პროზა (თარგმანი)

ბრიგიტე შვაიგერი – სტუმრად მამიკოსთან

brigitte-schwaiger

გერმანულიდან თარგმნა ნათია დათუაშვილმა

ბრიგიტე შვაიგერი დაიბადა 1949 წლის 6 აპრილს ფრაიშტადტში (ზემო ავსტრია), სიმწიფის ატესტატის აღების შემდეგ ორი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ფსიქოლოგიას, გერმანისტიკასა და რომანისტიკას ვენის უნივერსიტეტში. 1968-72 წლებში ესპანელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მადრიდსა და მაიორკაზე და იქ გერმანულსა და ინგლისურს ასწავლიდა. გატაცებული იყო მხატვრობითა და ძერწვით. 1972 წელს დაბრუნდა ავსტრიაში. სწავლობდა ლინცის პედაგოგიურ აკადემიაში, მუშაობდა მსახიობად ერთ-ერთ სარდაფის თეატრში, მოგვიანებით – რეჟისორის ასისტენტად სატელევიზიო არხ “ORF”-ზე და მდივნად ვენის თეატრალურ გამომცემლობაში. 70-იანი წლებიდან აქტიურად წერს. მის პირველ რომანს “როგორ ხვდება მარილი ზღვაში” დიდი წარმატება ხვდა წილად. რომანს არაერთი წიგნი და პიესა მოჰყვა, 1980 წელს კი შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი ლინცის სარდაფის თეატრში. ცხოვრობდა ვენაში, ფრაიშტადტში და მადრიდში. 2010 წელს მისი ცხედარი აღმოაჩინეს მდინარე დუნაიში. საუბარი იყო თვითმკვლელობაზეც, რადგან მწერალი ხშირად ახსენებდა „მოკლე გზას“, რომლის არჩევაც უნდოდა.

1974 წელს ბრიგიტე შვაიგერმა მიიღო ავსტრიის განათლებისა და ხელოვნების ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო სტიპენდია ლიტერატურაში, მომდევნო წელს – ვენის დრამატული ცენტრის საავტორო სტიპენდია; 1984 წელს მას გადაეცა ზემო ავსტრიის კულტურის პრემია ლიტერატურაში; 2014 წელს კი მისი ნაწარმოების „როგორ ხვდება მარილი ზღვაში“ რადიოვერსია “ORF”-მ 2012 წლის საუკეთესო რადიოპიესად დაასახელა.

გასულ შობას სახლში მისული ფანჯარასთან დადგა და მოპირდაპირე ბინაში ნაძვის ხეს დაუწყო თვალიერება. შემდეგ საწოლში ჩაწვა და მალევე ჩაეძინა. სწორედ მაშინ გაიფიქრა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ადამიანის ასე მარტო ყოფნა.

დილით, გამოღვიძებულზე, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ღრმა შახტაში წოლილიყოს. თუმცა მთელი შობა დღის განმავლობაში რაღაცნაირი სიამაყის გრძნობა დაჰყვებოდა. შობა დღეს სრულიად მარტო. რაც უნდა იყოს, მაინც პირველად გაბედა ცხოვრებაში. სასაცილო იქნებოდა, მომავალ შობაზეც რომ ვერ მოეხერხებინა იგივე. ერთი სული ჰქონდა, ისევ როდის დადგებოდა შობა.

გაახსენდა თანამშრომელი ფურია (მას ყველა უბრალოდ “ფურიას” ეძახის), რომელიც გამუდმებით ჰყვება, თუ როგორ სცემს ქმარი და როგორ ვერ გაუგია დღემდე, რატომ გაშორდა პირველ ქმარს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ახლანდელი კი ისე ულმობლად ეპყრობა, რომ სახლში მისვლის ეშინია. თან ისე შეულამაზებლად აღწერს მეუღლის სისასტიკეს, რომ ყველა ერთსა და იმავეს ეკითხება, ადვოკატთან რატომ არ მიდიხარო. რას ამბობთ, პასუხობს ამაზე ქალი, მერე მარტომ როგორ გავატაროო შობა?

