ინგლისურიდან თარგმნა დათა ხარაიშვილმა
ნათლად მახსოვს, როგორ წავიკითხე პირველად „კირჩხიბის ტროპიკი“. ეს იყო 30 წლის წინ: ერთ ღამეში, გამალებითა და მომეტებული მღელვარებით ჩავიკითხე. ამ maudit რომანის ფრანგული თარგმანი, რომლის შესახებაც ლიმაში ამბავი ამბავზე მოდიოდა, ჩემს ესპანელ მეგობარს ჩაუვარდა ხელთ. შემატყო, წაკითხვის ჟინი რომ მწვავდა და რამდენიმე საათით დამითმო. ფრიად უცნაური გამოცდილება იყო – ჩემი წარმოდგენებისაგან სრულიად განსხვავებული. წიგნი ერთობ სკანდალური გამოდგა, თუმცა არა იმდენად ეროტიულ სცენათა მიზეზით, როგორც ამბობდნენ, არამედ უფრო ვულგარულობისა და ბედნიერი ნიჰილიზმის გამო. იგი მახსენებდა სელინს, ვის რომანებშიც მყრალი ენა და უხამსობა პოეზიად არის ქცეული. მაგონებდა ბრეტონის „ნადიას“, სადაც „კირჩხიბის ტროპიკის“ მსგავსად, ყოველდღიური რეალობა ანაზდეულად გარდაიქმნება ღამეულ კოშმარად და ზმანებისეულ სურათ-ხატებად.
წიგნმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა არ მოვხიბლულვარ. მწამდა და მწამს ახლაც, რომ რომანები უნდა ჰყვებოდნენ ამბებს, რომლებსაც დასაწყისი და დასასრული აქვს, რომ მათი უშუალო მოვალეობა ყოფიერების ქაოსთან დაპირისპირება და მის ნაცვლად გამოგონილი, ნატიფი, დამაჯერებელი წესრიგის შექმნაა. „კირჩხიბის ტროპიკი“, როგორც მილერის მომდევნო წიგნები – ქაოსის წმინდა ფორმა, მძვინვარე ანარქიაა. იგი დიადი, რომანტიკული, უხამსი კარნავალური წარმოდგენაა, რომელიც მნახველს გულისრევითა და სევდით ამძიმებს, ადამიანური ყოფიერების მიმართ კი საბოლოოდ უცრუებს გულს. ამ ყაიდის თავისუფალი, უფორმო ლიტერატურის შექმნა რისკიანი საქმეა, რადგან შესაძლოა, ჭკვიანურ სახანაობად იქცეს, ჰენრი მილერი კი – მისი maudit თანამედროვის, ჟან ჟენეს მსგავსად ხშირად გაბმულა ამგვარ მახეში. საბედნიეროდ, „კირჩხიბის ტროპიკი“ – მისი პირველი რომანი, ამ საფრთხეს დაუსხლტა. ეჭვგარეშეა, რომ ეს მისი კალმით შექმნილი საუკეთესო წიგნია – ომთაშორის პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურული ქმნილება, რომელიც მილერის შემოქმედებაში ყველაზე მეტად მიემსგავსება შედევრს.
