პოეზია

ალეკო ცქიტიშვილი – მიმოწერა საკუთარ თავთან

* * *

დროა მოხუცო (მოგიკითხეს ბუკინისტებმა)

მისტერ S, ჩვენი ლექსებიდან მტვერიღა დარჩეს.

ღამეა. მძიმე ასოების დაგვირისტებით

ვწერ მემუარებს და უაზროდ ვკითხულობ სარჩევს

დღეთა მათ ძველთა გარდასულთა. წუხელ შევიტყვე

ბატონი კინის უეცარი გარდაცვალება.

მადლობა ეშმაკს. გმირი იყო. ვიცი, შენ იტყვი,

ვწუხვარო, მაგრამ სამომავლოდ დაგევალება

ძველთა მათ შენთა ზმანებათა შორის მოძებნო

ის ვაჟბატონი. აპირებდი ცოლის შერთვასაც.

რად არ მომწერე, საკუთარი ლანდი რომ ცემე?

ადოლფმა მითხრა, დაბერდაო კვლავ და ამ თვესაც

თუ გადაიტანს, წავიდეთო ეკლესიაში,

წარმოიდგინე – სულის შენის, მისტერ, საოხად.

ვიცი, თანა გაქვს დაღუპულთა მოკლე სია შენ,

მარქვი, მას შემდეგ ქვეყანასა ზედა რა მოხდა.

 

* * *

ნეკროლოგები დავუგზავნე გაზეთებს. კინი

ამჟამად, ალბათ, სააქაოს მიღმა იქნება.

დიახ, მე ვწუხვარ, ძველებურად მაწუხებს სპლინი,

სახსრებისმტვრევით მთქნარება და ძილად მიგდება

და (თითქოს ჭია დაყიალობს რწმენის ბორცვებზე)

ოდეს მოდიან დღეები და ხდებიან ავად,

ფერმკრთალდებიან ცათა შინა სხვათა ლოცვები,

ხოლო სიცოცხლე ბორგნეულობს სხეულში ლავად

და ვულკანივით დიადია სურნელი მიწის,

რომელიც დგას და ერთგულივით მზრუნველობს ჩვენზე,

მან ალბათ უფრო უკეთესად და ზუსტად იცის,

რომ როგორც ქვაზე დაცემული მინა ან პენსნე,

გადავიმსხვრევით ათასწილად, როს ჟამი მოვა

და სასაცილო ახირებად გვექცევა გულზე

სოკოებივით ამოსული დარდების გროვა…

ხოლო ცხედარი სათამაშოდ დარჩებათ ბუზებს.

 

* * *

მოხუცო (ახლა გავისტუმრე ფოსტალიონი),

ქვეყნისას გთხოვ და ცისას ამბობ, დალახვროს ნიცშემ.

ამანათისთვის გმადლობ, მახსოვს, ეს ყალიონი

მეძველმანისგან შეიძინე შარშან ნიცაში.

მოკლედ, დღეები გაცილებით უფრო მოკლეა,

ბებერი ძვლების გაციებაც გახდა საშიში.

ლუდს მივეძალე. ახლაც გვერდით მიდგას ბოკალი

იაფი ლუდით სავსე – ჩემთვის, როგორც ჰაშიში,

მათრობელია სულ ოდნავი რამ ამ ცხოვრების.

ადამიანებს დაღუპულებს და მათ აურებს

მე ვაკვირდები კვლავ და მიჭირს დამახსოვრება

ყოველი წუთის და ყველაფრის, რაც არ ხმაურობს,

რასაც შემორჩა სურნელება ძველის, ნამდვილის.

ხოლო შენ, ვიცი, ცხადზე მეტად სიზმრებს უჯერებ,

მათ შორის ყოფნა შენთვის უფრო არის ადვილი,

მაგრამ ოდესმე ეგ სიზმრები დაგამუნჯებენ…

მომწერე (პალმებს მიიტანდა, ალბათ, დარგავდა

თავის ეზოში მეგობარი შენი, ჩენდლერი)

ყველა წვრილმანი, უმნიშვნელოც, თუ არ დაკარგა

შენთვის რაიმემ მნიშვნელობა. იყავ დღეგრძელი!

