შინაგანი მეტამორფოზა, რომელსაც „ალუდა ქეთელაურის“ მთავარი პერსონაჟი განიცდის, მისი მნიშვნელობა მეტნაკლებად სრულად ვერ იქნება გააზრებული, თუ ცხადი არ გახდა ალუდას ქცევის მოტივები საზოგადოებასთან კონფლიქტის ბოლო ეტაპზე.
ალუდა ქეთელაურის ქცევა ხატობაზე უცნაური და ძნელად ასახსნელია. როგორც გვახსოვს, იგი ხევისბერისგან ითხოვს გუდანის ჯვარს მაჰმადიანის სულისთვის მსხვერპლი შეწიროს, ხოლო ამ თხოვნის უარყოფის შემდეგ მსხვერპლს თვითონ წირავს. ალუდას ქცევის უცნაურობა ის არის, რომ იგი თემისგან ისეთ რამეს ითხოვს და მერე თავად აკეთებს, რაც ხევსურების მრწამსთან და წეს-ჩვეულებებთან სრულიად შეუთავსებელია, მაგრამ თითქოს ვერ აცნობიერებს ამას, ვერ აღიქვამს რეალობას, რომელშიც იმყოფება.
„ურჯულო“ მტერი თემისთვის თითქმის არაადამიანია, უწმინდური, დემონურად მანკიერი არსებაა და ასეთი არსების სულის ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვით შევედრება გაუგონარი და აბსოლუტურად მოუთმენელი მკრეხელობაა. ბუნებრივია, ეს ალუდასაც უნდა ესმოდეს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მას „ურჯულოს“ სულზე ზრუნვისადმი თემის შემწყნარებლობის იმედი აქვს, ვერ იაზრებს, რამდენად მტკიცეა „მტრის ხატი“, რომლის დამსხვრევასაც ცდილობს და რით დასრულდება ამგვარი ცდა.
უცნაურია, როგორ შეიძლება ალუდასთვის მოსალოდნელი არ იყოს თავის თხოვნაზე ხევისბერის პასუხი, − რომელსაც ეს მკრეხელური თხოვნა „სხვა რიგის შიშს“, მისტიკურ ძრწოლას გვრის − თუნდაც იმიტომ, რომ ამგვარი პასუხი, დაწურული ფორმით, არსებითად მას უკვე მიღებული აქვს. როცა იგი შატილელებს მუცალთან ორთაბრძოლის ამბავს უყვება და ამბობს: „იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა“, მას მაშინვე ხისტად მოუჭრიან: „რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა!“. გაუგებარია, რამ შეიძლება აფიქრებინოს ალუდას, რომ ეს კატეგორიული პოზიცია შესაძლებელია შეიცვალოს, მითუმეტეს, რომ მისი გამოხატვის შემდეგ ამ ადამიანის კონფლიქტი საზოგადოებასთან მხოლოდ მწვავდება − თემი არათუ მაჰმადიანი ქისტის ცხონებას მიიჩნევს წარმოუდგენლად, არამედ „ურჯულო“ მტრის ცხედრის მიმართ ბარბაროსული სისასტიკის გამოვლენაზე, მისთვის ხელის მოჭრაზე უარის თქმას; ხოლო ალუდა თემის სამართალს, რომელიც მოკლული მტრის დასახიჩრებას იწონებს, „ცოდვა-ბრალით მონათლულს“ უწოდებს. ალუდას არავითარი საფუძველი არ აქვს სჯეროდეს, რომ ამ სამართლით მცხოვრები ხალხი საკუთარი ღვთაებისთვის „ურჯულოს“ სულის შევედრებას შემწყნარებლურად მოეკიდება.
ხატობაზე ალუდას ქცევას გასაგებს ხდის იმ გარემოების გააზრება, რომ ხევისბერთან საუბარში იგი არ ასაბუთებს, რატომ თვლის გამართლებულად გუდანის ჯვრისთვის მაჰმადიანი მუცალის „შეხვეწებას“ − არ ლაპარაკობს თავის ახალ მსოფლხედვაზე, არ ცდილობს თავისი ახალი აზრის ჭეშმარიტების დამტკიცებას, რომელსაც მისი თხოვნა ემყარება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუ არა ის, რომ მან ეს აზრი ბასრი პოლემიკური ფორმით მანამდე უკვე ამაოდ, უშედეგოდ გაუმხილა ხევსურებს: „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი, ჩვენა ვცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი… ამის თქმით ვწარამარაობთ, ღვთიშვილთ უკეთეს იციან, ყველანი მართალს ამბობენ, განა ვინაცა ჰფიციან?!“.
