დაახლოებით სამი კვირაა, რაც მერაბ აბრამიშვილის ფართო რეტროსპექტივაა წარმოდგენილი ზურაბ წერეთლის სამხატვრო გალერეა MoMA-ში და დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდება. ადამიანები რამდენჯერმე მიდიან გამოფენაზე, რათა დახურვამდე კიდევ ერთხელ შეძლონ თვალის შევლება და ესთეტიკური თუ ინტელექტუალური სიამოვნების მიღება. ალბათ, ყველა მათგანს უჩნდება სურვილი, კვლავ და კვლავ იხილოს ის სიფაქიზე, სინაზე, იდუმალება, ფერთა ჰარმონია, ნაცნობი თემების საინტერესო გადააზრება, რასაც მის ტილოებზე აწყდება და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ერთ-ერთ სერიოზულ და აბსოლუტურად განსხვავებული ხელწერის შემოქმედთან აქვს საქმე, რომელიც ნამდვილად არავის ჰგავს და ამიტომ არავისში აგერევა. ხელოვნებას კი, უპირველესად, ეს ინდივიდუალიზმი, ერთადერთობა ამშვენებს – ჭეშმარიტმა ხელოვნურმა ნაწარმოებმა ერთი განუმეორებელი ინდივიდის ერთადერთი სამყარო უნდა აჩვენოს, რადგან სხვათა გადამღერება, ბაძვა, პარვა ერთგვარად აუტანელია, როგორც ყოფაში, ისე – ხელოვნებაში.
ზემოთ ჩამოვთვალე აბრამიშვილის მხატვრობის ძირითადი მახასიათებლები – სიფაქიზე, სინაზე, სიღრმე, მაგრამ როგორ, რა მეთოდით აღწევს ამას ხელოვანი, რა აქვს მას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რით აღწევს შედეგს?!
უპირველესი მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი ტილო, იქნება ეს ნატურმორტი (რომელზეც მხოლოდ ყვავილებია გამოხატული), ცხოველი, ფრინველი, მოცეკვავე ქალი, შაჰ-აბასი და მისი ხარჭა, სამოთხეები, აპოკალიფსი თუ მექანიკური პიანინო, იმდენად “გაიშვიათებულ”, ჰაეროვან სამყაროს ქმნიან, რომ ყოველთვის რჩება ადგილი დამთვალიერებლის “ჩარევისთვის”, კერძოდ, ყველა მისი ტილო ფიქრის სურვილს აღძრავს, რაც, ემოციურ ნაწილთან ერთად, მისი ძლიერი ინტელექტუალური ასპექტის მაჩვენებელია. საგანი, რომელიც ტილოზეა გადატანილი, ამ საგნის სიღრმისეულ არსს, მის ჭეშმარიტ შინაარსს ასახავს, ამიტომაც განცდა, რაც შავი პანტერის ნახვისას გეუფლება, აბსოლუტურად შესაბამისია გამოხატული საგნის ბუნებისა – პანტერა არის ულამაზესი, რაც მის ხაზებსა და პლასტიკაში გამოიხატება, მაგრამ იგი, ამავე დროს, არის საშიში. რომ არა ეს მახასიათებელი, მხატვრულ ტყუილთან გვექნებოდა საქმე. ასეთსავე განცდებს აღძრავენ ულამაზესი ხალებიანი ლეოპარდები – სილამაზისა და შიშის გრძნობას. მათში ერთნაირი დოზით არის მოცემული ეს ორი მახასიათებელი, რაც მათ ბუნებას წარმოაჩენს. შეუძლებელია, ქართველ მხატვარს პანტერა ანდა ლეოპარდი დაეხატა და მისთვის, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად არ ემუშავა ვეფხისტყაოსნის ნესტანისეულ ხატებას, ანდა, შეუძლებელია, ქართველმა დამთვალიერებელმა ისე უყუროს ამ ლამაზ ცხოველებს, რომ პოემა არ გაახსენდეს და არ იგრძნოს საოცარი თანაგანცდა ავტორთან, რომელმაც მისთვის გააცოცხლა ამ საოცარი ცხოველის მშვენება და რომ ამ დროს ისიც ნესტანის იდუმალებასა და სახიფათოობაზე ფიქრობდა. ეს ლეოპარდები და პანტერები გიზიდავენ და განგიზიდავენ, რადგან მათში ერთდროულად, თანაბარი დოზით დევს ეს ორი ამბივალენტური თვისება. ეს წვდომაა სწორედ, ასე რომ აღაფრთოვანებს მნახველს და უდიდეს ემოციას უტოვებს აღნიშნული ტილოების მიმართ.