სულ ახლახან რომანი სიამოვნებით გადავიკითხე. დრო-ჟამმა და ჩვენში ფეხმოკიდებულმა უკეთურებამ შეასუსტა წიგნში აღწერილი ძალადობა და ის, რაც აქამდე მწერლურ გამბედაობად აღიქმებოდა. ახლა უკვე ვიცით, რომ კუილიცა და გონორეაც შეიძლება იყოს მშვენიერი. თუმცა ჟამთა დინებამ ვერ გააღარიბა მილერის პროზის გრძნეულება, ვერ დააკნინა მისი გავლენა. მოხდა კი პირიქით, დრომ მას სიმშვიდე და სიმწიფე შესძინა. 1934 წელს, როდესაც იატაკქვეშ გამოცემულმა რომანმა პირველად იხილა დღის სინათლე, იგი უკვე ტაბუსა და მორალურ-ეთიკური თავდასხმების სამიზნედ იყო ქცეული. აღტაცებისა და ზიზღის მიზეზი, ერთი მხრივ, იყო ხატმებრძოლეობა და თავხედობა, რაც დახვეწილი, გემოვნებიანი ენის ყველაზე უარესი, შეურაცხმყოფელი ლექსიკით ჩანაცვლებაში გამოიხატებოდა, ხოლო მეორე მხრივ – წიგნის წრეგადასული ესქატოლოგია. დღეს რომანის ეს ასპექტი მკითხველთა მცირე რაოდენობას თუ აძრწუნებს, რადგან თანამედროვე ლიტერატურამ წარმატებით აითვისა „კირჩხიბის ტროპიკში“ მიგნებული სიახლის ელემენტები. გავლენა კი ისე ძლიერი გამოდგა, რომ ბანალურობად იქცა, იმგვარ ბანალობად, როგორც მეთვრამეტე საუკუნეში გეომეტრიისადმი აღძრული ლტოლვა ან რომანტიზმის ეპოქაში – ბურჟუაზიის ლანძღვა. სულ ცოტა ხნის წინ, უხამსმა სიტყვებმა უხამსობა დაკარგა, სექსი კი მთელი თავისი ავლადიდებით პოპულარობის მწვერვალებს მიწვდა. ცხადია, ყველაფერ ამას ნაკლოვანებებიც ახლავს, თუმცა იკვეთება ერთი მკაფიო უპირატესობაც – ერთხელ და სამუდამოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჰენრი მილერზე, არა მხოლოდ ბობოქარ მწერალსა და ეროტიზმის მეხოტბე რომანისტზე, არამედ როგორც გენიალურ ხელოვანზე.
ეს კი უეჭველია. იგი იყო ჩინებული შემოქმედი, რომელსაც საკუთარი სამყარო და კაცობრიობისა და ლიტერატურის თავისებური ხედვა, თავისი თაობის მწერლებისაგან გამოარჩევდა. ჩვენს ეპოქაში, სელინისა და ჟან ჟენეს მსგავსად, იგი ხატმებრძოლეობის სატანურ ტრადიციას წარმოადგენდა; ინდივიდს – სრულიად განსხვავებული ტემპერამენტით, ვისთვისაც წერა, ისტორიის ყველა ეპოქის წესთა უკუგდებას, სოციალური ჰარმონიის ხელყოფას, იმ ჭუჭყისა და სისასტიკის გაშიშვლებას ნიშნავდა, რასაც სოციუმი – ზოგჯერ კეთილი, ზოგჯერ კი უკეთური ზრახვებით – იძულებით ამკვიდრებს. ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია სწორედ ესაა: შეახსენოს კაცსა და ქალს, რომ თუმცა უშიშრად დააბიჯებენ მყარ ნიადაგზე და კაშკაშა შუქი აბრწყინებს მათს ქალაქებს, ირგვლივ კვლავაც დაძრწიან იდუმალი დემონები, რომლებიც მძვინვარე ცვლილებებს იწვევენ.
კატაკლიზმი, აპოკალიფსისი – აი, სიტყვები, რომლებიც „კირჩხიბის ტროპიკზე“ საუბრისას ამოტივტივდება, თუმცა კი სისხლისღვრა ერთხელ, ისიც ლოთურ შეხლა-შემოხლას მოჰყვება, ომის კვალი კი პერსონაჟთა მრუშობაში (მუდამ ძალადობრივ) თუ იკვეთება. თუმცა რომანის ფურცლებზე გამუმდებით იგრძნობა გარდაუვალი კატასტროფის მოახლოება, განცდა იმისა, რომ ყოველივე, რაზეც ჰყვებიან, სულ მალე უნდა გაქრეს. სწორედ ამგვარი მოლოდინი იწვევს წიგნის მშვენიერ და ნაირგვარ პერსონაჟებში თავაშვებული ცხოვრებისაკენ ლტოლვას. ეს მომაკვდავი სამყაროა, რომელიც ნელინელ იხრწნება მორალურად, სოციალურად კი ისტერიულ ჟრიამულში ინთქმება – როგორც ჟამიანობისა და სიკვდილის მოლოდინში გაყუჩებული ქვეყნიერება, ბოსხის შემაძრწუნებელ ქმნილებებს რომ მოგაგონებთ. ისტორიული თვალსაზრისით, ყოველივე ეს ზედმიწევნით ზუსტი სურათია. მილერმა რომანი პარიზში, 1931-33 წელბში დაწერა. სწორედ მაშინ, როცა ძალას იკრებდა ხანძარი, რომელიც რამდენიმე წელიწადში მთელ ევროპას მოედო. ეს იყო ჟამი აყვავებისა და დროსტარებისა, ჟამი ჭკუამხიარულებისა და სხივმოსილი შემოქმედებისა. სწორედ იმხანად იფეთქა მრავალმა ესთეტიკურმა მოძრაობამ; სიურეალისტებმა კი თავიანთი პოეტური წარმოსახვებითა და „ფერადი სათვალით“ მოხიბლეს თანამედროვედ მოაზროვნენი. პარიზი ხელოვნებისა და ბედნიერი ადამიანების დედაქალაქი იყო.
„კირჩხიბის ტროპიკში“ კი ამ ამბის მიღმა მხარეს ვხედავთ. ეს სამყარო პარიზულია, თუმცა იგი სინათლის წელიწადითაა მოწყვეტილი გამარჯვებული და წარმატებული მეოცნებეებისგან: ამ სამყაროში განდევნილები, ფსევდო-მხატვრები, ფსევდო-მწერლები, ჩარეცხილები და პარაზიტები ცხოვრობენ. განაპირა უბნებში ბინადრობენ, არ ესწრებიან ნადიმებს, მხოლოდ ნასუფრალს სჯერდებიან. ეს უსამშობლო ხალხია, თავიანთ ფესვებს რომ მოწყდნენ – შტატებს, რუსეთს… – მათი საძირკველი პარიზიდან შორს, სულ სხვა მიწაზეა, ახლა კი კულტურულ სალხინებელში იმყოფებიან. გეოგრაფიული თვალსაზრისით, მათი საყრდენი წერტილი საროსკიპოები, ბარები, იაფფასიანი სასტუმროები, ტურტლიანი ოთახები, შემზარავი რესტორნებია. როგორც ნამდვილ მაწანწალებს შეეფერებათ, იზიდავთ პარკები, სკვერები, ქუჩები. ამ დაუნდობელ ქვეყანას რომ გადაურჩნენ, ყველაფერზე მიდიან. არ ეთაკილებათ არანაირი საქმე, მოსაწყენიც, მონოტონურიც – საგაზეთო სტატიების კორექტირება თუ მათხოვრობა, თაღლითობა და სუტენიორობა. მრავალი მათგანი საკუთარი არსებობის გასამართლებლად ხელოვნებაზე უცნაურ აზრებს ჩმახავს: „მნიშვნელოვანი რომანი უნდა დავწერო, ღირსეული ნახატები შევქმნა“ და ა.შ. თუმცა სინამდვილეში ერთადერთი სერიოზულობა, რომელიც ჯგუფს ახასიათებს,- უწესრიგობის, მორჩილი გულგრილობისა და ნელი ხრწნის კვალდაკვალ, სერიოზულობის დეფიციტია.
ეს არის ქვეყანა, უფრო სწორად ქვესკნელი, რომელიც ორმოცდაათიანი წლების ბოლოს თავადაც ვიხილე. მჯერა, იგი სულაც არ განსხვავდებოდა ქალაქისაგან, ასე ხშირად რომ სტუმრობდა მილერი და რომელმაც ოცი წლით ადრე შთააგონა კიდეც „კირჩხიბის ტროპიკი“. შევძრწუნდი, როცა ბოჰემური პარიზის ნელი და ამაო კვდომის მომსწრე გავხდი; ქალაქთან კი გარდაუვალმა აუცილებლობამ დამაკავშირა, სხვა არჩევანი არც მქონდა. ალბათ ამიტომ ვიხრი ქედს იმ ოსტატობის წინაშე, ადამიანები, რიტუალები, მთელი ეს მხუთავი სიცარიელე რომანის დრამატულ, ჰეროიკულ პერსონაჟებად რომ გარდასახა. აღსანიშნავია, რომ ამ უძრაობითა და ფატალიზმით განადგურებულ გარემოში, შესაძლებელი აღმოჩნდა „კირჩხიბის ტროპიკის“ მსგავსი ამბიციური და ნაყოფიერი ლიტერატურული პროექტის სრულყოფა (წიგნი სამჯერ გადაიწერა, საბოლოო ვერსია კი გამესამედდა).
