პოეზია

დიანა ანფიმიადი – ლექსები


ომი

I
ჩემი ჭა დაშრა
წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,
არ მაქვს სამშობლო.

II
კარის მეზობლის კარზე – დაფაზე
მაგალითი გამოვიყვანე –
კუბური ფესვი მცენარიდან
და ფეხები რბენის ხარისხში,
არ მაქვს სამშობლო.

III
მე მკვდარი ზღვა ვარ
აქ მარილიც ისე მკვდარია
ენის წვერიც ვეღარ აცოცხლებს
და ვეღარც ორი შესართავი
სირდარია
ამუდარია –
მკერდი, რომელიც უნდა გეწოვა.

არ მაქვს სამშობლო.

IV
ნუ მეუბნები, რომ გიყვარვარ,
არ მსურს და ყურებს
თითებით ვიცობ,
ხმით გაჩენილს ვიხშობ იარებს
არ მაქვს სამშობლო
და სიყვარულს არა აქვს აზრი
და ალბათ ზღვაში ვიმშობიარებ.

V
ჩემი ჭა დაშრა
წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ,
არ მაქვს სამშობლო.

რეზინობანა

მსოფლიოს ყველა მესაზღვრეს

იმ მხარეს მამა დავაყენე
ამ მხარეს დედა
ფეხებით უნდა დაიჭირონ ჩემი სამყარო,
ვხტები, ვშორდები დედამიწის მიზიდულობას
ტილები
თავს ვერ იმაგრებენ თმაში
– გავყარე.

ერთი ორი სამი
ერთი ორი სამი
მამის ნაცვლად შემეძლო
აქ დამედგა სკამი,
მერე შევჯიბრებოდი
ამ თამაშში მამაჩემს,
მაგრამ მამა მომკვდარა
ჩემთან ვერ ითამაშებს…

ერთი ორი
ერთი ორი
საზღვრის მავთულხლართები,
კისერს ზემოთ ვერ ვხტები,
ვვარდები…

დე,
ნუ დაგეზარება მუხლის სპირტით მობანა
ორი ქვეყნის საზღვარი –
ჩემი რეზინობანა.……

წესები ფეხით მოსიარულეთათვის

1) არ მოისმინო
საკუთარი ნაბიჯის რიტმი,
შეიძლება აგიყოლიოს.
2) ბუდას მეწამულ შესამოსელს
არ მოუხდება
შენი თეთრი ბოტასის კვალი.
3) თუკი კვერცხებს დებს
შენი ქოხი ქათმის ფეხებზე
– არ გაიკვირვო.
4) არ დაელოდო
მწვანის ანთებას,
დე, მანქანები შემოგატყდნენ,
როგორც ფრჩხილები.
5) მარჯვნივ იარე
რადგან მარცხნივ
მკვდრები მოდიან
6) არ გაბოროტდე,
როცა ქუჩა წინ გადაგასწრებს.
7) არც ბაყაყების კოცნა არ ღირს –
ყველა ბაყაყი მარადმწვანეა.
8) ვინც გვერდით მოგდევს,
ნურასოდეს აუწყობ
ნაბიჯს.
9) რომ გადადიხარ,
დაივარცხნე თმა,
შეიღებე ტუჩები,
გაისწორე მუხლთან წინდები,
ამ დროს
არცერთი მანქანა არ დაგეჯახება.
10) დაიმახსოვრე,
შუქნიშნები არ არსებობენ.
10) სხვებმა იარონ,
შენ გაჩერდი,
იარონ სხვებმა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box