ესე

მანანა დუმბაძე – ჩემი ქართულ-ებრაული „საუკუნის გარიგება“

 

უხსოვარ დროს, ხუთ აბიტურიენტთან ერთად ფიზიკაში ვემზადებოდი. სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ზუსტად გამოცდების წინ ჩუტყვავილა შემეყარა და თვენახევარი მოვწყდი სამყაროს. ბედი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის  ფაკულტეტზე ვცადე. ის იყო, სემესტრი დავხურე და ამხანაგებთან ერთად კომკავშირული საგზურით პოლონეთს უნდა გავმგზავრებულიყავი, რომ წინა დღეს იმ ხუთი აბიტურიენტიდან, ვისთან ერთადაც ფიზიკაში ვემზადებოდი, ერთმა დამირეკა.

– გამარჯობა, ეკა, მიშა ვარ წიწუაშვილი. ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან, დღესვე უნდა შევხვდეთ, – სულმოუთქმელად მომახალა.

– ვაიმე, მიშა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხვალ დილით მოსკოვში მივფრინავ, იქიდან პოლონეთში, ძალიან დაკავებული ვარ, ეგებ ტელეფონით მითხრა რა საქმე გაქვს? – ბოდიშის მოხდით ვუპასუხე.

– ტელეფონით მიძნელდება, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ეგებ როგორმე მოიცალო, გთხოვ! – შემეხვეწა მიშა. ისეთი ხმა ჰქონდა, სინდისმა შემაწუხა. ვიფიქრე, ალბათ ოჯახური პრობლემა აქვს და მამაჩემის დახმარება სჭირდება-მეთქი. ვიცოდი, მისი ოჯახი უკვე კარგა ხანია, ისრაელში წასასვლელად ემზადებოდა და ალბათ კაგებეში თუ გაურთულდათ რამე-მეთქი. არ მომეწონა ეს ვარიანტი და უფრო დამაჯერებლად დავიხიე უკან.

– ვერა, მიშა, ხომ ვერ მოგატყუებ, არ მინდა დაგპირდე და ვერ შევასრულო. ვერაფერს ვასწრებ, იმდენი საქმე მაქვს. ბოდიში, რა, ტელეფონით მითხარი, რა გინდა, – გავძალიანდი.

– ტელეფონით ვერ გეტყვი, არ არის სატელეფონო საუბარი, – დაუსევდიანდა ხმა მიშას.

– მაშინ, ორი კვირის შემდეგ დავბრუნდები და სადაც გინდა, რამდენი ხნითაც გინდა, შევხვდეთ და მითხარი. ძალიან ხომ არ იწვის ეგ შენი საქმე?

–  ორ კვირაში გვიან იქნება, ისრაელში მივდივარ, – მომიჭრა.

– თვის ბოლოს აქ ვიქნები, რა პრობლემაა!

ეჭვი არაა, მამაჩემის დახმარება უნდა ეთხოვა და ამიტომ, კიდევ უფრო გავუძალიანდი. ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ვხვდებოდი, რა უნდა ნდომოდა მამაჩემისგან, რომელიც მაშინ, დეპუტატობის გარდა, კაგებეს სათადარიგო გენერალიც იყო. ეს მიშა კი არც ისეთ ახლობლად მიმაჩნდა, რომ მამაჩემთან თავდებში ჩავდგომოდი.

– არ შემიძლია, მიშა, მაპატიე, რომ ჩამოვალ, მერე ვილაპარაკოთ, ბოდიში, რა…

–  კარგი, დღეს რვა საათზე კიროვის პარკის წინ დაგელოდები. ცხრამდე თუ არ მოხვალ, წავალ და ვეღარასოდეს შეგხვდები. ეგებ გამონახო დრო და მოხვიდე, ძალიან გთხოვ. თუ მოხვალ – კარგი, თუ არადა – არ მეწყინება. სამუდამოდ მივდივარ და მინდა დაგემშვიდობო, დათოც მოვა…

დათოს ხსენებაზე ამოვისუნთქე. ის ჩვენი თანაჯგუფელი იყო, მასთან დღესაც ვმეგობრობ. მივხვდი, მამაჩემი არ სჭირდებოდა, უბრალოდ, გამოსამშვიდობებელ საღამოს აწყობდა და ამაზე უარი კიდევ უფრო გამიადვილდა.

