პროზა

ბესო პაპასქუა – Rockstar-ის თამაშები

beso papasqua67

წუთში თუ 50ჯერ გკლავს მოწინააღმდეგე და ის ჩეთერი არ არის, მაშინ ჯობია წახვიდე, შენი PC კეისი ტრკში გაიკეთო, ეკრანი შუბლზე მიიკრა და ვირზე უკუღმა შეჯდე!!!”

ჩემი ძმა

ეს ადრე იყო.

მაგიდასთან მჯდომი გოგო საკმარისზე ნასვამი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემ მიერ დასმულ არცთუ რთულ შეკითხვაზე:

– რა გქვია?

საკუთარი სახელი გაეხსენებინა.

ბარში ვისხედით. დაღლილები, და რომ არ მოგატყუოთ, მთვრალებიც. სამსაათიანი მხიარულების შემდეგ,  ხასიათი ცუდისკენ რადიკალურად შემეცვალა და მოულოდნელად დავასკვენი, რომ არაფერს არ ჰქონდა აზრი. ვარჩიე სკამიანადვე გადავტრიალებულიყავი და აგილზევე დამეძინა.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მთლად ჩემი გადაწყვეტილებაც არ ერქვა უკვე ამას.

სიცივემ და თავის ტკივილმა ერთდროულად გამომაღვიძა. მთელი 90 გრადუსით ვიყავი დაშორებული ვარიანტს: მდგომარეობა ფეხზე მდგომს შემეფასებინა, მერე გამევლო ნაცნობებით გამოტენილი ბარი, შევსულიყავი პირსაბანში, გამოსაფხიზლებლად შემესხა წყალი და სმისგან დასიებული სიფათი სარკეში შემეთვალიერებინა. ეს კი აუცილებლად იმოქმედებდა ჩემს დარღვეულ ფსიქიკაზე. ამიტომ, სკამზე გადაკიდებულ ქურთუკს ხელი დავავლე, ტანზე შემოვიხვიე, გვერდი ვიცვალე და რამდენად გამაღიზიანებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ძილი გავაგრძელე.

– გამოფხიზლდი!

ბარმენი თავზე მადგა. ჩემკენ დახრილიყო. პირიდან მყრალი სუნი უდიოდა.

– გამოფხიზლდი, ვიკეტებით!

იატაკს იდაყვებით დავეყრდენი და სანახევროდ წამოვიწიე. თითებით მოვიფშვნიტე ორივე თვალი. ქეჩოში ჩაევლო ჩემთვის ხელი და მთელი ძალით მექაჩებოდა.

– რომელი საათია? – ვიკითხე.

– სამის ნახევარია. არც მეტრო მუშაობს და არც ავტობუსი.

– გააჯვი აქედან – პირში მივახალე – ეგ არ მიკითხავს, საათი მაინტერესებდა.

მისი ხელი მოვიშორე, წამოვდექი, ქურთუკი მხარზე დემონსტრაციულად შემოვიგდე, არეულ მაგიდაზე შემოდგმულ ლუდის ბოთლს ხელი დავავლე და გარეთ გამოუმშვიდობებლად გამოვედი.

არ თბილოდა. არც ქარი და წვიმა იყო ერთმანეთში გადახლართული და არც მთვარე ირეკლებოდა მთვლემარე ქუჩების სველ ტროტუარებზე.

მოსასვენებელ სკამზე ჩამოვჯექი, ლუდი დავლიე, თავი ავწიე და ბავშვობის ოცნება ავიხდინე -თბილად მოციმციმე ვარსკვლავებიმივათვალე ცაზე.

ან რა ჩემი ფეხები უნდოდა ოთხამდე დათვლას?

სწორედ ამ დროს ვიგრძენი, თუ როგორ მომაბჯინეს კეფაზე პისტოლეტის ლულა.

– არ უნდა გავინძრე? – ვთქვი ხმადაბლა.

*  *  *

(“GTA 4”-ში მსგავს პრობლემებს ნიკო ბელიკი ეფექტურად აგვარებს. მას აქვს უნარი იპოვოს გამოსავალი ყველაზე რთული მდგომარეობიდან. მაგალითად, თუ მაინცდამაინც მოკლეს, ნიკო ბელიკი როგორღაც ახერხებს გონს მოვიდეს ნიუ-იორკის რომელიმე საავადმყოფოში. თავდაჯერებული ჩამოუყვეს კიბის საფეხურებს, არაფერი დაიტყოს საიქიოდან მობრუნებულის, გაიტაცოს რომელიმე ავტომანქანა და შურის საძიებლად გაემართოს.

