1803 წელს გილიოტინა ჩვეულებრივი საბავშვო სათამაშო იყო, თავიანთი პაწაწინა ქვემეხების ლულებში კი ბავშვები ნამდვილ დენთს ტენიდნენ. ისინი, ასევე, ერთობოდნენ თავსატეხებით, რომლებზეც დახატული იყო ინგლისის დიადი ომების სცენები, შემდეგ კი მარშით დადიოდნენ და გაჰყვიროდნენ: „გამარჯვება ან სიკვდილი“.
ზემოქმედებს თუ არა ბავშვთა თამაშები მათ ხასიათზე? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი უნდა გაიცეს, მაგრამ მოდით, დროებით დავივიწყოთ ეს შემზარავი აზრები. ომი უბრალო თამაში როდია – მას შედეგად გაციება და გრიპი კი არ მოჰყვება, არამედ – გვამები. რჩება თუ არა საბავშვო თამაშების შემდეგ გვამები? ფიქრობენ თუ არა ბავშვები სისხლისღვრის შესახებ? რა შემზარავია ტორტებში ჩარჭობილი გამარჯვებულთა დროშები! ამასთან, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ბაძვა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ. რა თქმა უნდა, ამგვარი საკითხები დეტალურ ანალიზს საჭიროებს. და მაინც, თავს უფლებას მივცემთ, ხაზი გავუსვათ იმას, რომ საბავშვო გილიოტინასა და ომს შორის ოდენ მეტაფიზიკური ხასიათის განსხვავება არსებობს. ბავშვები მეტაფიზიკური არსებები არიან, მაგრამ ამ თვისებას ძალზე ადრეულ ასაკში კარგავენ, ზოგჯერ სწორედ მაშინ, როდესაც მეტყველებას იწყებენ.
შვიდი წლის ჯონ კიტსი (1795-1821) ენფილდის სკოლაში სწავლობდა. სანამ ლექსების წერას დაიწყებდა, ძალმომრეობისადმი ერთგვარი მიდრეკილება, ფეთქებადობა (რაც მის ეპოქას ახასიათებდა) – სჩვეოდა. საკმარისი იყო ნებისმიერი საბაბი, რომ მეგობარს წაკინკლავებოდა, კონფლიქტში ჩაბმულიყო.
კიტსისთვის კინკლაობა და ცემა-ტყეპა ქცევის ბუნებრივი ფორმა იყო. ის მეგობრობდა აგრესიულ, თავზეხელაღებულ ბიჭებთან, მაგრამ ჩვეულებრივი სისასტიკე – რომელიც იუმორის, ფანტაზიის ან კაპრიზის კარნახით არ იყო ჩადენილი – ნაკლებად იზიდავდა. კიტსი ფიცხი ბავშვი იყო და სცემა კლასის მამასახლისი, რომელიც მასზე ორჯერ უფრო მაღალი გახლდათ. ამის შემდეგ ჩხუბისთავის სახელი გაუვარდა. მისი მეგობრის, კლარკის თქმით, განრისხებული კიტსი წააგავდა ედმუნდ კინს – როდესაც ეს უკანასკნელი თავისი კარიერის ზენიტში იმყოფებოდა. მეგობრები მომავალ პოეტს უწინასწარმეტყველებდნენ ბრწყინვალე მომავალს სამხედრო სარბიელზე, მაგრამ ასაკთან ერთად კიტსი ისეთივე თვინიერი გახდა, როგორი მძვინვარეც იყო უწინ. ამასთან, მელანქოლიას უეცრად ენაცვლებოდა ნერვული სიცილის შეტევები. განწყობილებების სწრაფად ცვლა დასჩემდა.
ერთი წლით ადრე, სანამ კიტსი დატოვებდა ენფილდის სკოლას – გეორგიანული სტილის შენობას, რომელიც შემდგომ რკინიგზის სადგურად გადააკეთეს, ბოლოს კი დაანგრიეს – მან წიგნების სამყარო აღმოაჩინა. ის გაიტაცა ინკების ისტორიამ, კაპიტანი კუკის მოგზაურობებმა, რობინზონ კრუზოს თავგადასავალმა. კიტსი გატაცებით კითხულობდა ჯონ ლემპრიერის კლასიკური მითების ლექსიკონს, ათვალიერებდა ძველისძველი ქანდაკებების რეპროდუქციებს, ეცნობოდა ბერძნულ ლეგენდებსა და მითებს და, შეიძლება ითქვას, ანტიკურ ქალღმერთთა მკლავებში ნებივრობდა. ბაღებში სეირნობისას ყოველთვის თან დაჰქონდა ესა თუ ის წიგნი. არდადეგების დროს კითხულობდა ოვიდიუსის ინგლისურენოვან თარგმანებს. მეცნიერები საყვედურობენ კიტსს, ბერძნული ენა არ იცოდაო. თვით ლორდი ბაირონი ამბობდა, რომ კიტსმა მხოლოდ და მხოლოდ ლექსად გამართა ლემპრიერის ლექსიკონი. მერედა, რა? ბერძნულიდან თარგმნისას დაშვებული შეცდომები სულაც არ აკნინებს ჰოლდერლინის „არქიპელაგს“, ხოლო ბერძნულ მოტივებზე კიტსის მიერ შექმნილმა პოეტურმა თხზულებებმა ალბიონის სივრცეებში კლასიკური ნანგრევების ხიბლი შეიტანა.
