ივნისის მიწურულს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი მწერალი გაბრიელე ვომანი. თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე ვომანს გამოქვეყნებული აქვს მრავალრიცხოვანი ლექსები, რომანები, თეატრალური და რადიოპიესები, მაგრამ მკითხველებიცა და კრიტიკოსებიც ყველაზე მეტად მაინც მის მოთხრობებს აფასებენ. როგორც ყოველკვირეულ „შპიგელში“ გამოქვეყნებული ნეკროლოგის ავტორი აღნიშნავს, ვომანს მცირე ფორმატის 600-მდე ტექსტი აქვს გამოქვეყნებული. ერთ-ერთ მათგანს – მოთხრობას „შეხვედრა ვენეციაში“ – დღეს „არილის“ მკითხველებს ვთავაზობთ. ანა კორძაია-სამადაშვილის მიერ თარგმნილი ეს მოთხრობა შეტანილია გერმანიის გაერთიანების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში „გახლეჩილი ქვეყანა“, რომელსაც სექტემბერში გამოსაცემად ამზადებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.
გერმანულიდან თარგმნა ანა კორძაია–სამადაშვილმა
ერთადერთი სიკეთე ის იყო, რომ დრო ჰქონდათ ცოტა. საღამოს ისევ ლინთან უნდა დაბრუნებულიყო, პანსიონში, ქალი კი გზად შემოივლიდა მხოლოდ – რომში მიდიოდა, იქ ექიმების კონგრესს უნდა დასწრებოდა. ეს საქმეს გააიოლებდა. ბოლოს და ბოლოს, ხუთი-ექვსი საათი არ იყო დიდი დრო. ხუთ-ექვს საათში ქალი ვერ აღმოაჩენდა, რომ კაცი იწყენდა. ისე, მოიწყენდა? თუ ისედაც საკმაოდ მძიმე იქნებოდა ძველი შეყვარებულის თამაში და მოსაწყენად არ ეცლებოდა?
ალბათ, არც ვენეცია იყო მთლად ჩაფიქრებული რანდევუსთვის შესაფერისი ადგილი: მეტისმეტად ტენდენციურად, ტურისტული რეკლამის შემაშფოთებელი ძალდატანებით, შეყვარებულთა შეხვედრის ადგილად ქცეულიყო. აი, ქალმაც ბარათით აღფრთოვანებული თანხმობა განაცხადა – აშკარად იცოდა ამ ქალაქის სატრფიალო ფლუიდების ამბავი. „სწორედ ვენეციაში“, სწერდა ქალი, თან „ვენეციისთვის“ ორი სქელი ხაზი გაესვა, „ეს სწორედ აქ უნდა მოხდეს, აქ უნდა გნახო და აქ უნდა მივეცეთ ძველ მოგონებებს! შუკებში ვიხეტიალებთ და გარუჯული გონდოლიერის მოხდენილი, შავი გონდოლით ვისრიალებთ არხებზე. რა შესანიშნავია! რა შესანიშნავია, როგორ მიხარია!“
უცნაური ის იყო, რომ კაცსაც უხაროდა. თუმცა შიშობდა, რომ ქალთან თავს შეირცხვენდა. ძველი, კარგად ნაცნობი შიში იყო. მაშინაც ხშირად იპყრობდა ხოლმე, შვიდი წლის წინათ, როცა მთელი დავოსისთვის თითქოს იდეალური წყვილი იყვნენ. მაგრამ ამ თამაშს მათი სანატორიუმის გარემოც უწყობდა ხელს. მორბიდულობა, რომელიც თავისთავად დავოსისთანა სახელწოდებას ეხმიანება, კაცს თავისი როლის თამაშს უიოლებდა. ნეტარებით ეძლეოდა ეგზალტაციას, სიამოვნებით ხსნიდა თავის თავში არსებულ ყველა ნეგატივისტურ ძალას; გეოგრაფიული წერტილი, რომელშიც იმყოფებოდნენ, სრულყოფილ ჰარმონიას ქმნიდა მათს გადამეტებებსა და სიგიჟეებთან, გაუხშოებულ ჰაერში უფრო უდარდელად და უფრო დაუფიქრებლად ეწეოდნენ თავიანთ ცხოვრებას.
