ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
თუ ის, ვინც გიყვარს, საპასუხო გრძნობით არ გპასუხობს, სხვა რა დაგრჩენია, იმის გარდა, რომ სხვა ადამიანი შეიყვარო (რაც, გულწრფელად გეტყვით, არც ისე ადვილია)? ოჰ, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობარო, როგორ მიხარია, რომ რჩევისთვის მომმართე. ამგვარი რთული საკითხის გადასაწყვეტად უჭკვიანეს ადამიანებს უნდა ჰკითხო ხოლმე რჩევა; კარგია, რომ გესმის, ვინაა ყველაზე უფრო გამჭრიახი პიროვნება ქვეყნიერების ამ ნაწილში.
ალბათ, იცი, რომ ამ პრობლემის გადაჭრის მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად არც ერთი მათგანი არ უზრუნველყოფს წარმატებას. ვფიქრობ, ოცდარვა ხერხი მაინც გამოიყენე, სანამ დღეს ჩემთან მოხვიდოდი, ხომ ასეა? არა? მხოლოდ ოთხის გამოყენება სცადე? სულ ერთია. რაკი აქ ხარ, შემიძლია საუკეთესო რჩევა მოგცე.
სიყვარულის ნექტარი.
რამე გაგიგონია მის შესახებ? არა? მართლაც სამარცხვინოა, რომ არაფერი იცი კაცობრიობის უდიდესი მონაპოვრის თაობაზე. ნება მიბოძე, საქმის არსი აგიხსნა.
პირადად მე სიყვარულის ნექტარი არასოდეს გამომიყენებია (საბედნიეროდ, არ დამჭირვებია), მაგრამ ვიცი, რომ მისი შეძენა შესაძლებელია ყველა სოფელში – ადგილობრივი ქურუმებისგან. სიყვარულის ნექტარს წინაპართაგან ნაანდერძევი რეცეპტით ამზადებენ და მასში ისეთი ინგრედიენტები შედის, რომელთა ცოდნა ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, გვეკრძალება. ქურუმები ნექტარს ერთნაირ თეთრ ბოთლებში ინახავენ და მის შესაძენად მოსულებს მხოლოდ თხას, ღორს და სამ ქათამს ართმევენ. ვინ დაინანებს ქონებას სიყვარულის ნექტრის შესაძენად? განა შენ დაინანებ? არა მგონია. მაგრამ შესაძლებელია, სიყვარულის ნექტარი უფასოდ იშოვო და იპოვო სიყვარული, რომლის ზეგავლენით შენი სახე მზეზე უფრო მეტად გაბრწყინდება.
აი, როგორ უნდა მოიქცე: შეიპარე ქურუმის სახლში მაშინ, როდესაც ქურუმი რიტუალის ჩატარებას დაიწყებს. ეს უნდა მოხდეს მზის ჩასვლის შემდეგ, სანამ ცაზე მთვარე გამოჩნდებოდეს. საკმარისად უნდა ბნელოდეს, რომ ვერავინ დაგინახოს, მაგრამ ისეთი წყვდიადიც არ უნდა იყოს, რომ ავმა სულებმა, რომლებიც ღამით სოფელში დაძრწიან, შეგამჩნიონ. საშინლად დაგსჯიან, თუკი ქურდობაზე წაგასწრებენ.
ქურუმის სახლში შესვლისთანავე სწრაფად აიღე თეთრი ბოთლი და საცვალში დამალე. საკუთარ სახლში დაბრუნებისას ბოთლი საიმედო ადგილას შეინახე, მაგალითად, საბნის ქვეშ. შემდეგ, სავსემთვარეობისას, რამდენიმე წვეთი ჩაასხი იმ ადამიანის საჭმელში, ვისი სიყვარულსაც ნატრობ, და მომდევნო დილას სატრფოს იმდენად შეუყვარდები, ისეთ ნეტარებასა და სიხარულს იგრძნობ, რომ თავს ჰკითხავ, ნეტავ, ასეთი სიყვარული რით დავიმსახურეო.
ვხედავ, რომ ჩემი არ გჯერა.
გინდა შეიტყო, რა მოხდება, თუკი სიყვარულის ნექტარი ადამიანზე არ იმოქმედებს?
უაზრო კითხვაა. საქმე ისაა, რომ სიყვარულის ნექტარი, ჩვეულებრივ, ზემოქმედებს ადამიანზე. მაგრამ როდესაც ეს არ ხდება, შეიძლება უცნაური რამ მოხდეს. უჩვეულო, უსიამოვნო რამ.
ჩემი მეგობარი ვონჯა მაგალითია იმისა, რომ სიყვარულის ნექტარი ზოგჯერ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე.
ვონჯა მზეთუნახავი სულაც არ იყო. არავითარ შემთხვევაში. განა რამდენ ქალს შეუძლია დაიკვეხნოს სილამაზით? თუმცა, გულწრფელად რომ გითხრა, ვონჯა ულამაზო კი არა, მახინჯი იყო. მის ქმარს, ბულუს, ხმამაღლა გაეცინა, როდესაც მშობლებმა ვონჯაზე დაქორწინება შესთავაზეს. „ეს გონჯი ქალი შევირთო ცოლად?“ – იკითხა მან. – „არ ჯობია, რომ, უბრალოდ,ბამბუკის სარზე დამაქორწინო?“
და ვინ დაადანაშაულებდა იმის გამო, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა? ვის მოხიბლავდა ვონჯას გაძვალტყავებული ფეხები, ბრტყელი მუცელი, ძვლებზე მიმხმარი დუნდულები და ამოზნექილი ყვრიმალები? ასეთი გარეგნობის ცოლით ვერც ერთი მამაკაცი ვერ მოიწონებდა თავს და, მით უმეტეს, ბულუ, რომელსაც ულამაზესი, მანგოს ფორმის თავი ჰქონდა, ისეთი, როგორიც ჩვენს სოფელში არავის ენახა. „მაცადეთ, ჯერ როდესაც ცოლის შერთვისთვის მზად არ ვარ“, უმტკიცებდა ბულუ თავის მშობლებს, რომლებსაც სულაც არ აინტერესებდათ, რა აზრისა იყო მათი ვაჟიშვილი. მართლაც, ორი თვის შემდეგ, ერთ დილას, ახალგაღვიძებულმა ბულუმ დაინახა, რომ მისი სახლის კართან მისივე მშობლები იდგნენ, მათ შორის კი ვონჯა ატუზულიყო. „პატარძლის გამოსასყიდი უკვე გადავიხადეთ“, – თქვეს მშობლებმა და წავიდნენ.
„კი მაგრამ, დედა… მამა…“ – ყვიროდა ბულუ.
ვონჯა კვლავ ზღურბლზე იდგა და ისე იღიმებოდა, თითქოს სიზმარს ხედავდა, რომელშიც მისთვის სანადიმო სუფრა იყო გაშლილი. რატომაც არ უნდა ყოფილიყო ბედნიერი? მისი მშობლების სახლის კარზე არც ერთ მამაკაცს არ დაუკაკუნებია და არ უთხოვია, თქვენი ქალიშვილი ცოლად გამატანეთო. ახლა კი ვონჯა ბულის კარის ზღურბლზე იდგა . უდიდეს პატივს – გათხოვებას ეღირსა.
