ესე (თარგმანი)

ჯოზეფ კონრადი – წიგნები

“ამ მწერლის წიგნები არ წამიკითხავს, და თუ წამიკითხავს კიდეც, არაფერი მახსოვს”.
ეს სიტყვები თურმე ქალაქის ერთ-ერთ მესვეურთაგანს უთქვამს საჯაროდ სასამართლოს დარბაზში, დაახლოებით ასიოდე წლის წინ. უბრალო მოკვდავთა ნათქვამთან შედარებით, ოფიციალურ პირთა სიტყვას გაცილებით მეტი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რადგან საყოველთაოდ მიჩნეულ ჭეშმარიტებას ჩვენს მმართველთაგან ვერავინ გამოთქვამს ისე ზუსტად, როგორც ქალაქთა მესვეურები, სწორედ ისინი გამოხატავენ ხოლმე ყველაზე მკაფიოდ მთლიანობაში საზოგადოებისათვის დამახასიათებელ სულისკვეთებას, არსსა და ნორმებს. თუმცა, სამართლიანობისა და ჩვენი ამჟამინდელი კეთილი ურთიერთობის კარნახით, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მსგავსი განზოგადოება ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ვრცელდება: თუკი იქაური გაზეთების ოდინდელი და უძლური გააფთრების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამერიკაში ქალაქის მესვეურთა უმრავლესობა გაიძვერათა სრულიად განსაკუთრებულ, აბსოლუტურად ხელშეუვალ და მოუწყვლად ტიპს განეკუთვნება. მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის. ამჯერად მე მხოლოდ ხსენებული განცხადება მაინტერესებს, რომელშიც დიდი და მდიდარი საზოგადოების ტემპერამენტი და კეთილგონიერება აისახა და რომლის ავტორიც, როგორც ჩანს, ფრიად უშიშარი და საკუთარ თავში ჯრმად დაჯერებული მსაჯული გახლდათ.
გამოგიტყდებით, ძალიან მომწონს მისი ხასიათი, მისი აშკარა წინდახედულება. “ეს წიგნები არ წამიკითხავსო – ბრძანებს და იქვე ამატებს: – გინდაც წამეკითხოს, აღარაფერი მახსოვსო”. მართლაც მომხიბლავი წინდახედულებაა. მომწონს სტილიც: სადა და ვაჟკაცური გულწრფელობით აღბეჭდილი. ეს განცხადება, პროზის თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, იოლად იკითხება და იოლი სარწმუნოცაა. წიგნების უდიდეს უმრავლესობას საერთოდ არც კითხულობს არავინ..უფრო მეტი – დავიწყებას ეძლევა. ორატორული ხელოვნების კუთხით თუ შევხედავთ, განცხადება გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. გამიზნული ზემოქმედების მოსახდენად ადამიანის გონებაზე, რომელსაც გულმავიწყობის უამრავი ფორმა ემუქრება, ეს განცხადება, ამავე დროს, არც მრავალგვარი სხვადასხვა ფიქრის აღძვრის შედეგად დახვეწილი ემოციების უნარსაა მოკლებული – ნათქვამ სიტყვას ხომ მართლაც ზემოქმედების უდიდესი ძალა გააჩნია! თუმცა, განსაკუთრებულ აღტაცებას განცხადება თავისი ბუნებრიობით იწვევს, რამდენადაც არაფერია ესოდენ ბუნებრივი, როგორც თავად ფაქტი, რომ ქალაქის მამას აღარ ახსოვს, რა ეწერა იმ წიგნებში, რომლებიც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ალბათ, უდარდელი სიჭაბუკის ჟამს წაიკითხა.
არადა, ლაპარაკი რომანებზეა, ყოველ შემთხვევაში, ეს წიგნები ნამდვილად რომანებად იყო ჩაფიქრებული. ვინაიდან ჩემს მიერვე მოხმობილი მაგალითი კარგად მახსოვს, მსურს სიფრთხილე ამთავითვე გამოვიჩინო: მართალია, არაფრის მეშინია, მაგრამ მინდა შეძლებისდაგვარად თავიდან ავიცილო საყვედური და დაუყოვნებლივ ვაღიარებ – ეს წიგნები არც მე წამიკითხავს.
