პროზა

ცოტნე ავსაჯანიშვილი – ნათიას ოქროები

თბილისიდან თუ მოიდიხარ, ჯერ ბაკურციხეი უნ გამოიცდე, ვეჯინ ჩამოუარო და გული არ უნ დეგეწვეი იმი გულითვინ, რო ვეჯინი ციხესიმაგრეი ვერ დაინახამ. იმიტო, რო ვეჯინი ლავრიდან, ჯამატაან აღმართამდე მარტო ტრასაა და ჰა-ჰა წარწერაი მოიკრა თვალი, რო ე ტრასა ტყუილი ტრასა კი არალი, სინამდვილეში ივანე ბერიტაშვილი სახელობი ქუჩაა. ეგე ჯამატაან აღმართ რო აიცდები, მანდ არი სოფელი ძირკოკი, ოღონდ იგეთი პატარაა რო, სოფელ რათ ეძახიან ვერ მესმის. ძირკოკი გავლაი, ერთი წუთი ან უნდა და ან არა. ძირკოკი მემრე მოდის ჭანდარი. მაგაი თუ გაიცდები, მემრე გურჯაანია, მარა ჭანდარ რათ უნ გავცდე ბჯო, ჭანდარ თუ გავცდი მემრე რაღა მოგიყვეკე?! რაც უნ მოგიყვეკე, ჭანდარში მოხდა ეგა. ეგე, პაჩტი ხუთმეტი წლიწინ. მე მაშინ პატრაბიჭი ვიყავ, მარა ყველაფერი მახსომს, იმიტო რო ჭანდარში ცირკი არ ჩამოდიოდა და არც პრეზიდენტობი კანდიდატი. თუ რამე უნ დეგეხსომებინა იქა, ეგ იყო ქელეხი. ქელეხი იყო პრაზნიკი ჭანდარში. არა, არა… კი არ გვიხაროდა ვინმე რო კვდებოდა, მარა ეგრე ხდებოდა რა. წარმაიდგინე ეგე… დედამოუტყან გაგანია აგვისტოა, იწვება მთელი გურჯაანი რაიონი და იგეთი რა უნ მოხდეი ჭანდარში კაცმა რო თქვაი, ეგე დედამოუა, ე რა მამხდარაო. ჰოდა ვიღაცა რო წეექცევათ ხოლმე, ხალხ გული კი ეწვება მარა, თან იძახიან – ეგე დედამოუა ე რა მამხდარაო და მემრე ერთი კვირა სუ მაგაზე ლაპარაკობენ და თითონ კი არ იციან, მარა მე ვიცი ერთობიან რაღაცნაირათ.

ჰოდა მე რო პატრაბიჭი ვიყავ, მაშინ წეექცათ ნათო ბაბო. ჯერ ის იყო მაგარი, სამოცდხუთმეტი წლი ქალ ნათია რო ერქვა. აექ ნათია მარტო ორმოცი წლი ქალებსა ქვიათ. ბებერ, ან ნაზო უნ ერქვაი, ან ქეთო, ან კიდენა ნათელა. მარა ისიც სათქმელია, რო ე ნათია არ იყო პრასტოი ბებერი. სხვა ბებრებ არც ებირჟავებოდაკე. კოფეი სუ ახალგაზრდებში სვავდა და იმათთან იყო კარქა. თან იგრე დაიზლაზნებოდა, ერთი არ წამოიტკივდებოდა არც წელი და არცა. გეგონება უკვდავიაო ი შობელძაღლი, ხან კაკლი ხესა ბღერტამდა, ხან ცულ უხათქუნებდა შეშაი. ჰოდა, ერთხელაც რო გამააცხადა მაგი რძალმა ნათო წეგვექცაო, არავის არ ეჯერა სანამ თავი თვალით არ დაინახეი პოლზეგაფშეკილი. წუნკალაან არსენა იძახდა – ბჯო, ამოდენა ბებრებ ზოგ წელკავი აქ, ზოგ სარკომაო, ისინი არა კვდებიანო და ე ყოჩაღ ქალ როგო დაიკრა წნევამ, ე რატოიგეთი მურტალი რამეა ბედიო. ჰოდა ეგრე იყო და ეგრეე… წეექცაკე ე უბედური ქალი და დაიწყეი რძალ-მულმა ხრიალი… – იიი, სად მიხვალ დედიო, რათ მოიკვდი დააო, ვინც დაგწყევლა იმაი ამოუწყდეი სუყველაფერიო და ახში ამ ტირილ ლამის დედისპროჭი ლანძღვა მააყოლეი. მაგრე კი იჭაჭებოდნენ, გეგონება უნ ჩაიყვნენ შიგა იგრე დარდობენო, მარა გულში ორივე იძახდა – რა კარქია რო მოკვდაო. იმიტო, რო სანამ ცოცხალი იყო ე ქალი, ლამის არი თავში ჩაინიკ ჩაახლიდნენ ხოლმე, იგრე ეჩხუბებოდნენ. ვერ უგებდნენ და იმიტო. მული იმაი ვერ ინელებდა, ნათოი ახალგაზრდობაში პროჭი შარაზე რო ქონდა გაყოფილი და რძალი კიდე ძაან გამოუსვლელი პატრაგოგო იყო საიმისოთ, რო ეგეთი კრუტოი დედამთილი ეეტანა. ჰოდა ხან ჩანგალ ესვრიდნენ ერთმანეთ, ხან ქვაბ. მოდი ისიც სათქმელია, რო ერთხელ ნათოი ბიჭმა როსტომამ, ე თავი ცოლ შუბა უყიდა და რო მაიკითხეი რითი უყიდეო, თურმე ნათოი გაზდილი ძროხა გაუყიდნია და ოჯახ ლუკმაპური გამაარიდა ცოლი შუბი გულითვინ. შვილზე გაბრაზებლმა ნათომ, ბიჭ რო ვერაფერი გაუბედა ადგა და ე რძალი ცემა კაკლისაბერტყი ჯოხით. ეგეც გულში ედო რძალ და მაგასაც იფიქრებდა კუბოში ჩაწოლილი დედამთილი წინ… – ეგეო, რო მცემდიო, ვერა წევხარ ეხლა კუბოშიო?!

მაშინ პატრაბიჭი ვიყავ, მარა მეც წავყე ბაბოჩემ სამძიმარზე. ბებრებიდან მარტო ბაბოჩემი მივიდა და ნონიაშვილი ზაირა. სხვა ბებრები უმძრახათ იყვნენ ნათოითან, იმიტო რო ახალგაზრდობაში ყველაი ქმართან უგორავნია ნათოი აფრახებული კატასავით. ჰოდა მიველით და ე ზაირა იძახდა, როგორი კარქი ქალი იყოო, როგორი პატიოსანიო და რამდენჯერაც პატიოსან იტყოდა, იმდენჯერ ყველაი ხარხარი უვარდებოდა ამოდენა სატირალში. იგრე მარტო მე კიარა, სუყველანი იქ ვიყავით პატრაბიჭები. იმიტო, რო საპოვროში ხაშლამაი რო აკეთებდნენ, ძირში რაც დარჩებოდა მემრე ჩვენ გვაცეცხლებდნენ ხოლმე. მაგიტოც იყო, ბალღებ რო სუ გვიხაროდა ხოლმე, ვინმე ბებერი რო მოკვდებოდა.