რაო? გინდა განგიმარტო, თუ რატომ არ ითხოვა ვონჯა ცოლად არც ერთმა მამაკაცმა? ნუთუ საკმარისი არაა, რომ მისი გარეგნობა აღვწერე? თუმცა, შენ არ ცდები. მიუხედავად იმისა, რომ ვონჯა გარეგნულად სიმინდის გამხმარ ღეროს წააგავდა, მისი უიღბლობის ერთადერთი მიზეზი გარეგნობა როდი იყო. სიყვარული უცნაური რამაა. ბევრი ჩვენგანის აზრით, ის ხეს წააგავს. აი, ჩვენ ირგვლივ ხომ ხეებია. შეგიძლია რომელიმე მათგანი ამოირჩიო, მის ჩრდილში დაჯდე და გემრიელი ნაყოფით პირი ჩაიტკბარუნო. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის – ისეთებისთვის, როგორიც ჩემი მეგობარი ვონჯაა, – სიყვარული ცისარტყელას წააგავს. თუ ცისარტყელა მაშინ გამოჩნდება, როდესაც გძინავს ან სხვა სოფელში იმყოფები ბიძაშვილის მოსანახულებლად, შეიძლება ცისარტყელა ვეღარასოდეს იხილო და მთელი დარჩენილი სიცოცხლე ამაო ოცნებას შეალიო.
ბრიყვები შეეცდებიან დაგარწმუნონ, რომ ვონჯა სწორედ მისმა ულაზათო გარეგნობამ იმსხვერპლა. მაგრამ ეს სწორი არაა. არსებობს უამრავი უსახური ქალი, რომლებმაც გათხოვება შეძლეს. სწორედ ერთი თვის წინ ახლახან, ერთი თვის წინ, ნაფოტაკბილებიანი ტიმბი გათხოვდა, ხოლო ზორბატანიანი, დაკუნთული იფინდა უკვე ათი წლის განმავლობაში ბედნიერადაა გათხოვილი, თუმცა, ჩემი აზრით, მისი ქორწინება ასე დიდხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ იფინდას გალეულ ქმარს ცოლისა ეშინია.
რაკი საუბარი საჭმელზე ჩამოვარდა, უბრალოდ, გამახსენდა, როგორ უყვარდა ვონჯას ჭამა, როდესაც პატარები ვიყავით. მახსოვს, ყოველთვის, როდესაც მისი სახლის წინ გავივლიდი, ვონჯა აივანზე იჯდა და დაკეპილ ბატატსა და წვნიანს შეექცეოდა. მაშინაც გამხდარი იყო, მაგრამ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ როდესაც გაიზრდებოდა, ლამაზი და ფერ-ხორციანი იქნებოდა. თუმცა, რატომღაც არ გასუქებულა.
გავიდა ხანი. ვონჯას მეგობარი გოგონები მომწიფდნენ და ერთიმეორის მიყოლებით გათხოვდნენ. იმ დროისათვის, როდესაც ვონჯა ცხრამეტისა შესრულდა, მთელ სოფელში მისი ასაკის მხოლოდ სამი გასათხოვარი გოგონაღა დარჩა. ერთ-ერთი მათგანი საკუთარი უიღბლობაში თვითონვე იყო დამნაშავე: ეს დედისერთა გოგონა გაანებივრა დედამ, რომელმაც შვილი დაარწმუნა, მთელ მსოფლიოში შენი ღირსი მამაკაცი ძნელად თუ მოიპოვებაო. ამიტომ გოგონამ უარი უთხრა ცოლობაზე ფერმერს, რომლის ფერმა ძალზე შორს, ტყეში იყო და გოგონას არ სურდა ყოველდღე ეცადა, სანამ ქმარი შინ საჭმელს მოუტანდა. მან უარი უთხრა მეზობელი სოფლის მკვიდრ მეთევზესაც, რომელსაც თითქოსდა თევზის სუნი უდიოდა. რა გასაკვირია: თუკი კაცი მეთევზე იყო, რის სუნი უნდა ჰქონოდა? თაფლისა და მზესუმზირასი?
ოჰ, რა არიან ეს ქალები!
მახსოვს, როგორ ვმუსაიფობდით მე და ვონჯა ჩვენს აივანზე, როდესაც ორივენი ოცდახუთი წლისანი ვიყავით. სამზარეულოდან ჩემი ცოლის ღიღინი მოისმოდა. არც მას და არც სხვა რომელიმე ქალს ჩვენს სოფელში არ ეშინოდა, რომ ვონჯა ქმარს წაართმევდა.
ზოგჯერ, საღამოობით, სხვა მეგობრებიც გვიერთდებოდნენ – მამაკაცები და ქალები, ისინი დაოჯახებულები იყვნენ და შვილებიც ჰყავდათ. ზოგიერთი მათგანი წუწუნებდა, ქმარი (ან ცოლი) არ მივარგაო, და ვონჯას თვალები ცრემლებით ევსებოდა. ნეტავ, ქმარი ჰყოლოდა და ჯანდაბას, მასთან კინკლაობას როგორმე აიტანდა.
ერთხელ, როდესაც ვონჯა ოცდაოთხი წლისა იყო, ლამის შეუყვარდა ერთი კაცი.
გვალვის სეზონის დროს ვონჯა დედამისთან ერთად ქვეყნის მეორე კიდეზე გაეშურა, რათა მოენახულებინა თავისი ძმა, რომელიც ბანანების პლანტაციაში მუშაობდა. როდესაც დაბრუნდა, განუწყვეტლივ ლაპარაკობდა ახალგაზრდა კაცზე, თავისი ძმის მეგობარზე, რომელიც იქ გაიცნო. თურმე, ეს კაცი ვონჯას ყოველი შეხვედრისას ნაზად უღიმოდა და მართლა უყვარდა ვონჯა. უბრალოდ, მორიდებული იყო და არ იცოდა, როგორ დაახლოებოდა გოგონას.
ჩვენ უნდობლად ვუყურებდით ერთმანეთს. ნუთუ შესაძლებელია, მამაკაცი იმდენად მორიდებული იყოს, რომ ვერ გაუბედოს ქალს იმის თქმა, მომწონხარო? ვონჯას ნაამბობმა თვით ყველაზე მიამიტნიც კი დაგვაეჭვა. უფრო სავარაუდო იყო, რომ სასოწარკვეთილმა ვონჯამ ვაჟს მიაწერა ის გრძნობები, რომლებიც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა. მაგრამ არ გვინდოდა, ქალისთვის გული გვეტკინა, ამიტომ ვუთხარით, რომ, ალბათ, ვაჟი თავის რიდს დაძლევდა და ჩვენს სოფელში ჩამოვიდოდა ვონჯას მშობლების გასაცნობად. ის ყმაწვილი არ ჩამოსულა, მაგრამ მოდიოდნენ სხვა მამაკაცები, რომლებსაც ვონჯას დები მოსწონდათ.
იმ დღეს, როდესაც მისი ბოლო და გათხოვდა, ვონჯამ თავი ვეღარ შეიკავა.
