პოეზია

თორნიკე რობაქიძე – მემე  შიში

ჭერი თეთრმა ქსელმა დაფარა.

თვითონ კი პეპლის ფრთებს მიირთმევს,

მუცელი გუშინ შეჭამა,

თავი გუშინწინ.

მე კი საწოლის ვერცერთ კუთხეში ვერ დავიძინე.

ვფიქრობ ის მალე ჩემამდეც მოაღწევს.

რადგან ნელ-ნელა იზრდება მისი ქსელი.

რადგან მე მისი სანუკვარი ლუკმა ვარ

და ჩემს გარეშე ვერ დანაყრდება.

ყველაფერი მაინც ახლა იწყება.

დრო ფიქრებში ისრისება და

ფანჯრები გათენებას მპირდება.

ეს მე ვარ მულტფილმის გმირი შონ აბრამი,

თ.რ. საწოლში ვწევარ და ვცდილობ დავიძინო.

 

1

სანამ აქამდე მოვიდოდით რა არ გადაგვხდა.

როგორ არ ვარიდებდი თავს მის სიცარიელეს,

მაგრამ ხელში თვითონ ჩამივარდა,

თვითონ სურდა ჩემი მსხვერპლი გამხდარიყო,

თან დამალული თან კი აშკარა.

ის მიდიოდა ქუჩაში ღამით.

ის მიდიოდა სრულიად მარტო.

ის მიდოდა ყველას თვალებით

და ყველას თვალებში იყო სიზმარი,

თოვლივით თეთრი.

რომელიც ღამით იისფერია.

სულ სჯეროდა რომ ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდნენ,

მზერით ხვრეტდნენ მის საათებს მარტოობისას.

ერთხელაც მიხვდა,

რომ მის გარშემო

არა ხალხი,

არამედ სულმთლად ლექსები იდგნენ

და მას უბრალოდ ხელი უნდა გაეწვდინა,

რომ ყველანი მასზე გადმომსხდარიყვნენ.

ერთხელაც მიხვდა რომ ეს ყველაფერი მე შევქმენი.

მთელი ეს არეული დეკორაცია,

ფერად-ფერადი ლენტებითა და მაქმანებით.

ერთხელაც მიხვდა,

რომ მე ჩავსახლდი,

მულტფილმის გმირი ბავშვობიდან,

მულტფილმის გმირი შონ აბრამი.

 

2

მზის სხივებია ახლა ჩემს მხარეს,

ოთახში ისევ ჭიქებისა და ნამწვავების რაოდენობა,

როგორც ყოველთვის უფრო მეტია ვიდრე მიზნები ჩემი ცხოვრების.

დღეს დავურეკავ.

კბილებს ვიხეხავ და ვაკვირდები.

მინდა ვიპოვო თეთრი კბილი ამდენ კბილებში.

მაღაროსავით ღრმა არის პირი

და აქ სიყვარულს მოიპოვებენ

და მეც არ ვუშლი,

მოიპოვონ თუკი სჭირდებათ.

იმიტომაა რომ სულ ყვითელი

დამაქვს კბილები და ვერ ვითეთრებ.

დღეს დავურეკავ.

ვსაუზმობ ერბოკვერცხით და ფინჯანი ჩაით,

ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია,

მაგრამ მე მაინც როცა ვუყურებ,

შუაზე გატეხილი კვერცხი

როგორ ენარცხება ცხელ ტაფაზე, სულ მეშინია,

რადგან ვხედავ აქაც პოეზიაა.

უმარტივესი ქმედებები,

ვარსკვლავებივით შორიშორს მოჩანს,

მაგრამ ის ჩემთვის ხელმისაწვდომი ლექსებია

და მათ ყოველდღე ვწყვეტ ჩემი ციდან,

რომ ყველაფერი ჩემს ცხოვრებასთან დავაკავშირო.

დღეს დავურეკავ.

თებერვალია

და მზის სხივები,

ჩემს მხრებზე რომ იდებენ ბინას,

შემთხვევითი სულაც არ არის,

რადგან მე მზეც კი ჩემი დამაქვს,

ჩემივე ცაზე.

მე ხომ ვერაფრით ვერ გავანაღდებ,

ვერც მარტოობას,

ვერც სიყვარულს

ვერც ალბათ ლექსებს.

ახლა ვურეკავ.

მაგრამ მანამდე აშკარად ვგრძნობ,

რომ შონ აბრამი ჩემთანაა.

