ესე (თარგმანი),  ლექცია

გრეგორი ნაჟი – ბიბლიოთეკის იდეა, როგორც ევროპული კულტურის კლასიკური მოდელი[1]

ინგლისურიდან თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

ეს წერილი შეეხება არა ანტიკურ ბიბლიოთეკას როგორც ადგილს ან ინსტიტუციას, არამედ უფრო როგორც იდეას და კონცეფციას – კლასიკურ მოდელს, სადამდეც, პირველ რიგში, სისავსის, დასრულებულობისა და უნივერსალურობის მეტაფორებით მივდივართ. ყურადღების ცენტრში ალექსანდრიის ბიბლიოთეკა იქნება, ეგვიპტეში, შემდეგ კი პერგამონის ბიბლიოთეკა, მცირე აზიაში. შევეცდები დავამტკიცო, რომ ამ ბიბლიოთეკების მიერ წარმოდგენილი მოდელი თავისთავად ისტორიული რეალობაა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ევროპის კულტურული ისტორიის უმთავრეს საკითხებთან. სანამ ამ ბიბლიოთეკებთან დაკავშირებულ მეტაფორებს განვიხილავთ, მინდა ისტორიული ფონის მცირე  მიმოხილვა შემოგთავაზოთ.

სიტყვებში „კლასიკური მოდელი“ კლასიკურობის ავტორიტეტს, პრესტიჟს ვგულისხმობ, „კლასიკურობას“ კი ვაკავშირებ არა რომელიმე ზოგად განსაზღვრებასთან, არამედ – იდეებთან, რომლებიც ბერძნულენოვანი სამყაროს საგანმანათლებლო ცენტრების კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტებში ჩამოყალიბდა, დაახლ. ძვ. წ. IV-II საუკუნეებში.

უმთავრესი ამოსავალი წერტილებია:

ა)  ლიცეუმი (Lyceum) ან პერიპატოსი (Peripatos) ათენში, როგორიც ის შექმნა არისტოტელემ და მისმა მოწაფემ, თეოფრასტოსმა.

ბ) ბიბლიოთეკა Mouseion–ში, გნებავთ მუზეუმში (Museum), ალექსანდრიის “მუზათა წმინდა სავანეში”[2], რომლის მეურვეები და დამფინანსებლებიც ლაგიდების (პტოლემეოსების) დინასტია იყო III-II საუკუნეებში.

გ) პერგამონის ბიბლიოთეკა, რომელიც ატალიდების დინასტიამ დააფინანსა, ძირითადად ეუმენეს II–ის მეფობის დროს ძვ. წ. 197–158.

ძვ. წ. IV-II საუკუნეებში “კლასიკურის” ცნების ისტორიის კვლევისას ძირითადად ვეყრდნობოდი რუდოლფ პფაიფერის “კლასიკური განათლების ისტორიას”. პფაიფერი ხაზს უსვამს ამ ცნების საკვანძო სიტყვას, krisis (ჩვენი თანამედროვე “კრიზისიც” აქედან მოდის), “გამყოფის”, “განმასხვავებელის”, “შემფასებლის” მნიშვნელობით (ზმნა krinô) და იგი მიემართება იმ ნაწარმოებებსა და ავტორებს, რომლებმაც განსაკუთრებული აღიარება მოიპოვეს ან ვერ მოიპოვეს. ისინი, ვინც “გამოარჩიეს” ამ პროცესში, იყვნენ enkrithentes. ეს ტერმინი შეესატყვისება კლასიკოსების (classici) გვიანდელ რომაულ კონცეპტს, “პირველი კლასის” (primae classis) ავტორებს. შერჩევითობის ეს კლასიკური პრინციპი, სადაც რაღაცეები უნდა გამოირიცხოს, რათა შემდეგ სხვებით შეივსოს, წარმოადგენს სიტყვა კანონის (canon) თანამედროვე მნიშვნელობის საფუძველს. იმ ადამიანთა აღსანიშნავად, ვინც ასეთ კრიტიკულ შერჩევაში მონაწილეობდა, არსებობდა ბერძნული სიტყვა kritikoi (კრიტიკოსები).

