ჯერ ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები გაიარეს, შემდეგ აღმართს აუყვნენ და სულ მალე, ძველი ქუჩების სიმყუდროვე ცენტრალური უბნის ხმაურმა დაარღვია.
კაცი მთვრალივით მიირწეოდა. მეგაპოლისის ნაგლეჯიც უხეირო კინოკადრივით მიბარბაცებდა. თვალზეხელებაფარებული კორპუსების კიდეებს გაურბოდა. ხანდახან ოხშივარადენილი ასფალტის სუნი ხვდებოდა ცხვირში. შიგადაშიგ გამვლელთა ამოგლეჯილი ფრაზა, ან ქვაფენილზე „საქმიანი“ ქალის ქუსლების კაკუნი ესმოდა. შენიშნა, რომ მოსიარულეთა ნაბიჯები ერთმანეთს სულაც არ ჰგავდნენ. საქმიან ნაბიჯს სულ სხვა ელფერი დაჰკრავდა, მხიარულსა და ნერვიულს – სხვა. შეყვარებულთა ნაბიჯებს კი უდარდელობისა და სიმსუბუქის კვალი აჩნდა. სიბნელის, სივიწროვისა და სიცხისგან თავბრუ დაეხვა.
***
მუყაოს დიდი ყუთით პირდაპირ თამბაქოს ჯიხურში მოხვდა.
ცხადად ახსოვდა, დანარჩენებთან ერთად როგორ მოათავსეს ჯიხურის სულ ზედა თაროზე. სხვებივით ობოლი იყო და გასახსენებელიც არაფერი ჰქონდა. მადლობა ღმერთს, რომ მოგონებები არ უღრღნიდა გულს. ეს კიდევ უფრო გაართულებდა მის ისედაც არასახარბიელო ყოფას. ამიტომ თავისთვის იყო, უბრალოდ ცხოვრობდა და არაფერზე ფიქრობდა.
ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე. სულ რაღაც ერთი თვის წინ, თამბაქოს ჯიხურში, ცალკე თაროზე ფერადკაბიანი სანთებელები დაასახლეს და ისიც აფორიაქდა. მისი გატაცების მიზეზი, წითელ კაბაში გამოწყობილი, კეკლუცი და უმშვენიერესი სანთებელა გახლდათ. არა, სხვა სანთებელებსაც ეცვათ წითელი კაბები, მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ! არც სანთებელა გახლდათ მის მიმართ გულგრილი. ნეტა რა ნახა ამ ძველმოდურ არსებაშიო, უკვირდათ და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ დაქალის უცნაური გატაცება დანარჩენებს. რა უნდა ექნა სანთებელას, თუ მაინცა და მაინც იმ ერთადერთმა შეძლო და პატარა კაჟის ქვიდან ნამდვილი ცეცხლი ააგიზგიზა?!
მართლაც გამოირჩეოდა თავისი სიდინჯით, თავშეკავებით, დათმენით. წუწუნი და ყბედობა არ უყვარდა და რაც მთავარია, სანთებელაც მშვიდად და უშფოთველად გრძნობდა მასთან თავს! მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდებოდა, რომ არა ერთი მშვენიერი დღე, როცა მწეველმა ბებრუხანამ მაინცა და მაინც წითელკაბიანი სანთებელა ამოირჩია, თავისი დაკოჟრილი, მარწუხივით თითებით ყველას თვალწინ სიგარეტს მოუკიდა და სიძველისაგან ფერშეცვლილ ტყავის ჩანთაში მიუჩინა ბინა. შემდეგ ასაკისთვის შეუფერებლად სწრაფი ნაბიჯით დაფარა მანძილი დახლიდან გასასვლელამდე და კარს მიღმა გაუჩინარდა.
ასე დასრულდა მისი პირველი და უკანასკნელი შეუმდგარი სასიყვარულო რომანი.
***
ქვედა თაროზე ხანშიშესულთა რიცხვი სწრაფად კლებულობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ძალიან მალე ისიც თავისი სამეზობლოთი ქვედა თაროზე გადაინაცვლებდა და მათ ადგილებს ახალბედები დაიკავებდნენ. ვეტერანთა რიგები უმოწყალოდ მცირდებოდა.
