ლექსი და სიზმრები
დაგსიზმრებია ლექსი?
მეკითხები და გპასუხობ, რომ – კი, დამსიზმრებია.
როცა ლექსები მესიზმრება
სიზმარშივე ვფიქრობ, რომ ამაზე კარგი ლექსი არ მაქვს.
ეს რა საოაცარი სიუჟეტი განვავითარე,
ბოლოს რა მოულოდნელი ფინალი იყო.
სტრიქონებს შორის ჩაქსოვილი ჰაერიც იგრძნობოდა.
თითქოს მართლა ხდებოდა ის, რასაც ვიტყუებოდი.
ასეთი თეთრი ლექსი არ მახსენდება.
ლიმონივით მჟავე და სუნთქვასავით უცხო.
თითქოს მზად არის,
რომელიმე ლიტერატურულ ჟურნალში ახლავე დაიბეჭდოს.
ერთი ლექსის კონკურსზეც გავიდეს,
ერთი ლექსის კრიტიკაც დაუწერონ.
რა კარგად იწყება, თუმცა არ მახსოვს, როგორ იწყება,
მაგრამ იმდენად ჩაგითრევს, რომ ვერ მოწყდები.
შენ მეუბნები: – გაიგებენ კი?!
ორივეს გვეცინება და ფანჯრებს ვხურავთ..
ცხადია, ჩემი არცერთი სიზმარი არ მახსოვს,
იმ სიზმრებს ვგულისხმობ, სადაც ლექსი ურევია,
ისინი ალბათ პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ,
ვინ იცის, იქნებ მელოდებიან.
წარმოიდგინე, რამდენი უცნობი ლექსის ავტორი ვარ.
როცა ლექსები მესიზმრება,
ყოველთვის მახსენდება ზაზა თვარაძე,
რომელიც წერდა სიზმრებს,
მე არ გამომდის, ჯერ ალბათ არ ვარ, ძალიან ცხადი.
ბრჭყვიალა
როცა ლომბარდიდან გამოვედი,
სადაც სახლში შემორჩენილი ბოლო ბრჭყვიალა ჩავაბარე,
რომელიც რაღაც გრამებს იწონიდა.
დიახ, რაღაც გრამებს, მაგრამ იმედებით სავსე გრამებს,
რომ ერთი კვირის სამყოფ საჭმელს მოგვიმარაგებდა
მე და ოჯახის წევრებს,
რომლებიც ვერ ელეოდნენ ბოლო ბრჭყვიალას.
გამოვედი თუ არა, ლომბარდის მოპირდაპირედ გავიხედე,
სადაც მაღალი, ტანადი კორპუსის პირველ სართულზე
სიწითლე ენთო – სახელად ბანკი!
რაკი კვირაც მალე გაივლიდა,
ბრჭყვიალაც უკვე სხვისი იყო,
გადავჭერი ქუჩა
(მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ცხოვრება გადავჭერი, და არა ქუჩა.)
ანთებულებმა მიმიღეს,
ყველა ბედნიერი იყო ჩემი ნახვით,
თითქოს ადამიანად ვიგრძენი თავი,
ერთხანს ვფიქრობდი – მე მელოდებოდნენ, რა კარგია!
პირველი ორი თვე ვიხდიდი პროცენტებს,
მერე დამაგვიანდა.
დაგვიანებამ შვა მეტი პროცენტი,
მეტმა პროცენტმა შვა ნერვიულობა,
ნერვიულობამ შვა გაუსაძლისი შრომა,
გაუსაძლისმა შრომამ შვა ტკივილი,
ტკივილმა შვა ტკივილიდან გაქცევის სურვილი,
და მე გადავიხვეწე!
დღეს მქვია ემიგრანტი,
მე აღარ ვბრჭყვიალებ,
ფაქტობრივად აღარც ვანთივარ.
დრო
დრო ასეთია ჩემთან:
– ლექსებსაც ვერ ვასწრებ,
ვერც იმას ვიგებ როდის მთავრდებიან.
მხოლოდ დაწყება შემიძლია,
ასე უფრო ადვილია…
ანუ, როდესაც შენ დგები და
ჩემს რომელიმე ლექსს კითხულობ,
უნდა იცოდე, რომ დასაწყისია,
დაბადებაა და მეტი არაფერი.
