ესე,  კრიტიკა,  პორტრეტი

“ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა”

გიორგი კაკაბაძე

ტერენტი გრანელისთვის პოეზია როგორც საკუთარი თავის, ისევე ღმერთის შეცნობის საშუალება უნდა გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, ახლობლებთან ერთ-ერთ საუბარში მას ასე განუმარტავს პოეზიის მნიშვნელობა:
“პოეზიის საგანი ადამიანის სულის საიდუმლოებათა ამოხსნაა. საიდუმლოებისა და მარადიულობის ამოცნობის შეგნება უნდა გაუღვიძოს პოეზიამ ყველას.”*
ძნელი სათქმელია, თუ რამდენად მიესადაგება ეს მოსაზრება ზოგადად პოეზიას, რამდენადაც პოეტებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ყველა თავისებურად საზღვრავს თავის გზასაც და დანიშნულებასაც. მაგალითად, ჟან კოქტომ უზენაეს პოეტად ღმერთი აღიარა. მისი გმირი – ორფეოსი – ცხოვრებაში გადატანილი არაერთი განსაცდელის შემდეგ ასეთი სიტყვებით მიმართავს ღმერთს: “მე ვაღმერთებ პოეზიას, ვინაიდან პოეზია ეს შენ ხარ (“ორფეოსი”)”. ეს ჟან კოქტოს შემოქმედებითი მანიფესტია, რამეთუ, მისი აზრით, პოეზია ღმერთისაგან იკრებს ძალას.
რაც შეეხება ტერენტი გრანელს, მის ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მან დიდი გულწრფელობითა და საკუთარი თავისადმი განსაკუთრებული დაუნდობლობით შეძლო აესახა ყოველდღიური რეალობისა და ტრანსცედენტური სამყაროს შეჯახების სურათი, რომელმაც მისი სულის შინაგანი რღვევის გარდაუვალი და საბედისწერო პროცესი გამოიწვია:
“ვიღუპები, არ იქნება შველა
ცხოვრებას და პოეზიას შუა”
(“ეს ოცნება სარკესავით ელავს”).
ვინც მეტნაკლებად იცნობს ტერენტი გრანელის შემოქმედებას, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, თუ როგორი კვალი დატოვა მისმა პირადმა სულიერმა დრამამ მისსავე შემოქმედებაზე. თუ როგორი ინტერესით ჩაუღრმავდა იგი ადამიანური არსებობის ყველაზე პირქუშ მხარეებს: სიკვდილის მოახლოებას, სიღარიბეს, მარტოობას, ღამის ბნელ კოშმარებს. მის სულში უღონობა და უმოქმედობა საშინელ ვნებათა ღელვას შეეჯახა, რის გამოც პოეტი გაორებულია, მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი მოიშალა. დემონური საწყისი დაუპირისპირდა ადამიანურს, სიბნელე – სინათლეს, სიცოცხლე კი – დათრგუნული და იმედდაკარგული სულის სიცარიელეს.
“ჩემში ორი სული იყო, ორი არსება და იყო გაუთავებელი ბრძოლა საკუთარ თავთან. და ჩემს სულს მოსვენებას უკარგავს ეს ორი დემონი. დემონი ეჭვიანი სულის და დემონი კეთილი ანგელოზის…“, წერდა იგი ერთ-ერთ წერილში.
ბუნებისა და მოვლენების ასეთი კონტრასტულობა ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების გადაუწყვეტელ პრობლემად იქცა, თუმცა იმავდროულად სწორედ ეს დაეხმარა საკუთარი შემოქმედებითი პრინციპების ჩამოყალიბებაში.
საინტერესოა, რომ მის პოეზიაში შეიმჩნევა კვალი, რომელსაც შეუძლია გრანელის სულიერი ტრაგედიის მიზეზამდე მიგვიყვანოს. ერთ-ერთ ადრინდელ ლექსში, რომელსაც “დაბრუნება სოფელში” ჰქვია, იგი სევდანარევი იდუმალებით გვიყვება იმ უცნაური შემთხვევის შესახებ, როდესაც ყმაწვილი პოეტი მთაზე ღმერთის გამოცხადებასაც ელოდებოდა:
“ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა, – ეს ცა მაშინ სხვა იყო.
