭა არის ძველი. ოდნავ მომწვანო. ჭამ იცის ბევრის ოცნებები. სანამ დაყრუვდება. „მევიტანე წყალი, ვედრას გასდის ცოტა“, ამბობს და ფიქრობს, როგორ შეიძლება ასე, თვალისმოკვრით შეყვარება. მერეც რამდენჯერმე, ასე ჩამოჯდება და უკვე უკვირს, რომ სხვებს არ ესმით, სიყვარული ამირანის შემთხვევაში არის წამის ამბავი და მერე წამების. პოეტურად კი გამოუვიდა, მაგრამ მაინც ლიტერატურული გაზეთის მისაღებშია. ახლა, აი, ის თანაშემწეც უყვარს. გინდა დაიჯეროს, გინდ არა. დაინახა და უყვარს. ეტყვის და გიჟი ეგონებათ. აქ კი არ გაუკვირდებათ, მაგრამ მაინც. სახელი და გვარი უნდა გაიგოს ტექნიკურად. მერე ფეისბუკზე მიწერს. არ გრცხვენია, ამირან? შენი ბიძაშვილი ელზა ჯერ არ გაცივებულა და შენ რაზე ფიქრობ?. „ამ ზამთარში ჯერ არ გავცივებულვარ“, თქვა იმან, ამირანს რომ შეუყვარდა და ამირანს არ რცხვენოდა.

– თქვენ ფეისბუკზე როგორ ხართ?

– როგორ?

– აი, ფეისბუკზე რა გქვიათ?

– რა პონტში?

– რომ მოგძებნოთ და დაგამატოთ?

– რაც მქვია, ის მქვია. რა პონტში უნდა დამამატო?

– ისე… ლიტერატურასთან ახლო მდგომი ხალხი მაინტერესებს. თქვენ ცუდი არაფერი იფიქროთ. აზრთა გაცვლა-გამოცვლა…

– აჰაჰა, ლექსებს წერ?

– არა, მე არა, მე პიარის სპეციალისტი ვარ და…

და ამ დროს ლომვერდის კაბინეტიდან ის კაცი გამოვიდა, ვის გამოც ამირანს ლომვერდისვე თანაშემწე გოგო შეუყვარდა. „ეს თქვენ ხართ, ბატონო, ილოს ახლობელი? მობრძანდით, ლექსები თან გაქვთ ხომ?“

– ნიჭიერი ყოფილა საწყალი გოგო. იგრძნობა რიტმისა და რითმის ალღო. ემოცია. თემები…

– დიახ. მადლობა. დაწერთ ანუ?

– დიახ. დიახ.

– ჰონორარს ხელზევე გადაგიხდით. ახლავე.

– ეგ არ არის მნიშვნელოვანი.

– მაინც მოთავებული ჯობს საქმე.

– ნება თქვენია, კალამი ჩემი.

– ერთი ისეთი კითხვა მაქვს, აი, იმ გოგონამ მითხრა მე აგიკრეფთო და ფასზეც შევთანხმდით. და ისეთი სტრესი მაქვს, დამავიწყდა სახელიც და გვარიც. როგორ მივმართო? შავი თმები რომ აქვს.

– მარი. მარი ბლიაძე. ინგლისურიც იცის.

