სოსო ტაბუცაძე
მშვენიერ თარგმანთკონა
გოეთე. მგზავრის ღამეული სიმღერა. რედაქტორი გურამ ჭოხონელიძე. თბილისი 2002.
ერთი საინტერესო წიგნი გამოვიდა “გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის გაერთიანების” გრიფით. “საინტერესო”, ამ შემთხვევაში, პარაზიტი სიტყვა არ არის. იგი შეიძლება “ორიგინალურის” სინონიმად გამოდგეს.
ერთი სიტყვით, ეს წიგნი მშვენიერი ორიგინალური იდეის მშვენიერი რეალიზება გახლავთ და თუ მას კიდევ ერთ “მშვენიერს” მივუმატებთ, მივიღებთ შემდეგ აზრს (რომელიც ამ ოპუსის ნომერ პირველ წინადადებაში შეიძლებოდა “ჩადებულიყო”): გოეთეს ერთი ლექსის ქართული თარგმანების ერთად თავმოყრის მშვენიერი იდეის და ლამაზი “ტაშენბუხის” ტიპის მშვენიერ წიგნად გამოცემის ავტორი და აღმასრულებელი გახლავთ მშვენიერი გერმანისტი გურამ ჭოხონელიძე. ამ ჩვეულებრივი აზრის გამოსახატავად “მშვენიერების” მთელი მარაგი იმიტომ კი არ გავხარჯე, რომ ჩემი ახლობელი კაცი მექო, არამედ იმისთვის, რომ თვითმხილველის პოზიციიდან აღმენიშნა, თუ როგორი რუდუნებით კრებდა გურამი “მგზავრის ღამეული სიმღერის” ქართულ თარგმანებს. უფრო ზუსტად, მან შეკრიბა ის, რაც უკვე ბეჭდურად არსებობდა; ყველაფერი მოიძია და შეკრებილს მიუმატა ის, რაც მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობდა გერმანისტ მთარგმნელთა თუ პოეტთა საწერი მაგიდის უჯრა-ლაბირინთებში და, რაც ყველაზე მთავარი თუ მნიშვნელოვანია, – ლექსის ხელახლა თარგმანების იდეა გადასდო რამდენიმე საინტერესო (წაიკითხე: კარგ!) მთარგმნელს და “ჭოხოს” ენთუზიაზმის ლოგიკური დაგვირგვინებაც ხელთა გვაქვს წიგნის სახით.
მთარგმნელთა სიას მხოლოდ იმიტომ შემოგთავაზებთ, რომ წარმოიდგინოთ გოეთეს ამ შედევრის ქართულ სივრცეში ცხოვრების დრო-სივრცული მასშტაბი. ჯერ ისა ვთქვათ, რომ თუ ამ ჩამონათვალს ერთ მთლიანობად წარმოვიდგენთ, იგი შეიძლება ასეც დავასათაუროთ: “გრიგოლ ორბელიანიდან ირმა შიოლაშვილამდე”. აი, როგორ შეახვედრა წინაპრები და ჩვენი ლამაზი და გულის წარმტაცი თანამედროვენი გოეთეს საკულტო ტექსტმა “Wanderers Nachtlied”. ლექსი, საერთოდ, უსათაუროა და “მგზავრის მწუხრის სიმღერად” დასათაურება მისმა ერთგვარად იდუმალმა ბუნებამ განაპირობა. იდუმალება იდუმალებად, მაგრამ რეალობასთან რომ ახლოს აღმოვჩნდეთ, ერთი ფაქტიც უნდა გავიხსენოთ: გოეთეს ამ სათაურით აქვს სხვა ლექსი და სწორედ მას ჰქვია “Wanderers Nachtlied”. ამას მოჰყვება ტექსტი პირობითი სათაურით “Ein Gleiches”. ანუ “ამისდაგვარი”, “მსგავსი”. ე.ი. “იმ” ტექსტის სათაურის ექსტრაპოლირება მოხდა “ამ” ტექსტებზე და სწორედ ამიტომაა, რომ ეს ორი ტექსტი გარკვეული ტრადიციის მიხედვით ერთმანეთის მიდევნებით იბეჭდება. “გარკვეულს” ვამბობ იმიტომ, რომ არ ვიცი ეს საყოველთაოდ ასეა თუ არა. ყოველ შემთხვევაში ასეა ტრუნცის (Erich Trunz) აკადემიურ გამოცემებში და იმ ტექსტს, რომელსაც “Wanderers Nachtlied” ჰქვია, იწყება ასე: Der du von dem Himmel bist./ Alles Leid und Schmerzen stilles”…
ერთი სიტყვით, დაინტერესებული მკითხველი ამ საკითხს ჩემზე უკეთ გაარკვევს, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი მთარგმნელებიც ამ გავრცელებული სათაურის ვარიანტებს გვთავაზობენ: “მთანი მაღალნი”, “მგზავრის სიმღერა”, “მოგზაურის ღამის სიმღერა”, “სიმღერა მგზავრისა”, “მგზავრის მწუხრული სიმღერა”, “მოხეტიალის ღამის სიმღერა”, “მოგზაურის ღამეული სიმღერა” და ა.შ.