– მისმინე, ახლა უჩემოდ იქეიფეთ და როგორც კი დავბრუნდები, თავად დაგირეკავ, აუცილებლად გნახავ, უნახავად არ გაგიშვებ, დაგირეკავ, შევთანხმდით? ახლა მაპატიე.

– კარგი, ადგილი და დრო იცი, ცხრამდე გელოდებით. მოინდომე. თუ ვერ მოხვალ, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ. მშვიდობით, – აშკარად დამემშვიდობა მიშა.

– გმადლობ, მიშა, ნახვამდის, ორ კვირაში აუცილებლად დაგირეკავ, – ვთქვი და ყურმილი დავკიდე.

ძალიან რომ მომენდომებინა, ალბათ მივიდოდი იმ გამოსამშვიდობებელ საღამოზე ცოტა ხნით მაინც, მაგრამ მართლა ბევრი საქმე მქონდა: ჩემოდანი ჩასალაგებელი, დილით ადრე აეროპორტში გასასვლელი… თან მომეჩვენა, რომ ეს მიშა მეარშიყებოდა და მასთან შეხვედრის ყველა სურვილი გამიქრა – ერთი დონდლო ბიჭი იყო, მე მგონი, ნაყვავილარი სახით, და ჩაფართხუნებული შარვლით… ფიზიკიდან სახინკლეში რომ მივდიოდით ხოლმე, იშვიათად მოგვყვებოდა. სულ მეგონა, ან ფული არ აქვს ან ენანება-მეთქი. ამიტომ, ზრდილობის გულისთვის ვეპატიჟებოდით ხოლმე. ისიც, ზრდილობის გულისთვის ხანდახან მოგვყვებოდა. არ ჭამდა, არ სვამდა, ბევრს არ ლაპარაკობდა. რაც ფიზიკაზე სიარული შევწყვიტე, იმის მერე თვალით აღარ მინახავს. იმ ხუთიდან მხოლოდ ტატასთან და დათოსთან გამიგრძელდა მეგობრობა. დანარჩენი სამის შესახებ აღარაფერი გამიგია, სანამ იმ “საბედისწერო“ დღეს მიშამ თავად არ დამირეკა და თავი არ გამახსენა. ერთხელ დამირეკა და ისიც პაემანზე მექაჩებოდა. მე პოლონეთში მივდიოდი და არ მეცალა, ის კარგ გზაზე იდგა – ისტორიულ სამშობლოში მიდიოდა ოჯახთან ერთად …. „გზა მშვიდობისა, მიშიკო“ – გავიფიქრე, საჰაერო კოცნაც გავუგზავნე და მშვიდად შევუდექი ჩემოდნის ჩალაგებას. პოლონეთიდან ისეთი შეყვარებული და გზააბნეული დავბრუნდი, მიშა კი არა, საკუთარი დედ-მამა აღარ მახსოვდა.

გავიდა 30 წელი. ჩემს თავზე, როგორც იტყვიან, წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა, თორემ ქვეყნის ყველა კატაკლიზმი და კრიზისი – კი. ყველა ქარბორბალამ მათრია, ყველა ძაბრმა ჩამითრია, ვიპოვნე, დავკარგე, კიდევ დავკარგე, ისევ დავკარგე, იქ დავაგვიანე, აქ – ვერ მივასწარი … და ამ წანწალ-წანწალში მთელი ქვეყნის ვალი დამედო: ბანკის, სახლის მეპატრონის, მერე შუამავლის 9 ათასი დოლარი… ირგვლივ ყველა მევალე გადაგდებული… და მე ისრაელში 16-საათიანი სამუშაო განრიგით, ექვს ჩემნაირ „მენაკასთან“[i]  ერთად სამოთახიან კომუნალურ ბინაში, ერთი საწოლითა და ტუმბოთი. შუამავლისთვის გადახდილი 9 ათასი დოლარის წყალობით, მაქვს ე.წ. „ცისფერი საბუთი“, რომელსაც სამ თვეში გასდის ვადა. ამიტომ,  „არალეგალი“ რომ არ გავხდე, ან სამშობლოში უნდა დავბრუნდე, სრულიად უპერსპექტივო მომავლით, ან ერთი კარგი მაკლერი უნდა ვიშოვო, მაგარი ადვოკატით და ვინმე ისრაელელთან „ხავერუთი“[ii] გავჩარხო, რომ ამ ქვეყნიდან, სადაც 9 ათას დოლარად ძლივს შემოვეტენე, უკან გასაბუნძულებელი არ გავხდე.

