ამას წინათ ჩემ ბიბლიოთეკაში შემხვდა ტარიელ ჭანტურიას კრებული „მტვრიანი სხივი“ (1976); წიგნის გადათვალიერებისას გამახსენდა: რუსთაველისა და სხვა პრემიების ლაურეატმა ერთხელ დაიჩივლა, რომ მისი პოეზია სათანადოდ არ არის გაშუქებული ლიტერატურის მკვლევარების მიერ… და ჩავფიქრდი: საიდან – ასეთი უკმარობის განცდა?..
სავარაუდოდ, ეს განცდა წარმოშვა წარსულში ტარიელ ჭანტურიას პოეზიის შეფასების სწორხაზოვნობამ: ყველაფერი ტრიალებდა ზედაპირზე, დამკვიდრებული „კლიშეს“ გარშემო და ამ კლიშეს ერქვა „ირონიულ-პაროდიული პოეზია“. აღარ მახსოვს, პირველად ვინ განალაგა ასე ჭანტურიას ლექსი პოეზიის „კლასიფიკაციის“ სქემაში, ან როგორ დასაბუთდა ამგვარი ტიპიზაცია. შესაძლოა, ამას გარკვეული ქვეტექსტიც ჰქონდა: ტარიელ ჭანტურია თავისი – იმ დროისათვის სრულიად უცნაური, უეჭველად არა სოცრეალისტური – ლექსებით 60-70-იან წლებში გამოდის ფართო ასპარეზზე. ეს უკვე სტალინის პერიოდი არ არის, მაგრამ ცენზურა მაინც მკაცრია და შესაძლებელია, ზემოთ ნახსენები კლიშე პოეტის, მისი პოეზიის დასაცავადაც გამოიგონეს ლიტერატურის კრიტიკოსებმა: ირონიულ-პაროდიულია, იუმორისტულია, ხუმრობაა, გაუშვი – წეროს, გვახალისოს, სერიოზული იდეოლოგიური განხილვის ღირსი არ არის… არადა, ჭანტურიას პოეზია სწორედ და უპირველესად იდეოლოგიური განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო, ამასთან – ორივე, არსებითად ურთიერთდაკავშირებული, მიმართულებით: ესთეტიკურ- და პოლიტიკურ-იდეოლოგიური. ამ წერილში მე ცოტათი დავარღვევ ბალანსს – პირველ „მიმართულებაზე“ გავამახვილებ მეტ ყურადღებას და შევეცდები, ცოტათი „გავშიფრო“ – რას ნიშნავს და როგორ იქმნება ეს „ირონიულ-პაროდიულობა“ და მივანიშნო – რა ადგილს იკავებს ლიტერატურულ პროცესებში ჭანტურიას ლექსი.
***
რამდენიმე რამ თავიდანვე დასაზუსტებელია. ერთი ის, რომ, ალბათ, ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ „ირონია“ ზემოთ მოყვანილი – პირდაპირი – გაგებით (თუმცა არც ეს არის უმნიშვნელო – როგორც ერთი ფილოსოფოსი წერდა: „ირონია ყველაფერს – სახუმაროსაც და სერიოზულსაც, გულწრფელსაც და დაფარულსაც – ერთდროულად უნდა შეიცავდეს“) და გამჭოლი ირონია, როგორც გლობალური ხედვის „ბირთვული“ ელემენტი, მსოფლმხედველობრივ-პოეტიკური ფენომენი; და სწორედ ეს უკანასკნელია გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი. სხვანაირად თუ ვიტყვით, ეს არის რეალობის პოსტმოდერნისტული აღქმა, რამაც სწორედ 60-70-იან წლებში დაიწყო დამკვიდრება – „მომხმარებელთა საზოგადოების“ (ფრომი), პოპკულტურისა და პროტესტული ტალღის მომძლავრების კვალდაკვალ. ამ გადასახედიდან, „ირონიულ-პაროდიულობა“ გასული საუკუნის მეორე ნახევრის დასავლური კულტურის ფილოსოფიის, ესთეტიკისა თუ სახელოვნებო პრაქტიკის კონტექსტში ლამის სინონიმია „პოსტმოდერნულობისა“, ხოლო ტარიელ ჭანტურია პოეტური პოსტმოდერნის ერთ-ერთ პიონერად გვევლინება: სწორედ ამ დროს გამოდიან ასპარეზზე ამერიკელი და ინგლისელი პოსტმოდერნისტი პოეტები – იხ. ინტერნეტში, მაგალითად, კრისტოფერ ჯ. პედჯეტის (Christopher J. Padget) სადისერტაციო ნაშრომი „პოეზიის საკითხები: რადიკალური პოლიტიკა ამერიკულ პოსტმოდერნულ პოეზიაში“, სადაც მეცნიერი ასეთი ლექსის წარმოშობას 60-იანი წლების სოციალურ თუ ანტი-ავტორიტარულ მოძრაობებს უკავშირებს (სხვაგან პოსტმოდერნიზმის წარმოშობის „ზუსტ“ თარიღსაც კი წააწყდებით – 1968 – ცნობილი ინგლისელი მწერლის სტივენ სპენდერის განსაზღვრებით – „ახალგაზრდა ამბოხებულთა წელიწადი“), რაც საგულისხმოა ტარიელ ჭანტურიასთან მიმართებითაც (ამის შესახებ ამ წერილის ბოლო მონაკვეთში ვისაუბრებთ მოკლედ); 60-იან წლებში იწყებს რუსეთში წერას პრიგოვიც, თუმცა სსრკ-ში მის ნაწარმოებებს არ ბეჭდავენ და ის პირველ წიგნს 1975 წელს უცხოეთში აქვეყნებს.