სამგლოვიარო მუსიკაი მაგნიტაფონში უკრამდნენ. მემრე რო გამორთეი, სიბაშვილი სიმონა ამოიდა. მოიდა ერთი წუთი მაგნიტაფონი და კასეტა მათხოვეკე, ეხლავე ჩამოიტანო. ერთი კი გაიფიქრეი – ამაი რა შავ ქვათ უნდა ე დუხავოი მუსიკაო, მარა უარ როგო ეტყოდნენ და გაატანეი. იმ ცეტმა კიდენა, წაიღო ე მაგნიტაფონი სახში და ცოლ-შვილ ჩაურთო. ცოლი ცოცხით გამოუდგა, შენ კი მოგხვდეი ცხელი ტყვიო, ე რეებ მასმენინეფო. ამან კიდე, შენ იგეთი წუწკი ხარ, რო მოვკვდები არ ჩამირთავ და რომც ჩამირთო რა ჭირათ მინდა, მე მაინც ვეღარ მოუსმენო. ჰოდა ეგე ეხლა ჩავრთამ – თან მუსიკათ ჩემეთვლება და თან მეც გავიგეფო.

გასვენები დღეი, მაგრა ცხელოდა. იგრე დააჭირა, პაპაჩემ რო ოთხმოცდარვაწელ სოხუმიდან პალმები ქონდა ჩამოტანილი, იმ ერთ დღეში გაყვითლდა. ნათო ვისაც უნ ეეწივნა, ყველა დედისპროჭ ილანძღებოდა. ყველა იმაი გაიძახოდა – რაღა აგვისტოში მოუნდა სიკვდილი ამ ჩემი გადანგრეულ, სექტემბერში მამკვდარიყოო. დაავლეი ხელი და ნელ-ნელა წააყანყალეი ახალ სასაფლაოზე. ახალ სასაფლაოი ეძახიან კოტეხი სასაფლაოი, თორე რაღა ახალი, ოცდაათი წელია რაც ეგემანდ ხალხ ასაფლავებენ. პაპანაქება სიცხეში წინ ნათია ბაბო მიქონდათ, უკან მაგი ახალგაზდა დაქალები მიჩანჩალებდნენ. სუყველა ტიროდა. ქალები ცრემლიან პლატოკბსა წურამდნენ, კაცები კი ოფლიანებ. მემრე იმოტოლა ცრემლი და ოფლი აირია ერთმანეთში, ვიღაცეებმა თქვეი, ამ გვალვაში წყალი მაინც არ მოდის და მოიდა ბაჩონკები გამოიტანოთ, ე ოფლი და ცრემლი ჩავასხათ და მემრე ტრუსიკებ მაინც დავრეცხამთო. ამოტოლა ხალხი მიდიოდა საფლავზე… რო გეკითხნა, ყველაი ჭკუა მეეკითხებოდა, არადა კუბოი თავი დარჩათ სახში და ჩვენ დავაწიეთ პატრაბიჭებმა. კიდეკაი ჩავასწარით შარამდე თორე, მემრე ი მკვდარ ნათოი მანქანაზე დაუდებდნენ და უსახურაოთ დაასაფლავებდნენ.

ძალიანაც კი უნდოდა ნათოი რძალ, რო დედამთილის დიდძალი ოქრო ანდერძათ მიეღო, მარა მკვდარ ნათიაი თადარიგი დაუჭერნია და დაუწერნია – მთელი ჩემი ოქროები საფლავში ჩამაყოლეთო. არადა იმოტონა ოქრო ქონდა როო… აბა წარმაიდგინე, რაც კი საყვარლები ყავდა, ყველა ოქროებსა ჩუქნიდნენ. მაგაი კიდე მთელი სოფელი საყვარლათ ერგებოდა. მოკლეთ, აიღეი ნათო თავი ოქროებიანათ და კოტეხი სასაფლაოზე დათესეი.

 

* * *

ყველას უყვარდა ნათია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყავისფერი მოკასინები ეცვა. საოცრად ამშვენებდა გოგონას ყავისფერი მოკასინები და კლასიკური ფართხუნა შარვალი. ეგ მოკასინები პოლონელმა სპეკულანტმა აჩუქა. ფულს ცოცხალი თავით არ ართმევდა. უბრალოდ ხანდახან დამენახვე ხოლმეო – სთხოვდა. ტიტველი ნუ დამენახვები, ეგ მოკასინები ჩაიცვი და ეგეც მეყოფაო – გადარეული ჰყავდა სპეკულანტი ნათიას მშვენიერებას. ნათია უცნაური ქალი იყო. სოფელში არცერთი ქალი არ იყო მასავით მაღალი. არავის ჰქონდა მასავით სრულყოფილი თეძოები. გრძელი, ყვავივით შავი თმა… არავის შეეძლო თვალების ისე ტრიალი, როგორც ბოზ ნათიას, მაშინ, როცა ვინმე მის სექსზე დაყოლიებას ცდილობდა. თვალების შეშინებული ცეცებით, ნათია სირცხვილს და უმანკოებას იგონებდა. ასე უფრო აცხოველებდა ბალნიან სოფლელ მამრებს. სინამდვილეში ნათია სულაც არ იყო მეძავი. უბრალოდ ძალიან უყვარდა ალერსი და არასდროს ამბობდა მასზე უარს. ჩვეულებრივ ქალებს არ ესმოდათ მისი, რადგან მათ ალერსის გარეშეც შეეძლოთ ცხოვრება. ისინი არც იმსახურებდნენ ალერსს, რადგან გაცილებით უშნოები იყვნენ, ვიდრე ნათია. ნათიას ტუჩები პომადის გარეშეც საოცრად ლამაზი და მუქი იყო, მაგრამ მას მაინც ყოველთვის ესვა პომადა, რადგან სოფლელ მამრებს უცხო ხილად ეჩვენებოდათ კრასკასთან კოცნაობა და ასე უფრო იღგზნებოდნენ. კაცმა რომ თქვას, ნათიას სულ ხუთი საყვარელი ჰყავდა და სხვადასხვა დროს ხუთ კაცთან სექსი, ისედაც არ არის წყალწაღებული კურტიზანობა. მას ფულიც არასოდეს აუღია საყვარლებისგან. აბა ფულს თუ არ იღებ, ბოზი როგორღა ხარ?!… ხანდახან ოქროებს სჩუქნიდნენ ხოლმე. დიდად მაგასაც არ ითხოვდა. უბრალოდ იცოდნენ, რომ უყვარდა ოქროს ზიზილ-პიპილოები და უსწორებდნენ. იმიტომ, რომ ცოლებს ერჩიათ.

მისი მულიც შურიანი დედაკაცი იყო და რაღაცეებს წამოაძახებდა ხოლმე. არადა ნათია ქმრის სიცოცხლეში სხვებთან არ წვებოდა. ოცდაერთი წლისა იყო ქმარი რომ მოუკვდა. მეველე იყო კოლექტივში და ტრაქტორით დაეჯახა ვიღაცა ბრუციანი. ნათიას ალერსი უყვარდა და ქმარი აღარ ჰყავდა. შვილი კი ჰყავდა, მაგრამ დიდად ვერ კაიფობდა მაგის მოვლით. მერე ჭანდარში თბილისიდან სამოცდახუთი წლის ფრანგულის მასწავლებელი, ვასილ ხოტივარი ჩამოვიდა და იმან მიუალერსა ნათიას. ერთხელ მიუალერსა და ჭკუა დაეკეტა მასზე. მას შემდეგ, ყოველდღე უნდებოდა მიალერსება. დღითი დღე უფრო და უფრო ძლიერად. გოგონაც არ იდგა უარზე. სხვა გასართობი მაინც არ ჰქონდა. მასზე გაცილებით უმცროს გოგოსთან გადახლართვა ძალიანაც ესირცხვილებოდა მასწავლებელს, მაგრამ სადაც არსებობს ნამდვილი ლტოლვა, იქ სირცხვილი და რაღაცეები ვეღარ არიან ძლიერი ბარიერები. მინავლებულნი ყრიან და ხანდახან, ორგაზმის მერე იჩენენ თავს, ისიც რამოდენიმე წუთით.

