პოეზია

ჯუანშერ ტიკარაძე – კედელი

ქუჩას რამოდენიმე ქუჩით რომ გამოვცდი,

მაშინღა წარმომიდგა თვალწინ

(ისე მკვეთრად,

თითქოს კრატერიდან ამოხეთქილი წიაღვარი

დამაყრუებელი მდუმარებით შეაწყდა უხილავ ბარიერს

და ატომებად დაიშალაო)

ქორონიკონის ჟანგიანი ჩრჩილებით დაჭმული ქვაფენილი

და არყოფნისკენ გადაქანებული კედელი,

ზედ მიხატული სამი ფერადი ფანჯრით.

ძველთაძველი კედელი იყო,

ადამიანის დაუოკებელი უტიფრობიდან ამოზიდული.

ქუჩაზე ძველიც უნდა ყოფილიყო,

როგორც ახლა ვატყობდი,

ქალაქზეც ძველი.

შევტრიალდი,

ახლოდან კარგად შევათვალიერებ-მეთქი:

ოციოდე ნაბიჯი გავიარე,

ხელმარცხნივ, ძოწელის ქუჩაზე ჩავუხვიე,

მუხაძის გამზირი განივად გადავჭერი,

ღელისხიდზე გადავედი,

მადათოვის დაღმართი ჩავიარე,

მატაბლიდან სამზეოს II შესახვევამდე პატარ-პატარა შუკებით ვიარე

და ბლებისბაღიდან ქუჩაზე გავედი.

სამჯერ თუ ოთხჯერ

(ზუსტად აღარ მახსოვს)

ავიარე და უკანვე ჩამოვიარე ქუჩა –

პირველი სახლიდან ბოლო სახლამდე –

მაგრამ კედელი ვეღარსად ვეღარ დავინახე,

აღარც მარჯვენა მხარეს აღარ იყო

და აღარც მარცხენა მხარეს.

ძალაგამოცლილი ჩამოვჯექი პირდაპირ ტროტუარზე

(წამით ვიგრძენი,

როგორ მიმალურსმნა ადამის მიწას ცამ,

რომელსაც ვეღარასდროს შევწვდებოდი),

კეფა მოვიქექე და ჩემს თავს ვუთხარი,

მოდი,

დროში უკნიდან დავუვლი-მეთქი.

ასეც მოვიქეცი.

მარჯვნივ,

პროკლე კეკელიძის ქუჩაზე ჩავუხვიე და მოვხაზე წრე;

ან, შეიძლება, ნახევარწრე;

ან, სულაც, კაუჭი:

პროკლე კეკელიძიდან იალქნების ქუჩაზე გადავედი,

ავიარე სევდის გორა,

მერცხლისციხის eბანი ქოშინით გადავსერე,

ბორჯღლის ქუჩაზე რომელიღაც ეზოში წყალი მოვსვი და შუბლი გავიგრილე,

ბაიაზეთის კიბეებით ცალქალამანიძეზე ჩავირბინე,

მეცხრე ცის სკვერი გადავჭერი,

აჟრიამებულ ი~გ მაისის გამზირზე შევუხვიე

და ნებროთის ჩიხი გულის მხარეს მოვიტოვე.

აქედან პირდაპირ ქუჩაზე უნდა გადავსულიყავი,

მაგრამ რატომღაც რომელიღაც უცხო მოედანზე აღმოვჩნდი –

იდეალური წრის ზუსტად შუაგულში

ოქროსფრად აბრჭყვიალებულ უზარმაზარ სვეტზე

ვიღაც უცნობი კერპი აღემართათ.

უკან გამოვბრუნდი,

მოჩვენებათა ხეივანს გავუყევი,

ჯუანშერ eკუღმართის მონუმენტთან eგროშოთა ბაზრობისკენ გადავუხვიე,

ანგალხანაც გავიარე და…

ვერა,

ქუჩაზე მაინც ვერ მოვხვდი:

სულს წაეღო თუ ღულს,

აღარც კედელი იყო

და აღარც ქუჩა.

იქვე,

ავტობუსის გაჩერებაზე სკამზე ჩამოვჯექი,

სიგარეტი ამოვიღე,

მოვუკიდე.

უცებ გამახსენდა

ლაბირინთში მომწყვდეული ვირთხის ოქროს კანონი:

თუ გინდა,

გარეთ გამოაღწიო,

ერთი მიმართულება უნდა აირჩიო

(ვთქვათ, მარჯვენა…

ან მარცხენა)

და ყოველ ჯერზე მხოლოდ არჩეულ მხარეს შეუხვიო

(ვთქვათ, მარჯვნივ…

ან მარცხნივ).

მონეტა ამოვიღე.

ავერსს მარჯვენა დავარქვი,

რევერსს – მარცხენა.

მერე მარჯვენა ხელის ცერა თითით ჰაერში ავაბზრიალე,

იმავე ხელით ჰაერშივე დავიჭირე,

მეორე ხელის ზურგზე დავიდე და დავხედე.

ავერსი ამოსულიყო.

მაინც გადავწყვიტე,

სულ მარცხნივ-მარცხნივ შევუხვევ-მეთქი.

ისე,

ბედისწერის ჯინაზე.

ანდა, რა ვიცი, სწორედ ეს იყო ეგებ ბედისწერა.

