ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

ზურაბ კიკნაძე – „მელეკე“ შეთე გულუხაიძე

shete-488

გიორგი ცოცანიძე, შეთე: ისტორიულ-დოკუმენტური პროზა, „საუნჯე“, 2013.

ცოტა შორიდან დავიწყებთ ჩვენს გამოხმაურებას ამ წიგნზე. არ ყოფილა ისტორიულ თვალსაწიერზე ეპოქა ჩვენს ქვეყანაში, რომ ქართველურ მოდგმათა ერთიანობის განცდა, ყოველ შემთხვევაში, ელიტარული წრის ცნობიერებაში, განელებული ყოფილიყო. ერთმანეთს დაშორებული, გარეშე თუ შინაგანი მიზეზებით გაცალცალკევებული, სამთავროებად გადანაწილებული კუთხე-დიალექტები, ყოველთვის ერთიან, თუნდაც ვირტუალურ, მამულში მოიაზრებოდნენ. ამ ერთიანობის განცდას თავისებურად გამოთქვამდა ძველი საქართველოს დასასრულის მომსწრე „იმერთ თავადი ირაკლი ლორთქიფანიძე“ 1857 წლის ცისკარში: „გარნა საქებარად ვიტყვი, რომელ არცაღათუ სადმე უდიდესთა და უუძლიერესთა სამეფოთა შინა იპოებიან მრავალ საუკუნითნი მოთმინებანი ესრედ, ვითარცა მამული ჩვენი, განცდილი პირად-პირადთა ტომთა…“ ამბობს, ეს ჩვენი დაქუცმაცებული მამული მაინც ერთად გადაიტანდა „მოთმინებათ“ ანუ განსაცდელთაო.

ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებში: „უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართველსა ანუ იმერსა, მესხსა და ჰერკახსა, რა რჯული ხარ, წამს მოგიგებს “ქართველი” _ რჯული აქ არა მხოლოდ სარწმუნოებაზე მიუთითებს, არამედ საერთო მოდგმაზე და, რა თქმა უნდა, კონფესიაზეც, რაც ყველა მახასიათებელთან ერთად ეროვნულ იდენტობას შეადგენს და რაც მისი ყველა ქვემოდგმისთვის, სიტყვა „ტომი“ რომ არ ვიხმაროთ, მეტ-ნაკლებად საერთო იყო. ასეთია ქართველობის არსებობის ფორმა თაობიდან თაობამდე _ ერთი ბუნების მრავალსახეობა. თითოეულს თავისი სუბეთნიური კულტურულ სახე, თავისი ადგილი და, ხშირად, მისთვის მოწოდებით კუთვნილი ფუნქცია ჰქონდა ერთიან მამულში, რაც მის სიმდიდრეს შეადგენდა. თავისი, ერთგვარად, ქრესტომათიული სიტყვებით ვახუშტი ბატონიშვილი აცნობიერებს ჯერ ცალკეულთა (“მესხთა”, “იმერთა”, “ჰერკახთა”) სიმრავლეს; მერე ამოდის ცალკეულიდან და ადის მთლიანობისკენ, ერთისკენ, რომელსაც ეზიარებიან ეს ცალკეულნი, მრავალნი, როგორც პროკლე დიადოხოსი იოანე პეტრიწის სიტყვებით იტყოდა: “ყოველი სიმრავლე ეზიარების რაითავე ერთსა”.

შორიდან დავიწყეთ, ჩვენ კი მხედველობაში გვყავს ერთი მოდგმა ქართული მამულისა, რომელიც სხვებთან ერთად უნდა ჩაწერილიყო ვახუშტი ბატონიშვილის ქრესტომათიულ ფორმულაში. თუმცა სხვა ადგილას მე-18 ს-ის ავტორი სხვა მხრივ გამოაცალკევებს თუშთა ამ თავისებურ, რამდენიმე ნიშნით სხვათაგან გამორჩეულ მოდგმას, რომელსაც თუმც ეფემერული, მაგრამ თავისი ქარიზმატული როლი აქვს ნათამაშევი ერთიანი მამულის ისტორიაში. „არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მჴნენი, ძლიერნი, მჴედარნი წარმატებულნი…“ ამ სიტყვებით აგვირგვინებს ვახუშტი თუშთა მოდგმის დახასიათებას, თუმცა ამავე თვისებებს ქართველთა არც სხვა მოდგმისთვის იშურებს. მის დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა მარტოოდენ თუშთათვის ნიშანდობლივი, საკუთრივ მათი ყოფა-ცხოვრებისგან განუყოფელი მოვლენა _ ჩვენს დროში მილევადი ორასწლოვანი ხანგრძლივობის „თუშეთ-კახეთობა“, რომელიც მკვეთრად გამოარჩევს მას სხვა მთიელ ქართველთა (ფშავ-ხევსურ-მთიულ-გუდამაყრელთა) მოდგმათაგან. „მეკუთხევეობის“ დაწამების შიშით ამ მოდგმათა ტიპოლოგიისა და ერის მთლიანობაში მათი საზრისის შესწავლას თავს არავინ იდებს. ეტატიზმის დიქტატურის ქვეშ ჩვენს ისტორიოგრაფიაში და ეთნოლოგიაში ასიმეტრიულად არის წინ წამოწეული პოლიტიკური მთელი („ერთობილი საქართველო“, „სრულიად საქართველო“ და მისთ.) მისი ნაწილების უგულებელყოფით, აქ კი საქმე გვაქვს ე. წ. ჰერმენევტიკულ წრესთან, რომლის თანახმად, მთელს სრულყოფილად ვერ გავიგებთ ნაწილთა შემეცნების გარეშე და, პირუკუ, ნაწილებს მთელის შემეცნების გარეშე. ამ ერთობილში მისი არსებობის ყაიდის (modus vivendi) უნიკალობის გამო, თუშთა სხვა ქართველურ მოდგმაზე მეტად მოითხოვს ჩაღრმავებას. მაგალითისთვის, თუშეთ-კახეთობა (ან, პირუკუ, მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, კახეთ-თუშეთობა) რომ ავიღოთ კონცეპტუალური კვლევის საგნად, მის პრაგმატულ სამეურნეო საზრისს თუ განვეყენებით, მივიღებთ კულტურულ ფენომენს, რომელიც ამ მოდგმამ შეუქმნა თავის არსებობას ტერიტორიის კოსმიზაციისა და დაუფლების სახით. ეს მომენტი კი ღირს დაფიქრებად…

