თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ ალფრედ ჰიჩკოკთან: როგორ შევაშინოთ ადამიანები?

ინგლისურიდან თარგმნეს დაჩი ხონელიძემ და თათია გოგალაძემ

 

ოგწონთ, როცა ხალხს აფრთხობთ, აშინებთ?

– ო,  დიახ, შიში ძირითადი ემოციაა. ადამიანებს მოსწონთ, როცა შიშის კონტროლი შეუძლიათ. ამის გამო დადიან ისინი გასართობ პარკებში ატრაქციონებზე და ჩემს ფილმებზე. მათ სურთ, შეეშინდეთ რაღაც ფარული ემოციური მიზეზის გამო, მაგრამ არ სურთ, შეშინდნენ სინამდვილეში. ურჩევნიათ, ეშინოდეთ არარსებული რაღაცების, მაგალითად, მონსტრებისა და თეატრალური პერსონაჟების. წარმოსახვა ჩემს საქმეში, ხალხის შეშინების ჩემეულ მეთოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

– თქვენს მეთოდში სიცხადის არ გჯერათ?

– შემზარავ სცენებში არა. მხოლოდ ექსპოზიციებისთვის, სცენის მონტაჟისთვის, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს ყველა ფაქტი, რათა შეშინდნენ ისე, როგორც მე მაქვს განზრახული. აშკარა ძალადობა არასდროსაა ისეთი კარგი, როგორიც ძალადობა, რომლის წარმოდგენაც ადამიანებს თვითონვე შეუძლიათ. მაგალითისთვის, „ფსიქოში” არასდროს მიჩვენებია, როგორ ეხება გოგონას დანა. ამაზე მხოლოდ მინიშნებაა. „სიგიჟეში” შიშველ გოგონას სატვირთოდან აგდებენ, მას მხოლოდ კარტოფილებიანი ბიკინი აცვია, მაგრამ გონება ფარავს ამ სიშიშვლეს. არასდროს ვცდილობ ვინმეს გაღიზიანებას. ეს მათ საშუალებას არ მისცემდა, ჩემი ფილმებით სიამოვნება მიეღოთ. როგორც წესი, მინიშნებებს მონტაჟისას ვაკეთებ. აგრეთვე „სიგიჟეში” მე ნებას ვრთავ მკვლელს, გოგონა თავის ოთახში წაიყვანოს, შემდეგ კი ვაშორებ კამერას, რითაც საშუალებას ვაძლევ აუდიტორიას, უსმინონ და წარმოიდგინონ, რა ხდება ოთახში. ისინი მხოლოდ ფანჯარას ხედავენ. ჩემი ფილმები უმეტესწილად რეაქციული ფილმებია, არასდროს ვაკეთებ „ჰუდანითებს“[1].

– რატომ არა?

– რადგან „ჰუდანითებში“ არ იკითხება ემოციური გამოცდილება. მკვლელობის საიდუმლოებები გონებრივი თავსატეხებია, მაყურებელთა უმრავლესობას კი სურს, შეიგრძნოს და არ იაზროვნოს. ინტელექტუალები ემოციური ზემოქმედების ქვეშ კარგად ვერ აზროვნებენ. „სიგიჟის” იმ სცენაში მკვლელს გოგონა აჰყავს ზემოთ და ეუბნება „ზუსტად შენნაირი გოგონები მომწონს”. წინარე მოვლენებიდან უკვე ვიცით, რომ ის მას მოკლავს. როცა კამერა ქუჩისკენ ტრიალდება და ფანჯარას ვხედავთ, მაყურებელი თავისდაუნებურად ფიქრობს: „ის მას კლავს, მაგრამ ამას ვერავინ გაიგონებს”.

– მკაცრად გზრდიდნენ?

– დიახ, მე კათოლიკური ქრისტიანობის პრინციპების მკაცრ დამცველად აღმზარდეს. სკოლაში, რომელშიც დავდიოდი, იეზუიტები ძალიან, ძალიან ავტორიტარულები იყვნენ. ამან გასაქანი მისცა ჩემს შიშს ძალაუფლების მქონეთა (მაგალითად, პოლიციის) მიმართ. სწავლის ძირითადი დრო იეზუიტებთან გავატარე, სანამ პროფესიულ სასწავლებელში არ გადავედი.

– თავიდან რა ამბიცია გქონდათ?

– ინჟინრობას ვაპირებდი. ინჟინერიისა და ნავიგაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ბევრ საინტერესო კურსს გავდიოდი: ლითონთან მუშაობა, ესკიზების ხაზვა, მჭედლობაც კი. ჩემი პირველი სამსახური ელექტრობის კომპანიის ხარჯთაღრიცხვის წარმოება იყო.

– არც ისე არტისტულად ჟღერს.

– არც იყო, მაგრამ ფულს ვშოულობდი. ხელოვნების მიმართ ინტერესი ლონდონის უნივერსიტეტში აღებულმა კურსმა შემანარჩუნებინა. საბოლოოდ, სახვითი ხელოვნების, ხატვის და უფრო მექანიკური ხელოვნების კურსებზე აღმოვჩნდი. ელექტრობის კომპანიაში კი დამაწინაურეს და სარეკლამო დეპარტამენტში გადამიყვანეს. რეკლამების დიზაინს და გაფორმებას ვაკეთებდი.