თუმცა, საბოლოოდ, ალექსანდრიელმა სწავლულებმა უარი თქვეს kritikos–ზე და უპირატესობა grammatikos–ს  მიანიჭეს. მათ შეინარჩუნეს და, ფაქტობრივად სრულყვეს პრინციპები, რომლებმაც პირველ რიგში ჩამოაყალიბეს kritikos–ის კონცეფცია. სწორედ მათი შრომის შედეგია, რომ ჩვენ ცხადად ვხედავთ შერჩევით და გლობალურ, ერთიან პერსპექტივებს:

ალექსანდრიელი სწავლულების მიერ ჩაფიქრებული კანონი არ უნდა აგვერიოს იმ ნაწარმოებების ნაკრებში, რომელიც ალექსანდრიის მუზეუმის ბიბლიოთეკაში იყო თავმოყრილი. კალიმაქოსის Pinakes (დაფები), 120 წიგნად, უნდა ყოფილიყო არა რჩეული, არამედ მუზეუმის საკუთრებაში არსებული ექსპონატების სრული და ფორმალური კრიტერიუმების (მათ შორის მეტრის, საზომის)  მიხედვით ორგანიზებული  კატალოგი.[3]

ალექსანდრიული კლასიკური მოდელი, როგორც ეს კალიმაქოსის Pinakes–ებშია ფორმალიზებული, ცხადად მიგვანიშნებს, რომ ერთიანობის პერსპექტივა აუცილებელი წინაპირობაა შერჩევის პრინციპის გამოსაყენებლად.

ზემოთ ვახსენე კლასიკის პრესტიჟი, რომელსაც ახლა ჩემს ცენტრალურ თეზისამდე მივყავარ: სწორედ ეს პრესტიჟი ახდენს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის და მისი კონკურენტის, პერგამონის ბიბლიოთეკის საერთო, ზოგადი კვლევების მოტივირებას. კლასიკის პრესტიჟის გამოა, რომ უწყვეტი კავშირი არსებობს ლიცეუმსა და მუზეუმს შორის.

როცა პრესტიჟზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ძალაუფლებას და სიმდიდრეს. სოციოლოგიური თვალსაზრისით, შეგვიძლია სოციალურ სტატუსზე ვისაუბროთ ამ ტრიადის – ძალაუფლების, სიმდიდრისა და პრესტიჟის – გათვალისწინებით, რომლის შემადგენელი სამივე ფაქტორი მომიჯნავე და ურთიერთდაკავშირებულია[4]. ანტიკური საბერძნეთის მთელი ისტორიის მანძილზე ამ ფაქტორებმა ჩამოაყალიბეს არისტოკრატიის ცნება, რომელიც ფართო გაგებით სოციო–პოლიტიკური რეალიებიდან ერთიან კულტურულ იდეალად იქცა. და შუამავალი, რომლის მეშვეობითაც ამ ერთი შეხედვით მონოლითური კონცეპტის ან იდეალის გამოხატვა მოხდა, კლასიკა იყო. ამგვარად, თუკი ხელახლა გავიაზრებთ და კიდევ უფრო დავხვეწთ  ცენტრალურ თეზისს, გამოვა, რომ: ბიბლიოთეკის კლასიკური მოდელი დაკავშირებული იყო მათი დამფუძნებლების ძალაუფლებასთან, სიმდიდრესთან და პრესტიჟთან.

პტოლემეოსების დინასტიის (ლაგიდების) მიერ დაარსებულ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ჩვენ ვხედავთ ურთიერთკავშირს ბიბლიოთეკის იდეასა და მისი დაარსების პოლიტიკურ რეალიებს შორის. მოდით, უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ ბიბლიოთეკის ფიზიკურ გარემო პირობებსა და მოწყობას, რომელიც წარმოადგენდა მუზათა სავანეს  –  მუზეუმს, ანუ მუსეიონს (Mouseion).

ἃπαντα μέντοι συναφῆ καὶ ἀλλήλοις καὶ τῷ λιμένι καὶ ὅσα ἔξω αὐτοῦ. τῶν δὲ βασιλείων μέρος ἐστὶ καὶ τὸ Μουσεῖον, ἔχον περίπατον καὶ ἐξέδραν καὶ οἶκον μέγαν ἐν ᾧ τὸ συσσίτιον τῶν μετεχόντων τοῦ Μουσείου φιλολόγων ἀνδρῶν. ἔστι δὲ τῇ συνόδῳ ταύτῃ καὶ χρήματα κοινὰ καὶ ἱερεὺς ὁ ἐπὶ τῷ Μουσείῳ τεταγμένος τότε μὲν ὑπὸ τῶν βασιλέων νῦν δ’ ὑπὸ Καίσαρος. μέρος δὲ τῶν βασιλείων ἐστὶ καὶ τὸ καλούμενον Σῶμα, ὃ περίβολος ἦν ἐν ᾧ αἱ τῶν βασιλέων ταφαὶ καὶ ἡ Ἀλεξάνδρου.

