ნოდარ ლადარია
დიდი პატარა ბოროტება
ლევან სანიკიძე, როინ მეტრეველი. ჩვენი სამშობლოს მატიანე, სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მე-5 კლასისათვის, ცისარტყელა, თბილისი, 2002.
ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ერთ სტატიაში ასეთ ამბავს მოგვითხრობს: მადრიდის საჯარო ბიბლიოთეკაში ვინმე ჯუჯა დადიოდა. ერთხელაც ბიბლიოთეკარს ლექსიკონი სთხოვა. ბიბლიოთეკარი, ეტყობა, ახალი იყო და ჯუჯას ჰკითხა: “რომელი გნებავთ, ბატონო, გერმანული, ფრანგული, ლათინური?”. “სულ ერთია, — მიუგო ჯუჯამ, — უბრალოდ, მაგიდას ვერ ვწვდები და ლექსიკონზე უნდა დავჯდე”…
არსებობს საქმე, რომლის გასაკეთებლად სურვილი კი არა, მოვალეობა მოგიწოდებს, ან საფრთხის თავიდან აცილების საჭიროება. სწორედ ამიტომ ვიტვირთე ამ რეცენზიის დაწერა, რადგან კარს მომდგარი საფრთხე შევიცანი უბრალო სასკოლო სახელმძღვანელოში.
განსახილველი წიგნი პირდაპირ ტყუილით იწყება: “წარსულის შემსწავლელ მეცნიერებას ჰქვია ისტორია, ანუ მატიანე; ისტორიის შემსწავლელ მეცნიერს — ისტორიკოსი ანუ მემატიანე”.
ცხადია, ისტორია და მატიანე სინონიმები არაა, მაშ რატომ გააიგივეს ეს ორი ცნება ავტორებმა? იქნებ ჩვენში ისტორიკოსთა პროფესიული შეგნება ჯერაც იმ საფეხურზე იმყოფება, როცა ისტორია და მატიანე ერთსა და იმავეს ნიშნავდა? ნუ გავაკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და ჯერ ის ვიფიქროთ, რომ ავტორები ჩვენი შვილების ინტელექტუალურ რესურსებს უფრთხილდებიან და მათი ნაადრევად დაძაბვა არ სურთ. რა თქმა უნდა, ამით ვერ გავამართლებთ მცდარი დებულებების სახელმძღვანელოში შეტანას, მაგრამ მოსაწყენი მეცნიერული მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, რომელსაც, სხვათა შორის, განსახილველი ტექსტი არ იმსახურებს, შევეცადოთ, პასუხი გავცეთ ორ კითხვას: მიუხედავად ავტორთა ზრუნვისა, გაიგებენ თუ არა ბავშვები, რა წერია წიგნში? რა დასკვნები შეიძლება უკარნახოს მკითხველის ჩვილ გონებას სახელმძღვანელოს ტექსტმა? ოღონდ თავიდანვე ვთქვათ, რომ ჩვილი გონების პატრონად არა მხოლოდ მოსწავლეები მიგვაჩნია, არამედ მასწავლებელთა უმრავლესობაც.
მივყვეთ ავტორთა რჩევას: “დედაენა რომ გისწავლია, ახლა შეუდექ შენსავე დედაისტორიას, ანუ დედამატიანეს!” თავიდანვე ნუ ვიქნებით ბოროტები და ნუ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რა ასოციაციები შეიძლება გაუჩნდეს რიგით ქართველს, როცა ეუბნებიან, შენს დედამატიანეს შეუდექო.
მაშ ასე, გადავფურცლოთ წიგნი და ალალბედზე ამოვიწეროთ, რაც მოგვეწონება. ისტორიასა და მატიანეს შორის განსხვავებას თურმე ჩვენი შვილები ვერ გაიგებენ, — ნეტა ამას თუ გაიგებენ:
“ქართული სამყარო დიდი ბერძნული ცივილიზაციის კვლავ ახლო მოკავშირე და მონაწილე შეიქნა” (გვ. 10) — ტერმინი “ცივილიზაცია” არაა განმარტებული.
“ქართველები პარტიზანულ ომზე გადავიდნენ” (გვ. 14) — I საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე!
“გაჩაღდა და გაცხოველდა ქვეყნად ახალი მოძღვრების — ქრისტიანობის გავრცელების სამოციქულო მოღვაწეობა”
“კონსტანტინოპოლიდანაც მოატანეს მომნათლავმა მოწესეებმა და გაჩაღდა მონათვლა, ანუ “მოქცევაი ქართლისაი” (გვ. 21) — “მომნათლავი მოწესე” ნეტა რა არის? სად გაუგონიათ ამგვარი გამოთქმა ავტორებს, რომელთაგან ერთ-ერთი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი როინ მეტრეველი) წიგნის რედაქტორიცაა — ასეთი შეთავსება თუ შესაძლებელი იყო, არ მეგონა, მაგრამ სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგონიათ? ადრე, მახსოვს, საკოლმეურნეო შრომას აჩაღებდნენ, ახლა ქართლის მოქცევას — ვაჰ, დრონი, დრონი!