თვეობით მასწავლებელთან ცხოვრობდა ნათია და სოფელიც ჭორაობდა. ნათია მოწყურებულ ალერსს იღებდა. ბებერი მასწავლებელი კი, წლების წინ გამოგლოვილ ახალგაზრდულ სიყვარულს. მაგ ამბების გამო, მასწავლებელი სკოლიდან დაიფრინეს კომუნისტებმა. ფეხებზე ეკიდა. თბილისში მაინც აღარ ბრუნდებოდა. იჯდა სოფელში და გონებაწართმეული ეალერსებოდა ნათიას. ფრანგულის მასწავლებელი იყო, მაგრამ იტალიურ ენას ეტრფოდა ვასილ ხოტივარი მას შემდეგ, რაც სხვა ქართველ პარტიზანებთან ერთად ვერბანიაში იბრძოლა მუსოლინის წინააღმდეგ. ამიტომაც დაარქვა მშვენიერ ნათიას იტალიური მეტსახელი – ”ლა ბამბოლა“ – ანუ თოჯინა. ბამბოლამ აჩუქა სიცოცხლის ათი წელი ხოტივარს და მერე მანვე წაართვა მთელი სიცოცხლე. ნათიას არ შეეძლო ვინმეს შეყვარება. ნათიას აქტი უყვარდა. ნათიას არ შეეძლო ერთგულება და არც სენტიმენტალურ დამოკიდებულებებს შეეძლოთ მისი გაკავება. პირველივე ახალგაზრდა პაკლონიკმა გადაიბირა მასწავლებლისგან თავმობეზრებული ნათია. მას ახსოვდა ქმარი და იცოდა, რომ ახალგაზრდული ალერსი გაცილებით დიდებული რამ იყო, ვიდრე ხოტივარის ოხშივარი. პირველივე სისხლსავსე მთხოვნელთან იკოტრიალა ნათიამ. უსიტყვოდ მიატოვა ფრანგულის მასწავლებელი. გამწარებულმა და შერცხვენილმა მოხუცმა, დიდხანს ვეღარ გაუძლო ნათიას კოცნის გარეშე დაძინების უბედურებას და ტყვია დაიხალა. მაგის მერე იმასაც ამბობდნენ სოფელში, ნათიაო ცოდვიანიაო და თარსიო.

* * *

ჰოო, ეგე კაკრაზ ეხლა გამახსენდა. არა სუ მახსომდა მარა, ეხლა უფრო კარგა გამახსენდა. ჩემ ბალღობაში კევი იყო და მაგრე ერქვა. ბაბოლი. მე მგონი ეხლაც არი. რავი მე კევ აღარა ვღეჭამ და შვილ რო გავაკეთეფ, მემრე გავიგეფ. თუ მოიდა და მითხრა – მამი ბაბოლი მიყიდეო. თუ მეტყვის მიყიდეო, ზნაჩიტ გავიგეფ კიდე გამოდის ეგეის კევი. უყიდი თუ არ უყიდი, ეგეის უკვე ჩემი საქმეა. ბალღი არ უნ გაატუტუცო თორე მერე მოა და მაიტა მამი მაშინა მიყიდეო გეტყვის. არა ეხლა ძაან გავიჭერ მომავლი ამბებში, მარა აი ჩემ დროი ნაღდათ იყო ბაბოლი და სუ გვიკვირდა ხოლმე, ე ქალ ნათოი, ბაბოლაი რათ ეძახდნენ. ბჯო, გამოვიდოდა ე ნათია შარაზე და ებებრები მაშინვე მაგაი გაიძახოდნენ – ბაბოლა მოდის, ბაბოლა მოდისო. მერე ბაბოჩემ შევეკითხე – ბაბოვ, ბოზ ნათიაი, ბაბოლაი რათ ეძახით მეთქი? ეგაო, ახალგაზრდობაში დაარქვა ვიღაცა მასწაებელმაო. მეთქი, თქვენ დროი რა კევები იყო ბაბო? – რავი მე სადა მქონდა მაგი ფულებიო. კევები ქალაქში იყო, აქ ვინ მამიტანდაო… ისაო, ესაო… მემრე ააყოლა და ააყოლა, ძაან რო დამღალა უთხარ, კარქი მოიდა ტვინი ნუ მამისანგლე მეთქი.

კევი იქით იყოი და ე ნათო რო დათესეი, მეორე დღეი მილიცია მოვარდა უბანში. არიქაო, საფლავი ამოუთხრია ვიღაცაი და ეგრევე დაუგდიაო. მიწა მაინც მეესწორებინა იმ შობელძაღლსაო. ატყდა ერთი ამბავი. გამოვარდა ნათიაი ბიჭი, დედიპროჭ ილანძღებოდა, დედაჩემი ვინ ამოთხარა იმაი მოუტყან კარგის ჯიგარიო. მე კიდენა პატრაბიჭი ვიყავ და მაინტერესებდა ყველაფერი. ჩამოვდექ იმათ სახლთან. და ეგე კევზე რო ვლაპარაკობდი. კაკრაზ კევი მქონდა ნაყიდი. გრძელები როა ათკაპიკიანები. ბაბოჩემმა ამამიტანა გურჯაანიდან. ჰოდა ერთი მილიციონერი გარეთ დააყენეი. ბჯო, გავხედაამ, იავნათ მე მიყურებს. მე კიდე ბალღობიდან მეშინია ე პაგონიანი ხალხისა. მერე დავაკვირდი და მე კიარა, ჩემ კევებ უყურებდა. აშკარათ უნდა რო გამამართვაი და თან ეხათრება, ბალღი ვარ მაინც. თან პირველათ დაინახა აეგეთი კევი და მაგრა უნდა რო მამთხოვოი ერთიცალი. ჰოდა მოიდა და მამითათუნა თავზე ხელი. – სალამი ძიაი კაცოო. ვისი ხარო? – ეგე, გაურუეი შვილივილი ვარ მეთქი. – ეგაო რა გაქო? – ჟუაჩკა მაქ მეთქი. – მიატნისააო? – მე რავიცოდი მიატნი რა იყო და უყურებდი გალექებული. – მაიტა აბა ჩამაღლეჭინე ერთი ცალი და გეტყვი რისააო. – ეგემაგის თქმა იყო და უცებ გამოიდნენ სახლიდან სხვა მილიციონერი, ნათიაი შვილი როსტომა და ნათიაი რძალი. საფლავზე უნ ასულიყვნენ, რო ენახნაკე როგო იყო ამოთხრილი. ი მილიციონერმა მითხრა, მოიდა მალე მამეც კევი მეჩქარებაო. რა უნ მიმეცა ბჯო, ხუთიცალიიყო პაჩკაში. გავიქეც სახში. ისე ეგ მილიციონერი ჩვენი უბნელი იყო, რამაზაი ბიჭი კოლა. მამამის რამაზაზეც ამბობდნენ, ნათია რო ნათიობდა და რამაზა კიდე ღვინის ქარხანაში მუშაობდა და კაი ფულ აკეთებდა, ეგეც უხათქუნებდა ხოლმე უბნი ბოზსაო. ერთისიტყვით, მე სახში წაველ. ბაბოჩემ კარტოფილი უნ შეეწვა და უნ მეჭამნა. ჰოდა ე ნათიაი ოჯახობა კიდე ასულა ნათიაი საფლავზე და უნახნიათ ამოთხრილიი. ბჯო, თავიდან უფიქრნიათ, ვინმე ძველი საყვარელი ხო არ გაგიჟდა და ე მკვდარ ხო არ უპირებდა რამე გარყვნილებაიო. მაგრამ არაო, დახედეი და ისევ იგეთი იწვა, როგორიც ჩადეი. მემრე ე რძალ მოუქექნია კუბო და ერიჰააა… ოქროები აღარალიო… დაუწყია ტირილი. – ჩემთვინ მაინც დემეტოვნაო. ეგეო, ჩამაყოლე, ჩამაყოლეო, რო იძახდაო. ჩავაყოლე და არც თითონ შეერგო და არც მე შამარგოო. – დაუწყია ბღავილი იმ ჩემისგადანგრეულ შუა სასაფლაოზე. ნათიაი ბიჭი მაგ დროი პაპიროზ ეწეოდა. მა რა უნ გეეკეთებინა? დედამისი ბოზი იყო, თან ამოთხარეი და თან ოქროები მოპარეი. რამაზაი მილიციონერ ბიჭ უთქვია – აი ვინც ეგემაგაი იკადრებს, რო მკვდარი ამოთხაროი და რაღაცეები მაიპაროი კუბოდანო. სროკი კი არ უნდა მიარჭოო… უნ აიღოო, დააბაო და როგორც ჯორი იგრე უნ აღმუვლო მთელი ცხოვრებაო.