ყველა [ნაგებობა] ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ასევე – ნავსაყუდელთან და იმასთან, რაც ნავსაყუდელს გარეთაა. მუზეუმი სამეფო დარბაზების ნაწილს წარმოადგენს. მას აქვს სასეირნო ადგილი (περίπατος), დარბაზი (ἐξέδρα) და დიდი ნაგებობა საერთო სადილებისთვის, სადაც მუსეიონის წევრი სწავლულები (φιλολόγων) ერთად ნაყრდებიან. ამ საკრებულოს საკუთრებაც საერთო აქვს.  მუსეიონს სათავეში უდგას ქურუმი, წინამძღვარი, რომელსაც მეფეები ირჩევდნენ, ახლა კი კეისარი ირჩევს. სამეფო დარბაზების ნაწილს წარმოადგენს ასევე ე.წ. სომა (Σῶμα) –  შემოღობილი მიდამო, სადაც მეფეთა და ალექსანდრეს საფლავებია.

სტრაბონი, 17.1.8. C 793-4.  

მუზეუმის, მუსეიონის       (წმინდა სივრცის, რომელიც ბიბლიოთეკასაც მოიცავს)  მთელი ეს აღწერა  ტრადიციული მეტონიმიებითაა გაჯერებული. იგი ძალაუფლების, სიმდიდრისა და პრესტიჟის კავშირებს ააშკარავებს. ეს მეტონიმიები გვეხმარებიან სისავსის, დასრულებულობისა და უნივერსალურობის მეტაფორები ავხსნათ ბიბლიოთეკასთან, როგორც კლასიკური მოდელის იდეასთან კავშირში[5].

(1) მეტონიმია  – ნაწილიმთელის შენაცვლება. პირველი და ყველაზე ცხადი მეტონიმია სტრაბონის აღწერაში არის იმპლიციტური იდეა, რომ ბიბლიოთეკა მუზეუმის ან მუსეიონის, მუზათა წმინდა სავანის “ნაწილია”. ჩვენ აქ ვხედავთ სინეკდოქეს – სპეციალიზებულ მეტონიმიას, სადაც ბიბლიოთეკა განიხილება, როგორც მთელის ნაწილი, იმ სისავსის, მთლიანობის ერთი ასპექტი, რასაც მუზეუმი წარმოადგენს. სტრაბონის განცხადება ამ მომიჯნავეობის შესახებ თავსდება მისი ზოგადი განცხადების უფრო ფართო კონტექსტში, რომლის თანახმადაც ალექსანდრიაში ყველა ნაგებობა ერთმანეთის მომიჯნავეა.

(2) მუზეუმსა და სამეფო სავანის მომიჯნავეობის მეტონიმია, რაც წმინდსა და პოლიტიკურს  მომიჯნავეობას გულისხმობს. ამ მომიჯნავე სივრცეში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკრებულოს წარმოადგენს (σύνοδος). ისინი ერთად სადილობენ და ერთმანეთის სიმდიდრეს იზიარებენ, როგორც საერთოს. ამ ჯგუფის სინეკდოქე ბიბლიოთეკის კონტექსტში გვახსენებს ამბავს, მოთხრობილს არისტეასის წერილში[6], სადაც ასეთი ჯგუფი, საკრებულოა წარმოდგენილი. იგი ერთი მთელივით მოქმედებს და ამ ჯგუფის წევრები ერთობლივად თარგმნიან ებრაელთა წმინდა წიგნებს.