აქ, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ფიქტიური ქორწინების ბიზნესი რა ხანია ისე დაიხვეწა, რომ იურისტებმა თუ მოინდომეს, ქვეყნის პირველ პირთანაც  გაგიჩალიჩებენ „ხავერუთს“ თვეში სულ რაღაც 1500 დოლარად სავალდებულო 3 წლით.  მთელი ამ აფიორისთვის სულ სამი თვეღა დამრჩა, რადგან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე ორმა იურისტმა ნახევარი ჰონორარის გადახდისთანავე გადამაგდო. ახლა მესამე, „უსანდოესი“ იურისტი, სახელად ზეზვა (ზეევ) მეჩალიჩება ჰონორარის ნახევარზე, მაგრამ ვერ მივართვი, მეყო, ცოცხალი თავით არ ვნებდები!  „სნაჩალა სტულია – პატომ დენგი-მეთქი’’, მაქვს დაჩემებული. სანამ ნაღდ კანდიდატს არ დამანახებ, არც დამირეკო-თქო.

ერთ დღესაც მირეკავს შუამავალი დოდო, ნაღდი კანდიდატი გიშოვე და ხვალისთვის მოემზადე, „ტაშ-ტაშში“[iii] მივდივართ შეხვედრაზეო.

– იცოდე, ლამაზად ჩაიცვი, დაიხატე და დასვენებული მოდი, – მაფრთხილებს დოდო.

– ვააა, და მართლა გასათხოვრად ხომ არ მამზადებ, რატომ უნდა გავიპრანჭო ასე საგულდაგულოდ? – უნდობლად ვეკითხები.

– იმ კაცს ზეზვასთვის უთქვამს, შესახედად თუ არ ივარგა, ხელს არ მოვუწერო.

– რაღაც არ მომწონს ეგ ამბავი. რა ხნისაა სასიძო?

– ასე 60 წლამდე იქნება, მაგრამ ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურება. და შენთვის სულერთი არაა?

– და მაგისთვის არაა სულერთი?

– გოგო, ახლა მუსიკას ეგ უკვეთავს, შენ გინდა იცეკვე მის დაკრულზე, გინდა იმღერე. მადლობა თქვი, თუ მოეწონე და ხელი მოგიწერა .

– ჰო, ვიცეკვებ, აბა, რას ვიზამ, მეტი რა გზა მაქვს, მაგრამ მაინც არ მომწონს  პირობების წამოყენება… რამე არ გამიჩალიჩოს.

– მაინც რა უნდა გაგიჩალიჩოს? დიდი-დიდი, მართლა ცოლობა გთხოვოს, თუ გაგიმართლა, – სიცილი აუტყდა დოდოს.

– რა ცოლად, რის ცოლად, შენ ხომ არ გაგიჟდი?! მე მინდა ფიქტიური ქორწინება და სრული თავისუფლება ამის შემდეგ. კარგად გაარკვიე ეგ ამბავი, თორემ მე იქ მიმსვლელი არა ვარ. ვინმე სხვა მოძებნეთ, – არ დავნებდი.

– ყველაფერი გარკვეულია, თავმოყვარე კაცია და იძახის მისრადში მახინჯ ქალს ვერ შევიყვანო. ცოლობაზე გეხუმრე, ისე, ილოცე, რომ არ დაგიწუნოს, – გამაფრთხილა დოდომ.

– სად ვილოცო, ეკლესიაში თუ სინაგოგაში, ეგ არ დაუბარებია? – ჩემებურად ვუკბინე.

– სადაც გინდა, იქ ილოცე, ოღონდ ეგ საქმე მიმაყვანინე ბოლომდე, – ნება დამრთო დოდომ.

– კარგი, ისეთი გამოპრანჭული მივიდე, ნეთანიაჰუ გაშორდეს სარას, – დავპირდი დოდოს.

