საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის – „არილის“ დაარსებიდან დღემდე სხვადახვა გზით, ფორმითა და დროის მუდამ ცვალებადი ინტერვალით სამასი ნომერი, ინტელექტუალური შრომის სამასი განსხვავებული დასტური გამოიცა. ბერძნულ და ქართულ თქმულებებში ეს რიცხვი სიმბოლურ კავშირშია შეუპოვრობასა და ბრძოლისუნარიანობასთან, რაც, შეიძლება ითქვას, რომ “არილის” ოცდარვაწლიანი არსებობის უპირველეს წინაპირობად და მთავარ ამოსავალ წერტილადაც გვევლინება. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც “არილი” გაზეთი “კავკასიონის” დანართიდან თავადაც დამოუკიდებელ, მცირე ზომის პერიოდულ ბეჭდურ გამოცემად იქცა, ლიტერატურულ თაროზე მისი თითოეული ნომრის მატერიალური სახით განთავსებას არაერთ გამოწვევასა და ბრძოლაში გამარჯვება დასჭირდა. მიუხედავად ამისა, წინაღობების ქარცეცხლში (რაც, გარკვეულწილად, შემოქმედებითი პროცესის ჯიუტად გაგრძელების ბიძგიც კი იყო) ის მაინც ყოველთვის ამართლებდა თავის უნიკალურ, ბევრისთვის უცნაურ სახელს და, ამავდროულად, ითავისებდა იმ ერთგვარი მანათობლის ფუნქციასაც, რომელიც მთავარი სცენიდან ჩაბნელებულ დარბაზსაც სწვდებოდა და, რედაქტორთა ალღოს წყალობით, იქ მყოფ, ჯერ კიდევ უცნობ ავტორებსა და მათ ახლებურ იდეებს ააშკარავებდა. “არილს” აზრობრივ სცენაზე ამოჰყავდა არამხოლოდ დებიუტანტი ანდა ძველი, გამორჩეული მწერლები, არამედ კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის უცხოელი ავტორებიც, რომელთა გაცნობის შესაძლებლობა ქართველ მკითხველს ნაკლებად ან თითქმის არასდროს ეძლეოდა. ორიგინალურ ნაწარმოებებზე, ხარისხიან თარგმანებზე, მსოფლიო პროზაზე, პოეზიასა თუ სხვა სახის ტექსტებზე ამგვარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა 90-იან წლების დასაწყისში განსაკუთრებით გამოიკვეთა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე, ქვეყნის ტოტალური კრიზისისა თუ ჯერ კიდევ საბჭოთა ლიტერატურის ჰეგემონიის პირობებში „არილის“ პერიოდული გამოცემა აზროვნების, გააზრებისა და შეფასებისთვის აუცილებელ რესურსს აჩენდა, რაც დღემდე მისი მკითხველის ფართო წრისა თუ ქართული აკადემიური სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება. იყო პაუზაც. რვაწლიანი უ(მ)არილო მონაკვეთი, როდესაც ჟურნალმა ბეჭდური სახით გამოცემა შეწყვიტა და 2013 წლამდე არსებობის გაგრძელება მხოლოდ ელექტრონული სივრცის საზღვრებში მოუწია. 2013 წელს კულტურის სამინისტრომ მისი დაფინანსება კვლავ განაახლა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდიდან დღემდე, შეზღუდული რესურსების გამო, „არილის“ სრულად, თორმეტი ნომრის გამოქვეყნება მხოლოდ ერთ ან ორ წელიწადს თუ მოხერხდა.