მაგრამ ამჯერად ჩვენ თუშთა ეკსისტენციის სხვა მხარე გვაინტერესებს, რასაც გიორგი ცოცანიძის წიგნი ეხება. „ისეთი საზოგადოება, როგორიც თუშებისაა, აუცილებლად იმსახურებს იმას, რომ საგანგებო ყურადღება მიექცეს მის ისტორიას“, წერს თუშთა ბრძოლების თვითმხილველი, სამხედრო ჟურნალისტი თ~დი ნიკოლაი ვოლკონსკი. თუშთა მოდგმაში ისტორიულმა ვითარებამ გამოარჩია შრე, შრეში გამოირჩა პიროვნული ინდივიდუალობა. „არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მჴნენი…“ შემართება, სიმხნევე მათგან წინა ისტორიაშია გამოვლენილი. ცნობილია ბახტრიონის საბრძოლო ეპოპეაში თუშთა მონაწილეობა, რომელთა შორის ხალხურ სიტყვიერებაში სახელობით შექებულია ერთადერთი ისტორიული პირი ზეზვა გაფრინდაული. ორასი წლის შემდეგ, უკვე შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში სხვარიგის საფრთხეების ასარიდებლად ბრძოლაში შემმართებელმა და მჴნე თუშთა მოდგმამ თავისი წიაღიდან წარმოშვა ახალი გმირი, რომელიც იმავე შემართებით და სიმხნევით ემსახურებოდა მამულს, როგორც ბახტრიონის გმირები ემსახურენ. ეს არის გიორგი ცოცანიძის ისტორიულ-დოკუმენტური ნარკვევის პერსონაჟი, ტიპიური და, იმავდროულად, არაორდინარული თავგადასავლის მქონე შეთე გულუხაიძე _ წარმოშობით სოფელ ქუმელაურელი, შობით მუცუელი, გარდაცვლილი შილდაში, დასაფლავებული ალვანში (1803-1858/59). შეთეს სიცოცხლეშივე დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული, მისი საქმენი საგმირონი თუშეთის საზღვრებს იყო გაცილებული, რის ნიშნადაც კმარა თუნდაც ის ფაქტი, რომ შეთეს სახელი მისი სიკვდილიდან ორი ათეული წლის შემდგომ შექმნილ ფიროსმანაშვილის ტილომაც შემოგვინახა. როგორც წარწერა გვაუწყებს, მძიმედ შეჭურვილი, აბჟარასხმული შეთე შამილისკენ გზას ასწავლის გენერალ ბარიატინსკის (Шете указует книаза Баратскому пут как поимат Шамила).

shete-2-magaria

და კიდევ, როგორც წიგნის ავტორი გვაუწყებს, შეთე გულუხაიძის პორტრეტი ამშვენებდა მეფის ნაცვალ თ~დ ვორონცოვის დარბაზს და რესტორნების კედლებზეც ეკიდა თურმე. თუმცა, რატომღაც, როგორც გიორგი ცოცანიძე აღნიშნავს, თუშური ზეპირსიტყვიერება „ძალზე ძუნწობს შეთეს საქები ლექსების შექმნაში“, მასზე ტყუილ-მართალში არეული თითო-ოროლა თქმულება თუა შემონახული. ხალხური გადმოცემების სიმწირეს ავსებს რაფიელ ერისთავის შეთესთან საუბრის ჩანაწერი და, რაც მთავარია, მისი ბრძოლების (ექსპედიციების) თანადამსწრის, რუსი სამხედრო ჟურნალისტის თ~დ ნიკოლაი ვოლკონსკის ჩანაწერები. ეს პუბლიკაციები ფართო მკითხველისთვის მიუწვდომელი იყო და ახლაც არ არის ადვილმისაწვდომი. შეთესთან დაკავშირებული ეპიზოდები დამოწმებული აქვს ავტორს თავის წიგნში.

