Uncategorized

ამირ ორი – “მოდი” და სხვა ლექსები

amir ori-998

თარგმნა ნიკა ჯორჯანელმა

მოდი

მოდი ხელი ვკრათ სინამდვილეს და ვიალერსოთ.

მე აღარა მაქვს

უსასრულოდ კვდომის უნარი.

ეს განსხვავება შენ და ჩემ შორის

დიდად არ არის სახიფათო (ასე მგონია).

და არ გაბედო,

არც კი სცადო

ჩემი გაგება.

უფრო მეტიც:

მტრად დამსახე,

თვალი მადევნე ვერაგულად,

გაფაციცებით.

ყველა გუშაგი

დაითვალე,

ყველა ფარული გასასვლელი,

ყველა მკვლელი,

თანამზრახველი –

ერთი სიტყვით,

მოემზადე, როგორც შეგეძლოს.

 

მერე კი –

გზები მოიჭრება

და დარჩება გაურკვეველი,

ვინ ეწეოდა ორმაგ მსტოვრობას,

რაა მოტივი მკვლელობისა

და სათამაშო დაფა

ვინ დაამსხვრია.

 

არ აეხდება ფარდა არც იმას,

ვინ ბრძანებდა ზევიდან. მორჩა.

გადაიკითხე. წაიკითხე სტრიქონებს შორის.

კარგად დაშიფრე. სამხილები გაანადგურე.

მზად ხარ?

მოდი მაშინ,

მომეალერსე.

 

ბარბაროსები (მეორედ)

განა ამაოდ მოველოდით ბარბაროსებს,

განა ამაოდ შევიყარეთ მთავარ მოედანზე.

განა ამაოდ გამოეწყო საზეიმოდ ჩვენი დიდკაცობა

და გულმოდგინედ იმეორებდა შესაგებებელ სიტყვას.

განა ამაოდ დავანგრიეთ საკუთარი სალოცავები

და იმათ ღმერთებს სხვები ავუგეთ;

მცნებისამებრ, ცეცხლს მივეცით ჩვენი წიგნები,

რომლებშიც მათთვის ფასეული არა იყო რა.

ასრულდა წინასწარმეტყველება: ბარბაროსები მოვიდნენ

და ხელიდან აართვეს მეფეს ქალაქის გასაღები.

მობრძანდნენ და ჩვენებურად შეიმოსნენ

და თავიანთად გაიხადეს ზნე ჩვენებური;

და ბრძანებებიც ჩვენს ენაზე რომ დაგვაყარეს,

ვეღარ გაგვეგო,

როდის მოვიდნენ ბარბაროსები.

 

მეტი

მაშ ასე, არც გიყურებ – ფანჯარას ვირჩევ.

და თვალი, მოჩითული ნაცრისფერ-შავად,

 

ამონაყარის მრუდ მონახაზს მოიახლოებს,

იმისას, რისი გულიც ერთადერთია და უხილავი.

 

მშრალი, დახრამული, ძველთაძველი კანივით სპილოსი

ზეთის ხის ქერქი

 

ჩრდილში ჩაძირულ, ღრმად შედრეკილ ხვეულებში გროვდება,

ისევ იშლება მზის შეხებით გამქისებული ქედების დარად. იქ,

 

ანაქერცლის ბორცვაკს ზევით, ჩვილი მკერდს ეკვრის –

ჟანგიან ლურსმანს.

 

არ ვიყურები ამის იქით და აღარც ვფიქრობ. ანდა როგორ

ვწვდე ფიქრით ფოთლებს, ბინდ-ბუნდში რომ ივერცხლებიან,

 

ცას მათ მაღლა, საკუთარ მზერას,

უსასრულობას, სიცარიელეს ახლა, როდესაც

 

მომაკვდავი ხარ? რანაირად გადაგიფიქრო, როდესაც კვდები?

იქნებ ჩავიგდო გუნებაში ისინი, ჯერ ვინც

 

არ მყვარებია, – ან უბრალოდ ცოცხლები მაინც?

