რეცენზია

თამარ ბარბაქაძე – "სონეტი საქართველოში"

გიორგი ლობჟანიძე
“ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი”
თამარ ბარბაქაძე “სონეტი საქართველოში”, თბ. “უნივერსალი”, 2008.

ეს 530-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც წინათქმას, შესავალს, ტევად ბოლოთქმასა და VI ძირითად თავს აერთიანებს, უაღრესად რთული და საინტერესო მყარი სალექსო ფორმის – სონეტის – დამკვიდრებისა და განვითარების სრულ სურათს გვთავაზობს საქართველოში, სადაც მაღალი პოეტური ტრადიციისა და სიტყვასთან, კერძოდ კი პოეტურ სიტყვასთან განსაკუთრებულად მგრძნობიარე დამოკიდებულების გამო, ეროვნული ლექსის ბუნებამ უბრალოდ ვერ იგუა ძალიან ბევრი უცხო ფორმა თუ საზომი და, ან საერთოდ არ შემოუტანია, ანდა მალევე უკუაგდო.
სონეტი კი ფართოდ გავრცელდა ჩვენში და ქართველი პოეტების ერთ-ერთ საყვარელ სალექსო ფორმადაც მოგვევლინა.
ნაშრომის წინათქმაში თვითონ თამარ ბარბაქაძეც აღნიშნავს, რომ “სონეტი, როგორც ევროპული მყარი სალექსო ფორმა, თითქმის ორ საუკუნეს ითვლის საქართველოში. შესაბამისად, ხანგრძლივია მისი კვლევის ისტორიაც.
…ამ ევროპული კანონიკური სალექსო ფორმის თაობაზე პირველი სიტყვა ილია ჭავჭავაძემ თქვა თავის სადებიუტო წერილში “ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძე ერისთავის კოზლოვიდგან შეშლილის თარგმანზედა”: “ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი”.
იქვე თამარ ბარბაქაძე მიუთითებს, რომ “1884 წელს ნ. გულაკმა ახსენა დანტეს სონეტი, თბილისში “ვეფხისტყაოსანზე” წაკითხული საჯარო ლექციის დროს, ორიოდე წლის შემდეგ კი ივ. კავთელმა (ჯაჯანაშვილმა) დაახასიათა იგი თავის წერილში, როგორც ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი სახე.
ნამდვილი თეორია სონეტის მკაცირი კანონების თაობაზე ქართულ მწერლობაში მხოლოდ XX საუკუნის 10-იან წლებში ყალიბდება. იგი უშუალოდ უკავშირდება იმ ქართველი პოეტი-სონეტისტების სახელებს, რომლებიც სონეტებსაც წერდნენ და ამ უცხოური სალექსო ფორმის ვერსიფიკაციული პარამეტრების დადგენა-დაკანონებასაც ცდილობდნენ. სონეტების კვლევა პოეტებმა დაიწყეს, რასაც მოჰყვა ცნობილი პოლემიკა XX საუკუნის ათიან წლებში: 1918 წელს ი. გრიშაშვილის “საიათნოვას” 68-ე გვერდის სქოლიოში გამოთქმულმა შენიშვნამ სონეტის საქართველოში დამკვიდრების თაობაზე იმავე წელს საინტერესო დისკუსია გამოიწვია გაზეთების: “სახალხო საქმისა” და “საქართველოს” ფურცლებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გრ. რობაქიძე, ტ. ტაბიძე, ს. ფაშალიშვილი.
ამ პოლემიკას მოჰყვა 1919 წელს ჟურნალში “მეოცნებე ნიამორები” დაბეჭდილი ვალერიან გაფრიდაშვილის ესსე “სონეტის პრობლემა”. საბოლოოდ კი ს. გორგაძემ ჩამოაყალიბა სონეტის კანონიკური ფორმის სალექსო პარამეტრები ქართულ პოეზიაში (“ქართული ლექსი”, 1930)”.
თამარ ბარბაქაძე შენიშნავს: “ამის შემდეგ ქართულ მწერლობაში სონეტი და, შესაბამისად, სონეტის თეორიის ასპექტებისადმი მიმართული კვლევა კვლავ ჩრდილში მოექცა.