მულტფილმის გმირი და ნამდვილი პოეტი.

მათი ხმები, ორივეს ხმები ნაღვლიანია.

 მე გვერდით ვდგები და თითო ბგერას ვაკვირდები მათი საუბრის.

სწორედ ახლა,

მან უნდა უთხრას

  • გილოცავ დაბადების დღეს! მე არც კი ვიცი რა გისურვო,

მე შენ მიყვარხარ !

მაგრამ ვერაფრით ხმას ვერ იღებს,

თითქოს ენაზე მთელი მსოფლიოს სიტყვები ადგას.

და ვერ პოულობს იმ ნამდვილ სიტყვებს.

ტელეფონს თიშავს და სათამაშო თოჯინასავით იკეცება მისი სხეული.

ერთად ვურეკავთ.

მე ვეუბნები გილოცავ!

ის კი – მიყვარხარ!

მისი თვალები ნამდვილია მე არ ვეხები.

ცრემლის გემოს ვგრძნობ,

ზღვასავით არის,

მარილიანი.

 

3

ეს სიზმარია.

რძისფერ ბურუსში ვსხედვართ.

სწორედ ახლა უნდა ჩაგვეხუტოს.

ცხელია და მშფოთვარე სუნი.

სიზმარში სუნი იშვიათია.

მე ვხედავ როგორ ეწებება თმები მის მხრებზე,

ის კი გრძნობს რომ სხვა გზა აღარ აქვს

და გაღვიძება ცუდი იქნება.

ძალიან ცუდი.

 

4

კოცნის დროს თვალებს ვერასდროს ხუჭავს.

რადგან ჰგონია თუ კი დახუჭავს,

დაიმსხვრევა მისი სხეული როცა გაახელს.

ის არ დახვდება ვისაც მოელის.

იმის ტუჩები არ დახვდება ვინც ჩაიფიქრა.

ის მორიგ გოგოს აცილებს სახლში.

სულაც არ ღელავს,

მას დაავიწყდა ღელვაც და ფიქრიც

სანამ ისინი მასთან არიან

და მარტობის ბზარებს უვსებენ იგი უბრალოდ-კმაყოფილია.

მე კი ვახსენებ,

ყოველ საღამოს ვუმეორებ,

რომ ტყუილია თავს აჯერებდეს ახალ სიყვარულს

და ქაღალდის ფიფქივით ჭრიდეს თავის კუთვნილ ბედნიერებას.

 

გაუცხოება

5

თავს ვერ ვაღწევ მის მკერდს და ბოქვენს

ასე მგონია სათამაშო პაზლივით არის.

თუ დამეშალა ვეღარ ავაწყობ.

არც კი მადარდებს თუკი დავკარგე რამე დეტალი,

მე თუ ვერა სხვა ხომ ააწყობს?

მთავარია მანამდე გაძლოს,

სანამ სხვა მოვა და ჩემს დაკარგულს,

როგორც შეძლებს ისევე დადებს.

შონი კი ამ დროს, სად არის შონი?

რატომ ვერ ვგრძნობ რომ ჩემში არის?

მაინც და მაინც ლექსს უნდა ვწერდე?

თუ ჩემს ნამდვილსა და გადარეცხილ სიყვარულს ვგრძნობდე…

შონი კი ამ დროს,

სად არის შონი?

 

6

(როცა ეგონა მასთან ვიყავი, მაშინ ვტოვებდი.

საკუთარ თავს რომ შეჯახებოდა

და წვიმასავით წამოსულიყო მისი გულიდან,

სევდა და ბრაზი,

თუ სად ვიყავი,

ისეთ მომენტში როცა სურდა ვინმე ყოლოდა,

ვინც შეუცვლიდა თავის ეგოს,

ცოტა ხნით მაინც,

ახალ ფირფიტას ჩაუდგამდა

რათა ზვავივით დაძრულიყო,

და სიხარული,

მოულოდნელად დაეფარა ყოველი დარდით.)

 

7

წითელი მანქანა მიჰყავს.

მწვანეკაბიან გოგოს.

მის გვერდით ვზივარ,

ის კი ჩემს გვერდით.

ორივეს მოგვწონს ჩამპალი ბლუზი,

მაგრამ რადიოში ისმის:

„ჰოუვ დილა, აბა დელიააა, ჰოუ დილა დელიავ რანი რანი ნაა“

ამიტომაც ვთხოვ გადააყენოს მანქანა უახლოეს მიყრუებულ ადგილას,

რადგან რადიო FM (X)-ი აღარ იჭერდეს.