ერთ დღეს, ქვედა თაროს მხცოვანმა მეზობელმა გული გადაუშალა: „ეეხ… აბა, ეს ცხოვრებაა? სულ იმის შიშში უნდა იყო, ვიღაცის უხეში ხელები როდის დაწვავენ შენს ფაქიზ სულს და როდის დამთავრდები. შემთხვევით, თუ ისეთ ადგილას მოხვდი, სადაც ვერავინ გიპოვის, შეიძლება გადარჩე, მაგრამ შენ ისა თქვი, სინესტეში თუ მიგაგდეს და ცოცხლად დალპი. ისე, წვალებით სიკვდილს, ერთბაშად ამობუგვა არ სჯობს? ადრე თუ გვიან, ვიღაცის ულმობელი ხელები მაინც გვიპოვიან და სულის ერთ ღერსაც არ შეგვარჩენენ. არავინ იქნება გამკითხავი. არავინ… დაბადებიდან საზარბაზნე ხორცი ხარ… მაგრამ იცოდე, ჩემო ბიჭო, ყველაფერი მაინც საკუთარ ძალისხმევაზეა! კრძალვით უსმენდა მოხუცს და მადლიერი იყო, რომ ვიღაცას მასზე გული შესტკიოდა.
შაბათ-კვირას კლიენტების რაოდენობა მატულობდა და ეს ამბავი დიდად არავის ეხატებოდა გულზე. დიდი ალბათობა იყო, რომ მასაც ხელს გააყოლებდნენ, მაგრამ დღე დღეს მისდევდა და ფეხმოუცვლელად იდგა. აი მეზობლები კი თითქმის ყოველდღე სამუდამოდ ეთხოვებოდნენ თავიანთ ადგილ-სამყოფელს.
რაღაც იცავდა დაღუპვისაგან. ძნელი იყო სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ მოხუცი მეზობლის სიტყვებს იხსენებდა და ისიც ცდილობდა! ცდილობდა ფარ-ხმალი არ დაეყარა. ერთი შეხედვით სხვებისგან თითქოს არაფრით გამორჩეულს, ბედი უღიმოდა… ვინ მოთვლის რამდენჯერ გადაურჩა მეპატრონის კოტიტა თითებს, თაროზე მშიერითაგვებივით რომ დაძრწოდნენ, ამიტომაც კიდევ უფრო სჯეროდა, რომ მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა.
ჯიხური თამბაქოს სუნით ყარდა. ასეთ სიმჭიდროვეში თაროზე დგომა გაუსაძლისი იყო. სუნთქვა ჭირდა. ახალბედებს უჰაერობისაგან თავბრუ ესხმოდათ. ხან სად წაიბორძიკებდნენ, ხან სად… სწორედ ისინი უვარდებოდნენ ყველაზე ხშირად კლიენტებს ხელში.
საკუთარი სულმოკლეობის რცხვენოდა, მაგრამ შვებას გრძნობდა, როცა კლიენტი მეზობელს მოიხელთებდა. რა ექნა, თუკი ცხოვრება ულმობელი იყო და თავის წესებს კარნახობდა. არც მისთვის მოიკლავდა თავს ვინმე.
ასეთ ყოფას სასიამოვნო მხარეც ჰქონდა. შემთხვევით, თუ მეპატრონეს სარკმელი დარჩებოდა ღია და გრილი, ნიავი ჯიხურში შემოიქროლებდა, ღამის სიჩუმეში და შუქ-ჩრდილებში მთვარეს და ვარსკვლავებს ხედავდა. უყურებდა და ფიქრობდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამყარო. ასეთ დროს თამბაქოს ჯიხური სადღაც შორს, ღამის სიჩუმეში იკარგებოდა.
ასე ილეოდნენ დღეები…
ყოველ საღამოს, რბილ სავარძელში მიგდებული ჯიხურის მეპატრონე პირქუში სახით ხახაში ლუდს ისხამდა, ჩაჩუტულმუცლიანი ბოთლების ჯარი კი მაგიდის ქვეშ, ბედს პირდაფჩენილი ელოდებოდა.
