ნანა კობაიძე
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ბატონი ზაზა ბერიშვილია, გამომცემელი, რომლის საქმიანობის შესახებ არცთუ დიდი ხნის წინათ მხოლოდ მისმა მეგობრებმა და პარტნიორთა ვიწრო წრემ იცოდა. ბოლო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე პროექტის შემდეგ კი იგი ფართო საზოგადოების სერიოზული ინტერესის ობიექტად იქცა. რატომ, ქვემოთ შეიტყობთ.
ზაზა ბერიშვილს გამომცემლობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. არც ირგვლივ ჰყოლია ვინმე, ვისი მაგალითიც ამ საქმიანობისკენ უბიძგებდა. პროფესიით ექიმია და მის ოჯახშიც ძირითადად ამ სფეროს წარმომადგენლები ჭარბობენ. თუმცა, როგორც ხუმრობით იხსენებს, ყოფილა ვინმე თავადი ნიჟარაძე, რომელიც მას დედის მხრიდან ენათესავება და 1800 წელს პირველი ქართული სტამბის ზედახედველად დაუნიშნავთ. ეს იყო და ეს. თავად მისი საექიმო კარიერა თავიდანვე მკვეთრად იყო განსაზღვრული. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი თერაპევტის სპეციალობით. 1989 წელს კიევში საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა, თუმცა, შემდგომი საქმიანობა სრულიად სხვა მიმართულებით წარმართა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ექიმებს უჭირთ და ოჯახში ვიღაცას პურის ფულიც ხომ უნდა შემოეტანაო – “განმარტა” საკუთარი არჩევანი. თუმცა, მისი გადაწყვეტილება კიდევ ერთმა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა – ზაზა ბერიშვილს ძალიან უყვარს კითხვა. სანამ საკუთარ გამომცემლობას დააარსებდა, ბევრი ეტაპი გაიარა, ისწავლა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ ისეთ ადამიანს, როგორიც ის არის, აუცილებლად უნდა ჰქონოდა საკუთარი გამომცემლობა, თავად განესაზღვრა, რას გამოსცემდა და როგორ. 1998 წელს ჩანაფიქრი რეალურად განახორციელა. ასე შეიქმნა გამომცემლობა “სანი,” რომელიც თავდაპირველად სხვის შეკვეთებს ასრულებდა. ისევე, როგორც ბევრი სხვა გამომცემლობა, ბეჭდავდნენ ყველაფერს, რასაც შესთავაზებდნენ – ღია ბარათებსაც და მხატვრულ ლიტერატურასაც. გარკვეული პრიორიტეტები გაცილებით გვიან გამოიკვეთა. დღესდღეობით ზაზა ბერიშვილი “სანის” საქმიანობას წარმატებულად მიიჩნევს, იმიტომ, რომ შეუძლია გამოსცეს იმ მწერლების შემოქმედება, რომლებიც ძალიან უყვარს.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ “სანის” რამდენიმე საინტერესო პროექტმა გაუთქვა სახელი, ეს პროექტები სამომავლოდ გამომცემლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება. ყველაფერი გურამ დოჩანაშვილთან ნაცნობობით დაიწყო, რომელიც ზაზა ბერიშვილის საყვარელი მწერალია. გაცნობისთანავე შესთავაზა, რომ გამოსცემდა ნებისმიერ ნაწამოებს, რომელსაც ბატონი გურამი ისურვებდა. არჩევანი ძმები კეჟერაძეების ამბებზე შეჩერდა და ასე გამოიცა პირველი პროექტი, რომელშიც დოჩანაშვილის 5 მოთხრობა შევიდა. ამას მოჰყვა “ვატერპოლო,” ამის შემდეგ კი ბატონმა ზაზამ გარისკა და “სამოსელი პირველიც” გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინათ გაიმართა. ეს გამოცემა რიგით მეოთხეა. მესამე გამოცემიდან 10 წელზე მეტი გავიდა. ზაზა ბერიშვილი გაკვირვებულია, რატომ არავის მოუვიდა აზრად მისი ხელახალი დასტამბვა. ეს წიგნი ხომ იმ ნაწარმოებთა რიცხვში შედის, რომელიც ძალიან უყვარს მკითხველს. “სხვათა შორის, “სამოსელი პირველის” გამოცემა ძალიან გამიიოლდა, რადგან წიგნზე მომუშავე პერსონალი უანგაროდ აკეთებდა საქმეს, ისინი ბედნიერნი იყვნენ ამ პროქტის განხორციელებით. ერთადერთი პრობლემა ქაღალდის შეძენა იყო” – მითხრა ბატონმა ზაზამ. მისივე თქმით, ყველა პროექტი, რომელიც გურამ დოჩანაშვილს უკავშირდება, მინიმალურ საგამომცემლო ხარჯებს მოითხოვდა. “5 მოთხრობის” პრეზენტაციისთვის დარბაზს ვეძებდი. ჩვეულებრივ, მისი დაქირავება საკმაოდ ძვირია. დავრეკე საჯარო ბიბლიოთეკაში. დარბზის ფასი რომ ვიკითხე, შეიცხადეს, რას ამბობთ, გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაციაში ფულს როგორ გამოგართმევთო – იხსენებს ზაზა ბერიშვილი.