მისი ცხოვრება განმეორებადია და მუდმივად ითვალისწინებს იმ შანსის არსებობას, რომელიც მე, სამწუხაროდ, არ გამაჩნია).

მაგრამ მას ჰყავს დედა, მამა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბებია, რომელთაგან სამივე facebook-ზეა დარეგისტრირებული.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ამ გაწამაწიაში, რამდენად რთულია კომპიუტერთან რომელიმე ხანგრძლივად მოხვდეს და ამის გამო, შენარჩუნდეს ოჯახური იდილია?

ვთქვათ, მამა სამსახურში მივავლინოთ, დედა საყიდლებზე, მაგრამ მის ქვეშაჯვია ბებიას ხომ მაინც ვერაფერს მოვუხერხებთ?

მითუმეტეს, თუ “Samsung”-ის უზარმაზარ მაცივარი მისი ხელით მოზადებული ტრადიციული კერძისთვის ადგილს არ იტოვებს და კვირაში ორჯერ ივსება ძეხვეულით, რძის ნაწარმით, კეტჩუპით, მაიონეზით, ლიმონათით, ჰალვით, ქათმის ბარკლებით და საკონდიტროში ნაყიდი ნამცხვრებით, სამზარეულოში მიდგმული, „beko”-ის ფირმის სარეცხი მანქანა კი თავის საქმეს იდეალურად ასრულებს – მხოლოდ ფხვნილის ჩაყრა და ღილაკზე თითის მიდებაა საჭირო, რომ ტანსაცმელი ამოაბრუნოს, დაწუროს, დააშროს და მორიდებული სიგნალის მეშვეობით შეატყობინოს, რომ დავალებას ამჯერადაც წარმატებით გაართვა თავი.

ამრიგად: ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ადრე დაქვრივებული ბებია სარეცხს ახარისხებს, აივანზე გააქვს, თოკზე ჰფენს და კვლავ ოთახში ბრუნდება, იმზადებს ყავას, იკალათებს სავარძელზე, შეექცევა ტკბილეულს და ტელევიზიის საშუალებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც არ რჩება ყურადღების მიღმა.

სწრაფად ბეზრდება ეს კლოუნადა.

– კომპიუტერთან დამსვი! – ეუბნება შვილიშვილს, რომელმაც იცის, წინააღმდეგობის გაწევას რომ არ აქვს აზრი.

უხალისოდ წამოგორებული აფუებულ დივანზე, თვალს უსაქმური ბებიისკენ აპარებს და ხედავს, რამდენად გამაღიზიანებელი მონდომებით ცდილობს ეს ორმოცდაათს მიღწეული ქალი თავის „ბებრუხანა“ დაქალებს არაფრით ჩამორჩეს, facebooke-ზე დაპოსტილი ფოტოებით მიიქციოს მათი ყურადღება და სამაგიეროს იმით უხდის, რომ არასოდეს „ალაიქებს“ მის დრომოჭმულ გამოხდომას.

არადა,ბებია ხომ „ლაიქებს“ გამეტებით ითვლის.

– დაბადების დღეზე კომპიუტერი მიყიდე! – სთხოვს საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ მამას და მშობელიც არ უცრუებს იმედს, შვილს მეცამეტე დაბადების დღეზე საჩუქრად ახალ კომპიუტერს ყიდულობს, რომელიც პლაკატებით აჭრელებული ოთახში იდგმება.

– გასაღებიც!.. – ამბობს (განსაკუთრებით ბებიის გასაგონად) – და ამ ოთახში უნებართვოდ არავინ შემოვიდეს. ეს ჩემი ოთახია!

სწორედ აქედან გვენძრევა ყველას…

დგება. თუ ზაფხულია, შუადღისკენ, 3 საათიდან 5-მდე, უწესრიგოდ მიყრილი ტანისამოსიდან არჩევს შარვალს, იცვამს (ხშირად უკუღმა) და კომპიუტერის მაგიდასთან ჯდება, აწვება ჩამრთველს და სულ ახლახან ნაყიდ gamer-ის „მაუსს“ ხელში მოხერხებულად იქცევს.