(3) მუზეუმისა და პტოლემეოსთა სამეფო საძვალის, განსაკუთებით კი ალექსანდრეს აკლდამასთან მომიჯნავეობის მეტონიმია. გაფართოების შედეგად (სადაც თავად “გაფართოება” იქცევა მეტონიმიად) ჩნდება მომიჯნავეობა “საფლავსა” /  Σῆμα და “სხეულს” / σῶμα–ს შორის. ესაა მომიჯნავეობა, რომელიც ხორციელდება ალექსანდრეს “საფლავის”, Σῆμα–ს Σῶμα–დ, “სხეულად” სახელდების სინეკდოქეში, და ესაა სხეული par excellence[7]. ბიბლიოთეკა წარმოგვიდგება როგორც მეფის სხეულთან მომიჯნავე, თითქოს ისინი ერთ საერთო კორპუსს შეადგენდეს. ბიბლიოთეკისა და მეფის Σῶμα–ს პირობითი ან თუნდაც ფიზიკური მომიჯნავეობა, ჩემი აზრით, თავად ბიბლიოთეკის იდეისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კონცეპტია. წიგნების კორპუსი დრო–სივრცეში თანაარსებობს მეფის კორპუსთან. მეტიც, მეფის სხეულის შენახვა წიგნების შენახვას უკავშირდება. სტრაბონის მიერ ჩაწერილი ეტიოლოგიური ამბავიც, ალექსანდრეს სხეულის მუზეუმში “შინ დაბრუნების” შესახებ, მეტონიმიითაა განპირობებული: ზმნა κομίζω ამ ისტორიაში (17.1.8 C 794) განსაკუთრებული მნიშვნელობით შეიძლება ითარგმნოს როგორც “შინ დაბრუნება”, და ამ შემთხვევაში იგი გმირის სხეულის შენახვას ან ლიტერატურის სხეულის შენახვას აღნიშნავს.

(4) მუზეუმის, როგორც მუზათა წმინდა სავანისკონცეფციისთვის დამახასიათებელი მეტონიმია. ეს კონცეპტი კანონის დაკონსერვებულ ფაზას (რომელიც ბიბლიოთეკის იდეაშია განხორციელებული) აკავშირებს შემოქმედებით და პროდუქტიულ ფაზასთან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც კლასიკურ ერას ბერძნული ლიტერატურისას, განსაკუთრებით ძვ.წ. V საუკუნის გარშემო. კლასიკის თვალთახედვით, მუზები პირველ რიგში belles lettres შექმნაზე ზრუნავენ, ხოლო შენახვა და დაცვა მათი მეორე რიგის საზრუნავია. რა თქმა უნდა, შექმნასა და შენახვას შორის ძევს გაგრძელების კონცეპტი: ალექსანდრიელი სწავლული–პოეტებისთვის განგრძობითობა, მემკვიდრეობითობა ძველი კანონიკური ლიტერატურის შენახვას და ახალი არაკანონიკური ლიტერატურის (და რაც უკეთესია, მეტაკანონიკურის) შექმნას ნიშნავს. უნდა დავძინო, რომ განგრძობითობის ეს კონცეფცია ყველაზე ამბიციური მეტონიმიაა ყველა სხვასთან შედარებით.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის სტრაბონისეული აღწერა ადასტურებს ჩემს ცენტრალურ თეზისს: ბიბლიოთეკის კლასიკური მოდელი მისი მფარველების ძალაუფლებას, სიმდიდრესა და პრესტიჟს უკავშირდება. მეტიც, იმისთვის, რომ მოდელი კლასიკური იყოს, მან მემკვიდრეობითი კავშირი უნდა დაამყაროს უფრო პრესტიჟულ ადრეულ, წინამორბედ მოდელებთან. ალექსანდრიის ბიბლიოთეკისთვის ეს წინარე მოდელი იყო ლიცეუმი. აქ მნიშვნელოვანი იქნება ხაზი გავუსვათ, რომ სტრაბონის მიერ ალექსანდრიის მუზეუმის აღწერაში ვხვდებით ტერმინ Peripatos–საც, რაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ერთ–ერთ არსებით ფიზიკურ მახასიათებელს წარმოადგენს. მეტონიმიურად, ეს ფიზიკური მახასიათებელი ასევე გახლავთ პირობითი მახასიათებელი, რომელიც მუზეუმს ლიცეუმთან აკავშირებს.

როგორც სტრაბონის აღწერიდან ვხედავთ, ბიბლიოთეკა მუზათა (საშემსრულებლო ხელოვნების ქალღმერთების) წმინდა სავანის მეზობლად არსებობდა. ასეთ შემთხვევაში თავად ბიბლიოთეკის იდეა შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიტიკურ იმპულსთან, გაკონტროლდეს ნათქვამი სიტყვა ტექსტის კონტროლითა და  დაცულ ადგილას მისი შენახვით.

სწორედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ტექსტების ყველა წინამორბედი კოლექციის ვიზუალიზება, როგორც “ვირტუალური ბიბლიოთეკისა”, ყველა ტექსტის კოლექციისა, სადაც ზეპირი სიტყვააა ჩაწერილი, მათ შორის პოლიკრატესა და პისისტრატეს არქაული მოდელებისა. ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ფიზიკური რეალობა ესაა კლასიკის ყოვლისმომცველი და ერთიანი კოლექცია – ბიბლიოთეკის წიგნსაცავების თაროებზე დაწყობილი გრაგნილები, რომლებიც კალიმაქოსის 120 Pinakes–ზე, ანუ დაფაზეა კატალოგიზებული. და ეს ყველაფერი იქცა ბიბლიოთეკის ვირტუალურ რეალობად, როგორც კონცეპტად, რომელსაც უკვე შეუძლია თავის თავში მოიცვას კანონიზაციის ან კლასიციზმის ყველა ადრეული მოდელი.

პერგამონის ბიბლიოთეკის სისავსე და მთლიანობა, ზოგადადაც და კონკრეტული ნიშნებითაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პრინციპების მსგავს პრინციპებზეა დამყარებული. ოპერატიული მეტაფორა ალექსანდრიის შემთხვევაში corpus-ია, პერგამონის შემთხვევაში კი -cosmos-ი. ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალური იდეა ტოტალურობა და მთლიანობა გახლავთ.

corpus-ის ალექსანდრიული იდეა ნაწილობრივ მაინც გამომდინარეობს ფარაონების სხეულის, გვამის აშკარად ეგვიპტური რელიგიური წარმოდგენებიდან, როგორც პროტოტიპული განახლება, თითქოს იგი ღმერთი ოსირისი იყოს, ვისი ღვთაებრივი სხეულიც დანაწევრებულია, დაშლილია, რათა შემდეგ კვლავ შეერთდეს და ხელახლა აეწყოს, როგორც მოდელი მარადიული შენახვისთვის. თუმცა, იგი ასევე ემყარება აშკარად ელინურ რელიგიურ წარმოდგენებს – კულტად ქცეული გმირის სხეული, როგორც ნაყოფიერების, კეთილდღეობისა და მარადიულად განახლებადი ცხოვრების წმინდა თილისმა საზოგადოებისთვის, რომელიც თაყვანს სცემს ამ კულტს. ბაღებში გმირი-კულტის მოთავსების ტრადიცია ხილული ნიშანია იმისა, რომ თავად ბაღების გაშენება გმირების კულტთან იგივდება.

მეტიც, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ზოგადი იდეა დამოკიდებულია მუზეუმის ზოგად იდეაზე, მუზათა წმინდა სავანეზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ მუზეუმის ვიზუალიზაცია, როგორც გრაგნილებით სავსე პორტიკებიანი ბაღისა, რომელიც ინახავს და უკვდავყოფს კლასიკური ლიტერატურის belles lettres, არსებითად, ელინურია.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ამ წარმოდგენას, ნაწილობრივ ეგვიპტურსა და ნაწილობრივ ელინურს, კავშირი აქვს ევროპული კულტურის ისტორიის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან და ევროპული კულტურული იდენტობის ყველაზე მთავარ თემასთან. რაც მთავარია, იგი გვაჩვენებს, რომ „ელინურობის“ იდეა სულაც არაა შეუთავსებელი ძველი ეგვიპტის კულტურულ რეალიებთან.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ „ელინურობის“ იდეა შეთავსებადია „აზიის“ კულტურულ რეალიებთანაც და ამის მთავარი მოწმე მცირე აზიის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული ქალაქი პერგამონია. პერგამონის  ბიბლიოთეკა – ელინიზმის, როგორც თავად „კოსმოსის“ კოსმოპოლიტურ იდეას ეფუძნება. ელინიზმის ამ მაკროკოსმურ კულტურულ მოდელს პირდაპირი კავშირი აქვს ევროპის იდეასთან, რადგან იგი (ელინიზმი) თავს აცნობიერებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებლად: ჰელესპონტოსი, რომელიც ფიზიკურად ჰყოფს ერთმანეთისგან ორ კონტინენტს, ასევე წარმოადგენს მითიურ და იდეოლოგიურ „ხიდს“ (ეტიმოლოგიურად Hellêspontos ნიშნავს „ჰელეს[8] გადასასვლელს, გზაგასაყარს“), რომელიც მათ კულტურული თვალსაზრისით აერთიანებს.