იმ დღე მარტო ერთი ცვლა ვიმუშავე, საღამოს დაპუდრულ-დაპომადებული და ღრმა დეკოლტეიან „პატარა შავ კაბაში“ გამოწყობილი დოდოს და ზეზვას ზარს ველოდი. მანქანით გამომიარეს.

– ვაააააუ, შესძახა დოდომ ჩემს დანახვაზე, – შენ არ ხუმრობ, მიშა არ ვიცი, მაგრამ ბიბის ნაღდად არ ასცდება სარასთან სასამართლო, შესძახა დოდომ. ზეზვას სიცილი აუტყდა.

„ტაშ-ტაში“ ტურისტებით და ქართველი ემიგრანტებით იყო სავსე. კუთხის მაგიდასთან ორი კაცი იჯდა. მივხვდი, ისინი იყვნენ, ვისაც უნდა შევხვედროდით. მაგიდასთან მივედით. ერთი კაცი ადგა და შემოგვეგება.

– მიშა ორენი, – წარმოთქვა სუფთა თბილისური ქართულით. მერე მისმა მეგობარმა ჩამომართვა ხელი. იოსი ბრიკმანო, გამეცნო რუსულად და ხუთივენი მაგიდას შემოვუსხედით. ორივე საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი გახლდათ. ორივე ჭაღარა, ინტელიგენტური გარეგნობის, არცერთი არ ჰგავდა „ხავერუთის“ ბიზნესის კლიენტს. ჩემი გამოთვლით, ამ ორიდან სასიძო, მიშა რომელსაც ერქვა, ის იყო და იმასაც ეტყობოდა, რომ შეხვედრის წინ კარგად მომზადებულა.

მე ჩუმად ვიჯექი, ის ოთხი ენას არ აჩერებდა, მიშაც ბევრს ლაქლაქებდა და დროდადრო თვალს ჩემკენ აპარებდა. სრულიად განყენებულ თემებზე ლაპარაკობდნენ. ველოდი, როდის გადავიდოდნენ საქმეზე. დოდოს ერთი-ორჯერ წავკარი ფეხი მაგიდის ქვეშ, მაგრამ არ შეიმჩნია. მერე ვთხოვე, ცოტა ხნით გამომყევი-მეთქი და ასე ძალით გავათრიე ტუალეტში.

– კი, მაგრამ, როდემდე უნდა ვისხდეთ ასე უაზროდ? ხო იცი, კაპიკს ვერ მიიღებთ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ! – შევუღრინე დოდოს.

– რა გინდა, რესტორანში ხომ არ მოაწერ ხელს?! ეს კაცი კარგ ხასიათზეა, მგონი მოეწონე და პასუხს ან დღესვე გვეტყვის, ან ხვალ. დანარჩენი დეტალები დროის ამბავია, ხელი მოაწეროს კონტრაქტს და მერე ყველაფერი კარაქივით წავა!

– ჰოდა, რას იტყლარჭება ქუთაისელი პატარძალივით?! თქვას, რას აპირებს და მერე თუ უნდა, თავში ქვა უხლია. „ტაშ-ტაშში“ ქეიფის არც დრო მაქვს და არც სურვილი.

– ცოტაც მაცადე, რა, ყველაფერი კარგად იქნება! ზეზვამ მითხრა, ამ კაცზე პასუხს ვაგებო.

– რაღაც არ მჯერა, არ ჰგავს „ხავერუთის“ კანდიდატს. ამ საქმისთვის ძალიან სიმპათიური და მოვლილია.

–  შენ გინდა, მაინცდამაინც ბომჟი იყოს? ზეზვა ამბობს, ნაღდიაო. მთავარია შენი საქმე გაკეთდეს და რას დარდობ, როგორ გამოიყურება?! – მოთმინებას კარგავდა დოდო.

– დავიღალე უკვე ამდენი ლაქლაქით, ესეც რომ არ გამოვიდეს, დაგხოცავთ ორივეს!

– გამოვა, გამოვა! გული მიგრძნობს, რომ ეს ყველაფერზე თანახმაა უკვე. მე არ შემეშლება, ჭიპი მაქვს ასეთ საქმეებზე მოჭრილი. ნახე, ყველაფერი ხუთიანზე თუ არ დამთავრდეს.

– მიდით, მიაწექით! თქვენი პროფესიონალიზმის იმედზე ვარ, ხომ იცი, – ნამუსზე ავაგდე დოდო.

