ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
ბრუნო შულცი 1892 წელს დაიბადა, ქალაქ დროჰობიჩში, გალიციის პატარა ქალაქში, რომელიც მაშინ ავსტრია-უნგრეთის პროვინცია იყო, 1926 წლის შემდეგ კი დამოუკიდებელი პოლონეთის ნაწილი. ებრაელი ვაჭრების ჩამომავალი იყო. შულცმა თავად ისწავლა ხატვა[2] და შემდეგ თავს სწორედ ხატვით ირჩენდა – გიმნაზიაში ხატვის მასწავლებლად მსახურობდა. გულჩათხრობილი ადამიანი იყო და მართალია, ერთხელ კათოლიკე ქალთან დანიშნულიც კი იყო[3], არასოდეს დაქორწინებულა. თავიდან იგი თავისთვის წერდა, მაგრამ 1934 წელს ლამის იძულებული გახადეს[4], მოთხრობების კრებული, ,,დარიჩინის მაღაზიები“ გამოეცა. წიგნს დიდი წარმატება ხვდა წილად. სამი წლის შემდეგ მას ,,სანატორიუმი ქვიშის საათქვეშ“ მოჰყვა. 1941 წელს დროგობიჩი გერმანელებმა დაიკავეს[5], ხოლო 1942 წლის ნოემბერში, 50 წლის ბრუნო შულცი ქუჩაში მოკლა გესტაპოს ოფიცერმა. მისი ავტობიოგრაფიული, ფანტასტიკური ნაწერები, რომლებსაც ომამდელ პოლონეთში დიდი აღიარება ხვდა, 40 წელი არ თარგმნილა ინგლისურად. მისი ორივე წიგნი Penguin-მა გამოსცა სერიაში ,,დანარჩენი ევროპის მწერლები“ ფილიპ როთის რედაქტორობით.
ბრუნო შულცი ერთ-ერთია იმ უდიდეს მწერალთაგან, გასაოცრად და უცნაურად რომ ქმნიდნენ სიტყვებისაგან მთელ სამყაროებს. მის მეორე და უკანასკნელ წიგნში, სადაც მეტაფორები უხვად ელვარებს, ხოლო სიმძიმედაკარგული საგნები ცისკენ იჭრებიან, თხრობა კიდევ უფრო გასაოცარი ხდება, ვიდრე პირველში. აღქმისათვის გახსნილ ნორჩ ცნობიერებაში, საკუთარი ქალაქისა და ოჯახის ჯადოსნური სამყარო ციმციმით გარდაიქმნება საგანთა კარნავალურ მსვლელობად. მშვენიერებისადმი მგრძნობიარობა მწერალს ძალზე ადრე გამოუმჟღავნდა: ,,სამყაროს მგზნებარე სილამაზეს“ ის სკოლის მეგობრის მარკების ალბომის ბრჭყვიალა ემბლემებში ხედავს, გასაოცარი ატმოსფერული მოვლენები კი, წელიწადის დროთა ცვლას რომ სდევს თან, თეატრალიზებულ სანახაობად ეშლება თვალწინ: ,,უზარმაზარი მოხეტიალე თეატრი, პოეტური და მაცდური, ხახვის უზარმაზარი ჭრელი თავი, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ პანორამას შლიდა“. მეხსიერება, ოპტიკური მოწყობილობის მსგავსად, მწერალს ამ პანორამების თვალიერების საშუალებას აძლევს, მათ აღსაწერად ის განსაკუთრებულ ენას იგონებს, რომელიც თითქოს საიდუმლო შეთქმულებაში ეკვრის ბუნებას:
,,ვინ იცის, რამდენ ხანს გრძელდება მომენტი, როდესაც ღამე ფარდებს უშვებს და მის წიაღში მომხდარ ამბებს მალავს, მაგრამ ხანმოკლე ანტრაქტიც საკმარისია ღამის სულელური, ფანტასტიკურად მდიდარი და ფერადოვანი დეკორაციების ჩამოსაშორებლად. დაგვიანების შიშით იღვიძებ და, ჰორიზონტზე მართლაც განთიადის ვარდისფერ ზოლს ხედავ შავი, თავმომხმარი მიწის თავზე“.
მაგრამ ამ სილამაზეს განუყრელად ერწყმის მითის სისასტიკე. მითები, ისევე, როგორც სიზმრები, სტენოგრამებს ჰგავს: მათი შეკუმშული ფორმა არ იწვევს წინააღმდეგობას, სინამდვილის ჩვეულებრივ რეაქციას ტკივილზე. ძვირფას, მაგრამ მობეზრებულ მარტოობაში შულცი თავისი წარსულის შესახებ განსჯას ეძლევა, მხრებზე აწვება წასული თაობების სიმძიმე, და თუ იმ ცახცახით ვიმსჯელებთ, რითაც მის ყველაზე ლირიკულ და იუმორისტულ ფრაგმენტებსაც კი ვკითხულობთ, ეს საუცხოოდ გამოსდის. ნერვები დაჭიმული გვაქვს, რაღაც უცხოს თანდასწრებას ვგრძნობთ. შიში გვიჩნდება, რომ მწერლის – ანუ იმის ნებით, ვინც კულისებს მიღმა მექანიზმს განაგებს, მოულოდნელად გაქრება ეს მირაჟები.