1963 წელს გამოქვეყნდა გ. მიქაძის გამოკვლევა “ქართული სონეტისათვის” და 60-იან წლებში გამიართა დისკუსია სონეტის გარშემო (გ. მიქაძე, ა. ხინთიბიძე). სონეტის კვლევის ისტორიისათვის ასევე მნიშვნელოვანია მ. კიკვიძის ნაშრომები სონეტის თაობაზე.
80-იანი წლებიდან მკვეთრად გაიზარდა ინტერესი სონეტის მიმართ, როგორც პოეზიაში, ასევე ლექსმოცდნეობაში. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ თბილისში ჩატარდა სონეტის ისტორიისა და თეორიის ასპექტებისადმი მიძღვნილი საკავშირო სიმპოზიუმები 1985 და 1988 წლებში, სადაც მოხსენებები წაიკითხეს: დ. თუხარელმა, გ. ბუაჩიძემ, გ. ლებანიძემ, კ. გერასიმოვმა, აკ. ხინთიბიძემ, კ. გიგოლოვმა, თ. ბარბაქაძემ. მათი გამოკვლევები, სიმპოზიუმის მონაწილე სხვა უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებთან ერთად, ცალკე კრებულადაც გამოიცა.
სონეტის დამკვიდრება-განვითარების ისტორია ქართულ მწერლობაში მოკლედ არის გადმოცემული აკ. ხინთიბიძის სალექციო კურსში “ქართული ლექსმცოდნეობა.” (თბილისი, 1992)
როგორც ამ მოკლე, მაგრამ უაღრესად ტევადი მიმოხილვიდანაც ჩანს, მიუხედავად სონეტის კვლევის დიდი ტრადიციისა, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურში დღემდე არ არსებობდა გამოკვლევა, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა სონეტის განვითარების გზა და ასპექტები საქართველოში.
ეს ხარვეზი სრულად ამოავსო თმარ ბარბაქაძის წინამდებარე ბრწყინვალე შრომამ, რომელმაც მკვლევრის მრავალწლიანი გარჯის საინტერესო შედეგები გაერთიანა.
ეს არის უაღრესად მასშტაბური წიგნი საკითხის ყველა ასპექტის გაანალიზების თვალსაზრისით და ერთგვარი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა წარმოებდეს მეცნიერული კვლევა ამა თუ იმ პრებლემასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საყურადღებოა კვლევის ეს მანერა ლექსმოცდნეობაში, პოეზიის ანალიზისას, სადაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალზე ექსპრესიულმა, სუბიექტურმა ნააზრევმა იმძლავრა და არც თუ იშვიათად ესეისტური ნაშრომები (რაც, თავისთავად, ცუდი სულაც არ არის, მაგრამ ჟანრის მკაცრ ჩარჩოებში), მეცნიერული ანალიზის ნაყოფად საღდება. ასეთი ესეისტები თავს უფლებას აძლევენ გამოტოვონ საკვლევი მასალის მნიშვნელოვანი პერიოდები, თავისი ნება-სურვილის მიხედვით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დააჯგუფონ პოეტები და მათი სრულიად გაუგებარი კლასიფიკაცია შემოგვთავაზონ.
ეს “ესეისტები” ახლა მხოლოდ ერთადერთი მიზეზით გამახსენდა. კარგი იქნებოდა, ეპატაჟის ცდუნებებს აყოლილებს, ზედაპირიულად მაინც გადაეკითხათ თამარ ბარბაქაძის ძალზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა და ეგებ იმას მაინც მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს მეცნიერული პასუხისმგებლობა საანალიზოდ არჩეული კონკრეტული საკითხის მისამართით.
თამარ ბარბაქაძის შემთხვევაში სრულიად აშკარაა, რომ ეს პასუხისმგებლობა უპირველესად გულისხმობს თემის გარშემო არსებული მასალის, თვით უმცირესი დეტალების შეკრებას, დამუშავებასა და გააზრებას, რათა ქრონოლოგიურად მიადევნო თვალი ყველა მნიშვნელოვან ტენდენციას, რათა შემდეგ დასკვნები სწორედ ამის მიხედვით გააკეთო და არა წინასწარი აკვიატებების შესატყვისად.