ვიფიქრო, რომ ესეც ჯერაც შენზე ფიქრია,

 

თანაც ვირწმუნო, რომ ასეა? განა შევძლებ იმის მერეც ვიყო ძლიერი,

რაც ეს-ესაა შემამთხვიე? იმის მერეც, რაც მიიცვალე? ხვალვე

 

დავწერ მოკლე ეპიტაფიას ან თუნდაც ბარათს –

რამე პოეტურს, მაგალითად, `აქ განისვენებს მოცეკვავე~.

 

და შენს მიწისთვის მისაბარებლად თუ ეს ცოტაა, მაშინ განვავრცობ:

`დამარწყულეთ~, წავაწერ მარმარილოს. `დამარწყულეთ,

 

მწყურია. დამარწყულეთ, ოღონდ უწყლოდ. დამარწყულეთ,

ოღონდ მწყობრი ლოგიკით არა. დამარწყულეთ, ოღონდ არა სახელით.

 

დამარწყულეთ, ოღონდ არც ღვინით. დამარწყულეთ, სხვა არაფერი. მშვენიერებას არ მიანდოთ, არ მიანდოთ ღმერთს, არც სიყვარულს,

 

არც ამ და არც სხვა სიცოცხლეებს. დამარწყულეთ,

მწყურია-მეთქი.

 

ცდუნება

იყო ცდუნება:

ერთიმეორეს გადავკვროდით,

ჩვენი წადილით დავჭდეოდით მის ასრულებას.

ბოლომდე გვეგრძნო.

ჩვენ იქ ვიყავით უკვე, გახსოვს,

უდედმამონი, ჭიპის გარეშე,

მხოლოდ პირველი კვეთილობით დანიშნულები.

ზომა-წონისგან და ხრწნისაგან თავისუფალნი,

ერთმანეთში ვხეტიალობდით,

სამყაროებში დავფრინავდით სიზმარეულში.

და დასაკარგი სხვა რა იყო,

გარდა თამაშის.

ნდომა ხელადვე დასრულებულ

მოქმედებას წარმოადგენდა.

და (გახსოვს?) აქაც სწორედ ასე აღმოვჩნდით:

ერთი ნდომით,

ნახვისთანავე.

 

და ახლა აქ ვართ, ბლანტ ჰაერში,

და ძლივს ვისრუტავთ

ყოველ შეგრძნებას, ყოველ შეხვედრას.

ჩვენი მზეები ამოდიან და კვლავ ჩადიან,

გვიძველდება სამყაროები,

მაგრამ აქვე

სულში უეცრად

სულ ახალი ნაოჭი ჩნდება,

და ეს ნამდვილად ასე არის. ნამდვილად. ბოლოს

შეიძლება სულაც წავაგოთ,

ბოლოს ვცოცხლობთ.

წამიერად

ერთმანეთზე დაკვდომაც შეგვწევს.

 

EL AMOR BRUJO

1. როგორ

როგორ გადმოვცე? გასაძლებზე უფრო ახლოს ხარ,

ნაყოფო, გულში გადახლეჩილო.

ხარ მუნჯ ბაგეში შეძახების ისე ჩამოსხმა,

როგორც ზღვა არის ჩამოსხმული დედამიწაში.

მშურს საკუთარი ხელისავე, შენი შემხების,

შეხებისასაც მაინც კიდევ შეხებას ვნატრობ.

 

ამ უმოძრაო წამის შემზარაობა:

შენ აქ ხარ, შიგნით, აქ, აქ, შიგნითვე.

აქ სულის ცეცხლი ანთია, ცეცხლი.

არ წვავს, არ დაგავს გულს მისი ალი.

 

2. მთვარე

ცხოველი ჩემს ფეხებს შორის

შენს ფეხებს შორის ცხოველს შეჰყმუის.

 

მთვარე ჩემს კბილებს შორის შეჰყმუის

მთვარეს შენს გულში.

 

ცხოველი ჩემში ყნოსვით გცნობს ყოველთვის.

© არილი

Facebook Comments Box