ოთახის კარი ღია მაქვს, სამზარეულოდან ამოვირბინე, ბრინჯი დავდგი და ვიდრე მოიხარშება, კომპიუტერს ქვევით ჩავიტან, რამეს მაინც მოვუსმენ-მეთქი. ამ ბრინჯის მიტოვება ხომ არ შეიძლება, ან გადმოვა, ან წყალი დააშრება, შეიძლება ორ წუთში ნახშირადაც იქცეს, სულ თავზე დგომა უნდა პატარა ბავშვივით, როგორც დეიდაჩემი მარინე იტყოდა.
რადგან კარი ღიაა, დაკაკუნებსაც აზრი არ აქვს და კაროლი ხუჭუჭა თავს პირდაპირ ყოფს შიგნით. გცალია? – მეკითხება და ტუჩები ებრიცება. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს, როცა ლაპარაკისას გოგოს ტუჩები დაებრიცება, თანაც, როგორ არ მცალია, ბრინჯის საყარაულოდ მივდივარ და ნეტავ კი ვინმე შემომიამხანაგდეს.
– იცი, რა ხდება? – იწყებს და ვეღარ აგრძელებს, დაბრეცილი ტუჩები უშლის ხელს.
– ჩამო, ჩამო, ქვევით ვთქვათ მაგაზე, – ის ბრინჯი არ მშორდება თვალებიდან და კაროლს კიბისკენ ვუბიძგებ.
– მიდი, დაიწყე, – ვეუბნები უკვე სამზარეულოში, თან ვხედავ, ბრინჯს აშკარად წყლის დამატება სჭირდება, ქურასაც ცეცხლის დადაბლება. მერე ორ ფინჯანს ვიღებ, ასკილისა და ანწლის ჩაის პაკეტებს მდუღარეს ვასხამ და მაგიდასთან მიმაქვს.
– იცი, რა ხდება? – და უკვე ყოველგვარი მიბრეცვ-მობრეცვის გარეშე ტირის, – რაღაც ისე არ არის, დისტანცირება იწყება…
– მოიცა, ვინ იწყებს? – ასე ტირილ-ზუზუნით ნათქვამის გაგება სად შემიძლია, პირდაპირ უნდა გადავიდე საქმეზე, – ფილიპს ელაპარაკე?
– ჰო, ფილიპს… – და ტირილს წყვეტს.
ოქროს წესი, რაც კაროლმა ამ ერთი წლის მანძილზე მასწავლა: თუ სწორ კითხვას დასვამ, პასუხსაც სწორს მიიღებ. და ჩემმა პირდაპირმა შეკითხვამ კაროლის ტვინს სწორი სიგნალი მისცა: გარკვევით ლაპარაკი დაიწყე, თუ გინდა ამ შენმა უცხოტომელმა მენელსაცხებლემ დაჭრილ გულზე სალბუნი დაგადოსო. და კაროლმაც დაიწყო…
ფილიპი კაროლის ცხოვრებაში და შესაბამისად, ჩვენს სამეზობლოში, ჯერ კიდევ ზაფხულში გამოჩნდა, კაროლს ეზოში ბოსტნის გაკეთებაში მიეხმარა, მერე სადღაც ტყე-მინდვრებში სახეტიალოდაც დაპატიჟა და აშკარად ეტყობოდა ხანგრძლივი დახმარებისათვის მზადყოფნა.
ფილიპს ჩამოგრძელებული ქერა წვერი, დაკუნთული მკლავები და ცისფრად მოლივლივე თვალები ჰქონდა. აი, ძველ გერმანელ რაინდებზე რაც წაგიკითხავთ, ფილიპი მათი განსხეულება იყო. მაშინ კაროლის გული მარტინს ეკუთვნოდა, ხოლო მარტინი მეზობელი მიწის არცთუ ახლომდებარე ქალაქში სწავლობდა. რაც ნიშნავდა თვეში ერთხელ მის სტუმრობას აქეთ და ერთხელაც კაროლისას – იქით. შუალედებში კი იყო სიცარიელე, ონლაინ საუბარი და კვნესა-კისკისი, მაგრამ მაინც ბევრზე ბევრი დრო. აი, სწორედ ამ დროს ავსებდა ფილიპი.
მაინც რა სჭირდება ოცდაშვიდიოდე წლის ხუჭუჭთმიან არსებას, ფარმაციას რომ სწავლობს და სხეულის სრულყოფისთვის სპორტულ ცეკვებს ეუფლება? რა სჭირდება და – უბის მეგობარი ბიჭი. ასე უხსნიდა კაროლი ფილიპს და ასევე გვიხსნიდა ჩვენც: უბის მეგობარი ბიჭი მჭირდება, აი, ჩვენი ურთიერთობა უბეს რომ არ ჩასცდება, ისეთიო.
ჰო, კაროლ, მესმის, საქართველოში მასეთი მეგობრობა ჩვეულებრივი ამბავია-მეთქი, – ვამშვიდებდი და ვუყვებოდი, საქართველოში გოგოები და ბიჭები არამცთუ უბრალოდ მეგობრობენ, და-ძმადაც იფიცებიან და არაყში ჩათლილი ვერცხლის დალევის რიტუალს ვუხსნიდი.
– ბიჭს თუ შენი უბე მოსწონს, ქვევითაც გაექცევა თვალი, – არ სჯეროდა მარიელს ჩემი აღმოსავლური ზღაპრები, მაგრამ თვალებს ვუბრიალებდი: კაროლის ვარსკვლავი აშკარად რთულ ფაზაში შედიოდა და ჯობდა, ისევ ზღაპრის თანხლებით ემოგზაურა.
