ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
როდესაც ზღვა მრისხანედ აქაფდება,
მას მე – საბედისწერო ქალს – მიმამსგავსებენ.
იტყვიან, რომ ცოდვილი ვიყავ, რადგან პოეზიის სამყაროში ვცხოვრობდი.
თვითონ კი რას სჩადიან მათ მიერვე წაბილწულ დედამიწაზე?
ხულია დე ბურგოსის ლექსიდან „შემდგომ“
1928 წელს, როდესაც ხულია დე ბურგოსი თოთხმეტი წლისა იყო, ქარიშხალმა „სან-ფელიპემ“ მიწასთან გაასწორა პუერტო-რიკო. ამ მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა ყველა შენობა დაანგრია და, მათ შორის, ხის პატარა სახლი კაროლინაში, მთების ძირას, სადაც დე ბურგოსი დაიბადა. პუერტო-რიკოში სამასი ადამიანი ემსხვერპლა „სან-ფელიპეს“, რომელიც ბოლო ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო მძვინვარე ქარიშხალი გახლდათ. ხულია დე ბურგოსს არ ჩაუწერია თავისი შთაბეჭდილებები „სან-ფელიპესთან“ დაკავშირებით.
ხულია დე ბურგოსი, როგორც პუერტო-რიკოს ყველაზე სახელგანთქმული პოეტი და თვალსაჩინო ლიტერატურული მოღვაწე, თავისი ქვეყნის ისეთივე კულტურული სიმბოლოა, როგორც მხატვარი ფრიდა კალო – მექსიკისა. დე ბურგოსის ყოველი ლექსი გამსჭვალულია მგზნებარე განცდებით, ფემინისტური იდეებით და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით. ამასთან, პოეტი ქალის რომანტიკულმა ცხოვრებამ და ნაადრევმა სიკვდილმა ლამის იყო, დაჩრდილა მისი შემოქმედება და დე ბურგოსი Patria-ს უბედურებათა ალეგორიულ ფიგურად გადააქცია. ამასთან, პუერტო-რიკოს საზღვრებს გარეთ დე ბურგოსის პოეზიას ნაკლებად იცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები ეძღვნება ისეთ უნივერსალურ თემებს, როგორებიცაა სიყვარული, ომი და პოეტური თვითრეფლექსია.
ხულია დე ბურგოსის ცხოვრება მოიცავდა იმ პერიოდს, როდესაც პუერტო-რიკო ამერიკის შეერთებულ შტატებს დაექვემდებარა. პოეტის ცხოვრება მიედინებოდა ფაშიზმისა და დემოკრატიის გლობალური კონფლიქტის პირობებში. დე ბურგოსის შემოქმედებაში ასახული პრობლემები ამჟამადაც აქტუალურია პუერტო-რიკოელებისთვის, რომლებიც კვლავინდებურად იბრძვიან თვითგადარჩენისა და თვითგამორკვევისთვის. იანვარში მამაჩემთან ერთად გავემგზავრე პუერტო-რიკოში, თან წავიღე ხულია ბურგოსის წერილები და მოვინახულე ადგილები, სადაც პოეტი ქალი ცხოვრობდა. ვცდილობდი, გამეგონა მისი ხმა:
მე ვარ ბავშვი, რომელიც გაიზარდა
სანაგვეზე გადაყრილ სიწმინდეთა შორის;
გესმით? ჩამოქცეული მთებიდან მოისმის
დასისხლიანებული ბავშვის ყვირილი.
ლექსიდან „სოფელი 2“
ხულია დე ბურგოსის მშობლიური ქალაქის, კაროლინას ცენტრალური მოედანი უკაცრიელია. 250 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა კუნძული მას შემდეგ, რაც გასული წლის შემოდგომაზე პუერტო-რიკოს თავს დაატყდა ქარიშხალი „მარია“. ადგილობრივი მცხოვრებნი იძულებულნი გახდნენ, თავი შეეფარებინათ FEMA-ს (საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტოს) ფონდის მიერ დაფინანსებული სასტუმროებისთვის და ემუშავათ სამშობლოდან შორს, სამხრეთ დაკოტას ქარხნებში. ასეთივე რამ მოხდა დე ბურგოსის სიცოცხლეში, როდესაც დეპრესიამ გამოიწვია პუერტო-რიკოელთა მასობრივი მიგრაცია აშშ-ში.
„ხულია დე ბურგოსი ჩვენი ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა“, – მითხრა ქალაქის არქივის (რომლის ვესტიბიულს ამშვენებს დე ბურგოსის ორი უზარმაზარი პორტრეტი) დირექტორმა, ირმა სანტიაგო ტორესმა. გადავფურცლე ლამინირებული ასლები წერილებისა, რომლებსაც ხულია სწერდა თავის დას, კომუნისტ ადვოკატს, კონსუელო ბურგოსს. არქივის საქაღალდეებში ვიხილე დოკუმენტები დე ბურგოსისადმი საპატიო წოდებების მინიჭების, მისადმი მიძღვნილი კონფერენციებისა და მისი სახელობის ცენტრების დაარსების შესახებ. 17 თებერვალს (პოეტის დაბადების დღეს) – კაროლინაში საზეიმოდ აღნიშნავენ ხოლმე. მის პორტრეტს (იასმინ ერნანდესის ნახატს) ნახავთ საფოსტო მარკაზე. პუერტო-რიკოსა და შეერთებულ შტატებში დე ბურგოსის სახელი ჰქვია ორ პარკს, ექვს ძეგლს, შვიდ შენობას, ხუთ სკოლას, ოჯახური ძალმომრეობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარს და ხელოვნების ცენტრს აღმოსავლეთ ჰარლემში – იმ კედლის პირდაპირ, რომელზე მისი მოზაიკური პორტრეტია გამოსახული. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დე ბურგოსმა მისწერა თავის დას: „ ამ ქვეყნის მთავრობა მდევნის იმის გამო, რომ ვიბრძვი კაცობრიობის, და, მათ შორის, ჩემი ხალხის კეთილდღეობისათვის. თანამემამულეები კი პატივს მცემენ და მეხმარებიან, მატერიალურად და სულიერად“.
1914 წელს, როდესაც ხულია დაიბადა, კაროლინას ირგვლივ შაქრის ლერწმის პლანტაციები იყო გაშენებული. პუერტო-რიკოს პირველმა (აშშ-ს მიერ დანიშნულმა) გუბერნატორმა თავისი კარიერული წინსვლა დაიწყო იმით, რომ მთავარ მიზნად დაისახა ამერიკული შაქარგადამამუშავებელი კომპანიის განვითარება, რომელიც დარგის ყველაზე მსხვილ კომპანიად იქცა მსოფლიოში. მან კომპანიას უამრავი საგადასახადო შეღავათი დაუწესა და გაზარდა კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწების ფართობი. ამის შემდეგ მიწათმოქმედების არსებული სისტემა პუერტო-რიკოში, რომელიც მანამდე წვრილ მეურნეობებს მოიცავდა, იქცა მონოკულტურად, რომელშიც აშშ დომინირებდა. მაჩეტეებით შეიარაღებული ლერწმის მჭრელები ხშირად აწყობდნენ მრავალრიცხოვან ამბოხებებს აშშ-ს წინააღმდეგ.