 – ამ დროს რამდენი წლის იყავით?

– თითქმის 19-ის.

– იეზუიტურმა აღზრდამ როგორ იმოქმედა ამ ახალ მისწრაფებაზე?

– პროფესიონალიზმი, მიზნების ერთგულება და თვითდისციპლინა ვისწავლე. სახელოვნებო სფეროში ბევრს აკლია ეს დისციპლინა და ეს მათ ნამუშევრებიდანაც ჩანს. ჩემი საქმიანობისთვის შემუშავებული მაქვს სისტემა, რომელსაც არასდროს ვღალატობ და ის ასრულებს თავის ფუნქციას ურღვევი/მკაცრი წესების გამო.

– როდის გადაწყვიტეთ ელექტრობის ბიზნესის დატოვება?

– მარტივი არ იყო. მსმენოდა სამსახურზე ლონდონის ადგილობრივი „პარამაუნტის“ ოფისში და ჯერ კიდევ ელექტრობის კომპანიაში ვმუშაობდი, როცა განაცხადი შევიტანე. აყვანის შემდეგ ორივე პოზიციაზე გავაგრძელე მუშაობა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი.

– ფილმების გადაღება როგორ დაიწყეთ?

– ინგლისში კინოსტუდიის სარეკლამო დეპარტამენტში ვმუშაობდი ამწყობის პოზიციაზე.  რეკლამების ნაწილები კლიშეებით გადამქონდა დიდ ფურცლებზე. ხელით ვწერდი ტიტრების ბარათებს მუნჯი ფილმებისთვის, რომლებსაც იმ პერიოდში ვქმნიდით. მოგვიანებით მწერლად ვმუშაობდი, როდესაც ვიღაცამ მკითხა, დავფიქრებულვარ თუ არა ფილმის გადაღებაზე, შოკში ჩავვარდი. მე? კინოსურათის გადაღება? მაინც ვქენი, სამჯერ. საინტერესო ექსპერიმენტები გამოვიდა. მათში გერმანული თეატრის გავლენა იგრძნობოდა, რომელიც იმ დროს მოდური იყო. თუმცა ამას ზედმეტად არ აღვუფრთოვანებივარ.

როგორ ფიქრობთ, რომელია თქვენი პირველი კარგი ფილმი?

„მდგმური“. ჯეკ მფატრავის შესახებ იყო. ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმით, თუ როგორ გამოვიყენე ჩრდილები ამ ფილმში. ბევრი რეჟისორი იყენებს ზედმეტ განათებას მოედანზე. ჩრდილებიც იმავე მნიშვნელობისაა. სახელოვნებო სკოლაში მასწავლეს, რომ მხოლოდ სინათლე და ჩრდილები არსებობს და ხაზები წარმოსახვის ნაწილია. შესაბამისად, ხალხისთვის გამოსახულებების საჩვენებლად ჩრდილებს ვიყენებ.

ზოგი ღულად[2] მოგიხსენიებთ, როგორ რეაგირებთ ამაზე?

ვფიქრობ,  ამ სიტყვას კომპლიმენტად იყენებენ, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. ვიცი, როდის იკივლებს აუდიტორია და უნდა ვაღიარო, ამით სიამოვნებას ვიღებ. მაგრამ იმ სცენებს, რომლებსაც ხალხი ხშირად ყველაზე შემზარავად ასახელებს, მე არ მივაკუთვნებდი იმავე კატეგორიას. მაგალითად, „39 საფეხური“ ამ თვალსაზრისით გაცილებით შთამბეჭდავი მგონია, ვიდრე „ფსიქო“. ჩემი ფავორიტი ის ნაწილია, სადაც რობერტ დონატს ართობენ კაცის სახლში და ის აღწერს მთავარ ჯაშუშს, რომელსაც თვალყურს ადევნებს. მან ჯაშუშზე მხოლოდ ის იცის, რომ მარჯვენა ხელზე ნეკა თითი აკლია და როცა ამას ამბობს, მასპინძელი მარცხენა ხელს უჩვენებს ნეკის გარეშე და ამბობს: „მგონი, მარცხენას გულისხმობდით”. ეს ნამდვილად შოკისმომგვრელია.

ფიქრობთ, ადამიანები ამგვარი ელდისგან სიამოვნებას იღებენ?

დიახ. ეს სიამოვნება, ძირითადად, მათი ბავშვობიდან მოდის. ფილმით გამოწვეული ემოციებისთვის ასოციაციების მარაგს სწორედ აქედან იღებენ. ამ ადამიანთა უმრავლესობა მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს და რომ არა ფილმებით და ტელევიზიით გამოწვეული ემოციური შოკი, შემიძლია ვიფიქრო, რომ მოწყენილობისგან შეიშლებოდნენ.

– ე. ი. წარმოსახვა საკვანძოა?