რადგან რომანი უფრო გამონაგონია, ვიდრე რეალურ ამბავთა ანარეკლი, არც მისი დოკუმენტური ღირებულებაა სარწმუნო. კაცმა რომ თქვას, ისტორიული ფაქტების ნამდვილობას არავინ დაეძებს, „კირჩხიბის ტროპიკის“ ლიტერატურული ღირსება ხომ სწორედ მილერის გამონაგონში, მის მდიდარ წარმოსახვასა და ფანტაზიაშია თავმოყრილი. წიგნის ავტობიოგრაფიული ელემენტებიც კი რეალობის აჩრდილია, რაც თხრობის ერთგვარი სტრატეგიაა; იგი მხატვრულ ტექსტს გულწრფელობის ელფერს ანიჭებს. ეს რომანის აუცილებელი თვისებაა, რომელიც არ ემორჩილება ავტორის ზრახვებს. როგორც ჩანს, მილერმა საკუთარი პერსონის თხრობაში ჩართვითა და სრული სიშიშვლის დემონსტრირებით, სასცენო წარმოდგენის ნაწილად ქცევა მოისურვა. შედეგად, ის იმ ავტორს ჰგავს, სიფრთხილით რომ განერიდება თავისივე გამოგონილ სამყაროს და მონდომებით ცდილობს დეპერსონიზაციას. „კირჩხიბის ტროპიკის“ ანრი გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც მკითხველის კეთილგანწყობასა თუ ზიზღს ინდივიდუალური ქმედებებითა და შეხედულებებით იწვევს. თხრობის ამ ჩარჩოში, იმისათვის, რომ ირწმუნო – დაინახო, იგრძნო და უფრო მეტიც, გესმოდეს მისი – სულაც არაა აუცილებელი, იგი რეალურ არქეტიპს, პერსონაჟის ცოცხალ ანარეკლს შეადარო. მთხრობელსა და მწერალს შორის ყოველთვის არის დისტანცია; ავტორი გამუდმებით ქმნის მთხრობელს, როგორც უჩინარ მოუბარსა თუ ამბის უშუალო მონაწილეს; როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს – მდუმარესა და ყოვლისმცოდნეს, თუ მავანს, ვინც შეზღუდული თვალსაწიერით ცხოვრობს სხვა ამფსონ-პერსონაჟთა გარემოცვაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მთხრობელი მწერლის ცხოველი წარმოსახვის ნაყოფია.
„კირჩხიბის ტროპიკში“ მთხრობელი-პერსონაჟი ტექსტის უმთავრესი ფიგურაა. იგი უსათუოდ არის მილერის, როგორც რომანისტის, უზენაესი მიღწევა. ეს ნარცისიზმით შეპყრობილი ამაზრზენი ანრია, რომელიც მთელ სამყაროს ზიზღით შეჰყურებს; კაცი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფალოსი და სტომაქი ანაღვლებს და ყველაფერთან ერთად, უტყუარი გრძნობით, რაბლეანური ვიტალიზმით საზიზღრობასა და სიბილწეს ხელოვნების ნიმუშად აქცევს; იგი თავისი დიდებული პოეტური ხმით, ფსიქოლოგიური წიაღსვლებით, წვრილმანებითა და ჭუჭყით, ვულგარულობას სულიერებასა და ესთეტიკურ ღირსებას ანიჭებს. ცდება ის, ვინც მიიჩნევს, რომ რომანის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილი მწერლური თავისუფლება და უკიდურესი ნატურალიზმით აღწერილი ეროტიზმია, ან თუნდაც სიცხადის მიჯნასთან იმგვარი მიახლოება, თანამედროვე ლიტერატურაშიც რომ ვერ პოულობს ანალოგს. რომანის მთავარი ღირსება მისი ზნეობრივი პოზიციაა. ან იქნებ ჯობდეს, მის უზნეობაზე გვესაუბრა? არა მგონია! მიუხედავად იმისა, რომ მთხრობელის ქცევა და ფიქრები ეწინააღმდეგება მორალურ კანონებსა და ზნეობრივ ნორმებს, უსამართლობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ იგი ამ გარემოებისადმი გულგრილია. აზროვნებისა და ქცევის მისეული სტილი თანმიმდევრულია: მისი ზიზღი საზოგადოებრივი ნორმებისადმი ერთი მხრივ ღრმა განსჯის, მეორე მხრივ კი ადამიანის, სოციუმისა და კულტურის მისეული ხედვის გამოძახილია; რაც, მეტ-ნაკლები სიცხადით მთელ რომანს გასდევს.
