ფრანკფურტის ბაზრობა და ოლიმპიური ზავი ქართულ ლიტერატურაში
მრავალფეროვნება, აი სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ ახასიათებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის ნათარგმნ ქართულ თანამედროვე ლიტერატურას. თითქოს მუდმივად გვესმის აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი სალიტერატურო კრიტიკისა და პრეტენზიული მკითხველის ხმა, თითქოს არ იწერება, არ იქმნება საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის რომანები; თითქოს რომანი არაქართული, ქართულ ხასიათთან ძნელად შეთავსებადი მოვლენაა და მას ჩვენი ლიტერატურა სახსრების ჭრიალით თუ უღებს ალღოს. ქვების განბნევის დროს ამგვარი მოსაზრებების სიჭარბე, შესაძლოა, სასარგებლო, მასტიმულირებელიც იყოს. მაგრამ დადგა ჟამი ქვათა შეგროვებისა და მიღებულმა შედეგმა, პირადად მე საინტერესოდ გამაკვირვა.
საერთოდ, შემჩნეულია, რომ ბანქო უკეთ მოწუწუნე მოთამაშეს მოსდის და საუკეთესო გოგრებს ამინდით მუდამ უკმაყოფილო ფერმერები ზრდიან. საკითხავია, რაიმე მსგავსთან ხომ არ გვაქვს საქმე, რადგან ქართული რომანის ბრწყინვალებასა და სიღატაკეზე მოთქმით, მგონი, ისე გავერთეთ, რომ შემოდგომა წიწილების თვლისა უეცრად მოგვადგა თავს, თანაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებით.
ფრანკფურტის ბაზრობამ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში თითქოს ოლიმპიური ზავი მოიტანა. ანდა, უფრო ზუსტად, კიპლინგის მიერ აღწერილი წყლის ზავი, როდესაც გვალვის დროს ნადირობა იკრძალება და ერთი მიზნის მისაღწევად საყოველთაო ერთობა ისადგურებს. სწორედ ამგვარმა მიდგომამ, წიგნის ეროვნული ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლების თავდაუზოგავ, მაღალპროფესიონალურ შრომასთან ერთად, საშუალება მოგვცა კმაყოფილებითა და დიდი მოლოდინით გადავავლოთ თვალი სამ ათეულზე მეტ თანამედროვე რომანს, რომელიც ამ ღონისძიებისათვის უკვე ითარგმნა და გამოიცა.
შესაძლოა, რიცხვი კოლოსალური არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, შთამბეჭდავია საკმაოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისა და ძალიან შეზღუდული ლიტერატურული ბაზრისთვის. რაოდენობაზე უფრო შთამბეჭდავი კი, ჩემი აზრით, ის პანორამაა, რომელიც ამ წიგნების საშუალებით მკითხველმა შეიძლება დაინახოს. ჭეშმარიტად, ალბათ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის აქ თავისთვის საინტერესო, სასიამოვნო საკითხავს. ამასთან, რომანების ეს სამი ათეული რეპრეზენტატული აღმოჩნდა და ერთდროულად ქართული ლიტერატურისა და საქართველოს წარმოსაჩენად, მის გასაცნობად, ანდა ძველი მეგობრობის გასაღვივებლად ნამდვილად გამოდგება.
ამ წიგნებიდან ხმები ისმის, მათ გვერდებზე კი ჩვენი ცხოვრების საკმაოდ ზუსტი პანორამა იშლება. ამას ხელი, ვფიქრობ, იმანაც შეუწყო, რომ ნათარგმნ ნაწარმოებთა შორის როგორც „ვეტერანი“ ავტორების, ქართულ ლიტერატურაში თავისი ადგილის მქონე მწერლების, მაგალითად ნაირა გელაშვილისა და გურამ ოდიშარიას, ასევე ნიჭიერი დებიუტანტების ჯერ კიდევ ბოლომდე შეუფასებელი, მაგრამ უდავოდ საინტერესო და აქტუალური რომანები მოხვდა: თუნდაც, ლუკა ბაკანიძის „მესამე ნაპირი“ და ბექა ადამაშვილის „ბესტსელერი“.