„ნაბოზვარი – უტრიალებს თავში – ნაბოზვარი… დღეს აუცილებლად ჩავტოვებ მეოთხე ტურში“.

თვალებში ბრაზი აწვება, კოლოფიდან ამოაქვს ღერი სიგარეტი, უკიდებს, ღრმა ნაფაზს არტყამს და ნამწვით სავსე თეფშზეაფერფლებს…

ნიკო ბელიკი ამერიკაში მცხოვრები რუსი ემიგრანტია.

– „skype-დან, online-ში“.

ორად ორი სიტყვის მიწერა ხდება საჭირო ჩატში, მეგობრებისთვის, რომელთაც 3 წელია იცნობს და ერთხელაც არ შეხვედრია, რომ მოტივი აიმაღლოს და გაორმაგებული ძალისხმევით აადინოს ბოლი ნებისმიერ ვირტუალურ სერვერს.

ნიკი – bellic, სახელი – niko.

მაგრამ ერთ დღეს:

– ვიკა რეკავს, online-ზე დარჩით, მალე დავბრუნდები.

და ჩაწითლებულ თვალებზე სათვალეს ირგებს. ინტელექტუალის ნიღაბი მხოლოდ იმიჯისთვის  არ სჭირდება – მხედველობას უჩივის უკვე.

– ხო, აქ ვარ. როგორაა საქმე?

მონიტორს მიღმა ნათელი, ლამაზი თვალები ჩნდება და ვიკა თითებით ისწორებს მხრებზე ჩამოშლილ თმას, მოხდენილად სწევს წინ ვარდისფერ ტუჩებს.

აღმგზნებია, თუმცა, არც მთლად იმ პორნოვარსკვლავებივით, რომელთა ცხოვრებასაც ყოველდღიურად განიცდის, გულთან იმაზე ახლოს მიაქვს, ვიდრე საჭიროა და შედეგად, საპირფარეშოშიც ყოველდღიურად მასტურბირებს.

– ძველებურად – ეუბნება ვიკა – ხო იცი, ზეგ დაბადების დღე მაქვს. მეგობრებთან ერთად, კარაოკე-ბარში აღვნიშნავ და მინდა რომ შენც იყო.

ყოყმანობს.

– გთხოვ – ეუბნება ვიკა – თითქმის ერთი წელია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ არასდროს შევხვედრივართ. ჩემთან შეხვედრას რატომღაც ყოველთვის თავს არიდებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერად უარს არ მეტყვი.

– კარგი – ძლივს ამოთქვამს და ერთხანს იმის დაჯერებაც უჭირს, რომ ეს ერთადერთი სიტყვა თვითონ წარმოთქვა.

მერე კი აწყდება ვიკას გაბრწყინებულ თვალებს.

(ნიკო ბელიკის კრიმინალური მოღვაწეობა ხუთი ხარისხობრივი ნაწილისგან შედგება. თუ დავუშვებთ მკვლელობას, რომელიც ჩაიდინა მოწმის გარეშე და მოახერხა თავი შეეფარებინა, ვთქვათ, რომელიმე სტრიპტიზ-ბარისთვის, არავინ აიღებს ეჭვს მასზე.

ვარსკვლავები კი დანაშაულებრივ შკალაზე იმის მიხედვით აციმციმდებიან, თუ რამდენად მძიმე აღმოჩნდება ესა თუ ის დანაშაული.

ხუთი ვარსკვლავი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოცხადებულტერორს ნიშნავს).

– ყურადღებით მომისმინეთ – ამბობს და მთელი სხეულით იხრება მონიტორისკენ – დროა სათადარიგო გეგმა ავამოქმედოთ. სახლიდან გასვლა მიწევს.

– რა? – გაოცების გამომხატველი შეძახილი რამდენიმე ბაგეს ერთდროულად წყდება.

– ჰო – აგრძელებს – ზეგ, საღამოს, ვიკას დაბადების დღეზე მომიწევს ყოფნა. თამაშის მასშტაბი იზრდება. იქნებ არც გამემახვილებინა ამხელა ყურადღება ამაზე, ერთ პრობლემასთან რომ არ გვქონდეს საქმე.

სროლის ხმა ისმის. ხელი ნელა მიაქვს დინამიკთან და დაბალ ხმაზე უწევს.