გარკვეული თვალსაზრისით ვენეციაც დავოსივით მორბიდული იყო. მაშ, რატომაც არ უნდა გადაშვებულიყვნენ კვლავ იმ გრძნობების მოჭარბებისა და იმავდროულად სიცოცხლის უარყოფის განწყობაში, რომელსაც იქ, ზემოთ ეძლეოდნენ? მაშინ სიკვდილმა ორივე უარყო, რადგან მეტისმეტად მარტივად ემსხვერპლებოდნენ. ალბათ, სიკვდილს უფრო მტკიცე ბუნების მქონე ხალხთან უყვარდა ბრძოლა, მათთან, ვინც სიცოცხლეს ძალით ებღაუჭება; როგორც ჩანს, მათ მიერ ყოველივე სიცოცხლით სავსისა და ჯანმრთელის მკრეხელური უარყოფა საწყენად ან მოსაწყენად მიიჩნია. ერთი წლის შემდეგ ექიმებმა ორივე, საღ-სალამათი, ერთიმეორის მიყოლებით გაუშვეს. მას მერე სულ სწერდნენ ერთმანეთს, და მათი წერილები ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მათი საუბრები დავოსში სეირნობის დროს; ისეთი პირი უჩანდა, რომ კვლავაც ჩინებულად უგებდნენ ერთმანეთს. კაცმა ნაამები ღიმილით ამოქექა მოგონებებიდან ის უთვალავი ქათინაური, რომლებიც ქალისგან სმენოდა, როცა ერთად დადიოდნენ ჰეროიკულ მთიანეთში ან საღამოს რაღაც წარღვნისდროინდელ, მაგრამ რომანტიკულ პატარა დუქანში ცხელ, წითელ ღვინოს სვამდნენ. რუთი მისი მუზობის აზრით იყო აღტყინებული – პოეტის მეგობარი, ან სულაც პოეტის სატრფო, – და ამიტომ მის შთაგონებას ეწეოდა, ცეცხლოვანი შემართებით, რომლის გამოც არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ ხელოვნებას ამცდარი მამა, მატერიალისტი, პროგრესის რწმენით შეპყრობილი დედა და სამი სიცოცხლით სავსე, ათეისტი და ყოველგვარ სენტიმენტს მოკლებული და-ძმა ჰყავდა. მას სასწაულების სჯეროდა და იუმორი არ გააჩნდა. ასეთი სიუხვის ეკვივალენტი, საბოლოოდ, მედიცინა აღმოჩნდა, საყრდენი, რომელსაც ის ხავსივით ეჭიდებოდა. მუსიკა – ვიოლინოს უკრავდა, ცუდად და სრულიად ურიტმოდ, მაგრამ გრძნობით, – ფილოსოფია და პოეზია: მხოლოდ ეს, კეთილშობილი და მშვენიერი და ამაღლებული იყო მის პირად ცხოვრებაში დაშვებული. ისე, მისთვის ასე ჯობდა.
კაცი ქალს შვიდი წლის წინათაც ისე კარგად იცნობდა და ხედავდა, როგორც დღეს. მისთვის კალეიდოსკოპი იყო: იმისდა მიხედვით, როგორ დაიჭერდი, თავისი სულის ფერად ორნამენტებს ცვლიდა. მისი მართვა ძალიან იოლი იყო, სულ ოდნავი ბიძგი უნდოდა. ხმელი შეშასავით უცებ ინთებოდა, უმალვე ალი ავარდებოდა, თითქოს საკუთარი მხურვალება არ ჰყოფნისო. კაცს ლამის უყვარდა, თუმცა მაშინაც ცოტა დამღლელი იყო ამ თავისი ავადმყოფური ვნებით, რომ საკუთარი თავი და პარტნიორი სულ დაძაბული ჰყოლოდა. დღეს კაცს თავი ხელში უნდა აეყვანა, ქალს არაფრით უნდა ეგრძნო, თუ კაცი მეტისმეტად შეიცვალა საიმისოდ, რომ ხუთი-ექვსი საათითაც კი დავოსური როლი შეესრულებინა.