დე ბურგოსი ძალზე ღარიბ ოჯახში დაიბადა. სხვადასხვაგვარმა დაავადებებმა და შიმშილმა მისი ექვსი და-ძმა იმსხვერპლა, მაგრამ ხულია გადარჩა, გაიზარდა და ჯერ კიდევ სიყმაწვილისას კითხულობდა კირკეგორსა და სერვანტესს. ლექსების წერაც დაიწყო. მამამისი, ფრანსისკო ბურგოს ჰანსი, მუშაობდა დღიურ მუშად, ხოლო დედა, პაულა გარსია, თავის პაწაწინა მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. პაულა კვარტერონი იყო, რასაც ხულია არ მალავდა, პირიქით, ამაყობდა კიდეც ამით. პაულას არც ერთი პორტრეტი არ შემოგვრჩა. ვანესა პერეს როზარიომ (ავტორი წიგნისა „ხულია დე ბურგოსის ცხოვრება“), მითხრა, რომ პაულას ერთადერთი ფოტოსურათი, როგორც ჩანს, მაშინ დაიკარგა, როდესაც პუერტო-რიკოს ქარიშხალმა „სან-ფელიპემ“ გადაუარა.
სოფლად გატარებულმა ბავშვობამ ხულიას შეაყვარა ბუნება, რომელიც მისი შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად თემად იქცა. სიცოცხლის ბოლო წლებში, ავადმყოფობის დროს, პოეტი პუერტო-რიკოში დაბრუნებას ნატრობდა: „ზღვის სანაპიროებზე მოფენილი ულამაზესი ყვავილები… იფურჩქნებიან და ჩემს დაბრუნებას ელოდებიან. მინდა, მთელი დღეების განმავლობაში ზღვის პირას ვიწვე და მზეზე ვირუჯებოდე, ისე, როგორც ბავშვობისას ვიქცეოდი. მინდა, ასევე, დავბრუნდე, ჩემი მდინარის პირას დავჯდე და სევდიანად ვუცქირო მას, ისე, როგორც მაშინ, როდესაც შეყვარებული ვიყავი“.
ქანცგალეულ ადამიანთა ოცნებებს
ფრთებს უკვეცდა მტანჯველი კაეშანი.
მათ სული შეეგუბათ,
როდესაც თავიანთი სამშობლო იხილეს.
ლექსიდან „მარტინ პენიას ხიდიდან“
პერეს როსარიომ მითხრა, რომ 1927 წელს ხულია დე ბურგოსი დასახლდა რიო-პედრასის ერთ მდიდარ ოჯახში, თუმცა, მისი ცხოვრების ამ პერიოდის დეტალები უცნობია. განსხვავებით ელიტარული „ლიტერატურული“ ქალბატონებისგან, რომლებიც მან მოგვიანებით გაიცნო, ხულიას განათლების მიღების იმედი არ უნდა ჰქონოდა. „მისი სოციალური წრის წარმომადგენელი ქალები ვერც საშუალო სკოლას ამთავრებდნენ და ვერც – კოლეჯს“, მითხრა პერეს როსარიომ. მიუხედავად ამისა, დე ბურგოსმა უმაღლესი განათლება მიიღო. კარმენ ლუკას წიგნში „ხულიას დღიური და სხვა მარტივი ჭეშმარიტებანი“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოსურათზე ჩანს, როგორ ხტება ხულია ბარიერზე სპორტულ დარბაზში. ეს ფოტოსურათი გვაგონებს პოეტი ქალის სტრიქონებს: „ქარი აფრიალებს ჩემს თმას, მზე მივარდისფრებს სახეს“. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან მოისმინა ორწლიანი სასწავლო კურსები პუერტო-რიკოს უნივერსიტეტში, რიო-პედრასში.
აქვთ თუ არა თვითგანვითარების ამგვარი საშუალება თანამედროვე პუერტო-რიკოელ გოგონებს? 2017 წელს პუერტო-რიკოს საბიუჯეტო საზედამხედველო საბჭომ 300 მილიონი დოლარით შეკვეცა პუერტო-რიკოს უნივერსიტეტის ბიუჯეტი; ამ ნაბიჯს მოჰყვა სტუდენტთა ორთვიანი გაფიცვა. პუერტო-რიკოს განათლების დეპარტამენტის უფროსი (აშშ-ს მოქალაქე) ჯულია კელეჰერი ამჟამად აპირებს დახუროს 300 სკოლა, რაც სკოლების მთელი რაოდენობის მესამედს შეადგენს, და ჩარტერული სკოლები დააარსოს. როდესაც ქარიშხალმა „მარიამ“ ელექტროგადამცემი ხაზები დაგლიჯა და კუნძული ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სახელმწიფო სკოლები დაიხურა. 5 მარტს მასწავლებლებმა ნარანხიტოში, სადაც ოდესღაც დე ბურგოსი მასწავლებლად მუშაობდა, დემონსტრაცია მოაწყვეს – სკოლებში სწავლების განახლებას მოითხოვდნენ.
რიო-პედრასში მოსახლეობა ახლა გაცილებით უფრო მცირერიცხოვანია, ვიდრე – დე ბურგოსის სიცოცხლეში. როდესაც კუნძულს ვესტუმრე, პასეო დე დიეგოზე, რომელიც ერთ დროს ხალხმრავალი სავაჭრო ქუჩა გახლდათ, ერთი ადამიანიც კი არ ჭაჭანებდა. რიო-პედრასის გაპარტახება დაიწყო 1996 წლიდან, როდესაც გაზის აფეთქების შედეგად დაინგრა ექვსსართულიანი შენობა ქალაქის ცენტრში, დაიღუპა ოცდაცამეტი, და დაშავდა სამოცდაცხრა ადამიანი. რიო-პედრასის შენობათა კედლებზე ნახავთ გრაფიტის ნიმუშებს, სადაც წარმოდგენილია ამბოხების ვიზუალური ლექსიკა: პუერტო-რიკოელი აბორიგენები, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აქტივისტის, ოსკარ ლოპეს რივერას (რომელიც დიდი ხანია, პატიმრობაში იმყოფება) პორტრეტი, ავტომატები და, აგრეთვე, ღორები, რომლებიც დოლარებს ნთქავენ. ქუჩაზე, ამ ნახატების მახლობლად, წვანან ნარკომანები, დარბიან კატები, ხოლო აყვავებული ბაღების მიღმა მოჩანს ულამაზესი სახლები – მათი დორიული სვეტები უფრო მსხვილია, ვიდრე უნდა იყოს, კლასიკური წესების თანახმად, ხოლო ფანჯრებზე აკრული ცხაურები უამრავი ვარსკვლავითაა დამშვენებული. აშშ-ს ქალაქმშენებლები, ალბათ, სასაცილოდ აიგდებდნენ ორნამენტებით გადატვირთულ შენობებს და იფიქრებდნენ, რა უცნაურია, რომ ამგვარ სახლებში მშრომელთა კლასის წარმომადგენლები ცხოვრობენო.