– რა პრობლემასთან?

– ვიღაც ტიპია, ჩემი ვიკასთან ურთიერთობა არ სიამოვნებს. მასთან საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მომწერა, რომ მნახავს, ოღონდ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე. მოკლედ, ვიცი კონკრეტული დრო და ადგილი, სადაც ჩვენი შეხვედრა შედგება.

– ნიკი?

– „კლიშო“…

ესმის, მისი მეგობრები როგორ ათამაშებენ თითებს კლავიატურაზე.

– ძალიან ჩამოგვრჩება – ამბობს პირველი – მისი skill-ები ახლოსაც არაა ჩვენთან. მაინც გჭირდებით?

– ჰო – პასუხობს – ეპიზოდის პროექტირებისთვის. ჯობს ახლავე შევუდგეთ მის შექმნას. მგონი, გახსოვთ ერთმანეთისადმი მიცემული პირობა – თუ ოდესმე რომელიმე გავა გარეთ, გავყვებით ყველა და იმას გავაკეთებთ, რაც მას დასჭირდება. ასეა?

– ასეა

– ჰოდა, მაშინ დავიწყოთ. სქემატური პარამეტრები მჭირდება. შეხვედრის ადგილი ჩემი სახლიდან არც ისე შორსაა, პირველი და მეორე ქუჩების კვეთაზე. მე კი ამასობაში, გრაფიკულ მონაცემებს დავარეგულირებ.

მთელ ღამეს თეთრად ათენებენ.

პირველი მისიის ტიპზე მუშაობს,

მეორე – სქემაზე,

მესამე – gameplay-ს ხარისხზე,

თვითონ – გრაფიკულ მონაცემზე.

საფერფლე დასაცლელია და აღელვებს კიდეც ეს ფაქტი, თუმცა, იმდენადაც არა, რომ სანაგვე ურნამდე მისვლა გაარისკინოს.

– მზად ვართ?

– კი.

კიდევ ერთ ღერს იღებს კოლოფიდან.

– დავტესტოთ და ვნახოთ რა გამოვიდა – ამბობს პირველი.

შემდეგ კი თამაშშია:

გარდერობი რამდენიმე ხელი ტანსაცმელისგან შედგება.

ეს იცის და თხელ ქურთუკს ირჩევს, ჯინსის შარვალს, გაცრეცილ ბერეტს.

„ტაქსით დავეშვები. ქუჩების კვეთამდე…“ – მეგობრებს შეტყობინებას უტოვებს და ქამარში გაჩრილი იარაღით კიბეებზე ეშვება.

გვიანი ღამეა. ხალხი არ მოძრაობს. მოსახვევიდან შემოჭრილ ტაქსის ამჩნევს და ხელს უქნევს.

მშვიდად ჯდება და ფრთხილად მგზავრობას არჩევს, რადგან მისიაზეა, ასეთ დროს კი სისულელეა ქალაქში ატეხოს უმისამართო ბრახაბრუხი.

– გააჩერეთ – ეუბნება მძღოლს და მგზავრობის საფასურს იხდის.

დათქმულ ადგილზე უკვე ელოდებიან.

– თქვენ ხართ?- ეკითხება.

– ჰო… – პასუხობენ.

და ხელს სათითაოდ ართმევს ყველას.

– მე მეორე ვარ.

– მესამე.

– მეოთხე…

მაგრამ პირველი სად არის?

და ირგვლივ დაბნეული იხედება.

– პირველს ვერ ვუკავშირდებით. – ეუბნებიან.

ეუცნაურება.

ტელეფონს იღებს და რეკავს.

„ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ…“

– დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა. არც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, დაიკიდე, ჩვენც ვეყოფით საქმეს.

ჩაფიქრებული აბრუნებს ტელეფონს ჯიბეში და საათს აშტერდება.

– ათი წუთი გვაქვს – ამბობს – დავიძრათ და ალბათ ისიც მალე შემოგვიერთდება.

პარალელურ ქუჩაზე გადადიან.

ამ თამაშის gameplay მოსწონს.

„საოცრად დახვეწილი ვერსიაა, ინოვაციური გრაფიკით“.

იქნებ დაპატენტებაზეც ეზრუნათ?

ერთ-ერთი ქუჩის მოსახვევთან ჩერდება, ქამარში გაჩრილი პისტოლეტი ამოაქვს.