ტელევიზორი გამუდმებით როხროხებდა და როხროხებდა. სხვა გასართობი არაფერი ჰქონდათ და ხანმოკლე ცხოვრების სევდას, მოლაპარაკე ყუთის ხმაურით იქარვებდნენ. ყველა არხზე ერთსა და იმავეს, ადგილობრივ მსახიობებს, მომღერლებსა და პოლიტიკურ მოღვაწეებს აჩვენებდნენ. უნიჭო დადგმები და სერიალები ერთმანეთს ცვლიდა… ხანდახან, ეკრანიდან რაღაც ღირებული და საინტერესოც გამოანათებდა ხოლმე. სხვებისაგან განსხვავებით, ასანთის კოლოფს ძველი, ამერიკული ფილმები უყვარდა. განსაკუთრებით – „კასაბლანკა”. ამ დროს წითელკაბიანი, კეკლუცი სანთებელა ახსენდებოდა და მისი სულის ორმოცდაათივე ღერი ნერვიულად თრთოდა.
ამ ეშმაკის ყუთმა კითხვაც ასწავლა. უამრავი ლექსი იცოდა უკვე ზეპირად. თვითონაც წერდა, მაგრამ მოხუცი ასანთისთვისაც კი არ გაუმხელია ეს. ხის ყუთში განუწყვეტლივ ვიღაცას კლავდნენ, სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ და აფეთქებდნენ, აუპატიურებდნენ ბავშვებსა და ქალებს, ურცხვად საუბრობდნენ სექსზე და ვინ მოთვლის კიდევ, რას აღარ სჩადიოდნენ… კატასტროფები – კატასტროფებზე. ერთი სიტყვით, სამყარო მის თვალწინ ჭკუიდან იშლებოდა. ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ არავითარ შემთხვევაში მწეველთა და ფანატიკოსთა მსხვერპლი არ უნდა გამხდარიყო. არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ასე ერთ წამში მოეღოთ მისთვის ბოლო.
ყველაზე მოსაწყენსა და უინტერესოშიც კი, რაღაც საინტერესოს პოულობდა. ღრუბელივით იწოვდა ყველაფერს, რაც მის ყურსა და თვალს ხვდებოდა. ლიტერატურულ და ისტორიულ გადაცემებსაც გულისყურით ადევნებდა თვალს. ღამით კი, როცა ყველას ღრმა ძილით ეძინა, ნანახსა და გაგონილს იმეორებდა.
ეშმაკის ყუთისგან ისიც შეიტყო, რომ ადამიანის ხელები შეიძლება ათასნაირი იყოს: თხელი, სქელი, ლამაზი, მახინჯი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენნაირი აღარ. ხელებს შეიძლება საჩვენებელი, ცერა ან ნეკა თითი აკლდეს, ან სულაც სამი-ოთხი თითი ერთად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელები ხელებია და მათ ყველაფერი შეუძლიათ. შეუძლიათ სიხარულისგან ტაში შემოჰკრან, სიძულვილით თავიდან მოგიშორონ, დაგარტყან, წაგგლიჯონ, ან სულაც პირიქით, მოგეფერონ. ააშენონ, დაანგრიონ, აწვალონ, მოკლან და გაქურდონ, ააფეთქონ და დაწვან… მოკლედ, დარწმუნდა, რომ ადამიანის ხელები რასაც უნდათ იმას მოიმოქმედებენ და რასაც არ უნდათ, იმასაც! ამიტომ გადაწყვიტა, როგორმე თავი აერიდებინა მათთვის და ხელში არ ჩავარდნოდა!