რაც მოგინდება ის დაამატე,
რასაც მოისურვებ ის ამოიღე.
იკითხე და აკითხე.
უბრალოდ, მხოლოდ შენ გიხაროდეს,
განსაკუთრებით შენ გიხაროდეს,
რომ ჯერ კიდევ შემწევს თავიდან დაბადების ძალა.
სამზარეულოს ჰიმნი
გავანიავე სამზარეულო.
ნიავმა შემოაღო გაზაფხული.
გაზაფხულმა შვა ფოთლები და მათგან ერთ-ერთი
სალათის ფოთლები, რომელიც წინ მიდევს
და ალესილი დანით ვემუქრები,
რომ ვაქცევ ნაკუწებად.
ვჭრი და ვფიქრობ, რომ ასე ნაკუწდება
ჩვენი ცხოვრება, ერთი შეხედვით საღი და ჯანმრთელი.
სადღაც კი ყვავის ჩვენი საძვალე,
იშვერს ყვავილებს და ცისკენ აგზავნის…
სამზარეულო ნიავდება
სუნისგან ხახვის,
სუნისგან კვერცხის,
სუნისგან ცომის,
ზეთი ტაფაზე იხარშება, მარილი მყოფნის…
გადმოვალაგე თეფშები და ჩანგლები,
– სტუმრები დღესაც აღარ მოვლენ,
მთავარი არის წარმოიდგინო – ყველას ახსოვხარ!
კარტოფილი, მიწითაა დაშანთული,
სამზარეულო ნიავდება,
გადის სურნელი მიწის!
ვკითხულობ ვადებს შეძენილი პროდუქტების.
მაიონეზი, ორ თვეში განუტევებს სულს.
არაჟანს, ორი კვირაღა დარჩა,
მაწონიც არ არის დიდი ხნის.
მათ შესახებ ყველაფერი ვიცი,
როდის დაიბადნენ, როდის მოკვდებიან.
ჩემს ვადას არ ვუღრმავდები…
ონკანთან სველი ნაპირებია,
რომელსაც ტილოს გადავუსვამ, მზესავით ტილოს.
დავგვი ნარჩენებს და მივალაგებ ყოველივეს.
კერძიც მზად არის,
სამზარეულო ნიავდება აწ და მარადის.
აკვარიუმი
მთვარეა გარეთ,
თევზებისთვის უინტერესო მთვარე.
მთვარე, რომელმაც მოინელა პოეზია,
მოინელა პროზა, და მაინც ილუკმება, სასაცილოა.
პოეტი ისვრის ანკესს,
პროზაიკოსი ისვრის ანკესს,
რაღაც ახალი მეტაფორა რომ ამოგლიჯოს მთვარეს.
რომ მისი ღამე, აღარ გავდეს სხვის ღამეებს,
რთულია, მაგრამ საინტერესო..
ორნი არიან,
აწყდებიან გამჭვირვალე კედლებს.
გაუთავებლად ბერავენ ლაყუჩებს.
ერთმანეთი ზეპირად იციან.
ვეუცხოები, როცა ვეახლები, რათა გამოვკვებო.
მათთვის უინტერესო მთვარესავით ვარ,
მაგრამ ვისთვის ვანთივარ არ ვიცი.
პირველმა ვინ დამაბიჯა ისიც არ ვიცი.
არც ის ვიცი, როდის მფარავენ ღრუბლები.
მათსავით თევზი მინდა ვიყო,
ვიღაც ხომ მაინც მოვიდოდა ჩემს ნაპირთან,
ვიღაცას ხომ ვენდომებოდი, – უცნაურია.
მთვარეა გარეთ,
წერენ და არ წყვეტენ წერას.
პოეტები და პროზაიკოსები.
ასეა, როცა ცა გაწყდება,
როდესაც სივრცეს დაეწაფები.
ვიღაც უცხო კი, უკვე იყო იმ წერტილზე,
მთვარე რომ ჰქვია,
გაიარა და გამოიარა.