– უნდა გავიყოთ. აქვე იდექით და თვალი არ მომაცილოთ. თვითონ მიხვდებით როდის გახდება თქვენი ჩარევა საჭირო, გესმით?

ესმით.

გზას მარტო მიუყვება.

ლამპიონის შუქზე, შორიდანვეარჩევს სკამზე მჯდომს, რომელსაც დროდადრო ბოთლი მიაქვს პირთან და მერე ცას აშტერდება.

„ზუსტად იქ ზის, სადაც დამპირდა შეხვედრას“.

ზურგიდან ფრთხილად უვლის, უახლოვდება და პისტოლეტის ლულას კეფაზე აბჯენს…

* * *

– არ უნდა გავინძრე? – ვთქვი ხმადაბლა.

ადგილიდან მოწყდა, ისე, რომ პისტოლეტი არ დაუშვია და ჩემ წინ გაჩერდა.

მის ხშირ სუნთქვას ვარჩევდი.

– მაინც რამდენ ვარსკვლავზე ხართ ასული, ხუთზე? – ვკითხე.

არ მეშინოდა.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ უფლება არ მაქვს საკუთარი სიცოცხლის ამბავს სრული სერიოზულობით მივუდგე, მითუმეტეს, თუ მხოლოდ პლასტმასის პისტოლეტიანი ჩოილარი დგას ჩემ წინ და „მოკვლით“ მემუქრება.

– „კლიშო“ ხარ? – ხმაში ბზარი გამოერია.

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე:

– მაგრამ აქ სამტროდ არ მოვსულვარ. დიდი ხანია შენზე ინფორმაციას ვაგროვებ და მინდა, რომ  საიდუმლო გაგანდო. მომისმენ?

ეტყობა, არ ელოდებოდა ასეთ დასაწყისს.

საჭირო იყო, რომ მისი დაბნეულობით მესარგებლა და რაც შეიძლება მალე გადავსულიყავი საქმეზე.

– ის ვიღაც ვიკა მხოლოდ მიზეზი იყო შენთან შესახვედრად. სინამდვილეში არც კი ვიცნობ – ვუთხარი და ოდნავ მარჯვნივ გადავიხარე, რომ შემძლებოდა მსუბუქ სინათლეზე მისი გამომეტყველება გამერჩია – სხვაგვარად ვერ მოვახერხე შენი ოთახიდან გამოტყუება. მინდოდა დარწმუნებულიყავი, თუ რამდენად განსხვავდება სინამდვილე კომპანია Rockstar-ის პოპულარული თამაშებისგან – მიმოიხედე. შენი სათამაშო პისტოლეტი კი…

– ამდენი საიდან იცი ჩემზე? – წინადადების დამთავრების საშუალება არ მომეცა, თუმცა უკმაყოფიელება არ გამომიხატავს, რადგან შეკითხვა ძალიან ლოგიკურად ჟღერდა.

–  ჯგუფის წევრები უფრო ყურადღებით უნდა გადათვალო ხოლმე, მეგობარო, – ვუთხარი და ფეხი ფეხზე გადავიდე – მე „პირველი“ ვარ…

გამოთაყვანებული თვალებით მომჩერებოდა.

მინდოდა ეფიქრა და ხმას არ ვიღებდი.

– გვატყუებდი? – ფიქრებიდან გამოერკვა.

დანარჩენები გამოვიდნენ და ჩემ ირგვლივ წრე შეკრეს.

– მე მხოლოდ თქვენი დახმარება მინდოდა. ეს თამაში არ არის. არც მის gameplay-ზე გაქვთ არცერთს წარმოდგენა, ცხოვრება ჯერ არავის დაუპროგრამებია.

– ამიტომ არ აჩენდი skype-ში სახეს? ჯგუფში მიგიღეთ, მისი ყველა საიდუმლო გაგანდეთ, მისიებს ერთად ვგეგმავდით…

ისევ იქ იყო, სადაც უნდოდა დარჩენა.

არ მინდოდა ამის უფლება მიმეცა მათთვის.