თავი 6 მარი ბლიაძე

მარი ბლიაძე რომ გათხოვდა, მეორე დღეს 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა. ამიტომაც მარის და ზვიადის თაფლობის თვე, რომელიც სწორედაც რომ ნიუ-იორკში იგეგმებოდა, ხსენებულ ქალაქში ზვიადის ბიძის, ჯუანშერის აგერ უკვე ოცი წელია, მყარად სახლობის გამო – გადაიდო. ჯერ გადაიდო და მერე, როგორც მკაცრმა მომავალმა აჩვენა – გაუქმდა. მარის არ უყვარდა პირველი ღამის ამბების გახსენება. ყველაზე ახლობელ თეასთან კი ასე იძახდა, ძაან აბიჩნი იყოო და რომ ამბობენ, პირველი განსაკუთრებულიაო და რამე, ეგ სენტიმენტალკა გოგჩოების მოგონილიაო. თეა კიდევ ნელიკოსთან ასე ხსნიდა ამ ფაქტს, რომ მარის ამერიკა გაემაზა და სამოგზაუროდ ცოლ-ქმარი ბაკურიანში წავიდა. მარის ბიძის, ანზორის სახლში. ანზორი ბაკურიანში რაღაც სასტუმროს მეთვალყურე გახლდათ თავის დროზე და მიაყოლა თავისიც. ნელიკო საერთოდ ფიქრობდა, რომ თეას მაინც შურდა მარისი, რადგან თეა ერთხელაც ვერ გათხოვდა და მარი აგერ უკვე მესამეს გაშორდა. თან მარის რამდენი ტიპი აბამს. ბევრი. მაგრამ ისე, ამ მარიში რას ხედავენ, რო ეთხლიშებიან? – ჰკითხა ერთხელაც რუსკამ ნელიკოს და ნელიკო დაფიქრდა. არა, მართლა, აი, რუსკა რა ტანზეა და დღეში სულ ორი მესიჯი მისდის, ერთი აქედან მაღაზიაში ფასდაკლების აქციის. რუსკამ თქვა ეგ მკიდიაო, იმიტომ არის ეგრეო, რომ ცოტა სტერვა მიჭირავსო და კაცებს კედელი აქვთო. თორე რა, ეგაა აბა კაი პონტი, ლელკა სუ ყველას რო ყელზე ეკიდებაო? და ვაფშე, ლელკა ბერლინში რა პონტში წაიყვანეს, გოგო? ქაჯს რა უნდა იმ კლუბებში? აუ, ბერლინის კლუბები. ლელკას ეს მსჯელობები ნაკლებად ესმოდა, დუტი ფრიში გულდაჭრილ გიას სუნამოს არჩევინებდა და თან ანუკის სწერდა. ხოლო ანუკი. ანუკის არაფერი ვიცი. მოკლედ, ეს არის მარის მცირე, შესაძლოა, ზედაპირული დახასიათება.

მარის მანქანა ჰყავდა და გაყიდა. საცობებს ჭკუიდან გადაჰყავდა. მარის მუშაობა არ იზიდავდა, მაგრამ ბოლოს ცოტა მობეზრდა და თანაშემწედ მოეწყო თეას ბიძასთან – ლომვერდთან. გაზეთის რედაქციაში. როგორც ამბობდა, ამდენი გიჟპოეტას ნახვით მაგრად კაიფობდა. თან, როცა უნდოდა მიდიოდა და როცა არ უნდოდა, არ მიდიოდა. კარგად იყო. მარის სპორტული ჩაცმა არ უყვარდა. მარის უყვარდა ფეშენ-ვიკზე წასვლა და მერე სკილეტი, გოიმი მოდელშების დაცინვა. ამიტომ უყვარდა, თორემ ისე ფეშენ-ვიკი რა. თან თბილისში – დასძენდა მარი. მარი ლამაზი გოგო იყო. სექსუალურიც. ცოტა ისეთიც, საბედისწერო ქალებს რომ ეძახიან, მაგრამ ეგ ცოტა. მარის შაურმა სძულდა და შაურმის მჭამელი ადამიანად არ მიაჩნდა. მარი დი ფაზს უსმენდა და გოტან პროჯექტს. მარიმ შუაღამისას ფეისბუკზე წერილები გახსნა და 0ther-ში წააწყდა აი, იმ ტიპის მოწერილს: მარი, მე ამირანი ვარ. ახლა ქალები და რამე კი არ მიჭირს, მაგრამ თქვენ ძალიან მომეწონეთ. ძალიან. ახლა რომ გითხრათ, შემიყვარდითო, არ დამიჯერებთ, ამიტომ ვდუმვარ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, მომცეთ ერთი შანსი. მე არ მივეკუთვნები ისეთი ხალხის კატეგორიას, ვინც შეიძლება ასე გწერდეთ. ეს ჩემი სტილი არ არის. როცა გამიცნობთ, თუ, ცხადია, ეს მოხდა, მიხვდებით. ხვალ საღამოს თუ გცალიათ, გეპატიჟებით მცხეთაში, ერთი მივარდნილი კაფეა – „ბურჯი“. შვიდ საათზე. მერწმუნეთ, არაფერს დაგიშავებთ“.

