პოეზია

გიორგი ლომსაძე – სიცივე სხვების უბანში და სხვა ლექსები

სიცივე სხვების უბანში

ახლაც ისეთი მონდომებით დაეშვება ღამე, როგორც გუშინ.

შენ იდგები გაკვირვებით, თითქოს ეს ხდება პირველად,

თითქოს, აქამდე არასდროს და ახლა გაუფრთხილებლად,

გულზე უსასოობის ლოდი დაგადეს.

როგორც ყოველ საზეიმო დროს, იმედგაცრუება მოგეხვევა,

შენ არ ხარ მარტო, შენზე ზრუნავენ, თუ დავაზუსტებთ,

შენზე იზრუნეს და გულახდილად რომ იტყოდეს ვინმე,

შენზე დიდი ხნის წინ უნდა ეზრუნათ.

წინადღესასწაულის ფერადი განათებები

თვალს ვერ აგიხვევს, ვერც სიმღერით მოგატყუებენ,

რომ გარეთ თოვდა და არ ციოდა.

შენ იცი რას ნიშნავს სითბო, მაგრამ ვერ ხვდები, როგორია

და სანამ თორმეტზე ფანჯრებიდან სიხარულის ნარჩენებს ყრიან,

რომანტიზმისთვის იტოვებ ადგილს გახეულ ჯიბეში.

 

მეგობარი

მახსოვს, ჩემი ტვირთი მანქანაში როგორ ჩავაწყვე,

როგორ გაივსო და მაინც  კიდევ ეტეოდა.

მახსოვს, რამდენი იყო, როცა გადავთვალე ფული.

შევუკარი თასმები ჩემს შვილს ისე,

რომ ორივე ფეხზე ოთხივე ყური

ყოფილიყო ერთმანეთის ტოლი.

ვერაფრით ვივიწყებ, რა მეცვა მაშინ,

როცა მივდიოდი დიდი ხნის ფიქრის,

მზადებისა და რამდენიმე დიალოგის  შემდეგ.

ჩაჯდომისას დაუბრკოლებლად წასვლა

მოწმენდილი ცა, ჩემი გემოვნების მუსიკა რადიოში,

ჩემი ცოლის ნათქვამი რომ კარგი იქნებოდა ახალ ადგილას,

(სადაც გველოდებოდნენ მერამდენე წელია)

ერთადერთ რამეს ნიშნავდა,

რომ იმ მშვიდ, დიდი ხნის ნანატრ დროში,

როცა ყველაფერი იდეალური უნდა ყოფილიყო,

მოუშორებელმა და უმიზეზო სევდამ მაინც შემოაღწია.

 

დღის ბოლო

წარუმატებლობის შიშით ჩაბნელებული

იღებ სიამოვნებას. დღის სიმწარე – მუქი შოკოლადი,

ძალდატანებულ დასვენებას ეხმარება აზრი,

რომ არც ერთი შენი შეცდომა და არც ერთი უაზრობა

არ იქნება სამყაროსთვის უცხო და გასაკვირი,

ვერც ერთი ადრეული ჩაძინება, სახელის გატეხა,

დროის დავიწყება, ხასიათის დილიდან გაფუჭება,

ნივთების დაკარგვა, არასწორი გამომეტყველება

ვერ დაგტოვებს მარტოს, ბევრი ხარ სხვებთან,

მაგრამ იქნებ ერთ ოთახში ყოფილიყავით,

ან ერთ დროში მაინც.

 

*  *  *

უმთვარო ღამემ დაფაროს აუშენებელი სახლი,

ჩემი ფანჯრიდან რომ მოჩანს

და ძილის წინ გაგონილმა მანქანების მოულოდნელმა ხმაურმა

შეავსოს ჩვენს საუბარში ჩამოვარდნილი პაუზა,

ერთმანეთს ვხედავთ და ვერაფერს ვამბობთ,

ჯერ კიდევ მთლიანად ვჩანვართ.

სიტყვები დიდი ხანია სიზმრებში აწყობენ

შეუზღუდავ თავსატეხებს,

მრავლდებიან თავაშვებული ორგიებით,

იცვლიან საცხოვრებელ ადგილს,

გადადიან ერთი ტყიდან მეორეში,

ამზადებენ ახალ განსაცდელებს გაღვიძებისთვის,

როცა საღამო აენთება და ოთახს გაათბობს,

ვნახავ სათქმელებს, როგორ ჩაიკარგებიან

მიმქრალ ნაკვერჩხალში

ახალი ტერიტორიების შემოსასაზღვრად.

 

დამალობანა არავისთან

ეს ეზოები არ დაგარიგებს უფროსი მეგობარივით,

რომელიც თამაშის დროს გიწყობს გამოცდას

შენივე სიკეთისთვის.