ეს კი შესაძლოა, ვინმესთვის რომანტიკული ანარქისტის მიერ თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაზე მიტანილ ზნეობრივ იერიშს ნიშნავდეს, – ამბოხს იმ სოციალური წესრიგის წინააღმდეგ, რომელსაც მავანი ინდივიდუალური სუვერენულობის საფრთხედ მიიჩნევს. მილერი ხომ გააფთრებით ებრძოდა პროგრესსა და კაცობრიობის ავტომატიზაციის პროცესს, რომელსაც მოგვიანებით „კონდიცირებული კოშმარი“ უწოდა. მისი ეს პოზიცია ემთხვევა ლუი ფერდინანდ სელინის მიერ იმხანად გამოქვეყნებული წიგნების პათოსს – სავსეს ადამიანურობისგან გამოცარიელებული აწმყოს შეურაცხყოფითა და ლანძღვა-გინებით; იგი ეხმაურება ეზრა პაუნდსაც, ვისთვისაც „მერკანტილური“ სოციუმი სულაც ცივილიზაციის დასასრულს მოასწავებდა. სელინსა და პაუნდს – დრიე ლა როშელისა და რობერ ბრაზიიაკის მსგავსად, სწამდათ, რომ ინდუსტრიული საზოგადოება დეკადანსის სინონიმი იყო და უარყოფდა იმ შეუცვლელ სტანდარტებს, რომლებიც დასავლურმა სამყარომ წარსულის ამა თუ იმ მომენტში (რომი, შუა საუკუნეები, რენესანსი) დანერგა. წარსულის ეს რეაქციული განდიდება კი მათ ფაშიზმის მკლავებში აქცევდა. მილერი ამ საფრთხის წინაშე არასდროს მდგარა, რადგან თანამედროვე საზოგადოებაზე გალაშქრებისას, იგი არ იბრძვის არც იდეალიზმისა და არც ჩამქრალი თუ აღორძინებული ცივილიზაციების სახელით, მისი მახვილი ინდივიდია, ვისი უფლებებიც, ახირებებიც, ოცნებებიცა და ინსტიქტებიც, მწერლისთვის ხელშეუხებელი და უძვირფასესი ფასეულობებია. ეს ღირებულებები – გადაშენების პირას მისული, ზარ-ზეიმით უნდა აღინიშნოს, რადგან თანამედროვეობის ულმობელი გრიგალი დაღუპვას უქადის. მისი პოზიცია არანაკლებ უტოპიურია, ვიდრე იმ maudit მწერლებისა, რომლებმაც შერისხულ პროგრესს შეუტიეს; თუმცა მილერი გაცილებით მომხიბვლელი და, საბოლოო ჯამში, უფრო პირნათელია, ვიდრე ცივილიზაციისა და ტრადიციების დაცვის მოტივით ნაცისტებად ქცეული ავტორები. იგი ამ ხიფათისაგან თავისივე მძვინვარე ინდივიდუალიზმმა იხსნა. სოციალური წესრიგის არც ერთი სახე, განსაკუთრებით კი კოლექტივიზმი, არ ყოფილა მისაღები ამ მეამბოხისთვის, რომელმაც ხელი აიღო სამსახურზე, ოჯახსა და ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე, რადგან ისინი მორჩილების სხვადასხვა ფორმად ესახებოდა. მიუხედავად იმ უსიამოვნებებისა და შიმშილისა, რომლებიც სატანჯველად ექცა, განმარტოება და განდეგილობა ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნების საუკეთესო გზად მიიჩნია. იმის განსჯა და ფიქრი, რომ მათხოვრის ბედის გაზიარება, ვალდებულებებისაგან გათავისუფლება, დამკვიდრებულ სოციალურ ნორმათა უარყოფა, იმაზე უფრო თავისუფალი და ჭეშმარიტი გზაა, ვიდრე მოქალაქეთა ლიანგში გარევა – სწორედ ეს აქცევს ანრის ირონიულ პერსონად, რომელიც ტკბება ცხოვრებით და ერთგვარი გაგებით, ბედნიერიც არის. ეს არაჩვეულებრივი ნაზავი პერსონაჟის ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი მახასიათებელია და რომანის უმთავრესი ნეტარებაც, რადგან სწორედ ეს ფაქტორი ქმნის იმ დამთრგუნველ, ამორალურ, განაპირებულ და ბინძურ გარემოს, რომელშიც მთელი ეს ამბავი ვითარდება და იგი არა თუ ასატანი და სასიამოვნო, მაცდუნებელიცაა.
