ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, ცნობილი რუსი მწერლის ვიქტორ ეროფეევის რომანი ,,მამაჩემი კარგი სტალინი“ (2004) გამომცემლობა ,,ინტელექტის“ სწორად გათვლილი მარკეტინგული სვლის მიხედვით სწორედ ახლა უნდა თარგმნილიყო ქართულად. მართლაც, როდის თუ არა სსრკ-ს დაშლიდან ლამის ოცდაათი წლის თავზე (თუ ეს ცოტაა?!) საბჭოთა წარსულისგან დისტანცირების შექმნილ ხარისხს მყარი და ხელშეუვალი უნდა გაეხადა ობიექტური დამოკიდებულება ჩვენ მიერვე ნაცხოვრები ისტორიისადმი. არადა ასე არ მოხდა ან მოხდა მხოლოდ ნაწილობრივ. ამიტომაც უარესის მოლოდინით შეპყრობილ ქართველ მკითხველს მსგავსი სახელწოდების ტექსტები აფრთხობს. სწორედ მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს სიფრთხილე უადგილოა, რადგანაც ,,კარგი სტალინი“ არის წიგნი არა უშუალოდ სტალინზე, არამედ უფრო იმ მაგიურ დრო-სივრცეზე, რომელიც მან შექმნა.
ეროფეევმა თავისი ადრინდელი სამწერლო ტაქტიკისგან რამდენადმე განსხვავებული ტექსტი წარმოგვიდგინა, ამასთან შეგნებულად შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი ინტერაქტიური კავშირი მკითხველის ცნობიერებასთან, რაც ტექსტის აზრობრივი მოდელირების შესაძლებლობას გულისხმობს. როგორც ერთი რუსი კრიტიკოსი წერდა, ამ ხერხით ხდება მკითხველის ერთგვარი პროვოცირება აზრის შესაქმნელად, რომელიც იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც თვით მკითხველია.
ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ეროფეევმა აღნიშნა: ,,კარგი სტალინი“ როიალივითაა, მასზე ყველას შეუძლია საკუთარი მელოდია ააწყოსო. ჩემთვისაც აქ რამდენიმე ,,მუსიკალური თემა“ იკვეთება, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მწერლის, მწერლად დაბადებული ადამიანის, შესაძლებლობების გახმოვანებაა, უფრო ზუსტად, მისი მოწოდების ერთგვარი ინსტრუმენტირება, სპეცაგენტივით ცხოვრებისეულ კულუარებში შეღწევას და იქიდან მკითხველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოიტანას რომ გულისხმობს. ასეა, მწერალი აგენტია, დამოუკიდებელი აზროვნების ბაცილით. მას შეუძლია, რომ იტყვიან, ,,მტრის ღრმა ზურგში“, წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თვით სტალინისა და მოლოტოვის უახლოეს გარემოცვაშიც კი იმოქმედოს, შემდეგ კი ელემენტარულ ,,უმადურად“ იქცეს და ოდნავი გადაცდომით, იყოს ეს თუნდაც ხელის არაზუსტი მოძრაობა, საკუთარი არსებობა გათქვას: ,,შემეძლო МГИМО-ში ჩამებარებენა და დიპლომატის კარიერა ამეგო…“ მაგრამ ჩვენი პერსონაჟი რატომღაც ჯიუტად აზვიადებს ბავშვობის, იმავე ,,სამოთხის დამთავრებისთანავე დამდგარი არჩევნის“ მნიშვნელობას, რომელიც ზუსტად იცის, რომ სიტყვას დაუკავშირდება. ,,მამას, რა თქმა უნდა, დისიდენტად არ გავუზრდივარ, ასეთი რამ კოშმარულ სიზმარშიც არ მოელანდებოდა, მაგრამ მან მსოფლიო მაჩვენა – ეს საკმარისი იყო…“. გარეგნულად ყველაფერი, მართლაც უმტკივნეულოდ გამოიყურებოდა. პროფესიონალი და უაღრესად სიმპათიური (ამბობენ, ბელადს ასეთი შთაგონებული სახეები მოსწონდაო) სტალინის მთარგმნელის, შემდეგ კი ელჩის ოჯახი, რომელიც იერარქიული კიბის მაღალ საფეხურზე სწორედ საბჭოთა რეჟიმის წყალობით მოექცა. პარიზში გატარებული ბავშვობა, თინეიჯერობის წლებისა კი – ეგზოტიკურ აფრიკაში, სადაც ძლიერი ბაობაბების სილუეტები გაუდის ტაძრებს ჯაბნიან, საელჩოში გამართული მიღებებისა და წვეულებების რიგი, დღისით დახვეწილი მოდური ევროპული სამოსი , საღამოს – შავი სმოკინგი და ქათქათა გახამებული პერანგი… მოკლედ, ეს ნომენკლატურაა, ხოლო ჩვენი ავტორი, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს, ნომენკლატურული უფლისწული. თუმცა კუმ ამ ჯავშანში ყოფნა არ მოინდომა, რადგან მას, ამ უცნაურ ,,კუს, ზღვისკენ სურდა გაცურვა“… კრიტიკოსებმა მწერლის ცხოვრების ეს გარდამტეხი მომენტი ზედმეტი პირდაპირობით გაიგეს, ამიტომაც ერთ-ერთმა მათგანმა, ა. ლატინინამ ,,ნოვი მირში“ გამოქვეყნებულ თავის წერილს, მიძღვნილს ,,კარგი სტალინისადმი“ (2004, #12), ასე უწოდა: ,,განდევნა ნომენკლატურული სამოთხიდან“.