ფილიპის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უბის მეგობრის სტატუსს ორ თვეს გმირულად გაუძლო და არც მესამეზე დაიხევდა უკან, ახლა მარტინის ვარსკვლავი რომ არ გადახრილიყო ორბიტიდან. იქნებ ვარსკვლავის ბრალი სულაც არ იყო და მარტინისკენ იმ რომელიღაც შორეულ ქალაქში სულაც უბის მეგობარი გოგო გადაიხარა, ამას ვინ გვეტყოდა, ჩვენ მხოლოდ შედეგს უნდა დავჯერებოდით, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:
– კიოლნში ჩამოსვლა ძალიან მიშლის ნერვებს, მანდ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, ვისთანაც საერთოს ვეღარ ვპოულობ, – გამოუცხადებია ერთ დღესაც მარტინს.
– მაგრამ მე ხომ კიოლნში არ ვცხოვრობ? – უკითხავს კაროლს.
– ჰო, მაგრამ კიოლნთან ახლოს ხარ, ამიტომ მეტად აღარ ჩამოვალ, – დაუზუსტებია მარტინს.
– მარტინ, შენ მიზეზს ეძებ, პირდაპირ მითხარი, რა გინდა? გინდა, რომ დავშორდეთ? – კაროლი რომ ასე ჰკითხავდა, ამაში ეჭვი არავის შეგვპარვია.
– ჰო, შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები, – არც ამ პასუხში შეგვპარვია ეჭვი. ჩვენში დარჩეს და, ის 2 მეტრისა და 2 სანტიმეტრის სიმაღლის მარტინი ერთი დოყლაპია ვინმე იყო. კაროლი მის დასახვედრად დიდის ამბით ემზადებოდა ხოლმე, იმას კიდევ ერთი შოკოლადი არ ჩამოუტანია. ეს ჩემი დაკვირვება იყო და კაროლისთვის არასდროს მიმინიშნებია, მაგრამ მე ხომ ვიცი, ეს საქართველოში რასაც ნიშნავს?
მარტინთან განხეთქილების ამბავი კაროლმა ტელევიზორის წინ, რძედასხმული მიუსლის ჭამის დროს მიამბო, საქართველოდან რომ დავბრუნდი, იმ საღამოს. მარიელი და ტერეზაც იქვე ისხდნენ, ვაშლის პიურეს სვლეპავდნენ და თავებს იქნევდნენ. მარტინი აშკარად უკვე შეჭმულ-მონელებული იყო და ვნებებიც – დამცხრალი, და მე წესით, შეკითხვები აღარ უნდა დამესვა. მაგრამ ეს მათი წილი მარტინი იყო ძვლებამდე დახრული, ჩემს წილს ჯერ კიდევ ოხშივარი ასდიოდა და სულ აჯიკა-ტყემლის სურნელს აფრქვევდა.
– კაროლ, არ გიცდია, კიდევ დალაპარაკებოდი? ასე უცებ რატომ მოუნდებოდა მარტინს შენთან დაშორება, ერთი კვირის წინ ხომ აქ იყო და ყველაფერი კარგად იყო? აკი მწერდი…
– ის აქამდეც მიზეზებს ეძებდა, – სამედიცინო დასკვნასავით დადო ტერეზამ და ტუჩები ლოყებისკენ გაწელა.
– განა სხვა დროსაც რამე თქვა? – შევბრუნდი ისევ კაროლისკენ.
– შორ მანძილზე ურთიერთობას ბოლოს ეს მოსდევს, – ტერეზამ თავის დასკვნას ავადმყოფობის ისტორიაც მიაკრა.
– არაფერი მოიწერა, არაფერი აგიხსნა? – არა და არ მასვენებდა აჯიკა-ტყემლის სუნი.
– კი, მომწერა, – როგორც იქნა, დასცალდა კაროლს პასუხის გაცემა, – აი, ნახე! – და ტელეფონი გახსნა.
არ ვიცი, როგორ უყვებოდნენ პირად ამბებს ერთმანეთს გერმანელი ქალები მე-19 საუკუნეში, ან მეოცეში, ან თუნდაც, 2001, 2, 3, 4, 5, 6 წელს, მე ვიცი, დღეს როგორ უყვებიან: იღებენ მობილურს და სრული თანმიმდევრობის დაცვით, წერტილ-მძიმე-ძახილის-კითხვისნიშან-სმაილიკის აღნიშვნით უკითხავენ სატელეფონო მიმოწერას. კაფეში, ბაღში, გაჩერებაზე, სადგურში, ლექციებს შორის შესვენებებზე, ყველგან ნახავთ ამგვარ სცენას, – ჩამჯდარა გოგო დაქალებში, მოუმარჯვებია ტელეფონი და ლექსივით არაკრაკებს ყოფილ თუ მოქმედ შეყვარებულთან დიალოგს. ყურდაცქვეტილი დაქალები გასუსულები სხედან და ბოლომდე ყლაპავენ ყოველ წერტილ-მძიმე-ძახილ-კითხვისნიშან-სმაილიკს.
რასაკვირველია, მსგავსი ხმამაღალი წაკითხვები ჩვენს საერთო საცხოვრებელშიც იმართება, მარიელი-რემკო, მარიელი-ტომი, მარიელი-მარკი, ტერეზა-ზიმონი, ტერეზა-იანი, შესაბამისად, კაროლი-მარტინიც.
ამჯერად მარტინთან დიალოგი ამგვარი თანმიმდევრობით მიმდინარეობდა მესენჯერში:
21. 08. 2014. 8:33 ანნა კაროლინა ფ:
დილა მშვიდობისა! (მზე)
ახლა მივხვდი… იცი, რა არის სიყვარული? როცა ვიღაც ისეთი მოგწონს, როგორიც არის.
რაღაცები მეორდება იმისათვის, რომ ჩვენ მასთან სწორი დამოკიდებულება ვისწავლოთ. აი, სევდა მიპყრობს იმის წარმოდგენისას, რომ შენ აღარასოდეს გამოჩნდები.