გრიგოლ ორბელიანისეული თარგმანი დაბეჭდილია 1865 წელს “ცისკრის” პირველ ნომერში და იგი შესრულებულია “ლერმონტოვიდამ”; ე.ი. ამ შემთხვევაში მაშუალ ენად რუსული გვევლინება, რაც ჩვენი მთარგმნელობითი პრაქტიკისათვის, როგორც ჩანს, არც იმ დროისათვის და არც მოგვიანებით უცხო არ ყოფილა. თვით ამ პრაქტიკის ღირსებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ტრაექტორიით შემოსული გოეთეს ლექსი ნამდვილად კარგად იკითხება ქართულად: მთანი მაღალნი, /მიმშვიდებულნი / ღამისა ბნელში მიეცნენ ძილსა; / მყუდრონი ველნი, / ტკბილსაყნოსელნი, / გულს უგრილებენ შრომით ძლეულსა./ და ა.შ.
კარგობისა კი ვთქვი, მაგრამ ეს რვასტრიქონიანი ლექსი გრიგოლ ორბელიანთან ნამეტანი დაგრძელებულია და ნათქვამი რომ საყვედური არ გამომივიდეს, რედაქტორის წინათქმაში მოტანილ შოპენჰაუერის სიტყვებს მოვიშველიებ: “ლექსის თარგმნა შეუძლებელია, იგი მხოლოდ შემოქმედებითად ხელახლა უნდა შეიქმნას, მაგრამ ყოველთვის კამათის საგნად დარჩება”. ჭოხოს კამათის საგანი არასოდეს ელევა, მაგრამ ამჯერად შეკამათების საუკეთესო ფორმისთვის მიუგნია და ლექსის ხელახალი თარგმანებისთვის მიუყვია ხელი; თანაც ერთი კი არა, ექვსი თარგმანი თუ ექვსი ვარიანტი შემოუთავაზებია. ძალა და გამოცდილება არც სხვა მთარგმნელებს დაუშურებია და ისინიც გოეთესთან მიახლების რამდენიმე ნიმუშს გვაცნობენ. ასე რომ, ქართველი მკითხველი გოეთეს ამ ემბლემატური ტექსტის სრული ფუფუნების მფლობელია, მაგრამ არჩევანის სირთულეც მისივე დასაძლევია და აქ უკვე ყველა გზა გემოვნებასთან მიდის. გემოვნება კი ჩვენში გალაკტიონის მიერაა ნაწრთობი და მისი პოეტური უნარი 1915 წელს შესრულებულ “მგზავრის სიმღერის” თარგმანშიც ლაღად იშლება: სიმშვიდეში თვლემს / მწვერვალები მთის, / ქარი არა სცემს, / ფოთოლი არ თრთის; / მოსვენების ჟამს / მისცემია ტყეც, / მოითმინე წამს, / მოისვენებ შენც.
გოეთეს შედევრთან დაკავშირებით ეგონ ადერჰოლდი წერს, რომ მოგზაურის მზერა “აღწერს” სპირალს – მთის მწვერვალიდან ხის კენწეროებამდე და ფრინველებიდან საკუთარ მე-მდე, ზუსტად ასევე მოდის ხმა: გარედან შიგნით. ეს არის რაღაცნაირი დაშვება, ნარნარი, ლბილი გადასვლა გარე ხედვიდან შინაგანზე. ლექსს არ “ბოჭავს” ტროპული მეტყველება, მეტაფორათა კასკადი ან რაიმეგვარი სიმბოლიკა. ის კი არადა, იგი არცაა აღწერითი, ანუ მწუხრის სიმშვიდეს კი არ აჩვენებს, არამედ თვითონ იქცევა სიმშვიდედ. როგორც გურამ ჭოხონელიძე აღნიშნავს, – თვით ლექსის ენაა სიმშვიდე… მწუხრის პეიზაჟი, რომელსაც თვალს მოავლებს მოხეტიალე კაცი და მის სიმშვიდეში ჭვრეტს საკუთარ წარმავლობას, რომელიც, ერთხელაც იქნება და, ეწვევა მის გატანჯულ სულს. ბუნება არა მხოლოდ გრძნობათა ორგანოებით აღიქმება, არამედ ადამიანის სულიერ განზომილებასაც უკავშირდება; მთის მწვერვალიდან ხის კენწერომდე, ფრინველებამდე და ბოლოს – ადამიანამდე გაბმულ უხილავ ძაფებზეა ასახული გოეთეს ეს პოეტური ნიმუში. დაბოლოს, რედაქტორისავე შენიშვნით, – გოეთეს ამ ლექსს შელოცვის მაგიური ძალა აქვს, რომელიც გამშვიდებს, გაწყნარებს, მაგრამ არ გადუნებს და მელანქოლიაში არ გადაყავხარ.