პასეო დე დიეგოზე ვნახეთ წიგნის მაღაზია, რომლის თაროებზე უამრავი პუერტო-რიკოელი მწერლის წიგნები აწყვია. ამ კოლონიურ მწერალთა სახელებს მხოლოდ მათ სამშობლოში იცნობენ. მათ წიგნებს ვერ ნახავთ მექსიკოს ან მადრიდის წიგნის მაღაზიებში, მაგრამ აშშ-ს მაღაზიებში ნამდვილად იპოვით. რამდენიმე კვარტლის დაშორებით მდებარეობს La Olla Común-ის (ურთიერთდახმარების ცენტრის) ერთ-ერთი ფილიალი. ის დაარსდა ქარიშხალ „მარიას“ მიერ დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობისა და ფედერალური მთავრობის დაუდევრობის გამო ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „მარიას“ შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში სამოცი ადამიანი ყოველდღიურად მოდიოდა ამ ცენტრში, რათა უფასოდ ესაუზმათ. ამის მიზეზი გახლდათ არა მარტო ქარიშხალი, არამედ – ეკონომიკური კატასტროფაც, რომელიც მას წინ უძღოდა.
„ურთიერთდახმარების ცენტრებში მომუშავე ადამიანებმა კუნძულზე შექმნილი მდგომარეობის გამო სამსახური დაკარგეს და უბინაოდაც დარჩნენ , – მითხრა La Olla Común-ის თანამშრომელმა, სკოტ ბარბესმა. – მაგრამ აშშ-ში გადასახლების ნაცვლად, გადაწყვიტეს, სამშობლოში დარჩენილიყვნენ და ბრძოლა გაეგრძელებინათ“. სიტყვა „კოლონიალიზმი“ ახლა კვლავ ხშირად გაისმის. ურთიერთდახმარების ცენტრებში მომუშავე პუერტო-რიკოელები განაგრძობენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, რათა განთავისუფლდნენ იმ დამამცირებელი მდგომარეობისგან, რომელსაც კოლონიური სტატუსი ეწოდება.
ჯერ კიდევ 1930 წელს პუერტო-რიკოს უნივერსიტეტის პატრიოტულად განწყობილი სტუდენტები გაერთიანდნენ პუერტო-რიკოს ეროვნულ პარტიაში, ხულია დე ბურგოსი კი ამავე პარტიის ერთ-ერთი ორგანიზაციის – „თავისუფლების ქალიშვილების“ – გენერალურ მდივნად დაინიშნა. პარტიის თავმჯდომარე იყო პედრო ალბიზუ კამპოსი – შესანიშნავი ადვოკატი, რომელმაც განათლება ჰარვარდში მიიღო. ალბიზუზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა 1916 წელს ირლანდიაში მომხდარმა შეიარაღებულმა აჯანყებამ. ალბიზუ პუერტო-რიკოში დაბრუნდა იმ მიზნით, რომ გაეთავისუფლებინა კუნძული შაქრის მწარმოებელი ამერიკული ტრესტებისა და კოლონიური ბატონობისგან. ნაციონალისტი ალბიზუ მზად იყო თავი გაეწირა სამშობლოსთვის. „მან დაანგრია საპყრობილეები, გაათავისუფლა პატიმრები, დაამსხვრია ბორკილები“, – ასე ახასიათებს დე ბურგოსი ალბიზუს თავის ლექსში. როდესაც ახალგაზრდა ნაციონალისტი რაფაელ სუარეს დიასი დაიღუპა სან-ხუანის კაპიტოლიუმში შეიარაღებული შეტაკების დროს, დე ბურგოსი წერდა: „ეს ზვარაკად შეწირული სიცოცხლე პირველი ნაპერწკალია, რომელიც გააჩაღებს რევოლუციის კოცონს“. თუმცა პოეტი ათეისტი იყო, მაგრამ პოლიტიკის შესახებ წერისას ქრისტიანული სიმბოლოებით აზროვნებდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ხულია დე ბურგოსი სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. ამ სამსახურების ნუსხა პოეტმა წარადგინა გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში, როდესაც მას ბრალად დასდეს კომუნიზმისა და ნაციონალიზმის იდეების პროპაგანდა და დაკითხეს (ხულიას დამ, კონსუელომ, რომელიც ანტიამერიკული საქმიანობის კომიტეტმა გამოიძახა დე ბურგოსის საქმის განხილვაზე დასასწრებად, უარი თქვა, ეღიარებინა კომიტეტის იურისდიქცია), მაგრამ ამ ნუსხაში მითითებული თარიღები არ შეესაბამება სხვა მონაცემებს. როგორც ჩანს, დე ბურგოსი, უბრალოდ, ფორმალურად დაემორჩილა სახელმწიფო ბიუროკრატიის მკაცრ მოთხოვნებს.
მალე მამაჩემმა და მე დავტოვეთ რიო-პედრასი და გავემგზავრეთ ქალაქ პონსეში, სადაც, ამ ნუსხის თანახმად, ხულია მასწავლებლად მუშაობდა უშუალოდ უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ. პონსე სიდიდით მეორე ქალაქია პუერტო-რიკოში.
ზღვა ზოგჯერ მიიწევს ბორცვებისკენ, საფლავებს რომ ჰგვანან.
იქ მწვანე ზეცა ხელებზე მელამუნება.
ლექსიდან „სიყვარული კუნძულზე“
პონსეს მკვიდრნი ამბობენ: „პუერტო-რიკოში არის ერთადერთი ქალაქი – პონსე, დანარჩენი – ავტოსადგომებია“. ამ დიდებული ქალაქის შენობები თითქოს მარია-ანტუანეტას გემოვნებითაა აგებული. 1933 წელს დე ბურგოსი მუშაობდა აქ, პუერტო-რიკოს რეკონსტრუქციის სამმართველოში. სააგენტო დააარსა პრეზიდენტმა რუზველტმა „ახალი კურსის“ ეპოქის დროს, დეპრესიის შედეგად გაღატაკებული მოსახლეობის დასახმარებლად. იმხანად უმუშევრობის დონე 60 პროცენტამდე გაიზარდა. ამიტომ ალბიზუს ხელმძღვანელობით ეწყობოდა გაფიცვები რკინიგზების, ელექტროქსელებისა და ლერწმის პლანტაციების მფლობელი ამერიკული ტრესტების წინააღმდეგ. რუზველტის მთავრობა იმედოვნებდა, რომ მისი მცდელობები მუშებს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ განაწყობდა, მაგრამ ვაშინგტონში ბევრი ფიქრობდა, რომ თვით სააგენტოს თანამშრომლები სოციალიზმს ემხრობოდნენ.
ეს სააგენტო, რომელიც უფრო კეინსიანური ეკონომიკის მომხრე იყო, ვიდრე სოციალიზმისა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე PROMESA-სგან (აშშ-ს მიერ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც ვითომდა ზრუნავს პუერტო-რიკოს უსაფრთხოების, მართვისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის შესახებ). სააგენტოს ძალისხმევით მოხერხდა პუერტო-რიკოს სოფლების მომარაგება ელექტროენერგიით, რომლებშიც ამჟამად წყვდიადი სუფევს; სააგენტო ცდილობდა შეესუსტებინა კოლონიური ინტერესების გავლენა ეკონომიკაზე და შეეზღუდა აშშ-ს კონტროლი შაქრის მრეწველობაზე, მაშინ, როდესაც PROMESA-მ სახელმწიფო აქტივები საზღვარგარეთულ კერძო კომპანიებს მიჰყიდა; სააგენტომ დაასაქმა სამოცი ათასი ადამიანი, მაშინ, როდესაც PROMESA გეგმავს სახელმწიფო მოსამსახურეთა უმრავლესობის დათხოვნას; სააგენტო ზრუნავდა სახელმწიფოს ფულადი ფონდების ზრდაზე, ხოლო PROMESA ძარცვავს ქვეყანას.