წინა წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით “არილის” სამი ნომერი გამოიცა და რომ არა „ნიუ ვიჟენ უნივესიტეტის“ დაფინანსება, დარჩენილი ხუთი, მათ შორის, მესამასე საიუბილეო ნომრისათვის საგულდაგულოდ შერჩეულ-შექმნილი ტექსტები გამოუქვეყნებელი დარჩებოდა. საბედნიეროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და 2021 წლის ბოლოს ჟურნალის ერთგულმა, მრავალრიცხვოვანმა მკითხველმა ქართველი შემოქმედის, მთარგმნელისა და პოეტის – დავით წერედიანსადმი მიძღვნილი ნომერიც იხილა. ამ საგულისხმო რიცხვთან დაკავშირებით, 25 დეკემბერს მწერალთა სახლში „არილის“ საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ერთმანეთს რედაქტორები, ავტორები, გულშემატკივრები, არაერთი ძველი თუ ახალი მკითხველი შეხვდა. ნომრის მთავარი გმირის გარდა, აქ მათ ჟურნალის მნიშვნელობაზე, მისი ბურუსით მოცულ მომავალსა და „არილის“, როგორც ხანგრძლივი ტრადიციის, კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელების იმედზეც ისაუბრეს.
საღამო არილის რედაქტორმა – მალხაზ ხარბედიამ გამოცემის მრავალწლიანი ისტორიის მიმოხილვით დაიწყო. „საუკეთესო წლებში, აქ ყველა ჟანრს თავისი „მფარველი“ და „რედაქტორი“ ჰყავდა. ზაზა თვარაძე პროზაში, ანდრო ბუაჩიძე პოეზიაში, თამაზ ვასაძე კრიტიკასა და ესეისტიკაში, ზვიად რატიანი თარგმანსა და პოეზიაშიც…“. მისი თქმით, „არილის“ დიდი ხნის მეგობარი იყო დავით წერედიანიც, ფასდაუდებელი ლიტერატურული მემკვიდრეობის ავტორი, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე როგორც პოეტი, სწორედ მესამასე ნომრის საშუალებითაც წარსდგა. „ეს არაა ხსოვნის ნომერი. ეს უფრო მისი შემოქმედების და მემკვიდრეობის გააზრების ნომერია, რომელიც ჯერ კიდევ ელის თავის მკითხველს და, შეიძლება, თავის საუკეთესო მკითხველსაც კი. ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ახალი მკითხველების, ახალი თაობის დაბადებაა. 2021 წელს „არილის“ ფურცლებზე ძალიან ბევრი აქამდე უცნობი ავტორი, მთარგმნელი და კრიტიკოსი გამოჩნდა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის გასააზრებლად, ავტორების გასაგებად, გამოსაცოცხლებლად და „გამოსახმობად“ ახალ მუხტს და ველს შექმნიან… გვინდა სულ განვითარდეს „არილი“, არ ჩამორჩეს და ხანდახან გაუსწროს კიდეც ლიტერატურულ მოვლენებს.“
2021 წელს გამოცემის წინაშე არსებული გამოწევევების შესახებ უფრო მეტი ჟურნალის ახალმა თანარედაქტორმა, ლექსო დორეულმაც ისაუბრა. „დღესაც, ტრადიციულად, ჟურნალი, რომელმაც, ჩემი აზრით, ქართულ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში არსებითად საკმაო რამ შეცვალა და ბევრი ახალი დისკურსი და ტენდენცია განავითარა, კვლავ გამოცემისა და დაფინანსების პრობლემის წინაშეა.“ ლექსო დორეულმა ყურადღება გაამახვილა იმ მტკივნეულ შეგრძნებაზეც, რასაც რედაქტორისათვის საგულდაგულოდ შერჩეული ტექსტების ჟურნალის ფურცლებს მიღმა დარჩენა ჰქვია.