კაფე „ფლორიანში“ შეხვდნენ ერთმანეთს. კაცი ქალზე დროულად მივიდა, და ამან გააბრაზა. როცა ქალმა კაფეში შეაბიჯა, კაცში ბრძოლა დაიწყო, იბრძოდა ყველაფერი, რაც ამასობაში დალაგებულიყო. ღმერთო ჩემო, ზუსტად ისევე გამოიყურებოდა, არ შეცვლილა. ეგაა, უფრო ელეგანტური იყო; და თავდაჯერებული. მაგრამ ის თვისებები, რომლებიც სხვა ქალებში მოსწონდა, რუთში აბრაზებდა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და კაცმა სკამი გაუსწორა, რომელზეც ქალი ოდნავ კეკლუცად ჩამოჯდა. ისევ ისეთი გამხდარი სახე ჰქონდა. კაცს შერცხვა, რომ თავად – თვითონაც იცოდა და სხვებისგანაც სულ ესმოდა – ამასობაში ბლომად ჰქონდა მომატებული: ეს დალაგებულობის გარეგანი ნიშანი იყო. კაცმა მუცელი შეისუნთქა და ნიკაპი ოდნავ დაუშვა, ასე ლოყები უფრო თხელი ჩანდა.
რასაკვირველია, ქალს ჭამა არ უნდოდა. სიამოვნებისთვის ჭამა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც გემრიელია, ცოდვა იყო; ეპიკურეიზმი – ჯოჯოხეთის წინა საფეხური. უსხდნენ ესპრესოს და ეწეოდნენ. ქალი ჰყვებოდა, საბედნიეროდ, მფრთხალი არ იყო. მისგან აღსარების ამოქაჩვა არასოდეს ყოფილა საჭირო, თავისი ნებით და დაუკითხავად ამოალაგებდა ხოლმე. მაგრამ ის, რასაც დღეს ჰყვებოდა, შვიდწლიანი განშორების შემდეგ მხოლოდ ყოველდღიური ამბების კრებული იყო: პატარა სიახლე მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ექიმის მისაღების განცდები, ოჯახური ამბები. მხოლოდ ერთი-ორჯერ გაიჟღერა სიტყვამ ან ფრაზამ, რომლებსაც კაცმა მიაყურადა: აქ დავოსური მოგონებები იყო მიძინებული. ის მხოლოდ ამაში ერთვებოდა, ამ მოგონებებში. ქალს დაფიქრებაც არ დასჭირვებია, კაცს აშკარად შეატყო, რომ მთლად საკუთარ თავად ვერ დარჩებოდა – მის გვერდით. ისე მოხდა, რომ ცოტა ხანში მხოლოდ დავოსური სიტყვებით საუბრობდნენ.
მერე ქუჩებში სეირნობდნენ. მკლავი უნდა გაუყაროს? ბოლოს, რომ გაუყარა, სინდისმა შეაწუხა, რადგან ამ დროს თავს ცუდად გრძნობდა. მოედანზე იდგნენ, სან მარკოს აღმოსავლურად ჭრელი ფასადის წინ. ქალი აღფრთოვანებული იყო. რა დიდებულია! კვერი რომ არ დაეკრა, კაცმა ისტორიის გაკვეთილი ჩაუტარა. ექსკურსიამძღოლივით ლაპარაკობდა, ქალი მეცამეტე საუკუნეში გადატყორცნა, ვენეციის მსოფლიო სამთავროდ გადაქცევის თანაზიარი გახადა. ქალი შთაგონებული მიაბიჯებდა სამყაროს შექმნის სურათების გასწვრივ, და კაცი, მეტისმეტი რიდით, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩებოდა. მოჩვენებითმა კრძალვამ ერთგვარი თამაშისკენ უბიძგა: ყოველ სურათთან ქალზე რამდენიმე წამით მეტხანს ყოვნდებოდა, სანამ ისიც ამდენივე ხნით არ იძირებოდა თითოეული ნახატის ცქერაში. ეკლესიაში, მოციმციმე გუმბათის წყალობით, ქალის აღტაცება ექსტაზში გადაიზარდა, პალა დ’ოროს საკურთხევლის წინაშე მდუმარე თაყვანისცემად იქცა.