თამარ ბარბაქაძის ნაშრომის მხოლოდ გამოქვეყნებული ლიტერატურის სიას რომ გადავხედოთ, რომელიც ქართულ და უცხო ენაზე შექმნილ 300 პუბლიკაციას აერთიანებს, მივხვდებით, როგორი ყურადღებით უმუშავია მკვლევარს, რათა საანალიზო თემის არცერთი ასპექტი არ გამორჩენოდა და მასალისა და მკითხველის მიმართაც პირნათელი დარჩენილიყო. ჩემთვის პირადად სამეცნიერო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმი ისიც არის, რომ მომავალ მკვლევარს, ვინც შემდგომში სონეტის განვითარების შესწავლსა მოჰკიდებს ხელს, თამარ ბარბაქაძის ნაშრომამდე არსებული ვითარების ჩხრეკა აღარ დასჭირდება, რადგან ამ წიგნში უკლებლივ ყველაფერია, რაც კი მანამდე (ანუ აღნიშნულ გამოკვლევამდე) არსებობდა.
ასეთი სკრუპულოზურობა განაპირობებს მეცნიერული დასკვნების სანდოობას, სადამდეც მკვლევარი მწყობრ, არგუმენტირებულ მსჯელობას მიჰყავს და ამიტომაც ყველა დასკვნას აკადემიური კატეგორიულობით წარმოგვიდგენს.
მსჯელობის მდინარება საკითხის სინქრონული და დიაქრონული განვითარების ასპექტებს მოიცავს და ქართულ პოეტურ სინამდვილეში სონეტის შექმნის არცერთ მნიშვნელოვან მცდელობას არ გამოტოვებს, რადგან ამ მცდელობებზე უნდა აიგოს ნაშრომი, რომელიც ყველა ტენდენციას სათანადოდ და ამომწურავად შეაფასებს.
ქართულ სინამდვილემდე კი, ცხადია, მკვლევარი სონეტის, როგორც ევროპული მყარი სალექსო ფორმის, ისტორიული განვითარების დისკურსის ანალიზს ვერაფრით ასცდებოდა და ამიტომაც ნაშრომის ვრცელ, 24-გვერდიან შესავალში სონეტის ისტორიისა და თეორიის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს გვთავაზობს.
ამ შესავლიდან ვიგებთ, რომ “ევროპული პოეზიის წიაღში აღმოცენებული სონეტი მალე გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, შეინარჩუნა თავისი მკაცრად დადგენილი კანონები და, შესაბამისად, მოირგო ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ლექსწყობისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი. ტერმინი “სონეტი” (sonetto), როგორც მკვლევარები მიუთითებენ, მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან “sonore” რაც “ხმოვანებას” ნიშნავს. სწორედ სონეტის ჟღერადობას, მის “ხმიერებას” ითვალისწინებს ამ, ქართული პოეზიისათვის იმჟამად უცხო, ახალშემოსული სალექსო ფორმის ერთ-ერთი პირველი განმმარტებელი შალვა დადიანი (“ქუჯი”). 1897 წელს ჟურნ. “მწყემსში” (№21, გვ. 13) დაიბეჭდა მის მიერ “თავისუფლად გადმოღებული” შექსპირის 66-ე სონეტი, რომელსაც სათაურად ჰქონდა “სანოტა” და სქოლიოში ამგვარად იყო ახსნილი: “სასიმღერო სიმები ანუ ჩანგი”. გერმანიაში სონეტს ერთ დროს “კლინგ-გედიხტს” (ზარების, სიმების ჟღერას უწოდებდნენ).
სონეტი რომ თავდაპირველად სასიყვარულო სიმღერებს ერქვა, ამ ფაქტზე ყურადღებას ამახვილებენ ის მკვლევარები (კლოდ ფუშეტი, ჰენრი ესტიენი), რომლებიც ამ სალექსო ფორმის სამშობლოდ პროვანსს მიიჩნევენ, სადაც ტრუბადურთა შორის გავრცელებული იყო ამგვარი სახელწოდების სიმღერები. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს შეიძლება უნებური დამთხვევაც იყოს და პროვანსული სონეტები უბრალოდ სასიყვარულო სიმღერებია და არა განსაზღვრული წესებით დაწერილი ლექსები.
უფრო გავრცელებულია აზრი სონეტის იტალიური წარმოშობის თაობაზე.