დიახ, არ წამიკითხავს, და იმ მთლიანობით, ან იქნებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შორისაც, ვინც ირწმუნება, ეს წიგნები წაკითხული გვაქვსო, ჯერ ერთიც არ შემხვედრია ისეთი, საკუთარი აზრის იმდენად ნათლად გამოთქმის უნარი ჰქონოდეს, გასაგებად რომ მოჰყვეს მათი შინაარსი. ვიმეორებ, ლაპარაკია წიგნებზე – კაცობრიობის განუყოფელ ნაწილზე, და რაკი ეს მართლაც ასეა, რაკი მათი რიცხვი უამრავია და მათი რაოდენობაც განუწყვეტლივ იზრდება, წიგნები უთუოდ იმსახურებენ ყურადღებას, აღტაცებას და თანაგრძნობას.
განსაკუთრებით თანაგრძნობას; ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ითქვა – ყველა წიგნს თავისი ბედი აქვსო. დიახ, ბედი, და ეს ბედი ძალიან ჰგავს კაცისას. წიგნებსაც ჩვენსავით ახასიათებს სირცხვილისა თუ დიდების, მკაცრი სამართლიანობისა თუ უაზრო დევნის, ცილისწამებისა თუ უგულებელყოფის, დაუმსახურებელი წარმატებით შეცბუნების ბოლომდე გაუაზრებელი განცდა. ადამიანის მიერ შექმნილ ყველა უსულო საგანს შორის, წიგნი ჩვენთვის ყველაზე ახლობელია, რადგან მასში მომწყვდეულია ჩვენი ფიქრები, ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი აღშფოთება, ჩვენი ილუზიები, სიმართლისადმი ჩვენი ერთგულება და შეცდომისაკენ ჩვენი მარადიული მიდრეკილება. მაგრამ, ყველაზე მეტად, წიგნები მაინც სიცოცხლესთან კავშირის სწრაფწარმავლობით გვგვანან. ხიდის აგება სამშენებლო ხელოვნების კანონთა შესაბამისად, უთუოდ უძველესი, საპატიო და სასარგებლო საქმეა. მაგრამ აი, წიგნი კი, თავისთავად ხიდივით, “მკვიდრად ნაგები”, შეიძლება დაბადებისთანავე სასიკვდილოდ განწირული აღმოჩნდეს. რაც მთავარია, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტიად წიგნის შემქმნელის ხელოვნებაც არ არის საკმარისი. ადამიანის გონების მოუთმენლობით, შთაგონებითა და პატივმოყვარეობით შექმნილ, სხვათა შორის, მუზებისათვის განსაკუთრებულად საყვარელ წიგნებს, სხვებზე მეტად ემუქრება ადრეული სიკვდილის საფრთხე, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, წიგნები საკუთარი ნაკლის წყალობით ინარჩუნებენ ხოლმე დღეგრძელობას. ხშირად, ერთი შეხედვით თითქოსდა კარგ წიგნს, მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, საკუთარი სული არ გააჩნია. ცხადია, ამგვარ წიგნს არც სიკვდილი უწერია. ის მხოლოდ მტვრად თუ იქცევა. მაგრამ უკეთესთა შორის უკეთესნი, ისინი, რომელნიც სასიცოცხლო ძალას ადამიანთა თანაგრძნობასა და მახსოვრობაში პოულობენ, მაინც მარად ყოფნა-არყოფნის ბეწვის ხიდზე გადიან, რადგან კაცის მახსოვრობა ხანმოკლეა, ხოლო თანაგრძნობა – აუცილებლად უნდა დავუშვათ ამგვარი ვარაუდი – სულის უაღრესად ცვალებადი და უპრინციპო მდგომარეობა.