აუ, ამას რა ღრმადა აქვს! – თქვა მარიმ და ხელზე დაიხედა. ხელზე ასევე ღრმად ჰქონდა ნაიარევი. თავისი პირველი ქმრის, ზვიადას სახსოვარი. ეს ზვიადა დღემდე დასდევს, შემირიგდი, თორემ დაგბრიდავო. ზვიადას მერე ორჯერ გათხოვდა და ორივეს დააშორა. ერთს კლავდა და გადაარჩინეს. ახლა წერს, ბავშვი მინდა შენგან და თუ ვინმეს გაეკარები, იმასაც დავბრიდავ და შენც მიგაყოლებო. კლასიკა. მოდერნის ელემენტებით. „აუ, ტიპის შიშით კაცი არ მყოლია ორი თვეა, ისე, ტიპმა გამარეკინა რააა!“ – მარი ფიქრობს. ძირითადად ასე ფიქრობს, ოდნავ წაგრძელებით. „ჭკუიდან გადამდგამს უკვეეე“. მარიმ მოუკიდა. „მოდი, ისე, ცოტა ხომ არ გავგიჟდე ძველებურად. თორე ესე გავრეკააავ!“ ცოტა ხანი იფიქრა, მერე ნერვიულად გახსნა ლეპტოპი და მისწერა: „აუ, ამირან, რომ დაგინახე, მაგრად მევასე. ეგრევე რა. სხვა იმპულსი წამოვიდა. იმპულსი კიდევ მთავარია, ხო იცი. ეგ თუ არის – არის. თუ ქრება – მერე ყველაფერი ვსო. ხვალ საღამოს ვაფშე შეიძლება მეცალოს და არ გვინდა ეს მცხეთა-მხეთა. პირდაპირ სახლში ამოვალ. ესე ექვსიდან მელოდე. არ მინდა არც მობილი, არც არაფერი, მენდე პროსტა და უფრო გაგისწორდება. ზუსტი მისამართი მითხარი და რომ დაგიზარუნებ და გლაზოკში გამომხედავ, რა გიგისწორდება, ხო ხვდები პროსტა“.

თავი 7 გველეშაპის მუცელი

სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. შაკოიას მანქანაში ჟიგულის სუნი იდგა. ასეთ სუნს სხვაგან ძნელად იპოვით და კიდევ უფრო ძნელად აღწერთ, თუმცა ყველამ ზეპირად ვიცით, ვინც რომ საბჭოთა დროიდან მოვდივართ. ცალი ფეხით მაინც. შაკოია და მისი კლასელი 16 წლის იყვნენ, ამირანი – შაკოიას მონათესავო ელემენტი, 13 წლის. „რა დროის შენი ქალია, შენ ტყუილა წამოგიყვანეთ, იგენს რომ არ ენერვიულათ“, უთხრა შაკოიამ საზარელი სიმართლე და ბრძანება გასცა, მანქანაში მოეცადა. აქ, როგორც კლასიკა გვკარნახობს, ამირანმა თვალებზე ცრემლი იგრძნო. წამებით მოკლავდა შაკოიას, რომ რამე. იქვე, ფაიფურების ბინად ცნობილ სახლში შევიდნენ. იმ ბინებიდან ამირანის სახლამდე კია ასე 4 კილომეტრი. ამირანი, ცხადია, არ დაელოდა. მანქანის კარი ღია დატოვა და წამოვიდა. უკვე ღამე ეთქმოდა. ამირანი მამას ჩაუვარდა მუხლებში და სთხოვა, არ მინდა არც ახალი შარვალი და არც პაპკა, ეგ თხილი ჩავაბაროთ, ფული წავაგეო და ახლა არ გამოვა და მეტს აღარ ვიზამ და სხვანი. მივიდა იმ ფულით დამახსოვრებულ ბინაში. ერთხანს უტრიალა, ვიდრე გაბედა და მერე თავის ტოლი იპოვა. იმას ჰკითხა ესა და ეს ქალი სად ცხოვრობსო. ეგეთი არაფერი ვიცი, მაგრამ მოსაწევს აი, ეგერ  და მესამეზე ყიდიანო. შაკოია და მისი ძმაკაცი რომ შევიდნენ. აწ უკვე წამებაზე უარესით მოკლავდა ორმაგად ცრუ და ორგულ შაკოიას. მაგრამ მკვლელობა არ არის იოლი ხელობა და იმ ფულით იყიდა კლაუდია შიფერის პლაკატები. საწოლთან გაიკრა. 13 წლის იყო ამირანი, სიამაყით და დამალული  ცრემლით სავსე ამირანი. დანებებას არ აპირებდა, მაგრამ რაღაც უცნაური შიში ჩაუსახლდა. წარუმატებლობის შიში. ხომ არაფერი მომხდარა საამისო, მაგრამ მაინც. და მერე, როცა გაიზარდა და ცოტა ფული იშოვა და სახელი იშოვა: ამირანმა გაწყვიტა ჯაჭვები. და მერე უკვე 25 აპრილის საღამო დგებოდა. ამირანმა საგანგებო ბლოკნოტი გადაათვალიერა. იქ იმ ქალების სახელები და ასაკი ეწერა, ვისთანაც სექსი ჰქონდა. 145. ეძებდა, რამდენს ერქვა მათ შორის მარი. მარი ბლიაძეს ამ ბლოკნოტში არ ჩაწერდა – ვინც უყვარდა, მათ იქ არ ათავსებდა. ასეთი სულ ხუთი იყო. მაგრამ ახლა შეცდომებს არ დაუშვებს – მარი მისი ცოლი გახდება. თან მოწიფულია უკვე. თან უყვარს. მოსაწევად ადგა. ყოველთვის ფანჯარაში ეწეოდა. ექვსის ნახევარია. დროს მოკვლა უნდოდა. ინტერნეტი.  7 საათი. 8 საათი. 9 საათი. 10 საათი. თერთმეტის ათ წუთზე გარედან ღრიალი მოესმა: „პოლიცია ვარ, გააღე, თორემ შემოვამტვრევთ!!“ თუ რაღაც ამდაგვარი. მაშინ ვერც გაიგო წესიერად რას ყვიროდნენ, მაგრამ მერე მომხდარი ამბავი და ნანახი ფილმები დააკავშირა. შესაბამისად, ასეც უნდა ეყვირათ. გავარდა. გააღო და სისხლის გუბე. სისხლის გუბეში მარი. მარი ბლიაძე. მისი მოულოდნელი შეყვარებული ოდნავ ღია პირით და ოდნავ დახუჭული თვალებით. უკვე მკვდარი. ცივი. შორს. იფიქრა, რომ დავარდნილიყო და ჩახვეოდა, ან არ იფიქრა. უბრალოდ ნანახი ფილმების მიხედვით გამოიდოდა ასე, მაგრამ ვიღაც სხვამ მოხვია ხელი. მერე ახსოვს მანქანა და გზაზე  მანქანების ფარები. თეთრი და ოდნავ ცინიკური ფარები. ,,ჩვენ რა გვენაღვლება’’ ნათებით. ეს ,,ბლიჟნი’’. ,,დალნი’’ კიდევ ჭრილობაზე მარილს აყრიდა: ,,ჩვენ მალე სახლში ტკბილ ცოლ-ქმარ-შვილთან მივალთ’’.  ოჰ, ეს ფარები, ფარები. ეს დემომერე ოთახი, სადაც საუკუნე გავიდა და მეორე საუკუნის დასაწყისში ერთი დაბალი კაცი შემოვიდა.