„პოსტმოდერნს“, „პოსტმოდერნიზმს“ ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს, ზოგს კი ის, საერთოდ, მკვდრადშობილ იდეოლოგიად მიაჩნია და შესაძლოა, ტარიელ ჭანტურიას სრულიადაც არ ეპიტნავება მისი პოსტმოდერნისტად მოხსენიება – მას ასეთი ლექსიც აქვს: ამ მოდერნისტული, / პოსტმოდერნისტული, / პოსტპოსტმოდერნისტული ბლეფით / ისე გამოვლენჩდით, ვეღარ დაგვინახავს / მშვენება აფეთქებულ ბლების… // აღარც სინანული, / აღარც სიბრალული / უაზროდ დაკარგული წლების… / როგორ მენატრება, / როგორ მეხარბება / ნიგორზღვის განთქმული ბლები… // როგორი რუდუნებით / არჩევდნენ სამურაბედ / არნახულ მოსავალს რძლები… / როგორ მენანება! / თქვენ არ გენანებათ? – / უაზროდ დაკარგული წლები…
რაო, რას ამბობს პოეტი? მე როგორც მესმის – ამბობს, რომ „იზმებისადმი“ (= „ბლეფისადმი“, სიყალბისადმი) მიძღვნილი წლები დაკარგულია – ამ დროს დაიკარგა ბუნებრიობა, უშუალო აღქმა მშვენიერების, პატარა მშობლიური სოფლის „აფეთქებულ ბლების“; და, განწყობილებით, ესაა ნოსტალგია ბავშვობის სიმყუდროვისადმი, ტრადიციულისადმი, კლასიკურისადმი… თუმცა არსებითად ეს ლექსიც პოსტმოდერნისტულია – ეს არის რელატიური ტექსტი, სადაც შეფასებულია ლექსის დასაწყისში მინიშნებული „მიმართულებები“ (= შესაბამისი ტექსტები): ავტორი ფიქრობს, რომ მისი შეფასება მართებულია; თან თითქოს მთლად დარწმუნებულიც არ არის – კითხვას სვამს: „თქვენ არ გენანებათ“? ვის ეკითხება? როგორც ჩანს, მკითხველს, რომელიც მეტ-ნაკლებად ერკვევა ამ „იზმებში“… ხოლო ასეთი მკითხველი, დიდი ალბათობით, არ დაეთანხმება ავტორს: ჯერ ერთი, პოსტმოდერნიზმი იმდენად ფართო იდეოლოგიაა (მოდერნიზმივით), რომ ის საგნებისა და მოვლენების უშუალო აღქმასაც იტევს (და ამის მაგალითი თვითონ ეს ლექსიცაა); და მეორეც, მკითხველს ჭანტურიას შემოქმედების მთლიანად წარმოსახვისას „დაკარგული წლების“ განცდა არა მგონია, გაუჩნდეს.
„პოსტმოდერნიზმის დეფინიციაც და ისტორიაც – ორივე იქცა მწვავე განხილვის საგნად; დეკლარირებულ იქნა პოსტმოდერნიზმის გარდაცვალება ლამის მისი წარმოშობისთანავე, მაგრამ, როგორც გაცხადდა, ის ისევ ჩვენთანაა“ – წერს 2007 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ თავის ნაშრომში ცნობილი კანადელი მეცნიერი, ლიტერატურის თეორეტიკოსი და კრიტიკოსი ლინდა ჰატჩეონი (Linda Hatcheon; სხვათა შორის, უფრო ადრე ჰატჩეონს ირონიისა და პაროდიისადმი ცალკე თეორიული ნაშრომებიც აქვს მიძღვნილი)… ხოლო თუკი ვინმეს, ამა თუ იმ თვალსაზრისით, სიტყვა თუ ტერმინი “პოსტმოდერნიზმი” არ მოსწონს, – რაც უნდა, ის დაარქვას იმ მიმართულებას, რაც მოდერნიზმის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოში. მე კი ამ წერილში სიადვილისთვის ისევ “პოსტმოდერნიზმს” გამოვიყენებ. და აქვე დავსძენ – ცნობილია, რომ ვერც ერთი გამორჩეული პოეტი ერთი რომელსამე, გინდაც ძალიან ფართო, მხატვრული იდეოლოგიის ჩარჩოში ვერ ეტევა, გამუდმებით გადის ამ ფარგლებიდან. ასეა ტარიელ ჭანტურიაც – როდესაც ვამბობთ, რომ ის პოსტმოდერნისტია, ვგულისხმობთ: მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეესაბამება პოსტმოდერნულ მსოფლაღქმასა და ესთეტიკას – ესაა და ეს.
***
იმ წლებში პოსტმოდერნის კვალი უკვე შეინიშნება ქართულ პოეზიაში, სახელდობრ, მუხრან მაჭავარიანის (იხ. ლევან ბრეგაძის წერილი „პოსტსაბჭოური კულტურის სივრცე და ლიტერატურული პროცესი“), მურმან ლებანიძის, მიხეილ ქვლივიძის, განსაკუთრებით კი – ვახტანგ ჯავახაძის (რომელიც, ჩემი აღქმით, შემდგომ „ნამდვილი პოსტმოდერნისტი“ გახდა) და ბესიკ ხარანაულის (იხ. ზურაბ ქარუმიძის წერილი „პოსტ-საბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი“), ასევე, ზოგიერთი სხვა პოეტის შემოქმედებაში. და მაინც, ჩემი აღქმით, ამ პერიოდის მათი პოეზია მეტად შეესაბამება „გვიანი მოდერნიზმის“ თუ „მაღალი მოდერნიზმის“ პოეტიკას. ეს იოტისოდენადაც არ აკნინებს დასახელებული და სხვა ჩვენი გამორჩეული პოეტების დიდ ღვაწლს, შეტანილს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლექსის განახლებისა და სოცრეალისტური იდეოლოგიისა და „მეთოდოლოგიის“ ელიმინირების საქმეში. უბრალოდ, ეს ცოტათი სხვა, უფრო ტრადიციული, მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ მოდერნისტულ ტრადიციებთან მეტად დაკავშირებული გზა იყო. ტარიელ ჭანტურიამ კი იმთავითვე უფრო რადიკალური გზა აირჩია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამის მიუხედავად ჭანტურია სათანადოდ აფასებს და გულწრფელად სცემს პატივს „მაღალ მოდერნიზმს“, რაც, მაგალითად, ოთარ ჭილაძისადმი დიდი ხნის წინ მიძღვნილ ლექსში აშკარად მჟღავნდება: აკვირდები ცისარტყელას – / ღმერთისა და კაცის ტიხარს. / ტიხარს აქეთ – კაცი ხარ და / ტიხარს იქით – პოეტი ხარ. / (…) / მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცა / ჩვენთან გხედავ – დგახარ! ზიხარ! / სულ ღმერთებში იტრიალებ, / ოდეს აიღებენ ტიხარს!..