ისევე არ ღირს წიგნის უკვდავების საიდუმლოს ძიება ხელოვნების კანონებში, როგორც ადამიანის უკვდავებისა – ამა თუ იმ, სხვადასხვა წამლის ურთიერთზემოქმედებაში. ძალიან ხშირად წიგნი სრულებითაც არ კვდება იმიტომ, სიცოცხლის გაგრძელებას რომ აღარ იმსახურებს: უბრალოდ, ხელოვნების კანონები განსხვავებული, არამდგრადი და არასაიმედო ფაქტორების ერთობლიობაზეა დამოკიდებული, ვთქვათ – ადამიანის სიმპათიებსა და ცრურწმენებზე, სიყვარულსა და ზიზღზე, სიქველისა და ზომიერების გრძნობაზე, რწმენასა და თეორიაზე. თავისთავად მარადიული ეს ფაქტორები, განუწყვეტლივ იცვლიან სახეს და ხშირად, სულ რაღაც ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაშიც კი.

II

წიგნებიდან მუზების ყველაზე დიდი სიყვარულით რომანები სარგებლობენ და ჩვენს თანაგრძნობაზეც სწორედ ისინი აცხადებენ სერიოზულ პრეტენზიას. რომანისტის ხელოვნება არცთუ ისე რთულია. ამავე დროს, იგი მაინც ყველაზე მოუხელთებელია მხატვრული შემოქმედების სახეობათა შორის, ყველაზე მეტად განიცდის მისი მსახურებისა თუ ქომაგების უხილავი მერყეობისა და ათასგვარი ეჭვების გავლენას და შეუძლია უკვე წინასწარვე უამრავი უსიამოვნება მიაყენოს მხატვრის გონებასაც და სულსაც. საბოლოო ჯამში, სამყაროს შექმნა იოლი საქმე არ გახლავთ, ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ღვთაებრივი ნიჭით ცხებულნი წარმოადგენენ. სინამდვილეში, ნებისმიერი რომანისტი საკუთარი, დიდი თუ მცირე სამყაროს შექმნას უნდა ისახავდეს უპირველეს მიზნად, და ამ სამყაროსი თვითონ გულწრფელად უნდა სჯეროდეს. იგი მხოლოდ შემქმნელის წარმოსახვაში არსებობს და გინდაც ზოგჯერ შეგნებულად აცხადებდეს პრეტენზიას – დარჩეს ინდივიდუალური, ოდნავ იდუმალებით შეფერილი, ასე თუ ისე, მაინც მუდამ ნაცნობი უნდა იყოს მკითხველის გამოცდილებისათვის, ფიქრებისათვის და გრძნობებისათვის. ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების არსს, სულერთია, გინდაც იგი ამ განსაზღვრებას დიდი გაჭირვებით ექვემდებარებოდეს, ცხოვრების სცენაზე გამეფებული სიმართლე უნდა შეადგენდეს, გნებავთ, თუნდაც ისეთი გულუბრყვილო თეატრალურობით გამოხატული, როგორც დიუმა-მამის რომანებშია. ჰენრი ჯეიმზის რომანებში შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანის ბუნების დახვეწილობის ჭეშმარიტი სიმართლე, ხოლო გახრწნილი სულის ადამიანთათვის დამახასიათებელი სიხარბის მკაცრი ტრაგიკომიკური სიმართლე ბალზაკის მიერ შექმნილ საზარელ სამყაროში ცოცხლობს. ბედნიერების მიღწევა კანონიერი თუ უკანონო გზებით, მორჩილებით თუ ჯანყით, პირობითობათა უნარიანი მანიპულირებით თუ მეცნიერული თეორიის განვითარებაში უკანასკნელი მიღწევების გამოყენებით – ერთადერთი თემაა, რისი გონივრული გაშუქების სრული უფლებაც აქვს მინიჭებული მიწიერი სამყაროს მრავალგვარ საფრთხეთა შორის მცხოვრები ადამიანური საზოგადოების წინსვლის მემატიანე-რომანისტს. ხოლო თავად ეს მიწიერი სამყარო, მიწა, რომელზეც ადამიანები დგანან, ეცემიან ანდა კვდებიან, ასევე მართლად აღწერის ჩარჩოებში უნდა იქნას მომწყვდეული. ყოველივე ზემოთქმულის ჰარმონიულ კონცეფციად გაერთიანება უდიდესი ამოცანაა, ხოლო ამგვარი საქმისათვის არა უმეცარი გულის იმპულსთა გავლენით, არამედ სერიოზული განზრახვით ხელის მოკიდების თვით მცდელობაც კი – საქებარი მისწრაფებაა, რადგანაც დიდი სიმამაცეა საჭირო ფრთხილად დააბიჯო იქ, სადაც ბრიყვი ფეხების ხმამაღალ ბრაგუნს ატეხდა. როგორც ერთმა ცნობილმა და აღიარებულმა ფრანგმა რომანისტმა შენიშნა, “ეს მეტისმეტად რთული ხელოვნებაა”.