მან თვალი მიმოავლო შეკრებილ სტუმრებს, რომლებიც აპირებდნენ ეცეკვათ და ემხიარულათ ქორწილში, და აქვითინდა. მისი ორი დეიდა მივარდა და დააპირეს სახლში შეეყვანათ, რათა სტუმრებს არ გაეგოთ მისი ყვირილი: „ რატომ მე არავინ მთხოულობს? ნუთუ, ყველაზე უარესი ვარ?“
ყველაზე უარესი ნამდვილად არ იყო. გარკვეული ღირსებებიც ჰქონდა. კარგი კულინარი იყო. მშვენივრად მღეროდა და მელოდიურად იცინოდა. მძიმე სამუშაოს არ უფრთხოდა. შეეძლო ფერმაზე წასულიყო, ქარიშხლიან ამინდში ემუშავა, შემდეგ შინ დაბრუნებულიყო და უდრტვინველად მოემზადებინა ვახშამი ოჯახისთვის. როდესაც მამამისი ისე დაბერდა, რომ აღარ შეეძლო სახლის სახურავზე აძრომა, ვონჯა კიბეზე აძვრა და აყრილი ყავარი შეასწორა. თუკი სოფელში ვისმე დახმარება სჭირდებოდა, ვონჯა აუცილებლად ეხმარებოდა მას. ჭაბუკები, რომლებიც პუტკუნა ქალიშვილებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ვონჯას ღირსებებს არად დაგიდევდნენ, მაგრამ ბულუს მშობლებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ვონჯას, იცოდნენ, რომ მათი ვაჟი უკეთეს ცოლს ვერ იპოვიდა.
მას შემდეგ, რაც ვონჯას ოცდახუთი წელი შეუსრულდა, ქალის მშობლები სულ უფრო ნაკლებ მოთხოვნებს უყენებდნენ სასიძოებს: თავდაპირველად გამოაცხადეს, რომ მზად იყვნენ, მიეთხოვებინათ ვონჯა ნებისმიერი მამაკაცისთვის, რომელიც საპატარძლოს მინიმალურ გამოსასყიდს გადაიხდიდა, შემდეგ თქვეს, რომ ამ თანხის ნახევრაზეც ყაბულს იყვნენ, ბოლოს ხელები გაასავსავეს და თქვეს, რომ მინიმალური თანხის ოც პროცენტსაც დათანხმდებოდნენ და ქორწილს თავიანთი ხარჯებით გადაიხდიდნენ. ისევე, როგორც ყველა კეთილგონიერი მშობელი ამქვეყნად, ისინიც მზად იყვნენ, ყველაფერი ეღონათ, ოღონდ გაეთხოვებინათ თავიანთი ქალიშვილი, სანამ საშო გაუხმებოდა და გამოეფიტებოდა.
როდესაც ბულუს დედ-მამა ეწვია მათ, ვონჯას მშობლები სიხარულისგან ატირდნენ. „როგორც იქნა, სირცხვილს გადავრჩით“ – ღიღინებდნენ ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბულუს მშობლებმა მათ საპატარძლოს გამოსასყიდი მოუტანეს. ზეიმს მთელი სოფელი შეუერთდა, რადგან არც ერთ ჩვენგანს არ სიამოვნებდა, როდესაც გადაბერებული საპატარძლოები თავიანთი მშობლების სახლებში აყოვნებდნენ.
ბულუს სახლში ვონჯას დაბინავებიდან ერთი კვირის თავზე დავინახე, როგორ მიდიოდა ის ჭისკენ. „აბა, ვონჯა“, – ვკითხე მას, – „მიამბე, როგორია გათხოვილი ქალის ბედნიერი ცხოვრება!“. მას თვალები ცრემლებით აევსო. იმავ წუთს ენაზე ვიკბინე. „ ოჰ, ვონჯა“ – ვუთხარი ქალს, – „ჩემი ოჯახური ცხოვრებაც ისეთია, რომ ზოგჯერ ვტირი, მაგრამ რას გავაწყობ?“. ამ სიტყვებზე ქალს კი არ გაეცინა, არამედ კიდევ უფრო დასევდიანდა და გზა გააგრძელა.
მივხვდი, რომ სანამ ჩვენ ქორწილს ვზეიმობდით, ვონჯა იტანჯებოდა.
ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა: ბულუს არ უყვარდა ცოლი.
სოფლელები ერთმანეთს უამბობდნენ, რას ხერხებს მიმართავდა ვონჯა, რომ ბულუს შეეყვარებინა ის. თურმე, იმ დღეს, როდესაც ვონჯა ბულუს სახლში დაბინავდა, ხოლო მშობლებზე განაწყენებული, გააფთრებული ბულუ სადღაც წავიდა – ვონჯამ სახლი გაანიავა, მტვერი გაწმინდა, იატაკი გამოხვეტა, ბულუს ტანსაცმელი გარეცხა და დააუთოვა. შემდეგ ქმრისთვის ოთხი სხვადასხვა კერძი დაამზადა და დედამისის ნაჩუქარ ლამაზ თეფშებზე დააწყო. ვონჯას ბრძენმა დედამ იცოდა, რომ საჭმელი განსაკუთრებით გემრიელია, როდესაც ის ლამაზ ჭურჭელზეა დაწყობილი, უსახურ ვონჯას კი მსოფლიოში არსებული ყველა ლამაზი თეფში დასჭირდებოდა ქმრისთვის თავის მოსაწონებლად.
როგორ მოიქცა ბულუ, როდესაც იმ ღამით შინ დაბრუნდა? როგორ ფიქრობთ, რა უთხრა ცოლს, რომელმაც სახლი დაალაგა, ტანსაცმელი გარეცხა და დააუთოვა და გემრიელი ვახშამი მოუმზადა?
ბულუმ მხოლოდ თვალი შეავლო სასტუმრო ოთახში მჯდარ ცოლს, არაფერი უთხრა და დასაძინებლად დაწვა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ვონჯას ვკითხე, მართლა ასე მოხდა თუ არა-მეთქი, მან ყველაფერი დამიდასტურა. კიდევ ერთი მეგობრის ნაამბობიც დაადასტურა. ამ მეგობრის თქმით, როდესაც ვონჯა მიხვდა, რომ ბულუ მას არ ეკარებოდა, ერთ ღამეს შიშველი დაწვა – ბულუ ამ დროს თავის მეგობრებთან იმყოფებოდა. ვონჯა იმედოვნებდა, რომ როდესაც ბულუ დაბრუნდებოდა და შიშველი ცოლის გვერდით დაწვებოდა, ის ისე მოიქცეოდა, როგორც მამაკაცები იქცევიან ხოლმე ამგვარ ვითარებაში. მაგრამ როდესაც ბულუ დაბრუნდა და საწოლში ცოლის გვერდით დაწვა, მაშინვე წამოხტა და ცოლს შეუღრინა, ღამის პერანგი ჩაიცვიო.