მაგიდასთან დავბრუნდით. მიშა, მისი ძმაკაცი და ზეზვა ისევ ტკბილად ჭუკჭუკებდნენ.

– აი, ჩვენი ლამაზი ქალებიც დაგვიბრუნდნენ, – მხიარულად შეგვეგება მიშა ორენი. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. – მოდით, ყავა „აბრაგში“[iv] დავლიოთ, იქ ნამდვილ თურქულ ყავას ხარშავენ, – შემოგვთავაზა.

– უი, არა, ხვალ ძალიან ადრე უნდა ავდგე, მე ვერ წამოვალ, უჩემოდ წადით. ეკა თქვენ გააცილეთ, მე ზეზვა წამიყვანს, – გადაჭრით გამოაცხადა  დოდომ და ზეზვაც ძალაუნებურად დაეთანხმა.

– რას იტყვით, ეკა? ნამდვილ თურქულ ყავას მარტო იქ ხარშავენ, მონატრებული გექნებათ, – გაიმეორა მიშამ.

– დიახ, მართლა მენატრება, რატომაც არა, სიამოვნებით წამოვალ, – მოვიკატუნე თავი, თითქოს არასდროს ვყოფილიყავი იმ „აბრაგში“.

„აბრაგში“ მაგიდა უკვე გაწყობილი დაგვხვდა: ვაშლის შტრუდელი და სანგრია.

– ყავას ახლავე მიირთმევთ, თუ მოვიცადოთ? – იკითხა მიმტანმა.

– ცოტა მერე, – უპასუხა მიშამ. იოსი ბრიკმანი ოფიციანტს გაჰყვა. მაგიდასთან მე და მიშა დავრჩით. უხერხულად კი ვგრძნობდი თავს, მაგრამ მყუდროდ, მომწონდა კიდეც ეს  გაურკვევლობა. წუთით დამავიწყდა კიდეც, რომ ამ კაცთან ძალიან საქმიან გარიგებაზე ვიყავი მოსული.

– მომიყევი რამე შენზე, ეკა, – უცებ შენობით მომმართა მიშამ და ამან გამომაფხიზლა.

– ჩემზე? და რა გაინტერესებთ ჩემზე? – ხაზგასმით თქვენობით შევუბრუნე კითხვა ორენს.

– მე ყველაფერი მაინტერესებს, შენ რაც გინდა, ის მომიყევი, – ნება დამრთო მიშამ – მისრადში[v] იმდენ კითხვას დამისვამენ შენზე…

– აბა, თანახმა ხართ? – აღარ ვაცალე წინადადების დასრულება.

– კი, თანახმა ვარ, ხვალ დავიბარებ ზეზვას და ხელშეკრულებას გავაფორმებ. დანარჩენს ცოტა მეტი დრო დაჭირდება, სამაგიეროდ, ქვეყნიდან აღარ გაგაძევებენ.

– სამი თვე კიდევ მაქვს.

– სამი თვე „ხავერუთს“ არ ეყოფა, მაგრამ განაცხადს თუ შევიტანთ, ხელს არ გახლებენ.

– ჰო, ეგ ვიცი, მიხარია, თანახმა რომ ხართ.

– ვიცი, რაც გჭირდება.

–  დიახ, ძალიან მჭირდება.

ყავა მოგვიტანეს. მიშამ ყავის სქელი „პენკა“ მოსვა და სიამოვნებისგან თვალები აატრიალა.

– კარგი ყავაა, თბილისს მაგონებს, – თქვა მიშამ.

– რამდენი ხანია, თბილისში არ ყოფილხართ?

–  ექვსი თვეა.

– რამდენი? ექვსი? სულ ახლახან ყოფილხართ…

–  ჰო, ხშირად დავდივარ თბილისში, ბათუმში ოროთახიანი ბინა ვიყიდე, ხედით ზღვაზე.

– კარგია, იოსი ვინაა?

– იოსი? ჩემი მძღოლია.

– ისრაელში როდის ჩამოხვედით?

– სამოცდაათიანებში, მეორე ალიის დროს. მაშინ თსუ-ში ვსწავლობდი პირველ კურსზე.

–  სამოცდაათიანებში მეც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დასავლეთ ევროპაზე.

– ინგლისური იცი?

– ჰო, ინგლისური მაქვს დამთავრებული.