რაც შეეხება, სსრკ-ში სიტყვის გაკერპებას, მისი მაგიური ძალის აღიარებას, ამასთან დაკავშირებით ავტორი უზარმაზარი ქვეყნის მართვის ორ უტყუარ პოსტულატს წარმოგვიდგენს: თავად სიტყვას და არაყს, როგორც მონოპოლიზებისა და მანიპულირების უცდომელ საშუალებებს: ,, უცხოელებს უჭირთ იმის გაგება, რომ დღემდე ამ ქვეყნის ძირითადი ცხოვრება არსებობს… ცნობიერების თვითრწმენაში, სიტყვების სახოვან სისტემაში და არა რეალობაში… ენა – ერთადერთი არგუმენტია რუსეთის არსებობის სასარგებლოდ. პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მონოპოლია ჰქონოდა სიტყვაზე, ისევე, როგორც არაყზე. ამ მონოპოლიის ხელყოფა აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების ჰერმეტულობის დარღვევა…“.
ერთი მხრივ, ეროფეევი პრინციპულად არ წერს ავტობიოგრაფიულ წიგნს, მეტიც იგი უპერსპექტივო, ჩიხურ ჟანრად მიაჩნია და საილუსტრაციოდ საკმაოდ შთამბეჭდავ ავტორთა სახელებსაც იმოწმებს : ავტობიოგრაფია ზედმეტად პირადულია, დოკუმენტალიზმი – არ გამომივიდოდა, ამიტომ მაგიური ტოტალიტარიზმის (სწორედ ასე უწოდებს ის სტალინის მიერ ჩამოყალიბებული მმართველობის სისტემას) ატმოსფეროსთვის ყველაზე შესაფერის ფორმად რომანი მივიჩნიეო. დავსძენდით, რომანი პოსტმოდერნისტული სვლებით, რაზეც მეტყველებს, პირველ ყოვლისა, ეპიგრაფი, როგორც აბეზარი რეალობიდან გასვლის უტყუარი ალიბი, როგორც წიგნისთვის ზუსტი მიმართულების მიმნიჭებელი ჟესტი: ,,ამ წიგნის ყველა პერსონაჟი გამონაგონია, რეალური ადამიანებისა და ავტორის ჩათვლით“. სახეზეა ტრადიციული ოჯახური ისტორიისგან თავის დაღწევის მცდელობა; გარდა ამისა, მკრთალი სიუჟეტური ხაზი, რომელსაც გასდევს მამის მკვლელობის მისტიფიცირების მხატვრული ხერხი; სტალინის, როგორც ,,მიძინებული რუსული სინდისის“ პერსონიფიცირება და თხრობის ტონალობისა და სტრუქტურის ამ მოცემულობით მოდელირება; ავტორის მოულოდნელი დიალოგი ამ სახე -სიმბოლოსთან, რომელიც იმავდროულად აპოკალიპტური იდეების ტრანსლატორადაც გვევლინება; ავტორისავე თვითმარგინალიზება (ზოგან თხრობა პირველი პირიდან მესამეში გადადის). მოკლედ, ეს ის სვლებია, რომლებიც ,,კარგ სტალინს“ მონოტონურობისა და სიმძიმისგან იცავს. მეორე მხრივ კი, ურთიერთობა მშობლებთან, განსაკუთრებით მამასთან, ისეთი სკურპულოზურობითა და სიფრთხილითაა მოტანილი, რომ განსაკუთრებით მკითხველთა იმ ნაწილს აოცებს, რომელმაც კარგა ხნის წინ, და თითქოს ერთხელ და სამუდამოდ, ეროფეევის, როგორც უხამსი მოთხრობების შემქმნელის, სტიგმატიზაცია მოახდინა. საბოლოო ჯამში მე და მამა ორივენი იდეალისტები ვიყავითო – წერს – მხოლოდ ეს იდეალიზმი სამყაროზე რადიკალურად განსხვავებულ წარმოდგენებს ეყრდნობოდაო. მართლაც, ,,ბელადის საყვარელი მთარგმნელისა და შემდგომში ელჩის შვილის“ მხრიდან ბევრი რამ რევიზიონისტულ განწყობილებას ექვემდებარებოდა, უცვლელი კი, როგორც ჩანს, რჩებოდა მხოლოდ სიყვარული მამისადმი. ამიტომაც მამა-შვილს შორის გამართული ,,ცივი ომი“, რომელიც ზოგჯერ (რა საოცარია არა?!) საფრანგეთიდან ბელგიისკენ მიმავალ ,,სიტროენში“ , ხანაც რომელიმე ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში მოშრიალე კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე, სწორედ ამ მამაშვილური სიყვარულითაა კორექტირებული.