            მეორე შობას ხვდება მას შემდეგ, რაც ცოლს გაეყარა. სულაც არ უნდოდა ლოტესთან დაშორება, მაგრამ ქალები ასეთები არიან. ლოტე ეუბნებოდა, მიყვარხარ, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა არ შემიძლიაო. მერე, უნდოდა, ქმარს საწოლში თმები მოექაჩა. ამას კიდევ არა უშავს. საწოლში მხოლოდ მაშინ ჰქონდათ ურთიერთობა, როცა თვის ბოლოს ქმარი მაგიდაზე ჯამაგირს დაუდებდა. ლოტე ამბობდა, ეს ორი რამე ერთმანეთს არანაირად არ უკავშირდებაო. არადა, მართლა მარტო მაშინ რთავდა ნებას.

            ახლა მას ელოდება.

            თავის ახალ მეგობარ ნორას სთხოვა, დღეს არ მოხვიდეო. დროდადრო ყოფილ ცოლს რომ ხვდება, ლოგიკურია. ასეც უნდა იყოს. ბავშვების გულისთვის. წელიწადში ერთხელ მაინც, ან როცა ბავშვებს სპორტული ინვენტარი სჭირდებათ.

ევა ერქვა ქალს, რომელთანაც განქორწინების შემდეგ ყოველ ღამე დადიოდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მასთან ცხოვრობდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ევა სხვა ბინაში გადავიდა და ბინის მოწყობაში ეხმარებოდა. მერე პირველი შობა გაატარა მარტომ. დღეს კი ნორა ჰყავს და ზოგჯერ ლოტეც ესტუმრება ხოლმე.

            მისაღებ ოთახში მაგიდა გააწყო, ყავა და კაკაო მოადუღა, “ანკერიდან” ნამცხვარი ამოიტანა, ყვავილებიც იყიდა. თეთრ გადასაფარებელზე შანდლები დააწყო და სანთლები აანთო. სინათლე გამორთო, მერე ისევ ჩართო. სანთლები ჩააქრო. რად გვინდა შანდლები. ათი წლის ცოლ-ქმრისთვის რა საჭიროა სანთლის შუქზე ჯდომა? ზარის ხმა ისმის. “ალო”, – ამბობს კარის გამღებ ელექტრომოწყობილობაში, რომლის ხრიალთან ერთად გუმპენდორფერის ქუჩის ხმაურიც ისმის.

            “ჩვენა ვართ! გაგვიღებ?”

            “გამარჯობა!” ყვირის კარის გამღებ ელექტრომოწყობილობაში, “გაიღო?”

            ისინი უკვე კართან არიან. კაცი შემოსასვლელის სარკეში თავს თვალს შეავლებს. შემდეგ აბაზანაში შედის და კიდევ ერთხელ ივარცხნის თმას. მხრებზე იყურება, ქერტლი ან თმა ხომ არ აყრია და პიჯაკს ჯაგრისით იწმენდს. კიდევ ერთხელ იღებს სავარცხელს. თმას გვერდზე იყოფს. კარზე ზარია. კარს აღებს. მის წინ ლოტე დგას.

            “გამარჯობა!” უწვდის ხელს ლოტე. კაცს ლოყაზე კოცნა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ხელს ართმევს.

            “გამარჯობა”.

            თბილად ჩაცმული ბავშვები გატრუნულები დგანან კარში.

            “მიესალმეთ მამიკოს!”

            “გამარჯობა”.

            “ჩამოართვით ხელი!”

            ისინი მორჩილად უწვდიან მამას ბავშვურ, ნაზ, უძალო ხელებს.

            “რა სიმყუდროვეა შენთან! არა, ბავშვებო? ხომ კარგია მამიკოსთან?” თითქოს ჯერ არ ყოფილა აქ.

            ბავშვები ხმას არ იღებენ. როგორ გაიზარდნენ. არც არის გასაკვირი, ბავშვები ხომ ჩქარა იზრდებიან.

            “არ გაიხდი?”

            “აი, ეს ჩამოკიდე”, ამბობს ლოტე და პალტოს აწვდის. “ქუდს არ მოვიხდი, საშინელი ვარცხნილობა მაქვს”.

            “მოგცლია ერთი, მომეცი”.

            “არა, არა! არ მოვიხდი! ბავშვებო, მიეცით მამას პალტოები, ქუდები, კაშნები და ხელთათმანები!”

            კაცი ყველაფერს შემოსასვლელში, გარდერობის საკიდზე ჰკიდებს.