„ბიზანტიური მინანაქარი“, ჩაილაპარაკა კაცმა, „მეათე თუ მეთერთმეტე საუკუნე.“
ის-ის იყო, ეკლესიის გრილ გარინდებას თავი დააღწიეს და გარეთ, თვალისმომჭრელში დადგნენ, რომ ქალმა შემდეგი ეკლესიის ნახვა მოიწადინა: სან-ზაკარიასი.
„ადრეული რენესანსი“, განაცხადა კაცმა.
კიდევ რაა სანახავი? კაცი დაფიქრდა და ჩუმად შეიკურთხა, როცა დასაძლევ ღირსშესანიშნაობათა სიუხვე გაახსენდა. მართლაც, დოჟების სასახლისკენ გაეშურნენ, რომლის ფერადოვან ქვის ფასადსაც ქალი დიდხანს შესცქეროდა.
„გეგონება, კედლები ამ ნაზ თაღებს დაჰფარფატებსო“, თქვა ქალმა.
„მართლაც“, მიუგო კაცმა, მეტისმეტი მონდომებით. რა დამღლელი ქალი იყო! ნეტავ რატომ უხაროდა ხოლმე მასთან შეხვედრა? რატომ იყო, რომ შვებით ამოისუნთქავდა ხოლმე, როცა შუადღისას ლინს იმდენად უძლიერდებოდა თავის ტკივილი, რომ მათთან ერთად წასვლა აღარ შეეძლო? რა სისულელე მოუვიდა, როგორ არ დაფიქრდა, რომ ქალს ვენეციის ბოლო წვეთამდე ამოწურვა მოუნდებოდა? თუ სიამოვნებს მაინც, კიდევ რა უშავს. ეს ყველაფერი ქალისთვის კიდევ უფრო ამაღელვებლად რომ ექცია, პირი მეტისმეტად ახლოს მიუტანა ყურთან და ჩასჩურჩულა, ძალიან გახარებული ვარო. ქალმა, დაბნეულმა და მადლიერმა, ერთი გაუღიმა, მერე კი კვლავ თვალიერებაზე გადაერთო. პორტა დელა კარტადან შიდა ეზოში, ანტონიო რიზოს მარმარილოს ფასადის წინ აღმოჩნდნენ. მერე კაცმა ნაზად შეაშველა ხელი სასახლის გიგანტურ კიბეზე ასვლისას. მისი ხელი ქალის სამოსის რუხ ქსოვილს ეხებოდა. კაცს უხაროდა, რომ ახლა განთქმული სახელებით შეძლებდა ქალზე შთაბეჭდილების მოხდენას: ტიციანი, ჯორჯონე, ვერონეზე, ტინტორეტო. ხელოვნების ისტორიის სამსაათიანი კურსის შემდეგ კაცს ბოლო მოეღო და მან წყევლა შეუთვალა ვენეციური ტურიზმის ილაჯგამწყვეტ კანონებს.
„ახლა?“ იკითხა, თუმცა იცოდა, რომ ახლა ქალი გონდოლით მოგზაურობას ელოდა. მაგრამ გონდოლიერები უსირცხვილოდ ძვირს ითხოვდნენ. კაცს კი კუჭმა შეახსენა თავი, რამე უნდა ეჭამა, და არა ცოდვიანად, არა ჰედონისტური მანიის, არამედ მწარე აუცილებლობის გამო, რომ სიცოცხლეს არ გამოსალმებოდა. ქალის შეთავაზება კაცის შიშზე ბევრად უარესი აღმოჩნდა: ის აკადემიის გალერეისკენ მიილტვოდა. მეთექვსმეტე საუკუნეში კაცი უკვე ცუდად გახდა, მეთვრამეტეში სკამზე დაეშვა. ლონგის „ქორწილის“ ცქერაში ჩაძირულ ქალს მისი მუცლის ყურყუტი არ ესმოდა. როგორც იქნა, გარეთ გავიდნენ და პიაცაზე რავიოლითა და ფრიტოლათი ისადილეს.