აი, როგორი სამყაროს გადმოღების დილემის წინაშე იდგნენ ქართველი მთარგმნელები… და რახან “მთარგმნელი” ვახსენე, აუცილებლად მინდა ყურადღება მივაქციო ქალბატონ ნელი ამაშუკელის მიერ ზეპირად მოწვდილ გაბრიელ ჯაბუშანურის მიერ შესრულებულ თარგმანს, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, მისი საკუთარი პოეზიის ათინათიც დასთამაშებს: ბინდი დაესევადა / მწვერვალებსა მთისასა / და არ ისმის სიმღერა / არც ერთ ფრინველისასა. / სიო ფრთას სცემს ტრამალებს, / სირი არ ძრავს ენასა / მოითმინე და მალე / მოისვენებ შენაცა.
რადგან მთისკენ გამექცა ყურადღება, ვიტყვი, რომ საგულისხმო ლიტერატურულ ფაქტად მესახება ეთერ თათარაიძის თარგმანი, რომელიც კიდევ ერთხელ მიდასტურებს ბანალურ აზრს, რომ თარგმნა და შემოქმედება ტყუპები არიან. ოქტავიო პასი ამბობს, რომ “ისწავლო ლაპარაკი, ეს იგივეა, ისწავლო თარგმნა”-ო. რა ენაზეც და დიალექტზეც ისწავლა ეთერომ ლაპარაკი, იმავე ენაზე აამეტყველა გოეთეც: წკვარამში დგენან მთა, მთის მწვერვალებ, / სიბუქა სიოი ხფიავ ველს ზეწრად, / არც ფრინველთ ჩქამი, არც რაის ცხროი, / გვიანა მგზავრიი უჩუმრად, კენტად… / შედოდგოვდ, გაგუვდ ცოტაიც კიდენ, / შენაც გადიქცევ უენო ბელტად.
ეს რამდენიმე ნიმუში მხოლოდ გარკვეული ნიშნით გამოვარჩიე და არა წარმატება-წარუმატებლობის მიხედვით. ამგვარი ამოცანა, უბრალოდ, არც დამისახავს. აკი ვთქვი – მკითხველის გემოვნების მიხედვით-მეთქი. და მაინც, რეცენზიის თუ წარდგინების რიტუალი მოითხოვს (აკი ვაპირებდი კიდეც!) მთარგმნელთა ჩამოთვლას და გოეთესთან შეჭიდებულ ჩემთვის საპატივცემულო თანამედროვეებსა და ლიტერატურის კლასიკოსებს სარჩევის რიგის მიხედვით ჩამოვალაგებ (თუკი, რა თქმა უნდა, ამ რიტუალს მახო ხარბედიაც აკურთხებს და ტექსტის ხელოვნურად გაზრდას არ მისაყვედურებს): გრიგოლ ორბელიანი, დავით ნახუცრიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლომთათიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გივი გაჩეჩილაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, ვახტანგ ბეწუკელი, იონა ვაკელი, ხარიტონ ვარდოშვილი, ნოდარ შამანაძე, კონსტანტინე გამსახურდია, შოთა ამირანაშვილი, აკაკი გელოვანი, ნინო ჟორჟოლაძე, გურამ კანკავა, გივი ძნელაძე, რუსუდან ღვინეფაძე, დალი ფანჯიკიძე, გურამ ჭოხონელიძე, ზურაბ არჩვაძე, ნათია გოგოლაძე, ნათელა ხუციშვილი, ლულუ დადიანი, შარლოტა კვანტალიანი, გოჩა კუჭუხიძე, ნიკა არევაძე, დოდო ჭუმბურიძე, რატი ამაღლობელი, დალილა ბედიანიძე, კონსტანტინე ბრეგაძე, ბათუ დანელია, ნინო დარბაისელი, შოთა ზოიძე, ეთერ თათარაიძე, ქართლოს კასრაძე, ემზარ კვიტაიშვილი, მაია ნათაძე, ნანა ყამბარაშვილი, შორენა შამანაძე, ირმა შიოლაშვილი.
ეს მშრალი ჩამონათვალი მადლიერების გამოხატვის მხოლოდ ნაირსახეობად მიიჩნიეთ, რადგან, როგორც მორის ბლანშო იტყვის, მთარგმნელებისათვის “ვერასდროს ვახერხებთ … ნამდვილი მადლობის გადახდას”.
ერთი სიტყვით და ამდენივე გაგებით, ჩვენს წინაშეა მშვენიერი ფაქტი და ლიტერატურულ საქმიანობის სივრცეს ამგვარი ფაქტებიც ამარფოებენ.
თვითონ სიტყვა “მშვენიერი” კი ლექსიკონში ასეა განმარტებული: “მშვენიერი – ძალიან კარგი, საუცხოო, წარმტაცი”. მგონი მართლა ამოვწურე ამ სიტყვის არსენალი.
ძალიან კარგი!
Auf wiedersehen!.. რადგან შემდგენელ-რედაქტორს განზრახული ჰქონია სამომავლოდ, ქართულთან ერთად, ამ ლექსის სხვადასხვა ენაზე არსებული ყველა თარგმანის თავმოყრა და ერთ წიგნად გამოცემა. თარგმანთკონა მაშინღა ნახეთ!
© “წიგნები – 24 საათი”