Verrà la morte e avrà i tuoi occhi
© 1951, 1966 e 2014 Giulio Einaudi editore S.p.A., Torino
იტალიურიდან და ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
კ-ს, ჩ-საგან
შენი ღიმილი –
მკრთალი ბზარი
გაყინულ თოვლზე
მარტის ქარი,
მოცეკვავე ტოტები
თოვლში;
შენი ჩუმი ხმა,
თეთრფეხება შვლის
გაელვება.
მინდა, მივდიო ნავარდს
შენი სწრაფი დღეების,
შენი გზების
ნატიფ მაქმანებს.
მომავალი გაყინულა
ქვევით, დაბლობზე.
შენი ღიმილი –
მკრთალი ბზარი,
დამთუთქავი
შენი სიცილი.
11 მარტი, 1950
დილაობით მაინც ბრუნდები
ცისკრის ალმური
შენი პირით
იწყებს სუნთქვას
ცარიელი ქუჩის ბოლოში.
რუხი შუქი –
შენი თვალები,
განთიადის თბილი შხეფები
მუქ გორაკებზე.
შენი ფეხის ხმა,
შენი სუნთქვა – დილის სიო –
აავსებს სახლებს.
ფეთქავს ქალაქი,
იჟღინთება ქვის
გრილი სუნით.
სიცოცხლე ხარ, გამოღვიძება.
მალე ნათელში
გაწყალდება
ცისკრის ვარსკვლავი,
ნიავს მოაქვს
საიდანღაც
შორეული ჭრიჭინი,
სითბო, სუნთქვა და
თავდება ღამე.
დილა ხარ,
ნათელი.
20 მარტი, 1950
* * *
სისხლი, სუნთქვა
შენი სხეულის.
ეგ თმა, ეგ მზერა.
მიწა, ხეები,
მარტის ცა, შუქი –
რაც ფეთქავს, შენ გგავს.
შენი სიცილი, შენი ნაბიჯი –
შეტოკებული წყლის ზედაპირი.
ნაოჭი შუბლზე –
როგორც ცაზე ღრუბელი.
შენი ტანი –
მზის ნიაღვარი.
სისხლი, სუნთქვა
შენი სხეულის.
მიწის შვილი,
იცნობ მის გემოს,
დარს და ავდარს,
ძილსა და ღვიძილს.
მზესთან თამაშობ
კამკამა წყლის ჩუმი წანწკარით
ადრე გაზაფხულზე,
მიწისა და გაკვირტული სიგრილის სუნში.
შენ, სხვანაირი ცის ქვეშ გაზრდილო,
თვალებში ახლაც გიდგას
მისი დუმილი –
ჰორიზონტზე წამოქოჩრილი
ღრუბლის ნაგლეჯი.
შენს სიცილში ახლაც
იქაური სიჩუმე ისმის.
ტკბილო ნაყოფო,
დაბადებულო
ნათელი ცის ქვეშ,
ახლა გაცოცხლებს
ჩვენი ჰაერი და
მაგ დახშულ დუმილში
ჩანს შენი ძალა.
სიოს მობერვით შერხეული
ბალახის ღერი –
კრთი, იცინი და
თავად ხარ მიწა –
ხარბი ფესვი,
მომლოდინე
დედამიწა.
21 მარტი, 1950
მოვა სიკვდილი შენი თვალებით
მოვა სიკვდილი, დაქანცული,
უძილო მზერას შემომაფეთებს შენი თვალებით
ყრუ, როგორც ძველი სინანულის
მუნჯი აჩრდილი
აბეზარი და აუხსნელი,
ვით მავნე ჩვევა.
მოვა სიკვდილი,
ფუჭი სიტყვებით,
ჩუმი კივილით,
შენი თვალებით – დილაობით რომ
დაზაფრული ჩასცქერენ სარკეს.
იმ დღეს მივხვდებით,
ტკბილი იმედი ყოფილა მხოლოდ ეს სიცოცხლეც
და არარაც – სულების ბოლო ნავსაყუდელი.
სულ ერთი წამით, მაგრამ ყველასთვის იმეტებს
სიკვდილი მზერას.
მოვა სიკვდილი შენი თვალებით,
დამეხსნება ყოველგვარი ხიბლი, საცდური,
მიცვალებული გამომხედავს
იმ ავბედითი სარკის სიღრმიდან
გასუსული დავუგდებ ყურს
შენს დამუწულ ბაგეს
და ერთად ჩავალთ სამუდამო,
ბნელ სიჩუმეში.
22 მარტი, 1950
შენ, მარტის ქარო
სიცოცხლეც შენ ხარ
და სიკვდილიც.
მარტში მოსული,
გრილი მიწის
ჟრუანტელს მოყოლილი.
გაზაფხულის სუნთქვავ,
– ღიღილოვ, ღრუბლის ქულავ –
შენმა სიმსუბუქემ
მიწა შეარყია.
შენმა ნიავივით ნაბიჯებმა
ჭრილობა გამიხსნა,
ისევ ამატკივა.
ცივი იყო მიწა
რუხი ცის ქვეშ,
ბნელ სიზმარში გამოკეტილი,
გაქვავებული,
როგორც ტანჯვით
დაღლილი კაცი.
უძირო გულში
ლღვებოდა ყინვა,
სიკვდილ-სიცოცხლეს
შორის დუმდა იმედი.
ახლა ყველაფერს, ცოცხალს,
ხმაც აქვს და სისხლიც.
ისევ ფეთქავს
მიწაც და ზეცაც.
იმედი – ტანჯვა,
აამღვრევს დილას,
და ყველაფერს
მოერევა შენი ნაბიჯი –
აისის სუნთქვა.
გაზაფხული შეარყევს მიწას
რაღაც ძველი,
უხსოვარი დროის კანკალით.