“ხელითა და ნივთით შენამოქმედს მატერიალური ანუ ნივთიერი კულტურა ჰქვია” (გვ. 29) — ძლივს ტერმინის ახსნა მოინდომეს და აი, რა გამოუვიდათ.
“საპასუხოდ ირანელმა ამირებმა ასიათასიანი არმია აფრინეს” (გვ. 33) — ალბათ მფრინავი ხალიჩებით, როგორც “ათასერთ ღამეში”. ეს ირანელი ამირები კი ვინ არიან? ძნელი იყო განმარტება?
“დიდგვაროვანი — დიდი გვარისა, შთამომავლობით წარჩინებული” (გვ. 35) — პირველი განმარტება ტავტოლოგიურია: დიდგვაროვანი — დიდი გვარისა. მეორე კი მცდარი: შთამომავლობა შვილებსა და შვილიშვილებს ნიშნავს, არისტოკრატობას კი წინაპრები აპირობებენ.
“დავითმა ქმედითი ღონისძიებები გაატარა საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგების მიზნით” (გვ. 40) — ეს წინადადება, როგორც ეტყობა, ცეკას ბიუროს რომელიმე სხდომის ოქმიდან გაახსენდა ერთ-ერთ ავტორს (აბა, გამოიცანით, რომელს!).
“პოემა “ვეფხისტყაოსანი”… დღეს მსოფლიო ლიტერატურის ხელთუქმნელ ძეგლადაა მიჩნეული” (გვ. 46) — მე არც ის ვიცოდი, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მოიპოვება ნამდვილი წევრები, რომლებსაც არ ესმით, რას ნიშნავს ტერმინი (ეს ტერმინია!) “ხელთუქმნელი”.
“მონღოლთა ბატონობა საქართველოს ეკონომიკური დაქვეითების საფუძველი გახდა” (გვ. 49) — “მიზეზი” მაინც დაგეწერათ, თქვე დალოცვილებო! თანაც, ბავშვები რას გაიგებენ, რას ნიშნავს ეკონომიკური დაქვეითება? მე კი რას ვჩივი, როცა წიგნში არსადაა განმარტებული, რას ნიშნავს ფეოდალი!
“მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში კახეთს “გაყიზილბაშების” აშკარა საფრთხე დაემუქრა” (გვ. 59) — აქ აკადემიკოსს, ეტყობა, გულმა რაღაც უკარნახა და ბრჭყალებში ჩაასმევინა “გაყიზილბაშება”. ეჰ, რომელიმე ჭკვიანურ წიგნში ჩახედვა კი ისევ დაეზარა.
“მეფის რუსეთს უნდოდა საქართველო და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნები თავის კოლონიად გადაექცია” (გვ. 82) — რას ნიშნავს “უნდოდა”? ილიკოსა და ილარიონის პოლიტიკური დისკუსიები მოვიგონოთ, თუ კინოფილმი “ჩაპაევი”?
“მათ მძაფრი ბრძოლა გააჩაღეს ქართველი ხალხის სოციალური და ეროვნული გათავისუფლებისათვის” (გვ. 85) — ერთხელ გააჩაღეს, ორჯერ გააჩაღეს, აღარა კმარა?! თანაც ეს სოციალური და ეროვნული რაღაა, არ უნდა განვუმარტოთ ბავშვებს? მხოლოდ ოთხი გვერდის შემდეგ წერია, რომ “ლათინური “სოციალური” იგივეა, რაც ქართული “საზოგადოებრივი”. ბერძნული “დემოკრატიული” იგივეა, რაც ქართული “სახალხო” ანუ სრული თარგმანით — “ხალხის ძალაუფლებრივი”. ღმერთო, რა უბადრუკობაა! აბა, სიმარტივეს ხომ არ დავარქმევ ამ იწილო-ბიწილოს. მეხუთეკლასელი ბავშვები პატარები და გამოუცდელები რომ არიან, ეს სულაც არაა საბაბი მათი მასხრად აგდებისათვის.