თავდაპირველად კიტსმა გადაწყვიტა, მედიცინას დაუფლებოდა – ისწავლა წურბლების დასმა, კბილების ამოღება და ჭრილობების გაკერვა. ადამიანის აგებულებას ის აკვირდებოდა ანატომიურ მაგიდებზე, სადაც მესაფლავეებისგან სამ თუ ოთხი გინეად ნაყიდი გვამები ესვენა. შიშველი გვამები ტომრებით მოჰქონდათ.
კიტსი იწერდა თავის დაკვირვებებს და ამავე ფურცლებზე ხატავდა თავის ქალებს, ხილსა და ყვავილებს. მარტოობა აწუხებდა. მოწყენილობა კიტსთან ერთად დამკვიდრდა მის ნესტიან ოთახში. პოეტი ხშირად სტუმრობდა თავის ბიძაშვილებს – ენ და ქეროლაინ მეთიუს, რომლებისთვისაც უცხო იყო ახალგაზრდული ქარაფშუტობა. ქალიშვილები ფორტეპიანოს თანხლებით მღეროდნენ არიებს „დონ-ჟუანიდან“. წვეულებებზე კადრილს ცეკვავდნენ. ამბობენ, რომ ჯონ კიტსის პირველი სიყვარული იყო უცნობი ქალი, რომლის მიმართ გრძნობა კიტსს ნახევარ საათში გაუჩნდა. ჭაბუკი ელოდა, რომ ქალი გაუღიმებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
ჯონ სპერჯენს სურდა, კიტსისთვის სვედენბორგის მოძღვრება გაეცნო, ხოლო მეორე მეგობარმა, ჩარლზ კაუდენ კლარკმა შეიძინა კიდეც შვედი მოაზროვნის წიგნები. კლარკი კიტსზე რვა წლით უფროსი იყო. ამ ზორბა ტანის თმახშირ მამაკაცს ძალზე უყვარდა კრიკეტი, რომლის სახელმძღვანელოც დაწერა. ის აპირებდა, აგრეთვე, დაეწერა გამოკვლევები ჩოსერისა და შექსპირის შესახებ. კრიკეტს კიტსიც თამაშობდა.
1813 წლის ერთ საღამოს, ყველასთვის მოულოდნელად, ლექციაზე ედმუნდ სპენსერის შესახებ, კიტსი ახლებურად წარუდგა საზოგადოებას. ეს მინიატურული გარეგნობის ყმაწვილი ედმუნდ სპენსერის (მისი საყვარელი პოეტის) ლექსების ციტირებისას თითქოს სიმაღლეში გაიზარდა და ენერგიას ასხივებდა. თანამედროვეთა მოწმობით, ამ პერიოდში კიტსი სულმოუთქმელად კითხულობდა პოეტურ ნაწარმოებებს, წიგნებიდან იწერდა მათ და ცალკეულ სტროფებს განმარტავდა. თავის მეგობრებს ეუბნებოდა, რომ „პოეზია ერთადერთი რამაა, რაც ინტელექტუალის ყურადღებას იმსახურებს“. ამის შემდეგ ის პოეზიის სამყაროში სამუდამოდ დასახლდა. „პოეტური სტილით“ იცვამდა – გადმოკეცილ საყელოზე შავ ყელსახვევს იკეთებდა და მალე ულვაშებიც დაიმშვენა. როდესაც გამოცდის დღე დადგა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ კიტსის გარეგნობით გაღიზიანებული გამომცდელები ჩაჭრიდნენ მას, მაგრამ პოეტმა ნამდვილად მიიღო დიპლომი, რაც ფარმაცევტად მუშაობის უფლებას აძლევდა, მაგრამ მედიცინაზე მალე აიცრუა გული.