ძნელია კიდეც თვალი მიადევნო იმ უამრავ დეტალს, რომლებიც მამასთან აბსოლუტური ჰარმონიიდან დისჰარმონიაზე გადასვლის გონივრულ ტემპებს ავლენს. და ეს, ცხადია, მხოლოდ გარდამავალი ასაკით ვერ აიხსნება. ვიქტორ ეროფეევი საგანგებოდ აღწერს პარიზში მივლინებული ეროფეევების ოჯახის (მაშინ იგი მხოლოდ სამი წევრისგან შედგებოდა, მწერლის უმცროსი ძმა, ანდრეი, მოგვიანებით სწორედ პარიზში დაიბადა) იდეოლოგიურზე არანაკლებ მნიშვნელოვან გასტრონომიულ ომში ჩაბმას, იმას, რაც კატლეტებისა და ,,ბორშჩის“ ჩვეული გემოს ნაცვლად მათში ახალ უჩვეული შეგრძნებებს ბადებს და თანდათანობით ქვიშაზე იერიშმიმტანი წყლის ჭავლის მსგავსად გამოდევნის კიდეც მათი არსებიდან რაღაც ძალზე რუსულ-საბჭოურს, ბუნებრივია, მშობლებისგან უფრო ნაკლებად, ვიდრე შვილისგან. დაწყებული ჯარისკაცული ,,ტაბა დე ტრუპის“ მაგარი გალური თამბაქოდან, რომელსაც მამა ეწეოდა, ბორდოთი ხაზგასმული ,,პომ-ფრიტით“ თუ კანის ფესტივალზე სტუმრობისას (გაითვალისწინეთ, ეს კი ჯერ კიდევ 1957 წელია), გზისპირა სასტუმროებში ყავა-ო-ლეს დესერტად მიყოლებული ხენდროსა და ჭერმის ჯემიანი კრუასანებით დამთავრებული, იმ გამოწვევად იქცა, რომელსაც მუდამ გაწონასწორებულმა და მომღიმარმა ,,სტალინურმა შევარდენმა“, ვლადიმერ ეროფეევმა, თავის ყოჩაღ მეუღლესთან გალინა ჩეჩურინასთან ერთად (ამ ქალბატონმა არა მარტო დრაიზერი და ტრუმენ კეპოტი თარგმნა, არამედ დაწერა მოგონებების წიგნიც ,,Нескучный сад“) ალღო აუღო, მოირგო და გაითავისა. ეს იყო სიცოცხლის სიყვარულის ფრანგული გაკვეთილები, რომლებმაც მშობლები გარდაქმნა, შვილი კი თავისუფალი სამყაროს ნაწილად აქცია. ,,პარიზში მე სამშობლოს ვუღალატე, რაც მთელი მომდევნო ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა… მე ვუღალატე სამშობლოს ისე, რომ არც შემინიშნავს ეს: ადვილად და თავისუფლად“. თუმცა 1959 წელს ,,შეგირდობის ეს ხანა“ დასრულდა. ეროფეევი-უმცროსი თავის წიგნში დაწერს კიდეც : ,,საფრანგეთმა აიძულა მამაჩემი, ფრანგულად ესვა და ეჭამა, მერე კი გადმოაფურთხა…“
ეს წიგნი თავში 25 წელი მიტრიალებდაო – ამასაც ამბობს, რაც, უთუოდ, იმ გონივრულ დროზე მიგვანიშნებს, რომელიც საინტერესო ცხოვრებით ინსპირირებული ხშირად ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებებისა და აღქმების სისტემატიზებას დასჭირდა. მცდელობა გარკვეულიყო თოვლის ბაბუის მსგავსად ბავშვური სურვილების ამსრულებელ ,,კარგ სტალინსა“ და მისდამი შიზოფრენიულ მორჩილებაში მყოფთა ფსიქო-მოტივაციებში ძნელიც იქნებოდა და მტკივნეულიც, რადგან იმ მრავალთა შორის, ზომიერი სერვილიზმის მიუხედავად, მისი განუმეორებელი, მისი წარმატებული მამაც იგულისხმებოდა. შესაძლოა, ამიტომაც შეიქმნა მაგიური ტოტალიტარიზმის ზემოთ უკვე ნახსენები ცნება, რომელიც ეროფეევმა რუსულ ეთნო-ფსიქიკასა და ისტორიას დაუკავშირა და მისი დახმარებით გარკვეულწილად ახსნა კიდეც ხელისუფლებისა და მასების ურთიერთობის საბჭოური პრაქტიკა. სტალინი – კოლექტიური რუსული ცნობიერების ნიღაბი, რუსეთის მძინარე სინდისის სიმბოლო, რუსი ხალხის არქაულობის ინდიკატორი, იმავდროულად უჩვეულო ყალიბის ხელოვანი, რომელმაც რეალობაში განახორციელა მსოფლიოს გადაკეთების საკუთარი პროექტი. გარდა ამისა, იგი ჩაწვდა ძალადობისადმი ადამიანთა მიდრეკილების მექანიზმს (,,სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას რომ კვლენ ცქერა გვწადია…“ – ვაჟა) და მას საკუთარი ნეკროფილური მისწრაფებები მოარგო. სტალინის ფენომენში გარკვევის ჟინმა თუ აუცილებლობამ აქცია ეროფეევი არა ზომიერ კონფორმისტად, როგორც ვარაუდობდა, არამედ ინდივიდად, რომელსაც დამოუკიდებელი აზროვნების პრეტენზია აქვს.