ვიკმაროთ ეს ზერელე და არასრული მიმოხილვა, რომელიც უკვე გვაძლევს საფუძველს შემდეგი დასკვნისათვის: წიგნი სავსეა ფაქტობრივი და ტერმინოლოგიური შეცდომებით, სტილისტური თვალსაზრისით კი სრულიად მიუღებელია. აქ მრავლადაა უცნაური არქაული ჟღერადობის ნეოლოგიზმები (სანიშანსვეტო, ერისუფალი, ამოკვართა, შენამოქმედი), განუმარტავი ტერმინები, საკანცელარიო გამოთქმები. ერთი სიტყვით, სახელმძღვანელოს ენა რაღაც საშუალოა დაქირავებული თამადის ღვლარჭნილ სადღეგრძელოსა და რიგითი საბჭოთა მეცნიერის წლიურ თემას შორის.
და მაინც, რა გაუგებარი ან უაზროც არ უნდა იყოს ტექსტი, სახელმძღვანელოს “ჟანრი” მკითხველს მაინც აიძულებს რაღაც დასკვნების გამოტანას. ახლა ზემოთ დასმულ მეორე კითხვასაც მივხედოთ და ვნახოთ, არის თუ არა ტექსტში რამე იდეოლოგიური ტენდენცია.
უპირველეს ყოვლისა, წიგნი ჩაგვაგონებს იდეას, რომ საქართველო მრავალტანჯული ქვეყანაა. რამდენად კონსტრუქციულია ეს იდეა, ამაზე მსჯელობა უადგილოდ მიმაჩნია. ახლა უფრო არგუმენტაციის სტრატეგია მაინტერესებს. ჯერ ერთი, მტრები: ისინი თითქმის ყოველთვის ეთნიკური ნიშნით მოიხსენებიან: ბერძნები, რომაელები, ირანელები, თურქები, მონღოლები, თათრები (!), რუსები. ამავე დროს, შიგადაშიგ უცნაურად წამოჰყოფენ ხოლმე თავს “დიდგვაროვანი ფეოდალები”, “ურჩი თავადები”, სხვადასხვა ჯურის ერის მოღალატეები, მებატონეები, კაპიტალისტები. ამათ რა უნდათ, გაუგებარია, მაგრამ აშკარაა, რომ შიგნიდან ჯიჯგნიან საქართველოს და შეძლებისდაგვარად წვლილი შეაქვთ მის მრავალტანჯულობაში. ყველა ამ მტერს ერთადერთი მოტივი ამოძრავებს: მათ საშინლად სძულთ საქართველო და მისი სულ მცირე წარმატების გამო დაუძლეველ შურს განიცდიან. ამიტომ მათ მიმართ უხვადაა დარიგებული ეპითეტები: “პირსისხლიანი”, “მძვინვარე”, “გულზვიადი”, “გაცოფებული”, “ბრიყვი” და მისთ. მათი მოქმედება საქართველოსა და ქართველების მიმართ სრულიად ირაციონალურია.
საერთოდ, სხვა ეროვნების მიმართ, თუმც მტრული არ იყოს, რამდენადმე ქედმაღლური დამოკიდებულება წიგნში აშკარად შეინიშნება. მაგალითად, მე-17 გვერდზე ვკითხულობთ: “პალესტინიდან გადმოხვეწილ ებრაელთა ნაშიერნი” — კიდევ კარგი, “ურიის ჭონტოლნი” არ წერია, როგორც 1930-იან წლებში შეიძლება დაწერილიყო.
წამდაუწუმ იყენებენ ავტორები ისტორიული მასალის ფსევდოლიტერატურულ გადმოცემას:
“მე რა კაცი ვარ, თუ ქართლ-კახეთი საბოლოოდ არ დავიპყარი! — განაცხადა მძვინვარე შაჰმა და 1625 წელს საქართველოში დიდი მხედრობა გამოგზავნა” (გვ. 57). რამდენიმე სტრიქონით ზემოთ კი წერია: “შაჰ-აბასს საქართველოს ძირფესვიანად ამოგდება სურდა”. დავანებოთ თავი ამ ტექსტის აბსურდულობას, დავუშვათ, ეს მართლაც ასეა. საკვირველი სხვა რამეა: მთელი წიგნის მანძილზე არც ერთხელ არაა ახსნილი საქართველოს მტერთა ამგვარი სურვილებისა და მოქმედებების მოტივი. რატომ ჰგონიათ ავტორებს, რომ ჩვენი შვილები იმბეცილები არიან? იქნებ სურთ, ასეთებად აღზარდონ, რომ მომავალშიც უგანაჩენო ფარასავით მოადგნენ უმაღლესი სასწავლებლის კარებს და… აღარ გავაგრძელებ, უჩემოდაც ბევრს წერენ და ლაპარაკობენ ამაზე.