დიახ, როგორც ადრეული რადიომაუწყებლობის დროს. აუდიტორია წყვეტდა, როგორ გამოიყურებოდნენ ოთახი, პერსონაჟები და კოსტიუმები. მთლიანად ხმები და მინიშნებები იყო. ეს მშვენიერი გამოცდილება ტელევიზიამ სამუდამოდ გაანადგურა, დაგვიმარცვლა. ვცდილობ, აღვადგინო ამ დაკარგული წარმოსახვის ნაწილი მაინც იმით, რომ მაყურებლებმა სიცარიელეები თავად შეავსონ და გამოსახულებებიც თავადვე წარმოიდგინონ. „ფსიქოში“ აბაზანის სცენა ისე დაიდგა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მაქსიმალური შიშის განცდა ძალადობის ჩვენების გარეშე. და ეს ფერების გარეშე გავაკეთე, რადგან კარგმა რეჟისორმა იცის, რომ ფერები ანადგურებს მაყურებლის ყურადღების გარკვეულ ნაწილს. შავ-თეთრი გაცილებით კოშმარულია, დანა ზემოდან ქვემოთ მოძრაობს, დარტყმას ჩვენი გონება წარმოიდგენს, ვერ ვხედავთ. ძალადობას წარმოვიდგენთ ჩვენივე მოგონებების მიხედვით.

– მხოლოდ ერთი ჟანრის ფილმებს რატომ იღებთ? ყო თქვენს წარსულში რაიმე კრიმინალური გამოცდილება, რამაც ამ კვალზე დაგაყენათ?

არა. პირველ რიგში, ბრიტანელები კრიმინალზე ორიენტირებული ხალხია. უბრალოდ, შეხედეთ ჩვენს ტაბლოიდებზე კაშკაშა დეტალებს მკვლელობებზე, გაუპატიურებებზე და ა.შ. ამით სარგებელს იღებენ. ინგლისში კრიმინალის მისტიკურობა გადამდებია. წარმომიდგენია, რომ შემოქმედებით, მოთეატრალურო ადამიანად ყოფნა საშუალებას მაძლევს, ეს მისტიკურობა დილეტანტზე  უკეთ გამოვიყენო.

– ამერიკული კრიმინალი უარესია თუ უკეთესი ბრიტანულზე?

გაცილებით უარესია, რადგან ცეცხლსასროლ იარაღს იყენებთ. ჩვენ, ბრიტანეთში, ფაქტობრივად, არ გვაქვს ცეცხლსასროლი იარაღი. არც პოლიცია ატარებს და თავაზიანობის ნიშნად – არც კრიმინალები. შეგიძლია ადამიანები გათიშო ან დააბა, მაგრამ მათ არ ესვრი. დანაც კი იშვიათი იარაღია. აქ[3] კი ყველგან ესვრიან ადამიანებს. მე საკუთარ სტილს ვირჩევ.

– თემებისა და ტექნიკების განმეორებით გამოყენება პროდუქტს არ ასუსტებს?

– მცირედითაც არა, რადგან ამას ყოველ ჯერზე განსხვავებულად ვაკეთებ. კარგი რეჟისორების უმეტესობა ასე იქცევა, ამ მხრივ მარტო არ ვარ. „კაცი რომელიც შეეშალათ“-ის თემას ხშირად ვიყენებ, რადგან მასთან თავს ყველა მარტივად აიგივებს. ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც მცდარად დაუდანაშაულებიათ რაღაცაში. ძირითად შემთხვევებში არ არსებობდა მტკიცებულება ან ის მეორეხარისხოვანი იყო.  ბავშვები ყველაზე ხშირად ხდებიან ამგვარი შემთხვევების მსხვერპლნი, როცა მათ ლარნაკის ან ფანჯრის გატეხვა ბრალდებათ. გამოცდილების საყოველთაობა წარმატებული ფილმის მთავარი თემის საწინდარია. ფილმებში „კაცი, რომელიც შეეშალათ“ უარეს მდგომარეობაშია, მას ლარნაკი არ დაუმსხვრევია, მკვლელობა ან სხვა საზარელი დანაშაული ბრალდება და პოლიცია ან სხვა კრიმინალები ეძებენ. ეს საშინელებაა.

– რაიმეში ტყუილად დაუდანაშაულებიხართ?

რა თქმა უნდა. ერთხელ მამაჩემი იქამდეც მივიდა, რომ ადგილობრივ ინსპექტორს ჩემი თავი რამდენიმე საათით საკანში გამოაკეტვინა, რათა მცოდნოდა, რას ნიშნავს პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი პატიმრობა რეალური არ იყო, შეძრწუნებული ვიყავი. მას შემდეგ პოლიციას სულ ვუფრთხი.

– პოლიციელების გარდა რა გაშინებთ?

მანქანები. მანქანას არასდროს ვმართავ. თუ არ ვმართავ, ვერც დავჯარიმდები. პოლიციელები და კანონი ჩემი ძირითადი შიშებია, ვცდილობ, მათ თავი ავარიდო.  პოლიციელებს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ, მათ შეუძლიათ შენს სახლში მოვიდნენ ან ქუჩაში გაგაჩერონ და დაგკითხონ, შეუძლიათ დაგაპატიმრონ და ციხეში გამოგკეტონ ეს შიშისმომგვრელია.
– ეს დიდად განერვიულებთ?