 

* * *

ადრე მოვიდა შემოდგომა. გარეთ ქარია,

რომელიც ქალაქს მოეხვია თავსაბურავად.

ამან ძალიან შემაწუხა, როცა ცარიელ

ეზოში ძაღლმა დაიყეფა თავისებურად

და არაფერი არ მოხდება, თუ ახლა მოგწერ,

რომ არსებითად კარგადა ვარ და თუმცა, მინდა

ცოტაოდენი აღელვება, მე მაინც მომწონს

ეს არსებითად კარგად ყოფნა, სისუსტე, ბინდი

თვალებზე, როგორც დაკეტილი ოთახის კარი,

როცა სიჩუმე ისადგურებს და ფიქრი მოდის

საკუთარ თავზე, მოვლენებზე, შენზე. აშკარად

დაუჯერებელ ამბავს მოგწერ: სარკე, კომოდი,

მაგიდა, სკამი მაგიდასთან, ფანჯარა, ფარდა,

ტელევიზორი, მაცივარი (ჩამოთვლას შევწყვეტ) –

ეს ყველაფერი სიმართლეა, ფაქტია, ანდა

ჩვენ არაფერი აღარ გვჯერა და ვეღარც შევძლებთ

საგნების გულში ჩაღრმავებას, გაშიფვრას, განცდას

იმისას, რასაც იფიქრებდნენ ისინი ჩვენზე…

 

* * *

დღეს დიღმის ველზე გამახსენდი, როდესაც მწყემსმა

კეთილმა კეტით გადარეკა ქარების ფარა.

ვიგრძენი, როგორ გაიტრუნე, როგორ მოგესმა

ჩემი უხეში ჩახველება, თითქოს ფანჯარა

მოვიჯახუნე. ახლა დროა, გამოფხიზლდე და

დაუყვე დაღმართს არაფრისკენ – არ იხმაურებს

არც ერთი წამით ეს დრო, ეს გზა. გაგიძნელდება,

მაგრამ ამაღამ მაინც დაწვავ შოპენჰაუერს

და ფერფლშიც ისევ დაინახავ სიკვდილს – შეცდომას.

კიდევ რა?.. ახლა ვზივარ ჩემთვის, არქეოლოგის

თვალით დავყურებ საკუთარ თავს. აღარ მეცნობა.

ალბათ, ეს არის მოსაწყენი წიგნის პროლოგი,

სადაც მე, ერთი პერსონაჟი, მთქნარებით ვკვდები,

მერე კი აზრიც ეკარგება გმირის მოლოდინს.

 

* * *

მე გეკითხები (გარეთ რაკი არ გამოვდივარ.

დეკემბერია, მთები თოვლმა უნდა დაბამბოს.

არეული მაქვს თვე და წელი, საღამო, დილა,

ალცჰაიმერით, ფსორიაზით): ხალხი რას ამბობს?!

ხალხი!  და მე აქ არ ვგულისხმობ სტომატოლოგებს,

ვისთანაც გვიწევს ჩვენ ბოლო დროს ურთიერთობა,

თუმცა კი წლები კბილებს მაინც ჩამოგვილაგებს.

ბედი მდევარი ჩვენით, როგორც ბურთით, ერთობა.

ბედი მდევარი! წიგნებიდან თითქოს ამოხტა

ყორნის ხმით გზებზე მოძახილით, ფრთების ფართხუნით.

უცაბედად რომ დაგვიპიროს სულის ამოხდა,

ვინ იცის, იქნებ დავეთანხმოთ თავის კანტურით.

ვინ იცის, იქნებ დროც არ არის ამ თვალბედითი

ფრინველის ქვებით, ყავარჯნებით მოგერიების!

რაღა მოხდება ამის შემდეგ, თქვი, დადებითი?

მე ჩემსას გეტყვი პირდაპირ, არ მოგერიდები:

დროა, რომ ერთად ვიქირაოთ ერთი მომვლელი,

ისეთი, დილით ნამცხვართან რომ ნელა ჩაის სვამს

და შეუძლია მოვლა თვალის ერთი მოვლებით,

სულაც, აიღებს ჩვენს სხეულს და თვალში ჩაისვამს.