კიდევ ერთი „ეპითეტი“, რაც ტარიელ ჭანტურიას „მიეწება“, არის „ნოვატორი“; ბუნებრივად იბადება კითხვა – რატომ? – ნოვაცია ხომ ამ პოეტის „პრეროგატივა“ არ არის: მისი წინა, მისივე და ცოტათი უმცროსი თაობები უთუო ნოვატორები არიან, მაგალითად, ზემოთ დასახელებული პოეტები, აგრეთვე, ანა კალანდაძე, გივი გეგეჭკორი, ლია სტურუა… და საერთოდ, ყველა ნიჭიერი და გამორჩეული პოეტი მეტ-ნაკლებად ნოვატორიცაა.
მაგრამ ჭანტურიას ეს ეპითეტი ალბათ იმიტომაც „მიეწება“, რომ ის ნოვატორობაშიც რადიკალურია. ვინ წერდა ასე იმ დროს ჩვენში? – (უსათაურო. სტიუარდესა) –
ბზზზ… ბუზი სარკმელთან
მიმწყვდეულია. ბუზი სარკმელთან
მიმწყვდეულია. ბუზი სარკმელთან
მიმწყვდეულია. ბუზი სარკმელთან…
როგორც სარკმელთან – გოგონა ცასთან
მიმწყვდეულია. გოგონა ცასთან
მიმწყვდეულია. გოგონა ცასთან
მიმწყვდეულია. გოგონა ცასთან…
ან ასე („ალბერ კამიუს თუთიყუში. იუმორესკა“):
სისულელეა ყველაფერი! სისულელეა!
სისულელეა ყველაფერი! სისულელეა!
სისულელეა ყველაფერი! სისულელეა!
სისულელეა ყველაფერი! სისულელეა!
სისულელეა ყველაფერი! სისულელეა!
სისულელეა ყველაფერი! სისულელეა!
………….
ან კიდევ ასე (ლექსიდან „ნათხოვარი ფირფიტა“):
ვითვლი, ვითვლი, ვითვლი, ვითვლი:
ერთი! ორი! სამი! ოთხი! –
ბითლი. ბითლი. ბითლი. ბითლი.
ბოთლი. ბოთლი. ბოთლი. ბოთლი.
„ცეკვა კაფე “ამბასადორში” კი ნიშნეულ ლექსად, დროის ცვლილების მომასწავებელ ერთგვარ გამოკვეთილ ნიშნადაც იქცა:
ტვისტი და ტვისტი, ჰალი – გალი!
ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი.
ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი.
როკი და როკი. ჰალი – გალი!
– ხომ არ გეშინია?
– მეშინია!
– რატომ გეშინია?
– მეშინია!
– კიდევ გეშინია?
– მეშინია!
– გესმის? გერშვინია!
– გერშვინია. (…)
თუმცა, ჩემი შეხედულებით, ჭანტურიას ნოვატორობა უპირველესად იმით გამოისახა, რომ პოეტმა ყურადღება მიაქცია ყოველდღიურობას, ჩვეულებრივ, ყოფით, სრულიად „არაპოეტურ“ საგნებს თუ მოვლენებს, დეტალებს, წვრილმანებს. მაგალითისთვის, ჩამოვთვალოთ ზოგიერთი „რამე“, რაც ჭანტურიას პოეტური წარმოსახვისათვის საიმპულსოა: ავტომანქანის ნომერი (BBS-979 ან გრშ 75-73), ავტობუსის რეისის ნომერი (ოცდაშვიდი), კარტის ახალი დასტა, მიქსერი, მტვერსასრუტი, სამზარეულოს ჩაიდანი, ახლად გახსნილი კაფე-ბისტრო, დოლარის კურსი, ყავის სახელი (ნესკაფე), წამლის სახელი (დიაზეპამი და სხვ.), ჯინსის ფირმის სახელი („ლევი-შტრაუსი“), ტატუირება, გენმოდიფიცირება, გნებავთ, იგივე სარკმელთან მიმწყვდეული ბუზი, ნათხოვარი ფირფიტა და მისთ. და, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი უმთავრესი პოსტმოდერნისტული სიახლე იყო ქართული პოეზიისათვის (მე პირადად, ამ ჩამოთვლისას უორჰოლის კონსერვის ქილები გამახსენდა).
არ შეიძლება იმის თქმა, რომ სხვა სამოციანელებისა თუ სამოცდაათიანელებისათვის ასეთი ხედვა უცხო იყო – არა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მათთანაც თანდათან ჩნდება მსგავსი ელემენტები, მაგრამ ჭანტურიასთვის ეს „ელემენტები“ არ არის, მისთვის ეს რაკურსი, გარკვეული აზრით, სასაფუძვლოა, ორგანული და რეგულარულია.
***
ორიოდე სიტყვით ტარიელ ჭანტურიას პოეზიის ფესვებსაც შევეხოთ. ჩემი აღქმით, საქართველოში – შოთა ჩანტლაძესთან სულიერი ნათესაობის (ჭანტურიას ჩანტლაძისადმი რამდენიმე ლექსი აქვს მიძღვნილი), მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის „ფუნაგორიებისა“ და აკაკის ნაკვესების, იუმორისტულ-პაროდიული და სოციალურ-პოლიტიკური ლექსების გავლით – ბოლოს მივალთ გურამიშვილის „ქაცვია მწყემსთან“; უცხოეთიდან შესაძლებელია გაგვახსენდეს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის შესანიშნავი გერმანელი პოეტი ხრისტიან მორგენშტერნი და უფრო შორს (თუკი მთლად ანტიკურ პერიოდს არ გადავწვდებით) – ფრანსუა ვიიონიც კი (ტარიელ ჭანტურიას აქვს ასეთი სახალისო პოემა-„რემეიქი“ „ფრანსუაზა ვიიონის ანდერძი“, სადაც, თუ არ ვცდები, პირველად „გამოჩნდა“ ჭანტურიასეული უხამსობებიც, რაც იმ დროის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებისთვის ეპატაჟური რამ იყო).