* * *

  • მამისმინე აქეთ. ეგე აექ არი ტყუილი ოქროები. ხვალე აიტან აემაი დედაშენი საფლავზე და დაფლამ. გაიგეე?! – პოლიციელმა კოლამ, ნათიას ვაჟს პარკში გახვეული ბიჟუტერია მიაწოდა.
  • მემრე?
  • მემრე შენ ცოლ უთხარ, უბანში ხმა დააგდოი, ნათიაი სხვა ოქროებიცა ქონდა და რახან ის მაიპარეს, ამას ჩავატანთო. ამბავი რო გასკდება, ვინც მაიპარა ისიც გაიგეფს და ჩვენ კიდე ჩაუსაფრდებით და ჩავაყუდეეეფთ… – გაიარა ოთახში კოლამ.
  • დაიცა ბიჯო, ეგემაგაი ვინ დაიჯერეფს. მაგეთი აჯამი იქნება ი ქურდი? – დაეჭვდა ნათიას ბიჭი.
  • ჩვენა ვცადოთ და თუ დაიჯერა, დაიჯერა… თუ არადა რასა ვკარგამთ? – მხარზე ხელი დაარტყა კოლამ.
  • ვცადოთ ჰა, მაგიდედაცვატირე.
  • ისე ბალღობაში როგო დაგცინოდი ხოლმე გახსოომს? – ხასიათზე მოვიდა კოლა.
  • რაზე? – ვითომ ვერ მიხვდა ნათიას ბიჭი.
  • რა რაზე ბჯო, რო გეუბნებოდი ხოლმე მამაჩემი დედაშენ უშვრება მეთქი.
  • გადი მოიდა ბიჯო ე. – გაბრაზდა ვაჟი.
  • კარქი რა იყო, გამახსენდა პროსტო.
  • ჰოდა ნუ გახსენდება.
  • იიი…
  • კურკლი კამპოტიი. ნუ გახსენდება მეთქი!
  • ისე ლამაზი ქალი კი იყო საწყალი ნათო დეიდა.
  • რა გინდა ბიჯო? წერაზე ხარ ატანილი?
  • ეხლა რაღა გითხარ ისეთი ბჯო? ლამაზი იყო მეთქი.
  • დედაშენზე რო ვთქვა ეგა, გესიამოვნებაა?
  • თქვიი რა…
  • ლამაზი ქალია ლამარა დეიდა.
  • მადლობა ჯიგარო, გაიხარე.
  • რიას ამობს ო… – დაიბნა ნათიას ბიჭი.
  • ისე მამაჩემ რამაზასაც მაგრე რო ეფიქრა, სუ დედაშენთან ჰო არ იქნებოდა. ჰი ჰი ჰი ჰი…. – ჩაიხითხითა კოლამ.
  • აეხლა შენ მოგიტყნამ… – ადგილიდან წამოფრინდა ნათიას ბიჭი.
  • დაჯე ეგემანდ თორე პაჟიზნზე გაგიშვეფ იცოდე. – დასერიოზულდა კოლა.
  • მა რეებ მეუბნები ი…. – აქვითინდა ნათოს ვაჟი.
  • კარქი ნუ იწირპლები. წაიღე ეგ პარკი და იგრე ქენ, მე როგორც გითხარ.

* * *

ულამაზო ლამარა ყველგან ტიროდა. ბალიშშიც და სამზარეულოშიც. კოლექტივშიც და ბაზარშიც. სულელ რამაზას ეგონა, რომ ყოველთვის ატყუებდა ლამარას, მაგრამ ლამარამ ყოველთვის იცოდა სიმართლე. რამაზა ყოველთვის ელოდა, რომ ერთხელაც ცოლი ღალატის გამო კეტს გადაარტყამდა, ან უბრალოდ დასწყევლიდა მაინც, მაგრამ ლამარა ყოველთვის ჩუმად იყო და გულში თათხავდა მასზე ლამაზ ნათიასაც და მის გაბოზებულ ქმარ რამაზასაც. არადა რამაზა ყოველთვის მზად იყო იმისთვის, რომ შეტევაზე გადმოსული ცოლი ეცემა. რამაზამ ყველაზე უკეთ იცოდა რა საზიზღრობა იყო, როცა ის ქალი აღვიძებდა, რომელიც არ უყვარდა. გაღვიძებამდე, ყოველთვის წარმოიდგენდა ალტერნატიული გაღვიძების სცენას, სადაც „ლა ბამბოლა“ პომადიანი ტუჩებით უნამავდა სახეს და შემდეგ მთელს დღეს საწოლში ატარებდნენ. იკიდებდნენ ღვინის ქარხანასაც და ნათესავებსაც. იკიდებდნენ შვილებსაც და საერთოდ ყველაფერს ისეთს, რასაც მათი საწოლიდან წამოდგომა სჭირდებოდა. თანდათანობით მშვენიერ ნათიაზე შეყვარებულ რამაზას, სულ უფრო და უფრო ზიზღდებოდა შეუხედავი ცოლი, მაგრამ მასთან გამოთხოვებას ვერ ბედავდა. ბრაზიანი მამამთილისაც ეშინოდა და იმასაც ხვდებოდა, რომ სახელგატეხილ ნათიას სახლში ვერ მიიყვანდა. ის სულ ფეხებზე ეკიდა რამაზას, ნათია ადრე სხვებთანაც რომ იწვა. იმაზე დარდობდა, ბიჭები დამცინებენო და ეგეც რო არ იყოს, რა გარანტია მაქ მერე იმათთანაც რო არ დაიწყოს კურტუმოს ქნევაო. ძმაკაცმა რო ცოლი გამითახსიროს, მერე ორივე უნდა მოვკლაო – ფიქრობდა რამაზა.