არა, მაგრამ შიგადაშიგ მეფიქრება ამაზე.

– იუმორის გრძნობა გაქვთ?

უდავოდ. სინამდვილეში ნებისმიერი პრაქტიკული ხუმრობა მიყვარს. მეგობრებს ხშირად ვუწყობ ოინებს. ერთხელ ისინი სავახშმოდ დავპატიჟე ძალზე სოლიდურ რესტორანში, სადაც წინასწარ შევათანხმე, რომ ყველა კერძი ლურჯად შეეღებათ. შოკში ჩავარდნენ. ხანდახან ახლო მეგობრებს სახლში ვეპატიჟები ვახშამზე და ზოგს ვეუბნები, რომ სამასკარადოდ გამოეწყონ, ზოგს კი –  ყოველდღიურად და ისინი ძალიან კონტრასტულად გამოწყობილები მოდიან. ზოგი სამასკარადო კოსტიუმითაა, როცა სხვა ყველა პიჯაკსა და შარვალშია გამოწყობილი. სიცილი ნამდვილად მიყვარს.

– რა არ მოგწონთ?

არ მომწონს სექსის კადრები, რომლებსაც თანამედროვე ფილმებში ვხედავთ. ძალიან ბევრია და არასაჭირო. არასდროს ვიყენებ სიშიშვლეს ან სექსს, თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა სიუჟეტისთვის და ამ დროსაც მხოლოდ მივანიშნებ ამაზე. სიცხადე კლავს მთელ იმ ილუზიას, რომლის შენებასაც იწყებ.

– მაშ სიცხადე კიდევ ერთი რამაა, რაც არ მოგწონთ. არდა ამისა, არის რამე, პოლიციის მსგავსად თავს რომ უხერხულად გაგრძნობინებთ?

დიახ, ასეთი ბევრია. მძაგს კვერცხი ნებისმიერი ფორმით. ახალგაზრდობაში ვყიდულობდი. ყოველთვის ცუდი სუნი ჰქონდა. მაგრად მოხარშული კვერცხის სუნი ყველაზე საშინელი რამაა. გულისრევის შეგრძნება მიჩნდება. არც ბოთლში ჩამოსხმულ საწებლებსა და გარნირებს ვენდობი. ახლადმომზადებული სოუსები მიყვარს, ყველანაირ დაკონსერვებულ სოუსს ეჭვის თვალით ვუყურებ.

– ყნოსვა და მხედველობა ამოვწურეთ. რაიმე ხმის გეშინიათ?

დიახ. შეშინებით არ მაშინებს, მაგრამ ნერვებზე მოქმედებს ცარცის წრიპინი დაფაზე. ასევე, ვერ ვიტან, როცა ადამიანი ბოთლის ძირზე ხელს ატყაპუნებს,  მაგალითად, კეტჩუპის ბოთლზე. ძალისმიერად ურტყამენ და მეორე ბოლოდან წითელი სითხე გამოდის, სისხლს ჰგავს. თან დაკონსერვებული სოუსია, ასე რომ, ორი ზიზღი ერწყმის ერთმანეთს. ეს ბლანტი სითხე გადმოიღვრება რაიმე გემრიელ საჭმელზე, მაგალითად, კარტოფილზე და ნარჩენივითაა უმანკო ბოსტნეულზე. გულისამრევია.

– ძალიან პოეტურად აღწერთ

ჩემს ფილმებში საჭმლის სცენების სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

– მსმენია, რომ ფილმების გადაღება ძვირი და მომგებიანი საქმეა, ასე იყო კინემატოგრაფიის გაჩენიდან. ქვენმა ფილმებმა განსაკუთრებულად გაგამდიდრათ?

არც ისე.

– დამფინანსებლები გყავთ თუ ფილმებს თავად აფინანსებთ?

საკუთარ ფულს არასდროს ვდებ. მჯერა, რომ ერთი ფილმის მოგებამ უნდა განსაზღვროს მომდევნო ფილმი, მაგრამ პირადი ინვესტირების თანმხლები რისკები ძალიან დიდია. გეტყვით რატომაც. როცა ფილმს იღებ და ამონტაჟებ, სრული კონტროლი გაქვს მასზე. შემდეგ ის დისტრიბუტორთან მიდის და ვეღარასდროს ნახულობ, ვერც იმას აკონტროლებ, სად აჩვენებენ და როგორ რეკლამას გაუკეთებენ. მსგავსმა რაღაცებმა შესაძლოა კარგი ფილმი გაანადგუროს. შენ კი ამ დროს უმწეოდ რჩები გაყიდვებში მომუშავე ხალხის, პუბლიცისტების და სხვების ხელში. როგორც კი ფილმის ემბრიონი ჩაისახება, გადაითარგმნება კინოსურათად და გადაეცემა დისტრიბუტორებს, ის მათი ხდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება მექნა, ჩემს ფილმში  ჩემივე ფულის დაბანდება იქნებოდა.