იმის გარდა, რომ ღმერთი კონფესიების მიხედვით არ ყოფს ადამიანებს ცხონების ღირსებად და ცხონების შესაძლებლობას მოკლებულებად, ალუდამ თანატომელებს იმაზეც მიუთითა, რაც ამ შეხედულების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია − ღმერთი ვაჟკაცობას „ურჯულოსაც“ ანიჭებს. სწორედ ამას ნიშნავს კონტექსტს, სულის ცხონების თემას თითქოს აცდენილი ალუდას ეს გამონათქვამი: „მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდების ფულადა“, რომლითაც იგი პასუხობს თანამოსაუბრის უკვე ციტირებულ რეპლიკას: „რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა!“. ალუდას სიტყვები გულისხმობს − ვაჟკაცობის შეძენა შეუძლებელია იმიტომ, რომ იგი თანდაყოლილია, ანუ მას ღმერთი ანიჭებს ადამიანს რჯულის განურჩევლად და ამით ცხონების ღირსს ხდის.
ხევისბერთან დიალოგში ალუდა ასეთ აზრებს აღარ გამოთქვამს, რაკი იცის, რომ მათ დამარწმუნებელი ძალა კვლავ არ ექნება, ისინი კვლავ გაუგებარი და მიუღებელი დარჩება. ეს მეტყველებს, რომ სინამდვილეში ალუდა სავსებით ფხიზლად აღიქვამს გარემომცველ რეალობას და თავის მოქმედებას სწორედ მისი რაობის გათვალისწინებით წარმართავს.
თუ ამ არსებით მომენტს მხედველობაში ვიქონიებთ, ხატობაზე ალუდას ქცევის ლოგიკა ასე გამოიკვეთება: იგი გუდანის ჯვრისადმი პატივისცემით იცავს ფორმალობას, ასრულებს არსებულ წესს და ღვთისმსახურისგან ითხოვს „მაუნათლავის“ სახელზე მსხვერპლის შეწირვას ისე, რომ თავისი თხოვნის შესმენას არ მოელის, ხოლო როცა თხოვნაზე უარს მიიღებს, აკეთებს იმას, რაც წინასწარ აქვს გადაწყვეტილი − ხევისბერის ნაცვლად თვითონ სწირავს მსხვერპლს გუდანის ჯვარს მაჰმადიანი მუცალის სულის სარგოდ; ალუდა ელოდება თემის მკაცრ რეაგირებას თავის ქმედებაზე, მზადაა სასჯელისთვის, რომელიც, როგორც მისთვის სავსებით ცხადია, გარდაუვალად მოყვება ამ ქმედებას − თემის თვალთახედვით არნახულ მკრეხელობას.
ხატობაზე „ურჯულოს“ სულის საცხონებლად მსხვერპლის შეწირვით ალუდა გააზრებულად ასხამს ხორცს თავის იდეას, გააზრებულად უძებნის მას ზუსტ მატერიალურ – პრაქტიკულ შესატყვისს, საგანგებოდ ახდენს იმის თვალსაჩინო დემონსტრირებას, შეიძლება ითქვას, ილუსტრირებას, რომ ღმერთი კონფესიური ნიშნით არ მიჯნავს ერთმანეთისგან ადამიანებს სულიერ-ზნეობრივი თვალსაზრისით სრულფასოვნებად და არასრულფასოვნებად, სასუფეველში და ჯოჯოხეთში მოსახვედრებად; ამიტომ ღირსეული „ურჯულოს“ სულის ცხონება შესაძლებელია.
ალუდას ქმედება გააზრებული და მიზანმიმართულია – შეგნებული ამბოხია თემის ტრადიციული რელიგიის წინააღმდეგ და საზოგადოების საპასუხო რეაქციის შეგნებულად გამოწვევაა. ამ უპრეცედენტო, უკიდურესად გამაღიზიანებელი ქმედებით ალუდა საკუთარი ნებით დაიტეხს თავს თემის რისხვას, რომელიც არამარტო საზოგადოებისგან მოკვეთას, არამედ სიკვდილსაც შეიძლება მოასწავებდეს მისთვის: „შასმულებმ ხევსურთშვილებმა მოიმარჯვიან ფარები, უნდა სცენ ქეთელაურსა, კაპასად ჟღერენ რვალები“.
