რუსულიდან თარგმნა თარგმნა დავით შენგელიამ
იყო და არა იყო რა, იყო – ჟურნალისტი. და იყო მკითხველი. ჟურნალისტი იყო მატყუარა – სულ იტყუებოდა, მკითხველი კი დამჯერია – ყველაფრისა სჯეროდა. ოდითგან ეგრეა: მატყუარები იტყუებიან და დამჯერიებს სჯერათ. Suum cuique.[2]
ზის ჟურნალისტი საკუთარ ბუნაგში და იტყუება და იტყუება: „არიქა! ცელით ცელავს დიფტერიტი მოსახლეობას!”, „გაზაფხულის პირი იყო, ერთიც არ მოუწვიმია; უპუროდ ვრჩებით!”, „ხანძარი სპობს სოფლებსა და ქალაქებს!”, „აქეთ მიაცუნცულებენ ხაზინის ქონებას, იქეთ მიარბენინებენ საზოგადო ქონებას!”… მკითხველი კი კითხულობს და ჰგონია, რომ ჟურნალისტი მას უხელს თვალს.
„წიგნის ბეჭდვის ისეთი თავისუფლებაა ჩვენსა, საითაც გინდა, გაიხედე – ყველგან ან დიფტერიტია, ან ხანძარი, ან მოსავალი არ მოდის”….
დაიწყო და აზვავდა. გულისხყმა-ყო ჟურნალისტმა, რომ მკითხველის გულს მისი ტყუილები ესალბუნება და მოუმატა და მოუმატა: „არ არის არავითარი უსაფრთხოება!!! ნუ გამოხვალ ქუჩაში, მკითხველო, მაშინვე ვირის აბანოში ამოყოფ თავს!!!”
ჰოდა, მიაბიჯებს აყინჩულად დამჯერია მკითხველი ქუჩაში და იმეორებს: „დედა, როგორ ზედმიწევნით ჩამოაყალიბა ჟურნალისტმა ჩვენი უსაფრთხოების ამბავი?!”
ეგ რა არის?! შეეყრება სხვა დამჯერია მკითხველს და იმასაც ჰკითხავს: „წაიკითხეთ, ჩვენს უსაფრთხოებაზე რა მოსწრებულად ჩამოაკიწკიწა ჟურნალისტმა?” – „როგორ გეკადრებათ?! – არ დაახანებს პასუხს მეორე დამჯერია მკითხველი, – შეუდარებელია! არ შეიძლება, აი, არ შეიძლება ჩვენსას ქუჩაში სიარული – მაშინვე ვირის აბანოში ამოყოფ თავს!”
ვერ ძღებიან წიგნის ბეჭდვის თავისუფლების ხოტბითა და ქება-დიდებით. „არ ვიცოდით, რომ ჩვენთან ყველგან დიფტერიტია! – გუნდად მღერიან დამჯერია მკითხველები, – ენდე, არა და რა ყოფილა!!!!” და ამ რ წ მ ე ნ ი ს ა გ ა ნ ისე მოეფონებათ გულს, თუკი იგივე ჟურნალისტი თვითონვე ეტყვის, დიფტერიტი კი იყო, მაგრამ მორჩაო, მის გაზეთს აღარც კი წაიკითხავენ. ჰოდა, ჟურნალისტიც ცას ეწევა სიხარულით, რადგან ტყუილი პირდაპირი შემოსავალი და მოგებაა მისთვის. ჭეშმარიტება ხომ ყველას არ ერგება – წადი და მოიპოვე, თუ ხარ ბიჭი! მართალი ცნობები რომ მოგიტანონ, თითოში ათი კაპიკის გადახდაც არ გეყოფა. სიცრუე – სულ სხვაა! წერე და იტყუე! სტრიქონში ხუთი კაპიკი მიეცი და დასტა-დასტა მოგირბენინებენ ტყუილებს ოთხივ მხრით!
ისეთი მეგობრობა შეექმნა ჟურნალისტს მკითხველთან, რომ სიკვდილი რაა, ისიც ვერ გაყრის! რაც მეტად იტყუება ჟურნალისტი, მით მეტად მდიდრდება და მდიდრდება. მატყუარას მეტი რა უნდა?! მკითხველი კი, რაც მეტად ატყუებენ, მით მეტ ფულს უხდის ჟურნალისტს. – გნებავთ, ადგილზე მიირთვით, ჩემო ბატონო, და გნებავთ, წაიღეთ. როგორც გინდა შეაბრუნე, მაინც ქაფავს ჟურნალისტი ფულს.
მოშურნეებიც ასისინდნენ: „დაკერებული შარვალი არ ჰქონდა და ახლა როგორ დაიპრანჭება! მლიქვნელიც კი მოიმოახლა, რომ დატკბეს, როგორ ელაქუცებიან! უბრალო ხალხის ყოფის მთხრობელი დაიქირავა! არ ნეტარებს განცხრომით?!”