„რომელ ღვინოს ინებებ?“ ჰკითხა შემდეგ კაცმა, კუჭის სისავსით შეუდარებლად დამშვიდებულმა. ვერონეზე შეუკვეთა, მხოლოდ სახელწოდების გამო, რომ ქალი, ფაქტობრივად, კვლავაც ხელოვნების სიმაღლეზე დარჩენილიყო, მაშინაც კი, როცა სმის მდაბიო აქტს შეასრულებდა. როგორც იქნა, რაღაცამ გაამართლა: ჟღერდა იტალიური მუსიკის ბოლო საექსპორტო პროდუქცია, და ჩამავალი მზე მოზაიკის ყალბ ოქროს აბრჭყვიალებდა. უნდოდა, ეთქვა: ძალიან ლამაზია, მაგრამ მაინც გასაგიჟებლად კიჩურიაო. მაგრამ ამის ნაცვლად თავის ვალად ჩათვალა, ქალისთვის ლტოლვითა და სიყვარულით ეცქირა, და ამ დროს საკუთარი თავი საძაგლად და სასაცილოდ ეჩვენა.
„შენი ცოლი როგორაა?“ ჰკითხა ქალმა.
„გმადლობ, ჩინებულად“, უპასუხა კაცმა, ცოტა აჩქარებით, „ეგაა, დღეს თავი სტკივა.“
„ისე როგორია?“
ქალის უდრტვინველობა აბრაზებდა. მართალია, ეჭვიანობა გააღიზიანებდა, უაღრესად გააღიზიანებდა, მაგრამ ის, რომ ქალი აშკარად სულ არ ეჭვიანობდა, მაინც მეტისმეტად ეჩვენა.
„შენ სრულებით არა გგავს!“ თქვა და ენაზე იკბინა. არადა, საუკეთესოდ უპასუხა: ლინი მართლა სულ სხვანაირი იყო. და იმისთვის, რომ მისი უხეშობა ქალს საწყენად არ მიეღო, დასძინა: „ვფიქრობდი, რომ ჩემი საპირისპირო უკიდურესობა უნდა ამერჩია: les extrêmes se touchent.“
„ჰო, სწორია“, უთხრა ქალმა, „მაგრამ მიამბე, აბა, შენ რას შვრები?“
კაცი აწრიალდა: ჰო, რას შვრებოდა, რას აკეთებდა დილიდან საღამომდე? ქალი დილის ხუთ საათზე დგებოდა და სუნთქვის ვარჯიშებით და ცივი წყლის პროცედურებით იწყებდა სამუშაო დღეს, რომელიც შუაღამემდე არასოდეს დამთავრებულა. და კაცი? ჰო, სწორია, ახალ წიგნს წერდა. როგორ არ გაახსენდა! სულ ამ ბრიყვული არდადეგების ბრალია, სინამდვილეში, მხოლოდ ლინის ხათრით წამოვიდა ვენეციაში. რა საწყენია, რომ რუთმა მაშინვე, ჩამოსვლისთანავე არ ჰკითხა მისი საქმის შესახებ!
„ვწერ“, მიუგო ცივად, „თავადაც მიხვდებოდი.“
„უი, ჰო“, თქვა ქალმა, „ისევ რაღაცას წერ.“ მისი საქმე აღარ აინტერესებდა, როგორც უფროსს არ აინტერესებს ოთხი წლის ბავშვის თამაში.
„ჰო“, თქვა კაცმა მოკლედ, „ძველისძველი ამბავი: კაცი, პირველი ქალი, მეორე ქალი. ძველისძველი სამკუთხედის ამბავი. მაგრამ სულ სხვანაირად ვაწყობ, მართლაც ახლებურად.“
ქალის მუქ, ნუშის თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალიც აღარ გამკრთალა. კაცმა ხელი ჩაიქნია და იმედით ჰკითხა, შენი მატარებელი როდის გადისო.
