შოტა უტიაშვილი
ბაზარი, როგორც თავისუფლების წყარო
მილტონ ფრიდმანი. კაპიტალიზმი და თავისუფლება. ქართულად თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ლევან გველესიანმა. რედაქტორი შავლეგ შავერდაშვილი. თბ. “დილის გაზეთი” 2002.
მილტონ ფრიდმანის წიგნი “კაპიტალიზმი და თავისუფლება” სტენფორდის უნივერსიტეტმა მეოცე საუკუნის ათი საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში შეიტანა. ამ წიგნმა და მისმა ავტორმა უდიდესი როლი შეასრულეს არა მხოლოდ ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარებაში, არამედ 70-იან წლებში აშშ ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაშიც.
ფრიდმანის ძირითადი თეზისი მარტივია: რაც შეიძლება მეტი პიროვნული თავისუფლება და სახელმწიფოს მხრიდან რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა. ფრიდმანი აღიარებს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს არასრულყოფილი, და მან შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ ეს არ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვის საბაბი, პირიქით. რადგან, ის, ვინც ადამიანს უზღუდავს თავისუფლებას, ანუ მთავრობა, თავად შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი და არასრულყოფილი. ამის უარყოფითი შედეგი კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ის, რაც კერძო ადამიანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მოიტანოს.
ბაზარი, თავისთავად თავისუფლების წყაროა – თვლის ფრიდმანი, ხოლო მთავრობა – მორჩილებისა. ბაზარი ხელს უწყობს მრავალფეროვნებას, მთავრობა – კონფორმიზმს. ამიტომ, საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელია, რომ მთავრობის გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.
თავისუფალ ბაზარს უდიდესი როლი აკისრია პოლიტიკური თავისუფლების მიღწევაში. ისტორიულად, პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი იზრდებოდა მაშინ, როდესაც იზრდებოდა ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც.
თავისუფალი საზოგადოება ვერ იარსებებს კაპიტალიზმის გარეშე, თუმცა, მხოლოდ კაპიტალიზმი არ არის საკმარისი თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის.
რატომ არის კაპიტალიზმი თავისუფლების წყარო?
“სანამ უზრუნველყოფილია გაცვლის რეალური თავისუფლება – წერს ფრიდმანი – ეკონომიკის საბაზრო ორგანიზების უმთავრესი ნიშანი არის ის, რომ იგი თავიდან იცილებს ერთი პიროვნების ჩარევას მეორეს საქმიანობის უმეტეს ნაწილში. მომხმარებელი დაცულია მომწოდებლის ძალადობისაგან სხვა მიმწოდებლის არსებობით, რომელთანაც მას ასევე შეუძლია საქმის დაჭერა. გამყიდველი დაცულია მომხმარებლის ძალადობისაგან სხვა მომხმარებლის არსებობით, რომელსაც შეიძლება მიეყიდოს საქონელი. დასაქმებული დაცულია დამსაქმებლის ძალადობისაგან, რადგან შეუძლია სხვა დამსაქმებლის მონახვა და ა.შ. თანაც, ყოველივე ამას ბაზარი ცენტრალური მართვის გარეშე ახერხებს”.
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თავისუფალი ბაზარი ხელს უწყობს თანასწორობასაც, რადგან იგი ეროვნების, რელიგიის, რასის და ა.შ. მიუხედავად, ყველას აძლევს თავის რჩენის საშუალებას. “როდესაც ჩვენ პურს ვჭამთ, ჩვენთვის სულ ერთია, ვისი მოყვანილია იგი: კომუნისტისა თუ კაპიტალისტის, ზანგისა თუ თეთრკანიანის. ეს გვიჩვენებს, თუ როგორც ახერხებს ბაზარი ეკონომიკური ინტერესების განცალკევებას პოლიტიკური შეხედულებებისაგან და იცავს ადამიანებს ნებისმიერ მიზეზით დისკრიმინაციისაგან, გარდა შრომის ნაყოფიერებისა” -წერს ფრიდმანი.
თავისუფალ ბაზარს შეუძლია ადამიანი დაიცვას მთავრობის მხრიდან ძალადობისაგან, რადგან იგი ადამიანს საშუალებას აძლევს საარსებო წყაროთი არ იყოს მთავრობაზე დამოკიდებული. თავისუფალი ბაზრის პირობებში სახელმწიფოს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა ძალზე ძვირი უჯდება.
კიდევ ერთ ფუნდამენტურ განსხვავებას სახელმწიფოსა და ბაზარს შორის, და ამ უკანასკნელის უპირატესობას პირველზე, ფრიდმანი ბაზრის პლურალიზმში ხედავს. პოლიტიკური ძალაუფლების “რაოდენობა” შეზღუდულია – წერს იგი. ქვეყნას არ შეიძლება ჰყავდეს ერთდროულად რამდენიმე ეროვნული ლიდერი. ახალი ლიდერი ისე ვერ მოიპოვებს ძალაუფლებას, თუ იგი ძველს არ წაართვა. მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ახალი მილიონერები თავისუფლად შეიძლება გაჩნდნენ ძველების გაკოტრების გარეშე. ამიტომ, სახელმწიფო მიისწრაფის ტოტალიტარიზმისაკენ, ბაზარი – მრავალფეროვნებისაკენ. ამით სჯობია მეორე პირველს.