– გასაგებია. ელევიზია რატომ დატოვეთ? ქვენი გადაცემა ძალიან წარმატებული იყო.

ახლაც არის. ხელახლა გადის რამდენიმე არხზე მთელს ქვეყანაში. ახალი შოუები შევწყვიტეთ, რადგან ამ გადაცემას ათი წლის მანძილზე ვაკეთებდით. 237 ნახევარსაათიანი და 90 ერთსაათიანი პროგრამა გადავიღე. ძალიან ბევრი მასალაა. კიდევ რომ გამეგრძელებინა, ზოგიერთ ბაზარზე საკუთარი თავის კონკურენტი გავხდებოდი. გარდა ამისა, არ მგონია, რომ რაიმე ხარისხია ან სატელევიზიო ფილმებში, ან ბოლო პერიოდის კინოსპექტაკლებში.

– ახალი ტალღის რეჟისორებზე რას იტყვით?

მგონი, მათ ვერ ისწავლეს კინოს კეთება. იმისთვის, რომ ნამდვილად იცნობდე ამ ინდუსტრიას, მუნჯ კინოს უნდა დაუბრუნდე და ვიზუალური თხრობა ისწავლო. ამ ახლების უმრავლესობა ძირითად დროს ერთმანეთის მიბაძვაში ატარებენ. მოსაწყენია ყვავილების ფოკუსგარე გამოსახულებისა და წინა პლანზე სახეებიანი სცენების  ყურება. ხელოვნებამ ემოციები უნდა შექმნას და ახალი ტალღის რეჟისორები ამ საკითხში მოიკოჭლებენ. ამბავსა და ვიზუალურ რიტმს ზედაპირული ხრიკების გამო წირავენ.

– ერთხელ თქვენ თქვით, რომ მსახიობები ფარაა. შეგიძლიათ ეს საკითხი განავრცოთ?

არასწორად გამიგეთ, ეს ნათქვამი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. მე ვამბობდი, რომ მსახიობებს უნდა მოეპყრო, როგორც ფარას, რამდენადაც როცა მათ იღებ, უნდა აკონტროლებდე მათ ყველა მოძრაობას, გამომეტყველებას და როგორ გამოიყურებიან კამერის წინ.

– ანუ მსახიობები მოგწონთ?

– რა თქმა უნდა, მსახიობი, პირველ რიგში, ადამიანია და შემდეგ შემსრულებელი. როგორც ადამიანებს, ისე უნდა მოეპყრო, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს პროფესია თავს განსაკუთრებით ღირსეულად გაგრძნობინებს. ხშირად გიწევს სასაცილო ტანსაცმლის და მძიმე მაკიაჟის ტარება. ამას საქმიანობად არ აღვიქვამ, მსახიობი არასდროს ვიქნებოდი.

– საყვარელი მსახიობები გყავთ?

დიახ და როცა შესაძლებელია, მათ ხშირად ვათამაშებ ფილმებში.

– გყოლიათ ისეთი მსახიობები, რომლებთანაც ურთიერთობა არ გამოსულა?

დიახ, როცა რთულ მსახიობთან მიწევს მუშაობა, მხოლოდ იმას ვახსენებ, ვინ უხდის და ეს ხშირ შემთხვევაში პრობლემას აგვარებს. მე მათ ვახსენებ, რომ მათი ხელფასი უსასრულო არ არის. მსახიობებისგან ბევრს ვითხოვ, მაგრამ იმდენს, რამდენსაც მათი ანაზღაურება ფარავს. პროფესიონალიზმს ვითხოვ. თავისი ტექსტი ყველამ უნდა იცოდეს, კარგად უნდა ერკვეოდნენ საკუთარ როლში და ძირისძირობამდე იცნობდნენ პერსონაჟს, რომელსაც თამაშობენ. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადამიანი – მსახიობები, რეჟისორები, მომუშავე ჯგუფიისე შემოდიან ამ საქმეში, მასზე წარმოდგენაც კი არ აქვთ.  სურვილები და მიზნები აქვთ, მაგრამ არა საფუძველი მყარი, პროფესიული კარიერისთვის კინოს გადაღების საქმეში, რაც ხელოვნების ფორმაა და არა მხოლოდ კომერციული პროექტი. ყველაფერი მიკეთებია: განათება, სცენა, კამერა, მონტაჟი. ახლებიდან მხოლოდ ცოტას თუ უკეთებია თამაშის გარდა სხვა რამე და ეს მათ თამაშშიც იგრძნობა.

– გამიგია, რომ უკრძალავთ ტელევიზიებს ეთერში გასვლისას თქვენს ფილმებში რაიმე ცვლილება შეიტანონ.