რას წარმოადგენს ყვავილები მერაბ აბრამიშვილთან, ნუთუ მხოლოდ ლამაზ მცენარეებს, რომელნიც ამოდიან, იზრდებიან, სიცოცხლეს გვილამაზებენ და კვდებიან?! მხოლოდ ეს რომ იყოს მხატვრული ტილოს მახასიათებელი, ბოტანიკასთან გვექნებოდა საქმე და არა ხელოვნებასთან. აბრამიშვილის ყვავილები და მცენარეები – ასკილი, იასამანი, გვიმრა – რომელნიც ქოთნებში ყვავიან, ფესვებით არის დახატული, ეს ფესვები რეფლექსიის სურვილს გიჩენენ – ყვავილთა ბუნების თავისებურებაზე, მათ განგრძობადობაზე გვესაუბრებიან. მათი სილამაზე და მშვენიერება ერთწლოვანი ვერ იქნება, თანაც, ისინი ლამაზები კი არა, მშვენიერები არიან, ანუ იმდენად არიან განსულიერებულნი, რომ მათ მიმართ პატივისცემის განცდა გიჩნდებათ. ასკილის სიკეკლუცე იქნება თუ იასამნის მშვიდი, დამჯდარი ფერების ჰარმონია, სულის განსაკუთრებულ კუნჭულებს აღიზიანებენ, ალბათ, ზუსტად იმ კუნჭულებს, სადაც მათი ადგილია, ამიტომ არიან ასე “ზუსტები” და ასე მშვენიერები.
ხოლო ყველაზე დიდი ჰუმანიზმი, რაც ამ მხატვრის სამყაროდან გამოსჭვივის, არის ტოლერანტობის უმაღლესი ხარისხი, მისი განურჩეველი სიყვარული და მიმღებლობა ყველაფრისა, რასაც სამყაროში ჰქონია ადგილი, იქნება ეს ცოდვა თუ სიწმინდე, დაცემა თუ ამაღლება. ამ დამოკიდებულების სიღრმეს მისი “სოდომი და გომორი” გამოხატავენ, ცეცხლის ენებით სავსე ორი ნახევარსფერო, რომელნიც მთელს დედამიწას განასახიერებენ, ერთი, რომ თავად ამ ორი დაცემული ქალაქისადმი სოლიდარობას უნდა აღნიშნავდეს და, მეორეც, ამ სოლიდარობით ადამიანს უნდა მიანიშნებდეს, რომ სოდომ-გომორი იქ და იმ დროს არ დამთავრებულა, არამედ მარადიული საფრთხეა თუ მარადიული მოვლენაა, რაკიღა ცოდვის სიტკბოს ხიბლით არის სავსე. იმდენად ლამაზია ტილო, იმდენად ღრმა ესთეტიზმით არის სავსე, შეუძლებელია, მისთვის სოდომ-გომორს ის მარტივი დატვირთვა ჰქონოდა, რასაც ზედაპირულად აღიქვამენ ადამიანები. ამ ტილოს ფერები მნახველს თითქოს შიშისგან იხსნის, რადგან, მკვეთრი ცისფრისა და მკვეთრი მეწამულის აქტიური ურთიერთობა ამ სამყაროს სახიფათო კავშირებზე უნდა მიანიშნებდეს, კავშირებზე, რომელიც ზეცისა და მიწის ყველაზე საშიშ ჩაბღაუჭებას ანდა ყველაზე კონტრასტულ ჰარმონიას ასახავს. სხვა რა შეუძლია ხელოვანს, თუ არა მოვლენაზე თავისი საკუთარი ხელწერის დატოვება?!
ანდა მისი “პრასტიტუტკები”! გამოფენაზე ორი “პრასტიტუტკაა” წარმოდგენილი. ტილოები ზურგიდან არის დახატული, ქალებს მხოლოდ სახის პროფილის ნაწილები მოუჩანთ. ორივე ტილო უმსუბუქესი და უნაზესია, რაც ამ “ხელობის” ქალებისადმი ტრადიციულ დამოკიდებულებას ანგრევს – ვნებათა ქარიშხალს და ცოდვის სიმძიმეს, რაც უმეტესწილად, ხორცის “სიჭარბესა” და ფერთა სიმკვეთრეში გამოიხატება ხოლმე. აბრამიშვილის პრასტიტუტკები დახვეწილი, ნაზი ქალები არიან, რომელნიც ძველი საბერძნეთის ჰეტერებს თუ ახალი ეპოქის ევროპელ დემიმონდენებს, ანდა იაპონელ გეიშებს მოგვაგონებენ. მხატვრისთვის ამ პროფესიას, როგორც ჩანს, თავისი ინტელექტუალური დატვირთვა უფრო ჰქონდა, ვიდრე ხორციელება და ცარიელი ვნება.