სონეტის ისტორიისა და თეორიის თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სონეტის წარმოშობა XIII საუკუნის იტალიასა და ე. წ. “სიცილიურ სკოლას” უკავშირდება. მისი პირველი ავტორი იყო ჯაკომო დი ლენტინო, ხოლო თავის აყვავებას სონეტმა ფრანჩესკო პეტრარკას შემოქმედებაში მიაღწია, რომელმაც 300-მდე სონეტი დაწერა.”
ამის შემდეგ თამარ ბარბაქაძე, რომელსაც ქართულ სინამდვილეში სალექსო საზომებისა და ლექსის არქიტექტონიკის, მყარი სალექსო ფორმების ცოდნის თვალსაზრისით ცოტა მკვლევარი თუ შეეედრება, სონეტის გარითმვის ყველა არსებული სქემის დაწვრილებით ანალიზს გვთავაზობს და ამასაც დიაქრონული კუთხით წარმოგვიდგენს: სონეტის აგების რა თავდაპირველი მექანიზმები გვხვდებოდა და როგორ შეიცვალა ეს მექანიზმები შემდგომ დროთა ვითარებაში თუ, ხსენებული სალექსო ფორმის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ დაწვრილებით შესავალს კი ბუნებრივად მოსდევს ნაშრომის I-II თავი “სონეტი და ქართული სინამდვილე” და “სონეტის გენეზისი საქართველოში”
თამარ ბარბაქაძე ნაშრომის ამ ნაწილში სონეტის ქართულ გარემოში დამკვიდრების რთული და საინტერესო პროცესის ისტორიასა და ანალიზს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ “იმ უცხოურ, მყარ სალექსო ფორმათა შორის (იამბიკო, მაჯამა, მუხამბაზი, თეჯნისი, ბაიათი, ტერცინა., ოქტავა, ტრიოლეტი, რონდო და ა. შ), რომელთაც ქართული პოეზიის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ვხვდებით, სონეტი დღეს ყველაზე პოპულარულია. XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში 30-იანი წლებიდან გამოჩნდა თარგმნილი სონეტები, მაგრამ სონეტის საუკუნე საქართველოში ჯერ არ დამდგარიყო. ვიდრე ქვეყანაში არ შეიქმნებოდა შესაბამისი გარემო და ამ მყარი სალექსო ფორმის დამკვიდრებისათვის აუცილებელი პირობები, სონეტი ვერ მოერგებოდა ქართულ სინამდვილეს.”
ამიტომაც, “საქართველოში სონეტის დამკვიდრება XX საუკუნის 10-ანი წლებიდან იწყება, როცა “ახალი ხელოვნებისათვის” დამახაისიათებელი ორიენტაცია რჩეულებისადმი, მისი არასაყოველთაო ხასიათი განსაკუთრებით აირეკლა “ცისფერყანწელთა” შემოქმედებაში. მათი დიდი დამსახურებაა სწორედ ქართულ პოეზიაში სონეტის, როგორც ორიგინალური, გამორჩეული სალექსო ფორმის დამკვიდრებაც.”
სონეტის გაფორმებას კი წინ უძღვოდა ლიტერატურისმცოდნეთა და კირტიკოსთა შეხედეულებანი და თამარ ბარბაქაძე არცერთ მნიშვნელოვან მოსაზრებას არ გამოტოვებს, რაც კი XIX საუკუნის შუახანებიდან XX საუკუნის ბოლომდე საქართველოში სონეტის შესახებ გამოთქმულა. მკვლევარს კარგად ესმის, რომ სწორედ ამ მოსაზრებებითა და, მეორე მხრივ, თარგმნილი სონეტებით მზადდებოდა ნიადაგი ორიგინალური ქართული სონეტისათვის, რომელიც “დღეს ჩვენთან განსაკუთებით პოპულარულია”.
ნაშრომში აღნიშნულია, რომ ქართულად სონეტის პირველი თარგმანები, მეცნიერებაში ტადიციულად მიღებული შეხედულებით, გიორგი ერისთავის სახელს უკავშირდება. მკვლევარი გ. მიქაძე შენიშნავს, რომ გ. ერისთავს, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეს, ვილნოში გადასახლებისას შეუსწავლია პოლონური ენა და 1836-1838 წლებში უთარგმნია ა. მიცკევიჩის 6 სონეტი. მიუხედავად თარგმანთა არასრულყოფილებისა, გ. მიქაძე სხვა მკვლევარებთან ერთად (გ. აბაშიძე, ლ. ბარნაველი), ამ მოვლენას დიდ მნიშვნლოებას ანიჭებს.”