მეზობელთა რიცხვი დღითი დღე კლებულობდა… გადარჩენის ერთადერთი საშუალება ფანატიკოსი კოლექციონერის ხელში მოხვედრა იყო. ჰოო, ამ შემთხვევაში, ისე მოუვლიდნენ, ცივ ნიავს არ მიაკარებდნენ. ფილმებსაც კი გადაიღებდნენ მასზე. მეცნიერები მის წარმომავლობას გამოიკვლევდნენ და ყველაფერს ერთ სქელ, ლამაზყდიან წიგნში შეიტანდნენ! მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ფიქრი ტკბილსა და უშფოთველ ცხოვრებაზე, მაგრამ ეს ერთეულების ხვედრი გახლდათ. წუწუნს ვერ იტანდა. ნებისმიერი წვრილმანით ხარობდა. ბუნებით ფატალისტს, სჯეროდა, რომ ბედს ვერსად გაექცეოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ თავადვე უნდა გამხდარიყო თავისი ბედის ბატონ-პატრონი! მიუხედავად ერთფეროვნებისა, ყოველი დღე მაინც სიხარულს ჰგვრიდა. მაგრამ ამ სიხარულშიც თავშეკავებული იყო, მკაცრი და პირდაპირი. ხასიათის ეს მხარეც აღიზიანებდათ დანარჩენებს. მოხუცი მეზობლის გარდა, ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ რომ გეკითხათ რას ეჭვობდნენ, დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს იტყოდა. ათასგვარ მახეს უგებდნენ მეზობლები. ვინ მოთვლის, რამდენჯერ ჩამოაგდეს თაროდან დახლზე, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
ბედი სწყალობდა!
***
ერთ შაბათ დილით, რომელიც სხვა შაბათი დილებისგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა, სადღაც გაღვიძებამდე ორი საათით ადრე, მკერდში ძლიერი დარტყმა იგრძნო… გონს რომ მოეგო, მიხვდა, დახლზე ეგდო. გაიხედ-გამოიხედა და შორიახლოს, თაროს მეზობელი შენიშნა. სწორედ ის მეზობელი, გამუდმებით თავს რომ ესხმოდა. ისიც დახლზე ეგდო გულაღმა, ოღონდ იმ განსხვავებთ, რომ ხმამაღლა კვნესოდა. კიდევ კარგი, ჯიხურის მეპატრონე იქ არ იყო, როცა დახლზე ზღართანი მოადინა, თორემ მაშინვე დაწვავდა მისი სულის პირველსავე ღერს!
მალე მეპატრონეც მოვიდა, ჯიხური გააღო, მისი მტკივნეული სხეული თაროზე დააბრუნა, გულაღმა დაგდებული მეზობლით ჯერ სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ კი გვერდით მოისროლა. მეზობელი ჭიქაში ჩავარდა და ნარჩენ ყავაში ატივტივდა. ჯიხურის პატრონი, ვითომც აქ არაფერიო, ჩვეულებისამებრ თავის საყვარელ სავარძელში მოკალათდა, ყუთი ჩართო და სულ ორიოდე წუთში ხვრინვა ამოუშვა…
მეორე დღეს, ყავის ჭიქაში ჩამხრჩვალი ასანთი რომ აღმოაჩინა, მეპატრონემ გინებით აიკლო იქაურობა. ყავაში ჩამხრჩვალი და გალუმპული კოლოფი ჭიქიდან ბუზღუნით ამოიღო და სანაგვეში გადაუძახა.
ამ შემთხვევის შემდეგ, სულ მთლად გაინაპირეს მეზობლებმა, მაგრამ რაც მთავარია, თავდასხმები შეწყდა!
***
აი იმ ავადსახსენებელ დღეს კი ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. დღის ბოლო იყო და წინ წესით მთვარიანი, გრძელი ღამე ელოდა. მომავალი ოცნების ოცნებაში ისე ჩასთვლიმა, ბოლო კლიენტის ჯიხურში შემოსვლა არც გაუგია.