დასავლეთისგან განსხვავებით, სამშობლოში ეროფეევის, როგორც მწერლის მიღება-არმიღებას, დაუფარავად სდევდა გაღიზიანება მისი გამორჩეული ბედის გამო (ამასთან მისი ერუდიცია, ფართო ინტელექტი და ესეისტობის ბრწყინვალე უნარი ეჭვქვეშ თითქმის არავის დაუყენებია). ,,რუსი მწერლები სტარტს ყველაზე უკეთ ხალასი პროვინციული ნიჭის მქონე პროვინციელთაგან, მძიმე ბავშვობიდან, მახინჯებისგან და მეძავებისგან იღებდნენ. მე სამშობლოში არასოდეს მპატიობდნენ ჩემს საზიზღარ წარმომავლობას“. ამიტომაც ,,ინტელიგენტი კრიტიკოსებიც“ კი კბილს გაკრავდნენ ხოლმე არაერთ ფაქტს მწერლის ბიოგრაფიიდან, რომელიც საბჭოეთში დაბადებული შემოქმედისთვის უბრალოდ ხელმიუწვდომელი იყო. მაგ. იმას, რომ ,,კარგი სტალინის“ ფრაგმენტები, გერმანიაში წიგნად გამოსვლამდე იბეჭდებოდა ,,ფრანქფუნტერ ალგემაინეს“ ფურცლებზე, რომ პრეზენტაცია მოსკოვში, გერმანულ საელჩოში მოეწყო და კრიტიკოს-შემფასებლად იქ თავმოყრილ ზეპურ საზოგადობას თვით ირინა ხაკამადა მოევლინა და ა. შ. არადა, შესანიშნავად იციან, რომ მწერლის ნამდვილობას არა სოციალური სტატუსი, არამედ, ერთი კლასიკოსის ცნობილ ფორმულას თუ გამოვიყენებთ, გულის არეში მოურჩენელი კბილის ტკივილი განსაზღვრავს. (მართალია კი, რომ ეროფეევთან ეს სიმპტომი რამდენადმე თავისებურად გამოვლინდა). ერთი შეხედვით, ამგვარ მიდგომას რუსული ლიტერატურული პროცესის ვერც ისეთი შემფასებელი ართმევს თავს , როგორიც დიმიტრი ბიკოვია, რომელიც ,,კარგი სტალინის“ შესახებ მისთვის ჩვეული იმპერატიულობით წერს: ,,… აქ ბევრგანაა გადამღერება ძველი ზღაპრებისა იმის შესახებ, თუ როგორ დიდებულად ცხოვრობდა ე.წ. ,,ოქროს ახალგაზრდობა“. არც ,,პიჟონობის“ სიმცირე იგრძნობა“ . ძალაუნებურად გაგონდება ოთარ ჭილაძის გამონათქვამი. ორ რამეს არ გპატიობენ: ნიჭს და ბედნიერებასო. აქ კი, როგორც ჩანს, ორივემ ერთად მოიყარა თავი. ცენზურას დაქვემდებარებული საბჭოთა მწერლობის ,,ურწყვ უდაბნოსთან“ შეჭიდებული რომელიმე ყოჩაღი კალმოსნისთვის კი, რომელიც ვინ იცის, რის ფასად ქმნიდა საკუთარ თავს, ასეთი პრივილიგებულობის მიღება ადვილი არ იყო.
თუ გახსოვთ, ,,მადათოვით“ აღფრთოვანებულ ქართველ მკითხველს აკა მორჩილაძე თავს უბრალო ფანტაზიორად აცნობდა, რომელსაც შვილის გამონაგონისგან გაგულისებული დედა ზოგჯერ მატყუარასაც კი ეძახდა. ეროფეევსაც დედამ თურმე მიუნჰაუზენი შეარქვა. მიუნჰაუზენობა, როგორც მწერლობის ერთგვარი რეინკარნაცია. ,,მეც ვცრუობდი, ოღონდ აღმაფრენით“. თუმცა გამონაგონის სტრუქტურირებისადმი ლტოლვა იქნებ მალეც გამნელებოდა, რომ არა ,,Paris –Mastch“-ში ბუდაპეშტში შესული რუსული ტანკების ფოტოს ნახვაო – წერს (1956 წელი). აქ, როგორც ჩანს, მაინც არა ერთმა, არამედ რამდენიმე მოვლენამ ითამაშა გადამწყვეტი როლი: უნგრეთის ამბებმა, როდესაც რუსულ საელჩოს პარიზში წითლად შეღებილი კვერცხები დაუშინეს, ცნობილ მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობამ და ყველაზე მნიშვნელოვანმა მოვლენამ, რომლის შეგრძნება, ცხადია, მოგვიანებით მოვიდა – სამყაროზე მეტაფიზიკური სახურავის ჩამონგრევამ, რომელმაც ეროფეევს, მაშინ როგორც დამწყებ მწერალს, არაერთი საფიქრალი გაუჩინა.