თუკი ევროპა თავის თავს ელინიზმის კულტურულ მემკვიდრედ ხედავს, იმის იმედიც უნდა გვქონდეს, რომ იგი კულტურული ინტეგრაციის ასეთ მოდელებსაც უკვდავყოფს. მოდით ამ თვალსაზრისით შევხედოთ გიულბეკიანის[9] ძეგლის სიმბოლურობას, ლისაბონის გიულბეკიანის ფონდის ბაღში რომ დგას: ჩვენ აქ ფონდის დამაარსებელს ვხედავთ, იგი სტამბულში დაიბადა, ევროპისა და აზიის გასაყარზე. ძეგლი ოსირისის ცოცხალი მემკვიდრისა და მისი სიკვდილის გამო შურისმაძიებელის, ეგვიპტური ღმერთის, ჰოროსის ყოვლისმომცველ მყოფობაშია მოთავსებული. ძეგლის ადგილი – და მეტონიმიურად, მთელი ფონდის სივრცე – ბაღია, სიმბოლიზმით სავსე, მუზათა ბაღი, ალექსანდრიის მუზეუმი. ამგვარი ბაღის გაშენება ევროპული კულტურის იდეასაც უკვდავყოფს.

ასეთი კულტურის უკვდავყოფის იმედი ამ კოლოქვიუმის მთავარ თემასთანაც ძალზე ახლოსაა – „ევროპული კულტურა XXI საუკუნეში“. ვიმედოვნებ, რომ ამ კულტურის ზეგავლენით XXI საუკუნის ევროპა თავიდან აირიდებს მარტივ იდეოლოგიას, რომელმაც საბედისწერო როლი შეასრულა მეოცე საუკუნეში.

ვიმედოვნებ, რომ XX საუკუნის ტრიუმფალიზმს როგორც კონცეფციას და  თვითგანმადიდებელ იდეოლოგიას, ოცდამეერთე საუკუნეში  ჩაენაცვლება ახალი სულისკვეთებით გამსჭვალული ისტორიზმი, – სწორედ ის, რომლისთვისაც უცხოა იდეალიზაცია და ფეტიშიზაცია. ამგვარი თვალსაზრისი გამორიცხავს შეხედულებას, თითქოს შესწავლის ერთადერთი ღირსეული ობიექტი აწმყოა –  გაყინული, უცვლელი, ხელოვნური აწმყო, რომელიც დაახლოებით ასი წლის განმავლობაში გრძელდება. XX საუკუნის სამწუხარო მემკვიდრეობა დროის წინამორბედი პერიოდების სასტიკი გაქრობა-განადგურება იყო, თითქოს აწმყოს გარდა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, აწმყოსა და ახლო წარსულის გარდა; თითქოს სტუდენტებს არაფერში სჭირდებოდათ XX ან, უკეთეს შემთხვევაში, XIX საუკუნემდე მომხდარის შესწავლა.

ვიმედოვნებ, XXI საუკუნე არ იქცევა ყალბ პერიოდიზაციად, რომელიც დაასრულებს XX საუკუნის მიერ დაწყებულ საქმეს  – მეხსიერების წაშლის საშინელ პროცესს ან ყველაფრის გაქრობის მცდელობას, რაც მანამდე იყო. ბიბლიოთეკის, როგორც კლასიკური მოდელის იდეა, ალტერნატივის წინაშე გვაყენებს.

ვიმედოვნებ, ევროპა შეძლებს განსაკუთრებული როლი ითამაშოს. ისტორიის სიღრმით, ჰუმანიზმის სიღრმით, რომელიც ამ ისტორიის მანძილზე გვხვდებოდა, ევროპა, იმედი მაქვს, გააცოცხლებს თავის კუთვნილ ჰუმანიზმს და ხელახლა დააფუძნებს დროში თავის ისტორიულ სიღრმეს და ისტორიულ თვალსაწიერს სივრცეში.