სრულიად ბუნებრივია, როცა რომანისტს აეჭვებს ამ ამოცანის ამოხსნის შესაძლებლობა. ამოცანა ხომ გაცილებით უფრო გრანდიოზული ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია.
და მაინც, ლიტერატურული ნაწარმოების შექმნას, ანუ მრავალთაგან ერთ-ერთ კანონიერ ფორმას ადამიანური ქმედებებისა, მხოლოდ იმ პირობით აქვს ფასი, თუკი ის ამ ქმედებათა სხვა, დანარჩენი უმნიშვნელოვანესი გამოხატვის ფორმების სრულად აღიარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მწერლები ზოგჯერ ივიწყებენ ხოლმე ამ პირობას, განსაკუთრებით სიჭაბუკეში, როცა უჩნდებათ პრეტენზია, საკუთარი საქმიანობა დააყენონ უყოყმანოდ იმ სხვა ყველაფერზე მაღლა, რაც ადამიანის გონებისთვისაა დამახასიათებელი. ბევრ ლექსს, ისევე როგორც პროზას, შესწევს უნარი ღვთაებრივი ბრწყინვალებით იკაშკაშოს, მაგრამ ყველა ადამიანური მისწრაფების ჯამში, მათ შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდეთ. არ არსებობს დოქტრინა, რომელიც სხვებთან შედარებით ერთი რომელიმე ქმნილების არსებობას მეტად ამაღლებდეს. სხვა ყველაფერიც დატოვებს, უკეთეს შემთხვევაში, ან მხოლოდ სუსტ კვალს, ანდა დავიწყებისთვის გაიწირება. გონებრივი შრომის დანარჩენ წარმომადგენლებთან შედარებით, რომანისტს მხოლოდ ერთი უპირატესობა გააჩნია – თავისუფლების პრივილეგია, ანუ ფიქრებისა და ყველაზე სანუკვარი ოცნების გამოხატვის თავისუფლება – და ამ პრივილეგიის გააზრებამ უნდა შეუწყოს სწორედ ხელი მისი მძიმე, მონური შრომის შემსუბუქებას.