მტერთა ირაციონალიზმი და საქართველოსადმი ზიზღი კულმინაციას აღწევს XX საუკუნეში: “რუსეთის უმაღლესი ხელისუფალნი თავგამოდებით ცდილობენ დააკნინონ სტალინის, როგორც ქართველის როლი მათი ქვეყნის მანამდე გაუგონარი აღზევების ისტორიაში და განსაკუთრებული სიმკაცრით ეპყრობიან მის მშობელ საქართველოს” (გვ. 96).
მანამდე კი წერია: “1945 წლის 9 მაისს სტალინი დიდი გამარჯვებით ამთავრებს “დიდ სამამულო ომს”. ქართველი იყო, მაშ!
კიდევ უფრო ზემოთ კი აბსურდის ტრიუმფს ვხედავთ: “არავის არასოდეს რუსი ხალხი იმ სიმაღლეზე არ აუმაღლებია, როგორც იგი აამაღლა ქართველმა. სწორედ მისი სტალინიზმი იქნება მანამდე არნახული და არგაგონილი მოცულობა და სიმძლავრე რუსული იმპერიული მპყრობელობისა” (გვ. 95) — აააააუუუუ!!! Грузите апельсины бочками!
ერთი სიტყვით, სახელმძღვანელოს ტექსტი ეთნიკური მიკუთვნებულობის გარდა სხვა ღირებულებას არ იცნობს და მისი მთავარი, უფრო მეტიც, ერთადერთი მიზანი ქართველისა და არაქართველის დაპირისპირებაა.
თვით ქართველს კი რა მოვალეობას აკისრებენ ჩვენი ავტორები? ძალიან მარტივს: “ისწავლე ილია! იყავ ილიელი!” ეს ისე, ნორჩი ლენინელის პონტში. არა გჯერათ? აჰა, დატკბით: “ყოველი ქართველი ვალდებულია, ყოველ წელს, 30 აგვისტოს, ანუ ახალი სტილით 12 სექტემბერს, ილიას ვერაგული მკვლელობის დღეს, მივიდეს წიწამურზე და მუხლი მოიყაროს იმ ადგილზე”. როგორც გენებოთ, ძმანო ქართველნო, ერთი რამე კი ჭეშმარიტია: რამდენიც არ უნდა იაროთ წიწამურზე მუხლის მოსაყრელად, იმ ადგილას არასოდეს შეგეყრებათ ამ წიგნის ავტორი და რედაქტორი.
ახლა კი დროა, მკითხველო, რომა მშვიდობა ვნახოთ ჩვენც და საქართველომაც. ოღონდ ჯერ დასაწყისში მოყვანილი ამბავი უნდა გავამართლო, — ხომ გახსოვთ მადრიდელი ჯუჯა. ჩვენი ავტორები საქართველოს მატიანეს კი არ წერენ, არც ეყრდნობიან — ისინი უბრალოდ ასხედან მას. დასკვნა ერთადერთია: ამგვარი წიგნის სკოლაში შეტანა მავნებლობაა, და თუ ვინმეს ამ სიტყვაში სტალინიზმის აჩრდილი მოელანდება, უბრალოდ, ვეტყვი: ნუთუ ტყუილისა და უგემოვნებობის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩა, სამშობლოს სიყვარულის ჩასანერგად?
ერთი პირობა გაკვირვების გამოთქმა მინდოდა იმის გამო, რომ მიუხედავად საერთო გულისრევისა, წიგნი მაინც დაამტკიცეს. სრულიად შემთხვევით და ძალიან კონფიდენციალურად გამანდეს, რომ კონკურსზე წარდგენილი ალტერნატიული სახელმძღვანელო ამაზე უარესი იყო. გიხაროდენ: ჩვენს თავზე ისეთი მადლი ტრიალებს, რომ პატარა ბოროტებაც დიდზე დიდია!
© “წიგნები – 24 საათი”
2 Comments
Marika Tarasashvili
თვალწინ თავზარდამცემი ტენდენცია დამიდგა – თაობების ”ვითომგანათლებულობა” თუ ”ცრუგანათლებულობა”, რაც უვიცობაზე გაცილებით უარესი და საშიშია. როგორც ჩანს, ყველა ცივილიზაციის, კულტურისა და ერის დაისი ამ სენით იწყება.
აუცილებელია, რომ უამრავ ვაი-სახელმძღვანელოში არსებულ ხარვეზებსა და ტყულებზე, ექსპერტებისა და პროფესიონალი პედაგოგების განხილვებმა, მშობლების, სკოლებისა და სათანადო ინსტანციების ყურადღება მიიპყროს. ეს შეიძლება მოხდეს ინტერნეტ-გვერდის, რადიოსა და ტელევიზიის, თუნდაც სკოლებში შეხვედრების მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციის გამოსწორებისაკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა მარცხისათვისაა განწირული.
Anonymous
OMG