„მატარებელი საერთოდ არ გადის“, ქალი გაიბადრა, „მანქანით ჩამოვედი!“
კაცს გაკვირვებისა და შურისგან ენა ჩაუვარდა. ამ შვიდ წელიწადში როგორი დამოუკიდებელი გამხდარა! როგორ მოჰქონდა თავი, რომ მის გარეშეც გავიდოდა ფონს. კაცს დაავიწყდა, რომ თუ საქმე ერთიმეორისთვის დამოუკიდებლობის მტკიცებაზე მიდგებოდა, ქალს მხოლოდ მანქანა ჰყავდა, მას კი – მეუღლე. მაგრამ გარეგნულად გაიხარა. რატომ აქამდე არ მითხარი? რა მანქანაა? ხელოვნებათმცოდნე მანქანებში გარკვეულ კაცად გადაიქცა. ქალი ამ საქმეში, მისთვის მოულოდნელად, კარგად ერკვეოდა.
საღამოს, როცა „კალიში“ მიაბიჯებდნენ, ვენეცია არსად გამქრალა, მაგრამ კაცს ეჩვენებოდა, რომ ქალს ეს სულ დაავიწყდა. სულ ტყუილი იყო. ქალი პატარა ხიდზე გაჩერდა და ხურდა წყალში ჩააგდო. დიდხანს იყო მოაჯირზე გადაყუდებული. ალბათ ელის, რომ ვაკოცებ, იფიქრა კაცმა. რასაკვირველია. დავოსშიც სულ ვკოცნიდი. ახლა თუ არ ვაკოცე, იმედგაცრუებული დარჩება. მისთვის გაუგებარი იქნება, რატომ არ ვაკოცე. საცოდავ ბურჟუად ჩამთვლის, თუ ამას ლინის გამო არ ვიზამ. კაცმა იგრძნო, რომ როცა ხელი მოხვია, ქალი ოდნავ შეკრთა, და კმაყოფილი დარჩა, როცა ქალმაც გაუბედავად აკოცა. ჯერაც გოგოსავითაა! ცხადია, ამდენ მუშაობაში შეყვარების საშუალება არც ექნებოდა.
კაცი თავდაჯერებით მიაბიჯებდა ქალის გვერდით: ვერც ქანცგამწყვეტმა ხელოვნების ისტორიის კურსმა და ვერც შედედებულმა ვენეციურმა რომანტიკამ ვერ შეძლო იმდენი, რამდენიც ამ ნაძალადევმა, მაგრამ გენიალურად წარმართულმა კოცნამ. კაცმა ქალის დუმილი მელანქოლიურ წადილად მიიღო; ესიამოვნა. შესანიშნავი ვითარებაა: ცოლი ჰყავდა, კოცნას შედეგები არ მოჰყვებოდა. ძალიანაც კარგი. ქალს ხომ ემოციები უყვარდა, ჰოდა, ინებოს. კაცი დარწმუნებული იყო, რომ ქალი ამ კოცნას ელოდა.
ქალის მანქანა პიაცალე რომაზე იდგა. კაცმა ვაპორეტოს უახლოეს გაჩერებამდე მიაცილა. ისე შეგულიანდა, რომ დამშვიდობებისას, წყნარად მოქანავე საბიჯზე, კიდევ ერთხელ აკოცა. ქალმა თავისი ძველებური, მადონას ღიმილი შეაგება, და უცებ კაცს ცოტა გული ეტკინა, რომ დავოსში აღარ იყვნენ. ეს ვენეცია იყო.
დამშვიდობებიდან ერთი თვის თავზე ქალისგან პირველი წერილი მიიღო. შესავალი სიტყვების შემდეგ – მოიბოდიშა, რომ უკანა გზაზე ვენეციაში ვეღარ გაჩერდა, იმიტომ რომ დრო ცოტა დარჩა და რომი ისეთი საინტერესოა! – კაცი დაფრთხა: „…იმიტომ რომ თავის მოჩვენება ძალიან გამიჭირდა. თავს ძალას ვატანდი, მთელი ამ დროის განმავლობაში. ამ შვიდ წელიწადში შევიცვალე, და ჩემს წერილებს არ უნდა გავეთქვი. რადგან გული მწყდებოდა, რომ მხოლოდ შენ უნდა დარჩენილიყავი ძველებურად. ამიტომ იყო, რომ მეც ორივეჯერ გაკოცე. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება სწორედ ეს იყო…“
© არილი