რა ვუყოთ მომხიბვლელ იდეას ,,მწერლის , როგორც გაგიჟებული მაღვიძარის შესახებ, რომელიც რეკავს, რათა სამყარო გააღვიძოს?!“, რა ვუყოთ რუსული ლიტერატურული კლასიკის ჰიპერმორალიზმს, ევროპელებისგან ასე გაღმერთებულ დოსტოევსკის, ბოლოს და ბოლოს, ,,ვერცხლის საუკუნეს“, რომელიც რევოლუციის წინ გაშლილ და რევოლუციის შემდეგ კი ფოთლებჩამოშლილ მუხად წარმოგვიდგება?!“ ,,კარგი სტალინის“ მთარგმნელ-რედაქტორებთან და გამომცემლებთან ილიაუნში გამართულ შეხვედრაზე წუთით მომეჩვენა, რომ ეროფეევი სწორედ ჩვენ, ქართველებს, შემოგვჩიოდა, როგორც თვითონ უწოდა, კულტურის ორი ,,ტიტანიკის“ (1917 და 1991 წელს) კატასტროფას, რომელმაც აუნაზღაურებელი ზიანი მოგვაყენაო. ჩვენ, ვისაც, უფრო ადრეული ამბები რომ არ გავიხსენოთ, აგერ ახლახან, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სწორედ რუსეთის მიზეზით არ მოგვეცა საშუალება ქართული კულტურის წარმატებით დაწყებული მოდერნიზატორული პროექტის ბოლომდე მიყვანისა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუქმებითა და ევროპეიზმის კანონგარეშე გამოცხადებით დასრულდა. როგორც საფრანგეთსა და რუსეთს შორის მუდმივად ფხიზლად ბალანსირებადმა ინტელექტუალმა, ეროფეევმა ყველა ეს დაბრკოლება , ასე ვთქვათ, გაანეიტრალა, შეკრიბა და იმ ტრამპლინად აქცია, საიდანაც დაიწყო მისი მოძრაობა ახალი რუსული ე.წ. ალტერნატიული მწერლობისკენ, რომელიც, მისი ღრმა რწმენით, რუსეთისთვის უპრეცედენტო სიტყვის ავტონომიურობას უნდა დაყრდნობოდა და ცხოვრების საფუძვლებიც ამოეყირავებინა. თუმცა თვითონვე გვარწმუნებს, რომ კარგა ხანს დარჩა იდეალისტად, რაც , როგორც მოსალოდნელი იყო, დამატებით სირთულეებს უქმნიდა. მაგალითად, საფრთხის ქვეშ დადგა მარკიზ დე სადის ბრწყინვალე ესეთი დაწყებული პროფესიონალი, ამასთან არაერთი ევროპული ენის მცოდნე (რაც მაშინ იშვიათობა იყო) ლიტერატორის კარიერა. ჟურნალ ,,Вопросы литературы“-ს, სადაც ეს უცხო მასალა დაიბეჭდა, სევდიანად ,,Вопль“-ს ვუწოდებდითო, რაც იმდროინდელ სამწერლო ცხოვრებაზე თავისთავად ბევრის მთქმელი, ინფორმატიული ცნობაა, თუმცა ასეთი ჩუმი პროტესტის (,,პროტესტუკების“ ) დრო, როგორც ჩანს, სრულდებოდა. ამიტომაც იგი შეიპყრო ალმანახ ,,მეტროპოლის“, როგორც ,,ლიტერატურული ბომბის“, შექმნის იდეამ. ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდით თუ არა, რომ ეს ნაბიჯი ორბიტაზე გაგიყვანდათ, პასუხობს: მე ვიყავი იდეალისტი და არა სკანდალისტი. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ ხდება, რაც სამშობლოში დაბრუნებული (მამა კგბ-ს პარიზელმა რეზიდენტმა აღიქვა, როგორც ,,მუდმივად მოძრავი და მუდმივად განვითარებადი ხე, რომელზედაც უცნაური ნაყოფი იზრდებოდა“ და ეს არ მოეწონა) საკუთარ თავში ტოტალური სიცრუისა და პირმოთნეობის მამხილებლის პათოსსაც აღმოაჩენს. ,,ცრუობდა დედა, ცრუობდა მამა. ცრუობდა კლასის დამრიგებელი ცილია სამოილოვნა, ცრუობდნენ თანაკლასელები, ტელევიზიის დიქტორები, გაზეთები, პარტია, მთავრობა. არ ცრუობდა მხოლოდ ჩემი საყვარელი საფრანგეთი. დოსტოევსკიც არ ცრუობდა. მე ვიხრჩობოდი სიცრუეში“.