მხოლოდ ოცი წლისა იყო, როდესაც „ეგზამინერში“ გამოაქვეყნა თავისი ლექსი „მარტოობისადმი“.
შეუძლებელი გახლდათ, რომ კიტსის უჩვეულო პოეზიას მრავალი კეთილმოსურნე ან კრიტიკულად განწყობილი ადამიანის ყურადღება არ მიეპყრო. ლი ჰანტი, რომელიც მეფის წინააღმდეგ დაწერილი პასკვილის გამო დააპატიმრეს, იცავდა კიტსს, როდესაც პოეტი ამის უფლებას აძლევდა. ჯონ ჰამილტონ რეინოლდსი მას „ძმას“ უწოდებდა. ჯოზეფ სევერნი კიტსის გამომეტყველების მიხედვით ხვდებოდა, როდის ეუფლებოდა პოეტს ექსტაზი – სევერნი ხომ მხატვარი იყო. მისი დაკვირვებით, კიტსს, ფართო მხრებთან შედარებით, ძალზე პატარა თავი ჰქონდა; აღგზნების დროს თვალები უელავდა, მშვიდ მდგომარეობაში კი უციმციმებდა. ისინი ერთად დადიოდნენ მუზეუმებში. კიტსმა გაიცნო ჩარლზ ბრაუნი, ჩარლზ დილკი, ბენჯამინ ბეილი, უილიამ ჰეზლიტი. შელი გულთბილად ეპყრობოდა მას. ბენჯამინ ჰეიდონი ესაუბრებოდა პართენონის ქანდაკებების შესახებ. ხელმოკლეობის გამო კიტსს საშუალება არ ჰქონდა, ემოგზაურა მსოფლიოს ქვეყნებში, მაგრამ მან ზურგჩანთაში ჩაალაგა ტანსაცმელი, წინდები, კალმები, ქაღალდი, მელანი, „ღვთაებრივი კომედიის“ კერისეული თარგმანი, „იზაბელას“ ხელნაწერი და თავის მეგობართან, მწერალ ჩარლზ არმიტიჯ ბრაუნთან ერთად გზას გაუდგა. მათ მთელი შოტლანდია მოიარეს. მოგზაურობისას კიტსს ტანსაცმელი შემოეფლითა, ფეხსაცმელი გაუცვდა, მაგრამ კმაყოფილი იყო, რომ ბენ ნევისის მთის დალაშქვრა შეძლო. უ.ბ. იეიტსის თქმით, უსახსრობის გამო კიტსს არ შეეძლო აეგო გოთიკური ციხედარბაზი (უილიამ ბეკფორდის მსგავსად), სამაგიეროდ, საოცნებო კოშკებს თავის წარმოსახვაში აგებდა. იეიტსი, აგრეთვე, შენიშნავს, რომ კიტსი სრულფასოვნად არ იკვებებოდა და ფიზიკურად სუსტი იყო. სამაგიეროდ, მას, ისევე, როგორც ყველა პოეტს, შეეძლო იმით ენუგეშებინა თავი, რომ ზეცის მიერ იყო წარმოგზავნილი ამქვეყნად.
მეგობრების მოწმობით, კიტსი მომცრო ტანის ჭაბუკი იყო. თუმცა კი საკმაოდ ჩაფსკვნილი იყო. ფართო (შესაძლოა, ზედმეტად ფართო) მხარ-ბეჭთან შედარებით, მოკლე ფეხები ჰქონდა. ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სწორად გაყოფილი ხშირი და ლამაზი წაბლისფერი თმა მძიმე კულულებად ეყარა მხრებზე. დამრეცი მაღალი შუბლი, ლამაზი ცხვირი, მაგრამ ფართო და ულაზათო პირი ჰქონდა. მსხვილი ქვედა ტუჩი მტკიცე გამომეტყველებას ანიჭებდა მის ოვალურ სახეს. ფართო შუბლი და ვიწრო ნიკაპი ოდნავ ქალური მოხაზულობისა ჰქონდა. მეგობრების აღიარებით, დიდრონი (რამდენადმე „პლებეური“) ტუჩების მიუხედავად, კიტსი მოხდენილი ჭაბუკი გახლდათ. ზოგჯერ ისეთი შთაგონებული მზერა ჰქონდა, დელფოსის ქურუმი გეგონებოდათ.
ჰეიდონის აზრით, მხოლოდ მან შეძლო კიტსის სათანადოდ დაფასება – გარდა უორდსვორთისა, რომელიც პოეტს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდა.