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას,
მერე თეთრმა სიჩუმემ ეს იმედი წაიღო”.
როგორც ცნობილია, ყველა მეტნაკლებად ნიჭიერი ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში გასაოცარ გმირობას ჩაიდენს და სახელს მოიხვეჭს. ზოგი ხშირად მხოლოდ იმ დიდების იმედით ცოცხლობს, რომელიც მას ოდესმე ეწვევა. ესაა საკუთარი გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის ამაყი განცდა და საგანგებო, დიად მისიაზე ოცნება. რა თქმა უნდა, ძნელი გამოსაცნობია იმ ვედრების შინაარსი, რომელსაც გრანელი მაშინ წარმოთქვამდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამოცხადება სწორედ მისი განსხვავებული ნიჭისა და მისიის დადასტურება უნდა ყოფილიყო. სავსებით შესაძლებელია მას საკუთარ თავზე უნდოდა გამოეცადა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული აზრი, რომ პოეტი ღმერთთან მოსაუბრე რჩეული ადამიანია. თუმცა, როგორც ლექსის შემდგომი სტროფიდან ჩანს, ზეცამ მის თხოვნას დუმილით უპასუხა.
“ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა
არ თავდება ვარამი და იობის წამება”.
ტერენტი გრანელის შემოქმედებას, რომელიც ამ დიდი სულიერი ტრაგედიის გარშემო შეიქმნა, თითქმის ბოლომდე გაჰყვა მისი, როგორც პოეტის, საოცარი გამორჩეულობისა და “ციდან მოვლენილობის” იდეა:
“გული სხვაგვარად უნდა ამღერდეს,
მე სხვა ცოდვები უნდა მეზიდა.
და საქართველო ასე მაღმერთებს
პოეტს, წამოსულს მაღლა ზეციდან.”
(“ჩემი ბედი”)
“მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო, ლაჟვარდები ცისფერი”
(“MEMENTO MORI”)
გრანელისთვის ეს შემთხვევა საბედისწერო აღმოჩნდა, რის გამოც დროთა განმავლობაში სამყაროს მშვენიერებამ მისთვის ფერები დაკარგა. იგი განმარტოებაში იკურნავდა სულიერ ტკივილებს; დარდობდა, რომ მისი ცხოვრება უღიმღამოდ მიედინებოდა და უზენაესი ჭეშმარიტების მოლოდინში სევდიან თვალებს ზეცისაკენ აღაპყრობდა, რადგან იქედან ელოდა საკუთარი განსაკუთრებულობის დადასტურებას.
ყველაზე მწარე კი იმის განცდა იყო, რომ გადიოდა წლები და მის ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. არაფერი ადასტურებდა, რომ მის ოცნებას ოდესმე ასრულება ეწერა.
პოეტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რეალურ სამყაროსთან რომელიც მას სანუგეშოს ვერაფერს სთავაზობდა, ან რა აზრი უნდა ჰქონოდა აუტსაიდერის ცხოვრებას, რომელსაც არც ბინა გააჩნდა, არც ოჯახი, არც სამსახური, არც საარსებო საშუალება, არც აღიარება, არც გულითადი მეგობარი ჰყავდა და არც გულისსწორი.
მართალია, თანამედროვეების მოწმობით მას ეს არაფერი არ სჭირდებოდა, რადგან ტერენტის დარდიან სულს, რომელიც ვერსად მოსვენებას ვერ ნახულობდა, მხოლოდ პოეზია ასაზრდოებდა, შემოქმედება მისთვის ერთადერთი შვება და იმედი გახლდათ, მაგრამ აქაც ვერ გრძნობდა თავს ბოლომდე მშვიდად და ბედნიერად, რადგანაც პოეზიაში, მის “განსაკუთრებულობასა” და “გამორჩეულობას” გალაკტიონის გენია ეფარებოდა. გალაკტიონსადმი მიძღვნილ ერთ-ერთში ლექსში სწორედ ამ მოვლენის მწარე აღიარებაზეა ლაპარაკი:
“ერთად ვხეტიალობდით თბილისის ბულვარებში,
რესტორნებში ბაღებში, – მე არსად არ გტოვებდი.
შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირად – უსახელო პოეტი”.
(“გალაკტიონი”)
ამ ფაქტთან შეგუება უსახლკარობასა და ულუკმაპურობაზე მწარე უნდა ყოფილიყო. ამიტომ ახლა უკვე მთელი თავისი შემოქმედებითი ძალღონე და ენერგია საკუთარი უპირატესობის დამტკიცებაში ეხარჯებოდა:
“დროა გრიგალმა მაღლა აგწიოს,
როგორც ოცნება დიდი ნაღველის.
არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი”
(“ვიგონებ ალერსს და დღეებს განვლილს”),
“მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც,
თვით ჩემი ლექსი – სისხლის რვეული
პოეზიაში ვარ უდიდესი
და ცხოვრებაში გზააბნეული.”
(“ქრიან ფიქრები თეთრი და შავი”)
ცხოვრებისეული განსაცდელი ადამიანს ხშირად რელიგიასთან აკავშირებს მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ღმერთის კონცეპტუალური ცოდნა.
მაგრამ გრანელის შემოქმედებიდან კარგად ჩანს, რომ პოეტის მოწოდებისა და სამყაროს გულგრილობის შეჯახების შედეგად პირიქით მოხდა, გაჩნდა კონფლიქტი, ერთგვარი რომანტიკული ამბოხება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა რწმენისადმი ტერენტი გრანელის დამოკიდებულება.
ერთის მხრივ იგი გრძნობდა, რომ გაცილებით უკეთეს ბედს იმსახურებდა, ვიდრე მაშინ ჰქონდა, გაცილებით უკეთესი ხვედრი ერგებოდა, სხვაგვარი ცხოვრება სჭირდებოდა. თვლიდა, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევდა და “მტრებით” იყო გარშემორტყმული, მაგრამ ესეც აკვიატება გახლდათ. მართალია, არსებობდნენ ადამიანები, რომელთათვისაც წმინდა ესთეტიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით გრანელის პოეზია სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ მათ გვერდით კეთილმოსურნეებიც ბევრნი იყვნენ. უამისოდ მსგავს პირობებში, უმეგობროდ და უქომაგოდ დარჩენილი ადამიანი ერთ წელსაც ვერ გაატანდა. რწმენის შესანარჩუნებლად კი ეს მცირედიც შეიძლებოდა საკმარისი ყოფილიყო.
როგორც ჩანს, ასეთ აფორიაქებულ მდგომარეობაში იგი არაერთხელ დაფიქრებულა თავის ბედზე და ბევრჯერ დაუსვამს საკუთარი თავისთვის საბედისწერო შეკითხვები:
“დღეს იბადება ასეთი აზრი:
სად არის ძირი ჩემი წამების.”
(“დებისგან ისევ მივიღე ცნობა”)
“და მე არ ვიცი, რა დავაშავე
და მე არ ვიცი, რისთვის მებრძვიან.”
(“მოვდივარ მომაქვს მე დიდი ძალა”)
იგი გრძნობდა, რომ ცხოვრება ტანჯვაა და რომ ამ ქვეყნად ყველა ტანჯვას თავისი საფუძველი აქვს. მაგრამ ვერ გარკვეულიყო, თუ რომელი დანაშაულისა და ცოდვების გამო ერგო ეს დაუსრულებელი წამება?
გონიერ ადამიანს ამგვარი მდგომარეობა ლოგიკურად უბიძგებს რამდენიმე მოსაზრებისაკენ:
ა) ღმერთი არ არსებობს.
ბ) არსებობს, მაგრამ ჩემს თხოვნას ყურად არ იღებს, ანუ არ მოქმედებს, ან
გ) მოქმედებს, მაგრამ ისეთი ფორმით, რომლის შემჩნევაც ჩემთვის შეუძლებელია.