ვიმედოვნებ, რომ ევროპის სივრცე კულტურული იქნება და არა ტერიტორიული, და მოიცავს ყველა იმ კულტურას, რომელსაც მას უპირისპირებდნენ ისტორიის მანძილზე – არადა ისინი, ყველანი თავის მხრივ ხელს უწყობდნენ ამ ისტორიის სიღრმისა და თვალსაწიერის ზრდას.

ევროპის კონცეფცია ცარიელი და ფუტუროა, თუკი მას მხოლოდ ე.წ. XXI და XX საუკუნე ახსოვს. იმედი მაქვს, მას მთელი წარსული ახსოვს.

ევროპის კონცეფცია ცარიელი და ფუტუროა, როცა მას მხოლოდ ცვალებად გეოგრაფიულ საზღვრებში მოქცეული ამბები ახსოვს. ვიმედოვნებ, მას ახსოვს ყველა თავისი კულტურული კონტაქტი აწმყოსა და წარსულში.

ევროპა ევროპა არაა ძველი ეგვიპტის, ძველი ახლო აღმოსავლეთის და ყველა სხვა მომიჯნავე კულტურების გარეშე. ბიბლიოთეკის, როგორც კლასიკური მოდელის იდეა გზას გვაჩვენებს. და გიულბეკიანის ფონდის ბაღების შემყურეს მახსენდება ალექსანდრიის მუზეუმის ბაღები. Revenons à cultiver notre jardin![10]

 

[1] პირველად გამოქვეყნდა კრებულში: Europa e Cultura: Seminário InternacionalMaio de 1998, Lisbon: Fundação Calouste Gulbenkian, 1998. 275-81.

[2] μουσῶν τέμενος, როგორც მას ლიბანიოსი უწოდებს თავის Progymnasmata–ში (მთარგმნ. შენ.).

[3] Nagy, Pindar’s Homer.  p. 61

[4] ამ ცნებების გამოყენებისას გრეგორი ნაჟი ეყრდნობა მაქს ვებერის, პიერ ბურდიეს, რიჩარდ ლეპერტის, ბრიუს ლინკოლნისა და მორის ბლოხის თეორიებს.

[5] „მეტონიმიად“ მივიჩნევ (ეს სამუშაო დეფინიციაა) მნიშვნელობის გამოხატვას მომიჯნავეობის მეშვეობით, რაც უპირისპირდება „მეტაფორას“, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელობას ჩანაცვლების საშუალებით გამოხატავს.

[6] ელინისტური ხანის ტექსტი (ძვ.წ. II ს.), ე.წ. ფსევდოეპიგრაფი, რომელიც სეპტუაგინტის (ძველი აღთქმის) ბერძნული თარგმანის გაჩენის ამბავს მოგვითხრობს.

[7] ნაჟი თავის ვრცელ კომენტარში აღნიშნავს, რომ Σῶμα (სხეული) სტრაბონის ტექსტის ხელნაწერ ტრადიციაში გვხვდება, Σῆμα (საფლავი) კი თანამედროვე რედაქტორების ჩასწორებაა. ალექსანდრეს საფლავის ტრადიციული სახელი მუშაობს როგორც მეტონიმია (უფრო ზუსტად, სინეკდოქე), რის მიხედვითაც,  სხეული (Σμα) par excellence არის  საფლავი (Σμα). Σμα / Σμαს ფონეტიკური პარალელიზმი მეტონიმიური მექანიზმის გაძლიერებას ემსახურება. მას ასევე მოჰყავს Σμαსა და Σμαს ორფიკული იდენტიფიკაცია პლატონის კრატილოსიდან.

[8] ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ათამასისა და ნეფელეს ქალიშვილი, ფრიქსეს და. ჰელესპონტოსის შესახებ უფრო დეტალურად იხ. Nagy, Pindar’s Homer pp. 268-273, 330. ასევე, Nagy, The Best of the Achaeans pp. 339-344.

[9] გალუსტ გიულბეკიანი (1869-1955), სომხური წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი და ფილანთროპი. გარდაიცვალა ლისაბონში. გიულბეკიანის გარდაცვალების შემდეგ ლისაბონში მისი სახელობის ფონდი შეიქმნა.

[10] „მოდით, დავუბრუნდეთ ჩვენი ბაღების გაშენებას“.

© არილი

Facebook Comments Box