ხალხის გარემოცვაში კიტსი ძალზე ლაღად იქცეოდა. მოსწრებულ კალამბურებზე გულიანად და ხმამაღლა იცინოდა ხოლმე. ზოგჯერ ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუ უგუნებოდ იყო, ფანჯარასთან მიდიოდა და მდუმარედ გაჰყურებდა სივრცეს. ფიქრებში წასულ პოეტს მეგობრები არ ეკარებოდნენ, რათა მისი მარტოობა არ დაერღვიათ.
იოჰან გოტფრიდ ჰერდერის თქმით, სახე სულის სარკეა. ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვაფიქროს იმან, რომ კიტსის სახეზე ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდა სხვადასხვა გამომეტყველება. სარკე ხომ, არსებითად, ცარიელია. მისი დანიშნულება მხოლოდ ასახვაა და სარკეში შეიძლება ნებისმიერი რამ აისახოს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ, თეოლოგიური თვალსაზრისით, ჭეშმარიტი მშვენიერება განუყოფელია სიცარიელისგან, არარასგან. ალბათ, ამიტომ იყო, რომ კიტსს არ შეეძლო განეჭვრიტა და განესაზღვრა საკუთარი „მე“-ს არსი; მერყევი და ცვალებადი ბუნება ჰქონდა და ამიტომ უდიდეს სიამოვნებას აგრძნობინებდა დანტეს „ჯოჯოხეთის“ მეხუთე ქების სტრიქონები: „დაჰქრის არავი ჯოჯოხეთის დაუცხრომელი / და ქროლვა იგი თან იტაცებს ამ ბედშავ სულებს, / აფორიაქებს, აბურთავებს და ათამაშებს“. თვითონაც ხომ ამ „ბედშავ სულებს“ წააგავდა.
ზოგიერთის აზრით, ჯოზეფ სევერნისეული პორტრეტი არაზუსტია. პოეტის მეგობრები ფიქრობდნენ, რომ სურათზე კიტსს ძალზე ქალური გარეგნობა აქვს, რასაც ხაზს უსვამს მისი მთრთოლვარე ტუჩები, თუმცა, სხივიანი თვალების გამომეტყველება ზუსტადაა გადმოცემული. პოეტის მზერა მიმართულია ზევით, მაგრამ ცისკენ კი არა – ჩამუქებული ჰორიზონტისკენ. თვალის გუგები ოდნავ გაფართოებია. მზერა გრძნობიერი და ფიქრიანია. პოეტს ფანატიკოსის შუბლი აქვს. ერთი შეხედვით, მართლაც ქალს წააგავს, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რაოდენ მკაცრი და შეუპოვარი გამომეტყველება აქვს იდუმალი ხილვების ამ მარადიულ ვიზიონერს.
ჰეიდონის სტუდიაში კიტსმა ერთხელ წაიკითხა „ჰიმნი პანისადმი“. აქ მას ყურადღებით უსმენდა უორდსვორთი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. მოწიწებითო, დააწერა მან თავისი ლექსების კრებულს, რომელიც კიტსს აჩუქა და მართლაც მოწიწებით ეკიდებოდა პოეზიას. ერთხელ უორდსვორთის ცოლმა თქვა, ვერავინ ბედავს, მისტერ უორდსვორთს სიტყვა გააწყვეტინოსო. მიუხედავად ამისა, კიტსი გაკადნიერდა და უორდსვორთის თანდასწრებით წაიკითხა თავისი ლექსი. თან დინჯად ბოლთას სცემდა ოთახში. მრავლისმეტყველი დუმილი ჩამოვარდა. „რა ზუსტადაა გადმოცემული წარმართობის ხიბლი“,- წარმოთქვა უორდსვორთმა. ხელები კვლავ მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. ჰეიდონი შეაწუხა უორდსვორთის უტაქტობამ და აღაშფოთა სიტყვა „წარმართობამ“. მაგრამ, მაგალითად, მაისტერ ეკჰარტი წარმართობის ეპოქის ხელოვანთა ქმნილებებს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე – პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და მათი ღირსებები ისეთსავე პატივისცემას იმსახურებენ, როგორც მოციქულები – სათნოების გამო.
რაც შეეხება ქალებს, ზოგიერთი მათგანი კიტსის ყურადღებას იპყრობდა. ერთ-ერთ მათგანს, მის კოქსს – ინგლისურ-ინდური წარმომავლობის მდიდარ ქალბატონს – აღმოსავლური გარეგნობა ჰქონდა, რის გამოც რეინოლდსის დები სასაცილოდ იგდებდნენ. ერთხელ მისი ხატება კიტსს მთელი ღამის განმავლობაში ელანდებოდა. „ამ დედოფლური გარეგნობის მქონე ქალის მიერ წარმოთქმული „ჰო“ ან „არა“ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს,“ – აღიარებდა პოეტი.