– ოჯახი? – მკითხა მან და პირველად ჩამხედა თვალებში.

– ქმარს გაშორებული ვარ, მყავს ზრდასრული შვილი, მოხუცი დედა, ნარკომანი ძმა, ბანკში ჩადებული ბინა და 50 ათასი დოლარი ვალი. ამისთვის მჭირდება ისრაელში ცხოვრების უფლება. აქ ფულს ვშოულობ და ბანკის პროცენტებს ვიხდი, ნაწილს ოჯახში ვაგზავნი…

– შვილი რას აკეთებს?

– უმუშევარია, საცოლე ჰყავს და იმასაც ვეხმარები, დედაჩემსაც რომ მიხედონ.

– და შენ თბილისში სამსახური ვერ იშოვე?

– სამსახური როგორ ვერ ვიშოვე, მაგრამ ამხელა ვალს ჩემი სამსახურის ხელფასით ასი წელი ვერ გადავიხდი.

– მესმის, ამდენი ვალები როგორ დააგროვე?

– “ოთხმოცდაათიანები“ გაგიგია ალბათ. მამაჩემი ოთხმოცდაათიანებში გარდაიცვალა და ისეთი ნებიერები დაგვტოვა მე და დედაჩემი, მთელ მის დანატოვარს სამ წელიწადში წირვა გამოუყვანეთ. მერე შემნახველი სალაროს ანგარიშზე რაც გვქონდა, ერთ დღეში მილიონ კუპონად იქცა და იმ ფულით სამი „ბუხანკა“ პური მოგვივიდა. მერე გავყიდეთ  ბინები, აგარაკები, ქურქები და ყველაფერი რომ ამოვწურეთ, ვალების აღება დავიწყეთ. მერე დედაჩემი სოფელში გადავიდა, დედულეთში, ერთ პატარა სახლში. ის არავინ იყიდა, არა, ცუდი სახლი არაა, მაგრამ მომგებიან ადგილას არაა და შემოგვრჩა. ახლა იქ ცხოვრობს. სოფელმა ჯანზე  მოიყვანა, ფიზიკურად მშვენივრადაა, თან აქედან ფულს ვუგზავნი და გააქვს თავი. ჩემს ბიჭზე მეუბნება, ყურადღებას არ მაკლებს, დამიფასდა ბებიობაო. ხელს თუ მოვაწერთ, წელიწადში ერთხელ საქართველოში წასვლას შევძლებ. ოჯახს ასე უკეთ მივხედავ.

– მესმის, და შენ?

– რა მე?

–  შენ ვინ მოგხედავს?

– მე? … შენ! – სიცილი ამიტყდა – ჩემი ქმარი გახდები და მომხედავ. ასე არ არის? – ვეღარ ვიკავებდი სიცილს. იმასაც სიცილი აუტყდა.

– და რა გაცინებს, ასე არაა? – ნამდვილად არ ველოდი მიშასაგან ამ კითხვას.

– ასე მაშინ იქნებოდა, 30 წლის წინ ჭკუა რომ გეხმარა და კიროვის პარკში მოსულიყავი 8 საათზე. ახლა მოგიწერ ხელს და რამდენიც გინდა ალაგე სახლები და ოფისები ისრაელში, – ძალიან დაბალ ხმაზე, მაგრამ საოცრად გარკვევით ჩამიმარცვლა ჩემ პირდაპირ მჯდომმა უცხო კაცმა.

– რა? რა კიროვის პარკი, რა 8 საათი, რას ლაპარაკობთ!

– შენი სურათი რომ ვნახე, მაშინათვე გიცანი. სულ არ გამოცვლილხარ, ცოტა უკეთესიც გამხდარხარ, მაშინ დიდი არაფერი გოგო არ იყავი, – განაგრძობს ეს ვიღაც მიშა და მისი ყოველი სიტყვა ტვინს მიხვრეტს -ახლაც ვერა მცნობ, ისე გაქვს გონება ათასი სისულელით გამოტენილი. მიშა წიწუაშვილი ვარ, ფიზიკაზე ერთად დავდიოდით ვაჟა ინწკირველთან, კიროვის პარკთან, თეთრ სახლში. ახლაც ვერ მიხსენებ?