აქაც, თითქოს სპეციალურად, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები კბილის ტკივილი იჩენს თავს, რადგან ეროფეევს ,,მეტროპოლზე“ პირველად საუბარი ვასილი აქსიონოვთან ერთად სწორედ სტომატოლოგთან ყოფნის დროს დაუწყია. ,,ვარსკვლავური ბილეთის“ ავტორი, ცნობილი სამოციანელი ვასილი აქსიონოვი მოსკოვში გამეფებული ყაზარმული ცხოვრების გადასაფარად პატარ-პატარა კარნავალების მოწყობით და კოკტებელის სანახებით იბრუნებდა სულს, მაგრამ ამჯერად საქმე ეხებოდა უფრო რეზონანსულ ნაბიჯს, ამ ორის აზრით, რაღაც გეიზერული ამოფრქვევის მსგავსს, რასაც საბჭოთა ლიტერატურა შესაძლოა არ მოეკლა, მაგრამ სასიკვდილოდ უნდა დაეჭრა მაინც.
უთუოდ გინახავთ ეს ჯგუფური ფოტო, გადაღებული ცნობილი თეატრალური მხატვრის მესერერის სახელოსნოს ცნობილ კიბეებზე, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონია: ,,უმცირესობა – ეს ბრბოს საუკეთესო ნაწილია“. იქ ყველაა (და თანაც იმდენად ცნობილნი არიან, რომ შეგნებულად არ ჩამოვთვლი მათ სახელებს) ილუზიებით გაჯერებული ჩვენი საბჭოთა წარსულიდან …. და უცებ მათ შორის ფაზილ ისკანდერი, მოსკოვში მცხოვრები სპარსულ-აფხაზური წარმომავლობის საინტერესო პროზაიკოსი. შეთქმულების თეორიის მიმდევრობის გარეშეც (თუმცა, პირადად მე, ბოლომდე ვერც ამ თეორიის მიმდევრობას უარვყოფ) ქართველისთვის, განსაკუთრებით, აფხაზეთთან უშუალოდ დაკავშირებულისთვის, ეს სახელი დამძაბველია, შეიძლება ითქვას, აღსაქმელად მძიმეა. ისკანდერი კარგად წერდა, მაგრამ როგორღაც გაბრაზებულ-შეურაცხყოფილი აფხაზის პოზიციიდან, ე.ი. ანტიქართულად, ე.ი. მეტროპოლიის სასარგებლოდ. (რად ღირს თუნდაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მისეული შეფასება). ახლა ამ გადასახედიდან, იმთავითვე სწორად გათვლილ დაპირისპირებაში მისი ჩართვა, ვფიქრობ, ხელს აძლევდა სსრკ-ში ერთ ყველაზე ეფექტურ ორგანიზაციას, რათა ნიჭიერი მწერლისთვის ანტისაბჭოური, ასე ვთქვათ, ,,ანდერგრაუნდული“ წარსული შეექმნა. (,,შექმნაზე“ შესაძლოა მუქთახორობისთვის დაპატიმრებული ბროდსკის შესახებ ანა ახმატოვას ნათქვამი სიტყვები მოგაგონდეთ: ,,შეხედეთ, ჟღალთმიანს ბიოგრაფიას უქმნიანო“). ამგვარი ონავრობების ავტორობის უფლება კომპარტიის იმ ლიბერალურ ფრთას ჰქონდა (იაკოვლევი და სხვები), რომელიც დემოკრატიის ელემენტების გამოყენებით ,,სოციალიზმის სახის გაადამიანურებას“ ცდილობდა. სხვათა შორის, მსგავსი ბრალდება ვიქტორ ეროფეევის წინააღმდეგაც გაისმა (სერგეი დოვლატოვი, მესამე ტალღის რუსული ემიგრაცია) და არაერთხელ. თუმცა ფაქტია, რომ ჩანაფიქრმა, თუკი ის ნამდვილად არსებობდა, გაამართლა და ე.წ. ,,ბულდოზერული გამოფენის“ დარბევის შემდეგ, მხატვრებთან ერთად ანტისაბჭოურად განწყობილი მწერლების გამოვლენაზეც იმუშავა. ყოველ შემთხვევაში, შეიტანა რა დიდი ხმაური ეროფეევების ოჯახში (მამა, მაშინ ვენიდან მოსკოვში გამოითხოვეს), უფროს ეროფეევს ვაჟიშვილის მიერ სახელდახელოდ მომზადებული მოკრძალებული საუზმის დროს (დედა ამ დროს ვენის ერთ-ერთ კლინიკაში საოპერაციოდ ემზადებოდა) ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ათქმევინა: ,,ჩვენს ოჯახში უკვე არის ერთი გვამი – ეს მე ვარ. შენ თუ მონანიებას დაწერ, ოჯახში ორი გვამი ვიქნებით“. მონანიება არ დაწერილა და ეს თითქმის წინასწარმეტყველური ნაბიჯი გამოდგა.
