პოეზია

რეზო ამაშუკელი – VIA DOLOROSA

“ღამით მაძღრები დაწვებით…”
ვაჟა

…მივყვები უხმოდ
ამ ვიწრო ქუჩას,
აქეთ და იქით
ახორხლილა ჭრელი დახლები,
ვერცხლის სურებით,
ფარდაგებით,
კრიალოსნებით…
ირგვლივ ტრიალებს
მოხალული ყავის სურნელი…
– “ხალას”:
არაბი კვლავ მთავაზობს
ჯვრებსა და ხატებს,
რადგანაც მიცნო, მიმამგვანა,
ვარ ქრისტიანი!

– ვარ კი ნამდვილად?!
მე ნათრევი ავაზაკებში,
ამ ქვეყნით ტკბობას
დაძალებულ-დახარბებული,
სტომაქის მონა ფეხმორთხმული
და კუზიანი?!
– გვიანღა არის, მეგობარო,
აწი თვითგვემა,
მოახლოებულ სიკვდილის შიშით!..

– Via dolorosa
მე არაერთხელ
გამივლია ამ ვიწრო ქუჩით.
ახლაც აქა ვარ
და ჩემს თავს ვტირი.
– რა მოკლე გზაა გოლგოთამდე,
რა მოკლე გზაა!
– ვის არ უვლია ამ ქვაფენილით,
რომ პატიების შვება ეგრძნო,
ჩამოეხსნა ცოდვის ხურჯინი!
ან რა შეიგნო,
რა გაიგო ადამის მოდგმამ?

– პირიქით,
უფრო გამხეცდა და უფრო გაავდა!
ტაბუდადებულ სკივრებიდან
ამოყარა, გაამზეურა,
ამაზრზენი, მღვრიე სიზმრები…
…და მეჩვენება:
მეც იმ ბრბოს მივდევ,
ვინც წყევლა-კრულვით,
ქვების სროლით სდია მაცხოვარს,
სანამ არ გაძღა ცოდვის ხილვით,
ჯვარცმის ყურებით!..

– ო, რაბი, რაბი!
ბარაბაა ყველა ჩვენგანი,
ჩაჩერებული
პირდაღებულ საფლავის მიწას!..
– Via Dolorosa!
…ამ ვიწრო ქუჩით
გოლგოთამდე ისე მივიდა,
საყვედურიც არ დასცდენია!
მხოლოდ ჯვარზე,
ჯვარზე გაკრულს აღმოხდა მწარედ:
– “ელი, ელი, ლამა საბაქთანი!””
ეს იყო და ეს…
…და დაჰკიდა ეკლიანი გვირგვინით თავი…

– ვის,
ვის დასცდება
ვინ იტყვის, რომ მოინანია?
სხვის დასანახად მორწმუნენო,
ქრისტიანენო!
უფალს მაშინ თუ გაიხსენებთ,
როდესაც გიჭირთ,
მუხლზე დადგებით პირჯვრის წერად:
– “ღმერთო მიშველე,
მიშველე და დამიფარეო!”
ხოლო როდესაც
მიუსხდებით შემწვარ ერკემალს,
ან ძუძუს ლოშნით
ნაღვინევ და დორბლიან ბაგით,
– სად არის ღმერთი?
რად არ გახსოვთ მაშინ უფალი?!

მეც თქვენნაირი ღორი ვარ და მიტომაც ვტირი,
ჩემს თავს ვტირი, ჩემს თავს ვტირი,
მარად მშიშარი!..
მე, ძვლების გროვა,
ნაცოდვილარ ხორცით ასხმული…
– ტყუილია,
ტყუილია ის სათნოება,
და ეს სიმართლეც ტყუილია,
თქვენ რომ მთავაზობთ!

ნაღდი,
გულწრფელი, თეოა მხოლოდ,
– საწყალი თეო!
ტრიალ მინდორში ხეზე ასული,
რომ გაჰყმუის მთელ სამყაროს:
– “ქალი მინდა,
ქალი მინდაო!”
– Via Dolorosa
…მე ვერ ვივარგებ,
ვერ ვივარგებ აღსარებისთვის.
გვიანღა არის აწ თვითგვემა
მოახლოებულ სიკვდილის შიშით…

P.S.
არ დაგნამვიათ ღაწვები
მოყვასის მონატრებითა.
– “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
ცრემლებში ამონაწები
ცოდვა გდევთ დაბადებიდან…
– “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
არც შუბლზე ზეთის წაცხებით
არ იხარჯებით ბეჯითად,
– “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
მხოლოდ მაშინ ხართ მაგრები,
თუ იმყოფებით კრებითად…
– “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
მუნ სხვისი სევდით დათვრებით
და არა გახარებითა.
– “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
მეც ღვთის გლახა და საწყალი,
ავაზაკებში ნაგდები,
ღამით დავწვები მაძღარი,
დილით მშიერი ავდგები!
…ვაი, რომ მწიფდა ნიადაგ
ცოდვით დამტკბარი მტევანი
– ვაი, რომ დამაგვიანდა
გულმკერდზე მჯიღის რტყმევანი…

2000 წლის 28 თებერვალი

Facebook Comments Box