ორ “დიალოგსაც” წავაწყდებით ფიროსმანთან – ჟირაფები და შველი, რომელიც წყალს სვამს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი დიალოგი დიდი მხატვრისა გენიოსთან, ანდა ერთი გენიოსისა მეორე გენიოსთან. ეს ჟირაფები თან ენათესავებიან და თან იმდენი განსხვავებით გამოირჩევიან, რამდენი სხვაობის ნიჭიც ბუნებას მიუცია ამ არსებებისთვის. ფიროსმანის სტატიკური, მკვეთრად “ჩამოყალიბებული”, ლამის სკულპტურული ჟირაფი აქ იმდენად ჰაეროვანი და ნაზია, რომ იფიქრებ, ფაუნის სხვადასხვა სახეობებთან გვაქვს საქმეო, თუმცა, საგნის ძირითადი არსი, ანუ სახეობის ბუნება ორივე მხატვარს ერთგვარად აქვს განცდილი – ორივე წვდება ამ უვნებელი ცხოველის, ბუნების მშვენიერების ჭეშმარიტ არსს, ფიზიკური სიმაღლით სულიერ სიმაღლეს რომ მოგვაგონებენ და სიმპათიისა და სიყვარულის გრძნობას გვიჩენენ. როგორც პანტერისა და ლეოპარდის ხილვა იწვევს შიშს, რაკი ისინი მართლაც საშიშები არიან თავიანთი მხეცური ბუნების გამო, ზუსტად ასევე, ეს ჟირაფები და შვლები ამდენადვე არასაშიშები და ახლობლები არიან, ანუ – უხიფათო მშვენიერებები.
გამოფენის დიდი ნაწილი რელიგიურ თემატიკას ეძღვნება, აქ არის სამოთხეების, საიდუმლო სერობების, დატირებების უამრავი ვარიაცია და ქვევარიაცია. განსაკუთრებით უხვად არის წარმოდგენილი “სამოთხე”. მხატვარს იმდენად ბევრი ვარიანტი აქვს შექმნილი, რომელთაგან რამდენიმე ძირითადი “ფორმა” გამოირჩევა, რომ შეიძლებოდა ამ გამოფენისთვის “სამოთხის გამოფენა” გვეწოდებინა. აქ არის წრიული სამოთხეები, ჰორიზონტალურად გაშლილი სამოთხეები, როდესაც ტილოები ვიწროა და გრძელი და ამ ფორმითაც გამოიხატება, ერთი მხრივ, ამ სამყაროს გრძლიობა, მეორე მხრივ, ერთგვარი სივიწროვე. არის კვადრატულად გაშლილი სამოთხეებიც. თუმცა, ამ სამ ძირითად ფორმაში რამდენიმე ვარიაცია აქვს შექმნილი, რაც თემაზე ფიქრის ხანგრძლიობაზეც მეტყველებს. როგორია მისი სამოთხეები? – ნაზი, ფაქიზი, იდილიითა და ყვავილებით სავსე, უკონფლიქტო, უღრუბლო ანუ ტრადიციული, მაგრამ ერთი მხატვრის კუთვნილება, მისი ფერებით შემქნილი.
ექსპოზიციაში ყურადღებას იქცევს “იერუსალიმი”, იმდენად ჰარმონიული და დაწყობილ-დალაგებული, რომ შეხედვისთანავე გიჩენს ზეციური იერუსალიმის განცდას, სადაც, ისევე, როგორც სამოთხეებში, არ არსებობს კონფლიქტი და აგრესია, სადაც ყველაფერს თავისი დამსახურებული ადგილი აქვს, სადაც ადამიანის გონებისა და სულის ზეიმია. ამ ტილოს ფერებიც უაღრესად მშვიდი და ჰარმონიულია, ერთმანეთთან უკიდურესი შინაგანი წესრიგით მიბმული. იერუსალიმის ქვეშ გამოფენილ სოდომ-გომორი კიდევ უფრო უსვამს ხაზს, რა განსხვავებაა ზეციურ ქალაქსა და მიწიერ ქალაქს შორის.