            “დიდხანს არ დავრჩებით, არ შეგეშინდეს. დიდი-დიდი, ათი წუთი.”

            “მისაღებში არ გავიდეთ?”

            “სიამოვნებით. წამოდით, ბავშვებო. ოჰ, რა ლამაზად გაგიწყვია მაგიდა! ყავის სუნიც ტრიალებს! ღმერთო ჩემო, ასე რატომ შეწუხდი! ახლახან წავიხემსეთ, არა, ბავშვებო?

            ბიჭი ტახტის ზემოთ ხის თაროზე დაწყობილი თოჯინებით დაინტერესდა. “დედა, რა არის ეს?”

            “კარგი რამეები აქვს არა მამას?” ამბობს დედა და ვანილის ნამცხვარს კბეჩს. კაცი ჰერმანის მოწონებულ თოჯინას თაროდან იღებს და ხელებში უტენის ბიჭს. მაგრამ ლოტე ჰერმანს თოჯინას ართმევს. “არა, არა! უნდა იცოდე, რომ ეს მამამ სამხრეთ ამერიკიდან ჩამოიტანა და მას ეკუთვნის. ეს არის – რა ჰქვია?”

            “ინდიელი ქალია. პერუდანაა. შენი იყოს. მართლა”.

            ლოტე თოჯინას თავის ადგილზე აბრუნებს. რა თქმა უნდა, ის ყოველთვის ქმრის მოგზაურობის წინააღმდეგი იყო. სულ იმას გაიძახოდა: “შენი მოგზაურობები ერთხელაც დაგვაშორებს ერთმანეთს”. “არა, არა! არ შეიძლება, რომ ჰერმანს ასეთი ძვირფასი თოჯინა აჩუქო. ეს იმას ნიშნავს, რომ… ზედმეტად ანებივრებ ბავშვს”. ნუ ხარ ასეთი უდარდელი. ნამდვილად ტიპიურია შენთვის. ხომ კარგი მამა გყავთ? შეხედეთ, ბავშვებო. სპეციალურად თქვენთვის მოადუღა კაკაო. ის ჰერმანს და გრეტელს სავარძელზე ასკუპებს. პატარა გოგოს რაღაცის სუნი ეცა. “დედა, თითქოს ნაძვის ხის სუნია!”

            “სანთლების გამო. ანთებული იყო, არა, მამა?” კითხულობს ჰერმანი.

            “ხომ იცი, როგორ მიყვარს სანთლების შუქი. ალოის, არ აგვინთებ სანთლებს? თუ ნებას დამრთავ?” ლოტე ფაიფურის ჩაიდანს იღებს და ბავშვებს კაკაოს უსხამს.

            ალოისი ისევ ანთებს სანთლებს. ლოტე ჰერმანს და გრეტელს სთხოვს, არაფერი გააჭუჭყიანოთო, ალოისს კი – დიდი ნათურა ჩააქრეო. ალოისი აქრობს სინათლეს. უხარია, იქნებ წელს მაინც არ მომიწიოს მარტოს შობის გატარებაო. ნორას უთხრა, არ ვიცი, საღამოს ლოტესთან ვიქნები თუ ლოტე და ბავშვები იქნებიანო ჩემთან.

            ლოტე ოდნავ იზმორება სავარძელში. ყელიან სვიტერზე ხის ბურთულების მძივი უკეთია. სამწუხაროდ, ჩაცმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა. ერთხელ, ლონდონში მივლინებით ყოფნისას, მაღაზიაში შესულმა ალოისმა მანეკენისთვის ყველაფერი გაახდევინა და მეგობარ გოგონას ჩამოუტანა. “ჩაიცვი, მინდა ელეგანტური იყო, კინოში ან სტუმრად რომ წავალთო. მანეკენი რომ დავინახე, შენზე ვიფიქრე, ეს ყველაფერი ძალიან მოუხდება-მეთქი. სამკაული და ჩანთაც კი არ დამიტოვებია. სულაც არ იყო ძვირი. იცი, ლონდონში ერკვევიან მოდაში. ყოველთვის სიამოვნებით მივფრინავ ხოლმე იქ. ზოგჯერ ჩემი ყოფილი შეყვარებულიც მიმყავდა. მონტე-კარლოში, პარიზში და სად აღარ. მაგრამ ის ჩუმჩუმად ეწეოდა. ძალიან ვბრაზობდი, რომ მიმალავდა. კარგი რა, საყვარელო, ნუ ეწევი ამდენს. როცა ადამიანი ეწევა, სუნი მაშივე იგრძნობა”.