ეს ჩემი უმთავრესი პრინციპია. მათ შეუძლიათ თვეების მუშაობა წყალში ჩაყარონ მაკრატლის ერთი მოძრაობით, მაშინ, როცა ფილმზე ჩემი სახელია. ამას ჩემი დაზარალება შეუძლია, ასე რომ, ამიტომ აქვთ აკრძალვები, როცა ფილმი სატელევიზიო გაქირავებაშია. როდესაც „ეზოში გამავალი ფანჯარა“ პირველად გავიდა ტელეეთერში, მე მხოლოდ რამდენიმე ჭრის უფლება დავრთე არხის კანონიერი იდენტიფიკაციისთვის. სხვა ფილმებს განსაზღვრული ადგილები აქვთ რეკლამებისთვის, რათა დინამიკა არ დაირღვეს კბილის პასტით ან სავლებით. სცენის ამოჭრის უფლებას არასდროს ვაძლევ, ეს ნამდვილი მკვლელობა იქნებოდა!

– ბევრს რეჟისორი ნამდვილ მონსტრად წარმოუდგენია, რომელიც ყველას უყვირის. ასეა?

ალბათ, ვიღაცები ასეც იქცევიან, მე ერთ-ერთი მათგანი არ ვარ. ძალიან მშვიდი ვარ. ერთხელ ინგრიდ ბერგმანმა მითხრა, რომ მე ვარ კაცი, რომელიც არასდროს ჩხუბობს, რადგან ერთხელ თავი ავარიდე მასთან კამათს ფილმის გადაღების დროს. კამათი არ მომწონს და არ ვკამათობ. კონფრონტაციებს გავურბივარ, ალბათ, ეს ჩემი კიდევ ერთი შიშია.

– კონფრონტაციისგან თავის არიდება – ახლა გავრცელებული პრობლემაა ხალხში?

ზოგადად, კომუნიკაცია მსოფლიო პრობლემების უმრავლესობის მიზეზია. წლების წინ ტელევიზია და რადიო არ გვქონდა, მხოლოდ გაზეთები, ისიც მოსაწყენი. დღეს ადამიანები ყოველი მხრიდან აწყდებიანამრავ ინფორმაციას, რომლის გადამუშავებაც არ შეუძლიათ მისი აუარებელი რაოდენობის გამო. ვერ უმკლავდებიან მას. ამის შემდეგ ჩნდება შემთხვევები, როცა ადამიანები ბაძავენ ტელევიზორში ნანახს. დანაშაული და სხვა ძალადობრივი ქმედებები კოპირდება ტელევიზიიდან.

წლების წინ როდ სერლინგის ფილმიც კი აჩვენეს ტელევიზიით, რომელშიც ზუსტად ისე იტაცებდნენ თვითმფრინავს, როგორც მანამდე ტელევიზორში ჰქონდათ ნანახი. ამას იწვევს ზედმეტი კომუნიკაცია, შეუძლებელს ხდის მიღებული ინფორმაციის ანალიზს, მეც მქონია ანალოგიური სიტუაცია, რომელსაც დღემდე ვნანობ. „უცხოელ კორესპონდენტს“ უკავშირდება, რომელიც წლების წინ გადავიღე ჯოელ მაკრისთან ერთად. დიდი სცენა იყო, სადაც ფოტოგრაფად შენიღბული მკვლელი პოლიტიკოსს კლავს. ხალხით სავსე შუა ქუჩაში. ფოტოგრაფს მარცხენა ხელში იარაღი აქვს, მარჯვენაში – ფოტოკამერა. ფოტოს გადაღებისას პოლიტიკოსს ესვრის და არეულობაში გარბის. ფილმის გამოშვებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ანალოგიური დანაშაული მოხდა თეირანში. გაოგნებული ვიყავი და დღემდე ვნანობ.

– რას ფიქრობთ, რატომ უყურებს ხალხი კრიმინალურ ფილმებს? რიმინალებით არიან მოხიბლულნი?

არა. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ავადმყოფებს აქვთ. ადამიანთა უმრავლესობა უყურებს კრიმინალს და კრიმინალებს და ფიქრობს: „ღვთის მადლით, მათ ადგილას მე არ ვარ”, მაგრამ ისინი ხშირად არ ბაძავენ იმ სიკეთეს, რომელიც ფილმშია ნაჩვენები, რადგან ეს ვერ ანიჭებთ საკმარის კმაყოფილებას. ისინი ხედავენ ტყუილად დადანაშაულებულ ადამიანს, რომელსაც პოლიცია ან მტერი მისდევს და ფიქრობენ, „მადლობა ღმერთს, მე არ ვარ”. მას ყოველთვის ესვრიან ან რამე მსგავსი და მაყურებლებს არ სურთ მასთან თავის გაიგივება. მათ უსაფრთხოების და სიტუაციის კონტროლის შეგრძნება სურთ.

რას აქცევთ ყურადღებას, როცა პოტენციური ფილმის სცენარს ეცნობით?

მე, ძირითადად, ისეთი სიტუაციები მიზიდავს, რომლებშიც უდანაშაულო ადამიანი უცნაურ მოვლენებშია ჩათრეული. ფილმში „ჩრდილოეთისკენ ჩრდილოდასავლეთიდან“, მაგალითად, ბიზნესმენი სუპერ ჯაშუშში აერევათ. ფილმში „ეზოში გამავალი ფანჯარა“ გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი კაცი ჭოგრიტით მეზობლებისთვის თვალთვალის დროს ეზოს გადაღმა მკვლელობის მოწმე ხდება. ხალხს ადვილად შეუძლია ამ სიტუაციებში საკუთარი თავის წარმოდგენა, სრულიად დამაჯერებელია. მსგავსი რაღაცები შესაძლებელია მოხდეს.