– მხოლოდ თქვენი გადარჩენა მინდოდა. ამიტომ ავირჩიე ეს საშუალება. თქვენთან შემოვიპარე, რომ ბოლოს ამეხსნა: მეგობრობაზეც არ გაქვთ წარმოდგენა, არაფერზე ირგვლივ, ერთმანეთს არც კი იცნობთ, მე თქვენ ერთმანეთი გაპოვნინეთ…

მათ თვალებში შიში არ იკითხებოდა. მხოლოდ გაკვირვება.

ნელა ასწია თავისი პლასტმასის პისტოლეტი და შუბლზე დამადო, მაგრამ…

არ უნდა მოვეკალი, ვირტუალურადაც კი…

მხოლოდ ამაში მდგომარეობდა საიდუმლო.

ვცადე გადამერწმუნებინა:

– მეორე შანსი არ გექნებათ. თამაშში არ ხართ. გაისვრით და ყველაფერი დამთავრდება. თავს ვერ დააღწევთ პოლიციის ესკორტს, თქვენს დასაპატიმრებლად აფრენილ ვერცერთ ვერტმფრენს ცაში, სპეცდანიშნულების რაზმებს. Rockstar-ი იტყუება…

მაგრამ მათ სახეზე არცერთი ნაკვთი არ შეტოკებიათ.

თვალები დავხუჭე.

– ცაზე სულ ოთხი ვარსკვლავი მოსჩანს. – თვითონაც ვერ მივხვდი ეს რატომ ვთქვი.

– რა?

წარმოვიდგინე – ნამდვილი იარაღი რომ სჭეროდა ხელში, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ტანში გამცრა.

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. თვალები არ გამიხელია.

– სანამ აქ მოხვიდოდით ვარსკვლავებს ვითვლიდი და ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე… სულ ოთხია. – უცნაური დუმილი ჩამოწვა. – თქვენში ბავშვობა მოიპარეს, ეცადეთ დაიბრუნოთ.

ერთხანს არავინ არღვევდა სიჩუმეს.

რატომღაც არანორმალურმა სურვილმა მომიარა, რომ ეს წუთი საათზე დამენიშნა, მაგრამ ამ დროს მისი სიტყვები გავიგონე.

– ცდები, შვიდია… ეს იარაღი კი ნამდვილი.

უცებ ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე და თვალები გავახილე.

– ოღონდ ბავშვობის ხათრით… ამ ტურში არა.

პისტოლეტი ოდნავ დაუშვა, მხარში დამიმიზნა და გაისროლა.

მიწაზე სისხლიანი ვეგდე, სიმწრით ვღრიალებდი და ვხედავდი:

როგორ ნელა ტოვებდა 4 პერსონაჟი ჩემს ტერიტორიას, გზადაგზა კი ვიტრინებს ესროდა, მანქანებს, დაგვიანებულ მგზავრებს, ფანჯრებს და მაღალ კორპუსებს.

აშკარა იყო – ცა იწმინდებოდა ღრუბლებისაგან.

* * *

ეს ახლა ხდება:

ბარმენი მე ვარ.

თავზე ვადგავარ. მისკენ ვიხრები. პირიდან მყრალი სუნი ამომდის.

– გამოფხიზლდი, ვიკეტებით!

იატაკს იდაყვებით ეყრდნობა და სანახევროდ იწევა ადგილიდან. თითებით იფშვნეტს ორივე თვალს.

ქეჩოში ვავლებ ხელს და მთელი ძალით ვექაჩები.

– რომელი საათია? – მეკითხება.

– სამის ნახევარია. – ვეუბნები და უცებ რაღაც მახსენდება… – არც მეტრო მუშაობს და არც ავტობუსი.

– გააჯვი აქედან – პირში მახლის – ეგ არ მიკითხავს, საათი მაინტერესებდა.

ჩემს ხელს იშორებს, დგება, ქურთუკს მხარზე დემონსტრაციულად იგდებს, არეულ მაგიდაზე შემოდგმულ ლუდის ბოთლს ხელს ავლებს და გარეთ გამოუმშვიდობებლად აპირებს გასვლას.

– სირო!!! – მთელ ხმაზე ვუყვირი – ასე, გაპროჭილი მთვრალი არ უნდა დაეთრეოდე შუაღამისას! ქალაქში ამ დროს ნაბოზვარი ბელიკები დარბიან და ხალხს დაუფიქრებლად ხოცავენ ქუჩებში!!!

ზღურბლთან დგება, ტრიალდება და სახეში პირდაღებული მიყურებს…

© არილი

Facebook Comments Box