 

* * *

კი მეკითხები, მაგრამ პასუხს ჩემგან რას ელი?

ვხედავ სარკმელთან მუხლუხივით მოცოცდა მთვარე.

აგნოსტიკოსობს ეს ამინდიც, როგორც რასელი,

რომელიც ბოლოს გრიპით მოკვდა ოთხმოცდათვრამეტ

წელს მიღწეული. ხალხი ბრმაა, ასევე – მუნჯი,

ამასთანავე – ყრუ, უძალო და უსასოო,

უძირო სკნელის სიბნელეში, როგორც ფასკუნჯი

ფრთების გარეშე, დალასლასებს და უსასრულოდ

დუმს. რა უნდა თქვას ხალხმა ჩვენზე (მეც გეკითხები),

ეპიტაფიად ჩვენ საფლავზე რა დააწეროს,

საფიქრალია დღეს როდესაც სხვა საკითხები:

ტყეები იწვის, პნევმონია გადააქვს წეროს

ერთი ქვეყნიდან მეორეში, ტერორისტები

მემკვიდრეობით დანატოვარ მთხლეს მიირთმევენ,

ზოგი ციხეში კვდება, როგორც მსხვერპლი სისტემის,

სხვაგან დიქტატორს აღმერთებენ, სულაც – ითმენენ.

 

* * *

დღეს ბაზალეთზე ამოვედი, აგარაკიდან

მოჩვენებითად სხვაგან მოჩანს სიცარიელე.

არ ისმის ჩქამი ნაბიჯების, ლაპარაკი და

ხველება. ჟინჟლავს. ჩიტი კენკრას ათვალიერებს

ღობესთან, სადაც ქვევრებია წამოწვენილი

ეგზოტიკისთვის, არაფრისთვის. მე ეს დარდი მაქვს –

ბოსტანს მოედო სარეველა, ხოლო მწვანილი

მანქანით მომაქვს ქალაქიდან. შაშის, ნარდის და

ჭადრაკის მღერა მეზობელთან ყოველდღიური

რიტუალია მოხუცისთვის, აქ (მეზობელიც

მოაგარაკე მოხუცია) კოლექტიური

სიძაბუნეა და სიბერე. ხოლო სოფელი

(საწუთრო) ბრუნავს ძველებურად უზნეოდ. ეს ზნე

დასაბამიდან ჭირს… „შამათი!“ – ვამბობ და შოთა –

ჩემი ჭადრაკის მეზობელი – მიდის. საუზმეც

აღარ ინება (შამათისას სულ ასე შფოთავს).

 

* * *

გზადაკარგული ღამეები (როგორც ლანდები

დაუმთავრებელ ნახატზე) ჩანს სხვენის ფანჯრიდან.

უკან ვიბრუნებ მოგონებებს სადღაც განდევნილ,

რეპრესირებულ წუთებიდან. აქვე ფინჯნის და

ლამბაქის გვერდით ყალიონი ბოლავს. ამ ბოლსაც

უთუოდ ჰქონდა არსებობის უფლება. მოდი,

ისიც ვთქვათ, კიდევ რას ვინახავთ სხვენში და ბოლოს

როგორ ვპოულობთ ხელმეორედ მას. ეს მოლოდინს

აუბრალოებს, მართალია, მაგრამ ამავე

დროს ძალიან ჰგავს საკუთარი თავის დამარხვას –

წლების წინ თითქოს მიაძინე, დაანანავე,

ახლა კი ასე გიხარია მისი დანახვა.

სხვენი – ცხოვრების ნარჩენების ღრმა ლეთარგია

მხრებზე აწვება სახლს, ისევე, როგორც ჩვენ – წლები,

გადასაყრელი ხარახურა არ ეკარგება,

ჩვენ კი ხელიდან ვუცვივივართ, ანუ – ვეცლებით.

 

1995-2017

მიმოწერის დიდი ნაწილი დაკარგულია ან განადგურებული

Facebook Comments Box