ფილმში შიშისმომგვრელი  მომენტის დაგეგმვა ძნელია?

დრო სჭირდება. ჯერ ერთი, უნდა იცოდე, რისი ეშინია აუდიტორიას. მეორეც, უნდა იცოდე, რას გრძნობენ კონკრეტული რაღაცების მიმართ  და როგორ აგრძნობინო ეს. ყველაფერი ჩანაფიქრზე და წარმოებისთვის მომზადების ეტაპზეა დამოკიდებული, რათა როცა დასრულებული ფილმის ჩვენება გაიმართება, აუდიტორიას ის რეაქცია ჰქონდეს, რაც განზრახული გქონდა.

ფიქრობთ, რომ ბევრი წარმატებული საშინელებათა და სასპენს ფილმები, რომლებიც დღეს კინოეკრანებზეა, არაორაზროვნად ძალიან საშიშია?

დიახ. პირდაპირ გაჯახებენ იმის მაგიერ, რომ საშუალება მისცენ ფანტაზიას გონებაში განვითარდეს. ასევე, დაუსრულებლად იმეორებენ მკვლელობებს, რაც ბევრი რამის გამო გადაჭარბებაა. „სიგიჟეში“ მე მხოლოდ ერთი მკვლელობა მქონდა, ძალადობის ერთი აქტი, სხვებზე მასობრივი მკვლელობების სიუჟეტში მხოლოდ მინიშნება იყო. ერთმა აქტმა ითამაშა მოდელის როლი აუდიტორიისთვის, რათა წარმოედგინათ სხვა „მინიშნებული” მკვლელობები.

ტელევიზიას ხალხის კინო გემოვნებაზე აქვს გავლენა? ნ თუნდაც ძალადობაზე?

კი, ცალსახად. ბევრი სატელევიზიო შოუ, ახალი ამბების გადაცემა თუ დოკუმენტური ფილმი განადიდებს კრიმინალებს. ისინი სავსეა ძალადობით, განსაკუთრებით ახალი ამბების გადაცემები ვიეტნამის ომის დროს. გადამეტებულ ბრძოლის სცენებს უშვებდნენ, ეს იყო ხოცვა-ჟლეტა სათქმელის გარეშე. ეს იყო სანახაობა და არ შეიძლება მსგავსი რამ აქციო სანახაობად სათქმელის, მორალის გარეშე. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი კინოქრონიკებში იყო მორალური მესიჯები ომის შესახებ.

რა შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად დღევანდელი სასპენს ფილმების შემქმნელები?

ყველაზე ხშირი შეცდომა, რაც მე მაწუხებს, ისაა, რომ ვერასდროს ვეცნობი მსხვერპლს საკმარისად. ძირითადი ინფორმაცია დანაშაულს გაცილებით საზარელს ხდის, რადგან შეგიძლია თავის გაიგივება ადამიანთან და არა მხოლოდ სხეულის წარმოდგენა, რომელსაც ესვრიან ან ანაკუწებენ. შეგიძლია წარმოიდგინო, რა გავლენა ექნება მკვლელობას მსხვერპლის ნათესავებზე ან სხვების ცხოვრებაზე.

მაგრამ თქვენს ფილმებში ხშირად საფრთხის ქვეშ მყოფზე საერთოდ არაფერი ვიცით.

მხოლოდ მასობრივი ტერორის ამსახველ სიტუაციებში. მაგალითისთვის, „ჩიტებში“ სცენაა, რომელშიც გოგონა ერთ ფრინველს უყურებს. უკანა ფონზე ატრაქციონია ერთი ფრინველით. როცა ის უყურებს ფრინველის ატრაქციონზე დაჯდომას, ამ მომენტისთვის ატრაქციონი ყორნებითაა სავსე. აუდიტორია შოკშია, ჩვენ ვიცით, რომ ისინი გოგონას თავს დაესხმებიან და რადგან ბავშვია, ეს საზარელია. გოგონას შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ იმის შიში, რომ ასობით ფრინველი ბავშვს თავს დაესხმება, საკმარისია.

როგორც ჩანს, მსხვერპლად ქალის არჩევა გირჩევნიათ. რატომ?

რადგან, როგორც წესი, ისინი არიან მსხვერპლნი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტიპის კრიმინალის მსხვერპლი, კაცებიც ხდებიან. ქალბატონები მსხვერპლი მხოლოდ ოჯახურ სიუჟეტებში არიან.

ქალები თქვენს ფილმებში არასდროს არ არიან გადამეტებულად სექსუალურები. ს იეზუიტური აღზრდის ბრალია თუ ბრიტანული თავდაჭერილობის?

