ჯერ სამსახურები მიიღეს, ახლა თეატრში სავარძლებსაც იკავებენ?
კაზუო იშიგურო
ნობელის პრემიის ლაურეატის, თანამედროვე ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს მერვე რომანი „კლარა და მზე“ (Klara and the Sun) (2021) პანდემიის, იზოლაციის, ჩაკეტილი მსოფლიოსა და ვირტუალური რეალობის ამარა დარჩენილი კაცობრიობის დროებაში გამოქვეყნდა. იშიგუროს შემოქმედებაში „კლარა და მზე“ მეორე რომანია, რომელშიც მწერალი ხელახლა მიუბრუნდა ტექნოლოგიებზე საუბარს. თუ მის ცნობილ ნაწარმოებში „არასოდეს გამიშვა“ (Never Let Me Go) (2008) მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი ქეითი (Kathy. H) ადამიანის კლონია, რომელიც მისი ბავშვობის, კლონთა პანსიონის, მათი გრძნობების, სიყვარულის, ხელოვნების მიმართ სწრაფვის, ადამიანთათვის ჯანმრთელი ორგანოების გადანერგვისა და მათი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ გვიყვება, „კლარა და მზეში“ მთხრობელი ხელოვნური ინტელექტია.
კლარა, მზის ენერგიაზე მომუშავე მეგობრული ჰუმანოიდია (AF – Artificial Friend), რომელიც თინეიჯერებთან მეგობრობისთვის შექმნეს. რომანის დასაწყისში, იგი მაღაზიის ვიტრინაში გასაყიდად ჰყავთ გამოყვანილი, საიდანაც მოგვითხრობს მის გარშემო არსებულ ადამიანთა ცხოვრების თავისებურებებს. კლარა, გარე რეალობაში იმაზე მეტს ამჩნევს, ვიდრე მის გვერდში მდგარი სხვა AF-ები. მის განსაკუთრებულობას ისიც ცხადყოფს, რომ, იგი ცდილობს მყიდველი მისთვისაც სასურველი და მისაღები იყოს, რასაც მაღაზიის მენეჯერიც ამჩნევს. იშიგურო სწორედ კლარას, ხელოვნურ ცნობიერებაში აღბეჭდილი, დანახული და აღწერილი ერთი გოგოს-ჯოსის, მისი ოჯახის, მეგობრების და ქალაქის შესახებ მოგვითხრობს. რომანის მხატვრული თავისებურება და უჩვეულობაც, სწორედ მთხრობელი ხელოვნური ინტელექტია. თუმცა, დღეს უჩვეულო ამაშიც არაფერია. როგორც 2021 წლის 20 აგვისტოს, ილონ მასკის „ტესლა ჰუმანოიდის“ პრეზენტაციაზე ვიხილეთ, მეგობრული ჰუმანოიდი სინამდვილეა.
რომანის სიუჟეტი არაერთ მხატვრულ ნამუშევარსა თუ პერსონაჟს მოგვაგონებს. უპირველესად უნდა აღვნიშნოთ სალვადორ დალის „ახალგაზრდა ქალი ფანჯარასთან“ (1925), რომელზეც მხატვრის და ანა მარია, ხოლო ქალის წინ ქალაქის პანორამა, როგორც ცხოვრებაა გამოსახული. აგრეთვე 14 წლის გოგონასა და მის პერსონალურ AF-თან მეგობრობა ამერიკელი მწერლის აიზეკ აზიმოვის მიერ 1940 წელს გამოცემულ მოთხრობას „რობი“ (Robbie) გაგვახსენებს. კინო მოყვარულებს კი, ნაწარმოები, ისევე, როგორც პერსონაჟები ერთი მხრივ HBO-ს მიერ 2016 წელს გამოშვებულ ჯონათან ნოლანის სერიალს, „დასავლეთს“ (Westworld), ხოლო მეორე მხრივ ცნობილ ფრანგულ ფილმ, „სათამაშოს“ (Le Jouet) (1976) (პიერ რიშარის მონაწილეობით) მოაგონებს და ალბათ არც თუ შემთხვევით, რადგან იშიგუროს „კლარა და მზე“, ცნობიერად თუ არაცნობიერად ფილმების თანამედროვე, პოსტჰუმანური ეპოქის რეცეფციაცაა. თუმცა, თუ ფილმი „სათამაშო“ ბავშვისა და ადამიანის, როგორც პერსონალური სათამაშოს მეგობრობაზე მოგვითხრობს, იშიგუროსთან და თანამედროვე რეალობაშიც, ის ხელოვნური ინტელექტის კომპიუტერულმა პროგრამებმა ჩაანაცვლა.