თამარ ბარბაქაზე ნაშრომში დაწვრილებით მიმოიხილავს და სკრუპულოზურად სწავლობს სონეტების ამ პირველ ქართულ თარგმანთა და ასევე თითქმის ამავე პერიოდში “ქუჯის” მიერ თარგმნილ შექსპირის 66-ე სონეტის სტილისტიკას, ენასა და ვერსიფიკაციულ თავისებურებებს და ამ მცდელობებს სონეტის დამკვიდრების ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდად აფასებს.
შემდგომ კი, XX საუკუნის 10-ანი წლებიდან ანუ “პირველი ქართველი სონეტისტის”, კოტე მაყაშვილის ნიმუშებიდან მოყოლებული, XX საუკუნის მიწურულამდე შექმნილ თითქმის ყველა სონეტს გამოწვლილივით აანალიზებს.
მონოგრაფიის შემდგომი (III-V) თავები სწორედ ქრონოლოგიურ პრინციპითაა გადანაწილებული და საკითხის განვითარების ასეთ სურათს წარმოგვიდგენს:
III თავი – “სონეტი 1900-1930-იან წლებში: ა) იოსებ გრიშაშვილის სონეტები; ბ) ალ. აბაშელის სონეტები; გ) გრიგოლ რობაქიძის სონეტები; დ) პოლემიკა სონეტის გარშემო ე) გალაკტიონ ტაბიძის სონეტები; ვ) ტერენტი გრანელის სონეტები;
IV თავი – სონეტი “ცისფერყანწელთა” შემოქმედებაში ა) პაოლო იაშვილის სონეტები. ბ) ტიციან ტაბიძის სონეტები გ) ვალერიან გაფრიდაშვილის სონეტები დ) კოლაუ ნადირაძის სონეტები ე) შალვა კარმელის სონეტები ვ) რაჟდენ გვეტაძის სონეტები, ზ) შალვა აფხაიძის სონეტები თ) გიორგი ლეონიძის სონეტები;
V თავი – სონეტი XX საუკუნის 40-90-იან წლებში ა) ლია სტურუას სონეტები, ბ) გენო კალანდიას სონეტები გ) ლადო სეიდიშვილის სონეტები
ცალკე თავადაა გამოყოფილი ქართულ ლიტარატურაში სხვადასხვა დროს შექმნილი სონეტების ციკლის ე. წ. “სონეტების გვირგვინის” ანალიზი.
დამეთანხმებით, შინაარსზე უბრალო თვალის გადავლებაც კი საკმაოდ შთამბეჭდავია და კარგად წარმოგვიდგენს იმ ძალისხმევას, რაც თამარ ბარბაქაძეს წლების განმავლობაში გაუწევია ქართული სონეტის ყოველმხრივი შესწავლის თვალსაზრისით. ამიტომაც შევნიშნავდი, რომ ასეთი სანდო ნაშრომი ჩვენს მეცნიერულ სინამდვილეში ცოტა თუ მეგულება, სადაც ასე ერწყმის ერთმანეთს მეცნიერული სიღრმე, კეთილსინდისიერება და კვლევის არაერთი ორიგინალური მეთოდი. ამდენად, შეუძლებელია არ დაეთანხმო სონეტის ქართველი მკვლევარის, გ. მიქაძის მოსაზრებას, რომ “ქართულ სონეტზე მრავალი შრომა დაიწერა. ამ შრომების ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი რომ შევადგინოთ, საკმაოდ ვრცელი ნუსხა გამოვა. ეს გარემოება კი ერთი შეხედვით გვაფიქრებინებს, რომ ქართული სონეტის შესახებ ახლის თქმა მეტად გაძნელდება, მაგრამ თამარ ბარბაქაძემ შეძლო სრულიად ახალი კუთხით მიდგომოდა საანალიზო პრობლემას, შეძლო შრომატევადი და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გადმოეცა თავისი ახალი მონაცემები ქართულ სონეტზე. წიგნის გაცნობა ნათელს ჰფენს, თუ რამდენი რამ არ ვიცოდით ან სრულიად არ ვიცოდით სონეტის თაობაზე.”

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box