პონსე ახლა თითქმის უკაცრიელია, რაც გამოიწვია არა მარტო ქარიშხალმა, არამედ – განამადგურებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამაც. მისი მშვენიერებით აღარავინ ტკბება – ისევე, როგორც კარიბის ვენეციით, სანამ მასში ჩარტერული ტურიზმი დაიწყებოდა. როდესაც ქალაქს ვათვალიერებდი, ორმა მოხუცმა შემაჩერა და მკითხა, აქ მშენებლობის დაწყებას ხომ არ აპირებთო – იფიქრეს, რომ ამერიკელი საქმოსანი ვიყავი. პირველმა მათგანმა – ვიეტნამის ომის ვეტერანმა – სარკასტულად შენიშნა, ამერიკა უფლებას მაძლევს, მისთვის თავი გავწირო, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მართმევსო. მეორე მოხუცი ფილიბერტო ოხედა რიოსის ძმისშვილი იყო.
ოხედა გახლდათ შეიარაღებული ჯგუფის, „ლოს მაჩეტეროს“ მთავარსარდალი, რომელიც 1967 წელს პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და ამ ბრძოლის დროს არ თაკილობდა ბანკების ძარცვას და აშშ-ს ჯარებზე თავდასხმას. 2005 წელს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამხედრო შენაერთმა ალყა შემოარტყა ოხედას სახლს ორმიგეროსში და კარში ყუმბარები შეაგდო. პუერტო-რიკოს სამოქალაქო უფლებათა დაცვის კომისიამ გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ოხედას ცოლი ამტკიცებდა, რომ სროლა გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დაიწყეს. მათ ოხედას სახლი ტყვიებით დაცხრილეს. ალყაშემორტყმულ სახლში მყოფი სამოცდაათი წლის ოხედა დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა.
ოხედას ძმისშვილმა მამაჩემს უამბო, რომ ოცდაათი წლის წინ, ივლისის ერთ დილას, პოლიციის აგენტმა წააქეზა ორი ახალგაზრდა ნაციონალისტი, მთის მწვერვალზე ასულიყვნენ და ცეცხლი წაეკიდებინათ კავშირგაბმულობის კოშკურებისთვის. იქ პოლიციელთა რაზმი იყო ჩასაფრებული. მთის მწვერვალზე პოლიციელებმა ახალგაზრდები დააჩოქეს და დახვრიტეს. ერთ-ერთი მათგანი თვალსაჩინო პუერტო-რიკოელი მწერლის, პედრო ხუან სოტოს ვაჟი იყო. „ლოს მაჩეტეროს“ წევრები ამ მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო გამეტებით ებრძოდნენ მტრებს.
სკოლებში ყოველ პუერტო-რიკოელ ბავშვს ასწავლიან ხულია დე ბურგოსის ლექსებს, მაგრამ მათ არაფერს უყვებიან პოეტის ნაციონალისტური განწყობილებების და, საერთოდ, პუერტო-რიკოელ პატრიოტთა შესახებ: „ბავშვებს არ ეუბნებიან, – მითხრა ოხედას ძმისშვილმა, – რომ საჭიროა ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. ახლა, ქარიშხალ „მარიას“ შემდეგ, ეს ბრძოლა არ უნდა შეწყდეს“:
რიო გრანდე დე ლოიზა! ლურჯი! ყავისფერი! წითელი!
ლურჯი სარკე, ლურჯი ცის ნატეხი,
თეთრი შიშველი სხეული, რომელსაც მუქი ფერი ედება
ყოველთვის, როდესაც ღამე შემოდის შენს საწოლში;
პონსეში გატარებული წლების შემდეგ ხულია დე ბურგოსი მასწავლებლად მუშაობდა პუერტო-რიკოს პატარა ქალაქებში: სალინასში – ოკეანის სანაპიროზე, კომერიოსა და ნარანხიტოში – ამავე სახელწოდების მქონე მთის ძირას. აშშ-ს განათლების სამინისტროს ბრძანებით, პუერტო-რიკოელ ბავშვებს დღეში მხოლოდ სამი საათი უნდა ესწავლათ; დანარჩენი დროის განმავლობაში კი უნდა ემუშავათ: ბიჭებს – შაქრის ლერწმის პლანტაციებში, გოგონებს – სამკერვალო ფაბრიკებში. დე ბურგოსმა ამგვარად აღწერა მოსწავლეებთან მოქცევის საკუთარი პრინციპები:
„მოსწავლეებს ალერსიანად უნდა ელაპარაკოთ და არავინ დაამციროთ, რადგან ყმაწვილები ძალზე თავმოყვარეები არიან. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ხაზი გაუსვას ბავშვის დადებით თვისებებს და წაახალისოს ის, ვიდრე მიუთითოს მათი ნაკლოვანებები და შეცდომები“.
„მარიას“ შემდეგ გავიცანი ხელოვანები, რომლებიც ეხმარებოდნენ მთიან რაიონების მცხოვრებთ: ცირკის მსახიობი ლიზაიმი რივერა ყოველ ხუთშაბათს გზავნიდა სურსათს კომერიოში; მოსახლეობას მატერიალურ დახმარებას უწევდნენ, ასევე, სემი როსადო-სეიხო, რომელიც 2002 წლიდან ნარანხიტოს მთის მახლობლად ცხოვრობს, და მისი კოლეგა რებეკა, პანკ-მუსიკოსი და სტუდენტთა საპროტესტო მიტინგების ყოფილი მონაწილე.
ნარანხიტოს მთის კალთებზე მრავლადაა შეფენილი პატარა სახლები. აქაურ მცხოვრებთ ქარიშხალ „ირმამდეც“ არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია. მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ემზადებოდა ქარიშხლისათვის, მაგრამ ისინი არ მოელოდნენ, რომ სამი კვირის განმავლობაში ვერ გამოაღწევდნენ სოფლებიდან ქარიშხლის მიერ წაქცეული ხეების, კლდეების ნანგრევების და იმდენად ღრმა ტალახის გამო, რომ მასში ცხენებიც კი ეფლობოდნენ და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. დროთა განმავლობაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაჩეხეს ხეები, გაწმინდეს გზები და შეძლეს ქალაქში ჩასვლა. ქარიშხლის შემდეგ, პირველ დღეებში, როსადო-სეიხო ამარაგებდა მოსახლეობას ბრეზენტითა და ელექტროგენერატორებით, რომელთაც გზავნიდნენ აშშ-ში მცხოვრები პუერტო-რიკოელები. იანვარში ის უკვე ზრუნავდა არა მხოლოდ მოსახლეობის გადარჩენაზე, არამედ – აღდგენითი სამუშაოების განხორციელებაზეც. შესაძლებელი იყო მზის ენერგიის გამოყენება და წყლის მიწოდება სოფლებისათვის.