ძილში უწონადობა იგრძნო. შემდეგ თითქოს მარწუხებში მოაქციესო. უჰაერობისაგან სუნთქვა შეეკრა და ალბათ გულიც წაუვიდოდა, დროზე რომ არ გაეთავისუფლებინათ. ირგვლივ ისეთ უკუნეთს მოეცვა იქაურობა, თავი სიზმარში ეგონა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა თვალები დაჭყიტა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. თავს შეუძახა და ნელ-ნელა გული დაიმშვიდა. მთავარია სუნთქავდა და სულის ყველა ღერი ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო. შორიდან კაცის ჩახლეჩილი “აბა, კარგად!” რომ ჩაესმა, ყველაფერს მიხვდა, მაგრამ რა უნდა ეღონა, თუკი ამ მშვენიერ შაბათ დილით ბედმა ვიღაცის ჯიბეში ყოფნა არგუნა?!.. არა, არა… “ვიღაცის” კი არა და, აი, ზუსტად იმ კაცის ჯიბეში, ვისი ჩახლეჩილი ხმაც ამ ორიოდე წუთის წინ ყურში ჩაესმა. ცახცახმა აიტანა. გაუკვირდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ თვითონ კი არა კაცი ცახცახებდა ხველებისაგან. კაცს შეტევამ გადაუარა, ცოტა ხანში ნაცნობი ჭრიალი გაისმა და ჯიხურის კარი ზურგს უკან სამუდამოდ დაიხურა. თავადაც ეუცნაურებოდა, მაგრამ რატომღაც საშინლად სწყდებოდა გული: მობუზღუნე, ჭორიკანა და შურიან მეზობლებზე, ფეხებზემკიდია ჯიხურის პატრონზე, მაგიდის ქვეშ უაზროდ მომლოდინე, პირდაფჩენილ და ცარიელ ლუდის ბოთლებზე, უჰაერო და თუთუნით გაჟღენთილ ჯიხურზე… კინაღამ აქვითინდა… საოცარი სიახლოვე იგრძნო იმ ყველაფრის მიმართ, რაც აქამდე მისთვის, მომქანცველი, არაფრისმთქმელი, მოსაწყენი და ნერვების მომშლელი იყო. სამუდამოდ ეთხოვებოდა საყვარელ ადგილს და იცოდა – ეს “ოჯახი” ყოველთვის მოენატრებოდა! ამიტომ ყოველი გადადგმული ნაბიჯი ჩაქუჩივით ხვდებოდა გულში. უძილობისა და უჰაერობისგან თავბრუდახვეულმა აღმოაჩინა, რომ პიჯაკის ჯიბეში მზის სხივი გაკრთა. მხოლოდ ახლაღა შენიშნა, რომ ჯიბეს ნახვრეტი ჰქონდა.
ცოტა ხანში ნახვრეტიდან შემოსულ სინათლეს თვალი შეაჩვია. აქედან მშვენივრად შეიძლებოდა თვალთვალი. ჩახუთულ ქალაქის ქუჩებში გამვლელები მძიმედ მიაბიჯებდნენ სიცხიან ასფალტზე. მანქანები აბეზარი ბუზებივით ბზუოდნენ. მიმჭკნარი ფოთლები დაუბანელი თმასავით ეყარა მხრებზე ხეებს. სახლები ჩაშავებულ თვალებს არიდებდნენ კაშკაშა მზეს. მზე კი არავის ინდობდა. ყველაფერი დუღდა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპვა ელოდა, ფეხით მოსიარულეებთან შედარებით, ნამდვილად კომფორტში იმყოფებოდა – სიმშვიდეში და სიგრილეში. უცებ თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ ყველაფერი შედარებითია. ჰო. ყველაფერი შე და რე ბი თი ა.
კაცი მძიმე ნაბიჯით მიუყვებოდა აღმართს.
რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჯიბის ხვრელს მიეკრო, რომ კიდევ ერთხელ შეეთვალიერებინა მოფუსფუსე ქალაქი.
კაცმა რომელიღაცა მოსახვევში შეუხვია და ძველი, ხუთსართულიანი სახლის სადარბაზოში შეაბიჯა. ლიფტი არ მუშაობდა. შეიკურთხა, ზიზღით გადააფურთხა და მძიმედ აუყვა სადარბაზოს კიბეებს. სუნთქვა გაუხშირდა. კიბის ყველა უჯრედზე ისვენებდა. „ალბათ, ბევრს ეწევა“ – გაიფიქრა და უსიამოდ გააჟრჟოლა. კაცი რომელიღაცა სართულზე შეჩერდა, სული მოითქვა, ჯიბიდან გასაღებების შეკვრა ამოიღო და საკეტი გადაატრიალა. თამბაქოსა და ალკოჰოლის ნაცნობმა სურნელმა სუნთქვა შეუკრა. ხველა და ცემინება აუტყდა… კაცს რა თქმა უნდა არაფერი გაუგია.