ვონჯამ მითხრა, რომ მან თავის მშობლებს დახმარებისთვის მიმართა, მათ კი, უბრალოდ, ურჩიეს, მოეთმინა – იქნებ, დროთა განმავლობაში, ბულუს შეეცვალა თავისი დამოკიდებულება ცოლის მიმართ? მერე ვონჯამ ბულუს მშობლებს მიმართა, მაგრამ მათაც იგივე ურჩიეს. მათ, ისევე, როგორც ჩვენი სოფლის ყველა მკვიდრმა, იცოდნენ, რომ ბულუ, ჯერ ერთი, გულგრილი იყო ცოლის მიმართ და, გარდა ამისა, ცდილობდა დაევიწყებინა ლამაზკბილებიანი ქალი, რომელიც მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ქალს უყვარდა ბულუ, მაგრამ მისმა მშობლებმა დაიწუნეს სასიძო და თავიანთი ქალიშვილი გაათხოვეს მდიდარ მონადირეზე – კაცზე, რომელიც დაჰპირდა, ნანადირევს თვეში სამჯერ მოგიტანთო. რომელი მშობელი გაუძლებდა ამგვარ ცდუნებას?
მას შემდეგ, რაც ბულუს სატრფო სხვა მამაკაცზე გათხოვდა, ყმაწვილი ქალებს აღარ ეკარებოდა, რაც ბევრს აკვირვებდა. მეგობრები აქილიკებდნენ იმის გამო, რომ ძველი სიყვარული ვერ დაევიწყებინა. სოფელში ჭორაობდნენ, თითქოს ბულუს შიშს აღუძრავდა ქალის შიშველი სხეული, მაგრამ ამ ჭორისა არავის სწამდა – ყველამ იცოდა, რომ ნებისმიერი მამაკაცი დღეში რამდენჯერმე წარმოიდგენს ხოლმე შიშველ ქალს.
მშობლები ბულუს სხვადასხვა ქალს ურიგებდნენ, ის კი მხოლოდ აქეთ-იქით აქნევდა თავს, უარყოფის ნიშნად. იმედგაცრუებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს იმის ინსცენირება, რასაც ოდესღაც „გალიას“ უწოდებდნენ. მისი არსი ის იყო, რომ ბერბიჭას დედ-მამას მეზობელისოფლებიდან თავიანთ სახლში მოჰყავდა ყველაზე ლამაზი ახალგაზრდა ქალები და მათ საძინებელ ოთახში, სასტუმრო ოთახის უკან მალავდნენ. შემდეგ მშობლები ვაჟს სასადილოდ იწვევდნენ. როდესაც ვაჟი დანაყრდებოდა და სასიამოვნოდ მოდუნდებოდა, მშობლები საძინებელი ოთახის კარს აღებდნენ. იქიდან გამოდიოდნენ ლამაზად ჩაცმული, ლამაზად სახეშეღებილი და თმადავარცხნილი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ჩამწკრივდებოდნენ ხოლმე ბერბიჭას წინაშე. მშობლები აცხადებდნენ, რომ მათ შვილი სახლიდან ვერ გავიდოდა იმის გარეშე, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი თავის საცოლედ არ გამოეცხადებინა.
ბულუსთვის მშობლებმა მოძებნეს შვიდი ახალგაზრდა ქალი. ყველამ იცოდა, რომ ბულუ გამრჯე ყმაწვილი გახლდათ. ახალგაზრდა ქალებმაც იცოდნენ, რომ ბულუს ცოლს შიმშილისგან მუცელი არასოდეს აუბუყბუყდებოდა, ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერი იყო. ჰოდა, ისინი ბულუს წინაშე ჩამწკრივდნენ და იღიმებდნენ.თითოეული მათგანი თითქოს სთავაზობდა, გთხოვ, გევედრები, მე ამირჩიეო. მოგვიანებით ბულუს დედა მეგობრებს უყვებოდა, რომ ბულუ ერთი საათის განმავლობაში იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა. გეგონებოდათ, ქალების სილამაზე ბულუს სულაც არ აღელვებდა. ბოლოს მან ქალებს უთხრა, ჩემი მშობლები ამაოდ გაისარჯნენ და ვიმედოვნებ, თქვენს სოფლებში მშვიდობიანად დაბრუნდებითო. ამის შემდეგ ბულუ წამოდგა და სახლიდან გავიდა. რამდენადაც ვიცი, ის ერთადერთი მამაკაცია , რომელმაც „გალია გატეხა“.
დიახ, ბულუს გული სიყვარულისთვის დახშული იყო.
ერთ საღამოს, ბულუს და ვონჯას დაქორწინებიდან ერთი წლის თავზე, გვესტუმრა ჩემი მეგობარი კოცო, რომელიც ვონჯასთანაც მეგობრობდა. ჩემი ცოლი მაგიდაზე სავახშმო კერძებს აწყობდა. ზრდილობიანი მამაკაცები, როდესაც შემთხვევით სადილობისას შეგესწრებიან, შეგარგოთო, ამბობენ და თქვენი სახლიდან გადიან, რათა ერთი საათის შენდეგ დაბრუნდნენ, როდესაც საჭმელი თქვენს მუცლებში ჩაიტკეპნება. მაგრამ კოცო ასე არ იქცეოდა – მისი ცოლი ხომ უხეირო კულინარი იყო. თავაზიანი კაცი ვარ, და კოცოს შევთავაზე, ჩემთან ერთად ესადილა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელში გამეჩხირებოდა ყოველი ლუკმა, რომელსაც მისი გადმოკარკლული თვალები ხარბად დააკვირდებოდა.
როდესაც შევექცეოდით სახელგანთქმულ სიმინდის „ფუფუს“ და მოთუშულ ბამიას ღორის შემწვარ ბარკლებთან ერთად, კოცომ მითხრა, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რაც სჭირდა ბულუს; ალბათ, მისმა ყოფილმა შეყვარებულმა სიყვარულის ნექტარი დაალევინა, რათა მათი სიყვარული სამარადისო ყოფილიყო. ამ ნექტრის ზეგავლენით ბულუ არც ერთ სხვა ქალს არ გაეკარებოდა.
გულწრფელად გითხრათ, ამას მეც ვვარაუდობდი, მაგრამ ზოგჯერ ჯობია, თქვენი აზრები სხვამ გამოთქვას. ამიტომ კოცოს ვუპასუხე, რომ ვონჯასთან უნდა მივსულიყავით და ჩვენი ეჭვები მისთვის გაგვეზიარებინა;
კოცოს აზრით, ვონჯას გულს ატკენდა ეს დაუსაბუთებელი ეჭვები. მან შემომთავაზა, მეგობრები შეგვეკრიბა, შექმნილი ვითარების შესახებ გვემსჯელა და სამოქმედო გეგმა დაგვესახა. ჩვენი მშობლები და ჩვენი მშობლების მშობლები პრობლემებს სწორედ ამგვარად წყვეტდნენ ხოლმე.
ჰოდა, ერთ გრილ საღამოს სოფლის მოედანზე ვონჯას კბილა ახალგაზრდები შევიკრიბეთ, რათა გვემსჯელა ჩვენი საბრალო მეგობრის შესახებ, რომელსაც მშობლები ვერაფრით ეხმარებოდნენ, დები კი გათხოვდნენ, სხვა სოფლებში გადასახლდნენ და მშობლებზე ზრუნვა ვონჯას დააკისრეს. შეკრებილნი ვონჯასთან ერთად გაიზარდნენ, ერთად აიდგეს ფეხი, ერთად თამაშობდნენ, სეირნობდნენ და, შიშველნი, წვიმის ქვეშ ცეკვავდნენ. ვონჯას გათხოვებამ ძალიან გაგვახარა, ახლა კი გული დაგვწყვიტა მისმა ოჯახურმა უსიამოვნებებმა; ყოველთვის, როდესაც ვონჯას ვხედავდით, მისი სევდიანი სახე ჩრდილავდა ჩვენს ბედნიერებას. შეუძლებელი იყო, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლე ასეთ ვაი-ვაგლახში გაეტარებინა.