მოხედვა
მე ვტოვებ სახლს და მე მივდივარ არ ვიცი საით,
წამომაძახებს ქარი ამბავს, რომელსაც ვმალავ,
რომელსაც ცეცხლი წავუკიდე ბოლოს კი წყალი
მაინც შევასხი და იქცა კვამლად.
კვამლად, რომელსაც ოთახივით ამოვუშენე,
ჩემი სხეული უფანჯრებო სივრცის მომცველი
დავტოვე ყველა, პირველ რიგში თვალებს ვუშველე,
ასე, სხვადასხვა სივრცეებში ისევ ცოცხლები
ვნაბავთ თვალებს და ვმალავთ ამბავს, რომელიც მოხდა,
რომელიც იყო შესავსები დიდი ამბებით,
ოდესმე ალბათ ყველაფერი იქცევა თოვლად
მერე მზე მოვა და მწველ სხივებს შემოვალღვებით.
დარჩება ორთქლი უშორესი მოწმე ამინდის,
თუნდაც თარიღის, თუნდაც კადრის, რომელიც იყო.
შენ კითხულობდი ჩემი სხეულის ამონარიდებს
და ყველა ფურცელს აკრავდი სითბოს!
ვამბობ იყო და, ყველაფერი ცხადივით მოსჩანს,
როცა თვალებში არეკლილი სხივად იელვებ,
მივდივარ, მაგრამ ვბრუნდები და მივდივარ, მომაქვს
ეს ვეებერთელა სიცარიელე,
რომელსაც ვმალავ, საგულდაგულოდ მიღმა თვალების,
ქრიან ქარები შემოდგომის, და ფოთლებს შორის
ვნატრობ რომ ქარი მის მძიმე ხელებს წამომავლებდეს
და წამართმევდეს სახეს – ნაომრის,
რომელიც იშვა, ასე ცხადად ასე შეპარვით,
ასე მუდმივი ანარქიით, ბრძოლით, ყვირილით,
იდგა ქუჩა და ამ ქუჩაზე, როგორც მეძავი
ვიდექი მხოლოდ ერთი ღამის შესაწირივით…
ხოლო, ვარსკვლავებს ვინც უყურებს – იცის გაქრობა,
იცის ღრუბლების აფარება, თუნდაც სახეზე,
ჰო და იმდენად ავიფარე, – შემომათოვა,
შემომათოვა შენი სხეულის ნასახლარებზე
ვნაბავ თვალებს და ვმალავთ ამბავს, რომელიც მოხდა,
რომელიც იყო შესავსები დიდი ამბებით,
ოდესმე ალბათ, ყველაფერი იქცევა თოვლად
მერე მზე მოვა და მწველ სხივებს შემოვალღვებით…
იუდას სიმღერა
ნუ გერიდებათ შემოიხედეთ ვინც გარეთ დგახართ,
კეთროვანებო, სულით მდაბლებო და თქვენ, ვინც ბრმა ხართ.
ვარსკვლავთ მთვლელებო და მწყემსებო დატოვეთ ფარა,
წამოიყვანეთ ყველა, ვისაც გავხართ და გგვანან.
უთხარით ყველას სათითაოდ ქრისტეს ამბავი,
ახლოს მოვიდნენ ავადმყოფები, ნაავადარნი.
დატოვეთ სახლი, ეზოები, ჭერი და ფარა,
ქრისტე აქ არის, ქრისტე მხსნელი, რომელიც მალავს,
რომ იცის ჩემი ბილიკები, იღბალი, ბედი
ან უბედობა! ერთი სიტყვით, როგორ გავქრები..
როგორ მოვიბამ თოკს კისერზე, რომელიც მომკლავს
და რომ ჩემამდე ვერ მოაღწევს ვერცერთი ლოცვა.
ქარი, რომელიც ამოვარდება ტოტივით მარწევს,
როდესაც ქრისტეს ვეამბორები, როდესაც გავცემ
ორიოდ გროშად, ვერცლის ფასად ცეცხლად რომ იქცა.
აქ საიდუმლო სერობის ჟამს მან იცის ვინც ვარ!
დაწერილი აქვს ყველაფერი წინასწარ მეტყველს
და ჩაეფლობა ყოველივე, რომ ამეტყველდეს,
რომ შემიცოდოს და სათქმელი პირდაპირ მითხრას,
როგორი ცოდვით დავამძიმებ ცასა და მიწას.