რამაზას ძალიან უნდოდა ლამარას ცემა. მაგრამ თითქოს ამას ხვდებაო, დამცირებული ცოლი, ყოველთვის მდუმარე და მორჩილი იყო. ცოლის ცემაზე მეოცნებე რამაზას, ეს მლიქვნელური მორჩილება და ჯიუტი სიჩუმე უფრო აბრაზებდა და ყოველ ღამით ესიზმრებოდა, როგორ ახრჩობდა უნიათო ცოლს. სიამოვნებისგან იშმუშნებოდა ახალგაღვიძებული რამაზა, მაგრამ მერე დაობლებულ კოლას წარმოიდგენდა ხოლმე და ხასიათი უფუჭდებოდა. საწოლიდან დგებოდა და ისევ შუბლშეკრული ჭამდა საძულველი ცოლის მიერ შემწვარ ყიყლიყოს. ქარხანაში მუშაობისას, გულს უმწარებდა ის ფაქტი, რომ სანატრელი გოგონა ახლოს არ ეგულებოდა და შეხვედრის მოლოდინით და ჰორმონების ბობოქრობით ანთებული, ზერელედ ეპყრობოდა საქვეყნო დოვლათის მომპოვებლობას. აბა ნათიას მუშაობა რად უნდოდა?! ნათია სახლში იჯდა და გრძელ თმას ივარცხნიდა მანამ, სანამ ვინმე მოსაფერებლად არ მივიდოდა. რამაზას ეგონა, რომ ახლა ნათია მხოლოდ მას აფერებინებდა. მაგრამ ნათიასთვის აზრი არ ჰქონდა ვინ მოეფერებოდა. ნათიას ზოგადად უყვარდა ალერსი, რამაზასიც და ნიკოლოზისაც. არადა იმ დილით, ჯიბეგახვრეტილმა რამაზამ, დედის ნაჩუქარი კალიცო მოჰპარა საწყალ ლამარას, რომ სასიამოვნო აქტამდე, ნათიასთვის ეჩუქებინა. და მირბოდა ყურძნის წვენში ამოსვრილი რამაზა სოფლის ხრიოკ გზებზე, ღვთაებრივი კოცნების მოლოდინით გამხეცებული… და ტუმბავდა ნათიას უფრო სწრაფად მორბენალი ნიკოლოზ ოხანაშვილი. კარის შეღებაც არ დასჭირდა რამაზას. გარედანაც კარგად ესმოდა ნათიას ვნებიანი ბგერები, რომლებიც აქამდე ყველა შოკოლადზე ტკბილი ეგონა. ახლა კი, მთელს ტანში დენივით უვლიდა და თვალებიდან სისხლიან ცრემლებს აღვრევინებდა. ეგეთი მწარე, აქამდე წიწაკაც არ ეგემნა რამაზას, რომელსაც ერთადერთ სიყვარულზე უცერემონიოდ დაუჯვეს. იმასაც მიხვდა, თურმე ცოლს როგორ სტკენდა გულს, მაგრამ კიარ უთანაგრძნო, უფრო შეზიზღდა რამაზას ლამარა. გამხეცებული შევარდა სახლში მეღვინე. ოცდახუთი წლისას, მაგრამ მაინც თავსაფრიან ლამარას უკვე გაეგო ბეჭდის დაკარგვის ამბავი და ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა ქმრისთვის გატრაკება. აბა რას იფიქრებდა სულელი ქალი, რომ ეს ყველაზე უფრო ცუდი მომენტი იყო კლანჭების გამოსაჩენად. დაიკივლა ლამარამ და მყისვე გაუღუნა ყბა მეღვინის დაუნდობელმა მუშტმა. მერე ქალს აღარაფერზე უფიქრია და ხმაც აღარ ამოუღია. მხოლოდ მსუბუქადღა გრძნობდა ზურგზე და ტრაკზე ქამრის გადარტყმის სიმწარეს.

* * *

ე რძალი ჰო აკარაკი იყო მარა, შვილსაც კარგა ესხა მაგათი კაკლიხესავით. ბჯო, ქალ თუ დაუწერნია რო მთელი ოქროულობა ზედ დამაყარეთო, მკვდარ რაღაი ატყუეფ?! ადექ და დააყარე სუმთელი. თუ იტყუები და მაინც არ აყრიი, ნახევარ რაღაზე აფუჭებ აიღე და არ დააყარო. არც იმაი მაიპარვდნენ და ეგ იქნებოდა. ი საფლავი რო ამოთხარეი და რო მაიპარეი იმოტონა ოქროული, მეორე დღეი გამოვარდა ე ცეტი რძალი და გამააცხადა სახალხოთ – ჩემ დედამთილ სხვა ოქროულიცა ქონდა და ავიღეფ და იმაი ჩავაყოლეფო. მაგაი ოქრო იგრე უყვარდა, იქ უმაგისოთ ვერ იქნებაო.

მე შენ გეტყვი, მიქელ გაბრიელ მოქრთამამდა იმ ოქროთი თუ რაა… გო, რო გამოიდიხარ და აცხადეფ კიდე ჩავაყრი ოქროი საფლავშიო, ერთხელ რო მაიპარეი, მეორეთ ვეღარ მაიპარავენ?! ტუტუცობაი ხო აქ სადღაც ბოლო? მარა ტუტუცი და დებილი რო ხარ, ეგემანდ გეტყვნება კეთილები ეგე. გამოიდნენ ე ცოლ-ქმარი, ამაიჩარეი იღლიაში ე დარჩენილი ოქროული და წაიღეი სასაფლაოზე. ხალხი მაგი საყურებლათ იყო გამოშლილი, გეგონება არტისტები არიანო. ზოგი წყევლიდა – ე წუწკები მკვდარ ქალ ოქროსა პარამდნენო და ეხლა შეეშინდათო ღამე არ მეგველანდოიო და მაგიტო მიაქთო. ზოგი პროსტო იცინოდა და იძახდა აბა ამათა ყოლიათო. ვზროსლი კაცები ამბობდნენ – მაგათ უკვე ჭამეი თავი ყველაყისა და ეხლა კაი დროსია პატიოსნობი თამაშიო.