როგორც ზოგიერთი ოპონენტი ამტკიცებს , მამის ეს რეპლიკა მწერლის მიერაა შეთხზული და მას სოციალიზმის იდეების ერთგული ადამიანი, ანუ ეროფეევი-უფროსი, არასოდეს იტყოდა. თუნდაც ასე იყოს, მერე რა? სათქმელი მაინც ითქვა და კონკრეტულად ვის მიერ, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია იგი უნისონშია წიგნის ერთ-ერთ მთავარ გზავნილთან, ნებისმიერ სიტუაციაში პიროვნების თვითრეალიზების აუცილებლობას რომ გულისხმობს. რუსეთი მწერლისთვის ოაზისია, რადგან აქ მოძრაობა არა იმდენად ირაციონალიზმის, რამდენადაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ხდება ხოლმე. დაახლოებით მსგავს მოსაზრებას გამოთქვამდა რუსი მწერლების შესახებ დიდი ჰენრიკ იბსენი. ის, რასაც იბსენი მკაცრს უწოდებს (,,ისეთ მკაცრ პირობებში უხდებათ თვითდამკვიდრება, რომ ამგვარ გამოცდას მხოლოდ გენიოსები უძლებენო“), ეროფეევისთვის სასაცილოა, მხოლოდ იმავე სიმკაცრის ესენციით. ამიტომაც წიგნში თანდათან იკვეთება ,,ყველაზე სასაცილო ქვეყნის ყველაზე თავისუფალი ადამიანის“, წიგნის მთავარი პერსონაჟის, მთხრობლის, ამასთან კი ეროფეევთა რესპექტაბელური ოჯახის ,,ამრევის“ (,,ამრევი“ საერთოდაც წიგნის ავტორისთვის მწერლის სინონიმია), იმავე ზღვისკენ თავაღერილი კუს თვითრეფლექსია, რომლსაც ბუნებრივი დაცულობის მიუხედავად გული უცნობი სტიქიისკენ მიუწევს.
ეროფეევი ძალიან მტკივნეულად წამოედო რუსული ლიტერატურის ჰიპერრეალიზმად წოდებულ ბასრკბილებიან ფოცხს და საკმაოდ უნუგეშო დასკვნამდეც მივიდა: რუსი მწერლებიც სასაცილო ხალხია, რადგან ამ სასაცილო ქვეყანაში ზნეობრიობის დაცვას ლამობენ. მირაჟია საკუთარი თავის სიმართლის, გნებავთ სინათლის, რაინდად წარმოდგენა. სამყარო მის მიერ მოუნელებელი ბრიყვებითაა სავსე (,,Дураки неистребимы“, როგორც სწორედ ამ პერიოდში ფიზიკოსებზე შექმნილი ერთი ცნობილი ფილმის პერსონაჟი, თვითონაც ფიზიკოს-ლირიკოსი ამბობდა), რომლებიც მას კატასტროფისკენ მიაქანებენ.როგორც მოსალოდნელი იყო ასეთ ვითარებაში მივიღეთ სიცილი, რომლის უკან სიბრიყვესთან ამაო ბრძოლით აღძრული საკაცობრიო სევდა იმზირება. ამ თემას მწერალი არაერთხელ შეხებია (ერთ-ერთი გადაცემაც კი მიუძღვნა ,,აპოკრიფში“). მეტიც, მარკიზ დე სადისადმი მიძღვნილ წერილში გამჟღავნებული ადამიანისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების ნიშნები მოგვიანებით XV საუკუნის ორი გენიოსის, სებასტიან ბრანტის (ასე გამოიყურება, მაგალითად, ბრანტის სატირულ-დიდაქტიკური პოემის შესავლის პერიფრაზი: ,,ვითომ სულის გადამრჩენ წიგნებს ჩვენში ბლომად აცხობენ, მაგრამ ბოროტება ამით არ შერყეულა; წერილობები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეგვცვალონ ან რამე გვასწავლონ; ღამეულ სიბნელეშია სამყარო დანთქმული, სადაც ბრიყვები ყელყელაობენ…“ ) და იერონიმ ბოსხის ,,სულელების ხომალდზე“ წარმოებული დაკვირვებებით შეივსო, რასაც დეკლარირებული იდეალისგან ასე შორს წასული საბჭოთა ყოველდღიურობაც დაერთო და წრეც შეიკრა. მწერალი საკმაოდ ფართო ლიტერატურულ-ისტორიულ ჭრილში წარმოაჩენს მისთვის ბიოგრაფიის ნაწილად ქცეულ ფასეულობათა რღვევის დინამიკას, რომელიც ვერბალურად საფრანგეთის განმანათლებლური იდეებით შთაგონებული რუსული მწერლობის ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიურ ძიებების საპასუხოდ გახმოვანებულ იქნა ტურგენევის ბაზაროვის რევოლუციური თეზით: ,,ადამიანი კარგია, გარემოებები – ცუდი, საჭიროა მათი გარდაქმნა“, თუმცა მალევე რუსული რევოლუციების გამოცდილებამ ამოატრიალა და ერთხელ ნათქვამის ანტითეზად მოგვევლინა: ,,რეალურად პრობლემა თვით ადამიანშია და არა გარემოში“. ასე იქცა ,,ღარიბთა სამოთხის“ შემქმნელი რუსული ღმერთი სტალინი ბანალურ ავანტიურისტად, უკიდეგანო სივრცე, სადაც ეს ექსპერიმენტი განხორციელდა – სულელების ქვეყნად, წიგნი კი ,,კარგ სტალინზე“- სისულელის ნარატიულ ფორმად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულელები (ყოველ შემთხვევაში მათი ერთი სახეობა) კულტურული და საზოგადოებრივი ჩარჩოების ,,სიმტკიცის“ დამცველებად გვევლინებიან, თავიანთი ანტირეფლექსიურობის გამო მუდმივად იცავენ იმავე საზოგადოების სტაბილურობას, ანუ მისი წევრების დიდი ნაწილის უფერულობასა და საშუალოობას და ყოველივე ამის შედეგად ყველა ჯურის დესპოტიზმს ქმნიან და ამყარებენ, მაშინ ადვილი მისახვედრია სტალინიზმისა და სისულელის ეროფეევისეული მინიშნებების არსი. სტალინიზმის მსგავსი სისტემები, მითი სტალინზე, რომელიც დღემდე ცოცხლობს, სწორედ ამ კავშირს ეფუძნება. და ეს წიგნი ამ ჭეშმარიტების გარკვევაშიც გვეხმარება.