გარდა ამისა, ჭანტურიას ლექსი ზოგჯერ იწვევს ასოციაციებს მე-20 საუკუნის დასაწყისის ავანგარდიზმის, სახელდობრ კი ფუტურიზმისათვის დამახასითებელ ზოგიერთ ფორმალურ პოეტიკურ ნოვაციასთან, მაგალითად, სიტვათქმნადობასთან – ჭანტურია ფუტურისტებივით ბევრ ახალ კომპოზიტს იგონებს; ასევე, სრულიად ფუტურისტულად გაისმის ზოგიერთი მეტაფორა: და იშმუშნება მტკვარი-ფალოსი / და შიშველ მინდვრებს ანოყიერებს; ან – როცა გაშმაგებული / მოქრის ტალღა – ბიზონი; სიტყვებით თამაში (არ აგვერიოს თამაშის ესთეტიკაში): გამა-გამოსხივების გამო გამუდმებით ; ან – გოდოს გოდო, გოდოს გოდო, გოდოს გოდო გადაება. მეორე მხრივ, ჭანტურიას პოეტურ სამყაროს ფუტურიზმის იდეოლოგიასთან თითქმის არაფერი აქვს საერთო: ქალაქის, ინდუსტრიის, მანქანებისა თუ სისწრაფისადმი იგი დიდ სიმპათიას არ ამჟღავნებს და არც ტრადიციებს უარყოფს – რა პარადოქსულადაც გინდა ჟღერდეს, მისი „რადიკალური პოეზია“ (ზოგი მწერალი ექსცენტრულსაც რომ ეძახის) კი არ უპირისპირდება ქართულ სალექსო ტრადიციებს, პირიქით – მნიშვნელოვანწილად ამოზრდილია ამ ტრადიციებიდან (რის შესახებ თვითონაც წერს: გული მტკივა, მტკივა, მტკივა: / ისმის შუილი, შუილი, შუილი. / მე ვარ შოთას შვილის შვილის / შვილის შვილის შვილის შვილი… და რაზეც ზემოთ ჩვენც მივანიშნეთ); პოეტი იყენებს ამ ტრადიციებს, აახლებს (თუ ახალ ტრადიციებს ქმნის) და გლობალურ კონტექტში ათავსებს მათ – როგორც, მაგალითად, ლექსში „1989“: (…) კვლავ ემსახურე რუსთაველს შენსას, / შენს მერჩეულეს და მროველს, / ილია მართალს, / მართალ აკაკის… / მრავალ ახალ წელს, / მრავალ… // როდენს უცქირე, / შოპენს უსმინე, / უსმინე ბახს და რაველს… / მრავალჟამიერ! მრავალ ახალ წელს, / მრავალ ახალ წელს, / მრავალს!
და ამის გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ, ტარიელ ჭანტურიას პოსტმოდერნი ნაციონალისტურიცაა: პოეტი ლამის ყველაფერს ირონიით ეკიდება, გარდა ერთისა – სამშობლოსი. თუმცა, ესეც სავსებით ეწერება პოსტმოდერნიზმის ანტი-რაციონალურ და ანტი-ტოტალიტარულ კონტექსტებში.
***
თამაშს, თუ ცდუნებასთან დაწყვილებულ „წმინდა თამაშს“ (ბოდრიარი), დაპირისპირებულს საგნებისა და მოვლენების, სწორედ, „ტოტალიტარულ“, ერთმნიშვნელოვან ხედვასთან პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიასა და ესთეტიკაში დიდი ადგილი უჭირავს. ასევეა ტარიელ ჭანტურიას პოეტურ სამყაროში, რაც ადრეც არაერთხელ აღუნიშნავთ ლიტერატურათმცოდნეებს; და ეს თვითონ პოეტსაც მშვენივრად აქვს გაცნობიერებული – „სხვათა შორის, მწერლობაც თამაშია; თამაშის სახეობაა. ცოტა უფრო რთული, ვინემ იგივე პოკერი, უფრო საინტერესო, უფრო ლამაზი, უფრო ტრაგიკულიც – აქ მეტის მოგებაც შეიძლება და მეტის წაგებაც – მაგალითებს თავად გაიხსენებთ“ – ამბობს ჭანტურია „რადიო თავისუფლების დღიურებში“. ჰოდა, მოდით, ეს „თამაშზე აწყობილი“ ლექსიც წავიკითხოთ – „ხელრთვა; ი. გრი… (იოსებ გრიშაშვილი)“:
ი. გრიშაშვილი. ი. გრიშაშვილი. ი. გრიშაშვილი. ი. გრი…თამაშობანი გრიშაშვილისა ძველტფილისური – „იგრი“. ხაში. ლავაში. ღვინო. მწვადები. დუმა. ყაურმა ჯიგრის…აშოღლანების დასტა. დასტაში – ლექსის ჰამქარი – ი.გრი… მხოლოდ – დუდუკი, მხოლოდ – ართურმა. ათასში ერთხელ – ფიქრი…სწუხს სუფლიორის ბუდრუგანაში ი.გრიშაშვილი – ი. გრი… წლები გარბიან. წლები გადიან. ჟამი უგულო მიქრის.როგორ ჩამქრალა ყოჩი ნაცადი – ი. გრიშაშვილი – ი. გრი… უფრო – ამერი. უფრო – იმერი. ფშაველი. კახი. ეგრი.კაცი – შიქასტა, კაცი – საარი, ი.გრიშაშვილი. ი.გრი. ვით მოიძულეს, ვით გაიმეტეს, ვით დაივიწყეს ეგრეკაცი – ფუტკარი, კაცი – სანთელი, ი. გრიშაშვილი. – ი. გრი… წევს მთაწმინდაზე, წევს რახანია. თუმც მაქნისია იქ რის…მაღლაც აზიდეს, დაბლაც დაამხეს ი. გრიშაშვილი, ი. გრი… სადაც ნიავი ქროდა კოჯრისა, იქ ახლა სხვა ქარი ქრის…და ქარს არ მოაქვს ხმა აშუღისა – ი. გრიშაშვილის… ი. გრის…
ამ ლექსის იმპულსად უთუოდ იქცა იოსებ გრიშაშვილის ხელმოწერა, რასაც ტარიელ ჭანტურია სადღაც წააწყდა, თითქოსდა მიხვდა ამგვარი „ხელრთვის“ „ორმაგ კოდირებას“ და ეს რითმით გამოთქვა: ი. გრი – „იგრი“ (игры – „თამაშობანი“; „იგრი“ – გრიშაშვილის ფსევდონიმი); და, გეგონება, თამაშ-თამაშ დაიბადა ეს უმშვენიერესი ლექსი – ჩემი გემოვნებით, ქართული პოეზიის კიდევ ერთი შედევრი (სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, ამ ლექსის „სათამაშო სიმსუბუქის“ უკან დიდი შრომაც დგას: სიტყვების სპეციალური შერჩევა, მათი პოეტური გააზრება, მათთვის ყველაზე ზუსტი ადგილის მიჩენა და მისთ.).