21.08. 2014. 13.45 მარტინ ჰ:
ზუსტად ახლა რაღაცას ვაკეთებ და თავში ყველაფერი არეული მაქვს, არ მაქვს მიწერ-მოწერის განწყობა, შევეშვათ ახლა ამას… თორემ ეს უკვე იძულება იქნება, როგორც ჩემი კიდევ ერთხელ მანდ ჩამოსვლა.
21. 08. 2014. 13:56 ანნა კაროლინა ფ:
ოკეი, თუკი რამის თქმა მოგინდება, მოიწერე.
23. 08. 2014. 3:44 მარტინ ჰ: ბევრი ალკოჰოლი მომივიდა, გულიც ამერია ტუალეტში, ოთხი ქალის თვალწინ, რომლებიც მაღალი არც ერთი ვიღაცა დ ო მართლა შენ
23. 08. 2014. 3:45 მარტინ ჰ: უჰ, რეებს გწერ…
23. 08. 2014. 11:26 ანნა კაროლინა ფ : თავს გაუფრთხილდი. (კოცნა)
24. 08. 2014. 17:51 მარტინ ჰ: ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარია, და შენი მადლობელი უნდა ვიყო, რომ შანსი მომეცა, დავფიქრებულიყავი და საკუთარი თავი შემეცნო. იმედი მაქვს, შენ კარგად ხარ? (სიცილი). საუკეთესო სურვილებით…
დიალოგი დაახლოებით სამი კვირის მერე გრძელდებოდა:
12. 09. 2014. 14:50 მარტინ ჰ: სალამი, ცეკვის პატარა დედოფალო… როგორ ხარ? რა ხდება სტუდიაში? ახალი რა არის?
12. 09. 2014. 15:12 ანნა კაროლინა ფ. : ყველაფერი კარგად მიდის…
12. 09. 2014. 15:34 მარტინ ჰ: მიხარია (ღიმილი)
12. 09. 2014. 15:47 ანნა კაროლინა ფ: მარტინ, რა გინდა?
12. 09. 2014. 15:50 ანნა კაროლინა ფ: ეს ზოგადი ფრაზაა, შეგიძლია პასუხი არ გამცე… მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რისი თქმაც შენ არ შეგიძლია.
12. 09. 2014. 15:54 ანნა კაროლინა ფ: თავს ცოტა ანეკდოტურ სიტუაციაში ვგრძნობ. მე დასაწყისშივე ვთქვი, რა მინდოდა და რა არა. ამის შემდეგ შენ მოხვედი და მკითხე, შეგვძელო თუ არა ერთად ყოფნა. მე მგონი, ამ კითხვაში ყველაფერი იგულისხმებოდა, გარდა უბრალო სექსნაცნობობისა. თქვი ჰო, როცა ჰოს გულისხმობ და არა, როცა არას გულისხმობ. წადი იქითკენ, რაც გინდა და მიიღებ იმას, რაც გინდა.
12. 09. 2014. 15:57 ანნა კაროლინა ფ: შეგეშინდა, რომ ჩვენ შორის სიყვარული არ გაჩენილიყო? მე კარგად ვარ და გარშემო მყვანან ადამიანები, რომლებიც ისეთს მიღებენ, როგორიც ვარ. მათ ჩემი შეცვლა სულაც არ უნდათ, პირიქით, ასეთი მოვწონვარ!
12. 09. 2014. 16:04 ანნა კაროლინა ფ: მე ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს შენში, მათ შორის, არასასიამოვნო მხარეებიც. ჩემთვის ორივე მხარე მნიშვნელოვანია. შეუძლებელია ამის გარეშე. თუ შენ საკუთარ ჩრდილოვან მხარეებს ყურადღებას არ აქცევ?
12. 09. 2014. 16:10 ანნა კაროლინა ფ: What so ever… აი, მე ვცეკვავ… რადგან ეს მომწონს (ღიმილი).
12. 09. 2014. 17:46 მარტინ ჰ: რა უნდა გიპასუხო, აბა? აი, ახლა ვკითხულობ ამას და მართალი ხარ. მე კი ისე პატარად ვგრძნობ თავს შენ გვერდით… შენთვის ყველაფერი ნათელია და ეს ძალიან მაგარია, მე კი ვხედავ, რომ ის ადამიანი ვარ, ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს! როგორ შემიძლია შენს ცხოვრებაში დავრჩე და ის… გავანადგურო? შენ მკითხე, რა გინდაო. მე მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი შევიყვარო. მე ისევ შენ მიერ დასმულ საკითხს ვეხები. მე ყველაფერს თვითონ ვინადგურებ, არ ვაძლევ საკუთარ გულს უფლებას, რომ ბედნიერი იყოს. რასაც ვნატრობ ისაა, რომ შენ კვლავ ჩემ გვერდით იყო, რადგან ჩემზე საოცრად დადებითად მოქმედებ. მაგრამ ეს შენ უნდა გადაწყვიტო, თუკი შეგიძლია საკუთარ თავზე რამე აიღო… აი, როგორც იქნა, გწერ იმას, რაც საცოდავად გამომაჩენდა შენს თვალში… მე მინდა, სკუთარ თავში ჰარმონია ვიპოვო და ძალიან გამიხარდებოდა, თუ ამაში შენ დამეხმარებოდი, თუნდაც მე ვერანაირი პირობა ვერ მომეცა შენთვის. ყველაზე საშინელი ჩემში ისაა, რომ გადაწყვეტილებას ვერასდროს ვიღებ!
12. 09. 2014. 18:19 ანნა კაროლინა ფ: მე არაფერს არ უნდა დამპირდე! საქმე შენ გეხება და ეს შენი პასუხისმგებლობაა. ვერავინ აიღებს ამას თავის თავზე. მაჩვენე, ვინ ხარ. არაფრის დამალვა არ გინდა, თუ ყურადღებით დააკვირდება ადამიანი, შეამჩნევს… ის როლი, რომელიც შენ სექსის დროს მოგწონს, არის შენი სუსტი მხარე, სხვაზე გადაბრალებით შენ მხოლოდ თავს იცავ… შეწყვიტე მონად ყოფნა! შენ საკუთარი გული თვითონ ჩასვი საპყრობილეში… ახლა რომელ გადაწყვეტილებაზე მელაპარაკები?