იზაბელა ჯონსი კიტსზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. „ენდიმიონი“ წაკითხული ჰქონდა. კიტსმა იზაბელა გაიცნო ჰასტინგსის მახლობლად, სოფელ ბო-პიპში, სადაც ქალი თავის ხანდაზმულ ირლანდიელ ნათესავს სტუმრობდა. ბიოგრაფებს აინტერესებთ: კიტსი და იზაბელა ჯონსი მხოლოდ სეირნობდნენ, ჩაის შეექცეოდნენ და გვიანობამდე თამაშობდნენ ვისტს, თუ მათ ინტიმური ურთიერთობაც აკავშირებდათ? მკვლევართა უმეტესობის აზრით, მეორე ვარაუდი უფრო სარწმუნოა.
იმ ახალგაზრდა ქალის ვინაობას, რომელიც კიტსის მომდევნო გატაცება გახლდათ, პოეტი ერთხანს საიდუმლოდ ინახავდა. ამ ქალის არსებობასაც კი არ უმჟღავნებდა არავის. ფანი ბრონი რაინდების, ბერებისა და ადვოკატების შთამომავალი იყო. დედამისი მშობლების ნება-სურვილის წინააღმდეგ გათხოვდა – ისევე, როგორც კიტსის დედა. ფანის დეიდაშვილი თვით ბო ბრამელი[1] გახლდათ. ფანის წინაპრებს შორის იყვნენ გარიკის თეატრის მსახიობები, რომელთაგანაც მას მემკვიდრეობით გადაეცა სიყვარული თეატრისადმი. მისი ბაბუა ქალთა ემანსიპაციისთვის იბრძოდა. თანამედროვეთა აზრით, ფანი სილამაზით არ გამოირჩეოდა, მაგრამ დახვეწილი გარეგნობა ჰქონდა – ძალზე თხელი და არწივისებრი ფორმის ცხვირი, მოგრძო და ყოველთვის ფერმკრთალი სახე. ლოყები ხანგრძლივი სეირნობის შემდეგაც კი არ უვარდისფრდებოდა. ქალთა სილამაზის ისტორიაში ხშირად გვხვდება უარყოფითი შეფასებები. დები ბრონტეების შესახებ ჰყვებიან, რომ გარეგნულად ისინი არაფრით გამოირჩეოდნენ, ისევე, როგორც ემილი დიკინსონი – როგორც ჩანს, სულიერი სილამაზე მამაკაცებისთვის მიმზიდველი სულაც არაა. პირველი შეხვედრიდან დაწყებული, კიტსი ხშირად ესაუბრებოდა ფანის, რომელსაც, საერთოდ, მამაკაცები ბრიყვებად მიაჩნდა. თავისი თავის შესახებ დღიურში წერდა, რომ მოკრძალებული სულაც არ იყო. ფანი ფრანგულად ესაუბრებოდა ემიგრანტებს ჰემპსტედის კოლონიაში, ოფიცრებთან ცეკვავდა ყაზარმებში. გარეგნულად მეთვრამეტე საუკუნის მოდას ბაძავდა და კარლ მეორის დროინდელი ქალებივით იხვევდა თმას. ცეცხლოვანი ტემპერამენტი ჰქონდა. ფანისადმი მიწერილ ბარათებს კიტსი სიმებგაწყვეტილ ბერძნულ ლირას ახატავდა და აწერდა: Qui me néglige me désole (მას, ვინც, სამწუხაროდ, გულგრილია ჩემ მიმართ). ერთხელ ფანის სახლისკენ მიმავალი კიტსი შეხვდა მამაკაცს, რომელსაც თვალებში უცნაური ცეცხლი უელავდა და დაცემულ ანგელოზს წააგავდა. მან იცნო კოლრიჯი. პოეტებმა ერთად განაგრძეს გზა და საუბრობდნენ ბულბულებისა და ოცნებების შესახებ.