III

რომანისტის ყველაზე ფასეული უნარი წარმოსახვის თავისუფლება უნდა იყოს. საკუთარი შთაგონების აღმაფრენის ჟამს რომანტიზმის, რეალიზმის და ნატურალიზმის ზოგიერთი კონცეფციის ჩახლართული დოგმის ამოხსნის ნებაყოფლობითი მცდელობა ღირს ადამიანურ შეუპოვრობად, რაც, აბსურდულობის გამოაშკარავების შემდეგ, ცდილობს გაამართლოს იგი დამსახურებულ წინამორბედთა ძველი და კეთილშობილი წარმომავლობით. მხოლოდ შეზღუდული უნარით აიხსნება, რომ მავანთ და მავანთ, საკუთარ ნიჭში დაეჭვებულებს, ვინც ცდილობს ამ ნიჭს ელვარება სკოლის ავტორიტეტულობის წყალობით შეასმინოს, არ გააჩნიათ ხოლმე დახვეწილი მეთოდი. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებიან, მაგალითად, ის წარჩინებული ქურუმები, რომელთაც სტენდალი ნატურალიზმის წინასწარმეტყველად გამოაცხადეს. ოღონდ, თავად სტენდალი ვერასოდეს შეურიგდებოდა საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას. სტენდალის ნიჭი – ჭეშმარიტად უდიდესი და ელვარე ნიჭია. მის სულს უთუოდ შეძრავდა განსაკუთრებული, სტენდალისებური ზიზღი და აღშფოთება, ვინაიდან სიმართლე ის გახლავთ, რომ ლიტერატურული ფორმულირების მიღმა ინტელექტუალური სიმხდალის მრავალრიცხოვანი სახესხვაობა იმალება. სტენდალი კი საკუთარ დროსთან შედარებით ნაადრევად გაბედული იყო. მან თავისი ორი ყველაზე დიდი რომანი – სამწუხაროდ, ძალიან ცოტას მიერ წაკითხული – უშიშარი შინაგანი თავისუფლების სულისკვეთებით დაწერა.
არ მინდა ვინმეს მოეჩვენოს, თითქოს მე მწერლისაგან მოვითხოვ ნიჰილიზმის თავისუფლებას მორალის თვალსაზრისით. მე მისგან მოვითხოვ რწმენის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას, რომელთაგანაც უპირველეს ადგილზე უნდა იდგეს ურყევი იმედი, იმედი კი, უეჭველია, გულისხმობს როგორც აქტიური ქმედებისადმი ერთგულებას, ასევე მასზე უარის თქმით უნარსაც. ესაა ღვთით მოვლენილი რწმენა მაგიური ძალისა და შთაგონებისა, რომელნიც, თავის მხრივ, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის განუყოფელ ნაწილებს შეადგენენ. ჩვენ დავიწყება გვჩვევია, რომ თვალსაჩინო ოსტატობა მაღალ ინტელექტუალურობასაც გულისხმობს და არა მარტო ემოციონალურ ზემოქმედებას. აშკარა პესიმიზმის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ თავდაჯერება შეიძლება იყოს უიმედოდ უნაყოფო. გამორიცხული არ არის მოგვეჩვენოს, რომ სხვადასხვა დროში სხვადასხვა ადამიანთა მიერ შენიშნული ფაქტი – სამყაროში ძალიან ბევრი ბოროტება არსებობსო, – ზოგიერთი თანამედროვე მწერლის სიამაყისა და ზებუნებრივი სიხარულის წყაროდ იქცა. როცა ცდილობ სერიოზულად ეზიარო მხატვრული ლიტერატურის ნაწარმოების შექმნის ხელოვნებას, ამგვარად აზროვნება არ არის მართებული, რამდენადაც ავტორს – ღმერთმა უწყის რატომ – უჩნდება საკუთარი უპირატესობის ამაღლებული განცდა, ხოლო ამ განცდათა და გრძნობათა აყოლა კი, რაც შემოქმედს მუშაობის კულმინაციურ მომენტებში იპყრობს ხოლმე, უაღრესად სახიფათო საქმეა.