იმას, რომ ალუდა ქეთელაური არსებითად თვითონ განუსაზღვრავს თავისთავს მკაცრ სასჯელს, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიურ-მორალური და მსოფლმხედველობრივი წანამძღვრები აქვს. ალუდას თავგანწირვისკენ უბიძგებს ისეთი მძლავრი შინაგანი მოტივები, რომ ეს თავგანწირვა აუცილებლობის ხასიათს იძენს.
ალუდა ქეთელაურის თავგამეტებული ქმედების ყველაზე ღრმა მოტივები შეიძლება დავინახოთ იმ პასაჟებში, რომლებშიც მისი სულიერი სამყარო ასევე ყველაზე ღრმად არის წარმოჩენილი − მის კოშმარულ ხილვაში („ვისაც მტერობა მასწყურდეს…“) და განსაკუთრებით სიზმარში.
ორივეგან, ხილვაშიც და სიზმარშიც, უკიდურესად მწვავე აღქმის და შეფასების საგანია ალუდას და მისი თანატომელების ცხოვრება მთლიანად, დამყარებული დაუსრულებელ შურისძიებაზე და სისხლისღვრაზე. ხილვაში ალუდას თავისი საზოგადოების ყოფა თავიდან ბოლომდე სისხლით, შურისმაძიებლობით, სასტიკი ძალადობის ცოდვით გაჟღენთილად ესახება. ამ ყოფაში სისხლიანია, ცოდვიანია თვით რელიგიაც − სისხლის გუბეში ჩამდგარი ადამიანის შესახებ ალუდა მწარედ ფიქრობს: „პირჯვარი დაიწეროდის, მითამ საყდარში არია“. თემის ტრადიციული რელიგიის სისხლით წაბილწულობის − მის მიერ სისხლისმღვრელი ძალადობის, შურისძიების დაკანონების ერთბაშად და მტკივნეულად დანახვაც კარნახობს ალუდას, რომ „ღვთიშვილთ უკეთეს იციან“, რომ შეუძლებელია ადამიანების მტრული, მომაკვდინებელი გათიშულობა ღმერთის ნების შესაბამისი იყოს…
ალუდას ხილვა გამოხატავს მის ტრაგიკულ განცდას, რომ იგი ძალადობაზე დაფუძნებული, მთლიანად ცოდვით მოცული ყოფიერების თანამოზიარეა და განუშორებელია მისგან, რომ ამ ფატუმივით უცვლელი და უძლეველი ყოფიერების ტყვეა.
სიზმარში ალუდას თავისი და იმ საზოგადოების ცხოვრება, რომელსაც ეკუთვნის, სისხლისმღვრელ შურისძიებათა გამუდმებულ ამაზრზენ წრებრუნვად წარმოუდგება: მას ესიზმრება, რომ დაღუპულ თანატომელს სხვა ხევსურებთან ერთად გლოვობს და სალაშქროდ, შურის საძიებლად ემზადება; ანუ ალუდასთვის თავისი უზნეობით უკვე შემზარავი და აღმაშფოთებელი სისხლისღვრა კვლავ უსასრულოდ გრძელდება და თვითონაც კვლავ, ძველებურად მონაწილეობს მასში, რაც დანაშაულის ისედაც მძიმე გრძნობას კიდევ უფრო უმძიმებს, იმდენად, რომ საკუთარ თავს კანიბალად აღიქვამს.
ეს ხდება სიზმარში მუცალის გამოცხადების ძალით − მის მიერ მოკლული მუცალის ხატი ისევე არ ასვენებს ალუდას, როგორც მაკბეტს თავისი მსხვერპლის, ბანკოს აჩრდილი. სიზმარი მთელი სისავსით გამოხატავს ალუდას აუტანელ სინდისის ქენჯნას მუცალის მოკვლის გამო − მუცალი ხანჯალს უდებს ხელში და სიკვდილს ითხოვს მისგან, რითაც საშინელ მკვლელად აგრძნობინებს მას თავს, ხოლო ხევსურთა ყოფას აფასებს როგორც „ლაშქრობით, ხმლების ქნევით ძღომას“, რასაც მოსდევს ალუდას მიერ თავისთავის − ამგვარ ყოფაში კვლავინდებურად ჩაბმულის − დანახვა კაციჭამიად, კაცის ხორცით მძღომელად.