არცთუ დიდი ხნის წინათ, კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მისი კიდევ ერთი პროექტი მოექცა. ეს გახლდათ რეზო გაბრიაძის ახალი რომანის – “ქუთაისი ქალაქია” – პრეზენტაცია და უკვე ცნობილი – “შერეკილების” ხელახალი გამოცემა. ამ გამოცემათა ისტორია ასეთია: დაახლოებით ერთი წლის წინათ საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ ერთ-ერთ მიღებაზე ფრანგებმა რეზო გაბრიაძეს წარუდგინეს გამომცემელი ზაზა ბერიშვილი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მათთან. ამ შეხვედრისას გაირკვა, რომ ბატონ რეზოს ჰქონდა გარკვეული იდეები, მაგრამ ვერ იპოვა გამომცემელი, რომელიც მათ ზუსტად განახორციელებდა. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს და გადაწყდა, რომ გაბრიაძის ახალ რომანს სწორედ ზაზა ბერიშვილი გამოსცემდა. “ბატონი რეზოს წიგნის გამოცემა ნებისმიერი გამომცემლობისთვის დიდი პატივი იქნებოდა. როგორც ჩანს, მას ჩვენი გამომცმლობის მუშაობის მთავარი პრინციპი მოეწონა – ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი პროექტებიდან მივიღოთ მაქსიმალური მოგება. ისინი ორ მთავარ მიზანს ემსახურება – ავტორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მკითხველისთვის ხელმისაწვდომ ფასს” – მითხრა ზაზა ბერიშვილმა. სხვათა შორის, ჩემს რესპოდენტთაგან იგი პირველია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში წიგნის ფასები გაუმართლებლად მაღალია. “რეალურად წიგნის გამოცემა არ ჯდება ისე ძვირი, რომ ამხელა ფასი დავადოთ – ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შესაძლოა, ვინმე არ დამეთანხმოს. მსოფლიოში წიგნი არსად არის იაფი, მაგრამ იქ მოსახლეობას იმხელა ანაზღაურება აქვს, რომ მაღალი ფასი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობა წიგნში ძალიან ძვირს ვერ გადაიხდის. ზოგჯერ მათი ფასი გაუმართლებლად მაღალიც კი არის. ეს თბილისელი ტაქსის მძღოლების ამბავს მაგონებს: მოგეხსენებათ, თბილისში ორნაირი მძღოლები არიან – ერთნი მთელ დღეს სადგურთან დგანან და 50-ლარიან კლიენტს ელიან, მეორე კატეგორია განუწყვეტლივ დარბის ქალაქში და სამლარიანი მგზავრიც მიჰყავს და ლარიანიც. ერთი სიტყვით, ოჯახს ორივე არჩენს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. ჩვენი გამომცემლებიც დაახლოებით ასე იქცევიან, ზოგს ურჩევნია 500 წიგნი გამოსცეს და 10 ლარად გაყიდოს. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია, მირჩევნია 1000 ეგზემპლარი გამოვცე და 2-3 ლარი დავადო, რადგან მინდა, რომ ჩემი გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იყიდოს.” – ამბობს ზაზა ბერიშვილი და ძნელია, არ დაეთანხმო. სამომავლოდ იგი კიდევ რამდენიმე საინტერესო წიგნის გამოცემას აპირებს. სულ მალე მკითხველი იხილავს ოთარ ჭილაძის პოემებისა და ლექსების კრებულს, რომელიც ასევე დიდი ხანია, არ დასტამბულა და გოდერძი ჩოხელის კრებულს, რომელშიც მისი ახალი ნაწარმოებები შევა. “სანი” ახალგაზრდა საინტერესო ავტორებთანაც აპირებს თანამშრომლობას, შერჩეული ჰყავს რამდენიმე კანდიდატურაც, მაგრამ ბატონმა ზაზამ მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. სამაგიეროდ, ერთი ახალი პროექტის შესახებ პირველი განცხადება ჩვენთვის გააკეთა. მისი თქმით, გაზაფხულზე პატარა მკითხველები ეგზიუპერის უკვდავ ქმნილებას, “პატარა უფლისწულს” იხილავენ, რომელსაც “სანი” ცივილიზებული გზით, ანუ საავტორო უფლებების სრული დაცვით გამოსცემს. საქმე ის გახლავთ, რომ ეს წიგნი საქართველოში რამდენჯერმე გამოიცა, თუმცა, პირატულად. “სანიმ” ამ წიგნის საავტორო უფლებების მქონე ფრანგულ გამომცემლობა “გალიმარს” მიმართა. საფრანგეთში ამ ქმნილებას ეროვნულ განძთან აიგივებენ და მის საავტორო უფლებებსაც სიფრთხილით ეკიდებიან. “ჩვენი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ და პასუხიც კი არ გაგვცეს” – იხსენებს გამომცემელი. შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ, რომელმაც თავის მხრივ რჩევისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიმართა. საბედნიეროდ, იქ უკვე იცნობდნენ ზაზა ბერიშვილს, რეკომენდაციაც გაუწიეს და საავტორო უფლებების შეძენაშიც დაეხმარნენ. ამ გამომცემლობის მიწვევით ოქტომბრის დასაწყისში ბატონი ზაზა საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ბევრ სამომავლო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. “გალიმარი” დაინტერესებულია, რომ მისი გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნები ისეთ პატარა ქვეყანაში გამოვიდეს, როგორიც საქართველოა. ისინი თანამედროვე ქართული მწერლობითაც დაინტერესდნენ. ზაზა ბერიშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ურთიერთობა ორივე მხარისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. ფრანგული შთაბეჭდილებებიდან ბატონმა ზაზამ ერთი საინტერესო ფაქტი გვიამბო. თურმე, ბოლო დროს საფრანგეთში ძალზე დაეცა მოსახლეობის დაინტერესება პოეზიით. იმისათვის, რომ ხალხი გახდეს უფრო ემოციური და ნაკლებ პრაგმატული, საფრანგეთის მთავრობამ ასეთ ხერხს მიმართა – მეტროს ვაგონებში გამოაკრა ნაწყვეტები პოეზიიდან, რომელსაც ყოველ კვირა ცვლიან. ერთ დღეს ვაგონში შესულმა ქართველმა გამომცემელმა მისდა გასაოცრად კედელზე ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისას” ნაწყვეტები აღმოაჩინა – ქართულ და ფრანგულ ენებზე. საფრანგეთის მთავრობა ზრუნავს არა მხოლოდ ფრანგული, არამედ უცხოური პოეზიის პოპულარიზაციისთვისაც. “რა თქმა უნდა, იმის წარმოდგენა, რომ დღეს საქართველოში ვინმე ლიტერატურის პოპულარიზაციით დაინტერესდება, ილუზიაა, უბრალოდ, ეს არის შესანიშნავი მაგალითი, რა შეიძლება გავაკეთოთ, როცა კარგად ვიცხოვრებთ” – მითხრა ზაზა ბერიშვილმა.
გამომცემლობა “სანის” სამომავლო საქმიანობა კიდევ ერთ მიმართულებას ითვალისწინებს. ეს არის უცხოური ბესტსელერების გამოცემა ქართულად. უახლოეს მომავალში გამოსცემენ ფრანგი ავტორის, ვენსან რავალეკის ბესტსელერს, რომელსაც მთელი საფრანგეთი კითხულობს. ბატონ ზაზას ეს პროექტი, ცოტა არ იყოს, აშინებს, რადგან ფიქრობს, რომ ამ წიგნს საზოგადოებაში ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც თავის დროზე გადაცემა “ფსიქოს,” თუმცა, გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მისი თქმით, ეს ნაწარმოები არ არის განკუთვნილი ფართო მასისთვის, იგი იმ კატეგორიის მკითხველს დააინტერესებს, რომელსაც უნდა გაიგოს, რას კითხულობენ დღეს საფრანგეთში. “დაგეგმილია კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა. ეს არის ასევე ფრანგი ავტორის, უელბეკის ბესტსელერი “ელემენტარული ნაწილაკები,” რომელსაც გიორგი ეკიზაშვილი თარგმნის. საქართველოში მომავალ საფრანგეთის კულტურის ატაშეს ეს წიგნი პრეზენტაციიდან სამი კვირის შემდეგ თურქეთის აეროპორტში თურქულად ნათარგმნი უნახავს, იგი რუსულადაც თარგმნეს. ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო” – გვითხრა ბატონმა ზაზამ. ერთი სიტყვით, გეგმები ბევრია, ისღა დაგვრჩენია, ჩვენს რესპონდენტს წარმატება ვუსურვოთ, რადგან მისი წარმატება ქართველი მკითხველის ბევრი ახალი წიგნით მომარაგებას ნიშნავს.
სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს
© “წიგნები – 24 საათი”
One Comment
Anonymous
ეჰ, 8 წელი გავიდა მას მერე და წიგნის ფასი მხოლოდ იმატებს.. კლების არაფერი ეტყობა 🙁