ელექტროკომპანიები უკვე ტოვებენ პუერტო-რიკოს და, როგორც ჩანს, ბევრი მთიანი რაიონი თუ სამუდამოდ არა, დიდი ხნით მაინც დარჩება ელექტროენერგიის გარეშე. FEMA არ ცდილობს აანაზღაუროს რაიონისთვის ქარიშხლით მიყენებული ზარალი და ადამიანები იძულებულნი არიან, დატოვონ თავიანთი დანგრეული სახლები. ასეთი რამ დაემართა, მაგალითად, როზა ლუზს – ექთანს, რომელიც ორმოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ნარანხიტოს ერთ-ერთ სოფელში – „მარიამ“ როზას სახლს სახურავი მოაძრო. როზას ძმამ სახლზე ბრეზენტი გადაჭიმა, მაგრამ მასში წვიმა და ნესტი აღწევს. ახლა როზას სახლი ცარიელია, თუ არ ჩავთვლით წყლის კასრებს და ჩვილი იესოს გამოსახულებას.
სახლი კარგ მდგომარეობაშიაო, თქვეს თავდაპირველად FEMA-ს წარმომადგენლებმა, შემდეგ კი თვით როზა დაადანაშაულეს სახლის დაზიანებაში. მათი მოთხოვნით, ქალს წერილობით უნდა დაედასტურებინა, რომ არ ცრუობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დააპატიმრებდნენ. ბიუროკრატიული პროცედურები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. მთელი ეს პერიოდი როზამ ტირილში გაატარა. ბოლოს, როდესაც FEMA-მ წერილობით აცნობა, რომ სახლის შეკეთებას არ აპირებდა, როზამ ეს წერილი დახია. ყველაფერი ღვთის ნებაა და მას უდრტვინველად უნდა დავემორჩილოთო, მითხრა ქალმა რამდენიმე თვის შემდეგ. ახლა წვიმა აკაკუნებს ლურჯ ბრეზენტზე, რომელიც იზნიქება, მაგრამ მაინც უძლებს სტიქიას.
…პუერტო-რიკო – ეს სახელწოდება
ტუჩებზე მეწებება. ვქვითინებ…
ჩრდილოეთის ვარსკვლავები დასცინიან ჩემი სამშობლოს სახელწოდებას და
აბუჩად იგდებენ მის დროშას. მათ წაგვართვეს სამშობლო!
1934 წელს, როდესაც ხულია დე ბურგოსი ნარანხიტოში ცხოვრობდა, მან პირველი ლექსი გამოაქვეყნა და აქვე გაჰყვა ცოლად პირველ ქმარს, ნაციონალისტ ჟურნალისტს, რუბენ როდრიგეს ბოშანს. იმავე წელს ექიმებმა ხულიას დედას ფეხი მოკვეთეს, რათა კიბო მთელ ორგანიზმს არ მოსდებოდა. ოპერაციისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა რომ მოეგროვებინა, ხულიამ კუნძული მოიარა და მრავალ ქალაქში გამართა თავისი პოეზიის საღამოები.
1936 წელს, როდესაც ესპანეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, დე ბურგოსი და მისი ქმარი ძველ სან-ხუანში გადასახლდნენ. კუნძულზე დაიწყო კიდევ ერთი ომი აშშ-ს მთავრობასა და პუერტო-რიკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ პარტიას შორის. 1935 წელს პოლიციამ მოკლა ამ პარტიის ოთხი წევრი რიო-პედრასში. მომდევნო წელს, ამ მკვლელობების საპასუხოდ, ორმა ნაციონალისტმა – ჰირამ როსადომ და ელიას ბოშანმა – მოკლა ადგილობრივი პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ე. ფრენსის რიგსი. პოლიციელებმა ბოშანი და მის ამხანაგი პოლიციის სამმართველოშივე დახოცეს. ბოშანი ხულია დე ბურგოსის ქმრის ბიძაშვილი იყო.
თვენახევრის შემდეგ ფედერალურმა სასამართლომ რვა ნაციონალისტი (მათ შორის -პედრო ალბიზუ კამპოსი) მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. დე ბურგოსი დაპატიმრებულთა განთავისუფლების კომიტეტის წევრი გახლდათ. მსჯავრდებულთა შორის იყვნენ სახელგანთქმული პოეტები – კლემენტე სოტო ველესი და ხუან ანტონიო კორეტიერი. ეს უკანასკნელი დე ბურგოსთან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მეგობრობდა. ყველა მსჯავრდებული დამნაშავეებად ცნეს და მიუსაჯეს პატიმრობა ერთიდან შვიდ წლამდე ვადით.
1937 წელს, ბზობის დღესასწაულზე, ნაციონალისტებმა ჩაატარეს დემონსტრაცია პონსეში, რათა აღენიშნათ პუერტო-რიკოში მონობის გაუქმების მორიგი წლისთავი. ბოლო წუთს დემონსტრაციის ნებართვა გაუქმებულ იქნა, მაგრამ მცირერიცხოვანმა ჯგუფმა მაინც ჩაიარა ქალაქის ქუჩებში: გოგონებს ყვავილები ეჭირათ, ნაციონალისტ კურსანტებს ეცვათ სამხედრო ფორმა – შავი პერანგები და შარვლები. პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა. დემონსტრანტებს თხუთმეტი წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ ესროდნენ, შემდეგ კი პოლიციამ გაქცეულებზე ნადირობა დაიწყო. დაიღუპა ოცი ადამიანი, დაიჭრა ასზე მეტი. უცნობია, ვინ გასცა ბრძანება სროლის შესახებ, პონსეს მერმა თუ აშშ-ს მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა – ბლენტონ უინშიპმა.
იმავე წელს ხულია დე ბურგოსი დასცილდა ბოშანს. კათოლიკურ ქვეყანაში ეს ნაბიჯი უზნეობად მიიჩნიეს, რაშიც დე ბურგოსს სიკვდილის შემდეგაც ადანაშაულებდნენ.
ო, როგორ მსურს, მამაკაცი ვიყო. ავძვრე კედლებზე,
შევაღწიო მონასტრებში, დონ ჟუანის მსგავსად მოვიქცე;
მოვიტაცო კარმენი და ჟოზეფინა
და გავანადგურო ხულია დე ბურგოსი.
ლექსიდან „ფერადოვნება“
როდესაც სან-ხუანს „მარიას“ შემდეგ ოთხი თვის თავზე ვეწვიე, ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდებოდა ცხოვრებას. ტურისტები უკვე გამოჩნდნენ პუერტო-რიკოს ამ უძველეს კულტურულ ცენტრში, სვამდნენ მოხიტოს და ფოტოსურათებს უღებდნენ პუერტო-რიკოს ტურისტული კომპანიის ოფისს – ის განლაგებული იყო ძველ საპყრობილეში, სადაც ოდესღაც ნაციონალისტებს ამწყვდევდნენ.
სან-ხუანში ცხოვრების დროს ხულია დე ბურგოსი აქვეყნებდა საგაზეთო სტატიებს, აქვე დაწერა რადიოპიესა „ჰაერის სკოლა“, რომლის დადგმაც განათლების დეპარტამენტმა დააფინანსა. მისი პოეზიის მთარგმნელი ჯეკ აგუეროსი ამტკიცებს, რომ დე ბურგოსი სამსახურიდან დაითხოვეს მისი ნაციონალისტური შეხედულებების გამო. ამასთან, იმ დროისთვის დე ბურგოსი უკვე ლეგენდად იქცა. პოეტ ლუის ლორენს ტორესის დახმარებით მან უამრავი ლექსი გამოაქვეყნა.