საიუბილეო საღამოზე გამართულ საუბარს, რედაქტორების გარდა, „არილის“ ძველი ავტორებიც შეუერთნენ. ქართველი პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე – გიორგი ლობჟანიძე ერთ-ერთია, ვისი პულიკაციებიც აქ პირველი ნომრებიდანვე იბეჭდებოდა. „არილი არამხოლოდ განუზმელი მნიშვნელობისაა ჩემთვის, არამედ საერთოდაც ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატურულ სივრცეში. ცოტა ჟურნალია კულტურტრეგერული ფუნქციის მატარებელი თავის თავში, მაგრამ მას ეს ყოველთვის ჰქონდა. „არილის“ ყოველი ნომერი გვაცნობდა ისეთ ავტორებს, რომელთა შესახებ საქართველოში, ძალიან ვიწრო წრის გარდა, მანამდე არავის არაფერი სმენოდა… და თუ დღეს ქართული მწერლობა არსებობს იმ სახით, რაც გვაქვს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი საფუძველი იყო ჟურნალი „არილი“, საიდანაც ჩვენ ყველანი წამოვედით: სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა შეხედულებების, ზოგჯერ ერთმანეთთან (იმედია, მხოლოდ ლიტერატურად) დაპირისპირებული ადამიანები – ყოველ შემთხვევაში, ერთი თაობა და ერთი იდეალის მსახურები… რაც შეეხება დაფინანსებას და ასეთ ტექნიკურ საკითხებს, ვფიქრობ, თუ ქვეყანა თავმოყვარეა და თუ ის, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება, იცნობს არსებულ სიტუაციას, ეს საკითხი დღის წესრიგიდან სრულიად მოხსნილი უნდა იყოს. „არილი“ უნდა გამოდიოდეს იმდენი, რამდენიც რედაქციას შეუძლია, რომ გამოსცეს. თქვენ კი ბევრი შეგიძლიათ.“ – აღნიშნა მან.
საყურადღებოა, რომ გამოცემის პირადი თუ საზოგადო, სუბიექტური და ობიექტური მნიშვნელობის გარდა, გიორგი ლობჟანიძემ დავით წერედიანის შემოქმედება, მასთან ურთიერთობის გამოცდილება და ჟურნალის მესამასე ნომერიც მიმოიხილა („დავით წერედიანს თაობების მერე უფრო დააფასებენ და დაინახავენ. რაც უფრო დაგვშორდება ის, უფრო მოგვიახლოვდება კიდეც და მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.“) 25 დეკემბერს გამართულ საიუბილეო საღამოს ნომრის მთავარი გმირის მეუღლე, ლიტერატორი და მთარგმნელი, მანანა ღარიბაშვილიც ესწრებდა. მისი აზრით, „არილის“ ბოლო ნომერმა დავით წერედიანი, როგორც პოეტი (რომელიც ამ ამპლუაში საზოგადოებისათვის ნაკლებ ცნობილი იყო) ძალიან კარგად და საგულისხმოდ წარმოაჩინა. „მიხარია, რომ ეს შედგა. ნომერში ბევრი მნიშვნელოვანი სტატიაა. ამ გამოცემამ კიდევ უფრო სხვაგვარად გაგვაცნო დათო წერედიანი და მართლაც გააზრება მოხდა მისი შემოქმედებისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალს. ბევრი სიახლე უკავშირდება მათ და არ ვართ ეგრე გათამამებული ასეთი მაღალი დონის ლიტერატურული პუბლიციით.”