სხვა ჟურნალისტებმა, განა, არ სცადეს სიმართლის მეშვეობით ჟურნალისტი-მატყუარას გაცურება, იქნებ, სიმართლე მივაწოდოთ გაზეთის გამომწერებს და ჩვენ გამოვიბათ ისინი საბელზეო, მაგრამ გაგიგონია! მკითხველს არაფრის გაგონება არ უნდა და მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებს:
„მირიადებს მდაბალ ჭეშმარიტებათა
ზეაღმტაცი მირჩევნია სიცრუე…”[3]
დიდი დრო გავიდა თუ ცოტა, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, შეეცოდათ დამჯერია მკითხველი, მოუწოდეს ჟურნალისტ-მატყუარას და ეუბნებიან: „გეყოფა, ურცხვო და უნდო ადამიანო! აქამდე ხომ მოიხვეჭდი ტყუილით, ახლა მაინც ივაჭრე ჭეშმარიტებით!”
თანდათან მკითხველებიც მოეგნენ გონს და პაწაწუნა ბარათებად დაიწყეს მიწერ-მოწერა ჟურნალისტთან: ჩემს ქალიშვილთან ვსეირნობდი დღეს ნევის გამზირზე, ერთ ქუჩაზე სასტუმროში ვაპირებდით ღამის გათევას, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემმა ქალიშვილმა ბუტერბროტებიც კი მოიმარაგა, რა სიხარული იქნებაო. მაგრამ აღარ დავრჩენილვართ და იმავე საღამოს უსაფრთხოდ დავბრუნდით შინ… ჰოდა, როგორ ეთანხმება ეს სანუგეშო ამბავი, – სახლში რომ მშვიდობით მოვედით, – თქვენს მტკიცებებს, უსაფრთხოდ არა ვართო?[4]
ბუნებრივია, ჟურნალისტი ამასღა ელოდა. რა დასამალია, მასაც მობეზრდა სიცრუე. ჟურნალისტის გული, რახანია, სიმართლეს ესწრაფვოდა, მაგრამ რა ექნა, თუკი მკითხველი მხოლოდ სიცრუის სატყუარას მიელტვის. – მოთქმით ტირი და იტყუები. მაგრამ ახლა, როცა ოთხივ მხრიდან დანები მიაბჯინეს ყელს, სიმართლე ილაპარაკეო, ის მზადაა! ჯანდაბა მაგის თავს, იყოს სიმართლე! ტყუილებით ქვითკირის ორი სახლი უკვე მოიკვარახჭინა და კიდევ ორ სახლს სიმართლით მოიხაზირებს.
და დაიწყო ჟურნალისტმა ყოველ ცისმარე დღეს მკითხველის გულის გაწყალება სიმართლით: არ არის დიფტერიტი, არა! არც ვირის აბანოები არ არის! არ არის არავითარი ხანძრები! მართალია, ქალაქი კონოტოპი[5] დაიწვა, მაგრამ უფრო უკეთესი ააშენეს ხანძრის მერე! მოსავალი, – თბილი წვიმები იყო და, – ისეთი მოვიდა, ვჭამდით, ვჭამდით და იმდენი იყო კიდევ, გერმანელებს მივუყარეთ მაგიდის ქვეშ, ჰა, ზახრუმა თქვენო!
მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ისაა, რომ კი ბეჭდავს ჟურნალისტი ოდენ სიმართლეს, მაგრამ მართალ ცნობათა მიმტანებს სტრიქონში მაინც ხუთ კაპიკს უხდის მხოლოდ. და დაეცა ჭეშმარიტების ფასი მას მერე, რაც ჰარიჰარალოთი დაიწყეს ჭეშმარიტებით ვაჭრობა. გამოდის, რომ გინდა ჭეშმარიტება იყოს, გინდა სიცრუე, სულ ერთია, ორივეს ფასი გახვრეტილი კაპიკია.
საგაზეთო სვეტები ამით უინტერესო არ გახდა, უფრო გაცოცხლდა. რადგანაც, თუკი კეთილშეზავებათა ჰაერთასა უშუალოდ გააანალიზებ, ისეთი სურათი გამოვა, რომ რაც გინდა გადაიხადე და მაინც ცოტა იქნება![6]
საბოლოოდ გამოფხიზლდა მკითხველი და არსს ჩასწვდა. როცა სიცრუეს ჭეშმარიტებად იღებდა, არც მაშინ ეცხოვრებოდა ავად, და ახლა ხომ სულ მთლად მოეფონა გულს.[7] შევა საფუნთუშეში, პური, როგორც ჩანს, გაიაფდებაო, ეტყვიან; ხორცის მაღაზიაში შევა, ჟრუნები მალე სულ უფასოდ დარიგდებაო, ამცნობენ.[8]
– სანამ უფასო გახდება, რა ღირს ჟრუნი?