რა თქმა უნდა, გვიხაროდა, რომ ვონჯა გათხოვდა, რომ იძულებული არ გახდა, მშობლების სახლში დარჩენილიყო და ეოცნება იმაზე, რომ მამაკაცს, ნებისმიერ მამაკაცს წაეყვანა ის, სანამ სხეული დაუჭკნებოდა და სახე დაუნაოჭდებოდა. მაგრამ ისიც გვინდოდა, რომ მცირეოდენი ბედნიერება მაინც ეგრძნო ცხოვრებაში. ამ ბედნიერებას ვონჯას მხოლოდ ბულუს სიყვარული მოუტანდა. არც ერთ ჩვენგანს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ყოფილმა სატრფომ ბულუს სიყვარულის ნექტარი დაალევინა. სხვაგვარად ვერ ავხსნიდით მ ის დამოკიდებულებას ვონჯას მიმართ.
მეორე დღეს – ისეთსავე გრილ საღამოს – კვლავ შევიკრიბეთ სოფლის მოედანზე.
ამჯერად ვონჯასაც შევთავაზეთ, მოსულიყო. ჩვენი ჯგუფის სახელით დაველაპარაკე. ვუთხარი, რომ ბულუს გონება და გული სიყვარულის ნექტრით ჰქონდა დაბანგული; ვუთხარი, რომ შეეძლო შეგუებოდა ვულუს ქცევას, მაგრამ ქორწინების არსი ხომ ისაა, რომ შეცვალო სხვა ადამიანი შენდა სასიკეთოდ. ჩვენმა მეგობრები დამეთანხმნენ – ყველამ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ იმას, რომ ჩვენი ცოლები და ქმრები ისეთ ადამიანებად გვექცია, რომლებიც რაც შეიძლება მეტ ბედნიერებას გვაგრძნობინებდნენ და რაც შეიძლება ნაკლებად გვატკენდნენ გულს.
ვონჯას ვურჩიე, ქურუმთან მისულიყო და სიყვარულის ნექტრის საწინააღმდეგო წამლის დამზადება ეთხოვა. დავპირდი, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი წაჰყვებოდა; რომ მივცემდით მას სამსხვერპლოდ შესაწირავ ცხოველებს, რომლებიც ქურუმისთვის უნდა შეეძლია; რომ გავუგებდით, თუკი ჩვენს შეთავაზებებზე უარს იტყოდა (რადგან ეს შეიძლებოდა სახიფათო ყოფილიყო); მეორე მხრივ, თუკი ჩვენს რჩევებს არ გაითვალისწინებდა, ეს, ალბათ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სანანებლად დარჩებოდა.
ვონჯამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
მან იცოდა, რომ სხვა გზა არ დარჩენოდა – აუცილებლად უნდა წასულიყო ქურუმთან და სიყვარულის ნექტრის საწინააღმდეგო წამალი მოეპოვებინა.
რვა დღის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი მეგობარმა და ვონჯამ სამი სოფელი გადაიარეს და ქურუმთან მივიდნენ. ამ კაცს ძალიან აქებდნენ. ძლიერმოქმედ წამლებს ამზადებდა – ერთ უშვილო კაცს ისეთი წამალი მისცა, რომ ამ კაცის ცოლმა სამ წელიწადში სამჯერ გააჩინა ტყუპი ბავშვები.
ქურუმმა მოისმინა ყველაფერი, რაც ვონჯამ ბულუს შესახებ უამბო და უთხრა, რომ თანაუგრძნობდა მას, მაგრამ გააფრთხილა, რომ აჯობებდა, სიყვარულის ნექტრის საწინააღმდეგო წამალი არ გამოეყენებინა.
ქურუმმა ვონჯას ისიც უთხრა, თუკი წამალს შეუსაბამო დროს გამოიყენებ (მაგალითად, მაშინ, როდესაც მთვარე თითქოსდა სავსეა, მაგრამ, სინამდვილეში, სავსე არ არის), ამან შეიძლება შეშლილობა გამოიწვიოსო. ქურუმის აზრით, ვონჯას უნდა დაეცადა და იმედი არ დაეკარგა, რომ ბულუს ორგანიზმი თანდათან დაიცლებოდა სიყვარულის ნექტრისგან.
მაგრამ რამდენ ხანს უნდა ეცადა ვონჯას? ზოგიერთის აზრით, სიყვარულის ნექტარი შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში დარჩეს ორგანიზმში, ზოგჯერ კი – მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც.
ვონჯა სასოწარკვეთილი იყო.
„არ შემიძლია“ – მითხრა მან, როდესაც შევთავაზე, სხვა ქურუმის აზრიც შევიტყოთ-მეთქი. ეს სახიფათო არისო, მიმეორებდა. „თუ ასეა, მაშინ მთელი დარჩენილი სიცოცხლე სიყვარულის გარეშე უნდა გაატარო!“, – ვუპასუხე მე. ვონჯამ ამოიოხრა. მას შემდეგ, რაც გათხოვდა – ესე იგი, თხუთმეტი თვის განმავლობაში – განუწყვეტლივ იტანჯებოდა.
მაგრამ მან მაინც მიმართა დასახმარებლად სხვა ქურუმს, რომელიც ჩვენგან ოთხი სოფლის დაშორებით ცხოვრობდა. ამჯერად მარტო წავიდა, რადგან არ სურდა, რომ ჩვენ მასზე რამე ზეგავლენა მოგვეხდინა.
ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ წარიმართა ამ ქურუმთან ვონჯას შეხვედრა, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ იმ კაცმა ვონჯას სიყვარულის ნექტრის საწინააღმდეგო წამალი კი არ მისცა, არამედ – თვით სიყვარულის ნექტარი. სამწუხაროდ, მას დაავიწყდა, შეეხსენებინა ვონჯასთვის, რომ ნექტარი მხოლოდ სავსემთვარეობისას უნდა გამოეყენებინა. ამიტომ საღამოს, როდესაც მთვარე თითქოს (მაგრამ არა ნამდვილად) სავსე იყო, ვონჯამ სამი წვეთი ნექტარი ჩაუსხა ბულუს კერძში – შებოლილი ხორცის რაგუში.
როგორ ფიქრობთ, რა მოხდა მეორე დღეს?
ვონჯა შეიშალა.
თავდაპირველად სოფელში დადიოდა და თავის თავს ელაპარაკებოდა. შემდეგ, ერთ დილას, ვონჯა მანგოს ხის ქვეშ ვიპოვეთ. მალე მან საბოლოოდ მიატოვა ბულუს სახლი და მანგოს ხის ჩრდილი თავის ახალ ადგილსამყოფლად აქცია.