შემდეგ კი გავარკვიოთ რა გვსურს ერთმანეთისგან.

(შონ არ დაბრუნდე ახლა ჩემთან.

გთხოვ, ახლა არც კი დამენახო!

მე მასთან ღირსეულად უნდა ვიჟიმაო.

მე ის მჭირდება.)

 

8

როცა ასე იწყებს საუბარს,

მე სწორედ მაშინ ვბრუნდები.

ის მაინც ღირსეულად ჟიმაობს

და ვერც კი ხვდება რომ მან კი არა, მე გავათავე.

მაგრამ მთავარი სულაც არ არის ვინ გაათავა.

შონმა თუ თ.რ-მ,

მთავარია ვინ დაამთავრა,

ეს ახალი ურთიერთობა მწვანეკაბიან გოგოსთან,

რომელსაც ჰყავს წითელი მანქანა და სურს ქართულ რადიოარხებზე მოუსმინოს ჩამპალ ბლუზს.

მაგრამ ამისთვის მან სხვა რამის გემო გაიგო,

და ფეხებს შორის სისველემ

სულ დაავიწყა რა ხდებოდა იქამდე, სანამ

გაჩნდებოდა თავად სისველე.

 

9

დაბრუნება

ზურგით ვიცანი.

დიდ ყვითელ ავტობუსში.

მას ჩემთვის სულ ზურგი ქონდა გამზადებული.

ერთად ვიყავით მე და შონი.

შონი და მე.

ამიტომაც არ მეშინოდა

და როცა მის მხრებს ხელით შევეხე

და მის თვალებს თვალით შევეხე

და მის ლოყას ტუჩით შევეხე

აღმოჩნდა რომ მართლაც ის იყო.

და არ ვიცოდი რა მეთქვა,

როცა ვნახე და ჩავიხუტე.

როცა ძველ სიზმარს ვიხსენებდი მისი შემყურე

და არ იცოდა რა ეთქვა ჩემთვის.

– სხვაგან გადავსხდეთ.

ძლივს ამოქარგა ჩემმა ტუჩებმა,

ახალი ძაფით სველი სიტყვები.

ყველაფერი ძალიან ცუდად წარიმართა

მან მიპასუხა, დიდი შავი ტალღებივით შემომაგება,

რომ ჩემი სიყვარული მასში იპრესება

და ბოლოს საერთოდ ქრება,

სწორედ ამიტომ ის აღარ უნდა არსებობდეს.

ის უნდა გაქრეს.

მე ვეღარ ვიგებ სად არის შონი.

მე ვეღარ ვიგებ მე სადღა ვარ.

სწორედ ამიტომ მაგრად ვიხუტებ

და ავტობუსის კარებს ვაწყდები,

რომ სასწრაფოდ გააქროს ჩემი სუნი და სილუეტი,

ამ ყვითელ მართკუთხედ ობიექტში,

სადაც მას ვტოვებ..

სადაც მას ვტოვებ ძალიან დიდხანს.

 

10

ახლაც მთელ ქალაქს მოვივლი.

რომ კისერზე შემოხვეული ყულფი შემეხსნას.

და თვალებზე გადაკრული ბინდი გამიქრეს,

რომ ბოლოს ჩიტივით გადმოვფრინდე,

წარსულიდან აწმყოში.

რომ საკუთარ თავს ხმამაღლა საუბარი დავუწყო

და ეჭვები ვირთხებივით გაიქცნენ.

მთაწმინდაზეა ჩემი პატარა სახლი.

ერთი სკამითა და ერთი ნაძვით ამ სკამის გვერდით,

სადაც მე მარტო დავჯდები და ვიტყვი.

– მე აქ ვარ ჩემო ქალაქო.

და მთელი ქალაქი მოვიარე ახლა შენთვის.

გთხოვ გამაცოცხლე.

ჩემი ბინძური სული მტვერსასრუტივით შეისრუტე,

რათა ახლიდან დავიბადო,

რომ სიტყვებიც და სიარულიც ახალი მქონდეს.

რომ დამავიწყდეს მისი ლურჯი თვალები

და გავიხსენო,

რომ მეც ვარსებობ.

და არსებობა იმსახურებს პატივისცემას.

რათა არ დავლპე,

არ გადავშენდე..

 

11

დილა მადლია.

ყველას აქვს დილა.