წარმოვიდგინე დე ბურგოსი 1937 წელს, როდესაც მან ათენეუმის კარი შეაღო; დავლანდე მისი შავი თმა თეთრი კედლებისა და გეომეტრიული ფორმის ფილების ფონზე, რომლებმაც ალმოჰადების ესპანური დინასტია მომაგონა.
ხულია დე ბურგოსი ვერ ეგუებოდა პუერტო-რიკოელი ლიტერატორი ქალების უმრავლესობას – ეგრეთ წოდებულ ელიტას, რომელსაც აღიზიანებდა „ჯიბარას“ (სოფლელი გოგონას) უჩვეულო გენია. ისეთი ცნობილი ქალბატონების შესახებ, როგორებიც იყვნენ ნილიტა ვიენტოს გასტონი (ათენეუმის პირველი პრეზიდენტი ქალი) და იზაბელ კუჩი კოლი (მოგვიანებით პუერტო-რიკოელ მწერალთა საზოგადოების პრეზიდენტი) ხულია ამბობდა, „გაუგებარი მიზეზების გამო გადამემტერნენო“; ისინი ჭორაობდნენ პოეტი ქალის შესახებ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ყალბ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ დე ბურგოსის ნიჭის მიმართ.
იმ წელს, როდესაც დე ბურგოსი ქმარს გასცილდა, მან თავისი პირველი პოეტური კრებული გამოსცა, მეორე კრებული კი 1938 წელს გამოაქვეყნა. ხულიამ იმოგზაურა მთელ კუნძულზე, რათა გაეყიდა თავისი წიგნის ეგზემპლარები. მიუხედავად მტრების მცდელობებისა, მას პრემიებიც მიანიჭეს. ხულიამ გააცნო თავისი შემოქმედება პოეტ ლუის პალეს მატოს ირგვლივ შეკრებილ პოეტებს. მას განსაკუთრებით უყვარდა პაბლო ნერუდას და ხუან ბოშის (რომელიც მოგვიანებით დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო, სანამ მის ხელისუფლებას აშშ-ს მიერ ინიცირებული გადატრიალება დაამხობდა) პოეზია და, როგორც ჩანს, ამ პოეტთა გარკვეულ გავლენასაც განიცდიდა. დე ბურგოსი ახალგაზრდა იყო, თავისუფალი, ლამაზი და ნიჭიერი. თვით ათენეუმშიც კი გაიმართა საზეიმო საღამო მის პატივსაცემად.
ამ წრის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლდათ სოციალისტი და არისტოკრატი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, პედაგოგი და ექიმი, სან-ხუანელი ქალიშვილების გულთამპყრობელი, დომინიკელი რევოლუციონერი ხუან ისიდრო ხიმენეს გრულონი. ხულია და გრულონი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 1938 წელს, სან-ხუანში, გრულონის ერთ-ერთ ლექციაზე.
პირველი შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ, სასტუმრო „რომში“, ხულიამ თავისი ლექსები წაუკითხა გრულონს, რომელზეც ამ ნაწარმოებებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა.
გრულონი დე ბურგოსზე ათი წლით უფროსი იყო. დომინიკის პრეზიდენტის შვილიშვილი გახლდათ. სორბონის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა ევროპაში, სადაც ბენედეტო კროჩეს და ანრი ბერგსონს დაუახლოვდა. 1934 წელს მონაწილეობდა დომინიკის დიქტატორის, რაფაელს ტრუხილიოს დამხობის უიღბლო მცდელობაში, შემდეგ კი ერთი წელი გაატარა საპყრობილეში და ხედავდა, როგორ იხოცებოდნენ პატიმრები წამებისა და დაავადებებისგან. გრულონი დომინიკის რესპუბლიკიდან 1935 წელს გააძევეს. გრულონი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო დომინიკის რევოლუციური პარტიისა, რომელსაც 1939 წელს მისი მეგობარი ხუან ბოში ჩაუდგა სათავეში.
გრულონი მიმზიდველი გარეგნობის მქონე, დახვეწილი მამაკაცი გახლდათ. მოგვიანებით ის წუხდა, რომ დე ბურგოსთან ურთიერთობამ დააზარალა მისი სოციალური და პროფესიონალური სტატუსი. გრულონის მშობლები იმთავითვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი დე ბურგოსის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ „ხულია დიდი პოეტი იყო, მაგრამ არაფრად აგდებდა ოჯახს, როგორც ტრადიციულ ფასეულობას… და ალკოჰოლსაც ზედმეტად ეტანებოდა“. ასე ამბობდა გრულონი ერთ-ერთ ინტერვიუში დე ბურგოსის შესახებ, მოგვიანებით კი პრესაში წერდა, რომ ხულია „გულუბრყვილო, ძალზე ნიჭიერი“ და, ამასთანავე, უზომოდ სექსუალური ქალი იყო. მისი თქმით, დე ბურგოსი მათ პატარა ბინაში ყოველ ღამე დილამდე წერდა ხოლმე სატრფოსადმი მიძღვნილ ლექსებს. გრულონმა ხულიას სიკვდილის შემდეგ კიდევ ოცდაათი წელი იცოცხლა, მაგრამ არასოდეს დავიწყნია ის სამი წელი, რომელიც მათ ერთად გაატარეს.
მინდა, ღმერთივით ყოვლისშემძლე ვიყო,
რათა თავიდან შევქმნა სამყარო.
ლექსიდან „დაგვიანებით, წყენის გარეშე“
1940 წლის იანვარში ხულია დე ბურგოსმა დატოვა პუერტო-რიკო და გრულონთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა. ამერიკაში ის განაცვიფრა ხალხის ბრბოებმა, რომლებიც შუქნიშნების რიტმში მოძრაობდნენ და არ მოეწონა ყაზარმების მსგავსი შენობები. ესპანურენოვან პრესაში იბეჭდებოდა სტატიები ხულიას შესახებ. მის პატივსაცემად იმართებოდა საზეიმო საღამოები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველივე ეს შემოსავალს არ უზრუნველყოფდა. 25-დოლარიანი ანაზღაურების საფასურად ხულია ბინებში დადიოდა და აგროვებდა ინფორმაციას აშშ-ს მოსახლეობის მორიგი აღწერისათვის. როდესაც გრულონი კუბაზე გაემგზავრა, ხულია სიხარულით გაჰყვა მას.