ამ დოკუმენტური ტექსტებისა და ზეპირგადმოცემათა საფუძველზე ავტორმა თავს იდვა შეთე გულუხაიძის ცხოვრების ეპოზოდების თავმოყრა და მისი ბიოგრაფიის აღდგენა. წიგნის ნაწილობრივ მხატვრულ-ესეისტური, ნაწილობრივ დოკუმენტური ჟანრი წასაკითხად მიმზიდველს ხდის მას. დოკუმენტურ მხარეს ახლოს მივყავართ მის გმირის პიროვნებასთან, მის ხასიათთან და, რაც მთავარია, მის ფუნქციასთან, რომელიც მას აუცილებლობით ჰქონდა ნატვირთი იმ ისტორიულ პერიოდში, რომელშიც მოუწია ცხოვრება. თუშთა მოდგმისეული საბრძოლო შემართებამ და შეუპოვრობამ სპეციფიკურ დანიშნულებაში ჰპოვა რეალიზაცია. ფიზიკური ენერგია, უშიშობა, ცდისეული (მთის დიალექტით ცდა როგორც ბრძოლაში ჩაბმულობა) ქარიზმა და მოწოდება ერთი მიზნისკენ იქნა მიმართული. მეომრული სული, ცდის მოთხოვნილება ერთგვარ პროფესია-მოწოდებად გარდაიქმნა. ლეკიანობამ, ამ ისტორიულმა გამუდმებულმა საფრთხემ, რომელმაც დაღალა ერეკლეს მეფური ჯანი,„მელეკეობა“ გააჩინა, მელეკეობამ „მელეკეები“ წარმოშვა იმ წიაღიდან, სადაც ამის საუკეთესო ნიადაგი იყო. თუ სხვაგან, ქართველთა სხვა მოდგმის მხარეში, სოციალური უსამართლობა აბრაგებსა და ფირალებს ბადებდა, ზოგსაც კი საკუთარი სამართლის გამჩენელთ („მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლებს…“), თუშებში „მელეკეობა“, რომელიც ზოგჯერ მეკობრეობას ემთხვეოდა, ოფიციალურ, თითქმის სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა. უმჯობესია, ისევ ჩვენს ავტორს მოვუსმინოთ:

„ლეკიანობის“ გაჩენისდროიდანვე, მასთან ერთად და მისივე პარალელურად, საქართველოს მთიანეთში, უფრო დაღისტნის მოსაზღვრე თუშეთში, ჩნდება „ლეკიანობის“ საპირისპირო მოვლენა „მელეკეობა“. თუშები მესაქონლე, მხვნელ-მთესველი ხალხია, მაგრამ, ამავე დროს, მეომრებიც არიან. […] მაღალი მთების გარემოცვაში ამოკეტილი კუთხე თავისი თავის ამარა, მხოლოდ საკუთარი ძალის იმედით იცავს თავისი ოჯახებისა და მიწა-წყლის უსაფრთხოებას“.