ასეთ შემთხვევებში პიროვნება მძიმე არჩევანის წინაშე დგება და ცხოვრების გასაგრძელებლად ზოგჯერ მცდარი, მაგრამ ურთულესი გადაწყვეტილების მიღება უწევს: ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მოსაზრება უნდა ამოირჩიოს. ტერენტიმაც საკუთარი არჩევანი გააკეთა და მის პოეზიაში დაუფარავი საყვედურისა და წყენის ტონი გაჩნდა.
“ღმერთო, ამ ქვეყანაზე
ასე რისთვის დამტოვე?!”
(“ეს მაღალი ჩინარი”)
შესაძლებელია იგი თვლიდა, რომ მსგავსი არჩევანით თავის შეკითხვებზე პასუხს იპოვიდა ან სატანჯველი შეუმსუბუქდებოდა, სინამდვილეში კი იგი უფრო გაიზარდა. ახალი მდგომარეობა ახალ საფიქრალსა და უფრო რთულ შეკითხვებს ბადებდა, მაგალითად ასეთს: რა იცვლება ჩემს ცხოვრებაში, თუკი ღმერთი ჩემდამიც ისეთივე გულგრილია, როგორც მის წინააღმდეგ ამბოხებული ანგელოზის მიმართ?
უცხო და გაუგებარი ირაციონალური სამყაროს წინააღმდეგ გალაშქრება იმის დადასტურება გახლდათ, რომ რწმენისადმი დამოკიდებულებაში მან ორიენტირი დაკარგა. ნეგატიურის მიმართ პოზიცია შეიცვალა და ბოროტების სილამაზე დაინახა. მისთვის დემონურსა და ღვთაებრივს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღუდე მოიშალა. ის, რაც განსაკუთრებით საგრძნობია რომანტიკოსთა და მოგვიანებით პოსტრომანტიკოსთა შემოქმედებაში, რომელთა რიგებს გრანელიც მიეკუთვნება, სწორედ დემონური ელემენტებია: იმედგაცრუება, სასაფლაოების ლირიკა, ტრაგიზმი, სასოწარკვეთილება, სიკვდილის სილამაზე, მსოფლიო სევდა და ა.შ. გრანელის პოეზიაში, ამის აშკარა მაგალითებს ვხვდებით. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ლექსი: ”მე და გალაკტიონი”:
“ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.
…………………………………………………………….
შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული”.
თუ დავუკვირდებით, ეს ლექსი ერთგვარი ანტიმონიაა. რადგან ანგელოზს დემონური თვისებები მიეწერება (ბაირონის აზრით, დემონი დედამიწაზე მისი სულივით ბნელი და ღრმა უფსკრულების მოყვარულია), ხოლო დემონს – ლურჯი და ზეციური. ამ ორ პოლუსს შორის აზრობრივი ერთიანობა შეინიშნება.
ტერენტი გრანელის შინაგანი კატასტროფა დაიწყო. მას დაკარგულობის განცდა გაუჩნდა. დათრგუნული, სევდიანი, შფოთიანი და შეშინებული მდგომარეობა იმ სასიცოცხლო ენერგიას აცლიდა, რომელმაც აქამდე გააძლებინა. მის სულში გამეფებული ეჭვი საშუალებას არ აძლევდა, რომ გამოსავალი ეძებნა. ერთის მხრივ, მას შეეძლო ეცოცხლა, მაგრამ რისთვის, თუკი სიცოცხლეს რაიმე თვალხილული აზრი არ გააჩნდა? შეეძლო თავი მოეკლა, ისედაც მთელი ცხოვრება თვითმკვლელობის ზღვარზე გაატარა, მაგრამ თვითმკვლელობაშიც ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ იგი ადამიანის სიცოცხლეს ბედისწერად გარდაქმნის, ანუ ცხოვრების მნიშვნელობას მთლიანად ცვლის და მას აბსურდად აქცევს. ასეთი დასასრული კი მისთვის სრულიად მიუღებელი იყო, რადგან ეს ბრძოლის საბოლოო შეწყვეტას და პოზიციების დათმობას ნიშნავდა. ხანგრძლივი სულიერი კრიზისი საბოლოოდ მისი ავადმყოფობითა და ფსიქიური აშლილობით დასრულდა:
“ღმერთო! ნუ შემშლი, ძალა მომეცი,
ღმერთო! მე უკვე გავცილდი საზღვარს”
(“ღამე ოთახში”)
როდესაც ტერენტი გრანელის მარტოობაზე ვსაუბრობთ; ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფაქტს. მისი მარტოობა განსაკუთრებულია, რადგან პოეტი თავს მიტოვებულად გრძნობს არა მხოლოდ ღმერთის, არამედ ადამიანების მხრიდანაც. იგი თვლის, რომ მას უსამართლოდ დევნიან, ტანჯავენ და აწამებენ, და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.