ამასთან, ეს ლექსი ტარიელ ჭანტურიას პოეტიკის მნიშვნელოვანი საერთო ნიშნების შემცველიცაა. ზოგად პოეტიკურ მომენტებზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა, მოდით, რითმაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ჭანტურიას აქვს ვერლიბრის ფორმის ლექსებიც, მაგრამ მაინც რითმას – ზუსტსაც და არაზუსტსაც, ასონანსურსაც და დისონანსურსაც, რთულსაც და მარტივსაც (და ზოგადად ბგერწერულ სიახლოვეს) – მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს; და არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქმნება ორიგინალური რითმები (მაგალითად, ადრეული პერიოდის: იაგუარის-იაგო არის; მიე „სოსკა“-იესოს, ქა!; ასევე – სტალონე-სტალინი; სალოლიავო-სულელიაო; [მოფილოსო]ფოსო ფისო-[ლოთობის და] ბოზობისო და სხვა მრავალი), – ჭანტურიას პოეზიაში ამოსავალი რითმა ხშირად იქცევა ლექსის იმპულსად, ინსპირაციად (როგორც „ი. გრი“-ში) და განსაზღვრავს ლექსის შემდგომ მდინარებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია რითმის აქცენტირებას (სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით), რაც ხშირად ლექსის ინტონაციას და განწყობილებას განსაზღვრავს. კიდევ ერთი დამასიათებელი „ტექნიკური“, თამაშის გარემოს შემქმნელი, ელემენტია უსრულო სიტყვების რითმისათვის გამოყენება (ი. გრი-„იგრი“-ს მსგავსი): როგორ მინდა, მინდა, მი… / ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა… / გაგონება შენი ხმის, / შენი ნაღვლიანი ხმა.
აშკარაა ის, რომ ჭანტურიას ერთ-ერთი პოეტური პრინციპია – ლექსი არ უნდა იყოს მოსაწყენი (პოეტი წერს სხვა მწერალზე – წერს, მოწყენილი, მოსაწყენ წიგნებს-ო); და ამ პრინციპსაც ექვემდებარება ჭანტურიას პოეტიკის ძირითადი კომპონენტები, მათ შორის – რიტმი, რაც „ი.გრი“-შიც და, ზოგადად, პოეტის შედარებით ვრცელი ლექსების უმეტესობაში დინამიურია. ხშირად რიტმს განსაზღვრავს ლექსის ერთეულების გამეორება: ლექსს სჭირდება გული. ლექსს სჭირდება ღვიძლი. / ლექსს სჭირდება ცრემლი. ლექსს სჭირდება სისხლი / (…) / ლექსს სჭირდება სექსი – თუ მართლაა ლექსი და სხვ.
კიდევ ერთი ნიშანი, რაც „ი. გრი“-შიც ჩანს, კლასიკური გაგებით, ტროპების თუ მეტაფორების სიმცირეა და ეს ზოგადად დამახასიათებელია პოსტმოდერნისთვის. ტროპებიდან ტარიელ ჭანტურია უფრო ხშირად შედარებას იყენებს და ასეთ მშვენიერ, დასამახსოვრებელ სახეებსაც ქმნის: როგორც მეცხრე სართულზე / აყვანილი ვაზი – / მტევნისტოლა გოგონა / მხარზე ისე აზის. („მაღალი მამა“).
ცალკე აღსანიშნია ლექსიკა, რაც სავსებით შეესაბამება პოეტის მსოფლაღქმასა და პოეტიკის მრავალფეროვნებას, პოსტმოდერნის ტერმინოლოგიით – ერთგვარ „ქაოსს“; ან როგორც ახალგაზრდა, დიდად ნიჭიერი კრიტიკოსი ნიკა აგლაძე ამბობს, „რადიო თავისუფლების ბიბლიოთეკა“-ში შოთა იათაშვილთან საუბრისას (ჭანტურიას „სიყვარულის შავი ყუთი“-ს შესახებ): „ეს არის გამიზნული ეკლექტურობა, არეულობა“. ირონიულ, სატირულ, იუმორისტულ, გროტესკულ, ტრაგიკომიკურ თუ დრამატულ ლექსებსა და პოეტურ პასაჟებში მრავალფეროვანი ლექსიკური ფორმებია გამოყენებული – დაწყებული არქაულიდან, სლენგითა და უხამსობებით დამთავრებული: როგორც ცნობილია და ამ წერილშიც ჩანს, ტარიელ ჭანტურია არ ერიდება ეგრეთ წოდებულ „ცუდ სიტყვებს“ და, ჩემი აღქმით, ესეც ერთგვარი პოზიციაა – ცუდი სიტყვა არ არსებობს, არსებობს უადგილოდ გამოყენებული, კონტექსტიდან ამოვარდნილი ან ლექსის სტილის შეუსაბამო სიტყვა…
საერთოდ კი, პოსტმოდერნისტული ფორმების „არსენალიდან“, ზემოთ მინიშნებულის გარდა, ჭანტურიასთან შეხვდებით: ინტერტექსტებსაც, ციტატებსაც, პოსტმოდერნულ ალუზიებსაც, ოქსიმორონებსაც და სხვ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, პოეტი არც თავიდან დაფიქრებულა ამაზე და ლექსის წერის დროს არც ახლა ფიქრდება: ეს ყველაფერი მსოფლაღქმასა და ზოგად პოეტიკურ ხედვას „ავტომატურად“ მოჰყვება თან.