უცნაური დღეები არ ყოფილა მწარე გაკვეთილები,

თითქოს, ვიღაც იდგა კუთხეში მოშორებით,

რომ ენახა, საკმარისზე მეტი არ მოგსვლოდა

და ყოველი ფეხის დაცდენის შემდეგ დაგნახებოდა.

შენთან არის ახლაც ცალკე მდგარი ნაძვი,

იმ ქუჩის გალამაზებას რომ ცდილობს ისე უადგილოდ,

როგორც ყოველი იქ მყოფი გრძნობს თავს.

კავშირის პოვნა ყველაზე ძნელია შენსა და ამ ადგილს შორის,

რომელიც თავს წლობით ილამაზებდა იაფფასიანი პარფიუმერიით,

უფრო სწორად, რასაც შესთავაზებდნენ, ყველაფერს იდებდა სახეზე.

 

თავისუფლების საფუძვლები

ერთი ჩვეულებრივი დღის იმ მონაკვეთში,

რომლის სახელიც არ ვიცი და შუადღესა და საღამოს შორისაა,

ყველაზე უცხო და მოუხერხებელ ადგილას

(სადაც უხერხულობა ყველაზე ბუნებრივი და თანდაყოლილია),

გარედან შემოსული ხმაური რომ ადგას უკიდურეს სინაზედ,

შეიძლებოდა მომხდარიყო რაღაც, რაც შემცვლიდა.

 

წაუკითხავი წიგნებით სავსე დარბაზში

სულ ერთი გახდა არასაიმედო სურვილები,

სილამაზე, მთლიანად რომ მინდოდა

და რამდენიმე საათის შემდეგ შემოსული

ტელეფონის ყველა მოსაწყენი ზარი.

დღის გარდამავალ მონაკვეთში, რომლის სახელიც არ ვიცი,

ჩემი შიშები და გადამეტებული სიხარული,

ახლო მომავლისთვის ყველგან რომ დამქონდა,

არაკომფორტულ, შემთხვევით ადგილზე დავტოვე.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

და დიდი ხნით ადრე არჩეული ადგილები

ერთმანეთისთვის არის გაჩენილი,

ამბობდა ნაცნობი გაჩერებაზე ლოდინისას,

რომელსაც ეგონა, ზუსტად იცოდა,

რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა,

ან როდის მოვიდოდა სავსე ავტობუსი,

ჩემთვის რომ ყოველთვის აგვიანებდა.

 

დაცვის გზები

საყინულეში ჩაწყობილი ბოთლებიდან ვარჩევ,

რომელ მათგანში ასხია რამე უალკოჰოლო

ვპოულობ ადგილს და ვაწყობ დაბლა, არ გაიყინოს.

რამდენმა შეშინებულმა ბავშვმა უნდა იკითხოს,

რა ემართება მზეს, როცა ზღვაშია და არ ჩანს.

სანამ ბნელდება, ვამოწმებ ნათურებს ყველა ოთახის ჭაღზე.

თუ აცივდება სახლში, ტემპერატურას ავწევ.

რამდენჯერ უნდა დასცვივდეს ხეებს ფოთლები შენი თმასავით.

თუ მომინდება წიგნის მოძებნა ჩემი ძილისწინა ხასიათისთვის,

ჩემი კარადის ბოლო რიგში ვიპოვი კედელთან ახლოს.

როცა ინტერნეტი ნელდება, ვტვირთავ გამანაწილებელს,

თუ სახლიდან დიდი ხნით გავალ, გადავატრიალებ საკეტს,

მაგრამ არ ვიცი, რამდენი ხანი უნდა გავიდეს,

რომ შენი უდარდელობაში დაბრუნებაც ასე ადვილი იყოს.

 

***

ჩემი დილაა ჩაწეული ფანჯრიდან მოსული ნიავი

გზიდან გადახვევის ეჭვისა და სურვილსგან შემდგარი.

მე გავყვები ახალ და დროებით საგზაო ნიშნებს,

რომლებიც მიმიყვანს იმავე ადგილას, მაგრამ უფრო გვიან.

ავირჩევ გზას, მზის ამოსვლის მიმართულებით,

სადაც დრო არ დაემსგავსება ჩემს აზრებს

და მე ვიქნები დროისგან გამომდინარე,

სადაც სიშორე არ აირეკლავს ჩემი ფიქრის ხმას,

რომელიც სინამდვილეში უფრო სუსტად ისმის,

როგორც ყველაფერი დარღვეული და არასაიმედო.

მე ავირჩიე ჩრდილიანი გზა  ზაფხულის ეჭვებისთვის

და ვხედავ ნახევრად დანგრეულ სახლებს,

იმ დასასრულის ნიშანს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

© არილი

Facebook Comments Box