კონსუელოსადმი ხულიას მიერ გაგზავნილ წერილებში წარმოგვიდგება მრავალსახოვანი პოეტი ქალი, რომელიც: ა) უზომოდ ბედნიერი და უზომოდ შეყვარებული იყო; ბ) ზრუნავდა საკუთარ ოჯახზე, რომელსაც ფულით ეხმარებოდა; გ) თანაუგრძნობდა სოციალიზმის იდეებს, პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობას და თავისი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისათვის. მაგრამ არსებობდა სხვა ხულიაც, რომელსაც უფრო იშვიათად ახსენებენ, შესაძლოა, იმის გამო, რომ, კარიერიზმს ცოდვად უთვლიან ქალებსა და ხელოვანებს. 1940 წელს ხულია – ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ქცევით, გამომცემლობებისგან მოითხოვდა თავისი წიგნების ეგზემპლარებს, საჯაროდ საუბრობდა თავისი შემოქმედებითი გეგმების შესახებ, იხვეჭდა პრემიებს, ტკბებოდა ყოველი ქათინაურით, რომელთაც მას უძღვნიდნენ ცნობილი ლიტერატორები. ხულიას თქმით, აუცილებელი იყო, რომ მას წელიწადში ერთი წიგნი გამოექვეყნებინა.
დე ბურგოსმა და გრულონმა ორი წელი გაატარეს ჰავანასა და სოფლებში, სადაც გრულონი მედიკამენტებით ვაჭრობდა. ისინი უმკლავდებოდნენ ტრუხილისტების ინტრიგებსა და მატერიალურ სიღარიბეს. გრულონი თავის მეოთხე წიგნზე მუშაობდა, ხულია კი ჰავანის უნივერსიტეტში სწავლობდა და იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში სამეცნიერო ხარისხს მოიპოვებდა. ის ეუფლებოდა ფრანგულ, ლათინურ და ბერძნულ ენებს. წერდა. გრულონის პროფესიული შურისა და რომანტიკული ეჭვიანობის მიუხედავად, მონაწილეობდა ბოჰემურ ლიტერატურულ ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, მაგრამ საფრთხე ყოველთვის მემუქრებაო, წერდა დე ბურგოსი კონსუელოს, და „საფრთხეში“ გრულონის ოჯახს გულისხმობდა. გრულონის დედა ცილისმწამებლურ წერილებს უგზავნიდა ნიუ-იორკის დომინიკელთა საზოგადოებას და ლანძღავდა თავის შვილს „შეუფერებელ, საშინელ ქალთან“ კავშირის გამო.
1942 წლის 8 ივნისს ხულიამ მიატოვა გრულონი. ოთხი თვით ადრე დე ბურგოსის საყვარელმა მწერალმა, შტეფან ცვაიგმა, ბრაზილიაში თავი მოიკლა. ხულიაც სასოწარკვეთილებას განიცდიდა. სანამ გრულონის მშობლები ცოცხალნი იყვნენ, გრულონი ხულიაზე ვერ დაქორწინდებოდა. „იმისთვის, რომ გადაარჩინოთ რაღაც მშვენიერი, უნდა გაანადგუროთ ის, რათა… არ წავბილწოთ ჩვენი უბადრუკი ხელებით“, წერდა ხულია. მან მიატოვა სატრფო, მაგრამ გადაწყვიტა, ჰავანაში დარჩენილიყო. სამი კვირის შემდეგ გრულონმა ხულიას გადასცა თვითმფრინავის ბილეთი, რომლითაც მაიამიში გაფრინდებოდა. ხულია იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი წიგნები, რასაც შემდგომ ხშირად ნანობდა. გრულონის თქმით, როგორც კი დე ბურგოსი მაიამიში ჩავიდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მას პასპორტი ჩამოართვეს.
თქვენ ისეთივე ეგოისტი ხართ, როგორც ყველა; მაგრამ მე ასეთი არა ვარ.
მზად ვარ გავწირო ყველაფერი, რაც კი ჩემთვის ძვირფასია.
თქვენ ჩვეულებრივი ქალი ხართ,
მე კი თვით სიცოცხლე, ძალა, ნამდვილი ქალი გახლავართ.
ლექსიდან „ხულია დე ბურგოსს“
ხულიას შეეძლო დაბრუნებულიყო პუერტო-რიკოში, მაგრამ ის ამერიკაში დარჩა. პუერტო-რიკოში არც ერთი მეგობარი აღარ ჰყავდა – მთავრობამ ყველანი გააძევა. შესაძლოა, პოეტს არ სურდა, ათენეუმის ლიტერატორ ქალებს კმაყოფილება ეგრძნოთ მისი უიღბლობის გამო. ის დაბრუნდა ნიუ-იორკში, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი სახსრები, რომ სწავლა გაეგრძელებინა. სულით არ დაცემულა – კითხულობდა თავის ლექსებს ნიუ-იორკში მცხოვრებ პუერტო-რიკოელთა შეკრებებზე და წერდა სტატიებს Pueblos Hispanos-ისთვის. ეს იყო ყოველკვირეული გაზეთი, რომელსაც ნიუ-იორკში გამოსცემდა ხულიას ძველი მეგობარი, კორეტიერი. როდესაც გრულონი ნიუ-იორკში დაბრუნდა და მოინდომა ხულია დაებრუნებინა, ქალს უკვე ახალი სატრფო ჰყავდა – მუსიკოსი, სახელად არმანდო მარინი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დოსიე, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ხულია დე ბურგოსისი შესახებ, 1944 წლით იწყება. ქალის ერთ-ერთ „თავისებურებად“ ამ დოსიეში მიჩნეულია მიდრეკილება ალკოჰოლისადმი. 1945 წელს ხულია მუშაობდა ამერიკის შინაგან საქმეთა სამმართველოში და ღარიბულად ცხოვრობდა კოლუმბიის ოლქში თავის იმდროინდელ ქმართან, მარინთან ერთად. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაკითხა დე ბურგოსი, რომელიც შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და შავ სიაში შეიტანეს.
ხულია ნიუ-იორკში დაბრუნდა და კონსუელოს დაჰპირდა, რომ „პოეტურ მოღვაწეობას გააგრძელებდა“, მაგრამ პერეს როსარიოს თქმით, Pueblos Hispanos-ის დახურვის შემდეგ ქალს თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცალა. 1945 წლის შემდეგ დე ბურგოსი თითქმის აღარ ჩნდება საზოგადოებაში. გაზეთებში, სადაც პოეტს უწინ ხოტბას ასხამდნენ, ახლა იბეჭდებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშები მის შესახებ.
რამ გამოიწვია დე ბურგოსის სულიერი დაცემა? იმან, რომ პატივმოყვარეობით ნაკარნახევი მიზნები ვერ აიხდინა? გამოძიების ფედერალური ბიუროს ზედამხედველობამ? სიღარიბემ? ბინძურმა ჭორებმა? რასიზმმა და სექსიზმმა, რომლებიც აუცილებლად იჩენს ხოლმე თავს ნიუ-იორკელთა დამოკიდებულებაში ნებისმიერი სამხრეთ- და ცენტრალურამერიკელი ქალის მიმართ? ნიუ-იორკში დე ბურგოსი მისთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდა: მუშაობდა გამყიდველად, ასევე – მკერავად ფაბრიკაში, საიდანაც წამოვიდა ფაშისტურად განწყობილ თანამშრომლებთან წაკინკლავების შემდეგ; თავი მიანება გაზეთში მუშაობას, რადგან რედაქტორი რეაქციონერი იყო. მისი ქორწინება კრახით დასრულდა. ხულიამ სმა დაიწყო, საყვარლებს ზედიზედ იცვლიდა. ასეთი ბოჰემური ცხოვრება, შეიძლება, მისაღები ყოფილიყო ჰემინგუეისთვის, მაგრამ პუერტო-რიკოელი ქალისთვის სრულიად შეუფერებელი გახლდათ.