სამყარო ხომ ყოველთვის მტრობს გენიოსებსა და გამორჩეულ ადამიანებს.
“არ უნდა ფიქრი – პირველი მე ვარ,
მე, პოეზიის უმანკო მსხვერპლი”
(“შენსკენ მოქრიან ეს ჩემი გზები”).
ადამიანს, რომელიც რწმენას კარგავს და რომლისთვისაც ღმერთი კვდება, თავის გადასარჩენად შინაგანი დასაყრდენი და რაღაც ახალი, ძლიერი იდეა სჭირდება. ტერენტი გრანელისთვის ასეთი იდეა ზედმიწევნით მიახლოებული უნდა ყოფილიყო იმ გამორჩეულობასა და განსხვავებულობასთან, რომელზეც იგი ბავშვობიდან ოცნებობდა. მას არ უნდოდა შეგუებოდა იმ აზრს, რომ იგი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორიც სხვები. იგი ვერ შეძლებდა, რომ საკუთარი თავი მასზე უფრო მაღლა მდგომ ადამიანად, ანუ ტრაგიკული სამყაროს მაუწყებელ ზეადამიანად არ წარმოედგინა. საკუთარი მოსაზრება კი იმ გერმანელი ფილოსოფოსის სახელით გაამყარა, რომელმაც ზეადამიანის იდეა XX საუკუნის ყველაზე ცნობილ მეტაფიზიკურ სიმბოლოდ გადააქცია:
“და რაღაც ასო ცაზე სწერია,
ეს მიპასუხეს გულის ნიშნებმა
და მამაჩემი ბედნიერია,
და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა.
(“ზეადამიანი”)
მაგრამ ისეც ნუ გავიგებთ, თითქოს ეს სიტყვები ტერენტი გრანელს მხოლოდ როგორც პიროვნებას ეხებოდეს. ამის თქმის საფუძველს ერთი ფაქტი გვაძლევს. გრანელს განსაკუთრებით უყვარდა შარლ ბოდლერის შემოქმედება და მისი ლექსი “ალბატროსი”, რომელშიც ბოდლერი პოეტის ბედსა და დანიშნულებაზე მსჯელობს. ლექსში პოეტი ადამიანების მიერ მოძულებულ და დამცირებულ ფრინველთანაა შედარებული, რომელიც მაღლა დაფრინავს, ხოლო ძლევამოსილი ფრთები ბრბოსთან ყოფნის, მასთან გაიგივების საშუალებას არ აძლევს. იგივე მოტივს ტერენტი გრანელის შემოქმედებაშიც ვხვდებით:
“ფიქრიდან ვხედავ შორეულ მიზანს
სხეული კვდება, გული ვისროლე
მივდივარ ცისკენ, ვშორდები მიწას
და გასაფრენად ფრთა გავისწორე.
…………………………………………………………………………
ამნაირ ტკივილს ვგრძნობდი მე წინათ
(მიმაქვს პოეტის წმინდა ღირსება).
ღმერთო! აქამდი თითქოს მეძინა
და ახლა თითქოს გამომეღვიძა”.