***
ახლა, თანამედროვედ თუ ვიტყვით, დისკურსებზეც ვისაუბროთ მოკლედ. ზოგადად, ჭანტურიას პოეტურ სამყაროში დისკურსები ერთმანეთს კალეიდოსკოპურად ენაცვლება, ხშირად ერთსა და იმავე ლექსშიც კი სხვადასხვა დისკურსული შრეებია ჩაქსოვილი. ქვემოთ ჩვენ – მთავარი დისკურსების უფრო მკაფიო წარმოჩენის მიზნით – შევეცდებით, „ხელოვნურად“ განვაცალკეოთ ისინი და ასე, ცალ-ცალკე ვისაუბროთ მათზე.ზემოთ მოყვანილი ლექსი „1989“ ისტორიულ-პატრიოტული დისკურსითაა შესრულებული და ეს დისკურსი ერთ-ერთი ცენტრალურია „ნაციონალისტი პოსტმოდერნისტის“ შემოქმედებაში. პოეტი იმთავითვე კონცენტრირებულია საქართველოზე, მის ბედზე, ნამყოს, აწმყოსა თუ მყოფადზე, ოღონდ – როგორც ზემოთაც დავრწმუნდებოდით – კონცენტრირებულია თავისებურად, ჭანტურიასეული სტილით (ქვემოთ მოყვანილ ლექსში გრაფიკის ელემენტიცაა გამოყენებული): მე: ვარ: ფარი: ფარნავაზის: / მე: ვიფარავ: მტკვარს და: ფაზისს: / ზედ: ბეჭედი: მისი: მაზის: / მორჩი: შვენიერი: ვაზის: („წარწერა მეფე ფარნავაზის ფარზე. რამაზ პატარიძეს“). თუმცა, ჭანტურია სამშობლოს მიმართ მუდამ ასეთი პოზიტიური არ არის – ხშირად მეტისმეტად კრიტიკულიცაა და მწარეც: დედის ნაოფლარს ქარს გაატანს / ჯერ ლაშა, მერე რუსუდანი… / და მოვა ბოლოს ერეკლე და / ქართლს ყელს გამოჭრის რუსულ დანით…
ასევე, დიდი ადგილი უჭირავს პოეტის შემოქმედებაში პოლიტიკურსა და სოციალურ დისკურსებს და ესეც შეესაბამება პოსტმოდერნის „ბუნებას“. აქ განსაკუთრებით გამოკვეთილად მჟღავნდება პოეტის კიდევ ერთი ნიჭი – მახვილსიტყვაობა და ასე ამ ყაიდის ლექსებიც გაკითხებენ თავს და გამახსოვრდებიან. ზოგან ჭანტურიასათვის დამახასიათებელ, ზემოთ უკვე ხსენებულ, იუმორისტულ თუ სატირულ უხამსობებსაც მიაგნებთ (ამ ლექსში მიაქციეთ ყურადღება სახალისო რითმასაც): როცა დასრულდა თექვსმეტი / და დადგა ცხრაას ჩვიდმეტი, / მაშინ გვირჩია ბელადმა: / – ჭამეთ ნაკლები, ჯვით მეტი („ვიხსენებთ წარსულს. უხამსი ლექსპრომტი“). ან ეს ორი სატირული ლექსი წავიკითხოთ – ისევ მინიმალისტური, სახალისო „ლექსპრომტებიდან“ (ახლებური კომპოზიტი „ლექსპრომტიც“, რომელიც დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება ლიტერატურულ წრეებში, ტარიელ ჭანტურიას გამოგონილია): არ სჭირდება ამ ხალხს / ვან გოგი და დიურერი! – / ულვაშააწკეპილი / უნდა ერთი ფიურერი! ან – კი, ახლოდან / ვიცნობ მაგას: / ჯერ – კენჭს იყრის, / მერე – მახათს! („დეპუტატი“)… და ეს სამივე, ზემოთ ნახსენები, დისკურსი უთუოდ ანტი-ტოტალიტარულიცაა.
ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჭანტურიას პოეტურ სამყაროში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას (გნებავთ – სექსუალურსაც), ქალისადმი დამოკიდებულებას, სიყვარულს, მეგობრობას. დღესაც პოპულარულია მისი: „უხერხულია შენ გერქვას ცოლი“, „გშვენის ლოყაზე ხალილუია“, „არ მაძლევს ეს ქალი მოსვენებას“ და სხვ.; ხოლო – ხუმრობით (გინდაც – სერიოზულადაც) თუ ვიტყვით – ზოგადად როგორ ხედავს პოეტი ქალის როლს – ეს, აი, ამ ოთხ სტრიქონშია გაცხადებული: სამი დამა მირჩევნია / სახელოვან სამ კაროლს! – / ქალი ქმნის და ქალი ანგრევს / პოეტების სამყაროს… ზოგან ჩნდება ბიბლიური ევას სახეც: ნეტავი ადამს ევასთვის / თუ გაუსინჯავს სიცხე, / ან ევას ადამისათვის / გაუზომია წნევა!
ეს უკანასკნელი ამონარიდი მკაფიოდ ამჟღავნებს ტარიელ ჭანტურიას პოეზიის კიდევ ერთ დამახასიათებელ ნიშანს – პოეტის გლობალურ და იმავდროულად დროის გამჭოლ ხედვას: ჭანტურია თამამად „ათანამედროვებს“ ბიბლიურ სიუჟეტებსა თუ პერსონაჟებს. ლექსებში, ასევე, შეხვდებით ბევრი, ძველი და ახალი, უცხოელი მწერლის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, პოლიტიკოსის სახელს, ბევრ უცხოურ გეოგრაფიულ დასახელებას, ბევრ ცნობილ გლობალურ მოვლენას თუ საერთაშორისო ამბავს და სხვ. საინტერესოა ისიც, რომ ეს ყველაფერი უმეტესად საქართველოსთან მიმართებითაა „გაანალიზებული“ და ამ გზითაც აისახება – ჭანტურიას პოეტურ სამყაროში – საქართველო მსოფლიო რუკაზე.
ამ მონაკვეთის ბოლოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს დისკურსზე გავამახვილებ ყურადღებას – მას ეგზისტენციურიც შეიძლება ვუწოდოთ: პოეტი ბევრს ფიქრობს სიკვდილზე, სიკვდილის შიშზე, სიკვდილ-სიცოცხლის ტრაგიკულ მიმართებაზე: წუთი რაა – არ ყოფილა წუთი, / წამი რაა – არ მქონია წამი – / ის – უჩინო, ის – უთქმელი ლანდი / თავზე რომ არ დამდგომოდეს ღამით… და ასეთ ლექსებში ირონია ხშირად ადგილს უთმობს დრამატულობას (ირონია-დრამატიზმის მონაცვლეობას ტარიელ ჭანტურიას ლექსებში ეძღვნება გივი ალხაზიშვილის წერილი „სივრცე ღიმილსა და ცრემლს შორის“). ამ ყაიდის ბრწინვალე ლექსია „ჩიტი ბალახში“: „ბუდისოდენა საფლავი / ეყოფა ალბათ ჩიტს! / პატარა უნდა – პატარას, / დიდი საფლავი დიდს (…) ვდგავარ და ვუსმენ ცხოვრებას – / ასჯერ მოყოლილ მითს! / ბუდისოდენა საფლავი / ჩიტმა დაუგო ჩიტს!“; და მოდით, ეს ლექსიც წავიკითხოთ (ჩემი აზრით – კიდევ ერთი შედევრი):
მაგრამ ცხოვრება რაა?