ალუდას დათრგუნულობას ანტიჰუმანურობით დამახინჯებულ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის თავის არიდების შეუძლებლობით, ამგვარი ცხოვრების ტყვეობაში დარჩენით სიზმარში განსაკუთრებით მკვეთრად გამოხატავს ის, რომ იგი ვერ ახერხებს საკუთარი კანიბალისტური აქტის შეწყვეტას, თუმცა ძაგს ეს აქტი. „დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა, კაცის ხორც იყო წვნიანი; ვსჭამდი, მზარავდა თუმცაღა კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი…“.
ალუდას ძულს და აძრწუნებს საკუთარი თავი, საკუთარი ცოდვიანი ცხოვრება, რომელიც არც მომავალში შეიძლება იყოს სხვანაირი; ეზიზღება თავისი და მთელი საზოგადოების განუწყვეტელი კაცისკვლით შებღალული არსებობა, რომლისგანაც ვერაფრით თავისუფლდება, რომლის გაგრძელებაც აუცილებლად მოუწევს როგორც თემის წევრს. ყოველივე ეს მას სასოწარკვეთილებაში აგდებს.
ვაჟა ფშაველას გმირის შინაგანი დრამის არსის გაგებას აადვილებს სასოწარკვეთილების კირკეგორისეული დახასიათება − „სიკვდილით დაავადება“, სნეულება, რომელიც თავს იჩენს როგორც დაუსრულებელი სულიერი აგონია; იგი ბოლომდე არ კლავს, მაგრამ არც აცოცხლებს ადამიანს; მისი გამომწვევი კი უწინარესად საკუთარი არსების მიუღებლობაა, გამოუვალი ბრალეულობის განცდაა.
დანაშაულის გრძნობა, სინდისის ქენჯნა, თავისთავად, მხოლოდ უნაყოფოდ აწამებს, ღრღნის და ანგრევს ადამიანს. არსებობს მოსაზრება, რომ ჯოჯოხეთის შესახებ წარმოდგენა წარმოშვა დაუსრულებლად მტანჯავი, სასოწარმკვეთი სინდისის ქენჯნის ფსიქოლოგიურმა და მორალურმა გამოცდილებამ. გაუნელებელი სინდისის ქენჯნის და უსაშველო სასოწარკვეთილების, გამუდმებული სულიერი წამების, კვდომის ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ალუდა ქეთელაურიც.
ამგვარი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია მონანიება − სრულად გაცნობიერებული და აღიარებული ცოდვისგან რადიკალური გამიჯვნა და გადამჭრელი ქმედება, მიმართული იმის ასანაზღაურებლად, რაც ადამიანმა თავისთავს თუ სხვებს დაუშავა. ს. ფრანკის თვალთახედვით, სინდისის ქენჯნის ტანჯვა დაიძლევა მხოლოდ სხვაგვარი ტანჯვის, სხვაგვარი სიმძიმის ტვირთებით, მსხვერპლის გაღებით, რომელიც ბრალს გამოისყიდის; ეს არის „ჯვრის გზა“, მსხვერპლგაღების ქრისტიანული გზა, რომელზე შემდგარიც ბრალის გამომსყიდველ და სულის განმკურნებელ მსხვერპლს სიყვარულით, სიყვარულის გულისთვის გაიღებს.
ალუდა სწორედ ასე გაიღებს მსხვერპლს − სიყვარულით მუცალისადმი როგორც მისთვის ძვირფას ახლობლად ქცეული ადამიანისადმი, როგორც „თავის ლამაზი ძმისადმი“. ალუდა მის გამო უბრალოდ კურატს კი არ იმეტებს მსხვერპლშესაწირად, არამედ – თავის მყარ დაფუძნებულობას და კეთილდღეობას მშობლიურ გარემოში, მაღალ საზოგადოებრივ სტატუსს და ავტორიტეტს, თვით საკუთარ სიცოცხლეს.
ეს თვითშეწირვა სინდისის ქენჯნისგან, დანაშაულის მტანჯველი გრძნობისგან, სასოწარკვეთილებისგან ალუდას გამათავისუფლებელია. ბრალის გამომსყიდველი მსხვერპლგაღება მას ან სულიერი განკურნების საწინდრად, ან სიკვდილისწინა შინაგან განწმენდად ექცევა.