დიდ ტილოებს შორის შესამჩნევია და შთამბეჭდავი ,,აპოკალიფსი’’ და ,,კრწანისის ბრძოლა’’, რომელნიც გვერდიგვერდ არის გამოფენილი. აქვე ვიტყვი, რომ ექსპოზიციას ეტყობა გამოფენის ორგანიზატორის კარგად გათვლილი კონცეპტუალური ტაქტიკა, რაც კიდევ უფრო ეხმარება დამთვალიერებელს მხატვრის სათქმელის აღქმაში. გარე დარბაზი თითქოს შემზადებაა იმ დღესასწაულის სანახავად, რაც შიდა დარბაზში ელოდება მნახველს.
აპოკალიფსი თავისი დატვირთული შინაარსით და იოანე – მისი ინტელექტუალური შტრიხით – გამოცხადებით, რაც ხელნაწერის ფორმით არის დატანილი ტილოს გარშემო. ამ შტრიხით მხატვარი მიგვანიშნებს, რომ აპოკალიფსი, თავისი სირთულითა და წარმოუდგენლობით, შეუძლებელია, გაიგო, თუ მის წერილობით ვერსიასაც არ ჩაუღრმავდი და აქაც გვახსენდება მისი შემოქმედებითი პატიოსნება.
უნდა აღინიშნოს, რომ მერაბ აბრამიშვილისთვის, როგორც ჩანს, ე.წ. პატრიოტიკა არ მიეკუთვნება საყვარელ თემას. ამ მასშტაბურ ექსპოზიციაში მხოლოდ ორი ტილო გვხვდება აღნიშნულ თემაზე – ,,შავლეგო’’ და ,,კრწანისის ბრძოლა’’. პირველი მათგანი არის მუქ, თალხ ფერებში შესრულებული და უაღრესი ტრაგიზმით სავსე, უნდა აღინიშნოს, რომ იგი დაწერილია “დატირების” სტილში, რითიც მიანიშნებს ეროვნული გმირის ნათესაობაზე რელიგიურ გმირთან ანუ ქრისტესთან – განწირულობით შავლეგო ქრისტეს ენათესავება.
რაც შეეხება ,,კრწანისის ბრძოლას’’, რჩება შთაბეჭდილება, რომ მხატვრისთვის ეს კონკრეტული ტრაგიკული ფურცელი ორმაგად საინტერესო უნდა ყოფილიყო, როგორც თავად ამ ბრძოლის ისტორიული მნიშვნელობით, ასევე, მისი ტაქტიკითა და სტრატეგიით. საკმაოდ მოზრდილ ტილოზე ტყესავით ამოზრდილი ისრებისა და საბრძოლო იარაღის, ასევე, მონაწილე მებრძოლთა სიმრავლე, მათი განლაგება და შორიდან შეხედვისას თვალისთვის შესამჩნევი კონფიგურაცია – მტრების გარემოცვაში მოქცეული დამარცხებისთვის განწირული ქართველი მებრძოლები, მთელი სიღრმითა და დრამატიზმით აქვს განცდილი, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც მის ტილოებზე დაუდია ბინა. ეს ტილო 300 არაგველის ძეგლიც არის და დატირებაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულზე. ყოველ შემთხვევაში, ტილოს სიღრმე და მასშტაბურობა ამგვარ განცდას იწვევს, მით უმეტეს, რომ სხვა ისტორიული ფურცლების შესახებ გამოფენაზე ვერაფერს ვხედავთ.
და ბოლოს, მხატვრის ბედზე. მერაბ აბრამიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი ტილოების სიმრავლე, შინაარსების სიღრმე და სიუხვე მნახველს აფიქრებინებს, რომ მის მიერ ასე მრავალფეროვნად განცდილი სამოთხეები, ასე ლამაზად დახატული ყვავილები, რომელნიც სამოთხეს ამშვენებენ, ასეთი იდუმალებით შესრულებული საშიში, თუმცა ლამაზი ცხოველები, ისევე უნდა “გაჰყოლოდნენ” მას მარადიულ გზაზე, როგორც აქ მოსვლისას “ჩამოიტანა” თავისი ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სამყარო. რატომ უნდა ვიდავოთ ამაზე, თუკი სამყაროს მეტაფიზიკური და ფიზიკური ლოგიკა ამ რწმენაში უტყუარი არგუმენტებით ვერ შეგვეწინაღმდეგება?!
26 მარტი. 2016
© არილი