მოკლეთ, ერთ დღეში იგრე გაუტყდა ოჯახ სახელი, ნათიამ ორმოცდაათი წელი ბოზაობით რო ვერ გაუტეხა. ბაბოჩემი მეუბნებოდა შენ არაფერი არა თქვა ბალღებში მემრე ამბავ მიუტანენ და სირცხვილიაო. მე იგრეთაც უთქმელი ბალღი ვიყავ, ვითვინ რა უნ მეთქვა. წავიდნენ და წავიდნენ, მაგათი გულიც მოკვდეი მეთქი ვფიქრობდი. შარაზე რო ჩავიდნენ ყველაი დაავიწყდა მაგათი ოქროულიც და მამაძაღლობაც. რო არ ემეეთხარნათ, მკვდარი ნათიაც დაავიწყდებოდათ ერთ კვირაში, მარა არ დააცადეი ხალხ დავიწყება. ხან ქურდები ჩიჩქნიდნენ და ხან კიდენა რძალი და შვილი. არც იმ ქალ დააცადეი მოსვენება იმ კეთილძაღლებმა. ახალგაზრდობაში საყვარლები თხრიდნენ, ეხლა კიდე ესენი. მკვდარ მაინც შაარგონ მარტო წოლაო, ნონიაშვილი ზაირა და ბაბოჩემი ამბობდნენ. ეგენიც კაი ჩათლახები იყვნენ, მარა სხვებზე ჩათლახები არა. ეგენი თავითვინ, ჩუმათა ჩათლახობდნენ უწყინრათ. ბაბოჩემი თან ლობიოსა ჩენჩამდა ხოლმე.

ამასობაში იმათაც ამაიარეი. ხალხი კიდე გამაიშალა. ეკითხებოდნენ – რა ქენით, ოქრო დაფალითოო? – ესენი კიდე სამამულო ომი გმირებივით, გაიშალნენ წელში და დავფალით მა რა ვქენითო.

შეილება თითონვე მაიპარეი ი ოქროო – ბაბოჩემი ამბობდა. ეგენი ისეთი წუწკები არიან, მაგაი ტყუილა არ დატოვებდნენ საფლავშიო. ეგეთ რაღაცეებსა ლაპარაკობდა და მემრე მე მეუბნებოდა, ბალღებში არა ილაპარაკოო.

ისე, ეგ კი რა სათქმელია მარა, ქელეხი გასაცემი ჩვენთან გამაატანა ნათიაი რძალმა თავიშვილ. ან ჩვენთან უნ გემეეტანებინა, ან ზაირაითან და რავი ეტყობა ჩემზე იფიქრა ბალღი მაინც შაჭამსო. კორკოტი არ მემეწონა და ფლავი კარქი იყო. ლობიო იქვე ვჭამე საპოვროში.

* * *

ლამარას გაროზგვის შემდეგ, რამაზა ბოზებში წავიდა. დილიდან უნდოდა ქალი, მაგრამ აღარც ნათიასკენ მიუწევდა გული და ცოლთანაც არ მიესვლებოდა. ბორდელი და ეგეთი რამეები არ იყო რაიონში, მაგრამ ყველამ სამყაროში, ყოველთვის იცის, ვინ, როგორ და რამდენად იძლევა საჭირო სიამოვნებას. ყოველთვის და ყველგან არის ისეთი ვიღაც, ვინც რაღაცის სანაცვლოდ იძლევა. რამაზამაც იცოდა ერთი სიძვის დიაცი ბაკურციხეში, რომელიც ნათიაზე კიარა, ლამარაზე უშნოც იყო, მაგრამ იმ ღამეს ესთეტიკას არ დაეძებდა გაცეცხლებული მეღვინე.

საქმე რო მოითავა, ცოლის ბეჭედი ბაკურციხელ ბოზს აჩუქა, აქაოდა ჯიბეზე ფული არამაქო. მეძავმაც ვითომც არაფერიო, გამოართვა და შეიტყაპუნა საგვარეულო რელიქვია. არადა მაგ ბეჭდის ფასად, რამაზას ათი არაესთეტიური სექსუალური აქტის ყიდვა შეეძლო არმარტო ბაკურციხელ, არამედ სხვა ძიშოვი ბოზებთანაც. დიდხანს ეხვეწა ბაკურციხელი ამაღამ ჩემთან დაიძინეო, მაგრამ რამაზა მაინც წამოვიდა.

დაყიალობდა ცარიელ ტრასაზე ფეხით. გული ჰქონდა გატეხილი და ცოტა ნამუსიც ასტკივდა. კი ეზიზღებოდა ცოლი, მაგრამ თან რაღაცნაირად შეეცოდა… თავს ეკითხებოდა – რას ვერჩოდი, რათა ვცემეო?! – უცებ იმასაც მიხვდა, ზიზღი სიბრალულში რო გადაეზარდა და ლამის ხელმეორედ მორთო სისხლიანი ბღავილი. ცოტაც და თავსაც მოიკლავდა, მაგრამ მაგის ტრაკიც ვერ ჰქონდა რამაზას. – ახლა მივალ, ბეჭედს დავუბრუნებ, ბევრს ვაკოცებ, ბევრ ბოდიშს მოვუხდი და აღარასდროს ვუღალატებ! – ფიქრობდა ატირებული მეღვინე. მერე გაახსენდა ბეჭედი ბაკურციხელ ბოზს რომ აჩუქა და გამორთმევაზე ფიქრიც კი შერცხვა. თან უკვე საკმაოდ შორს იყო ბაკურციხიდან და უკან მიბრუნებაც ეზარებოდა. განადგურებულ რამაზას უკვე ძილიც ერეოდა. ბანცალ-ბანცალით მივიდა ღვინის ქარხანამდე და იქ დაეგდო დასაძინებლად. მაინც მანდ ვმუშაობ და დილით ადრე ადგომაც არ დამჭირდებაო.

* * *

ძალიან კი უნდოდა მაგ ამბი დამალვა მილიციანერ კოლაი, მაგრამ სოფელი იგეთი რაღაცაა, რო ეგრევე სუფრაზე კუილივით გავარდება ხოლმე ამბავი. მეორე დღეი სუყველა მაგაზე ჭორაოდა ბირჟაზე… რამ გააგიჟა ამოდენა ქალიო. მაგითანა დარბაისელ სხვაი ვერა ნახამ სოფელშიო. მანდ სხვა ამბავი იქნებაო. მემრე ბებრები იძახდნენ – სხვა ამბავი კი არ იქნება, სხვა ამბავი არიო. თქვენ ახალგაზრდები ხართ, არ იცითო და ჩვენ კიდე ვიცითო და არც ვამტყუნებთ იმ ქალსაო. მაგაი ეკუთვნოდა ეგეთი აბაროტიო. მა რა ეგონათ ახალგაზრდობაი რო უმწარებდნენო. ჩვენ სუ ვიცოდით, როცა იქნებოდა ეგრე რო შამოტრიალდებოდა ეგ ამბავიო. იიი, იგრე დიდი ხანი კი მოუნდა მაგ ამბავსაო, მარაო ღმერთი იმისია, როცა იქნება შამააბრუნოი ყველაფერიო. დაილოცოი მაგი სამართალიო. ეგე, აკი სუ ჩუმათ იქნებაო. ვერ გაბედაო?! გაბედა და ყველაც გაბედამს ვინც მართალიაო. მტყუან კიდე სუ ყოფა ეტირებაო, იქაცა და აქაცაო.

მოკლეთ, ამ ცეტებმა, რძალმა და ნათიაი ბიჭმა მეორეთ რო წაიღეი ოქროული და დამარხეი, იმ ღამეი თურმე მილიცია უნ ჩასაფრებულიყო საფლავზე. ეს ოქროულობა კიდე ხაფანგი ყოფილა იმითვინ, რო ი წუწკი ქურდი კიდე მისულიყო იქა და ეგრე აგიხდეთ სუყველაფერი, მოიდა და გასკვანჩეი კიდეც. ბევრი რო აღარ გელაპარაკოკე, რო დაბნელებულა ასულან ე კოლა და მაგი ნაპარნიკი, რო ქურდი თუ კიდე მოიდოდა დეეჭირნათ. ჩაწოლილან გვერძე საფლავი ბარდებში და ელოდებოდნენ ი აძაღლებულ ქურდ.