იგივე მიზეზების გამო, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული ერთი პიროვნების ხელში ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების თავმყორა, ან ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება.
“თუკი ერთ ხელში დიდი პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება, მაშინ თავისუფლებას მოსპობა ემუქრება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები, რომელთა ხელთაცაა ეს ხელისუფლება, მის გამოყენებას კეთილი მიზნებით ცდილობენ და ძალაუფლებისაკენ ლტოლვით არ არიან კორუმპირებული, მაშინაც კი იზიდავს ძალაუფლება ადამიანს და სულ სხვა დაღს ასვამს მას”.
მაგრამ, მთავრობა მაინც აუცილებელია, რადგან არის ფუნქციები, რომელთა შესრულებასაც ბაზარი ვერ შეძლებს. ასეთებია: წესრიგის დამყარება, თავდაცვა, ხელშეკრულებების აღსრულების უზრუნველყოფა და კონკურენციის დაცვა. თუმცა, ასეთი შეზღუდული ფუნქციების მქონე მთავრობაც, შეიძლება ტირანიად გადაიქცეს. ძხელისუფლების საქმიანობის შეზღუდვის სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ მის მხარდამჭერთ მეტისმეტად იზიდავთ ძალაუფლების კონცენტრაცია. მათ სწამთ, რომ ამგვარი კონცენტრაცია მათ საშუალებას მისცემდა უფრო ეფექტიანდ განეხორციელებინათ სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მათი აზრით, საზოგადოების ინტერესს ემსახურება. მაგრამ, ჯოხს მეორე ბოლოც აქვს და კარგი საქმეების კეთების უფლების მიცემა ცუდი სამეების კეთების უფლებასაც ნიშნავს”.
ფრიდმანი მისგან თავის დაცვის ორ მექანიზმს გვთავაზობს. პირველი: “ჩვენ ვერ ავიცილებთ მთავრობისათვის გარკვეულ საკითხთა გადაცემას, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, თუ რა სარგებელს და რა ზიანს მოგვიტანს თვითეული საკითხის გადაწყვეტაში მთავობის ჩაბმა”. (მთელი ცხოვრება (ამჟამად იგი 91 წლისაა), ფრიდმანი ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის მომხრე იყო. იგი მოითხოვდა განათლების სისტემის პრივატიზაციას და სასკოლო ვაუჩერების შემოღებას და მხურვალედ უჭერდა მხარს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის კერძო საკუთრებაში გადაცემას. ამ აზრით, იგი რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგად გვევლინება). და მეორე, ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის სისტემა და ხელისუფლების მაქსიმალური გადაცემა ადგილობრივი მმართველობისადმი.
“თუკი მთავრობას ძალაუფლება უპყრია ხელთ, სჯობს იგი ადგილობრივს ჰქონდეს, ვიდრე რაიონულს, სჯობს რაიონულს, ვიდრე საშტატოს, სჯობს საშტატოს, ვიდრე ვაშინგტონს. თუკი მე არ მომწონს, რასაც ჩემი ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს, სხვა უბანში გადავალ, თუ ჩემი შტატი არ მომწონს, სხვა შტატში გადავსახლდები, მაგრამ აი, თუ ვაშინგტონის პოლიტიკა არ მომწონს მაშინ ცოტა ალტერნატივაღა მრჩება (ფრიდმანის წიგნი 1956 წელს წაკითხული ლექციების კურსს ემყარება, როდესაც სხვა ქვეყნებში მიგრაცია არც ისე ადვილი იყო)”.
ფრიდმანის ამ თეორიას, დღესაც ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა ეკონომისტების მზარდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის ეპოქაში, მაშინ როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო ერთიან ბაზრად იქცა, სადაც უთანასწორობა უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს (საყოველთაოდ აღიარებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთი შეხედულების თანახმად, თუ 30 წლის წინ, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს განვითარებადი ქვეყნების მკვიდრებზე 34-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, დღეს უკვე 70-ჯერ მეტს შოულობენ და ეს განსხვავება მუდმივად იზრდება), რეგულირების ეფექტური მექანიზმების შემოღება აუცილებელია. ზოგი უფრო შორსაც მიდის, და მსოფლიო მთავრობის შექმნას მოითხოვს, რომელიც უთანასწორობისა და უსამართლობის პრობლემებს უფრო უკეთ გადაწყვეტს, ვიდრე თავისუფალი ბაზარი. თუმცა, ისინიც კი აღიარებენ, რომ იდეალურად თავისუფალი ბაზრის ძუხილავი ხელი” უფრო უკეთ იმოქმედებდა, ვიდრე იდეალური მთავრობა.
© “წიგნები – 24 საათი”