„ეს სისხლი ჩემი სასიკვდილო განაჩენია“ – მშვიდად თქვა კიტსმა 1820 წლის 3 თებერვალს. მისი მომავალი ქურუმის მიერ არ იყო ნაწინასწარმეტყველები, არამედ – თვით პოეტ-მედიკოსის მიერ, რომლის ლექსებში აღწერილი იყო სიკვდილის სტიქიაში განზავების სიტკბო. იმ ენერგიით, რომლითაც ის ოდესღაც ეუფლებოდა ანატომიას, კიტსი საგულდაგულოდ ათვალიერებდა ცხვირსახოცზე დაჩნეულ სისხლის ლაქებს. ეჩვენებოდა, რომ სული ეხუთებოდა. მხოლოდ თეთრად გათენებული რამდენიმე მტანჯველი ღამის შემდეგ იძინებდა. მესამე დღეს გამოკეთდა, შეძლო სტუმრების მიღება და წაიკითხა გაზეთი, რომელშიც იუწყებოდნენ გეორგ მესამის სიკვდილის შესახებ. იმავე დღეს კიტსი ექიმმა როდმა გასინჯა, აღნიშნა, მდგომარეობა გაუარესებული არ არისო და პაციენტს ურჩია, არ გადაღლილიყო, ძალ-ღონე დაეზოგა. მისი ვარაუდით, სისხლდენის მიზეზი უნდა ყოფილიყო ორგანიზმის ბრძოლა ქოლერის ვირუსთან, რომლითაც კიტსის, ძმა, ჯორჯი იყო დაავადებული. კიტსს ასმევდნენ მოცხარის ლაბას და კომპოტს, რომელთა წვეთები ეცემოდა ბენ ჯონსონის ლექსების პირველ გამოცემას. ამგვარმა შეზღუდულმა დიეტამ გულისცემის გახშირება გამოიწვია. გამოიძახეს სპეციალისტი – ექიმი ბრი, რომელმაც ამ სიმპტომის ვერავითარი ორგანული მიზეზი ვერ აღმოაჩინა. კიტსის დაავადება „მის თავშიაო“, დაასკვნა ექიმმა. პოეტს მთელი დღეების განმავლობაში ტანჯავდა ფანის აჩრდილი, რომელიც ხან მწყემსი გოგონას ტანსაცმლით, ხან კი – სამეჯლისო კაბით ეცხადებოდა, როკავდა და იცინოდა.
22 ივნისის დილას კიტსს მსუბუქი სისხლდენა ჰქონდა. ნაშუადღევს ის ჰანტებს ესტუმრა ჩაის დასალევად. იქ იტალიელი ტენორის შესახებ საუბრობდნენ. სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც გაოგნებული იყო იმით, რომ ეს ახალგაზრდა კაცი „ენდიმიონის“ ავტორი გახლდათ. საღამოს კიტსს სისხლდენა გაუძლიერდა.
ოცდასამი წლის კიტსი საწოლს იყო მიჯაჭვული. ფანისთან შეხვედრის საშუალება არა ჰქონდა და საათობით უმზერდა მაგიდაზე დადგმულ ყვავილებიან ლარნაკს. ლაპარაკი უჭირდა. მან მონიშნა თავისი საყვარელი ლექსები ედმუნდ სპენსერის ტომში – აპირებდა, ეს წიგნი ფანისთვის ეჩუქებინა. ექიმმა დარლინგმა კიტსს ურჩია, იტალიაში გამგზავრებულიყო. პოეტის ძარღვებდაბერილი ხელები მოხუცის კიდურებს წააგავდა. სახის ნაკვთები უკვე შეეცვალა – სწორედ ასე დაემართა მის ძმას, ტომსაც, სიკვდილის წინ. გაძვალტყავებულ თითებს ბრაზით ურტყამდა თავისი წიგნის პირველ ეგზემპლარზე. წინათქმაში გამომცემელი მკითხველებს ბოდიშს უხდიდა იმის გამო, რომ „ჰიპერიონი“ დასრულებული არ იყო. პირში უსიამოვნო გემოს გრძნობდა. პირველ ივლისს მან ბრაუნს დაუბარა, თუ მოვკვდები, ლოკჰარტზე შური იძიეო. სწორედ ლოკჰარტმა დაწერა შეურაცხმყოფელი სტატია კიტსის შესახებ, სადაც გადმოცემული იყო ჭორები და პოეტის პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები. სტატია ანონიმური გახლდათ, მაგრამ კიტსმა დაადგინა მტრის ვინაობა.