ამ მონოლოგს დასრულებამდეც ცხადად გამახსენდა ის 30 წლის წინანდელი სატელეფონო საუბარი: როგორ მეხვეწებოდა, კიროვის პარკთან გამოდი, ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთანო და რა ხრიკს არ მივმართე, არასასურველი პაემნისგან თავი უმტკივნეულოდ რომ დამეძვრინა.

–  მიშა წიწუაშვილი? მიშა ხარ? არ მჯერა, ვერასდროს გიცნობდი, ძალიან გამოცვლილხარ…

– ასე გამოვიცვალე?

– მიშა, მიშა, არ მჯერა, მართლა ძალიან სხვანაირი ხარ, – ვიმეორებდი და თან თვალწინ ის დონდლო, მსუქანი, მუწუკებიანი ბიჭი მედგა, სახინკლეში ხათრით რომ დაგვყვებოდა ხოლმე, – არა, ვერ ვიჯერებ, საიდან, ღმერთო! რა პატარაა ეს სამყარო…

– კი, ასეა, – უხაროდა მიშას.

– და ეს დოდო, ზეზვა, საიდან შენთან… რაში დაგჭირდა ასეთი გარიგება? არ მითხრა, მეც გამიჭირდაო, – ნიშნისმოგებით ჩავეკითხე მიშას.

– დოდოს ყველა ქართველი ებრაელი იცნობს, მაგას დაჰყავს ყველასთან დამლაგებლები, ძიძები, მეტაბელეტები[vi], მშენებლები, გათხოვილი  და გასათხოვარი ქალები, ბოზები… შენ რა, პირველად გესმის? ზეზვა ამხანაგია, ერთად ვცხოვრობდით სოლოლაკში, მომიყვა შენი ამბავი და შემახვედრე-მეთქი, ვუთხარი.

– ოჯახი არ გყავს?

– რომ ჩამოვედი, მაშინათვე ცოლი შემთეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ გავშორდი. ბავშვი არ გაგვიჩნდა. მერე ბავშვიანი ქალი შევირთე, შვილი არც იმან გამიჩინა. მერე ის ბავშვიც გაიზარდა, სახლიდან წავიდა, ჩვენ მოგვბეზრდა ერთმანეთი და გავშორდით. იმის მერე ცოლი აღარ მომიყვანია. ახლა გადავწყვიტე ამ საქმეში ფული გავაკეთო და ფიქტიური ცოლი მოვიყვანო. მშვენიერი ბიზნესია, ძველი სიყვარულის ნიშნად, შენც დაგეხმარები და მეც ვიხეირებ. როგორ არის? – „ნასინგ პერსონალ – ჯასტ ბიზნეს!  – სიცილ-სიცილით ჩამირაკრაკა მიშამ.

– და ეს იოსი მართლა შენი მძღოლია?

– ეს იოსიც ბავშვობიდან მყავს მოკედლებული. მძღოლიცაა, შვილიც და სხეულის ნაწილიც. აღარც მახსოვს უჩემოდ თუ უცხოვრია ოდესმე. იოსიმ მასწავლა ეს საქმე. ერთი წლის წინ ხელი მოაწერა ერთ ბებერ ქართველ ქალთან. ზის არხეინად და ყოველ თვე 2000 დოლარი ერიცხება ბანკში. მე მახინჯი და ბებერი არ მეკადრება. ოფისში უშნო ქალთან ერთად ვერ შევალ, რეპუტაციას ვუფრთხილდები, – გამაღიზიანებლად ეცინება მიშას.

– და ჩემთან ერთად შეხვალ?

– შენთან ერთად, უშნოც რომ იყო, მაინც შევალ, ისე მისწორდება შენთან ხელის მოწერა. თან მიშა ძველ მეგობარს გაჭირვებაში არასდროს დატოვებს.

– აბა, მქონდეს შენი იმედი? თუ ასეა, ცოტა თანხასაც ხომ არ დაუკლებ? – დავიწყე მიშასთან ვაჭრობა.

– ვერა, დაიკო, 1 500 შენთვის, თორემ, ისე, ბევრად მეტი ღირს, თან პირველი ხელი დოდოს და ზეზვას მიაქვთ.