მიახლებ ტკივილს,
სიცოცხლეც შენ ხარ,
შენ ხარ სიკვდილიც.
უხმოდ ჩაიარე,
როგორც ბეღურამ,
როგორც ღრუბლის
ფაფუკმა ქულამ.
დაგუბებული ნიაღვარი
გულს გამოხეთქავს,
კამკამა ცაში აირეკლება
და ამ ღვარცოფში
სამყარო გამოჩნდება.
შენს მოლოდინში
გაილია ზეცაც და გულიც.
დილაა. გათენდა.
გაზაფხულის სუნთქვამ
მიწა შეარყია.
იმედი – ტანჯვა,
იცდის, იძახის.
სიცოცხლეც შენ ხარ
და სიკვდილიც,
თავსდამტყდარი
მაგ ფარფატა,
უხმო ნაბიჯით.
25 მარტი, 1950.
გამოვივლი ესპანეთის მოედანზე
კრიალა ცა,
ფიჭვები და ბილიკები
ქვიან გორაკზე.
ქუჩის ხმაური
ვერ შეამღვრევს კამკამა ჰაერს.
შადრევნებთან აფეთქებული
ყვავილები – ჭრელი შხეფები,
მხიარული გოგოებივით
თვალფახულები.
მზეში მღერიან
კიბეები, აივნები და ბეღურები.
იმ ქუჩაზე ქვებიც მღერიან.
გული ფეთქავს,
ჩუხჩუხებს, როგორც
წყალი შადრევნებში.
თრთოლვით ავლა
შენი კიბის საფეხურების.
ფანჯრებში ნაცნობი
სუნი ქვის და დილის ჰაერის.
იღება კარი.
ქუჩის ჩოჩქოლი
ემსგავსება გულისცემას
მილეულ შუქში.
და დამხვდები
მტკიცე, ნათელი.
28 მარტი, 1950
* * *
დღეები გადის,
ჩახჩახა და უკაცრიელი.
როგორც ოდესღაც
შენი თვალები.
მდორე დილა
მორევს ჰგავდა
უძრავი შუქის
და შენსავით დუმდა.
სამყარო კამკამებდა
შენს თვალწინ, როგორც
დილით ზღვის წყალი
(არც სიბრალული,
არც ვნება ან ეჭვი).
სადაც შენ ხარ,
იქაა ნათელიც.
შენ ხარ სიცოცხლე და
საგნებიც გარემომცველი.
შენში – ჩვენი გულების კრიალა ცაში –
სუნთქავს ყველაფერი,
მასში არაა
არც სიბრალული,
არც ვნება და
არც შუადღის
ეს მძიმე ჩრდილი,
მუქი და უცხო.
შორეულო ნათელო,
გვეჩვენე, გაგვაგონე
სუნთქვა განთიადის.
ბნელა.
ასე ილევა დილა
შენი თვალების შუქის გარეშე.
30 მარტი, 1950
როცა გეძინა
ღამეც შენ გგავს,
გვიანი ღამე,
მომტირალი მუნჯ,
უძირო გულში.
ქრებიან დაღლილი
ვარსკვლავები.
ლოყა ლოყაზე –
ცივი ჟრუანტელი.
ვიღაც იბრძვის,
გეხვეწება მარტოსული,
შენი მხურვალებით
თავგზაარეული.
ღამე თავდება,
დილა სუნთქავს,
ფრთხიალებს გული.
დახშული სახე,
ბნელი სევდა,
ჟრუანტელი –
დარდი ვარსკვლავების.
ვიღაც შენსავით
ელის განთიადს და
აკვირდება
შენს სახეს ჩუმად.
წევხარ ბნელში –
როგორც უძრავი,
მკვდარი ჰორიზონტი.
საწყალო გულო,
ოდესღაც შენშიც
ფეთქავდა აისი.
4 აპრილი, 1950
კატები გრძნობენ
კიდევ იწვიმებს
შენი ქუჩის ქვაფენილებზე
კიდევ მოვა ის ჟუჟუნა,
მსუბუქი წვიმა,
უწონო, ჩუმი, როგორც სუნთქვა,
როგორც შენი ნაბიჯი.
დილის სიო თრთის,
როგორც მიწა შენს ფეხქვეშ,
როცა ბრუნდები.
ამ თრთოლვას მხოლოდ ყვავილები და
ფანჯრის რაფებზე განაბული
კატები გრძნობენ.
სხვა დღეები,
სხვა ხმები მოვა.
კატები გრძნობენ,
როცა სარკეში უღიმი შენს თავს,
ძველ სიტყვებს ისმენ –
დაღლილს, ჩავლილი
ზეიმის სამოსივით
ფუჭს და ამაოს და
პასუხობ მზერით,
სხეულით, სიტყვით,
გაზაფხულის მეტყველი სახით.
კატები სცნობენ
მარტის სახეს,
მსუბუქ წვიმას,
სუმბულისფერ აისს,
უიმედოს შვებას და
შენს ნაღვლიან ღიმილს სარკეში.
სხვა დღეები,
სხვა ხმები მოვა,
ისევ გაიღიმებს
გაზაფხული
ცისკრის განცდებში.
10 აპრილი, 1950
უკანასკნელი ბლუზი, ოდესმე წასაკითხი
ფლირტი იყო,
ყველამ ვიცოდით,
მაგრამ ვიღაცას
დიდი ხნის წინ
გული ატკინა.
არაფერი შეცვლილა,
დროც ისევ გავა,
ოდესღაც მოვედით,
ოდესღაც წავალთ.
ვიღაც უკვე მოკვდა,
დრომ არ დაინდო,
ვიღაც, ვინც ეცადა და
ვერაფერი გაიგო.
11 აპრილი, 1950
© არილი