ცოდვის − ამ შემთხვევაში მკვლელობის − გამოსყიდვა მონანიებით და მსხვერპლგაღებით, სასჯელის ნებაყოფლობითი ტვირთებით − ქრისტიანული ეთიკის ეს პარადიგმაა განხორციელებული ალუდა ქეთელაურის ბედში, ისევე როგორც რასკოლნიკოვის ტრაგიკულ ისტორიაში.
თუმცა რასკოლნიკოვისგან განსხვავებით ვაჟა ფშაველას გმირს არავინ, არც ერთი ადამიანი არ ეხმარება ბრალეულობით გამოწვეული სულიერი ტანჯვისგან მხსნელი, ბრალის გამომსყიდველი მონანიების და მსხვერპლგაღების გზის არჩევაში, ეს არჩევანი მთლიანად მისი ზნეობრივი ინტუიციის ნაყოფია. ასევე არავინ დახმარებია მას, ზიარებოდა ისეთ ძირეულ ქრისტიანულ მორალურ პრინციპებს, როგორიცაა „არა კაც კლა“, „გიყვარდეს მტერი შენი“, არავის უქადაგია მისთვის, რომ „ღვთიშვილთ უკეთეს იციან“, რომ ღმერთი ადამიანთა ცალკეულ ეთნიკურ-სარწმუნოებრივ ჯგუფს კი არ წყალობს, არამედ მას მთელი კაცობრიობა უყვარს. ეს პრინციპები, ასეთი ღმერთი ალუდამ თვითონ, სპონტანურად, საკუთარი მტკივნეული სულიერი გამოცდილების წყალობით აღმოაჩინა თავისთავში, თავის არსებაში.
ვაჟა ფშაველამ წარმოსახა სრულიად უჩვეულო, უნიკალური მოვლენა: საშინელ, აბსოლუტურ მარტოობაში გამომწყვდეულმა ადამიანმა თვითონ გაიქრისტიანა თავი, დამოუკიდებლად, სოციალური გარემოდან მიღებული რაიმე კულტურული საზრდოს გარეშე წარმოიდგინა ღმერთი ქრისტიანულად, ჰუმანიზებულად.
ღმერთზე ასეთი წარმოდგენა ალუდასთვის ის საყრდენია, რომელიც ჰუმანისტური მორალურ-რელიგიური ამბოხებით საზოგადოებასთან რადიკალურ დაპირისპირებას და ამ თავგამეტებული აქტით ბრალეულობის გრძნობისგან თავის დახსნას შეაძლებინებს.
ვაჟა ფშაველას პერსონაჟი თავისებურად გაივლის პიროვნული განვითარების იმ სტადიებს, რომლებსაც კირკეგორი გამოკვეთს − ნახტომებს ახორციელებს ესთეტიკური სტადიიდან, ანუ გრძნობებს, ემოციებს, სტიქიურ ვნებებს მინებებული არსებობიდან ეთიკური სტადიისკენ, მტანჯველი ზნეობრივი რეფლექსიით დამძიმებული ყოფიერებისკენ და რელიგიური სტადიისკენ, რომელზეც ადამიანი მკვეთრად ინდივიდუალიზებულ − და არა ფორმალიზებულ − ურთიერთობას ამყარებს ღმერთთან…
მსხვერპლგაღება, თემის მიერ დაკისრებული სასჯელის, მშობლიური მხარიდან გაძევების ატანა ალუდასთვის, რასაკვირველია, მძიმეა („ერთხელ მაუნდა ალუდას, ერთხელ მობრუნვა თავისა: „მშვიდობით, საჯიხვეებო, გამახარელნო თვალისა! მშვიდობით, ჩემო სახკარო, გულში ამშლელო ბრალისა…“). მაგრამ ამავე დროს ეს სასჯელი შვებაც არის მისთვის – თავს დააღწევინებს მას თემის ცხოვრების წესისთვის, რომელსაც გარდაუვალად თანსდევს სისხლისღვრა და რომლის შესაბამისად არსებობის გაგრძელება აღარ სურს და აღარ შეუძლია.
ალუდა ქეთელაური, ძლიერი, ვაჟკაცური ბუნების, შეუპოვარ მოქმედებას ჩვეული ადამიანი, ვერ ეგუება ცოდვიანი, სისხლიანი ყოფის, უნაყოფო სინდისის ქენჯნის და სასოწარკვეთილების სატუსაღოში სულიერ კვდომას და გადამჭრელი ქმედებით − მსხვერპლგაღებით გაანგრევს მის ყრუ კედლებს.
© არილი