როგორი ცეცხლი ჩამიდგება თვალებში როცა
ფარისეველი ჩავეხუტები, გავბედავ კოცნას.
მას შეიპყრობენ, მე კი ვერსად ვიპოვი საშველს,
სადმე გავიქცე, დავიმალო, ცოცხალი დავრჩე…
დაწერილია ყოველივე, რაც უნდა მოხდეს
ქრისტე ჯვარს აცვან ჩემი ხელით, მე უნდა მოვკვდე.
დატოვეთ სახლი, ეზოები, ჭერი და ფარა.
ქრისტე აქ არის,ქრისტე მხსნელი, რომელიც მალავს…
ნუდისტურ სანაპიროზე
ნუდისტურ სანაპიროზე, სადაც ამდენი სიშიშვლე ენთო.
არც არავის გაკვირვებია ჩემი შიშველი სხეული,
არც ჩემი მკერდის ზომით გაოცებულა ვინმე,
არც ჩემი გრძელი ფეხებით.
დროდადრო ზღვაში ჩავდიოდი ტანს ვისველებდი.
იქნებ, მზის ანარეკლი ვგონებოდი ვინმეს,
თუნდაც ქალთევაზა,
რომ წამით მაინც გამოეხედათ,
– ამაოდ დავშვრი.
იქნებ, ვაშლი ჩამეკბიჩა ევასავით, ხომ შემრცხვებოდა?
თუმცა, ვიყუჩე, არ გამიხედავს არავისკენ.
უბრალოდ, მზერა დამაკლდა.
ისეთი მზერა, ქუჩაში მამაკაცები რომ მახვედრებენ,
ერთი შემოხედვით ყველაფერს რომ ასწრებენ.
სულ ვფიქრობ, როგორ გამოვიყურები მაშინ,
როცა თვალებით მაშიშველებენ.
იქნებ, ფერმკრთალი ვარ.
იქნებ, სირცხვილით ვიწვი.
ან, იქნებ, მზად ვარ დამეუფლონ!
წერილი ჩემს დას
ჩანს, ყველაფერმა დაკარგა აზრი,
როცა სიყვარული ვალდებულებამ გადაწონა,
ისეთი დროა, ვერაფერს ახსნი.
მე ელენე ვარ, გამარჯობა!
დღეს შენი ქოლგა დავიფარე, დამიფარა.
ღმერთივით მშვიდად მივყვებოდი ვიწრო ტროტუარს,
მე ახლა იქ ვარ საიდანაც,
ყველაფერს ავხსნი, ოღონდ დრო თუა.
დრო თუა თორემ, აქ საქმეებს, რაღა გამოლევს,
მოხუცი ქალის აღსარებას ვისმენ და ვითმენ,
რომ არ ვიყვირო მისი მეუღლის სასაფლაოზე,
რომ ღალატობდა, უყვარდა კიდეც!
შენ იქ დაგტოვე თვითმფრინავიდან პატარა ჩანდი,
დღე კი არ გავა, არ მოგწერო, არ გითხრა მენდე,
ფული იმდენი შევაგროვე, რამდენიც სახლის,
ქირას ეყოფა, და შემდეგ თვემდე,
როგორმე გასტან, მოგისწრებ ისევ,
მე რომ აქ ბიჭი მომეწონა, ის მწერდა წუხელ.
ხომ იცი დაო, უსიყვარულოდ არავის მივცემ,
წვრილმან ღიმილსაც, წამებს და წუთებს.
უბრალოდ მწერდა, რომ ლექსებს წერს, ხატავს და მღერის,
თავს მაწონებდა მეტაფორებით.
არ შეუძლია, თორემ წამით რომ იყოს ღმერთი,
ვარსკვლავებს ჩემთვის შეაგროვებდა.
სასაცილოა!
ყველაფერმა დაკარგა აზრი,
მაინც მივცურავ ნაპირისკენ, სადაც შუქია,
ისეთი დროა, ვერაფერს ახსნი.
გიგზავნი კოცნას დიდს და გულიანს!.
© არილი