ი. ზინგერი, შულცივით მსოფლიო ომებს შორისი პერიოდის პოლონელი მწერალი, მასზე ამბობს: ,,ხან ისე წერდა, როგორც კაფკა, ხან – როგორც პრუსტი, დროდადრო კი ისეთ სიღრმეებს აღწევდა, რომელიც ერთისთვისაც და მეორისთვისაც მიუწვდომელი იყო“. აშკარა მსგავსებების მიუხედავად (მაგალითად, მარსელ პრუსტთან მას წარსულით ტკბობა და შედარებების აღმაფრთოვანებელი სიმრავლე ანათესავებს, ფრანც კაფკასთან კი მამის პერსონით ატანილობა და მეტაფორული ფანტაზიებისადმი მიდრეკილება) მათ შორის ნაკლებად ხილული განსხვავებებიც აღსანიშნავია – პირველ ორ მწერალთან უფრო აშკარადაა გამოხატული იუდაურ-ქრისტიანული ტრადიციის მიმდევრობა, შულცთან კი – ყოფიერების საიდუმლოს წინაშე უსუსურობა. ისევე, როგორც ხორხე ლუის ბორხესის შემთხვევაში, არც შულცის კოსმოგონიას გააჩნია საკუთარი თეოლოგია. მისი პროზის მტანჯველი ძალისხმევები (პრუსტისა და კაფკასგან განსხვავებით, შულცის კითხვისას წინ-წინ არაფერი გვიბიძგებს, პირიქით, რაღაც ძალა გვაჩერებს და წაკითხულს ახლიდან გვაკითხებს) მითის ხელახლა შესაქმნელადაა მიმართული – თითქოს იმ ნამსხვრევებიდან, რომელიღაც სახელდაურქმეველი კატასტროფის შემდეგ რომ დარჩენილა.
რომელ კატასტროფას? ჩემი აზრით, მამამისის შეშლილობას. შესაძლოა, ,,შეშლილობა“ მეტისმეტად მძაფრი სიტყვაც იყოს, არსებითად კი ეს სინამდვილიდან გაქცევაა. ,,შულცის მამა დროგობიჩელი[6] კომერსანტი იყო, რომელსაც ქსოვილებით ვაჭრობა მემკვიდრეობად ერგო და ამ საქმეს მანამდე მისდევდა, სანამ ავადმყოფობამ არ დარია ხელი და იძულებული გახადა, მაღაზია ცოლისთვის გადაებარებინა. თავად ათი წლით ჩაიძირა იძულებით უმოქმედობასა და ზმანებების სამყაროში“ – ასე აღწერს მისი ცხოვრების ფაქტებს ,,დარიჩინის მაღაზიების“ შესავალში სელინა ვენევსკა, რომელმაც შესანიშნავად თარგმნა შულცის ნაწერები ინგლისურად… კაფკასთან, შულცისგან განსხვავებით, მამა იმითაა საზარელი, რომ ძალას არ კარგავს, პირიქით – რაც დრო გადის, თავდაჯერება და სიმტკიცე ემატება. ორივე შემთხვევაში, მთავარ როლს მამა თამაშობს, დედა ამორფული, ცივი ფიგურაა, მისი საზრუნავები და კეთილგონიერება განსაკუთრებულ სიმპათიას არ იწვევს. შულცთან დედა სრულად მაინც არაა გაყვანილი მის მიერ შექმნილი სამყაროდან. შესაძლოა, დედისგან ადამიანი სხეულის შეგრძნებას იღებდეს მემკვიდრეობით, მამისგან კი – სამყაროს შეგრძნებას. მამასთან ურთიერთობა კაფკას იდუმალ, სასტიკ და ამასთან, სრულყოფილ სამყაროს აქმნევინებს; შულცი კი გროტესკულ, მოსახელთებელ, ფერადოვან კოსმოსს აგებს, რომელიც განზრახვებითაა სავსე, თუმცა, ყოვლისშემძლე სულაც არ არის. მას ექსპერიმენტის მკაფიო აღწერა აინტერესებს – მკვდარი სეზონები, ცხოვრების ყრუ პერიოდები, როდესაც გვძინავს ან ვთვლემთ. დროის მკაცრი ათვლა მას არასაიმედო საქმედ მიაჩნია. ,,უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა ჩვენი – ჩემი და მამაჩემის პირადი დროის აცდენა“.