13. 09. 2014. 07:37 მარტინ ჰ: გუშინ საღამოს კინოში ვიყავი. ჰექტორის მოგზაურობა და ბედნიერების ძებნა… შესანიშნავი ფილმი იყო (შემართული ცერები). ბევრ რამეზე დამაფიქრა. მინდა, ჩემი ბედნიერება მოვძებნო, მაგრამ ამ ძებნაშიც, გზადაგზაც, მინდა ბედნიერი ვიყო. არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე. ჩემს ძებნებში უამრავი მომენტია, რაც მინდა, რომ შენ გაგიზიარო და ეს გამაბედნიერებს.
13. 09. 2014. 07:41 მარტინ ჰ: ბედნიერ დღეს გისურვებ (ღიმილი) და მაპატიე, რომ ამდენი დარდი გაგიჩინე.
13. 09. 2014. 11:35 ანნა კაროლინა ფ: ეს კარგია, მარტინ. ბედნიერება მუდამ არსებობს და ელოდება, როდის აღმოაჩენენ. თუკი ვინმე იტყვის, რომ ეს და ეს გავხდებიო, უკეთესი ადამიანი ვიქნებიო, ბედნიერი ვიქნებიო და ა.შ ეს ნიშნავს, რომ სიცარიელეში ეძებს, ამით მიზნამდე ვერ მიაღწევ. ასე რომ, იმაზე იფიქრე, რომ შენ უკვე იქ ხარ, სადაც გინდა რომ იყო და ვინც გინდა, რომ იყო.
13. 09. 2014. 11:41. ანნა კაროლინა ფ: მარტინ, მეგობრობა უფრო მეტად გულისხმობს ორმხრივობას, ვიდრე სიყვარული. ჩემი გაგებით, ორ თავისთავად ბედნიერ ადამიანს, ორმაგი ბედნიერების განცდა უნდა ჰქონდეს ერთად. ჩვენ წინ ჩვენს სურვილებს მივყავართ. ჩემი გული მეუბნება, რომ კარგად გრძნობს, სად ვარ, რას ვაკეთებ. ადრეც ასე იყო.
13. 09. 2014. 15:53. ანნა კაროლინა ფ: მე ვისურვებდი ადამიანს, რომელიც ამაში მხარს დამიჭერდა. რომელიც ჩემთან ერთად გამოჰყვებოდა გზას. შენ ეს არ შეგიძლია. სწორი ვარ? შენ მამუხრუჭებ. მე შენთვის “ძალიან სწრაფი ვარ”, როგორც ამბობ ხოლმე.
13. 09. 2014. 15:59. ანნა კაროლინა ფ: მე შენ არ გტოვებ… მე მინდა შენთან, მაგრამ არ გამოდის.
13. 09. 2014. 16:33. მარტინ ჰ: პატარა ბავშვს რომ დავინახავ, მასში შენ გხედავ ხოლმე… თვალებს რომ დავხუჭავ, ვხედავ, როგორ მივდივარ შენთან ერთად მინდორში… სწორად ამბობ, მე შენ გამუხრუჭებ. მე საკუთარ თავსაც ვამუხრუჭებ. მე ვიცი, რომ შენ ქონიგსვინთერში დარჩები, მე კი აქ ვიქნები. ამას მივხვდი, შენგან რომ წამოვედი და ამას პატივს ვცემ. როცა კი ვწვები, შენს ბედნიერებაზე ფიქრს ვიწყებ, იმის თქმაც კი შემიძლია, როგორ წარმომიდგენია ის… ახლა შენ უკვე ჩემს გარეშე გააკეთებ ამას. მე შენი დამუხრუჭება არ მინდა, მხოლოდ ის მინდა, რომ იცოდე, თუკი დაგჭირდები, მუდამ აქ ვიქნები. შემიძლია თუ არა, ანდა მინდა თუ არა, შენს გვერდით რაიმე როლი მქონდეს? არ ვიცი… ამას დრო გვიჩვენებს. მე არ შემიძლია თქმა, რა მოხდება. ახლა შევეცდები, აზრები მოვიკრიბო. ვიცი, რომ არავის დამჭერი არ ვარ, ჩვენ თვითონ მოვძებნით ერთმანეთს, თუკი დაგვჭირდება. შენზე არ ვბრაზობ. წადი და აჩვენე სამყაროს, რა საოცარი ადამიანი ხარ! და თუკი ოდესმე დაგჭირდება, ვინმეს საკვებზე ეკამათო, უკვე იცი, ეს ვისთანაც გამოგივა ყველაზე უკეთ (სიცილი).
13. 09. 2014. 16:38. მარტინ ჰ: მე არასდროს მითქვამს, რამხელა პატივისცემას და აღფრთოვანებას ვგრძნობ შენ მიმართ. შენ ჩემი ცხოვრება გაამდიდრე და ამისათვის მადლობას გიხდი.
17. 09. 2014. 13:48. მარტინ ჰ: გამარჯობა, კაროლ, პარასკევს მშობლებთან მივდივარ, შაბათ-კვირას იქ გავატარებ და მაინტერესებს, საღამოს სახლში ხომ არ იქნებოდი, ვიდრე საბოლოოდ დავშორდებოდეთ, კიდევ ერთხელ გნახავდი და იმ შენს ნივთებსაც გადმოგცემდი, ჩემთან რომ გქონდა დატოვებული… კეთილი სურვილებით (ღიმილი).
