გზაში
მიტოვებული
სახლები მეტს ამბობენ
თავიანთ თავზე.
მიზანი
სულ მაქვს სურვილი
ჩავჯდე მატარებელში
და გავემგზავრო.
გათენება
სიჩუმე თითქოს
გადაშლილი წიგნია,
დღე რომ დახურავს.
* * *
ვაშლის ხე დავრგე:
ნეტავ თუ მოვესწრები
მის ყვავილობას.
პასუხი
ახალი ის არის,
რომ ღმერთი განკაცდა
და კაცი განაღმრთო.
აგვისტოს თქეში
წვიმამ უცებ თქვა:
გეყოთ ჩემი ხმაური
და ნელა შეწყდა.
ზაზა თვარაძეს
ჩუმ ცრემლით ვხურავ
სიტყვების შავ ზარდახშას,
შენ რომ მაჩუქე.
ქარში
გარეთ ქარი ქრის
და ვფიქრობ, რომ ეს ხალხი
მან გამორეკა.
ინერციის ძალა
1.
საქანელადან
საწოლზე გადავწექი
და კვლავ ვქანაობ.
2.
ცხელმა ზაფხულმა
წელსაც ჭიანჭველების
მკვლელად მაქცია.
3.
დრო ტვინს შეეხო,
ინერციით თუ დავწერ
აწი ჰაიკუს.
ნელი სვლა
მოხუცი ისე
მოდის… თითქოს სიკვდილი
არ ეჩქარება.
მეორედ მოსვლა
ქარი უბერავს,
წვიმს და მკვდარი ფოთლები
გარბიან ბნელში.
ნელი თოვა
ციდან წამოსულ
ფიფქსაც არ სურს დაცემა
დ ე დ ა მ ი წ ა ზე.
* * *
თვითმკვლელთა ტყეში
გაზაფხულიც თავს იკლავს –
ჩემ გულთან ერთად.
* * *
ჯერომ, რაც წახველ –
აქ სულ ბანანა თევზის
ამინდებია.
© არილი