მარცხნივ შევტრიალდი,

ჟივჟივაძეზე ჩავუხვიე,

ოციოდე ნაბიჯი გავიარე,

კორპუსებს შორის გავძვერი,

ბულვარზე გავედი

და ფარნვაზის კლდეს განძის მღვიმემდე მივყევი.

აქ ყორნისბორანით ქალაქის მარცხენა სანაპიროზე გადავედი,

ჩვილ მოწამეთა ქვაფენილები ავიარე,

ჩაილურელების სასაფლაო ზურგს უკან მოვიტოვე,

ვარჯებით ერთმანეთს გადაწნულ ორ ძეწნას შუა გვერდულად გავსხლტი,

ფერადი კენჭებით მოხრეშილ ბილიკს შევყევი

და ქალაქის სრულიად უცნობ ნაწილში მოვხვდი –

ერთმანეთს ენაცვლებოდნენ უცხო ქუჩები, შენობები, შესახვევები

(მხოლოდ რამდენიმე წამით დავლანდე ჰორიზონტზე

გოდლისწვეროს უსახური კორპუსები),

ჩიხები, სკვერები, მოედნები, ქანდაკებები, შადრევნები,

მიწისქვეშა გადასასვლელები, ტავერნები, კინოდარბაზები, გალავნები, ეკლესიები

და მე კი

სულმოუთქმელად მივერეკებოდი ჩემს თავს სულ მარცხნივ,

მარცხნივ, მარცხნივ, მარცხნივ, მარცხნივ, მარცხნივ…

ამასობაში მოიქუფრა ცა, საწვიმრად წამოუბერა,

ქალაქისპირა ხრიოკი გორაკები ნისლმა შებუმბლა

და წამოუშინა უმალვე,

მსხვილი წვეთები დააყარა ახორკლილ ასფალტს

და მეც უნებლიეთ ავაჩქარე უკვე დამძიმებული ნაბიჯები

და ჯერ რომელიღაც ბიჯგებშეყენებული ნახანძრალი სახლის

ციცქნა აივნის ქვეშ შევიყუჟე,

მერე ქუჩის მეორე მხარეს აგურით მოპირკეთებული მომცრო თაღი დავინახე.

არა,

გრძელი და ვიწრო ტალანი უფრო იყო,

ვიდრე თაღი.

მეტიც,

გვირაბი უფრო ეთქმოდა.

ძველებური ჩირაღდნების შემპარავ შუქში აზელილი ჭვარტლისა და ნესტის სუნი

ხსოვნას სიზმრებში ჩარჩენილი თქმულებებით აბრუებდა,

ძგერდა გული მთელი სამყაროს მაგივრად

და წერაქვით უხეშად გამოკვეთილი კედლებიდან მობრუნებულ ნაბიჯების ექოში

მოჩვენებების შრიალი,

საუკუნეების წინ გადახმაურებული ვნებების კაეშანი

და ღამის მახინჯი ფრინველების წრიპინი გაისმოდა.

დიდხანს მივდიოდი ასე.

შეიძლება რამდენიმე საათიც.

მერე აიწია თანდათან ჭერი

და დაშორდნენ ერთმანეთს კედლები.

აქეთა მხარეში აღარ წვიმდა.

გვირაბიდან გამოსული გზა

თვალუწვდენელ მინდორს ირიბად ჭრიდა

და სიმწვანეში იკარგებოდა.

მზე უკვე ჩასასვლელად გადახრილიყო

და ცის სიღრმეში ჯერაც უხილავი მთვარე და ვარსკვლავები იგრძნობოდა.

რამდენიმე წუთი კიდევ მივფლატუნობდი ინერციით

მოუხელთებელი ჯადოქრობით შესუდრულ გზაზე.

მერე გზიდან გადავედი,

მინდორზე წამოვწექი,

ხელები თავქვეშ ამოვიწყე

და ცას ავაჩერდი.

მერე ვიწექი ღამის სუნდაკრულ ბალახებში

და ვუყურებდი ფერგადასულ ცას,

ვიდრე თვალები დამეხუჭებოდა.

მერე კი,

როცა თვალები დამეხუჭა,

დახუჭული ქუთუთოების სიშავეში მე დავინახე სულ სხვანაირი ცა

და იმ ცაში მე დავინახე ქალაქი

და ქალაქში მე დავინახე ქუჩა

და ქუჩაზე მე დავინახე კედელი

და კედელზე მე დავინახე სამი ფერადი ფანჯარა:

ერთი მწვანე იყო, დარაბებჩამოფარებული,

მეორე – გამოღებული, მოიისფრო, სიფრიფანა ნატყვიარებით,

ხოლო მესამე კი – ცეცხლისფერი – ოდნავ მაღლა და დაფერდებულად მიეხატათ.

 

ლექსში გამოყენებული ასომთავრული ასოები და ციფრები

ქ- ქ

ძ- ძ

მ – მ

ღ- ღ

დ – დ

ს – ს

ბ – ბ

ა – ა

პ- პ

კ – კ

ი – ი

გ – გ

e – უ

ც – ც

~გ – 13

ნ – ნ

ჩ – ჩ

ხ – ხ

ჯ – ჯ

ჟ – ჟ

ფ – ფ

ყ – ყ

© არილი

Facebook Comments Box