იმ საღამოს მარტინი ძვლებიანად დავხარით, თავიც გავუჩეჩქვეთ, ტვინიც ამოვწოვეთ. ყველა ცოდვა გავუხსენეთ, ერთმანეთს არ ვაცლიდით: “ისე შემოაწყობდა ხოლმე თავის ოჩოფეხებს მაგიდაზე, ვერც კი გვამჩნევდა, რომ აქ ვიყავით”! “და წინდა რომ მუდამ თითგამორღვეული ეცვა? არც რცხვენოდა!” ”შეეძლო, სამი დღე გასულიყო და არ ებანავა!” “ხორცის ჭამასაც რომ გაიძულებდა?” “საჭმელის ხარისხს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, მისთვის სულ ერთი იყო, რას ჩაუძახებდა მუცელში”! “მთელ ქვაბ რაგუს ნთქავდა!” “მეგობრებს იმიზეზებდა, რეალურად კი ისინიც ფეხებზე ეკიდა”! “მშობლებიც არ გაგაცნო, არა? ერთხელ არ მიუწვევიხარ იქ”! “ან საერთოდ სადმე მიგიწვია? სულ შენ ეპატიჟებოდი, კონცერტის ბილეთებიც კი შენ იყიდე!”, “არც იმაზე უფიქრია, იქ ჩასვლა რა გიჯდებოდა”! “ჟმოტი”, “ნეხვი”, “სულელი”, “მატყუარა”, “პროჭი”, “მსახიობი”, “ორპირი”, – იფრქვეოდა ეპითეტები მარტინის მიმართულებით. მაგრამ მთავარი, რაც კაროლმა პირველად გაამხილა და რაც ტერეზამ და მარიელმა ჯერ არ იცოდნენ, ეს მარტინის სადო-მაზოხისტური ფანტაზიები იყო.
– პორნო ფილმების ყურება ამახინჯებს ადამიანის ფსიქიკას, – დაწყო კაროლმა, ძველ რიტორთა მსგავსად, შესავლით და იქვე შეკითხვაც მოაყოლა: – როგორი სექსია ამ ფილმებში? სექსი კონტაქტის გარეშე – პარტნიორები ერთმანეთს არ ეფერებიან, ხელები საერთოდ არ ფიგურირებს, თითქოს არც ქალს აქვს ხელები და არც კაცს, და რომ დააკვირდე, ეს არის ტიპური ძალადობა, თანაც ისე ნაჩვენები, ვითომდაც ქალი ძალიან ბედნიერია.
როცა კაროლი რაღაცას სერიოზულად გვიხსნის, ცალ თვალს ცოტათი აელმებს ხოლმე.
– მარტინმა ბევრ ასეთ ფილმს უყურა და რატომღაც ფიქრობს, პარტიორთან თვითონაც ისე უნდა მოიქცეს, როგორც იქ ნახა, – დაასრულა ბოლოს.
– პორნო-ფილმებს ყველა უყურებს, აბა რა ქნან, ვისაც პარტნიორი არ ჰყავს? – იკითხა მარიელმა.
– ოდესღაც საერთოდ არ არსებობდა არც კინო და არც ტელევიზორი, მითუმეტეს -კომპიუტერი.
– ვა, ჯანდაბა! – მარიელს ამაზე ნაფიქრი საერთოდ არ ჰქონდა, – რას აკეთებდნენ ადამიანები მაშინ, როცა კინო და ტელევიზორი არ არსებობდა?
– 16 წლისები ქორწინდებოდნენ და 12 წლისებს ათხოვებდნენ, – ამომაქვს საკუთარი ქვეყნის არქივიდან და დაიწყო წივილი: სათითაოდ ვცდილობდით, გაგვეხსენებინა, როგორები ვიყავით 12 წლის ასაკში. ჩაბჟირებამდე მივედით ლამის, რომ უცებ კაროლს წამოსცდა:
– მე მგონი, მარტინი ახლაც 12 წლისაა.
აქ ტერეზამ კიდევ ერთ დასკვნას მოაწერა ხელი და ბეჭედი დაასვა:
– თუკი 20 წლის ასაკში ისევ 12 წლის ხარ, 30 წლისაც თორმეტისად დარჩები.
მაგრამ რას ნიშნავს 12 წლის? ახლა ეს მქონდა დასადგენი.
– კაროლ, რატომაა მარტინი ისევ 12 წლის? – ვეცადე, იმ დაელმებული თვალისთვის გამესწორებინა მზერა, ანუ, მეც ცოტა გვერდულად გამეხედა.
– ბავშვივით თამაშობს ისევ და იმიტომ, – ცოტა შეყოვნდა და დაამატა, – სადო-მაზოხისტურ თამაშებს.
– მოიცა, ეგ რას ნიშნავს? – უცებ დასერიოზულდა მარიელი, მისი სექსუალური თავგადასავალი ხომ ჯერ კოცნას არ გასცილებია…
– წვალება უყვარს, აი, პატარა ბავშვები რომ ცხოველებს აწვალებენ ხოლმე, შეუძლია დაგაბას და ასე დაგტოვოს რამდენიმე საათი, ანდა, ხელფეხშეკრული გათრიოს…
უცებ დავმუნჯდით. და აქამდეც ხომ არ იყო ტელევიზორი ჩართული და არც ჩაიდანი შიშინებდა, მაგრამ ახლა ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, დიდი ხნის გაუღებელ სარდაფში რომ იცის ხოლმე.