მთავარი პერსონაჟების, ჯოსის და ჰუმანოიდი კლარას მეგობრობა, პირდაპირ ეხმაურება თანამედროვე მსოფლიოში ბავშვების კომპიუტერებსა თუ სმარტ ტელეფონებში შექმნილ სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ინტელექტის პროგრამებთან მიჯაჭვულობის პრობლემას. ბავშვები გარე რეალობას სწორედ მათი პერსონალური კომპიუტერის ეკრანის გავლით აღიქვამენ. კოვიდ-19 პანდემიისას სკოლების და უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის “ონლაინ” წარმართვამ, ფართო საზოგადოებაში საკითხის სიმწვავე უფრო ნათლად წარმოაჩინა. აგრეთვე ნაწარმოებში ჯოსის დის, სალის სიკვდილი და შემდეგ ჯოსის ავადმყოფობა და მისი ჯანმრთელობის გაუარესება, ისევე, როგორც კლარას როლი გოგოს გადარჩენაში, თითქოს მსოფლიო პანდემიას ეხმიანება, რომელშიც დღევანდელი ადამიანი, მაღალტექნოლოგიური მედიცინის სასწაულის იმედადაა დარჩენილი. თუმცა, ნაწარმოებში, ჯოსის დედას, ქალიშვილის გამოჯანმრთელების იმედი დაკარგული აქვს. მას გადაწყვეტილი აქვს ხელოვნური ინტელექტით გოგონას ასლის, მისი ჰუმანოიდის შექმნა, რაშიც მისტერ კაპალდი ეხმარება. კლარას ყიდვის რეალური მიზეზიც სწორედ ჯოსის ავადმყოფობაა, რადგან მის ხელოვნურ ცნობიერებას უნდა შეესწავლა გოგონას ქმედებები, ხმა, მოძრაობა, გრძნობები, ხასიათი, საუბრის მანერა და ა.შ., რომ ჯოსის გარდაცვალების შემდეგ ეს ინფორმაცია და მოქმედებების ალგორითმი, მის ასლში გადაეტანათ. მისტერ კაპალდს სჯეროდა, რომ ხელოვნური ჯოსი AF-ის იმიტირებული ვერსია კი არ იქნებოდა, არამედ იგი, გოგონას ცხოვრებას რეალურად, არსებულ მეხსიერებაზე დაყრდნობით განაგრძობდა. შესაბამისად კლარა, ჯოსის იმიტირებული გრძნობებით, ქმედებებითა და ალგორითმებით საკუთარი და იმავდროულად გოგონას ცხოვრებით იცხოვრებდა. მიუხედავად ამისა, კლარა გოგონას გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავს. იმედის წყარო კი, როგორც რომანის სათაურიდანაც ვკითხულობთ, კლარასა და მზის ურთიერთმიმართების საკითხის მნიშვნელობაშია გამოკვეთილი.
როგორც ცნობილია, მზეს, უძველესი დროიდან დიდი სიმბოლური, რელიგიური და საკრალური მნიშვნელობა აქვს. მზის ღვთაებას ვხვდებით როგორც წარმართულ, ანტიკურ მითოლოგიაში ისე ქრისტიანულ რელიგიებში. მაგალითად ძველ ეგვიპტეში, უმაღლეს ღმერთს მზის ღმერთი რა-ს (Ra), იგივე რე (Re) (ატონი (Aten)) წარმოადგენდა. მზის ღვთაება უტუ-ს (Utu) ვხვდებით შუმერულ და აქადურ რელიგიებში. ინდურ მითოლოგიაში მზე სურიას (Surya) სახელით გვხვდება. ძველ საბერძნეთში კი, მზის ღმერთი ჰელიოსი იყო, რომელიც აპოლონთანაც ასოცირდება. მზის ქალღმერთს ამატერასუს (Amaterasu) კი, იაპონურ მითოლოგიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მზე, იაპონიის, როგორც ამომავალი მზის ქვეყნის სიმბოლოა. თავად იშიგუროც იაპონიაში დაიბადა. თუმცა მზესთან თანამედროვე იაპონიას, არა მხოლოდ მითოლოგიური, არამედ ტექნოლოგიური კავშირიც აქვს. ის ხელოვნური ინტელექტის წარმოებაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ბიბლიურ სამყაროშიც (ძველ და ახალ აღთქმაში) ყველაფერი მზესთან და მზის სინათლესთანაა დაკავშირებული. ძველი აღთქმის მიხედვით მესია, ქრისტესთან, ხოლო ქრისტე მზესთან (სინათლესთან, ნათებასთან) ასოცირდება. „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი” (დაბ. 1.3); „უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს“ (რიცხ. 6.25); „მზე და ფარია უფალი ღმერთი“ (ფსალ. 84.12); „მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოანე 8.12); „რადგან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე“ (2 კორინთ. 4:6). მოკლედ, რომ ვთქვათ, კლარასთვის ყოველივე ზემოაღნიშნული ერთ სიტყვაში – მზეშია მოაზრებული, რომელიც მისთვის ყველაფრის შემოქმედი, სიცოცხლის და ხსნის სინონიმია.