კიტსს სურდა ადამიანებს გასცლოდა და მარტოობაში შეხვედროდა სიკვდილს. შემდეგ მოინდომა, ბრაუნი ხლებოდა თან. მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, რომში სევერნთან ერთად გამგზავრებულიყო. ოც აგვისტოს ის კვლავ შეუძლოდ გახდა – სისხლდენამ შეაწუხა. მეგობრებმა კიტსი ნავსადგურში გააცილეს. მომაკვდავთან დამშვიდობება ძალზე გაუჭირდათ. თავდაპირველად ჰეიდონი ალაპარაკდა. პოეტის სანუგეშებლად მან დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდებაო. კიტსი ძალზე გაღიზიანდა და რისხვით მიუგო, რომ თუ სწრაფად არ გამოჯანსაღდებოდა, თავის მოკვლას ამჯობინებდა. ჯონ ჰამილტონ რეინოლდსს გული აუჩუყდა და ვერ შეძლო, მეგობრისთვის ხელი ჩამოერთმია. რეინოლდსმა მისწერა ჯონ ტეილორს, რომ გაახარა კიტსის გამგზავრებამ და რომ პოეტს უეჭველ სარგებლობას მოუტანდა პატივმოყვარე და ღვარძლიან ლი ჰანტთან დაშორება. ამავე დღეებში ფანიმ თავის დღიურში ჩაწერა: „მისტერ კიტსი ტოვებს ჰემპსტედს“. გამგზავრებამდე კიტსმა გაუგზავნა ქალს სევერნისეული მინიატურა, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, სპენსერის ლექსთა კრებული და შექსპირის ტომი ინ-ფოლიო. მათ ერთმანეთს გაუცვალეს თმის კულულები და ბეჭდები. ფანიმ კიტსის სამგზავრო ქუდს აბრეშუმის სარჩული ამოაკრა და აჩუქა პოეტს თავისი დღიური და დანა. ვუდჰაუსმაც გადასცა კიტსს თავისი თმის კულული. მას სურდა, კიტსის მიმართ იგივე როლი შეესრულებინა, რომელიც იკისრა ჯეიმს ბოსუელმა სემიუელ ჯონსონის მიმართ. გემი „მარია კრაუზერი“ დაიძრა. ეს იყო მომცრო გემი და როდესაც ზღვა აღელდა, მალე მიეფარა თვალს.
გემზე მხოლოდ ერთი ექვსადგილიანი კაიუტა იყო. კიტსის თანამგზავრები გახლდნენ სქელ-სქელი, ხალისიანი ლედი პიჯონი და მისის კოტერელი, რომელიც ჭლექით იყო დაავადებული. ლონდონში ტიფის ეპიდემია მძვინვარებდა. ამიტომ გემი ერთხანს იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც 31 ოქტომბერს (კიტსის დაბადების დღეს) დასრულდა. როდესაც ნეაპოლში მისის კოტერელი გემიდან გადმოვიდა, მან იკითხა (შესაძლოა, ძალზე ხმამაღლა), როგორ გრძნობს თავს მომაკვდავი ჭაბუკიო. რომში თხუთმეტ ნოემბერს ჩავიდნენ. აქ კიტსს ელოდებოდა ექიმი კლარკი, რომელსაც დიდად აფასებდნენ ბელგიის მეფე და დედოფალი ვიქტორია. როდესაც კლარკმა კიტსი გასინჯა, გულისა და ფილტვების მდგომარეობაზე უფრო სერიოზულ სიმპტომად მიიჩნია კუჭის დაავადება, რაც, მისი აზრით, გონებრივი გადაღლის შედეგი გახლდათ. ექიმმა ურჩია კიტსს, გადაეყარა წამლები, ხშირად ესეირნა სუფთა ჰაერზე და ცხენით ეჯირითა. მანვე დააქირავებინა კიტსს ცხენი თვეში ექვს გირვანქა სტერლინგად. სახლის მეპატრონემ ანა ანჯელეტიმ ქირად ხუთი გირვანქა სტერლინგი ითხოვა. კიტსმა შეიძინა პიანინო და კლარკმა მას აჩუქა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოების – მათ შორის ჰაიდნის სონატის – ნოტები. თავდაპირველად კიტსს უხეირო კერძებს უმზადებდნენ. ერთხელ კიტსმა კერძს ფანჯარაში გადაუძახა. ამის შემდეგ მას შესანიშნავად კვებავდნენ.