ცვლილებების და ლიტერატურული პროცესების კვალდაკვალ, 2021 წელი „არილისთვის“ „სულაკაურის“, „დიოგენესა“ და „პალიტრა L-ის“ გამომცემლობებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის კუთხითაც გამორჩეული აღმოჩნდა. არაერთი რეცენზია და ესეი სწორედ მათ მიერ დაბეჭდილი, საინტერესო ნაწარმოებების შესახებ და ამ ტექსტებთან ურთიერთმიმართებით გამოქვეყნდა. „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორის, მაია ალუდაურის გარდა, საიუბილეო საღამოზე დავით წერედიანსა და „არილის“ საზოგადოებრივ-ლიტერატურული დანიშნულებაზე გამომცემელმა და მწერალმა, ზვიად კვარაცხელიამაც ისაუბრა. „არილი არის ტრადიცია და ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ეს ჟურნალი, შეუძლებელია გულგრილი დარჩეს და არ ელოდოს მის ყოველ ახალ ნომერს. აქაური სიახლეები და ავტორები მოგვიანებით მკითხველის ფოკუსში და გამომცემლობის ინტერესის სფეროშიც ხვდებიან, რადგან, როდესაც ასეთი სანდო და ავტორიტეტული გამოცემა დაბეჭდავს და გზას გაუხსის მათ, ეს ერთგვარ მინიშნებადაც კი იქცევა.“
ემოციური თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო „არილთან“ მჭიდროდ გადაჯაჭვული, მის წარსულ, აწმყო და, სავარაუდოდ, მომავალ ბრძოლებში ჩართული მწერლის, პროზაიკოსის, ლიტერატურული ჟურნალის – „ახალი საუნჯის“ რედაქტორის, შოთა იათაშვილის სიტყვებიც: „90-იანების დასაწყისიდანვე, როგორც კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო, ეს ლიტერატურასა და პერიოდიკაშიც უნდა ასახულიყო, რაც საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. არსებობდა ლიტერატორთა რესპუბლიკური ცენტრი, რომელსაც ორი გამოცემა – „რუბიკონი“ და „მესამე გზა“ ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნით ვერ იმუშავა და რამდენიმე წელში გაჩერდა. შეიქმნა სიცარიელე და სწორედ ამ, ყველაზე საჭირო მომენტში გაჩნდა „არილი“, რომელმაც დამოუკიდებელი პერიოდიკული სივრცის მისია თავის თავზე აიღო… ყოველთვის გვიწევდა მეტ-ნაკლებად ბრძოლა, რათა დაფინანსება არ შეწყვეტილიყო და ჟურნალები არ გამქრალიყო. ჩემთვის ჩემი ჟურნალისთვის ბრძოლა სულ იყო „არილისთვის“ ბრძოლაც და პირიქით… კულტურტრეგერული თუ სხვა ამ ფუნქციების გარდა, „არილმა“ ისეთი მეგობრობა და ურთიერთობებიც გააჩინა, რომლებიც არასოდეს მოკვდება. ის, რომ ქართული ლიტერატურული სივრცე ასეთი მჭიდროა და რომ ამ სივრცის წარმომადგენლები ერთად, ერთ პრინციპულ პოზიციაზე იბრძვიან, „არილის“ დამსახურებაც მგონია“.
2021 წელსაც, საყოველთაო პანდემიის პირობებში, „არილმა“ კიდევ ერთხელ გაუმყარა საფუძველი იმას, რაც ადამიანთა ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი და საგულისხმო ასპექტია. დღესდღეობით, ფაქტობრივად, არ არსებობს ქართველი ან მნიშვნელოვანი უცხოელი ავტორი, რომელიც „არილის“ პორტალზე ნახსენები არ იქნება. ახალ ლიტერატურულ ტენდენციებთან ერთად, მან წარმოქმნა ლიტერატურის გააზრების, შეფასებისა და რეფლექსიის მრავალშრიანი ველიც, რაც ყველა დროისა და რეჟიმისთვის კრიტიკულად აუცილებელია. და მაინც, იმისათვის, რომ მკითხველი და ავტორები კიდევ დიდხანს იყვნენ ფიქრისა და აზროვნების ამ უნიკალური სივრცის ნაწილები, ჟურნალს არსებობა და არსებობისათვის შესაბამისი რესურსები სჭირდება. 2022 წლისთვის მრავალწლიან ტრადიციად ქცეული „არილის“ ბედი თითოეულ ჩვენგანზე, იმ ათასობით ადამიანზეა დამოკიდებული, ვისაც ქვეყანაში ცოცხალი ლიტერატურული პროცესის წარმართვა ხელეწიფება. და თუ ჩვენი მოქმედება ზოგჯერ უმნიშვნელო ან ტრივიალური მოგვეჩვენება, ლიტერატურაში შეგვიძლია მოვნახოთ არაერთი მაგალითი, როდესაც პატარა, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ტექსტს – სამყაროს აღქმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები თუ თავად სამყაროც შეუცვლია.
© არილი