***
ნერვიული ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას და უხეშად გამოაღო. ჯიბის ნახვრეტიდან ოთახის მცირე ნაწილი ჩანდა. იატაკზე – სიგარეტის ნამწვები, დაჭმუჭნული თაბახის ფურცელები და ჭუჭყიანი წინდები ეყარა. ოთახის ერთ კუთხეში – მთვლემარე წიგნები, ქალის წითელი „წუ“, და გადავსებული სანაგვე, მეორე კუთხეში – ლუდის ცარიელი ბოთლები. პატარა, მორყეულ მაგიდაზე – გადავსებული საფერფლე და სავსე კათხა, რომელშიც მკვდარი ბუზი ტივტივებდა.
მძიმედ დაეშვა სკამზე.
„შეიძლება ცოლმა მიატოვა…“ – გაიფიქრა და წითელ „წუ“-ზე შეაჩერა მზერა. „ალბათ ეს ფეხსაცმელი ვინმე შემთხვევითი გოგოსია, მაგრამ ვისიც არ უნდა იყოს, ფეხშიშველი ხომ არ გატანტალდებოდა? “ახლა ბოთლებსა და კათხაში დარჩენილ ლუდზე გადაიტანა მზერა… „ეტყობა სასმელსაც ეტანება…“ – დაასკვნა.
იგრძნო, თუ როგორ უკმაყოფილოდ გადაწვა კაცი სკამის საზურგეზე. ცოტა ხანს იყო ასე გატრუნული… მერე პიჯაკი გაიხადა, საზურგეზე გადაკიდა და რაღაცის ძებნა დაიწყო. ეტყობა ვერ მიაგნო და შეჩერდა. ჩაფიქრდა… თავი გააქნია და უკმაყოფილოდ აჯუჯღუნდა. ასანთის კოლოფს ტანში ღერები აუჭრიალდა.
ჩამობნელდა.
სიბნელეში რაღაცამ დაიწკაპუნა და ჯიბის ნახვრეტში სინათლე შემოვიდა, ანუ კაცმა მაგიდის ნათურა ჩართო. შემდეგ კვლავ დაიწკაპუნა რაღაცამ და… ოთახი მუსიკით აივსო. ეს განუმეორებელი Bill Evans-ი უკრავდა! მაგიური თითების ქვეშ კლავიშები ცოცხლდებოდნენ. უცებ მუსიკა შეწყდა და რამდენიმე წამის განმავლობაში ყველაფერი სიბნელემ და უჰაერობამ მოიცვა. მიხვდა, კაცს მუჭში ჰყავდა გამომწყვდეული. სულ ცოტა ხანში ყველაფერი ისევ თავის ადგილას დადგა. Bill Evans-ი კი კვლავ აგრძელებდა თავის ვირტუოზულ პასაჟებს…
კაცი სიგარეტს ეძებდა: საფერფლეებში, წინდებში, კარადაში, ნაგავში, ყველგან, ყველგან, ყველგან, მაგრამ მხოლოდ ფილტრამდე მოწეულ ნამწვავებს აწყდებოდა. დაინახა, როგორ გახსნა კაცმა საწერი მაგიდის უჯრა და იქიდან რაღაც ამოიღო. შემდეგ ბუზღუნით მოსცილდა მაგიდას და ძველი ტყავის სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. ახლა კარგად შეეძლო გაერჩია როგორ გამოიყურებოდა: შუა ხნის, ზომაზე მაღალი, ხმელი, ოდნავ მხრებში მოხრილი, ფარგალივით ტანით და გამომშრალი, უფერული თვალებით. ეტყობოდა, მის სახეს დიდი ხანია სამართებელი არ შეხებოდა. ჟღალი წვერი უსწორმასწოროდ ჰქონდა აკორტნილი. გაბურძგნული