თუმცა „კირჩხიბის ტროპიკის“ დახასიათებისას, „ამბავი“ სათანადო შესატყვისად არ გამოდგება. უმჯობესი იქნება, თუკი გაწყვეტილ, ქრონოლოგიამორღვეულ სცენარზე, სურათ-ხატებსა და ეპიზოდებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც მათში გათქვეფილი მთხრობელი იმისთანა მოჭარბებული მამლაყინწობით აფრქვევს, რომ სხვა პერსონაჟები მხოლოდ ბუნდოვან დამატებებად მოჩანან. თუმცა ამგვარი განცალკევება ტყუილ-უბრალო როდია: იგი ირეკლავს მთხრობელის ხასიათს, ეხმიანება მის უიმედო ანარქიას, ალერგიულ რეაქციას წეს-წყობისა თუ წესრიგის მიმართ; მის უზენაეს თვითნებობას, როცა ვერ განურჩევია თავისუფლებისაგან. „კირჩხიბის ტროპიკში“ მილერმა მიაგნო რთულ ბალანსს, როგორც სპონტანურ ქაოსსა და წმინდა ინტუიციას, ისე მინიმალურ რაციონალიზმსა და მოწესრიგებულ კონტროლს შორის, რაც მხატვრულ ნაწარმოებს ამგვარ დამაჯერებლობას სძენს. (იმისდა მიუხედავად, რომ მხატვრული ქმნილება უფრო ინსტიქტებსა და ვნებებს აშიშვლებს, ვიდრე იდეებს, იგი ჯერ მკითხველის გონებას უნდა მიწვდეს, შემდეგ კი გრძნობებს). მომდევნო წიგნებში ყველაფერი სხვაგვარად იყო, და სწორედ ამ მიზეზით, ბევრი მათგანი, დასამახსოვრებელი ეპიზოდებისა და ბრწყინვალე მწერლური გაელვებების მიუხედავად, მკითხველის მისაზიდად მეტისმეტად ამორფული გამოდგა. ამასთან, „კირჩხიბის ტროპიკი“ მკითხველს პირველივე წინადადებიდან ითრევს, თხრობა კი სენის პირას ნატიფად გათამაშებულ უკანასკნელ სცენამდე არ წყდება.
ეს მართლაც დიდებული წიგნია, რომლის ნაივური ფილოსოფია აკრთობს სულს. ცხადია, თანამედროვე საზოგადოება ვერაფრით გაიზიარებს ამ უკომპრომისო და ექსტრემალურ ინდივიდუალიზმს, სანამ მზად არ იქნება იმ გარდასულ დღეებში დასაბრუნებლად, როცა კომბლებმომარჯვებული მამაკაცების ველური ღრიალი აყრუებდა არემარეს.
თუმცაღა, მიუხედავად ამისა, წარსულის ნოსტალგიით მაინც გვავსებს ავტორისეული წაქეზება თავმბრუდამხვევად ქაოტური ცხოვრებისა და სექსისკენ, რასაც გზას უღობავს სოციუმი, წესები, აკრძალვები, კანონები…
ლიმა, 1988 წლის აგვისტო
© არილი