და, რაც ამ სიტყვებთან ერთად, საგულისხმო და სიმპტომატურია ასეთ ვითარებაში ამ მეომართა შორის, როგორც ავტორი წერს, „გამოერჩა ფენა განსაკუთრებულად ძლიერი მეომრებისა, რომელთაც თავის ძირითად საქმიანობად ლეკების დევნა გაიხადეს“. მტერთან შეტაკების დროს მათი მკერდიდან აღმომსკდარი ხორხისმიერი ძახილი ჰი/ღი, რომლის ფონეტიკურ იდენტიფიკაციას (მოუსმენია მას ეს ბგერა?) ის ცდილობს (გვ. 21), სკანდინაველი ბერსეკების თავზარდამცემ საბრძოლო ყიჟინას გვაგონებს. გიორგი ცოცანიძე პირველად ლიტერატურაში თვალსაჩინოს ხდის მელეკეობის ფენომენს, თუშეთ-კახეთობის (მთაბარობის) მშვიდობიან, თუმცა არცთუ უხიფათო ტრადიციაში წარმოშობილს, ნახევრად სპონტანურს, ნახევრად ფორმალურს, რომლის პრიორიტეტი, შამილის ბრძოლების ეპოქაში შეთე გულუხაიძეს ეკუთვნის. დამოუკიდებელი ქარიზმატული ლიდერი სახელმწიფო სამსახურში იყო ჩამდგარი, თავის ორ შვილთან ერთად (ორივენი ბრძოლაში დაიღუპნენ) ადრევე ჩამოყალიბებული ქართული (თუშ-ფშავ-ხევსურული, როგორც ეწოდებოდა) მილიციის ასეულის შემადგენლობაში იბრძოდა. მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერიის ორდენი გმირობისთვის _ წმ. გიორგის ჯვარი (როგორც ჩანს, ე. წ. Солдатский Георгиевский Крест, ჯარისკაცის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ოფიცრისთვის უდიდესი პატივის საგანი იყო). მელეკეობას, ლეკების მოგერიებას, უფრო მათ დევნას, ბუნებრივია, მელეკის ფსიქიკაში ლეკებისადმი სიძულვილი, როგორც სტიმული, და სისასტიკე უნდა გამოეწვია და, შესაძლოა, სხვების შემთხვევაში ეს ასეც იყო, მაგრამ, ავტორის უწყებით, „ზოგადად ცხოვრებაში შეთე არ ყოფილა ლეკების დაუძინებელი მტერი, არც მათი რისხვა და სულთამხუთავი […]. მშვიდობიანობის დროს ხშირად ნახავდითო შეთეს მხოლოდ ნაბდის ამარა რომელიმე ნაცნობ ლეკთან მჯდომარეს და მოსაუბრეს, იმ ლეკთან, რომელსაც შესაძლებელია სულ ორიოდე თვის მერე ომში შეხვედროდა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმოდა როგორც მტერს“. ამგვარი სიტუაციის, როგორც მთიელთა ყოველდღიური ყოფის დამახასიათებელი მომენტის, განზოგადება შესაძლებელია, მაგრამ ეს შეგვიძლია მაინც მივიჩნიოთ გულუხაიძის პიროვნულ თვისებად, სხვა მახასიათებლებთან ერთად, რომელთაც ავტორი არსებული დოკუმენტური წყაროებიდან წარმოაჩენს. ეს მოწმობს იმას, რომ ამ კონკრეტულ „მელეკეში“ მას სურს ადამიანი დაინახოს და არა „მელეკე“, როგორც ფუნქციონერი, რომელიც მელეკეობის აღსრულებისას ყველაფერზე მიდის. რად ღირს მელეკის პასუხი მიხაილ ვორონცოვის, თითქოს ცდაში გამოუცდელი კაცის არცთუ ტაქტიან კითხვაზე, რამდენი მოწინააღმდეგე მოგიკლავს შეთეო, რისთვისაც სხვა ბიოგრაფს, ადვილი შესაძლებელია, ყურადღება არ მიექციოს. პასუხი არაჩვეულებრივი ასპექტით და სიღრმით არის გაცემული. „თორმეტიო“, უთქვამს, „როგორო?“ როგორ და „თორმეტი კაცი ისე მოვკალი, ვინც შემომხედა და მეც შევხედეო“. მკვლელობა, კვლა, როგორც ცდაში გარდაუვალი ხდომილება, ეკსისტენციალური წამია: პიროვნებანი ერთმანეთის სიკვდილ-სიცოცხლის წინაშე დგანან. ასეთი იყო ალუდასა და მუცალის შეხვედრაც, რომელსაც, კარგად ვიცით, რა შედეგიც მოყვა. შედეგი, ცხადია, სხვა არის პოემაში და სხვა იყო რეალობაში, სადაც ეკსისტენციალურ „პროცესს“ გაგრძელება არ ჰქონია, და ეს გასაგებია შურისძიებით აღძრული „პროფესიონალი“ მელეკის შემთხვევაში. მაგრამ მელეკეობის ეს მოწოდება, როგორც ქარიზმა, რომელიც ბედისწერად ექცა მას, მძიმედ დააწვა მის ლეგენდურ ბიოგრაფიას. ჩვენი ავტორი გულისტკივილით ლაპარაკობს ორ გადმოცემაზე, „რომლებიც მაინცა და მაინც ვერ გამოდგებოდა შეთეს თავსდადგმული უკვდავების გვირგვინის საშვენისებად“. ერთი გადმოცემა გვაუწყებს, თითქოს მოკლული უმცროსი შვილის გვამი ნაწილად დაენაწევრებინოს და ნათესავი-მეგობრებისთვის დაეგზავნოს, რათა მათ ამ ნაჭრების სანაცვლოდ მოკლული მტრის ხელი მოეთხოვოს მათგან. ჩვენს ავტორს, რომელიც ამ გადმოცემას, სრულიად სამართლიანად სიცრუედ მიიჩნევს, მისი ხალხში გავრცელების სხვა წყარო არ ეგულება, გარდა ალექსანდრე დიუმას „კავკასიისა“ (დაიბეჭდა 1859 წ.), სადაც ვიღაცის მონაყოლისგან შეთხზული ეს ეპიზოდი ვრცლად და, ვიტყოდი, დიდი ენთუზიაზმით არის გადმოცემული[1]. ასეთი თქმულება, ჩანს, მოსმენილი ჰქონდა ალექსანდრე დიუმას, მაგრამ რა მოტივით დაუკავშირა იგი შეთეს პიროვნებას, ბუნდოვანია. თ~დ ნიკოლაი ვოლკონსკის დოკუმენტურ მონათხრობში მსგავსი (თუ უმსგავსი) პროცედურის კვალიც არ არის. გიორგი ცოცანიძეს მთლიანად აქვს თარგმნილი ეს მონაკვეთი რუსი სამხედრო ჟურნალისტის ჩანაწერებიდან, სადაც შთამბეჭდავად არის გადმოცემული შეთეს მომაკვდავი შვილის ხუტოს (და არა გრიგორისა, როგორც დიუმასთან ვკითხულობთ) უკანასკნელი წუთები და მამის ქცევა მის ცხედარზე. შეუძლებელია ამ ადგილის გულგრილად წაკითხვა (ჩვენი ავტორი საკადრის პატივს მიაგებს ამისთვის კეთილშობილ რუს ჟურნალისტს). თუმცა კითხვა ისმის, თუ რამდენად შესაწყნარებელია აზრი, თითქოს ხალხში შეთეს ცხოვრების ეს ეპიზოდი ფრანგი ავტორის წიგნის რუსული თარგმანის (1861 წ.) მეშვეობით გავრცელებულიყოს. ვფიქრობ, ეს ეპიზოდი არა ხალხურ, არამედ ქალაქურ წრეში დაიბადა, საიდანაც იგი „ლიტერატურულად“ დამუშავებული სახით გახმაურდა დიუმას წიგნში. შურისძიების ასეთი მეთოდი უცნობია მთიელთა ყოფისთვის, სადაც აღიზარდა და გმირად შეიქმნა შეთე გულუხაიძე. ვფიქრობ, აქ ერთგვარ კონტამინაციასთან უნდა გვქონდეს საქმე: ფშავ-ხევსურებში თითქმის ჩვენს დრომდე შემონახული პრაქტიკა შორს გარდაცვალებულის, მოკლულის თუ სხვაგვარად დაღუპულის, შინ გაუჭირვებლად გადმოსვენება მისი სხეულის დაქუცმაცებას მოითხოვდა. როგორღაც მთიელთა ყოფის, რბილად რომ ვთქვათ, ამ ეგზოტურმა მომენტმა ფრანგი მწერლის ფანტაზიაში შურისძიების თემაზე გადაინაცვლა, რომლის არქეტიპი, შესაძლოა, მას „მსაჯულთა წიგნიდან“ გახსენებოდა. აი, როგორ მოიწადინა ვინმე ლევიანმა, ცოლ-მოახლის გაუპატიურებისთვის ეძია შური: „შინ რომ მივიდა, აიღო დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას და ასო-ასო დაჭრა, თორმეტ ნაწილად, და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში“ (მსჯ. 19:29). ამით მიანიშნა, რომ ისრაელის თორმეტივე ტომს შურისგების ვალდებულება უნდა ეკისრა. შესაძლებელია, მართლაც დიუმას ნაწერიდან გავრცელებულიყო ხალხში შეთესთან დაკავშირებით ეს ეპიზოდი, როგორც გიორგი ცოცანიძე ვარაუდობს. მაგრამ თავად თხრობა სრულიად შეუსატყვისია გამოჩენილი ფრანგი ბელეტრისტის შემოქმედებით ოსტატობასთან. მისი მოთხრობით, მომაკვდავი მკვნესარე შვილის შემყურე მამა ნუგეშის ნაცვლად დაკითხვას უწყობს მას: _ „ვინ გამიჩენია ამ ქვეყნად, ვაჟკაცი თუ დედაკაცი?“ _ „ვაჟკაცი, მამაჩემო…“ _ „მაშინ რატომ კვნესის ეს ვაჟკაცი დედაკაცივით“. შვილი გაჩუმდება და ხმის ამოუღებლად განუტევებს სულს“. კიდევ კარგი, ნიკოლაი ვოლკონსკის დოკუმენტური აღწერაა შემონახული, სადაც შეთე გულშეძრული მამაა და არა საიდანღაც მოვლენილი მატეო ფალკონეს მსგავსი მორალისტი ურჩხული.