ბჯოო, ერთხელ რო გაგიმართლებს, მეორეთ რაღათ უნ მიხვიდე იმ ადგილზე საქურდავათ მე არ ვიცი, მარა გაიხედეი, გამაიხედეი ამ მილიციელებმა და ვიღაცა მართლა მოჩაჩუნდა თურმე ნათიაი საფლავზეე. ჯერ დააცადეი. აბა რას იზამსო. თურმე რაღაცა მეშოკი დაუგდია. მემრე ამოუღია ფართუკიდან პატრა ლაფატკა და დაუწყია თხრაა. ჰოდა ეგეო, ამ მილიციონერებ გაუხარდათ თურმე, ხელში გვყავო. საქმეი გავხსნით, იქნება ფულიც მოგვცეი ვინმემო. თან ერთიაო და მევერევითო. გამოვარდნილან ბარდებიდან და უტაცნიათ ხელი ამ ქურდითვინ. უნ წააქციონ, ხელები გადაუგრიხონ და უცებ წივილი დაუწყია იმ კეთილძაღლ – მილიციონერ კოლაი დედა ვარ არ დამიჭიროთო. კოლა გაგიჟებულა, ფანარი აუნთია და მიუნათებია ი ქურდითვინ. შაუხედნია სახეზე და მართლა დედამისი ლამარა არ შარჩა ბიჯო ხელში?! გაგიჟებულა კაცი. ნაპარნიკი ეკითხება თურმე – რა ვქნათ კოლავ, გაუშვათოო? – კოლა კიდე ძაან სტროგი მილიციანერი იყო და ჩაუვლია დედამისითვინ ხელი. გაუშვა არა შამპანურ დავალეინეფ კიდეო. ჩაუგდია საწყალი ქალი მაშინაში და წაუყვანია გამყოფილებაში. ი მეშოკი რო დააგდო ი ქალმა, გაუქექნიათ და ის წინადღეი წაღებული ოქრო ყოფილა შიგა. გაგიჟებულა კოლა, თუ მაიპარა უკან რაღათ მაიტანაო. თან ერთი კი გაიფიქრა, ნეტა არ მეეტანა მერე მე შემრჩებოდა და ნელ-ნელა გავყიდიდი ჩუმათო.

* * *

ბოლოს და ბოლოს, ნათია ღამღამობით არაფერზე არ ფიქრობდა, გარდა გარდაცვლილი ქმრისა. ძილისპირულზე არასდროს გახსენებია ვასილ ხოტივარის მიერ პიემონტის კლდეებში გადარჩენილი იტალიელი ლამაზმანები. არც რამაზას მიერ მოყოლილ ვაზის თავისებურებებზე ფიქრით იკლავდა თავს. ნიკოლოზ ოხანაშვილს საერთოდაც არ ჰქონდა რაიმე ისეთი, რაზე ფიქრიც შეეძლო მშვენიერ ნათიას. და აი, დამღლელი დღის მიწურულს, როცა აღარც ეღვიძა და ჯერ მთლად ძილშიც არ იყო ბოლომდე გადავარდნილი, მშვენიერი ნათია იხსენებდა, თუ როგორ წაიყვანა ქმარმა კინოში. პირველად და უკანასკნელად, რადგან ერთ თვის შემდეგ, მეუღლეს კიდეც გადაუარა ავადსახსენებელმა ტრაქტორმა, კოლექტივის გადაყვითლებულ სტეპზე. მაშინ ნათია მართლაც უმანკო იყო და მისი თვალების ცეცებაც, ნამდვილი სირცხვილის ილუსტრაცია გახლდათ და არა გამოგონილისა. ჯერ კიდევ შორს იყო ალერსზე დახამებული ლამაზი მრუშის ვულგარული ისტორიები. მიდიოდა პატარა და დაბნეული გოგონა ქალაქ გურჯაანის ძალიან განიერ ქუჩებზე, საღამოს თერთმეტ საათზე და ძლიერად ეკვროდა ქმრის ღონიერ მაჯას. ქმარს, ვალიკო მახარაშვილს დღისით დაუფიქრებლად უწოდებდი გაუთლელ სოფლელ ხეპრეს. თეთრ მაისურში გამოწყობილ, გაოფლილ კოლექტივის მეველეს მართლაც არაფერი ჰქონდა ინტელიგენტისა. მაგრამ საღამოობით, სახლში დაბრუნებული ვალიკო, არც თუ იშვიათად კითხულობდა შექსპირს და დიუმას. ეს ორი ავტორი უყვარდა ყველაზე მეტად ვალიკოს, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული ყველაზე ხშირად, სწორედ ისინი ხვდებოდა ყურში. ხელოვნებისადმი ინტერესმა ვალიკო ესთეტად აქცია და სწორედ ამიტომ შეირთო ცოლად სოფელში ყველაზე ლამაზი გოგონა. მას შემდეგ, რაც მახარაშვილმა ისწავლა რას ნიშნავდა სილამაზე, ის ვერ იტანდა ტლანქ სოფლის გოგოებს, უსწორმასწორო ნაკვთებითა და დეფორმირებული საჯდომით.

და მიიჩქაროდა ახალგაზრდა წყვილი კინოში. იდგა 1955 წელი და კინოთეატრში უშვებდნენ „კრაზანას“. ბევრი იტირა ნათიამ ვალიკოს მხარზე, მას შემდეგ, რაც იტალიელმა ჯარისკაცებმა კედელთან მდგარი არტურ ბერტონი რამოდენიმე გასროლის შემდეგ, როგორც იქნა მიასიკვდილეს. ქმარი იცინოდა და ცოლის სიახლოვით აღელვებული ნაზად ეფერებოდა ცრემლებით დანამულ ქუთუთოებს. კაი ნათი, მართლა კიარ მოკვდება, არტისტია. – ამშვიდებდა ცოლს ვალიკო. ნათიამ მშვენივრად იცოდა, რომ ეკრანზე მართლა არავინ კვდებოდა, მაგრამ მაინც გაურკვეველი ბრაზი და ნაღველი ახრჩობდა. ვალიკო იხუტებდა ახალგაზრდა ცოლს და ძალიან უყვარდა ასეთი უსუსური და გულჩვილი.

იმ ღამეს, სახლისკენ ფეხით წავიდნენ. ქალაქი გურჯაანიდან, სოფელი ჭანდარი საკმაო მანძილზეა, მაგრამ ფილმი ძალიან გვიან დასრულდა და შემთხვევითი ტრანსპორტის ლოდინს, ახალგაზრდებმა ფეხით სიარული არჩიეს. უეცრად ვალიკო გაჩერდა. ჩამოჯდა ქვაზე და ცისკენ დაიწყო ცქერა. დაბნეული ნათია გვერდით მიუჯდა, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა მისი მეუღლე.

  • შეხედე რა ლამაზია. როცა ძალიან დიდი და კაშკაშაა, მაშინ ყველაზე ლამაზია. თუ გარშემო ღრუბლები დაუტრიალდა, მერე საერთოდაც არაფერია მაგისი დარი… – ამბობდა ვალიკო.
  • რაზე იძახი? – ვერ ხვდებოდა ნათია.
  • ეჰ, შენ აქამდე ვინ დაგელაპარაკებოდა ამაზე. ვინ გეტყოდა რა არის ლამაზი და საერთოდ რა არის სილამაზე. ის მაინც თუ იცი, შენ რომ ხარ ძალიან ლამაზი? – იცინოდა ვალიკო.