„კლარა და მზეში“ ერთ-ერთი ცენტრალური თემა სწორედ რწმენაა. მართალია, ჯოსის მშობლების, მისტერ კაპალდისა თუ სახლის მოახლის მსგავსად ადამიანებმა მრავალალუზიური მზის მიმართ რწმენა დაკარგეს, მაგრამ მათგან განსხვავებით კლარა, პლატონის გამოქვაბულის მითის მსგავსად, მზის სახით, სინათლეს, შესაბამისად იმედს ხედავს. რა თქმა უნდა კლარას რწმენა მხოლოდ რელიგიური სახის რწმენა არაა, არამედ ის ფილოსოფიური ჭვრეტაცაა (აზროვნება), რომ ერთ დღეს, შესაძლებელია გამოქვაბულის მსგავსი ჩაკეტილი რეალობისგან სინათლისკენ – თავისუფლებაზე გასვლა. აღსანიშნავია, რომ რომანში, მზე, თანამედროვე რეალობის გადმოსახედიდან, ეკოლოგიურ და სამედიცინო ალუზიებსაც ბადებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კლარა, სწორედ მზის ენერგიაზე მუშაობს და მისთვის, ისევე, როგორც ადამიანებისთვის მზე სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. თუმცა, ადამიანებმა მზის ნაცვლად, ენერგიის გამომუშავების ალტერნატიულ გზებს მიმართეს, რამაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილება გამოიწვია და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. რთული გლობალური ეკოლოგიური ვითარება ადამიანთა ყოფასა და ჯანმრთელობაზეც აისახა. რომანში, სწორედ რაღაც დაავადებამ იმსხვერპლა სალი და ახლა იგივე მის დას, ჯოსის ემუქრება. თუმცა როგორც ბოლოს ირკვევა, ჯოსის სიკვდილისგან კლარას რწმენა, მზე და მზის სხივები იხსნის. თუმცა, მიუხედავად კლარას რწმენისა და იმედისა, მისთვის, როგორც ხელოვნური ინტელექტისთვის სულიერი (გულის) სამყარო გადაუჭრელ საკითხად რჩება. ჯოსის მამის შეკითხვაზე სჯერა თუ არა კლარას გულის (გრძნობების) სამყაროსი და რამდენად შესწევს მისი ქალიშვილის სულიერი სამყაროს შესწავლა, კლარა უპასუხებს:
„გული, რაზეც თქვენ საუბრობთ,“ ვუთხარი მე. ნამდვილად შეიძლება ჯოსის შესწავლის ყველაზე რთული მხარე იყოს. ის სახლს ჰგავს, რომელსაც ბევრი ოთახი აქვს. და მაინც, მიუხედავად ამისა, თავდადებულმა AF-მა, შესაძლებელია, რომ განსაზღვრულ დროში, ყველა ოთახი შემოიაროს, ყურადღებით შეისწავლოს ისინი მანამ, სანამ საკუთარი სახლის მსგავსი არ გახდებიან.[1]
სწორედ აქ დაისმის ნაწარმოების მთავარი შეკითხვა, რა არის ადამიანის ცნობიერება, მისი სულიერი, შინაგანი სამყარო. როგორ იქმნება ის და რა განაპირობებს მის ინდივიდუალიზმს, განსაკუთრებულობას, გრძნობებსა და სიყვარულს. სად გადის ზღვარი ადამიანის ცნობიერებასა და ჰუმანოიდის ხელოვნურ ინტელექტს შორის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ იშიგუროს „კლარა და მზე“ არის რომანი იმ რეალობის შესახებ, რომ სულ მალე ხელოვნური ინტელექტის ჰუმანოიდები ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების, ოჯახური ყოფის, მათი ინტიმური სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდებიან. უფრო მეტიც, რომანის მხატვრული იდეიდან გამომდინარე ჰუმანოიდი კლარა უფრო ახლოა სინათლის, ფიქრის და მჭვრეტელობით სამყაროსთან, ვიდრე ურბანულ ყოფაში მცხოვრები მომხმარებელი ადამიანი. სწორედ კლარაშია კონცენტრირებული ის მგრძნობელობა, რწმენა, ერთგულება, რომელსაც უფრო და უფრო შორდება თანამედროვე ადამიანი. ამიტომაც საინტერესოა, ჰუმანოიდის ხელოვნურ ცნობიერებაში არეკლილი ადამიანი, ფიქრები, განცდები და გრძნობები. შეიძლება ვთქვათ, რომ იშიგურო, „კლარა და მზეში“ რიტორიკულ შეკითხვებს სვამს – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს, დაგროვილი ცოდნისა და ინფორმაციის გადამუშავების შემთხვევაში ადამიანზე მეტის აღქმა?! შეუძლიათ თუ არა, რობოტებს ისწავლონ ადამიანივით გრძნობა, განცდა, რწმენა, სიყვარული?! და თუ ეს ყოველივე შესაძლებელია, ეს ხომ არ ნიშნავს ადამიანის ჰუმანოიდიზაციას, ხოლო ჰუმანოიდის ჰუმანიზაციას?!
[1] ციტატების თარგმანი რომანიდან „კლარა და მზე“ ეკუთვინის სტატიის ავტორს.
© არილი