(“ფიქრიდან ვხედავ შორეულ მიზანს”)
“მოჰქროდა წამი მძიმე გოდების
პოეტის სახელს ბრბო ვერ ითმენდა”
(“მიჰქროდა წამი მძიმე გოდების”)
ცხადია, რომ ამ სიტყვებს იგი საკუთარ თავზე, როგორც პოეტზე ამბობს. ამიტომაც გასაგები ხდება, რომ მისთვის პოეტი ღმერთისა და ხალხისაგან შეუმჩნეველი, მიტოვებული და გარიყული ზეადამიანია, რომელმაც საკუთარი სულის სიღრმეები და განცდები უნდა შეიცნოს და ცხოვრების შემზარავი ისტორია შეულამაზებლად გადმოსცეს.
იგი ნაბოძებით არ დაკმაყოფილებულა და სამყარო ისე გადაანაწილა, რომ როგორმე თავისი კუთვნილი დაებრუნებინა. მას უნდოდა, რომ ამ სამყაროში მეტი ყოფილიყო ვიდრე უბრალოდ ადამიანია და გაცილებით მეტი, ვიდრე ზეადამიანი, მას ღმერთად გახდომა სურდა.
მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში პოეტს ბიბლიური წინასწარმეტყველისათვის დამახასიათებელი თვისებები მიენიჭა, XX საუკუნეში ტერენტი გრანელმა მომდევნო ნაბიჯი გადადგა და თვითონ პოეტი გამოაცხადა ღმერთად:
”პოეტი არის ყოველთვის ერთი,
პოეტი არის ყოველთვის ღმერთი”
(“პოეტი არის”)
ამ ფაქტის შემდეგ უკვე პირდაპირი ასოციაციები იბადება იესო ქრისტესთან, რომელსაც ასევე მტრობდნენ და დევნიდნენ მწიგნობრები და ფარისევლები. და ტერენტი გრანელმაც თავი იესო ქრისტეს შეადარა.
“და სასიკვდილო თეთრი ცრემლიდან მე ვიხედები როგორც იესო” (“შემოდგომის პასტორალი”), “თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი, თითქოს ვიყავი ბავშვი – უფალი” (“სიზმარი”), “მე შენთან მოვალ დღესაც, როგორც მწუხარე ქრისტე” (“აწეწილი ბედი”). “როგორც ღმერთი ისე ვარ და ეს ფიქრი არ მიდის” (“მთაწმინდა”). მის წიგნს კი “სულიდან საფლავები”(1922) ასეთი ეპიგრაფი ამშვენებდა: “ტერენტი გრანელი მოდის სისხლიანი სამარიდან, იქნებ ის იყოს ქრისტე მეორედ მოსული”.
იგი საოცრად დაშორდა იმას, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა და რისკენაც ბავშვობიდან მოყოლებული მიისწრაფოდა. მან ღმერთის ძიება შეწყვიტა და ამ გაჩენილი სიცარიელის ამოსავსებად ღმერთად საკუთარი თავი აღიარა.
თუმცა, საბოლოოდ მიხვდა, რომ ასეთი საქციელით სატანჯველს თავიდან ვერასოდეს აიცილებდა, რადგან ადამიანის რეალურ სატანჯველს მხოლოდ მისი ფიზიკური და მიწიერი სურვილები წარმოშობს.
ბოლოს, ლექსების წერაც მიატოვა, რადგან “პოეზიის ის ჯადოსნური და თავანკარა წყარო” დაუშრა, რომელიც კვებავდა და ცხოვრების ძალას აძლევდა.
ტერენტი გრანელს, არსებობისათვის უკანასკნელი მოტივი გამოეცალა.
ღმერთის შეცნობის იდეამ ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგა, შესაძლებელია იმიტომ, რომ შემოქმედებაში სრულიად სხვა მოვლენა აესახა: ერთი პოეტის ისტორია, რომელიც შეშლილობისა და თვითშემეცნების ზღვარზე საკუთარი შემოქმედების მთავარი ტრაგიკული გმირი გახდა.

* სერგი ჭილაია, “იყო ერთი პოეტი”.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box