დეტალურად აღარ აგიწერ, როგორ გამოიყურება ვონჯა ახლა. გეტყვი, მხოლოდ, რომ ახლა მთელი დღეების განმავლობაში სოფელში დადის და სევდიანად მღერის: „მხოლოდ სიყვარული მწყუროდა. მინდოდა, ვინმეს ვყვარებოდი“. ხან ხმადაბლა მღერის, ხანაც – ხმამაღლა. და მარტოდმარტო ცეკვავს.
ჩემი საბრალო, საბრალო მეგობარი.
ზოგჯერ მანგოს ხეს შორიდან მოვუვლი ხოლმე, რომ ვონჯა არ დავინახო.
უბრალოდ,… გული მტკივა, როდესაც მას ვხედავ.
იმედი მაქვს, არ დამადანაშაულებ იმაში, რომ ეს ამბავი მოგიყევი. შენ ხომ თვითონ მთხოვე ეს. შემეძლო მხოლოდ ის მეთქვა, თუ სად შეიძლება მოიპოვო სიყვარულის ნექტარი, მაგრამ შენ გაინტერესებდა, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის დალევას. და ახლა ყოველივე იცი.
გამხნევდი, ჩემო კარგო. ის, რაც ვონჯას შეემთხვა, იშვიათად ხდება ხოლმე.
ამ რჩევას არ მოგცემდი, დარწმუნებული რომ არ ვიყო შენს სულიერ სიჯანსაღეში. ასე არავითარ შემთხვევაში არ მოგექცეოდი. სიყვარულის ნექტარი ერთადერთი ცნობილი წამალია ვნებით შეპყრობილი ან გულგატეხილი ადამიანებისთვის და, საერთოდ, ყველასთვის, ვის გულსაც მკურნალობა სჭირდება. თუკი გთხოვ, რომ სიყვარულის ნექტარი მოჰპარო შენი სოფლის ქურუმს, რომ ხიფათში ჩაიგდო თავი, რის გამოც სოფლის მამასახლისმა სოფლის მოედანზე შეიძლება ორმოცი წკეპლა დაგარტყას შიშველ უკანალზე, ისე, რომ მთელი სოფელი გიყურებდეს, შენ კი დედას, მამას და ყველა წინაპარს შებღავლებ, მიშველეთო, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცი – სიყვარულის ნექტარზე უკეთესი წამალი არ არსებობს.
თანამედროვე ახალგაზრდებმა, სამწუხაროდ, ბევრი რამ როდი იცით.
როდესაც ხედავ ბედნიერ წყვილებს, რომლებიც საღამოობით ვერანდებზე სხედან და თვალ-ყურს ადევნებენ თავიანთ მოთამაშე ბავშვებს, ალბათ, გგონია, რომ თითოეულმა მათგანმა იპოვა სწორედ ის ადამიანი, რომელიც სჭირდებოდა და ახლა ტკბება ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით. სისულელეა. უაზრობა და სისულელეა. სიყვარულის საზღაური აუცილებლად უნდა გადაიხადო – ნურასოდეს დაივიწყებ ამას.
დიახ, არიან წყვილები, რომლებსაც ბედმა არგუნა ბედნიერება, მაგრამ უამრავი ადამიანია ისეთი, რომლებმაც ქურდობისა და სიცრუის საშუალებით გაიკვალეს გზა სამარადისო სიყვარულისკენ.
ხომ იცნობ ბებერ გიტას, ჭის მახლობლად რომ ცხოვრობს შენს სოფელში? რა თქმა უნდა, იცნობ. შენ ხომ მის შვილიშვილებთან მეგობრობ. მახსოვს, გიტას ქმრის, იკოლოს გასვენებასაც დაესწარი ერთი თვის წინ. მეგობართან ერთად ვიჯექი, რომელიც განუწყვეტლივ მელაპარაკებოდა იმაზე, თუ როგორი სანიმუშო ცოლი იყო გიტა, რომელმაც ქმარს რვა შვილი გაუჩინა, რომ შვილებს, თავის მხრივ, ოცდაათი შვილი ეყოლათ, რომ გიტა და იკოლო შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ, რომ იკოლომ ახლა მშვიდად უნდა განისვენოს, რადგან გიტასთან ერთად ბედნიერად იცხოვრა. მაგრამ თითქმის არავინ იცის ის, რაც მე ვიცი, და ვიცი ის, რომ გიტამ ბედნიერება სიყვარულის ნექტრის წყალობით მოიპოვა.
ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვები, განგაცვიფრებს.
იმ დროისათვის, როდესაც ამ ამბის მოყოლას დავამთავრებ, უკვე დაეჭვდები, მართლაც ასეთი საყვარელი ქალია თუ არა ეს სანდომიანი მოხუცი გიტა.
ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, და რაც მოხდა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შენს სოფელსა და მიმდებარე სოფლებშიც ერთი ახალმთვარეობიდან მეორე ახალმთვარეობამდე ადამიანები მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდნენ.
როდესაც გიტა თვრამეტი წლისა იყო, ის და მისი ბიძაშვილი გოგონა, ტიტი ქორწილში წავიდნენ. იმხანად ქორწილებს ისევე იხდიდნენ, როგორც – ახლა: პატიჟებდნენ ნათესავებს, საცოლის ან სასიძოს ნაცნობ-მეგობრებს, ზოგიერთი იმიტომ მიდიოდა, რომ უხაროდა პატარძლის გათხოვება ან სასიძოს დაქორწინება, მაგრამ ბევრ სტუმარს მხოლოდ ის უნდოდა, რომ კარგა გემრიელად დანაყრებულიყო და სასმელიც მიერთვა. და კიდევ – მთელი ღამის განმავლობაში ვარსკვლავებქვეშ ეცეკვა. რა თქმა უნდა, ქორწილის დროს ახალგაზრდა ქალები თავს იწონებდნენ მათ მიერ შეკერილი კაბებით ჭაბუკების წინაშე, რომლებიც საცოლეებს ეძებდნენ.
ამგვარად, გიტა და მისი ბიძაშვილი – საუკეთესო მეგობრები – სხვებთან ერთად ისხდნენ საპატარძლოს ოჯახის წევრთა მახლობლად და ტაშს უკრავდნენ, როდესაც ორი ოჯახი შეთანხმდა პატარძლის გამოსასყიდის ოდენობაზე. ბიძაშვილები სხვა სტუმრებთან ერთად ცეკვავდნენ, როდესაც საპატარძლო გამოიყვანეს მისი სახლიდან და სასიძოს წარუდგინეს.
როდესაც გიტა და მისი ბიძაშვილი ცეკვავდნენ, როდესაც მედოლეები უკრავდნენ და მღეროდნენ, გოგონებს ყურადღებით აკვირდებოდა მოხდენილი ყმაწვილი, რომელიც მალე მათკენ გამოემართა. გიტამ შენიშნა ის და გული აუჩქროლდა. ყმაწვილს თვალები უბრწყინავდა, თეთრი კბილები უელავდა. მან გიტას ჩაუარა და ტიტისთან მივიდა.