ნათიამ მხრები აიჩეჩა. იღიმოდა მორცხვად. თავი დახრილი ჰქონდა და თითქოს მოუსაჯესო, ძალდატანებით უყურებდა ასფალტს.

  • არა, მანდ არა ნათი… ზევით აიხედე. ზევით არი ლამაზი. მთვარეა ლამაზი. – ანიშნებდა ვალიკო.
  • მთვარეე? – ნათიამ იცოდა რაც იყო მთვარე. მაგრამ აქამდე არავის უთქვამს მისთვის, რომ მთვარე ლამაზია. არასდროს უფიქრია ამაზე. სამაგიეროდ, ნათიმ იცოდა, რომ ლამაზია ვარდი, მაგრამ რატომ, მაგაზეც არ ფიქრობდა…

ვალიკომ გადაწყვიტა ნათიასთვის სილამაზის ამოცნობა და დაფასება ესწავლებინა. ასე ნათია საკუთარი თავის დაფასებასაც ისწავლიდა. მაგრამ ვალიკო ერთი თვის მერე, ბრუციანმა ტრაქტორისტმა მოკლა.

* * *

არავის უშვებდა დედასთან პოლიციელი კოლა. მე დავკითხავო დაიჩემა. იმისაც ეშინოდა სხვასთან არ წამოსცდეს რამე ისეთი, მერე რო დიდი სროკი მიარჭონო. კოლა რომ დედას ციხეში არ გაუშვებდა, ეგ თავიდანვე ნათელი იყო. კოლა კითხავდა საკუთარ დედას. რამოდენიმე საათი ისხდნენ დედაშვილი ხმისამოუღებლად კოლას კაბინეტის მაგიდასთან. დედა ხანდახან წყალს მოსვამდა ხოლმე. ზოგჯერ ატირდებოდა. მერე იღიმოდა. ისე იქცეოდა, როგორც ჩამოწერილი მსახიობი დიდების დასაწყისის და დასასრულის ერთდროული გახსენებისას. კოლა გაგიჟებას იყო მისული. ჯერ იფიქრა დედაჩემი გაგიჟდაო და თავში ხელები წაიშინა. მერე გაახსენდა დედამისმა საფლავი რო ამოთხარა და მთელი რაიონი რო მაგაზე ლაპარაკობდა. ამის გაფიქრებაზე სირცხვილისგან ტრაწისფერი დაედო კოლას. ყველას მოვკლავ და ვიღა იჭორავებსო, ფიქრობდა. მერე მიხვდა, ტყვიები რომ არ ეყოფოდა და გადაწყვიტა სხვა რამეზე ეფიქრა. არაფერი არ ახსენდებოდა. ისევ დედამისზე ეფიქრებოდა. რატო არ ვიცი სხვა რამეებიო, ბრაზობდა პოლიციელი. წამეკითხა წიგნებიო, ახლა ხო შევძლებდი რო სხვა რამეზე მეფიქრაო. ცოტახანს ფეხბურთზე ფიქრობდა. წელს არსენალი არ ვარგაო. არა, ასნავნოი სასტავი კაი ყავთ, მარა სკამი და ტრენერი არ უვარგათო. რა გაატრაკეს ამ ვენგერითო. მერე ისევ დედამისი გაახსენდა. გაახსენდა იმდენი ოქრო რომ მოიპარა და მერე უკან დააბრუნა. მაინც შემარცხვინა სახალხოდ და უკან რაღას აბრუნებდაო, ახლა ამაზე ბრაზობდა კოლა. დედა ისევ სლუკუნებდა. წყალი მოსვა და ისევ გაიღიმა გიჟივით.

  • კარქი ლამარავ, რაი მიშლი ნერვებ! ან რა გატირებს, ან რა გაცინებს, ქალო ჰა? – ბოლოს და ბოლოს წამოიყვირა კოლამ.
  • უიმეე, რა გაყვირებს ბიჯო, რა გული გამიხეთქე. – შეიცხადა ლამარამ.
  • დედი, რა გინდოდა იქა? – მოლბა კოლა.
  • საქმე მქონდა. – ჩაილაპარაკა ლამარამ.
  • მაინც რასა საქმიანობდი? – არ ეშვებოდა ვაჟი.
  • ვერა ნახე? ბოზი ნათია ამოვთხარე და ოქროები წამოვიღე. – არხეინად ყვებოდა მოხუცი.
  • კარქი, ვთქვათ ოქროები გინდოდა და წამაიღე… უკან რაღათ მიიტანე მეორე დღეი?
  • ჩემი არაფერი იყო იქა. სხვისი ოქროები რა შავ ქვად მინდოდა. – ხმა აუკანკალდა ლამარას.
  • დაიცა ქალო. რო იპარამდი არ იცოდი რო შენი არაფერი იყო იქა? – დაიბნა კოლა.
  • მე არაფერ არ ვიპარამდი! – წამოიყვირა გამწარებულმა ქალმა.
  • მა რასა შვრებოდი? – ხმას აუწია პოლიციელმაც.
  • უნ მენახნა. თუ ჩემი რამე იქნებოდა, ავიღებდი. დანარჩენს დავაბრუნებდი. ჰოდა არაფერი არ იყო იქ ჩემი. – ცრემლი ჩამოუვარდა ლამარას და თან იღიმოდა.
  • რა უნდა ყოფილიყო შენი დედი? – ახალი ფლანგიდან შეუტია კოლამ.
  • რა გინდა შვილო, რაზე თავ არ დამანებებ ჰა? – ნერვიულობდა მოხუცი.
  • მითხარ თორე დაგიჭერ!
  • იგრედაც დამიჭერ.
  • იგრე არ დაგიჭერ. ვიტყვი რო დაკარგული ოქრო იპოვე და უხმაუროდ აბრუნებდი ადგილზე.
  • რაი ვეძებდი და ბეჭედ! – აღიარა ატირებულმა მოხუცმა.
  • რა ბეჭედ კაცო?
  • ბალღი რო ვიყავ, დედაჩემმა მაჩუქა ოქროს ბეჭედი. ძაან მიყვარდა ეგ ბეჭედი. დედაჩემ მაგონებდა ხოლმე. ერთხელაც გულმკვდარმა მამაშენმა აიღო და წაიღო. მთელი ცხოვრება მეგონა, რო ჩემი საყვარელი ბეჭედი ბოზ ნათიას აჩუქა მამაშენმა. გუშინ სუ დავათვალიერე მაგის ოქროული. არ იყო ჩემი ბეჭედი იქა. – ახლა უკვე გიჟივით იღიმოდა ლამარა.

* * *

რა არის სიცოცხლე, საყვარლის გარეშე?!

უბრალო ხეა, რომელსაც აღარ აქვს ფოთლები.

ანდაც ქარის გარეშე, ცივი ქარის…

რომელიც ყველას ქაღალდივით აფრიალებს.

და ეს ცხოვრება რაღაა?!

თუ უნდა მენატრებოდე… – მღეროდა ვასილ ხოტივარი და დასცინოდნენ ყოფილი მოსწავლეები, სულ რაღაც ათი წლისანი.

© არილი

Facebook Comments Box