მეორე „ლაქა“, როგორც გიორგი ცოცანიძე უწოდებს შეთესადმი მიწეპებულ ლეგენდას, უფრო ოდიოზურია, ხსენებადაც არ ღირს, მაგრამ ვახსენებთ გარკვეული კონტექსტისთვის. ვინმე ლისიცევს 1846 წლის გაზეთ «Кавказ»-ში მოთხრობა აქვს გამოქვეყნებული, სადაც ლეკის რომელიღაც აულში ატირებულ შვილს დედა აჩუმებს, გაჩერდი, თორემ შეთეს მიგცემო. ფანჯარაში გააყოფინებს ბავშვს თავს და იქვე ჩასაფრებული შეთე თავს წააცლის ბავშვს და დედას ხელში უთავო ტანი შერჩება. ცხადია, ამ ჰიპერბოლურად სასტიკი საქციელით ლეგენდას სურს მტრისადმი მელეკის დაუნდობლობის, დამატებით, მისი სასწაულებრივი უჩინმაჩინობის ჩვენება. მსგავსი რამ დადასტურებულია თუშეთში, გუდამაყარში და სხვაგანაც, რაც ადასტურებს, რომ ეს ლეგენდა საერთო ადგილია, როგორც უკიდურესი სისასტიკის მეტაფორა, მხოლოდ სიმბოლო და არა რეალური ფაქტი. ჩვენთვის იგი საყურადღებო იმით არის, რომ ასეთი ქცევა ხალხის თვალში, შესაძლოა, ცუდად გაგებული რჩეულობის ნიშანი იყოს. კაცობრიობის ისტორიაში ხშირია და, აგერ, ჩვენც ჩვენს მოსწრებაში სასტიკი, სისხლისმღვრელი ბელადების სწორედ ტერორზე დაფუძნებული „ქარიზმის“ მოწმენი ვყოფილვართ. ოღონდ ამ სიტყვა-ცნებას ბრჭყალებში ვაქცევთ, როგორც ჭეშმარიტი ქარიზმის გაუკუღმართებულ სახეს. ამგვარი სისასტიკენი აბსოლუტურად ჰეტეროგენულს ხდის ადამიანს, შიშზე დამყარებული ანტიქარიზმით გამოარჩევს თანამებრძოლთა წრიდან. ასეთი დაუნდობელი, „ღვთის რისხვა-ადამიანი“ ყოვლად სხვაა (ganz andere, საკრალური სფეროს კუთვნილი). შთამომავლების თვალში ასეთი წინაპარი თავზეხელაღებულობით, შესაძლოა, სასიქადულოც კი იყოს, თუმცა შეთეს შთამომავლები მისი სისასტიკის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს (არსებობს მსხვერპლად ყოფნის სიტკბოება და სიამაყე), ამბობენ, როგორც ჩვენი ავტორი გვაუწყებს, „შეთეს ცოდვებმა გვიწია და დავილიენითო, ჩივიან გულუხაიძეთა საგვარეულოს ერთი შტოის ქალები, ამ გვარში გვარის გამგრძელებელი მამრი აღარ არისო“. მაგრამ წიგნზე დართული შეთეს შთამომავალთა გენეალოგია ამას არ ადასტურებს. მისი შთამომავალნი თუ გულუხაიძეების გვარსახელით არ იხსენიებიან, ეს არ მოწმობს მათ დალევას: ისინი მამიშვილობის გვარზე აგრძელებენ ცხოვრებას, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არა მხოლოდ მთაში, ზოგნი შეთიძეთა, ზოგნი ნაკუდაიძე-ნაკუდაშვილთა სახელით (შეთეს ერთ-ერთი შვილის, ნაკუდას მოდგმა). და ის წარმოსახვითი სისასტიკე, რომელიც ზეპირსიტყვიერებამ რეალურად ჩადენილ ფაქტად აქცია, წარმოსახულ ფანტომადვე რჩება და, ცხადია, რაიმე რეალური შედეგის მიზეზი ვერ იქნებოდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ავტორს მოყავს თუშ მელეკეთა ტყვე ბავშვებისა და ქალების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების კონკრეტული ფაქტები, რომელთაც გაზ. «Кавказ»-შიც კი (1852) ჰპოვეს ასახვა. ავტორი გვამცნობს: „მათ პატარა ბავშვები ხურჯინებში ჩაუსვამთ და ისე გადაუკიდებიათ ცხენებისათვის[…], ზუსტად ისე, როგორც ამგზავრებდნენ თავინთ ცოლ-შვილებს სეზონური მთაბარობისას, ე. წ. კახეთ-თუშეთობის“ დროს. დიახ ასეა, ქართველი მთიელი ქალზე და ბავშვზე იარაღს არ ხმარობს…“ (გვ. 101). უფრო მეტიც, გიორგი ცოცანიძე იძლევა საბრძოლო ეთიკის ელემენტარულ, მაგრამ ამომწურავ ფორმულას, რომელიც გამორიცხავს მებრძოლის, თუნდაც ყველაზე თავზხელაღებულის, მხრიდან ზემოთაღნიშნულ „ლაქის“ შესაძლებობას:

„მტერს გაუფრთხილებლად არ უნდა ესროლო, სირცხვილია; გაქცეულ მოწინააღმდეგეს ზურგიდან არ უნდა დაარტყა, უნდა გაუსწრო, შემობრუნდე და პირისპირ შეება; გაქცეულ მტერს თუ შენი ნასროლი მოკლავს, ხელი არ უნდა მოაჭრა _ ის შენი მოკლულ არაა“ (გვ. 5).

თუშურ სიტყვიერებაში ამ „ლაქის“ მატარებელი შეთეზე ადრეული სხვა გმირიც ყოფილა, სახელდობრ, გორგი თილისძე, სისასტიკით გამორჩეული, ხოშარის მოსახლეობის არაერთგზის ამწიოკებელი. მისითაც შეუშინებიათ ჭირვეული ბავშვები: „გორგი მოდის, გორგის მიგცემო“. თითქოს სისასტიკე ნაწილი იყო მისი ქარიზმისა, რომელიც მას უთუოდ ახლდა „მაყრიდეთ სეტყვასავითა, ტყვიას არ ჰქონდეს ძალიაო“, ათქმევინებს მას ლექსი. შეთეც ბევრი ნიშნით დავლათიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა დავლათიანთა ბედისწერა, როგორც მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები მოწმობს, მას არ გაუზიარებია (ცნობილია, დავლათიანები დავლათის დაკარგვის მუდმივ საფრთხეში არიან; ბევრი საბედისწეროდ ამთავრებს სიცოცხლეს). გიორგი ცოცანიძეს რამდენიმე, თითქოს არცთუ მნიშვნელოვანი ეპიზოდი მოჰყავს მისი ცხოვრებიდან, რომლებიც, ჩემი აზრით, მის დავლათიანობა-ქარიზმატულობაზე უნდა მიუთითებდეს. ცოლის, მერცხალას, ორშვილმკვდარი დედის საყვედურზე, „რადამ შენ არ მოხკვდი, შეთევ, რადამ შენ არ მოგკლესო, არ დაისვენე, სანამ შვილები არ დაახოცინე, დასჭამე ისინი და თავად ცოცხალი მოხვედიო“, შეთეს პასუხი სიმპტომატურია. მან იცის თავისი ქარიზმის ამბავი: „ეგრეა, დიაცო, განა ჩემი მოკვლა არ უნდათ, მაგრამ ვერ მკლავენო“ (გვ. 85). მას, ცდაში მრავალნაცადს (მრავალ ცდაში გამოვლილს), არასოდეს მძიმე ჭრილობა არ მიუღია, ერთადერთხელ დაჭრილა ხელში ხანჯლით… იცის შეთემ, რომ მას ტყვია არ მიეკარება, თილისძის მსგავსად მისთვის ნასროლ ტყვიას არ ექნება ძალი, თუ ქარიზმას მოუფრთხილდება _ ცდის წესებს დაიცავს. ისიც იცის, რომ ქარიზმა მას არ ეკუთვნის. შორს რომ არ წავიდეთ ამ ფენომენის განსაზღვრებისთვის, დავკმაყოფილდეთ „გორა მბორგალის“ ავტორის სიტყვებით: „იღბლიანობა ჩემი მონაპოვარი არ არის, ღმერთის ბოძებულიაო“ და ისევე მიატოვებს, დავსძენთ ჩვენ, როგორც ეწვია. და ისევ და ისევ თავისი გამოცდილებიდან ამბობს გორა: „იღბლიანი ის არის, ვინც მძაფრ განსაცდელთან პირისპირ თუ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ასჯერ დადგება და ასჯერვე გადარჩება“. მელეკე შეთეს შეუძლია სხვა იღბლიან-დავლათიანის, არსენას შეცოდების დასაფარავად ნალანძღ-ნაგინები კუჭატნელის სიტყვები გაიმეოროს თავის თავზე: „ლეკის პირდაპირ ვიყავი, ოცი ტყვია მომარტყესა, ორმოცი ტყვიაც მომარტყეს, ვერაფერი დამაკლესა“. დავლათიანი არ უნდა გაადიდგულოს ცდაში მრავალგზის გადარჩენამ და, შესაძლოა, არც კი ახსოვდეს, არც უნდა ახსოვდეს ბევრი ეპიზოდი. როგორც გიორგი ცოცანიძე წერს, „თითქმის გარეშე პირებმა უფრო მეტი იციან შეთეზე, ვიდრე მან თავისი თავის შესახებო“. შეთეს ქარიზმის იმედით, რომ მათაც გადასწვდება ცდის მადლი, მას სთხოვენ არა მხოლოდ თუში ბიჭები, ფშაველნიც, გაიყოლოს ბრძოლაში, აზიაროს თავის დავლათს. „მეუბნებიან: „შეთე, გაგვიძეღ წინ, გვასწავლე გზა…“ მთიელთა რწმენით მეომრის დავლათი მის იარაღზე გადადის. ასე ფიქრობდნენ ზურაბ ერისთავის ბრძოლების ხევსურ გმირზე _ მამუკა ქალუნდაურზე, რომელიც დავლათიანი მებრძოლის კლასიკური ტიპია. მის ხმალს ის ქარიზმა ჰქონდა, რომ საფრთხის მოახლოებისას ქარქაშიდან ამოიწეოდა, გაიჟღრიალებდა და შინიდან შორს მყოფ თავის პატრონს ხმა მიაწვდენდა („გაიგებდ ხმლის ამაწევას, სხონაირად გახდების“). მაგრამ შეთე უარყოფდა თავისი საჭურვლის დავლათიანობას. ცდაც კი ჩაუტარებია ამ გავრცელებული, მისი ფიქრით, ცრურწმენის გასაბათილებლად. “აიო, უთქვამს ერთ პირიქეთელ თუშს, შეთეს იარაღი აქვს კარგი, განა შეთე ბედენააო“. „აიო, მე შენ გითხრა (ეს სიტყვები შეთეს ჩვეული საქცევი იყო), ჩემი იარაღიო. შენც აქ დაალაგე შენი იარაღი, წავიდეთო და ერთი კვირის მერე მოვიდეთ ამ იარაღის წასაღებადო. მერე გამოჩნდება, ვინ როგორ მოვალთო, ან იარაღი რას აკეთებსო ან კაციო“. სალეკოდ წასულ შეთეს ტყეში გამოჭრილი შვინდის შამფურებით გაუფანტავს თავზარდაცემული ლეკები. მისი ძალა გრძელ მკლავში და მოკლე ხმალში იყო, რომელსაც, გადმოცემით, ატარებდა. შეთე გულუხაიძეს და ხევსურ მამუკა ქალუნდაურს, ორ საუკუნეზე მეტი ხანით დაშორებულთ, ანალოგიური ეპიზოდები აახლოებს ერთმანეთთან. გადმოცემით, ორივეს ცდაში უკანასკნელი მოკლული „თავით ფეჴ აღმ“ დაეყუდება წყალში, რაც მებრძოლებს ღვთის რისხვის ასაცილებლად ბრძოლის შეწყვეტის ნიშანს აძლევს. ბრძოლა წყდება და მტერს მშვიდობიან გზა ეძლევა. ეს იყო ბრძოლის წესი, რომელსაც განუხრელად იცავდნენ რიგითი მებრძოლნი და, მითუფრო, დავლათიანები, როგორც ცდაში სხვებზე მეტად პასუხისმგებლობით დატვირთულნი. აქ არ შეიძლება არ გავიხსნოთ თუში „მელეკის“ თანამედროვე, ქართლის მიდამოებში „მოთარეშე“, სხვარიგის უსამართლობის მიზეზით გაკიდეგანებული, მარტოსულად მებრძოლი ძალმომრეობისა და მომხვეჭელობის აღსაკვეთად, რომელსაც ქარიზმა სისხლის დაღვრას უკრძალავდა, არც ღვრიდა („თხუთმეტ წელს ყაჩაღადა ვარ,/ კაცის ცოდვა არ მაწევსა“), არსენა ოძელაშვილი ორდინარულ ყაჩაღად აღიქვეს და „კარახტინები შეუკრეს, /ლეკში არსად გადვიდესა. /თუ რომ ეს ლეკში გადვიდეს, /ყაჩაღობას დაიწყებსა…“ იყო კი პერსპექტივა, რომ ოძელაშვილის ტიპის ყაჩაღი თუშ „მელეკეს“ გადაყროდა და მისი კანონიერი მსხვერპლი გამხდარიყო?