–         გამარჯობა!

–         მოგესალმებით!

–         მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად თქვენზე, როგორც მკვლელზე, ისე გვქონდა ეჭვი. მაგრამ ცხელ კვალზე დაზარალებულის ყოფილი ქმარი დავაკავეთ, რომელმაც დანაშაული აღიარა და თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. თუმცა თქვენთან მაინც გვაქვს კითხვები.

–         დიახ, გისმენთ.

–         როგორც პირველადი დათვალიერებით დადგინდა, მოკლული გოგონა დიდხანს აბრახუნებდა თქვენს კარზე შველის სათხოვად. ეს დაახლოებით შვიდიდან რვა საათამდე ხდებოდა. სადღაც ცხრისთვის სიკვდილი დადგა. რატომ არ გააღეთ? შეგნებულად, უბრალოდ შეგეშინდათ თუ? და საერთოდ, რა კავშირში იყავით გარდაცვლილთან?

–         ვიცნობდი. მიყვარდა. იცით. რაც შეეხება იმას, დროს. ანუ რატომ არ გავუღე. სკაიპში ვლაპარაკობდი. მე სულ არ მაინტერესებს ახლა თავის დაცვა, სრულიად შოკში ვარ და განადგურებული, მაგრამ მაინც ნახეთ ჩემთან, სახელი: nodarnuradin, პაროლი: bitsolanona.

ამირანი სკამზე იყო მიჯაჭვული. თავი სიზმარში არ ეგონა, მაგრამ არც ცხადში. სადღაც შუაში გაჩრილიყო და ამას არც „ეეეე!“-ს დაყვირება უშველიდა და არც არაფერი. იჯდა და სადღაც ფიქრის მეოთხე კილომეტრზე, უცებ იმ ოთახში აღმოჩნდა. ელზას წიგნების ოთახში. მერე თეთრი ხელთათმანები აიღო და „ეთერიანს“ ფურცლავდა. „ეთერიანი“ ისევ ისე გამოიყურებოდა. ფურცლები. ფოთოლი სანიშნედ. და სხვადასხვა გვერდზე რატომღაც სამჯერ მინაწერი:

„შენ კი იბრალებდი ჩემ სიყვარულს, მაგრამ ანას სახელით ეშმა გამოგეცხადა და გამოგცადა. მე წავალ და შენ ინანებ. 1953 წელი“

ანა. ანა. ანასტასია. anastasiadance.

  • დანტე ალიგიერი, “ღვთაებრივი კომედია”, ჯოჯოხეთი 3-9, სტრიქონის თარგმანი – ნოდარ ლადარია

© არილი

Facebook Comments Box