მახსოვს ბავშვობის დილა.

ბაღში წასვლამდე ვუყურებდი მულტფილმებს

და ვჭამდი ყიყლიყოს.

ცოტა მერე კი მახსოვს დილა სკოლაში წასვლამდე,

ტელევიზორს ვერიდებოდი და ტუალეტში ვანძრევდი.

მახსოვს დილა უნივერსიტეტში წასვლამდეც.

ძლივს ვიღვიძებდი და თავი ბალიშზე მეწებებოდა…

ახლა არ ვიცი,

ახლა მიჭირს გავიგო სად არის მადლი.

როცა დავბერდები კი ალბათ

ბავშობის დილას დავიბრუნებ!

 

12

მე არ მეგონა ყველაფერი თუ ასე მოხდებოდა.

მოულოდნელად და თან დილით, წვიმაში.

ის იჯდა სამხატვრო სახელოსნოში,

როგორც პირველი სიყვარული სასკოლო მერხთან

და მე ამ დროს სულაც დამავიწყდა,

რომ მყავდა მულტფილმის გმირი შონ აბრამი,

რომ დიდ სევდას ვატარებ, უკვე წლებია,

რომ გოგონებს პატარა ბავშვებივით ვატყუებდი ჩემს სიყვარულს,

რათა ჩემივე ზღაპარი დამვიწყებოდა.

რომ ნამდვილი ნაბიჭვარი ვიყავი ყოველთვის,

რადგან ჩემი აუხდენელი სიყვარულის გამო სხვებს ვტანჯავდი,

რომ ჩემი სიყვარულის ასრულების ჯერ კიდევ მჯეროდა.

ის კი უბრალოდ იდგა და მიყურებდა,

მე კი წვიმისგან გალუმპული ტანსაცმლისგან წყალი მდიოდა.

ის კი უკვე იღიმოდა და მიყურებდა.

და კლავდა ჩემს ყოველგვარ ტკივილს.

ერთიანად ანგრევდა ჩემს არსებულ ცხოვრებას

და სრულიად ახალ სხეულში მანთავსებდა.

და მას მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა ამისთვის.

და მე ვიყურებოდი მის სიღრმეში,

სადაც ხარობდა ყველაფერი რაც კი მიყვარდა.

და მე ვიყურებოდი მასში,

როგორც ახალ საკუთარ თავში სადაც შონის ადგილი აღარ იყო.

სადაც შონი კედლის კუთხეში თეთრ ქსელში გაბლანდულიყო

და ვეღარც ხელებს ამოძრავებდა და ვეღარც ფეხებს.

რადგან მოულოდნელად გადაიქცა გამოუსადაგარ ნივთად,

რომლის მხოლოდ სასიამოვნო სახელი დარჩებოდა ჩემში

და ამ სახელზე აშენდებოდა ახალი სახლი,

რომელსაც ერქმეოდა მართა.

და გვარად იქნებოდა მემეშიში.

და მართლაც, მე მეში(ში)-ნოდა,

რომ ცხოვრებაში მეორედ უნდა მეცადა ახალი სახლის აშენება,

რომელშიც მინდოდა მთელი ცხოვრება მეცხოვრა.

და მართლაც,

ჩემი შიში ყოველ დილას უფრო და უფრო მართლდებოდა და

მართა ხდებოდა ახალი სახლი,

რომელთანაც მე ვიწყებდი ახალ ცხოვრებას.

ანუ ახალ მარტოობას საკუთარ თავთან.

 

მაგრამ მაინც,

მე მზად ვიყავი მიმეღო შიში.

მე მზად ვიყავი…

 p.s.

ნაბიჯს ვეღარ დგამ.
აკრძალულია.
ცეცხლსა(შიში)ა.
უბრალოდ დაჯექი,
თითქოს არაფერს ელოდები და გულში სიყვარული ჩაიპრესე.
ფანტაზიას ხორცს ნუ შეასხამ, სახიფათოა.
რადგან შენ წინ დგას საყვარელი ქალი,
ცასავით ლურჯი ჯინსებითა და საღებავით დასვრილი ბათინკებით.
მის ღიმილს აწვიმს,
ამბობს რომ სცივა,
შენ კი ფიქრობ რომ სწორედ ახლა უნდა გადაეხვიო,
შემდეგ კი გაიხადო ყველაფერი და მას ჩააცვა.
მაგრამ, ნაბიჯს ვეღარ დგამ.

© არილი

Facebook Comments Box