სხვა დროშიც მომხდარა ასეთი რამ, სხვა ქვეყანაშიც მომხდარა: დიდებულმა საუკუნემ ნაციონალური ეპოსი მოითხოვა, ოქროს საუკუნემ თავისი უკვდავების პოეტური დადასტურება მოითხოვა. ყველას გვახსოვს ჩვენი გენიოსის სიტყვები: „მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა…“
ეს ამბავი რომში სულ უბრალოდ მომხდარა: იმპერატორ ოქტავიანუსს დაუდგენია, რომ რომის დიდება, მისი პირველი პოზიცია იმდროინდელ მსოფლიოში მხოლოდ რომაულ სამხედრო ძლიერებას ეყრდნობოდა და სათანადოდ არ არის გამყარებული ჰუმანიტარული ფაქტორით. საკმარისი არ იყო დიდი იმპერია, სახელგანთქმული თავისი კანონებითა და ლეგიონებით. საამაყო რომაული სამართალიც კი არ იყო საკმარისი. საჭირო იყო საკუთარი დიდი ლიტერატურა, საკუთარი თეატრი და ა.შ. და იმპერატორს, რომელმაც მანამდე ყველა ომი მოიგო, სამუდამო მშვიდობა დაამყარა, იანუსის ტაძარი საგულდაგულოდ გამოკეტა, ხოლო იმპერიის დედაქალაქი მარმარილოს ქალაქად აქცია, ჭეშმარიტად იმპერატორული გადაწყვეტილება მიუღია: რომის უპირველესი პოეტი, პუბლიუს ვერგილიუს მარო, დაუბარებია და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალური ეპოსის ანუ ეროვნული ლიტერატურის მთავარი ძეგლის შექმნა დაუვალებია. ვერგილიუსს ეს ამბიციური დავალება უდრტვინველად მიუღია და სრული სერიოზულობით შედგომია რომაული ლიტერატურის მთავარი ქმნილების წერას.
ახლა იოლია ამის თქმა, მაგრამ მაშინ ამას ვერავინ გაიგებდა: ვერგილიუსმა პოსტმოდერნიზმის პირველი შედევრი შექმნა. საწყისად ჰომეროსის „ილიადაც“ აუღია და „ოდისეაც“, მითოლოგიურ კრებულებშიც ჩაუხედავს, ბერძნული ტრაგედიებიც შეუსწავლია და კომედიებიც, – ასე დაიბადა საბერძნეთიდან და ჰომეროსის პოემებიდან „ენეიდა“, შემდგომში „ენეიდიდან“ – „ღვთაებრივი კომედია“, „ილიადიდან“, „ოდისეიდან“ და „ენეიდიდან“ – „ულისე“, „ომი და მშვიდობა“ და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ვერგილიუსმა ჰომეროსი „შეავსო“: ტროის ამბების მოყვარულებმა „ენეიდიდან“ მეორე მხრიდან დანახული ომის გარდა თვალნათლივ დავინახეთ ტროის უზარმაზარი ცხენი, ზღვიდან ამოსული გველებისგან დაკბენილი ლაოკოონი და მისი ვაჟები, დანტეს „ჯოჯოხეთის“ მერვე გარსის ღვიძლი მკვიდრის, სინონის, ავანტიურა და ჰომეროსის კალმის ღირსი დიდო და კამილა.
რომში უკვე ყველამ იცოდა, რომ მალე საკუთარი ჰომეროსი ეყოლებოდათ. რომაული პოეზიის მომავალი გრანდიოზული ძეგლისთვის ვერგილიუსის თანამედროვეს, ოღონდ ნაკლებ პოეტს, სექსტუს ავრელიუს პროპერტიუსს, წინასწარ ასე მოუმზადებია მაღალი პიედესტალი (ელეგიები, წიგნი მეორე, სტრ. 65-66):
Cedite Romani scriptores, cedite Grai,
Nescioquid maius nascitur Iliade.
გზა დაუთმეთ, რომაელო მწერლებო, გზა დაუთმეთ, ბერძნებო,
რაღაც ილიადაზე უფრო დიდი იბადება.
ათი წელი წერდა ვერგილიუსი თავის მთავარ ნაწარმოებს. „ილიადაზე უფრო დიდი“ პოემისთვის საბოლოო სახის მისაცემად საბერძნეთში გაემგზავრა. როგორც საკუთარ რჩეულს, ბედისწერა მას სიურპრიზებს უმზადებდა: ათენში ავგუსტუსს შეხვდა და, მისი რჩევით, შინ დაბრუნება გადაწყვიტა. გზად ქალაქ მეგარაში ჩავიდა, იქ გაცივდა, ავადმყოფობამ დაასუსტა, გემით მგზავრობა ვერ გადაიტანა და ძვ.წ. 19 წლის 21 სექტემბერს სამხრეთ იტალიაში, აპულიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ბრუნდისიუმის (დრღევანდელი ბრინდიზის) ნავსადგურში გარდაიცვალა. ერთი ცნობით, სულთმობრძავ გენიოსს „ენეიდის“ ხელნაწერი გულში ჰქონია ჩახუტებული.