წარმოვიდგინე კაფანდარა, 160 სანტიმეტრი სიმაღლის კაროლი, ხელფეხშეკრული, რომელსაც ოტროველა მარტინი ოთახში დაათრევს, როგორც წუნკალი ბიჭი – კატის კნუტს და მთქმელიც რომ არა ჰყავს გარშემო: ეტკინება, შვილო, მაგასაც სული აქვსო…
არ ვიცი, გოგოები რამდენ ხანს დარჩნენ კიდევ დივანის წინ დაფენილ ხალიჩაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ვაშლის პიურეს ცარიელი ქილებით ხელში, ან კიდევ რაზე ილაპარაკეს. მე ვეღარ გავჩერდი, ჩემს ოთახში მინდოდა, უფრო მეტიც, საწოლში, საბნის სირბილე და სითბო რომ მეგრძნო, როგორც ბავშვობაში, რამეს რომ ვიტკენდი და ბებოს ხელში აყვანილი მივყავდი ლოგინისკენ, მოდი ახლა და ჩვენ ეს წიგნი წავიკითხოთო…
რამდენიმე დღე დამჭირდა, რომ კაროლისთვის მეკითხა, თუკი შენთვის მარტინთან ყოფნა ასეთი ტანჯვა იყო, მაშინ რაღად მიდიოდი-მეთქი მასთან? და კაროლსაც დიდხანს დასჭირდა ფიქრი, ვიდრე პასუხს გამცემდა:
– ყოველ მისვლაზე იმედი მქონდა, რომ სხვანაირი დამხვდებოდა.
– მაგრამ, კაროლ, ადამიანები ხომ არ იცვლებიან?
– ვიცი და არც უნდა ვეცადოთ, რომ ვინმე შევცვალოთ…
– და მაშინ რატომღა მიდიოდი? ის თვითონ დაგშორდა, თორემ შენ ისევ მასთან იქნებოდი ხელფეხშეკრული.
– იცი, რას ვფიქრობდი? ის ხომ ხედავს ჩემს ტანჯვას და ერთხელაც იქნება, შერცხვება-მეთქი…
– არა, თვითონ რომ არ წასულიყო, რა უნდა გექნა? – ძალიან მაინტერესებდა ამ ფენომენის ამოხსნა და აღარ ვჩერდებოდი, – სადისტი ადამიანი ეძებს მაზოხისტს და მანაც აი, გიპოვა, ადამიანი, რომელიც ითმენდა და არაფერს ამბობდა.
– მე ვფიქრობ, პრობლემა ჩემი შიში იყო, – მპასუხობს და ვხვდები, ამაზე ბევრი აქვს ნაფიქრი, – მე რომ არ შემშინებოდა, ის ამდენს ვერ გაბედავდა. მთავარი პრობლემა ყოველთვის შიშია. მე თუ აღარ შემეშინდებოდა, მის შეჩერებასაც შევძლებდი.
– გამოდის, რომ საკუთარ თავს ცდიდი?
– ჩვენ ხომ სიძნელეების გადალახვით ვიზრდებით, არა? მარტინთან მე ეგ სიძნელე ვერ გადავლახე, ანუ გამოცდილება ვერ შევიძინე და თუ კიდევ შემხვდება მსგავსი ადამიანი, იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები, ისევ გამიჭირდება ფსიქოლოგიურად და ისევ ვერ მოვახერხებ თავის დაცვას.
ამის შემდეგ კაროლი ტერეზას მიერ სააბაზანოში დაყრილ ტანსაცმელს მიუბრუნდა, რაზეც ჩემი აზრი ორივემ იცოდა, ამიტომ აღარ ჩავრეულვარ. ვიჯექი და ვფიქრობდი შიშზე, რაც ოდესღაც ჩემი შეცდომების სათავე გამხდარა და სიძნელეებზე, რომლებიც განა იმით დავძლიე, რომ შიშს ვაჯობე, არამედ – გაქცევით ვუშველე თავს…
და ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ვატრიალებ გონებაში ახლა, როცა აცრემლებული კაროლი სამზარეულოში ზის და ანწლის ჩაის სვამს, მე კიდევ ვცდილობ, არც ბრინჯი დავწვა და არც ქვაბი და თან კაროლსაც მოვუსმინო, რომელსაც ახლა უკვე ფილიპზე აქვს სატირალი და სავიშვიშო.
ფილიპმა მარტინის ამბები ეჭვადაც არ იცოდა. კაროლთან უბის მეგობრობას განაგრძობდა და ძველმანების ბაზრობაზე მასთან ერთად სიარულს აგრძელებდა, რომ ერთხელაც კაროლმა მისწერა:
“ფილიპ, ხომ ვიცი, რომ მოგწონვარ, რატომ არ გინდა, გამიმხილო”?
პასუხად მოვიდა: “რა უნდა გაგიმხილო?”
“მე მინდა, რომ ხუთივე გრძნობით შეგიცნო,” – კაროლმა კითხვა გვერდზე გაატარა და თავისი განაგრძო.
ფილიპი სავარაუდოდ, ან დაიბნა, ანდა, დააცადა, კაროლს ბოლომდე გაეცა თავისი თავი და გულუბრყვილოდ იკითხა: “რომელი ხუთი გრძნობით?”
“შეხებით, ხედვით, სმენით, ყნოსვით, გემოთი,” – ჩამოუთვალა კაროლმა ხუთივე რეფლექსური გრძნობა. ამას ფილიპის მხრიდან ერთდღიანი დუმილი მოჰყვა.
– კაროლ, ეგ როგორ მისწერე, ხომ იცი, ეგ რასაც ნიშნავს? – წავიშინე ხელები თავში და კინაღამ მასაც ვწვდი იმ კაწაწა თმებში.
– თუ ადამიანს პირდაპირ არ ეტყვი, რასაც გრძნობ, ირიბად ნათქვამს ისიც ირიბად გაიგებს! – არ დამითმო კაროლმა.
ჯანდაბას, ვფიქრობდი, საქართველო ხომ არ არის, ”შორით ტრფობა, შორით ალვა”, მაგრამ ეს ფილიპიც რომ მთელი დღეა ხმას აღარ იღებს?