გიორგი ცოცანიძის წიგნის გმირი, როგორც ვხედავთ, თავის ეპოქაში კანონზომიერ გადაძახილებს ჰპოულობს და, ამასთანავე, მისი პიროვნება ისტორიულ ღირებულებას იძენს. მიკრო ისტორიებში და მათში ჩაბმული ადამიანების მოწოდება და ბედი უთუოდ იმსახურებს ყურადღებას და ფაქიზი ინსტრუმენტებით კვლევას. ისტორია მხოლოდ ზემოდან არ იქმნება. მას ყოველდღიურ ჭაპანში გაბმული ადამიანებიც ქმნიან. გიორგი ცოცანიძის წიგნმა ეს აჩვენა. შეიძლებოდა კიდევ საუბარი ზოგიერთ მომენტებზე, რომელთაც ავტორი თითქოს გაკვრით ეხება, მაგრამ თუნდაც ეთნოლოგიის კუთხით მნიშვნელოვან ნიშანს გვაძლევს. ვგულისხმობ შემჩნეულ პარალელიზმს მონადირეობასა და „მელეკეობას“ შორის, როგორ ენაცვლებიან ისინი ერთმანეთს, როგორც ტიპოლოგიურად ანალოგიური ფუნქციის მატარებელი ქმედებანი, ადამიანის გამოცდილებაში (გვ. 21); ან იმ ფაქტს, რომ „მელეკეობა“ სახალხო დღესასწაულის ერთ-ერთ რიტუალად იქცა (გვ. 22); ან ანდრეზული ზეპირსიტყვიერებისთვის ნიშანდობლივ რწმენას, რომ „ანდერძის“ საიქიოში წაღება დიდი ცოდვაა, ამ წუთისოფელში უნდა დარჩეს, როგორც სწორედ მისი საჭიროება, უნდა მიებაროს ვისმე, რომ თაობიდან თაობას გადაეცეს (გვ. 38); და არანაკლებ საგულისხმო შეხედულებას გმირობის ფენომენზე, რომლის თანახმად „წესად არ არის ცოცხალი კაცის საქებელი სიმღერების გამოთქმა“ (გვ. 11). კატეგორიულად რომ ვთქვათ, ცოცხალი გმირი ქართულ ბუნებაში არც არსებობს. ამიტომ არის, რომ მთის საგმირო პოეზიაში ვერ შევხვდებით სიკვდილს გადარჩენილი გმირის სადიდებლად შეთხზულ სიმღერებს. ეს მომენტი თემატიზებულია წიგნში (გვ. 11, 65).