გრძელი თმა ჭუჭყიანი, წითელი ზონარით შეეკრა… მოკლემკლავიანი, გაურკვეველი ფერის მაისურიდან ჯოხებივით მკლავები სასაცილოდ გამოსჩროდა, ფეხზე ძველი, ოდესღაც მოდური თეთრი ადიდასები ეცვა. ნერვიულად მოცახცახე თითებში „ჟიტანის“ კოლოფს საკმაოდ მოხერხებულად ატრიალებდა. მოულოდნელად კაცმა კოლოფი თხელი თითებით მოჭყლიტა და მთელი ძალით კედელს შეანარცხა. „ჟიტანის“კოლოფმა ჯერ მოგუდული კვნესა გამოსცა, შემდეგ სასიკვდილო ხროტინი ამოუშვა და უსულოდ შეგორდა ბებერი ტახტის ქვეშ. ძველი, კუზიანი ტახტი, რომელსაც თავისი ცხოვრების მანძილზე ბევრი ჭირ-ვარამი გადაეტანა, „ჟიტანის“ საცოდაობით კიდევ უფრო მოიხარა მხრებში. გონს მოსვლა ვერც კი მოასწრო, რომ კაცმა თავისი გამხდარი თითებით მისი ტანი მუჭში მოიქცია და სულ მალე აკრობატივით ბრუნავდა ჰაერში… სიძველისაგან კანდამსკდარ კედლებს თავდაყირა ჩაუქროლა და რამდენიმე ბრუნის შემდეგ საწერი მაგიდის კიდეზე დაეშვა. თავი ძლივს შეიკავა, იატაკზე რომ არ მოედინა ზღართანი. Bill Evans-ი კი, ვითომც აქ არაფერი, გატაცებით აგრძელებდა დაკვრას…
გადარჩენით გახარება ვერც კი მოასწრო, რომ კვლავ ჰაერში ატრიალდა… ათასჯერ გაუცრუვდა იმედი და ათასჯერ გაიმაგრა გული. ათასჯერ გამოიტირა თავი და ათასჯერ დაიჯერა სიცოცხლე. მძიმედ სუნთქავდა. გული აჩქარებით უცემდა. უცებ კაცმა მისი წვალება შეწყვიტა, კუზიან ტახტზე წამოწვა, მისი ნაწვალები სხეული მკერდზე დაიდო და ტელეფონზე რეკვას მიჰყო ხელი… ტრაბახობდა და ყველას თავმომწონედ ენიძლავებოდა ასანთის კოლოფის სროლაში. ლაყბობასა და თავის ქებას რომ მორჩა, ისევ ასანთის კოლოფს მიუბრუნდა… რამდენჯერმე კინაღამ ჭერს შეენარცხა. არაქათგამოცლილი ყველა ღონეს ხმარობდა თავის დასახსნელად, მაგრამ მშველელი არავინ იყო. გაიფიქრა, მეტი აღარ შემიძლიაო, რომ უცებ, საიდანღაც მოხუცი ასანთის ხმა ჩაესმა: „იცოდე, ჩემო ბიჭო, ყველაფერი მაინც საკუთარ ძალისხმევაზეა..“. კაცმა კიდევ ერთხელ მოისროლა ჭერისკენ, მაღლა, სუუულ მაღლა… და ასანთის კოლოფი წიგნების კარადის ზედა თაროზე შეხტა. შიგნით, ღრმად. კაცმა ბევრი ეძება, მაგრამ ვეღარსად იპოვა, შემდეგ ლუდის ბოთლი გინებ-გინებით გახსნა და სულმოუთქმელად გამოცალა… საკუთარი უძლურებისგან დაღლილს ბებერი სავარძლის მკლავებში ჩაეძინა, თაროზე შემხტარმა ასანთის კოლოფმა კი უძველესი და პატივცემული წიგნის ფეხებთან მოადინა ზღართანი.