ბელა წიფურიას შეკითხვაზე (სწორედ მას მიჰყავდა ილიაუნში მწერალთან გამართული ზემოთ ნახსენები შეხვედრა): თქვენ იდენტიფიცირებას ახდენთ საკუთარ მამასთან , მიუხედავად იმისა, რომ იგი ბელადს ემსახურებოდა?! ეროფეევმა უპასუხა: უფრო გავიჭედე ოჯახსა და ისტორიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის ხანა ჩემთვის სამოთხე იყო, მშობლებისთვის კი ჯოჯოხეთნარევი სამოთხე, ეს ილუზორული რეალიზმი იყო. ნამდვილად კი არსებობდა დიდი შიში და მწერლობა ამ შიშისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა აღმოჩნდაო. ერთხელ მამის წყალობით პიკასოსთან შეხვედრისას დიდი მხატვრის კითხვაზე: ვინ გინდა გამოხვიდე? ეროფეევმა თურმე მოზარდის უცნაური სიჯიუტით უპასუხა: არავინ. დაუფიქრებლად ნათქვამი ეს სიტყვა მისი შემდგომი ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. ,,არავინ“-ად ყოფნა მწერლის სრულყოფილი მარკერია, თუმცა ორმაგად დასაფასებელია ის, რომ იგი გააზრებულად განვლილი გზის უმნიშვნელოვანეს მოსახვევზე ითქვა: ,,მე მომავლის ფარულ ძვრებს ვგრძნობდი, თითქოს ორსულად ვიყავი. ცხოვრება ახლა იწყებოდა – და ძალიან მინდოდა სიცოცხლე. ,,ხელისუფლების შვილიდან“ მე გარდავიქმენი თავისუფალ მწერლად – ესე იგი, არსებითად გავხდი არავინ, როგორც პიკასოს დავპირდი…“.
დაბოლოს, ორიოდე სიტყვა თარგმანზე, რომელიც სასურველი იყო, ნაკლებად ნაჩქარევად ყოფილიყო შესრულებული. საერთო შთაბეჭდილებას, რომელიც საბოლოო ჯამში დამაკმაყოფილებელია, აშკარად ვნებს ადგილები, სადაც უფერულდება ავტორის, როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, ხელწერა, მისი სტილური თავისებურება. ზოგან დარღვეულია თავისუფალი თარგმანის პრინციპიც, რის გამოც ხელიდან გვისხლტება ორივე ენის, საიდანაც ვთარგმნით და რომელზედაც ვთარგმნით, შესაძლებლობები. მაგ. ,,სანიადაგო სიტყვები“, ,,მხიარულად იღიმებოდა“, ,,გავარვარებული კომუნისტი“, ,,ვარსკვლავის ბილეთი“ ნაცვლად ,,ვარსკვლავური ბილეთისა“ (ეს ვ. აქსიონოვის მოთხრობის სახელწოდებაა), ,,ნადიმი ჭირის დროს“ (შდრ. ,,ნადიმი ჟამიანობის დროს“), ,,ოჯახური გამომეტყველება“ (,,შინაურული გამომეტყველება“), ,,თავის თავი გაუიგივა სტილს“ (,,თავისი თავი სტილთან გააიგივა“), ,,კატლეტი“ და არა ,,კოტლეტი“, ,,ბრეცს და არა ბრიცავს“… რომანის საკვანძო სიტყვის ნათესაობით ბრუნვაში ჩასმა მაშინ, როდესაც კონტექსტი, რომელშიც მთხრობლის კონკრეტულ მამაზეა საუბარი, მოითხოვდა უკვეცელ ფორმას (,,მამას გადაწყვეტილება“ და არა ,,მამის გადაწყვეტილება“) და სხვ.
და მაინც, ,,კარგი სტალინი“, ცხადია, ქართულადაც ინტერესით იკითხება. ურთიერთობა კი ისეთ ავტორთან, როგორიც ვიქტორ ეროფეევია, თავისუფლების პირად ზონას აფართოებს. ეს კი დღევანდელ ქართველ მკითხველს ძალიან სჭირდება.
© არილი