და ახლა მე ვწერდი ლექციებს შორის შესვენებებზე: “პასუხი მოვიდა”? “რაო ფილიპმა”? “კიდევ არ იღებს ხმას?” თან გულში ვთათხავდი ამ თავქანქარა გოგოს და თან გამხნევებას ვცდილობდი: “აცალე, მოგწერს”… ხანაც შეგონებას ვაყოლებდი: “იცოდე, შენ არაფერი მისწერო”, “იცოდე, არ აჩქარდე” !
პასუხი მეორე დღეს, საღამოსპირზე გახდა ცნობილი. იმ ღამეს სავსემთვარეობა დგებოდა და ფილიპმა კაროლი ძველ ციხე-კოშკზე დაპატიჟა, სავსე მთვარეს ერთად შევხედოთო.
კაროლმა ეს მიწვევა საჯაროდ და ხმამაღლა წაიკითხა ტელევიზორის წინ, რასაც ჩემი ტაში და მარიელის კომენტარი მოჰყვა: “მაშ, ხვალ დილით ფილიპთან ერთად გვისაუზმია!”
ვისაუზმეთ კიდეც. მარიელმა რა, დილაუთენია გაიქცა კიოლნში იმ თავის კოლეჯში, ფილიპთან საუზმის გაზიარების რიტუალი მე მხვდა წილად და პატივად. ამის შემდეგ ფილიპთან საუზმე ჩვეულებად გვექცა, მარტინის შოკის შემდეგ ცოტა გული დავიწყნარეთ და ახლა ზის ეს აქ და ისევ ქვითქვითებს.
– რა მოხდა აბა, იჩხუბეთ რამეზე? – ვეკითხები.
– მას უნდა, რომ შემცვალოს! არავის აქვს უფლება, შემცვალოს! – მპასუხობს უკვე ქვითინით.
– რას ნიშნავს შეგცვალოს, მოიცა, ვერ ვიგებ, ნუ ტირი, ვერ ვარჩევ სიტყვებს, როცა ტირიხარ! – მართლა ვერ ვარჩევ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნათქვამს და ძალია?
კაროლი თავს აიძულებს, ყელში გაჩხერილი ცრემლის ბურთი როგორმე სიტყვებად აქციოს:
– ფილიპმა თქვა, კინოში წავიდეთო. მე ვუთხარი, მაშინ გავიპრანჭები, კაბას ჩავიცმევ და პომადასაც წავისვამ-მეთქი. ამაზე გადაირია, ვის უნდა გაეპრანჭო, ვისთვის უნდა წაისვა პომადაო? მას არ აქვს უფლება, რამე ამიკრძალოს! არავის აქვს უფლება, ამიკრძალოს ის, რაც მინდა!
– კაი, რა, კაროლ, პომადაზე როგორ ტირი?
– ეს პომადა არ არის მხოლოდ, ეს აკრძალვაა!
მე ხომ მივეჩვიე კაროლისგან სიურპრიზებს, მივეჩვიე, მის არასტანდარტულ, განსხვავებულ აზრებს, მივეჩვიე, რომ კაროლმა რაღაც, ჩემთვის მანამდე შეუმჩნეველი, ანდა, დაგმანული სარკმელი უნდა გამიღოს და სადღაც, უცნობ ინტერიერში გამახედოს. მე თავის დროზე ასე ამიკრძალეს თვალების შეღებვა, იმ მიზეზით, რომ არ მიხდებოდა. იქნებ ძალიანაც მიხდებოდა, მაგრამ ფაქტია, ოჯახური ალიაქოთი თვალის ფანქრის გამო არ ამიტეხავს, ჩავაგდე უჯრაში და გადავატრიალე გასაღები. მოკლე და გრძელი კაბების ამბავიც მახსოვს, ჩემს სამეგობროში დატრიალებული, ის კი არა, პალტო-ქურთუკისაც, მაღალი და დაბალი ქუსლისაც, ”ეს ფერი არ გიხდება, ის ფერი ჯობია”-ც, ”ზღვაზე დასვენება კი არა, მთაში სჯობს”, ესეც: ”და ბავშვს თუ მამაჩემის სახელს არ დავარქმევთ, სანათესაო მოგვემდურება”, ესეც! მახსოვს დაბოღმილი გულებიც და და ჩაღუნული თავებიც, მახსოვს სამეგობროს შეძახილიც: “კაი, ახლა, კაბის სიგრძის გამო გული როგორ უნდა დასწყვიტო ადამიანს, ამისთანა ქმარი გყავს?!” მაგრამ მაინც, კაროლის საქციელში სულ სხვა მიზეზს ვეძებ, ვერ ვიჯერებ პომადაზე ატეხილ ისტერიკას. უცხო კულტურაში ჩაღრმავებას ქალური ინტუიცია უსწრებს წინ და კაროლიც მოთქმას აგრძელებს:
– ფილიპმა ისიც ვერ გაიგო, პომადას რატომ ვისვამ! როცა ქალს პარტნიორი ჰყავს, რასაკვირველია, მისთვის იპრანჭება. საერთოდაც, იცი, რისი ნიშანია წითელი პომადა? ქალს უნდა, რომ აკოცონ!
აჰა! ძაღლის თავიც გამოჩნდა, მაგრამ პარალელურად წითელპომადიანი ქალების ლაშქარი მიდგება თვალწინ, გერმანიისგან განსხვავებით საქართველოში რომ ყველანაირ სივრცეს ავსებენ, ღიას თუ დახურულს, პირადს თუ საჯაროს. და პირველად ვფიქრდები, რას ამხელენ ამით უნებლიეთ? ეს დაუკმაყოფილებელი ვნებების აღმნიშვნელია, თუ მარტივი აღმოსავლური თამაში? ნუთუ ყოველი მათგანის ქცევას მამაკაცისადმი სურვილი განსაზღვრავს? ნუთუ წითელი პომადით დღემდე ვიძლევით რამე ნიშანს? და თუ ვიძლევით, რას ვიღებთ პასუხად?