ტიტიმ უცნობისკენ ზურგშექცეული იდგა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება და აღტაცება, როდესაც უცნობი მის წინაშე დადგა და ჰკითხა, რა გქვიაო. გიტა წყვილს შუაში ჩაუხტა. „თქვენ ხომ ჩემი სახელის გაგება გსურთ!“ – უთხრა მან ყმაწვილს და თვალები ისე აახამხამა, თითქოს მამაკაცები ქალებს თვალების სწრაფი ხამხამის მიხედვით აფასებდნენ. ყმაწვილმა თავი გააქნია. „არა, ამ მშვენიერ გოგონასთან მოვედი“ – თქვა მან და ტიტიზე მიუთითა. გიტა იმედოვნებდა. რომ ტიტი ყურადღებას არ მიაქცევდა ამ ყმაწვილს ან გულუბრყვილოდ ჰკითხავდა, რად გინდათ ჩემი სახელის შეტყობაო. მაგრამ ტიტი ასე არ მოქცეულა – და განა რომელი ქალიშვილი მოიქცეოდა ასე იმ ჭაბუკის წინაშე, რომლის ხელ-ფეხი იროკოს ხის ტოტებივით მკვრივი და ძალუმი იყო?
ტიტიმ ჩაიხითხითა და უცნობს თავისი სახელი უთხრა. მეორე დღეს ყმაწვილი ეწვია გოგონას მის სოფელში, და იქ დარჩა მომდევნო დღეს, და კიდევ ერთ დღეს. სახლის მეორე ნაწილიდან გიტა აკვირდებოდა, როგორ ნეტარებდა მისი ბიძაშვილი იმ ყმაწვილის მახლობლად, რომელიც გიტას თაყვანისმცემელი გახდებოდა, ტიტისთან რომ არ მისულიყო ქორწილის საღამოს, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო. მახსოვს, პატარაობისას, ქალები, რომლებიც ვერანდებზე არაქისს ჩურჩნიდნენ, ჰყვებოდნენ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ წაართვა გიტამ თავის ბიძაშვილს საქმრო; ზოგიერთი ამბობდა, რომ გიტა იმ ყმაწვილის ფერმაში მივიდა და შესთავაზა, ბატატისა და კვახების გამარგვლაში მოგეხმარებიო, ყმაწვილმა კი, უბრალოდ, გაუღიმა და უთხრა, დიდი მადლობა, ამ სამუშაოს თვითონ გავართმევ თავსო. სხვების თქმით, გიტამ სცადა დაეშორებინა ქალ-ვაჟი და ამ მიზნით ტიტის უთხრა, რომ მის შეყვარებულს, სულ ცოტა, ორი ქალი ჰყავდა შერჩეული საცოლედ. იმასაც ჰყვებოდნენ, რომ ერთხელ გიტა ორი დღის განმავლობაში იწვა მაღალი სიცხით, ერთგვარი სიყვარულის ციებ-ცხელებით – მაგრამ ბევრი ქალი უარყოფდა ამ ჭორს და ამბობდა, რომ გიტა მართლაც ავადმყოფობდა.
მაგრამ არავინ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ტიტი ქორწილის მოახლოებასთან ერთად გიტა, რომელიც მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა, კვლავ ისეთივე მოყვარული ბიძაშვილი გახდა ტიტისთვის, როგორიც ყოველთვის იყო. ქორწინებამდე ხუთი კვირით ადრე ის ტიტის მკერავ ქალთან მიჰყვა და თავის ბიძაშვილთან ერთად აღტაცებით ლაპარაკობდა იმის შესახებ, როგორი არაჩვეულებრივი იქნებოდა ქორწინების დღე, როგორ დაკლავდნენ მამაკაცები წიწილებს, თხებსა და ღორებს; როგორ შეგროვდებოდნენ ქალები მზის ამოსვლის წინ, რომ სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით შეეწვათ თხის ხორცი, მწიფე ბანანები და ღორის ბეჭები; როგორ იმღერებდნენ დაქირავებული გუნდები მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ზეიმი გაგრძელდებოდა და როგორი ბედნიერი ცხოვრება ელოდა ტიტის.
მაგრამ ტიტი არ გათხოვილა.
ქორწინებამდე ცხრა დღით ადრე იკოლოს მშობლები ტიტის მშობლებს ეწვივნენ და უთხრეს, რომ უცნაური რამ ხდებოდა: იკოლოს ქორწილის გაუქმება სურდა. აღარ ფიქრობდა, რომ ტიტი მისთვის ერთადერთი შესაფერისი საცოლე იყო.
როგორ ტიროდა ტიტი…
ის და გიტა იკოლოს სოფელში მივიდნენ. ტიტი მივარდა იკოლოს და სთხოვა აეხსნა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. მათ ირგვლივ ხალხი შეგროვდა. იკოლო განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ წუხდა, გულწრფელად წუხდა, მაგრამ ცოლად ვერ შეირთავდა ქალს, რომელიც აღარ უყვარდა. რატომ აღარ გიყვარვარო, ჩააცივდა ტიტი. იკოლო არაფერს პასუხობდა. სიმართლე უთხარიო, უყვიროდნენ მათ ირგვლივ შეკრებილი ქალები, რომლებსაც მამაკაცებმა არაერთი ტკივილი მიაყენეს და რომლებიც, შესაძლოა, იმედოვნებდნენ, რომ იკოლოს პასუხი სალბუნივით დაედებოდათ უამრავ ნაიარევზე, რომლებიც გულზე დაჩნეოდათ. იკოლოს მშობლებიც კი შეუერთდნენ ბრბოს და სთხოვდნენ თავიანთ ვაჟს, ეთქვა, რატომ გადაიფიქრა ტიტიზე დაქორწინება. გონიერი მშობლები იყვნენ და იმედოვნებდნენ, რომ თუ შვილისგან პასუხს ვერ მიიღებდნენ, ყოველ შემთხვევაში სირცხვილის ლაქას მაინც ჩამოირეცხავდნენ.
არაფერი გამოუვიდათ.
ატირებული ტიტი თავის სოფელში დაბრუნდა. გიტა ეხვეოდა და ანუგეშებდა ბიძაშვილს.
როგორ მოხდა, რომ სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ იკოლოს მშობლები გიტას დედ-მამის სახლში მივიდნენ და უთხრეს, იკოლოს გიტას ცოლად შერთვა სურსო?
ოჰ, რა ტკივილი მიაყენა გიტამ თავის ოჯახს მამაკაცის გულისთვის.
ტიტის მამა ისე გარდაიცვალა, რომ თავის ძმას, გიტას მამას არ დალაპარაკებია. ვერ გაეგო, რატომ მიიღო მისმა ძმამ იკოლო სიძედ მას შემდეგ, რაც იკოლომ ტიტი უმიზეზოდ მიატოვა.
მაგრამ რა უნდა ექნა გიტას მამას? მას ხომ ხუთი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა. სასიძოები რომ დაეწუნებინა, ქალიშვილები შინ ჩაუბერდებოდნენ.
გიტას და იკოლოს ქორწილს მცირეოდენი ხალხი დაესწრო.
მე ვიყავი იქ დედასთან ერთად, რადგან დედაჩემი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ყველა წვეულებას ესწრებიან. მახსოვს, მაგიდებზე უამრავი საჭმელი ხელუხლებლად დარჩა.