ამა თუ იმ ქვეყნისა და, შესაბამისად, მისი ლიტერატურისადმი ინტერესს, რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური, თუ ისტორიული კონტექსტი თუ არ განსაზღვრავს, ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად ხელს უწყობს. ამდენად, ვერ გავექცევით ე.წ. ფოკუს-თემების არსებობას, როგორიც თანამედროვე ქართულ რომანში უდავოდ 2008 წლის ომი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია. ამას როგორც ტექსტების სიმრავლე, ასევე ევროპულ გამოცემებში დაბეჭდილი რეცენზიების სიმრავლე მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ თემა ერთი შეხედვით შეზღუდულია და დიდ გასაქანს არ იძლევა ლიტერატურული დამუშავებისათვის, მასთან მიმართებითაც ჩანს ის საინტერესო მრავალწახნაგოვნება, რაც მთელს ნათარგმნ მასალას ახასიათებს. განსხვავებულია ყველაფერი: ხედვის რაკურსი, წინა პლანზე წამოწეული პრობლემები, ავტორისეული პოზიციები და, შესაბამისად, შერჩეული სტილიც, მწერლის ენა. ზაზა ბურჭულაძის მრავალმხრივ საინტერესო რომანი „ადიბასი“, მაგალითისათვის, ომის აბსურდულობას, ფიქტიურობასა და საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების თავისებურებას იკვლევს, ამიტომ მოვლენები თბილისში ხდება, გმირები კი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთა ცხოვრებაზე ამ მოვლენას არანაირი ხილული გავლენა არ მოუხდენია. საპირისპიროდ, რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დაწერილ, ჩემი აზრით, საუკეთესო ქართულ რომანში, თამთა მელაშვილის „გათვლაში“, ომის რეალური სახის და კონკრეტულ ადამიანებზე, მათ ყოფასა და ფსიქიკაზე მისი ზემოქმედების ზუსტი და სიღრმისეული კვლევაა ჩატარებული. ნაწარმოების მცირე მოცულობის მიუხედავად, მწერალი ახერხებს საოცრად დამაჯერებელი და საინტერესო პერსონაჟები შექმნას და რუსეთ-საქართველოს ომი მოზარდი გოგონას თვალებით დაგვანახოს, მისეული, სპეციალურად რომანისთვის კონსტრუირებული ენით აღგვიწეროს. მოვლენების დანახვის საინტერესო რაკურსს გვთავაზობს ლაშა ბუღაძე, რომლის „ლიტერატურული ექსპრესის“ გმირიც ომის დროს ევროპაშია და მოვლენების დიდ დისტაციაზე აღქმის თავისებურებას გვაჩვენებს.
მათთვის, ვისაც ომზე მეტად მშვიდობა აინტერესებს, არჩევანი არანაკლებ მრავალფეროვანია. თითქმის არ არის სივრცე, ან საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით, არ პოულობს თავის ადგილს თანამედროვე ქართული რომანების გვერდებზე. ვთქვათ, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალფეროვანი და მრავალი ეპოქის მომცველი ლიტერატული რეპრეზენტაციის ავტორი, აკა მორჩილაძე, რომანში „ობოლე“ ამჯერად დასავლეთ საქართველოს განუმეორებელ კოლორიტსა და თავისებურ გარემოს წარმოაჩენს. წიგნი, ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებით, ყველა დროის საუკეთესო ქართულ რომანთა ხუთეულში შედის და ამ მოსაზრების პოლემიკურობის მიუხედავად, შეუძლებელია არ დაეთანხმო ნაწარმოების დადებით შეფასებას. ახალგაზრდა დებიუტანტი რომანისტი გურამ მაცხონაშვილი ყურადღებას გარეუბნების მოსახლეობას და განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს უთმობს. მისი „გლდანი“ „ბეტონის ჯუნგლების“ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ყოფის გააზრების საინტერესო მცდელობაა. ყველა ჯურის მარგინალებისა და ექსცენტრიკოსების, თავისებური და, ამავე დროს, ჩვეულებრივი ადამიანების ხმა მკაფიოდ, ხმამაღლა, ზოგჯერ – დამარცვლით ისმის ანა კორძაია-სამადაშვილის რომანების გვერდებიდან. მწერალი, რომელიც დათვის მთაში მიტოვებულ სახლში შესვლის ისტორიასაც კი საინტერესოდ ყვება, „შუშანიკის შვილებისა“ და ჩაიკას (რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა“) მეგობრების ამბებით ქართული საზოგადოების ერთი დიდი და შეუმჩნეველი ნაწილის კოლექტიურ პორტრეტს ქმნის, შესაბამის ინტერიერში. მისი დახვეწილი ენა და უზადო სტილი კი აუცილებლად ცალკე უნდა აღინიშნოს, როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.