(იქნებ ცხოვრება არის
სიკვდილის გამოსახმობად ჩამორეკილი ზარი!..)
– ზარს ნუ აწვალებ, ბიჭი!
– ახ, შე ეშმაკო, შე!
ღიაა კარი. კარები.
კარი. კარები. კარი.
ო, ღმერთო! ეს ხომ ბავშვი…
ეს ხომ მთლად ბავშვი არის!
შეწვდა ხოტორა ბიჭი – რეკავს მეზობლის ზარი…
ზზზზზ! – რეკავს და რეკავს!
ზზზზზ! – რეკავს და რეკავს!
ყველანი სახლში იყვნენ!.. ახლა არავინ არის!..
მარადიული თრთოლვა
მტვრით დაფარული მთვარის
გართმევს კიბეზე ასვლის
ღონეს და ბავშვურ ხალისს!..
საით წავიდნენ მაინც… სად იქნებიან, ნეტავ!
ყოველთვის სახლში იყვნენ. ახლა არავინ არის!..
***
იუმორი – იუმორად და სატირა – სატირად, მაგრამ ის, რაც განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ტარიელ ჭანტურიას პოეზიას, არის თვითირონია (და ესეც არაერთხელ აღუნიშნავთ ჩვენს ლიტერატურათმცოდნეებს): ტარიელ ჭანტურიამ იცის თავისი შემოქმედების ფასი, მაგრამ ისიც იცის, რომ რაგინდ ბრწინვალე ნამუშევრებს ქმნიდეს ადამიანი, ის მაინც უპირველესად ადამიანია, სივრცე-დროში ჩაკარგული მოწყვლადი არსებაა, არსაიდან ერთი წუთით რომ მოდის ამ ქვეყნად და მერე – ვინ იცის, სად მიდის… ამიტომ, პოეტი მოჭარბებული სერიოზულობით არ ეკიდება არც სხვის და არც საკუთარ პერსონებს. ჭანტურიას თავის თავზე ბევრი ლექსი აქვს დაწერილი, მათ შორის ასეთებიც: „პოკერისტს, მსმელს და ბუნებით ზარმაცს / მომცა სიგნალი სიბერის ზარმა, / და აირია ოცნება, გეგმა, / და სხვანაირად აიჭრა კარმა… (…) პურის წილ – ქატო, შალის წილ – ნარმა… / ბედს ვერ ვაჯობე მე უმეცარმა… / კაცობრიობის დასატირებლად – / ცრემლი რაღაა – ცრემლიც კი არ მაქვს…“ ჩემი წაკითხვით, ზემოთ ნათქვამის კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი ილუსტრაციაა, აი, ეს ლექსი („მე, მაგალითად, სასაცილოს ვერაფერს ვხედავ“), რომელსაც განსაკუთრებულად „თვითირონიულსა“ და, მე ვიტყოდი, „სასაცილოსაც“ ხდის ბოლო – „დაეჭვების“ – სტრიქონში ჩაქსოვილი არაჩვეულებრივი იუმორი:
ბებიაქალი, ვისი აყვანილიც მე ვარ –
ჩემი დაბადების შემსწრე ბებიაქალი –
სულ ამას ირწმუნება:
გაახილა თუ არა თვალი,
იმ პირველი წამოტირების მაგიერ
ერთი გულიანად გადაიკისკისაო!
(…)
მარტო სამშობიარო სახლის გამგეს,
თამარა ნაკაიძეს ეცინებოდა ამაზე –
სულ გამოშტერდა ეს ჩვენი ექთანი,
რის სიცილი, რა სიცილიო!
ძმაკაცებსაც რამდენჯერ უთქვამთ,
შენ, ბიჭო, რავა ყველაფერზე იცინიო!
ვერც გაამტყუნებდი ბიჭებს –
იმ ერთი, ერთადერთი ადამიანის სახელი მქონდა,
გაჩენის დღეს, ტირილის ნაცვლად, სიცილი რომ დაიწყო!
პირადად მე ამის არც ადრე მჯეროდა და
არც ახლა მჯერა:
ამ დედამოტყნულ ქვეყანაზე გაჩნდი,
მერედა, რა არის ამაში სასაცილო!
მე რა, გიჟი ვიყავი? –
რატომ გავიცინებდი!
არა მგონია, გამეცინა!
***
დავუბრუნდეთ თავში ნახსენებ „უკმარობის განცდას“. ამ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა დიდად ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდა კრიტიკოსის და პოეტის ლექსო დორეულის წერილი ჭანტურიას პოეზიის შესახებ („ტარიელ ჭანტურია – ხმის პოეტი“), რომელიც ძალიან საინტერესო დაკვირვებებსა და შეფასებებს შეიცავს (და ამ წერილში თავმოყრილი ჩემი შეფასებები ბევრ მათგანს ემთხვევა თუ იმეორებს). წავიკითხე, ასევე, ზემოთ ციტირებული, ნიკა აგლაძის სხვა წერილი – „კმაყოფილი ვართ მაგ წიგნით…“, სადაც მას მოჰყავს არგუმენტები თეიმურაზ დოიაშვილის მიერ ტარიელ ჭანტურიას პოეზიის მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის წინააღმდეგ. ამ ცნობილ ლიტერატურულ პაექრობას მე არ ჩავუღრმავდები: ვფიქრობ, ეს კერძო შემთხვევაა, უნაკლო არავინ და არაფერია ამ ქვეყნად – მსგავსი „ექსცესები“ ყველგან ხდება და ისინიც აცოცხლებენ ლიტერატურულ პროცესს. მე დიდ პატივეს ვცემ თეიმურაზ დოიაშვილსა და ლევან ბრეგაძეს, გულწრფელად და დიდად ვაფასებ მათ როლს ქართული ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების საშვილიშვილო საქმეში.