1948 წელს ციროზით დაავადებული დე ბურგოსი პირველად დაწვა საავადმყოფოში, ცნობილია, რომ როდესაც საავადმყოფოში ანკეტა შეავსებინეს, პუნქტში პროფესიის შესახებ მან „მწერალი“ ჩაწერა. საავადმყოფოს პერსონალმა გადახაზა ეს ჩანაწერი და მიაწერა: „ბოდავს“. საავადმყოფოებში პოეტს თავის ქალას უზომავდნენ, მასზე ცდებს ატარებდნენ, უკეთებდნენ ჰორმონებს, ჩასვეს ინვალიდის სავარძელში, აჩვენებდნენ სტუდენტ მედიკოსებს. ექთნებს აკვირვებდათ დე ბურგოსის ხვეული თმა.
ხულია კვლავ წერდა. როდესაც პუერტო-რიკოში დაბრუნება შესთავაზეს, მან უარი განაცხადა.
1953 წელს ხულია დე ბურგოსი საავადმყოფოდან გამოწერეს. ექვსი კვირის შემდეგ ის ცენტრალური პარკის მახლობლად, ჰარლემის ერთ-ერთ ქუჩაზე, დაეცა და გარდაიცვალა. ოცდაცხრამეტი წლისა იყო. თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მისი იდენტიფიცირება ვერავინ შეძლო. ამიტომ ქალი კუნძულ ჰანტზე დაკრძალეს. ერთი თვის განმავლონაში გაგრძელებულ მცდელობათა შემდეგ მეგობრებმა იპოვეს მისი საფლავი და პოეტი მშობლიურ კაროლინაში გადაასვენეს.
პუერტო-რიკოში ჩემი ვიზიტის დროს ვერ შევძელი მენახა ამ ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმული პოეტი ქალის ძეგლი. ის ქარიშხალ „მარიას“ დაეზიანებინა.
როდესაც ვმოგზაურობდი იმ ადგილებში, სადაც დე ბურგოსი ცხოვრობდა, იქაურებს ვეკითხებოდი, გაგონილი ჰქონდათ თუ არა მის შესახებ. ბევრი მათგანის აზრით, ხულია დე ბურგოსი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახლდათ. სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, სტეფან ნიევეს რიომ მითხრა, რომ შიშისა და გაუბედაობის წუთებში პუერტო-რიკოელები იხსენებენ ხულია დე ბურგოსს და რწმუნდებიან, რომ ისიც მათნაირად იტანჯებოდა და იბრძოდა. „მისი ლექსების ძალმოსილება, – განაგრძო ნიევეს რიომ, – ჯერ კიდევ დიდია. როდესაც მათ ხმამაღლა კითხულობ, გეჩვენება, რომ მთელი სამყარო ჩუმდება და გისმენს“.
„მახსოვს, ბავშვობისას დედაჩემი მიკითხავდა მის ლექსებს, – მითხრა ნიუ-იორკის უძველესი სამხრეთამერიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეთ იემპიერმა და დასძინა:
„დედაჩემის ერთადერთი ქალიშვილი ვარ. უნდოდა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და კარგად მესწავლა. დედაჩემი ბინებს ალაგებდა, ტაქსის მძღოლად და მატარებლის მემანქანედ მუშაობდა. გრძელი კომბინეზონი ეცვა ხოლმე და გრძელი თმა ჰქონდა. ხულია დე ბურგოსის ლექსები ზეპირად იცოდა (იემპიერმა წარმოთქვა რამდენიმე სტრიქონი ლექსიდან „ხულია დე ბურგოსს“).
პუერტო-რიკოს ზოგიერთი მკვიდრის აზრით, დე ბურგოსის ცხოვრება ნიუ-იორკში შეიძლება ედემიდან განდევნად მივიჩნიოთ, მაგრამ პუერტო-რიკოს ნაციონალიზმის კერა სწორედ ნიუ-იორკი გახლდათ და ამ ქვეყნის დროშაც აქ შეიქმნა. პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობის მოძრაობის სულისჩამდგმელმა რამონ ემეტერიო ბეტანსესმა აქ ჩამოაყალიბა პუერტო-რიკოს რევოლუციური კომიტეტი, ხოლო ლუის მუნიოს მარინი – ( პუერტო-რიკოს პირველი ეროვნული გუბერნატორი და ნაციონალისტთა დაუძინებელი მტერი) აქვე, გრინვიჩ-ვილიჯში, წლების განმავლობაში სწავლობდა, სვამდა და პოეზიით ტკბებოდა. საზოგადოდ, სამხრეთამერიკელ ინტელექტუალთათვის საზღვარგარეთ ცხოვრება აუტანელია. მაგრამ თუკი მამაკაცს მაინც შეუძლია დატოვოს სამშობლო, ქალი თვით სამშობლოა და მისი საზღვარგარეთ გადასახლება მხოლოდ იძულებით თუა შესაძლებელი.
მამაჩემმა მითხრა, რომ ამერიკელების აზრით, მუნიოს მარინი ძალზე მსხვილი ფიგურა იყო და მისი მასშტაბი არ შეეფერებოდა პაწაწინა კუნძულს. ამ შეხედულებაში, რა თქმა უნდა, კოლონისტების ქედმაღლობა ვლინდება, მაგრამ ეს დახასიათება უფრო მეტად შეესაბამება ხულია დე ბურგოსს, ვიდრე – მუნიოს მარინს. ხულია დე ბურგოსის ემიგრაციის მიზეზი მისი უდიდესი ტალანტი, შთაგონება და ოცნებები იყო. ტრაგედია იმაში მდგომარეობდა, რომ ნიუ-იორკი მისთვის ძალზე პატარა აღმოჩნდა. 1940-იანი წლების დასაწყისის ამერიკა მზად არ იყო, მიეღო სამხრეთამერიკელი პოეტი ქალი, რომელსაც მუქი კანი, ხვეული თმა, პროლეტარული წარმომავლობა, რთული პირადი ცხოვრება, მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებები, შეუდრეკელი ხასიათი და განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა. დე ბურგოსის დაღუპვა ემიგრაციამ კი არ გამოიწვია, არამედ იმან, რომ სამყარო ძალზე ვიწრო იყო, რათა მის სამშობლოდ ქცეულიყო.
კუნძულზე, პინონესში, მე და მამაჩემი შევჩერდით სანაპიროზე, იმ ქოხის გვერდით, სადაც, ისევე, როგორც მრავალი წლის წინ, ნამცხვრები იყიდებოდა. წარმოვიდგინე, როგორ ადიოდა ოცდახუთი წლის ხულია ნიუ-იორკისკენ მიმავალ ხომალდზე – ჩანთაში უამრავი წიგნი ეწყო, ფანტაზია კი ლიტერატურული ტრიუმფის სურათებს უხატავდა. ასევე გაემგზავრა ასობით ათასი პუერტო-რიკოელი „მარიას“ შემდეგ ამერიკაში. ხულია არ დაბრუნებულა. დაბრუნდებიან თუ არა ისინი?
© The New York Review of Books, 28 აპრილი, 2018
© არილი