„ძველი მითოლოგია“ გაჭირვებით იკითხებოდა ოქროს გვირგვინზე. ქალბატონი ისეთი მხცოვანი და ბრძენი იყო, შეეძლო საკუთარი თავისთვის თვლემის უფლება მაშინ მიეცა, როცა მოისურვებდა! მისი უდიდებულესობა ზომიერად ფერხორციანი გახლდათ. ტყავის მანტია აქა-იქ გაქუცულიყო, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებდა მის დიდებულებას. ქალი ხომ თავის ასაკზე ახალგაზრდად უნდა გამოიყურებოდეს, ხოდა, ისიც ცდილობდა მისთვის არანაკლებ ასი წელი მიეცათ. თუმცა, დროგამოშვებით ფშვინავდა, ისე როგორც ხანდაზმულ ქალბატონს შეეფერება.
„შემთხვევით, თუ ისეთ ადგილას მოხვდი, რომ ვერავინ გიპოვა და გადაავიწყდი, მხოლოდ მაშინ შეიძლება გადარჩე, მაგრამ შენ ისა თქვი, სინესტეში თუ მიგაგდეს, მაშინ ხომ ცოცხლად დალპობა გელის. მაგისთანა ყოფას და ნელ-ნელა წვალებით სიკვდილს, ერთბაშად ამობუგვა არ სჯობს? განა ასე არაა?“ – ესმოდა ასანთის კოლოფს და მისი უდიდებულესობის ოდნავ ნესტიან, საუკუნოვან მკლავებში იძირებოდა…
***
ძლიერმა დარტყმამ ძველი, ხუთსართულიანი სახლის დარჩენილი კედელი ჩამოანგრია და მთელი ქუჩა მტვრის სქელ ნისლში გაეხვა… მტვრის ღრუბელი ჩაცხრა და ნივთების ხროვაც გამოიკვეთა. ჩამონგრეულ კედლებს შორის აქა-იქ ჩანდა: საწოლის ნაწილები, ქვაბები, ჭრელი უკვე ფერდაკარგული თავშალი, წელებგადმოყრილი მუთაქა და ბალიში… შორიახლოს ეყარა თეფშის ნატეხები, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი, კოლოფები, ცარიელი ბოთლები, ფერადი ჭინჭები. ყირამალა მწოლიარე ძველი ტახტი ბუტაფორიასავით მოჩანდა… მამაკაცის რამდენიმე პერანგი და შარვალი, ქალის ქვედაბოლო, დანები, ჩანგლები, ღამის ნათურის ქვედა ნაწილი, რვეულის ნაფლეთები და წიგნები, – ყველაფერი ერთმანეთში აზელილიყო.
საღამო ხანს, სახლის ნანგრევებთან ორი მაწანწალა გამოჩნდა, – ზურგზე ნაჭრის ჩანთებით. ნივთების ხროვაში დაიწყეს ქექვა.. ყურადღებით იქექებოდნენ, წააწყდებოდნენ თუ არა მათთვის საჭირო ნივთს, მაშინვე ჩანთაში უკრავდნენ ხოლმე თავს. ცოტა ხანში, ერთი მათგანმა ჩაიმუხლა, ეტყობოდა რაღაც საინტერესოს წააწყდა… „ერთი შეხედე, რა ვიპოვე… ნამდვილი ანტიკვარია!” – გასძახა მეორეს და დიდი, ტყავისყდიანი წიგნი აჩვენა. მეორემ წიგნი გამოართვა და დამარცვლით წაიკითხა: „„ძვე-ლი მი-თო-ლო-გია…“ ხოოოო… ნამდვილად გაგიმართლა!“. პირველმა წიგნი დაიბრუნა და ფრთხილად გადაფურცლა. წიგნიდან ასანთის კოლოფი გადმოვარდა.
„- რამდენი ხანია ასანთი აღარ მინახავს. ძველი გამოშვებაა! მთელია ხომ იცი…“ – თქვა მაწანწალამ, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მეორესაც მიაწოდა და ასანთს გამოჰკრა. ცდა უშედეგო იყო. ახლა სხვა ღერით სცადა მოკიდება. ისიც უშედეგოდ.
„- დანესტიანდა, ეტყობა… ისე, ჩემი კოლექციისთვის ურიგო არ იქნებოდა!“ – თქვა და წიგნი და ასანთი ნაჭრის ტომარაში ჩადო.
გუდაური, 2014 წელი
© არილი