პოეტმა დაიწყო ალფიერის ერთ-ერთი ტრაგედიის კითხვა, მაგრამ მალე იძულებული გახდა, კითხვა შეეწყვიტა, რადგან წაკითხულს მძაფრად განიცდიდა. მან გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა ბრაუნს. ათ დეკემბერს, სისხლდენის შემდეგ, სევერნს სთხოვა, ლაუდანუმი ეყიდა მისთვის. მომდევნო კვირას პოეტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. კიტსი შიმშილისგან იტანჯებოდა, რადგან საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების გამო კლარკმა მკაცრი დიეტა დაუნიშნა – თევზის მომცრო ულუფა და ერთი ნაჭერი პური დღეში. კიტსი საკვებს ითხოვდა. უძილობა აწუხებდა. ეჭვობდა, რომ ლონდონში ვიღაცამ მოწამლა. მსახურები მის ოთახში არ შედიოდნენ – შიშობდნენ, დაავადება გადამდები ხომ არ იყოსო. არისო. შობადღეს კიტსს ისეთი სასოწარკვეთილება დაეუფლა, რომ სევერნი მიხვდა – მის მეგობარს „სიკვდილის შიში აწამებდა“. როგორც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი, სევერნი არწმუნებდა კიტსს, რომ ამ ტანჯვით ცოდვებს გამოისყიდიდა. კიტსმა მას უკარნახა ნუსხა წიგნებისა, რომელთა წაკითხვაც სურდა: ბენიანის „პილიგრიმის გზა“, ჯერემი ტეილორის „უბიწო სიცოცხლე“ და „უბიწო სიკვდილი, აგრეთვე – პლატონის თხზულებები.
დეკემბრის ბოლოს სახლის დიასახლისმა პოლიციას აცნობა კიტსის ავადმყოფობის შესახებ. სევერნი აღარ ხატავდა ანტიკური ეპოქის შენობათა ნანგრევებს -კიტსს გვერდიდან არ შორდებოდა. ერთხელ, როდესაც კიტსს ჩაეძინა, სევერნმა დახატა თავისი მეგობარი: პორტრეტზე კიტსს ბალიშზე უდევს თავი, თვალები დაუხუჭავს, ოფლისგან დაცვარულ შუბლზე თმის კულულები მისწებებია. სევერნმა ჩაიწერა კიტსის ანდერძი. ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი დიდი პოეტი იყო. შესაძლოა, იმასაც ვარაუდობდა, რომ ერთ დღეს კიტსის გვერდით დაასაფლავებდნენ. მან დაათვალიერა პროტესტანტული სასაფლაო ცესტიუსის პირამიდის მახლობლად, სადაც მიწა იებით იყო მოფენილი. გაიფიქრა, რომ კიტსს ეს ადგილი მოეწონებოდა და, ალბათ, იგრძნობდა, როდესაც მის საფლავზე იები აყვავდებოდა. პოეტს ხომ განსაკუთრებით უყვარდა ეს ყვავილი. სევერნმა მეგობარს ზამთრის ვარდი მიუტანა. კიტსმა ყვავილს პირქუშად შეავლო თვალი და ამოიოხრა: „ვიმედოვნებ, გაზაფხულზე ცოცხალი აღარ ვიქნები“. ის ოცნებობდა იმაზე, რასაც თავის უკანასკნელ წერილში „სიკვდილის შემდგომი არსებობა“ უწოდა. მისი საფლავის ქვაზე წარწერილია: „აქ განისვენებს ის, ვისი სახელიც წყალზე დაიწერა“. მისი – მოკვდავი პოეტის მიერ შექმნილი – პოეზია, ამავე დროს, ხელთუქმნელია. რა უცნაური ასიმეტრიაა.
საწოლზე გაშოტილი პოეტი უმზერდა ვარდის გამოსახულებებს ჭერის ლურჯ ფილებზე. დროდადრო ბოდავდა. მან შეამზადა სევერნი თავისი სიკვდილისთვის. კითხულობდა, მოვიდა თუ არა ვინმე მის სანახავად. ანუგეშებდა სევერნს და ეუბნებოდა, აგონია დიდხანს არ გაგრძელდება და კრუნჩხვების გარეშე ჩაივლისო. სიკვდილს ესწრაფვოდა. ოცდასამ თებერვალს დაიჩივლა იმის გამო, რომ სევერნის ცივი სუნთქვის გამო აჟრჟოლებდა. კვლავ ცდილობდა ენუგეშებინა მეგობარი. ოთახში მწუხრი ჩამოწვა. ავადმყოფის სუნთქვის ხმა შეწყდა. აუტოპსიის შემდეგ კლარკმა განაცხადა, რომ უკვირდა, როგორ იცოცხლა კიტსმა ამდენ ხანს. ფანის ბოლო წერილები, რომლებიც არავის წაუკითხავს, გარდაცვლილ პოეტს კუბოში თან ჩააყოლეს. დაკრძალვის შემდეგ მის ბინას (პიაცა სპანიაზე) პოლიცია დაეპატრონა. პოლიციელებმა კედლები ჩამოფხიკეს, იატაკი აყარეს და მთელი ავეჯი დაწვეს.
© The New York Review of Books
December 3, 2017
[1] ჯორჯ ბრაიან ბრამელი (1778-1840) – ცნობილი ინგლისელი დენდი, მეფე გეორგ IV-ის ახლო მეგობარი.
© არილი