აქ კაფკამდე ოცი საუკუნით ადრე წმინდად კაფკიანური სიტუაცია გათამაშებულა: სიკვდილის წინ ვერგილიუსს მეგობრებისთვის კატეგორიულად მოუთხოვია, პოემის „შავი“ ვერსია, დაუსრულებელი „ენეიდა“, როგორც „ილიადისა“ და „ოდისეის“ არასრულყოფილი მეტოქე, ცეცხლისთვის მიეცათ. რომაული რელიგიის მიხედვით, იმქვეყნად მიმავალი ადამიანის უკანასკნელი ნება წმიდათა წმიდა იყო. მომაკვდავი პოეტის სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა და ევროპული ლიტერატურა თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შედევრს დაკარგავდა, იმპერატორ ავგუსტუსს მართლაც იმპერატორული და აშკარად მკრეხელური ნაბიჯი რომ არ გადაედგა და არ ებრძანებინა ლუკიუს ვარიუს რუფუსისა და პლოტიუს ტუკასთვის, არანაირი ყურადღება არ მიექციათ მომაკვდავის უკანასკნელი, წმინდა და ხელშეუხებელი ნებისთვის და „ენეიდა“ მცირეოდენი სარედაქციო ცვლილებებით სასწრაფოდ გამოეცათ. ასე უბრძანა იმპერატორმა უკვდავებას, ახალი წევრი მიეღო და ასე დანებდა მარადიულობა ამქვეყნიური მეუფის ნებას. ისტორიას რომ უკუქცევითი ძალა ჰქონოდა, მაქს ბროდს სიკეთეს არ დაუვიწყებდა და ავგუსტუსის სრულ სახელს ასე ჩამოაყალიბებდა: გაიუს იულიუს კეისარ ავგუსტუს ოქტავიანუს მაქსიმუს ბროდუს.
ვარიუსმა და პლოტიუსმა ავგუსტუსის ბრძანება პირნათლად შეასრულეს: პოემა გამოსცეს ყოველგვარი ცვლილებების გარეშე, მხოლოდ ერთი-ორი ადგილი შეამოკლეს.
მკვლევრები დღემდე კამათობენ, რამდენად დასრულებულია „ენეიდა“. კამათს რაიმე არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. აშკარაა, რომ პოემაში არის რამდენიმე დაუსრულებელი სტრიქონი; თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აზრი მათში დასრულებულია. მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვაქვს ნაკლული სტრიქონი დაუსრულებელი აზრით. საბოლოოდ ერთ რამეზე ყველა შეთანხმდა -„ენეიდა“ იმ სახით, რა სახითაც ხელთ გვაქვს, არის მსოფლიო ლიტერატურის დიდი შედევრი, პოეტის დიდი გამარჯვება და ახალი სიტყვა ევროპულ ლიტერატურაში.
ქართველი მკითხველი კარგად იცნობს „ენეიდას“ – რომან მიმინოშვილმა მისი პოეტური თარგმანი პირველად 1976 წელს გამოსცა. ამ თარგმანით ისწავლებოდა და ისწავლება ეს დიდი წიგნი საქართველოში.
სტუდენტობისას პლავტუსის ერთ-ერთი კომედია, „ფსევდოლუსი“, ვთარგმნე და ჩემს მასწავლებელს, ყველა დროის ყველაზე დიდ ქართველ ლათინისტს, ირაკლი შენგელიას, ვაჩვენე. ზომიერად მოეწონა. მაშინ გავბედე და „ენეიდის“ პირველი სიმღერის დასაწყისის პოეტური თარგმანიც ვაჩვენე. სასტიკად არ მოეწონა. ახლაც ჩამესმის მისი ნათქვამი: „შე არამზადავ (Ах ты мерзавец, – ასე იცოდა მოსიყვარულება), ვერგილიუსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოეტია, ლოდოვიკო სეტემბრინი მას ჰომეროსზე მაღლაც კი აყენებდა, როგორ ბედავ მისი შეუდარებელი ჰექსამეტრის პოეტურად თარგმნასო; ლეკონტ დე ლილმა, შენზე ცოტა უფრო დიდმა პოეტმა, „ენეიდა“ ფრანგულად პროზად თარგმნა და შენ რა პოეტობა აგიტყდაო. დამიჯერე, პლავტუსს თავი დაანებე და ვერგილიუსის მთავარი წიგნი ქართულად თარგმნე, ოღონდ პროზადო“.
ირაკლი შენგელია 1983 წლის ბოლოს გარდაიცვალა; 1984 წლის 3 იანვარს დავკრძალეთ. მეორე დღეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დამაპატიმრა და ამით, თავისდა უნებურად, კიდევ უფრო დამაკავშირა მასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ირაკლი შენგელია ყოფილი პოლიტპატიმარი იყო). მისი „დავალება“ წლების მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა; რამდენჯერმე წამოვიწყე „ენეიდის“ თარგმნა, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე – დასამალი არაფერია, მეტისმეტად რთული აღმოჩნდა. ბოლოს, „ილიადის“ თარგმნის შემდეგ ისევ შევბედე ვერგილიუსს. მართალია, ოცდაათი წლით დავაგვიანე, მაგრამ მაინც შევასრულე ჩემი საკუთარი ოქტავიანუს ავგუსტუსის, ჩემი საყვარელი მასწავლებლის, უკანასკნელი დავალება: „ენეიდის“ პროზაული თარგმანი დასრულებულია და მკითხველის შეფასებას ელის.
© არილი