,,ჩვენი …პირადი დროის აცდენა“ – ამ ფორმულირებაში ძევს თანამედროვე ლიტერატურის სპეციფიკური თავისებურება, კერძოდან, პირადიდან მისი წარმომავლობა. მეფეებზე, გმირებსა თუ საგებზე, მაშასადამე, იმ ყველაფერზე უარის თქმით, ჯოზეფ კონრადს და თომას ჰარდის რომ შთააგონებდა, მწერალს სხვა არა დარჩენია, ,,მარტოობის“ (შულცის მეორე კრებულიდან ,,სანატორიუმი ქვიშის საათქვეშ“) მთხრობელივით თავის ძველ საბავშვო ოთახში უნდა გაატაროს ცხოვრება. პრუსტზე თუ კაფკაზე უფრო ხშირად, შულცში იმის სურვილი მძლავრობს, რაც შეიძლება, მეტი შეშლილი ანარეკლი შექმნას და მამამისს ხან დიდებულ, ,,ათასფრად მოელვარე“ მეტეორად გამოსახავს, ხან – გადასაყრელად გამზადებული ნაგვის გროვად. მკვეთრი, იდუმალი სახეები ძალზე უცნაურად გვეჩვენება, რელიგიური – უნდა ითქვას, სრულიად ერეტიკულად რელიგიური – მუხტი კი მხატვრულ ლიტერატურაში უილიამ ბლეიკის შემდეგ პირველად გვხვდება.
შულცი მოკლე ხანს წერდა: ორმოც წლამდე არაფერი გამოუქვეყნებია, წერა კი ორმოცდაათი წლის ასაკში დაღუპვამდე (მასობრივი მკვლელობის ხანაშიც კი მარტო დაიღუპა და ამაშიც გამორჩეული აღმოჩნდა) სულ რამდენიმე თვით ადრე შეწყვიტა. საკუთარი მოთხრობებისათვის მის მიერვე დართული ილუსტრაციები, ძალზე ოსტატურადაა შესრულებული, მაგრამ ხილულისა და სინამდვილის მდინარების ნაწილად ვერ იქცევა, პირიქით, თითქოს სხვისი ნახატებიაო, ტექსტთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენს ფანტაზიას აბრკოლებს. ეს ძალზე თავისებური ნახატები, რომლებიც ფოტოგრაფიულ ფირფიტებზეა ამოტვიფრული, შემზარავ შთაბეჭდილებას უფრო ახდენს – მოგრეხილი კისრები, უზარმაზარი თავები, უღიმილო, მდუმარე სახეები, მონდომებით გამოყვანილი თოჯინები, რომლებიც კიდევ უფრო თოჯინურ შესახედაობას ანიჭებს პეიზაჟებს, რომლებშიც ისინი სახლობენ, მაგრამ ვერანაირად ვერ შლიან თვით ავტორის პროზის ელვარე სიღრმეებს; უფრო ასწლეულების განმავლობაში დასურათებულ ზღაპრებს გვახსენებს. შულცის სიტყვის ხელოვნება კი გვაოცებს – მეტიც, გვაოგნებს – უკიდეგანო მშვენიერებით.
[1] სტატია გამოქვეყნდა ,,ნიუ იორკ ტაიმსში“, 1979 წელს, იბეჭდება შემოკლებით
[2] არაერთი ავტორი თვითნასწავლ მხატვარს უწოდებს შულცს, რომელიც ჯერ ლვოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ კი ვენის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა არქიტექტურას, მაგრამ სწავლის დასრულებაში ხელი პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა.
[3] დროჰობიჩელ პოლონელზე, ხელოვნებათმცოდნე იუზეფინა შელინსკაზე – მასთან დასაქორწინებლად, როგორც ზოგი ავტორი წერს, კათოლიციზმში გადასვლასაც აპირებდა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შულცების ოჯახი ებრაულ რელიგიურ თემს არ მიეკუთვნებოდა და, როგორც გალიციის ებრაელთა ერთი, განათლებული ნაწილი, გაპოლონელებული იყო.
[4] ,,დარიჩინის მაღაზიები“ პოლონელი ებრაელი მწერლის, დებორა ფოგელის დაჟინებით გამოიცა, რომელმაც მანამდე ეს ურთიერთდაკავშირებული მოთხრობები ავტორს მისთვის ცალობით, წერილებად გააგზავნინა.
[5] ეს დროჰობიჩის პირველი ოკუპაცია არ ყოფილა – 1939 წელს გალიცია წითელმა არმიამ დაიკავა.
[6] აქ ან შემდგომ ამ ქალაქის სახელთან დაკავშირებით გაურკვევლობა რომ არ გაჩნდეს, სჯობს დავაზუსტოთ, რომ უკრაინისათვის იგი დროგობიჩია, პოლონეთისთვის კი, რომლის ნაწილიც იყო საუკუნეების განმავლობაში და რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ გალიცია კვლავ დაიბრუნა – დროჰობიჩი.
© არილი