და თუ ყველა სხვა შემთხვევაში დაპირისპირება, კამათი, პოლემიკა ჯანსაღი და აუცილებელი მოვლენებიცაა ლიტერატურაში, ამჯერად, ქვეყნისა და მისი კულტურის სრულად წარმოჩენის იდეამ, თვით შეურიგებელი მოწინააღმდეგეებიც შეარიგა. ყველას გვახსოვს, რომ 2017 წელს ქართული ლიტერატურული სივრცე ორ ნაწილად გაიხლიჩა: არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილოსა“ და ალეკო შუღლაძის „გადამალვის“ მომხრეებად. ერთ წელს გამოსული ეს ორი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, ბრწყინვალე რომანი, საკმაოდ განსხვავებულად გვთავაზობს საკითხთა ერთი, თუმც ძალიან ფართო წრის ანალიზს: კონკრეტული პერიოდისა და ურბანული სივრცისთვის დამახასიათებელ პრობლემებს აშუქებს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მათგანი ხელმისაწვდომია უცხოელი მკითხველისათვის და საინტერესო ამბებთან, პოეტურ პასაჟებთან და დახვეწილ იუმორთან ერთად, მთელი ეპოქის დანახვის, გააზრების საშუალებას იძლევა.
ხოლო თუ მავანს საქართველოს თანამედროვე პრობლემებით დახუნძლული ტექსტები დაღლის, ანდა დროსა და სივრცეში მოგზაურობა მოუნდება, არც ასეთ შემთხვევაში დარჩება იმედგაცრუებული. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში გასეირნება, საუკეთესო ტკბილეულის მირთმევა და უცხოელ გამომძიებელთან ერთად იდუმალი საქმის გახსნა – აი არასრული ჩამონათვალი იმ ატრაქციონებისა, რასაც აბო იაშაღაშვილის „როიალ მერი“ სთავაზობს მკითხველს. ძველტფილისურ მეტყველებად სტილიზებული ენა და თხრობის დინჯი მანერა კი გარემოს სრულად შეგრძნებისა და რეალობისაგან აბსტრაჰირების მშვენიერ საშუალებას გვაძლევს.
არ არის გამორიცხული, მკითხველს საქართველოს გარემო მობეზრდეს და თბილისის პეიზაჟებით დაღლილს, საზღვარგარეთ გასეირნება მოუნდეს. ასეთ შემთხვევაში, სულაც არაა აუცილებელი ქართულ ლიტერატურასთან თავისი ურთიერთობა შეწყვიტოს. ნესტან ნენე კვინიკაძის „ისპაჰანის ბულბულები“ საშუალებას მისცემს ასეთ მკითხველს ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ევროპაში გაისეირნოს. უცხო თვალით, გარედან დანახული საკუთარი ყოფა კი შეიძლება მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, ხათუნა თავდგირიძის „თევზი ორი ჩრდილით“ კიდევ უფრო რადიკალური თერაპიაა, რადგან მოქმედება გამოგონილ სამყაროში ხდება და რომანი მითოლოგიისა და ფენტეზის ზღვარზე შემნილი ტექსტია, ამდენად, ჟანრული ლიტერატურის მოყვარული მკითხველის ინტერესიც შესაძლოა ნაწილობრივ დააკმაყოფილოს.
მოკლედ, როგორც არ უნდა მოემზადო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მსგავსი ღონისძიებისათვის, უკმარისობის გრძნობა მაინც დაგრჩება. მაგრამ შესრულებული სამუშაო, როგორც წინამდებარე მცირე მიმოხილვიდან ჩანს, ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად იძლევა. მართალია, აღნიშნული ტექსტები განსხვავებულობასთან ერთად, ძალიან არათანაბარია, როგორც მოცულობით, ისე ხარისხით; მართალია, კარგი იქნებოდა კიდევ სამიოდე ათეული საინტერესო რომანი გვქონოდა და გვეთარგმნა; მართალია, არ იქნებოდა ურიგო… მაგრამ ეს ხომ ოცნებებია. რეალობა კი ისაა, რაც გვაქვს. ლიტერატურა წარმოგვაჩენს, გვახასიათებს, იძლევა წარმოდგენას ჩვენს შესახებ. ლიტერატურულ რუკაზე ნაცვლად თეთრი ლაქისა, წარწერით: „აქ ცხოვრობდა რუსთაველი“, ჩნდება ქართული რომანის კონტურები და ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.
© არილი