ამ საკითხზე არ დავფიქრებულვარ. პირადად მე არასდროს მიზიდავდა ქალი, რომელიც თითქოს თავის სექსუალურობას რეკლამას უკეთებს. ისეთი ქალი, რომელსაც თავისი სექსუალური მიმზიდველობა ყელზე ძვირფასი  სამკაულივით აბნევია. მკერდსავსე ქალბატონები უბრალოდ არ იწვევენ ისეთივე ემოციურ რეაქციას, როგორც ისინი, რომლებსაც ფილმში ვიყენებ. სექსუალური მიმზიდველობა თამაშიდან უნდა მოდიოდეს. ევა მარი სეინტი ფილმში „ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთიდან“ მოკრძალებულად იყო ჩაცმული და კონსერვატიულად თამაშობდა. ამის მიუხედავად, ის ძალიან მიმზიდველი და სექსუალური იყო შესრულებისა და სიუჟეტის წყალობით. ინგრიდ ბერგმანიც ძალიან სექსუალური ქალბატონია შინაგანი მშვენიერებისა და სექსუალურობის დამსახურებით. სექსი არ არის ღია გამოფენა. ის შინაგანი მიმზიდველობა, ენერგიაა, რომელიც ქმედებებით გადაიცემა.

კრიტიკას უმოქმედია ოდესმე თქვენზე?

გააჩნია. წყობიდან არასდროს გამოვუყვანივარ, მაგრამ მაწუხებს, როცა ყველა საზღვარს სცილდებიან, როცა შინაარსს აკრიტიკებენ ტექნიკის მაგივრად. პეიზაჟის ნახატს რომ უყურებდე და ხედს რომ აკრიტიკებდე და არა მხატვრის მიერ მის შესრულებას. გარდა ამისა, ხანდახან ეჭვს მიჩენს კრიტიკოსებისა და შემფასებლების კვალიფიკაცია. ბევრ მათგანს არ ესმის, რა არის  მათი ფუნქცია. ბევრი კრიტიკოსი, რომელთა კრიტიკასაც ვკითხულობ, არ არის კინომცოდნე. არ აქვთ გამოცდილება იმ სფეროში, რომელზეც მუშაობენ, ხშირად მათ სხვადასხვა დეპარტამენტიდან აწინაურებენ, მაგალითად, წიგნების ან რესტორნების, ფაქტობრივად, ფილმებზე უფასოდ დასწრებას სჩუქნიან რედაქტორები.

არასდროს ვღიზიანდები გამოცდილი კრიტიკოსის ცუდ შეფასებაზე, რომელსაც პროფესიული ცოდნა და მოსაზრებები აქვს. მაგრამ გამოუცდელი ხალხი თავს მაბეზრებს. ნებისმიერი არაპროფესიონალიზმი შემაწუხებელია. ბევრ ისეთ კრიტიკოსთან მაქვს კარგი ურთიერთობა, რომლებსაც არ მოსწონებიათ ჩემი რომელიმე ფილმი ან დაუბეჭდავთ სუსტი რეცენზია, რადგან მე მათ პატივს ვცემ, როგორც ჟურნალისტებს, პროფესიონალებს და ისინი მე პატივს მცემენ, როგორც რეჟისორს, იმის მიუხედავად, რომ ჩემი ბოლო ფილმი არ მოეწონათ.

ახალ პროექტს გეგმავთ სამომავლოდ?

ახალ რაღაცებს ყოველთვის განვიხილავ, მაგრამ არასდროს ვამჟღავნებ. ამ ნაწილს დისტრიბუტორებს ვანდობ. სიახლეების გავრცელება და ხმაურის ატეხვა მათი საქმეა.

უშვებთ, რომ ოდესმე გამოხატვის ახალ ფორმას გამოიყენებთ, მაგალითად, სატელევიზიო ფილმს ან რაიმე ამის მსგავს? ხლა მოდურია ამ და ოთხნაწილიანი სატელევიზიო ნოველები.

არა, ამას არასდროს ვიზამ, რადგან სატელევიზიო ხარისხი დაბალია და იმავე მონდომებით შემიძლია კარგი კინოსპექტაკლი გადავიღო. ჩემი საქმე ესაა.

ჩვენ დავუცდით თქვენ მომდევნო ძალისხმევას. გმადლობთ დროის გამოყოფისთვის.

– ამბობენ, რომ მკვლელობა ყოველ წუთს ხდება, ეს ინტერვიუ ოთხმოცდაათი მკვლელობა გაგრძელდა, დაფიქრდით ამაზე!

 

 

ესაუბრა რ. ალენ ლეიდერი

[1] ჰუდანითი (ინგლ. Whodunit) – შემოკლებული ფორმაა კითხვისა „Who [has] done it?“ (ვინ ჩაიდინა ეს?) და წარმოადგენს დეტექტივის ისეთ ნაირსახეობას, რომელშიც ყურადღების ცენტრშია, ვინ ჩაიდინა დანაშაული და მისი ვინაობა მხოლოდ ტექსტის მიწურულს ხდება ცნობილი.

[2] აღმოსავლური ფოლკლორის ზებუნებრივი არსება, რომელიც მიცვალებულთა გვამებით იკვებება.

[3] იგულისხმება: ამერიკაში

© არილი

Facebook Comments Box