ამ შემთხვევაში დორეულისა და აგლაძის წერილები სხვა რამის სათქმელად მოვიყვანე: როდესაც სულ ახალგაზრდა ლიტერატურათმცოდნეები ასე გამორჩეულად აფასებენ პოეტის ნაღვაწს – ეს უთუოდ იმას ნიშნავს, რომ ჭანტურიას ლექსი დღესაც ახალგაზრდაა და ზემოქმედებს ლიტერატორების და მკითხველის ახალ თაობებზეც. მეტსაც ვიტყვი: ერთგან წავაწყდი ასეთ დაკვირვებას – დღევანდელ ქართულ პოეზიაში ჭანტურიას გზის გამგრძელებელია კოტე ყუბანეიშვილიო. ალბათ, ასეა, მაგრამ ეს დაკვირვება, მეჩვენება რომ, ზედმეტად ამარტივებს საკითხს: თუკი ცოტა გავიხუმრებთ, შეიძლება ითქვას, რომ კოტე ყუბანეიშვილიც და მეც გარდამავალ ასაკში ვართ – პოეტების უხუცესი თაობისკენ გარდამავალ ასაკში; ხოლო თუკი უფრო ღრმად დავაკვირდებით დღევანდელ ლიტერატურულ პროცესს, იოლად აღმოვაჩენთ ჭანტურიას პოეტური სამყაროს კვალს არაერთი ახალგაზრდა და საშუალო თაობის პოეტის შემოქმედებაშიც და ეს არ არის მაინცდამაინც მიმბაძველობა თუ გავლენიდან თავის ვერ დაღწევა – ეს უფრო ახლად ჩამოყალიბებული ტრადიციის შემოქმედებითი ათვისებაა.
და სწორედ ესაა დადასტურება იმისა, რომ ტარიელ ჭანტურიამ, მისმა „რადიკალურმა პოეზიამ“ მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია არა მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის, არამედ უკვე 21-ე საუკუნის ქართულ ლიტერატურულ სივრცესაც: და ძირითადად ამის თქმა მინდოდა ამ წერილით…
***
სიტყვას სიტყვა მოჰყვა და ეს ესსე საკმაოდ ვრცელი გამოვიდა – საჟურნალო ფორმატისთვისაც კი. ამის გამო, ზემოთ დაწვრილებით ვერ განვიხილე ის, თუ რა გავლენას ახდენდა ჭანტურიას პოეზია მკითხველზე გასული გაუკუნის 70-80-იან წლებში. მე ეს კარგად ვიცი, რადგან იმ დროს ერთი ახალგაზრდა მკითხველთაგანი მეც ვიყავი. ჭანტურიას კითხულობდნენ ჩემი ნაცნობ-მეგობრებიც და ჩემი ნაცნობ-მეგობრების ნაცნობ-მეგობრებიც – ზოგი აღშფოთებული იყო, ზოგი – აღტაცებული, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ეხებოდა რაღაც ახალსა და თავისუფალს. ჭანტურიას აქვს ერთი შესანიშნავი, ნოდარ დუმბაძისადმი (მისი ბოლო დღეებისადმი) მიძღვნილი ნაწარმოები, რომელსაც „ინფექციური ლექსი“ ჰქვია, სადაც პოეტი ამბობს, რომ სიცოცხლეც გადამდებია და სიკვდილიც გადამდებიაო… და ვფიქრობ, ასევეა თავისუფლება, თავისუფლებასთან შეხება: „ახლა სხვა დროა – ახლა იუდას / თავს გადაუვა თხუთმეტი ვერცხლი“ – წერს პოეტი „გაგანია“ საბჭოეთის პერიოდში…
ქვემოთ ციტირებული ლექსიც („როგორც ბოლოს გამოირკვა“) სოციალიზმის ხანაშია დაწერილი, ოღონდ, თუ არ ვცდები, ცოტა მოგვიანებით; ამ ლექში ტრაგიკომიკური განწყობილება საბოლოოდ გამწარებულ დრამატულობაში გადაიზრდება: იძულებითი კონფორმიზმი, შეგუება პოლიტიკურ გარემოსთან „ბოღმით ტვინის შეშუპებას“ და „დარდით გულის დანაღმვას“ იწვევს… და ქვეტექსტიც ნათელია – არა ვარ თანახმა და, როგორც შევძლებ, მეტ-ნაკლებად ფარულად, პოეტური ენით ვიბრძოლებ ბოლომდე:
როგორც ბოლოს გამოირკვა – დებულების თანახმად,ყველაფერში უნდა ვიყო დებილების თანახმა!მონაა თუ თანამონა, ყმა არის თუ თანაყმა,ყველაფერში უნდა ვიყო ყმის და მონის თანახმა!თან – ცაში და თან – მიწაზე, თან – დაღმა და თან – აღმა,სადაც უნდა ვიყო, ვიყო უნდა მათი თანახმა!რო გავჩუმდი, როგორ ფიქრობ – მე არ მქონდა განა ხმა?მაგრამ რა ვქნა! – უნდა ვიყო მეც ყველაფრის თანახმა!ბოღმამ ტვინი შემიშუპა, დარდმა გული დანაღმა!თანახმა ვარ! კი ბატონო!თანახმა ვარ!თა–ნა–ხმა!
და იბრძოდა კიდეც, იბრძოდა მასზე უფროს და მასზე უმცროს უბრწყინვალეს თანამოკალმეებთან ერთად – მათთან ვინც ვახსენეთ ამ წერილში და ვინც არ გვიხსენებია…
მეტს აღარ გავაგრძელებ – მე კარგად ვიცი, რომ, ერთი წერილით კი არა, ერთი დისერტაციითაც ვერ ამოწურავ იმ მხატვრულ-მსოფლმხედველობრივი თუ პოეტიკური ნოვაციებისა და ნიუანსების განხილვას, რაც ტარიელ ჭანტურიამ შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში: მისი პოეტური სამყაროს გამოწვლილვითი ანალიზი სამომავლო საქმეა.
ბრწყინვალე ანსამბლი – სადაც სოლოს ასრულებენ ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე და უფროსი თაობის კიდევ რამდენიმე გამორჩეული, ან გნებავთ – გამოჩენილი, ქართველი პოეტი – დღესაც გვაოცებს პროდუქტიულობით და ტექსტების ხარისხით და კიდევ დიდხანს ასე გაგრძელებას ვუსურვებ ანსამბლის წევრებს!
© არილი