იმედისმომცემი მხატვარი აუცილებლად ის მხატვარი როდია, ვისაც მიაჩნია სამყარო მშვენიერიაო. სავსებით საკმარისია სჯეროდეს, რომ არსებობს სამყაროს გამშვენიერების შესაძლებლობა. ხოლო თუკი წარმოსახვა გაგიტაცებს და ადამიანთა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ზნეობრიობის სხვა ასპექტებზე ზემოთ აგიტყუებს, მაშინ რომანისტმაც, ვინც თავს დანარჩენ ადამიანებზე მაღლა აყენებს, შეიძლება სულ იოლად უგულებელყოს საკუთარი მოწოდების უპირველესი პირობა. სიტყვის ხელოვნების ფლობა ჯერ კიდევ ყველაფერს როდი ნიშნავს. კაცი, რომელსაც ხელში თოფი უჭირავს, მონადირე ან მეომარი არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ შეიარაღებულია; მონადირე ან მეომარი რომ გახდეს, ხასიათისა და ტემპერამენტის კიდევ მრავალი თვისებაცაა აუცილებელი. იმ კაცისაგან, ვინც ფრაზათა არსენალს ფლობს და ამ ასი ათასობით ფრაზიდან კი მხოლოდ ერთი შეიძლება მოხვდეს დიდი მანძილით დაშორებულსა და მარად მოძრავ ხელოვნების სამიზნს, მე შემიძლია ისიც მოვითხოვო, ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობისას უყოყმანოდ დაუშვას და აღიაროს ზოგიერთი ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელი ჩრდილოვანი მხარის არსებობა. მე არამც და არამც არ მოვითხოვ მწერლისაგან შეუწყნარებლობას ადამიანურ პატარ-პატარა მარცხთა მიმართ და არც დამცინავ დამოკიდებულებას შეცდომებისადმი.
არ მოვითხოვ, დიდ მადლიერებას ელოდეს კაცობრიობის მხრიდან, რომლის ბედსაც, ცალკეული ადამიანების ბედის მაგალითზე, მწერალი კომიკურად თუ შიშის მომგვრელად ასახავს. ვისურვებდი, ადამიანის შეცნობისას, ეპატიებინა მისთვის ბევრი შეხედულება და ცრურწმენა, რაც არაკეთილგანწყობის გამოხატულებას კი არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აღზრდის, სოციალური მდგომარეობისა და პროფესიის შედეგია. ჭეშმარიტ მხატვარს მაინცდამაინც არ უნდა აფიქრებდეს მისი შრომის აღიარება და მისი გენიით აღტაცება, რადგან ამ შრომის შეფასება იოლი არ არის, ხოლო გენია არაფერს ნიშნავს საქმეში ჩაუხედავთათვის, იმათთვის, ვინც მაშინაც კი, როცა მემკვიდრეობით წინაპართა სიბრძნე ერგება, ბევრ რამეში მაინც პრიმიტიული და ბანალური რჩება. ასევე ვისურვებდი, მისი თანაგრძნობა გაძლიერდეს მშვიდი და მუდმივი დაკვირვების ჟამს, მაშინ, როცა ის საკუთარი გონების ძალასაც სრულყოფს. ჩვენი ხელოვნების სრულყოფის შესაძლებლობა მხოლოდ თავად სიცოცხლის სიმართლეშია საძიებელი და არა აბსურდულ, ვითომდა ტექნიკური ოსტატობისა თუ სხვადასხვაგვარი კონცეფციების ამხსნელ ფორმულებში. ვაცალოთ წარმოსახვის ძალას, განმტკიცდეს თავად ცხოვრების ორომტრიალში, რომელსაც აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ და პატივს ვცემდეთ, და ნუ გავამტკიცებთ შთაგონების გრძნობას – ამ მზამზარეულ სრულყოფილებას, რის შესახებაც შემოქმედს წარმოდგენაც არა აქვს, და მაშინ აღარც მე გამოვთქვამ უკმაყოფილებას იმ ამაყი ილუზიის გამო, რაც დროდადრო მწერალს ეუფლება: თითქოსდა მისი შრომა მნიშვნელობით მისივე ოცნების სიდიადეს უტოლდება. თუ არადა, სხვამ აბა რამ უნდა შეუქმნას მას ნათელი წარმოდგენა და რამ შეასმინოს იმის ძალა, გულთან მიიტანოს თავისი თანამოქალაქეების სიქველენი, პირდაპირობა და გამჭრიახობა, უბრალო ჭმევრმეტყველებით განცხადებული ქალაქის მამის მიერ: “ამ მწერლის წიგნები არ წამიკითხავს, და თუ წამიკითხავს კიდეც. არაფერი მახსოვსო…”

ინგლისურიდან თარგმნა ზეზვა ჭანტურიამ

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box