            “ასე არაა, ბავშვებო?” ლოტე ბავშვებისთვის რაღაც ამბის მოყოლას ასრულებს. ჰერმანი და გრეტელი ყურადღებით უსმენენ დედას და თავს უქნევენ. ალოისი ცოტაოდენ ყავას ისხამს. ლოტე ამბობს, უკვე საკმაოდ ბევრი დავლიეო და ფინჯანს ხელს აფარებს. ბავშვებიც ერთი-ორ ყლუპს მოსვამენ და თითქმის ერთდროულად დგამენ ფინჯნებს მაგიდაზე. ისევ უხერხული სიჩუმე დგება.

            “ურიგო არ იქნებოდა, მუსიკას თუ მოვუსმენდით”, ამბობს ლოტე. “ჩართავ რადიოს?”

            ალოისი წყნარ მუსიკას რთავს.

            “ბევრს მოგზაურობ?”

“ჰო, ისევ ამერიკაში ვიყავი”.

“ჰო, რა თქმა უნდა! გმადლობ სასიამოვნო ბარათისთვის! არა, ბავშვებო, ხომ ძალიან გაგვიხარდა?”

ჰერმანი და გრეტელი ცნობისმოყვარე სახეებით შესცქერიან მამას, რომელიც ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებზე ჰყვება.

“ერთხელ მეც წავალ ამერიკაში”, ამბობს ჰერმანი. “იქ სასტუმროს მფლობელი გავხდები”.

“თუ ნებას დამრთავ”, ამბობს ლოტე, “ერთ ნაჭერ ნამცხვარს გადავიღებ”.

სასიამოვნო მუსიკა იღვრება. ბავშვები ნამცხვარს ჭამენ. ალოისი კითხულობს: “უკვე იყიდე ნაძვის ხე?”

            “ჰო, რასაკვირველია!”

            “ლამაზია?”

            “არა უშავს.”

            “ისევ ფანჯრის კუთხეში დადგამ?”

            “არა, მეორე კუთხეში. ფანჯარასთან ახლა რადიატორი დგას. ნაძვის ხეს იმ კუთხეში დავდგამ, რომელშიც ადრე ლამფა იდგა. გახსოვს?”

            “ლამფა სხვაგან დადგი?”

            “სხვენზე”, ამბობს ნამცხვრით პირგამოტენილი ჰერმანი.

            “მხოლოდ დროებით. როგორც ვხედავ, კარგად მოწყობილხარ. ჰერმან, ნამცეცებს ნუ ფანტავ!”

            “ჰო, კარგად ვარ”, ამბობს ალოისი, “თქვენ?”

            “მშვენივრად. და ის – რა ჰქვია?”

            “ნორა?”

            “ჰო, ნორა. როგორ არის?

            “გმადლობ, კარგად.”

            “მაგრამ შენთან ხომ არ ცხოვრობს?”

            “არა”.

            “აბა, ბავშვებო, შემოსასვლელში გადით”.

            ჰერმანი და გრეტელი მაშინვე ემორჩილებიან დედას. ლოტე ხელს უწვდის ალოისს. ალოისი სიამოვნებით მოჰკიდებდა ხელს ამ შიშველ, უსამკაულო ხელზე, მაგრამ დროზე ეგება გონს. კომოდთან მიდის, მეორე უჯრას აღებს, იქიდან კონვერტს იღებს და ლოტეს ხელში უდებს. თან ცდილობს, რომ შემთხვევით მის თითებს არ შეეხოს.

            ლოტე გავიდა. ბავშვებს უთხრა, ჩაიცვითო. თვითონ ყავის ფინჯანი დადგა და საშობაო ფული ჩანთაში ჩაიდო. კაცმა პალტო ჩააცვა.

            ალოისი ტელევიზორს რთავს, საშობაო გადაცემები გადის. გული სწყდება, რატომ არ ჰკითხა, დაუტოვებდა თუ არა ერთი-ორი საათით ბავშვებს.

            იმაზე გაბრაზდა, ყავის ფინჯნის დადგმის შემდეგ ლოტემ კუპიურები რომ გადათვალა.

© არილი

Facebook Comments Box