და ბოლოს, შესაძლოა, ეს უშუალოდ არ ეხებოდეს შეთეს, „ლეკიანობას“ ეხებოდეს ბუნების რაღაც იდუმალი გამოძახილით, ვამთავრებთ ჩვენს გამოხმაურებას ამ წიგნზე მისი ავტორის ბავშვობისდროინდელი გამაოგნებელი, ნამდვილად ვიზიონერული მოგონებით (ღირს ამ აბზაცის მთლიანად მოყვანა (გვ. 24-25):

„მახსოვს, ჩემს ბავშვობაში თუშის ბავშვებს ერთი ასეთი გასართობი გვქონდა: გადავაბრუნებდით ხოლმე მინდორში დიდ ქვას. თითქმის ყველა ქვის ქვეშ გამოჩნდებოდა ჭიანჭველების ბუდე უამრავი ჭიანჭველითა და ჭუპრებით. მიესეოდნენ ჭიანჭველები ამ ჭუპრებს და მიარბენინებდნენ წინასწარ გაყვანილ დაკლაკნილ ხაზებზე და ინახავდნენ სადღაც წინასწარ გაკეთებულ ხვრელებში. ჩვენ კი ვადექით თავზე და დავძახოდით: „ჯინჭველა, გუდა-ნაბადი, მოვიდა ლეკის ჯარია“. სულ რაღაც ხუთ წუთში, ხან უფრო ნაკლებშიც, ქვის ქვეშა ჭიანჭველების საბუდარი დაცარიელდებოდა, არც ერთი ჭიანჭველა დარჩებოდა სადმე და არც ერთი ჭუპრი ჭიანჭველისა. რჩებოდა პატარ-პატარა ორმოებად ამოღრმავებული ჭიანჭველების ნაბუდარები და ამათ შორის თითქოს თუშური სოფლის „ხურხევას“ (შუკის, ზ.კ.) მსგავსი გზა-ბილიკებად დაკლაკნილ-დაღარული ხაზები. ახლა რომ მაგონდება, რაღაცით ხალხისგან დაცლილ, გაუკაცრიელებულ სოფელს ჰგავდა ჭიანჭველების ეს ნაბუდარები. გვიან გავაცნობიერე ამ ჩვენი ბავშვური გასართობის შინაარსი და მნიშვნელობა: ეს იყო ხალხის კოლექტიურ ცნობიერებაში მძაფრად შემოჩენილი ხსოვნა საუკუნეების მიღმიერი მტკივნეული მოვლენისა _ განგაში ლეკების შემოსევის მოლოდინში. მოვიდოდა სოფელში ამბავი ლეკის ჯარი მოდისო და ატყდებოდა ალიაქოთი, აღელდებოდა და აღშფოთდებოდა ყველა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, შეიქმნებოდა გადაძახილ-გადმოძახილი სახლიდან სახლში, უბნიდან უბანში, სოფლიდან სოფელში, აინთებოდა მაშხალები, ავიდოდა კვამლები საგანგაშო კოშკებზე. სოფელში კი, ყველა, ვისაც რამე სიმძიმის ტარება შეეძლო, გარბოდა და ამორბოდა ტვირთმოკიდებული, მიარბეინებდნენ ყველაფერ ფასეულს, სარჩო-საბადებელს, სახმარ-საციქველს ეხ-სამალავებისკენ, სიმაგრეებისკენ, ქავ-ციხეებისკენ. სულ მალე მთელი სოფელი დაცარიელდებოდა ზუსტად ისე, როგორც ჭიანჭველების ქვისქვეშა დასახლება ქვის გადმობრუნების შემდეგ…“

მწერთა და ადამიანთა საზოგადოებას შორის ამ ანალოგიის კონკრეტული გამოვლინება ნამდვილად აღმოჩენაა, იმ აღმოჩენის სადარი, რომელსაც მორის მეტერლინკის „ჭიანჭველების ცხოვრებაში“ ვაწყდებით კეთილი სამარიტელის როლში მოვლენილი, ინსტინქტის საწინააღმდეგოდ მოღვაწე უნიკალური, იგავური ჭიანჭველას სახით.


[1] სავალალოდ, შეთეს ყოველ ხსენებას ეს ამაზრზენი კურიოზი მოყვება ხოლმე. ასე, მაგალითად, ს. მაკალათიას თავის ინფორმაციით არცთუ მწირ წიგნში „ფშავი“ გულუხაიძის ნახატ პორტრეტთან ერთად მის „სავიზიტო ბარათად“ ეს ერთადერთი „საგმირო საქმეა“ წარმოდგენილი.

© არილი

Facebook Comments Box