გიტას და იკოლოს ქორწილამდე ჭორაობდნენ, თითქოს გიტა ქურუმს ეწვია. ათი წლისა ვიყავი, როდესაც ეს მოხდა და ჯერ კიდევ მახსოვს, როგორ ვეკითხებოდი თავს, რატომ წაართვა გიტამ საქმრო თავის ბიძაშვილს, რომელთანაც ერთად აიდგა ფეხი, რომელთან ერთადაც იცინოდა და ტიროდა. ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ გიტას გულწრფელად სჯეროდა: იკოლომ უდიდესი შეცდომა ჩაიდინა, როდესაც მას გვერდით ჩაუარა და ტიტისთან მივიდა. შეცდომა, რომელიც გიტას უნდა გამოესწორებინა ყველას სასიკეთოდ.
იმის შესახებ, რომ გიტამ დახმარებისთვის ქურუმს მიმართა, მისი ქორწილის შემდეგაც ჭორაობდნენ.
არავინ იცოდა, სახელდობრ რომელ ქურუმს მიმართ გიტამ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქურუმის ჩაურევლად ის ვერაფერს შეძლებდა. არც ერთი საღად მოაზროვნე მამაკაცი არ გადაიფიქრებს ერთ ქალზე ქორწინებას იმისთვის, რომ – სულ რამდენიმე თვეში მისი ბიძაშვილი შეირთოს ცოლად. არც ერთი ჭკუათმყოფელი მამაკაცი არ მიატოვებს თავის სახლს და ცოლის სოფელში არ გადასახლდება, იკოლო კი, გიტაზე დაქორწინებიდან ერთ კვირაში – სწორედ ასე მოიქცა. ოჯახის წევრები ცდილობდნენ გონს მოეყვანათ ყმაწვილი და ეუბნებოდნენ, რომ, ჩვეულებრივ, მამაკაცი თხოულობს ცოლს და არა – პირიქით, და რომ გიტას იკოლოს სახლში უნდა დაედო ბინა, მაგრამ ჭაბუკი თავისას არ იშლიდა.
როგორც კი ქალ-ვაჟი დასახლდა გიტას ერთ-ერთი ნათესავისგან მემკვიდრეობით მიღებულ სახლში, ხალხში ხმა გავარდა, რომ იკოლო ყოველ დილით ხვეტდა სახლს – ამაზე უფრო უარესი რამ კი ვერავის წარმოედგინა. როგორც ჩანს, ნექტარი, რომელიც გიტამ იკოლოს დაალევინა, იმდენად ძლიერმოქმედი იყო, რომ იკოლო გიტას ტანსაცმელსაც რეცხავდა, აუთოებდა კიდეც და სამზარეულოშიც ეხმარებოდა ცოლს. ალბათ, ტვინის დიდი ნაწილი დაუზიანდა და ამიტომ არ შეეძლო, საღამოობით ვერანდაზე დაესვენა და პალმის ღვინით დამტკბარიყო (როგორც ამას ნებისმიერი ღირსეული მამაკაცი სჩადის), სანამ მისი ცოლი თავის მოვალეობებს ასრულებდა.
ყველა იმედოვნებდა, რომ მომდევნო წვიმების სეზონისთვის იკოლო შეიცვლებოდა და გიტას მიატოვებდა, მაგრამ ამგვარი არაფერი მომხდარა. წყვილს ჯანსაღი ბავშვი შეეძინა, მათი ოჯახი კი კვლავ მყარი იყო. მათ ერთმანეთი ისევე ძლიერ უყვარდათ, როგორც – ქორწილის დროს. ნაშუადღევს ყველა ხედავდა ვერანდაზე მჯდომ, ხელიხელჩაკიდებულ ცოლ-ქმარს.
მალე მათ მეორე შვილიც შეეძინათ.
გავიდა წლები. როგორი ნექტარიც უნდა დაელია იკოლოს, მისი მოქმედება არ შესუსტებულა. მალე ყველას დაავიწყდა, როგორ მოექცა გიტა ტიტის, რომელიც მოგვიანებით სხვა კაცზე გათხოვდა და სიცოცხლის ბოლომდე თავისი ბიძაშვილი არ უხსენებია. სოფლელებს დაავიწყდათ, რომ სიყვარულის ნექტარი იმ ბედნიერების საფუძველი იყო, რომელიც გიტას და იკოლოს სახლიდან მოედინებოდა, და, რადგან ადამიანებს იზიდავს ბედნიერება, ყველანი ცდილობდნენ, ზიარებოდნენ გიტას და იკოლოს სიხარულით აღსავსე ცხოვრებას.
ისე მოხდა, რომ გიტა და იკოლო სოფელში ყველაზე უფრო პოპულარული წყვილი გახდა. მათ სახლში სტუმრები არ ილეოდნენ – ყველას სურდა, ემხიარულა ამ სახლში, რომელიც სიყვარულის ნექტარზე იყო აგებული.
ამაში ხომ თვითონ დარწმუნდი, ასე არაა? მაშინაც კი, როდესაც მათ რვა შვილი და უამრავი შვილიშვილი ეყოლათ, როდესაც ისინი მხრებში მოიხარნენ და კბილები დასცვივდათ, გიტა და იკოლო კვლავ ხელიხელჩაკიდებულნი ისხდნენ ხოლმე თავიანთი სახლის ვერანდაზე, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.
ჰოდა, თუკი გთავაზობ რამე უჩვეულოს ჩადენას, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეს იმიტომააა, რომ მინდა, შენც ეზიარო უჩვეულო ნეტარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ბევრმა ადამიანმა იპოვა თავისი სატრფო ისე, რომ სიყვარულის ნექტარი არ გამოუყენებია და ერთ-ერთი მათგანი მე ვარ, მაგრამ შენ მე არ მგავხარ. მე რომ მგავდე, ახლა ცალმხრივი სიყვარულით არ დაიტანჯებოდი.
როგორი ბედნიერიც უნდა ვიყო საკუთარ ოჯახში, როდესაც დასაძინებლად ვწვები, მაინც ვონჯაზე ვფიქრობ. ნეტავ, ხომ არ შევცდით, როდესაც ვუბიძგეთ, ბულუს გულის მონადირება ეცადა? მაგრამ სხვა უნდა ექნა? როგორ უნდა ეპოვა სიყვარული? შეეძლო, ბულუსთვის მთვარე და ვარსკვლავები ეჩუქებინა, მაგრამ მის სიყვარულს მაინც ვერ მოიპოვებდა. რა გასაკვირია, რომ ვონჯას შინიდან წასვლის შემდეგ სამი თვის თავზე ბულუ განიკურნა და ცოლიც შეირთო – ქალი, რომელიც სულაც არაა ისეთი ღირსეული პიროვნება, როგორიც ვონჯა იყო.
ახლა ისინი ბედნიერნი არიან და შვილებიც ჰყავთ, თმაგაწეწილი და ტანსაცმელშემოფლეთილი ვონჯა კი დახეტიალობს და მღერის: „მხოლოდ სიყვარული მწყუროდა. მინდოდა, ვინმეს ვყვარებოდი“.
The New Yorker
March 22, 2021
© არილი