– წყვილი – მანეთი და ოცი კაპიკი.[9]
ასეთი ცვლილებაა, ღმრთის წყალობით!
ერთხელაც მოიკვანწება ქუჩაში დამჯერია მკითხველი. მოაბიჯებს, “მსასოებელი დიდებისა და სიკეთის”,[10] მოაკაკუნებს ხელჯოხს, იცოდეთ, ამიერიდან როგორ უსაფრთხოდ ვარო. მაგრამ ბედი არ გინდა?! რამდენიმე ნაბიჯიც არ გადაედგა, იურიდიული შეცდომა მომხდარიყო და მართლა ვირის აბანოში ჩააყუდეს დამჯერია მკითხველი. მთელი დღე იჯდა უჭმელ-უსმელი. გაუმასპინძლდნენ, მაგრამ დახედა თუ არა, აი, ჩვენი მოსავალი როგორი ყოფილაო და ვერ ჭამა. და დიფტერიტიც დაემართა იქვე.[11]
ნუ, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე გაირკვა იურიდიული შეცდომა და გამოუშვეს, ოღონდ ხელწერილით. – ხომ შეიძლება, რომ ისევ დასჭირდეთ! დაბრუნდა შინ დამჯერია მკითხველი და მოკვდა.
ჟურნალისტი-მატყუარა კი ახლაც ცოცხალია, ქვითკირის მეოთხე სახლი აჰყავს სახურავამდე და დილიდან დაღამებამდე განიზრახავს, რითი სჯობია აწი და უკუნისამდე დამჯერია მკითხველის მოღორება, ტყუილით თუ ჭეშმარიტებით…
[1] М. Е. Салтыков-Щедрин, Обманщик-газетчик и легковерный читатель, М. Е. Салтыков-Щедрин, Собрание сочинений в 20 томах, Москва, 1965—1977, Т. 16, ст. 60-62. თარგმნა დავით შენგელიამ.
[2] თითოეულს – თავისი!
[3] ფრაზა ა. პუშკინის ლექსიდან “გმირი”.
[4] მკითხველთაგან ზოგმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ სინამდვილე, – ის, რასაც მკითხველი ხედავს საკუთარი თვალით, – ჟურნალისტის ნათქვამს არ შეესაბამება: გაზეთებში წერენ, რომ ქუჩებში ხალხს აპატიმრებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასე არ ხდება.
[5] ქალაქია უკრაინაში.
[6] “კეთილშეზავებანი ჰაერთანი” ამინდს, კარგ ამინდს ნიშნავს. თუ ჩვენ სწორად გვესმის, მწერალი გვეუბნება, რომ ბუნება, ამინდი სინამდვილეში ჩვენ სასარგებლოდაა მომართული. შესაბამისად, მოსავალი ყოველთვის ცოტა ან ყოველთვის ცუდი სულაც არ მოდის და ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციები სტიქიურ უბედურებებზე, გაბუქებულია.
[7] როგორც ითქვა, მკითხველი არის დამჯერია, ის ვერ აღიქვამს, როცა ჟურნალისტი ატყუებს და ამიტომაც არ გრძნობს თავს ცუდად. როცა ჟურნალისტი დადებითი განწყობის ინფორმაციებს აწვდის, მკითხველი კიდევ უფრო უკეთ გრძნობს თავს, ბუნებრივია. მაშასადამე, მკითხველს ტყუილისა და მართლის გარჩევა არ შეუძლია, ის ჭეშმარიტებად აღიქვამს ყველაფერს, რასაც ეუბნებიან გაზეთებიდან.
[8] ანალიზის უნარი მკითხველს იმდენად მწირი აქვს, რომ ნაწარმი რომ უფასო შეიძლება გახდეს, ამასაც კი იჯერებს. მოწოდებული ინფორმაცია მკითხველისათვის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.
[9] მანეთი – ფულის ერთეული მეფის რუსეთსა და საბჭოთა კავშირში.
[10] ფრაზა ა. პუშკინის ლექსიდან “სტანსები”.
[11] ჟურნალისტი ჯერ ამბობს, რომ ყველგან დიფტერიტია და მერე, რომ ეს ავადმყოფობა არსად არ არის. მკითხველი საკუთარი თვალით ხედავს, რომ ეს სნეულება მაინც არის. თხრობის წინააღმდეგობა აქ არ არის: ჟურნალისტი ისე ზრდის ფაქტის, ამ სნეულების, საშიშროებასა და რაოდენობას, სტატისტიკას, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. სინამდვილეში, იგივე ფაქტი, აღნიშნული ავადმყოფობა, ბევრად უფრო მცირე რაოდენობით გვხვდება და მისგან მომავალი საშიშროებაც სულ არ არის ასე მასშტაბური.
© არილი