ვხედავ, რომ ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა არაფერ შუაშია, პირდაპირ ვეკითხები:
– კაროლ, გამოდის რომ კოცნა არ გყოფნის?
კაკალგულში ვარტყამ!
– არა, არა, არა! – იქნევს ხუჭუჭა თავს და ქვითინებს, არაფერიც არ მყოფნის. არც კოცნა, არც სექსი, არც სიყვარული!
– და ეს როდის აქეთაა, რომ არ გყოფნის? – და გულში ვამატებ, გეუბნებოდი, შვილო, ნუ აჩქარდები-მეთქი! ევროპა არა, იხვი, ყველა კაცი ერთნაირია!
– მისთვის საკმარისია, რომ სექსი გვაქვს. თითქოს ეს იყოს ერთადერთი, რაც შეიძლება რომ გავიზიაროთ. მე კი ეს არ მინდა, კრეატივი მინდა მასთან!
– რატომ მხოლოდ სექსი, აგერ, კინოშიც ხომ მიდიხართ?
– კინოში? ეს მას უნდა კინოში წასვლა, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს ვუყუროთ, ჩვენ უნდა ეკრანს ვუყუროთ! ჩვენ მხოლოდ კონსუმერები ვართ, არაფერს არ ვქმნით ამით!
ვაჰ! მახსენდება ჩემი სტუდენტობა, კინო “რუსთაველის” ბოლო რიგი, რიგში – შეყვარებული წყვილები და ვცდილობ, კაროლს გამოცდილება გავუზიარო:
– კინოში კოცნაობაც კარგია, თან თუ ბოლო რიგის ბილეთებს აიღებთ!
პასუხად კაროლს სახე ეჯღანება:
– ეს ჩემთვის ჰოლივუდია! წყვილები კინოში…
ერთი “ფუჰ” არ უთქვამს, თორემ მთელ ჩემს სტუდენტურ რომანტიკას სანაგვეში გადაუძახა! მაგრამ მე ხომ სწორედ ამ ქართული რომანტიკით ვარ ნაკვები, საზოგადოების ყოვლისგამკილავ თვალს გაპარებული კინოში კოცნაობის რომანტიკით? კაროლი ფიქრობს, რომ კინოში სიარული თეთრი ეკრანის ცქერაა მხოლოდ?
– ელაპარაკე მას! – ვამბობ უნებურად.
– რა? – მეკითხება კაროლი.
– ფილმია ასეთი. პედრო ალმადოვარი გაგიგია? – გოგო კომაშია, მაგრამ ბიჭი მაინც ელაპარაკება, სიტყვა ხომ მარცვალია, რომელიც ხნულში თუ მოხვდება, აუცილებლად გაღვივდება… – ახლა სიუჟეტს რა მომაყოლებს, უნდა საქმიანად მოვჭრა:
-კაროლ, თუ ფილიპს არ ეტყვი, რომ მეტი სექსი გჭირდება, ის ვერ გაიგებს და სულ ასე გატარებს კინოში. შენ კიდევ, კინოში სიარული პომადის წასმა გგონია, რაც ფილიპს არ მოსწონს! მაგრამ ის რომ ხშირად გკოცნიდეს, წითელი პომადაც ხომ აღარ დაგჭირდებოდა? და ფილიპიც მშვიდად იქნებოდა, არა? ჰოდა, როგორც მე ამიხსენი, ასე აუხსენი იმასაც, რა გინდა და რა არა!
კაროლი, ეს ყოვლისმცოდნე და ყველაფრის მცნობი კაროლი პირველად იბნევა ჩვენი ნაცნობობის ერთი წლის თავზე:
– ამას რა ახსნა უნდა, ეს ხომ თავისთავად არის ცხადი? შეიძლება, ასეთი წვრილმანების ახსნაზე დახარჯოს დრო ადამიანმა?
არ ვიცი, მოთმინების ძაფი რამ გამიწყვიტა, ცოტა, მგონი, შეურაცხყოფილადაც ვგრძნობდი თავს, ის ჩემი სტუდენტური რომანტიკა რომ ჰოლივუდს შემიდარა, თან ძალიან მშიოდა უკვე, ბრინჯიც მოიხარშა და სტაფილო უნდა ჩამეშუშა ახლა, იმ ბრინჯისთვის რომ მიმეყოლებინა და ცოტა უხეშად ვეუბნები:
– კაროლ, ებოლას პრობლემას შენ ვერ გადაწყვეტ, ვერც სომალელი ბავშვების შიმშილის საკითხს, ერთადერთი რაც შეგიძლია, ეს ფილიპთან ლაპარაკია, ჰოდა….
კაროლი მშვიდდება, შესაძლოა, ინტონაციაშიც შემატყო რაღაც, თუმცა გერმანული ენისთვის ესოდენ აუცილებელი “გეთაყვას” თქმა ჩემს ლექსიკაში ისედაც არ ზის, მაგრამ ფაქტია, ზუზუნს წყვეტს, თუმცა კი, ბოლო სიტყვას მაინც თავისად იტოვებს:
– მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და არავის მივცემ უფლებას, ჩემი შეცვლა სცადოს, არც ფილიპს!
კაროლი ამას გერმანულად და თავდაჯერებით ამბობს, მე კი ქართულად და შიშნარევად ვფიქრობ: “დაკარგავს ეს იმ ბიჭს”… მე ხომ მხოლოდ შიში მაქვს ნასწავლი, შიში და დათმობა, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც კაროლი ცხოვრობს, საკუთარი აზრი მეტად ფასობს, მეტად და ძვირად, თითქოს მისთვის დაეწეროს იმ დალოცვილს “თუ შენი თავი თან გახლავს, ღარიბად არ იხსენებიო”, ჩემთვის კი ვიღაცას თვალზე ხელი აეფარებინოს, ანდა, სულაც წიგნიდან მაინცდამაინც ის გვერდი ამოეხიოს, ეგ რომ ეწერა…
© არილი