– ეგებ მაინც?…

– არა-მეთქი, დამიჯერე, კარგ ფასს გთავაზობ. ვიცი, რამდენსაც შოულობთ. ამაზე ეკონომიის გაკეთებას არ გირჩევ. გავშორდებით სამ წელიწადში და მორჩება კიდეც შენი ვალი. შენ შენსას მიიღებ, მე – ჩემსას. – დაალაგა ჩვენი გარიგება მიშამ.

– კარგი მიქნია, იმ დღეს კიროვის პარკთან რომ არ შეგხვდი, –  ძალიან კმაყოფილმა გამოვუცხადე.

– არავინ იცის… ეგებ მაშინ ერთად რამე უკეთესი გამოგვსვლოდა, ვიდრე ახლა გამოგვივიდა, – მომიგო მიშამ.

– მოკლედ, მქონდეს შენი იმედი?

– ჩემი იმედი სულ უნდა გქონდეს. ჩვენი მეგობრობა აქ მაწერია, გულის ფიცარზე, – გაეცინა მიშას. – ხვალვე ზეზვას ხელით ხელმოწერილ ხელშეკრულებას გამოგიგზავნი. მშვიდად დაამთავრე ეს ვაშლის შტრუდელი და მითხარი როდის წაგიყვანო სახლში.

– ახლა, თუ შეიძლება, ხვალ დილის ცვლაში  ვმუშაობ.

– კი, ბატონო, იოსკა მანქანაში გველოდება. წავედით.

მიშამ მაგიდაზე ფული დადო და ჩვენ წამოვედით. იოსკას მანქანაში ეძინა, მიშა ბუგრაშოვის და ბენიაჰუდას ქუჩის კუთხეში ჩამოვიდა. იოსიმ მე ბათიამში წამიყვანა ჩემს კომუნალურ, ერთსაწოლიან  ბინაში.

გასაღები ჩუმად შევაცურე საკეტში, ორჯერ გადავატრიალე და სიბნელეში ფეხაკრეფით შევაბიჯე. მობილურის ფარნით გავიკაფე გზა ჩემი ოთახისაკენ. გოგოებს უკვე ეძინათ, დილის 5 საათზე უნდა ადგნენ, მეც, მაგრამ ხვალ მე სამუშაოს გვიან დავიწყებ, დავიმსახურე. მე ამ საღამოს, ქართულ-ებრაულ „საუკუნის გარიგებას“[vii] მივაღწიე, რასაც  პალესტინა და ისრაელი კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე ან მიაღწევენ და ან – ვერა, რამდენი ტრამპიც არ უნდა წავიდეს და წამოვიდეს.

დოდომ შესვენებაზე, ერთ იაფფასიან კაფეში მართლა მომიტანა მიშას ხელმოწერილი კონტრაქტი. ნობელის პრემიასავით დააბრძანა მაგიდაზე და ზედ საკუთარი თავისადმი ოდაც დაურთო: რა მაგარია, ყველაფერი როგორ გამოსდის, ქვიდან რძეს ადენს, კოღოს ატყავებს, ხელის გულზე ოქროს ადნობს და ა.შ. მე პირში წყალჩაგუბებული ვისმენდი დოდოს თვითტკბობის სიმფონიას. აბა, იმას ხომ ვერ ვიტყოდი, „ხავერად“ 30 წლის წინ უარით გასტუმრებულ კაცს მივყვები და თან ამაში ყოველთვე 1500 დოლარი უნდა გადავიხადო-მეთქი. ასეა ეს, – ზეუ!

 

[i]მენაკა – დამლაგებელი

[ii]“ხავერუთ” (ხავერ/ა ივრითზე მეგობარს ნიშნავს. ეს არის სამოქალაქო ქორწინების ერთგვარი ფორმა, რომელიც ისრაელში ლეგალური ცხოვრების საშუალებას იძლევა).

[iii]„ტაშ-ტაში“ – ქართული რესტორანი ძველ იაფოში

[iv]„აბრაგი“ – პოპულარული კაფე ძველ იაფოში

[v]მისრადი – ოფისი

[vi]მეტაბელეტი – მომვლელი

[vii]„საუკუნის გარიგებას“ ეძახიან აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 2019-2020 წლებში შემუშავებულ, ისრაელი-პალესტინურ სამშვიდობო გეგმას, რომელიც, ასევე, „ტრამპის გეგმის“ სახელით არის ცნობილი.

Facebook Comments Box