ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ილია ჭანტურიასთან: მშურს ყველასი, ვისაც არ ეშინია საწერ მაგიდამდე მისვლის

არილი იწყებს ახალ რუბრიკას: ყოველკვირეული ბლიცინტერვიუ ქართველ მწერლებთან, მთარგმნელებთან, ლიტერატორებთან და არილის მკითხველებთან.

 

პირველი კვირის სტუმარია ილია ჭანტურია, პროზაიკოსი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დაიბადა, არაფერი განსაკუთრებული

შეიძლება მძიმის გარეშეც, მაგრამ ზედმეტია, არ მეკუთვნის.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

მხოლოდ რეალობის ასახვა უბრალო ჟურნალისტიკაა, ასე რომ ვიქნები ბანალური და ორივე.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

უმრავლესობის მძიმე და დაუფასებელი შრომა, მცირედთა კაპიტალის დასაგროვებლად.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ბარონ მიუნჰაუზენი

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

მაინ რიდის “უთავო მხედარი”

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

მიუხედავად უარყოფითი ისტორიული პერსონაჟების სიუხვისა, ზიზღს მხოლოდ უახლესი ისტორიის შვილები იწვევენ, ალბათ დროითი სიშორის ბრალია, ან რადგან ყოველდღე ტელევიზორში არ ჩანან მაგის.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

დიდად მხატვრობის მცოდნე არ ვარ, მაგრამ ალბათ აივაზოვსკი, რადგან საშინელი შიში მაქვს ზღვის სიღრმეში შესვლის, და მისი ნახატების ყურებისას ეს მცირე შფოთი მსიამოვნებს.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

შემიძლია მრავალი უაზრო სისულელე ვთქვა, როდესაც ხალხის წინ საუბრისას ვიბნევი, თუმცა, მგონი, არცაა უცნაური.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

სახლისკენ სიარულისას კენჭზე ფეხის გაკვრის შემთხვევაში, მისი აუცილებლად სახლამდე ფეხით თრევა, იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეს.

როგორ სიკვდილს ისურვებდით?

ძალიანაც თუ არ დავიღალე, მრავალი წლის შემდეგ, მშვიდს და აუღელვებელს, დიდი სიამოვნებით ძილში.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

ყველა ის აღიარებული მწერალი, რომელიც თავის წიგნებში ხალხს ურჩევს, როგორ გახდნენ წარმატებულები და ისეთი მდიდრები, როგორებიც თავად არიან.  ჯერ ერთი, ყველა მათგანი მატყუარაა და მერე მეორე, ვის რა ჯანდაბად აინტერესებს მათი კარიერისტული ბოდვები?!

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

ბუკინისტებთან დგომა და წიგნების ქექვა.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

ივა ფეზუაშვილის “ბუნკერი”.

დიონისე თუ აპოლონი?

ამ ეტაპზე ალბათ ხშირად დიონისე, შიგადაშიგ აპოლონი, გემოვნებით.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

მაიკოვსკის “შარვლიანი ღრუბელი”.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

ყველასი, ვისაც არ ეშინია საწერ მაგიდამდე მისვლის.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

ყოველი ძალდატანებითი გაღიმება, სრულიად უაზრო ხუმრობებზე, უხერხულობის გასაფანტად. Რა თქმა უნდა, კიდევ არის უფრო დიდებიც, რასაც აქ არ მოვყვები.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა და იყოს ერთიც მომდევნო თაობიდან: დათო ბარბაქაძე.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

უფრო სიტყვათა შეთანხმება: თქვენი მონა-მორჩილი. ღმერთო, დაწერაც კი მეზარება.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

სახლი, ციცინათელა.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში”, ზურაბ ქარუმიძის “მელია-ტულეფია:Fox-Trot” და აკა მორჩილაძის “კუბიდონი კრემლის კედელთან”

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

“და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.”

აქ ამბავიც გასათვალისწინებელია, პეტრე მოციქული იაზრებს, რომ ქრისტეს წინასწარმეტყველება ახდა, სამჯერ უარყო ის მამლის ყივილამდე.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე,

ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.

წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;

ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.”

ენობრივად გენიალურია და სცენა კი – შემზარავი, ალბათ ამიტომაც ამომიტივტივდა გონებაში პირველად.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

“ლექსი ვეფხვისა და მოყმისა”

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამ ენაზე, ქართულად, მეგრულად და ინგლისურად, მაგრამ ინგლისურად მხატვრული ტექსტის აღქმა მიჭირს, რასაც ვკითხულობ ვიგებ, მაგრამ ვერ განვიცდი.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

ქეთრინ ბარკლი “მშვიდობით იარაღოდან”. ტექსტი ათი  წლის წინ წავიკითხე ერთ ცხელ ზაფხულს, სიუჟეტი კარგად არ მახსოვს, ქეთრინი კი მახსოვს, იმედია, წიგნზე ხელახალი მიბრუნებისას ისეთივე ლამაზი დამხვდება, როგორიც წლების წინ იყო.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ფოლკნერთან, თვითონაც იცის რატომ და რისთვის.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

ორია ასეთი, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები, პოეზიიდან: “არტისტული ყვავილები” გალაკტიონის, ხოლო პროზიდან ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში”.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

თუკი სივრცეს დაძლევადად ჩავთვლით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცის პირველ ნახევარში, პარიზის კომუნის გამო, გურიის კომუნის/რესპუბლიკის გამოც, ზუგდიდის და ნახალოვკის რესპუბლიკების გამოც, ეგნატე ნინოშვილის და ბენია ჩხიკვიშვილის გამოც, ლადო კეცხოველის გამოც, კიდევ ბევრი მიზეზის გამოც, რომლის ჩამოთვლაც შორს წამიყვანს.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

“მარტოობის ასი წელიწადსა” და “უცხოს” შორის ვდგავარ და ვყოყმანობ.

რომელია საუკეთესო დასარული?

ზეიდი სმითის “თეთრი კბილები” მახსენდება, სადაც დასასრული უფრო მეტად დასასრულის არ არსებობაზეა და ამბის შეუწყვეტლობაზე.

ენა თუ ამბავი? რატომ?

რა თქმა უნდა, ორივე უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, მაგრამ პირადად ჩემთვის პირველ რიგში მაინც ამბავი, შემდეგ უკვე ენა და ესთეტიკა.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი თავისი მიმზიდველობით. შედეგიც არაა რაღაც საბოლოო, მისი შენარჩუნებაც ცალკე პროცესია, ასე მგონია.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

ათი ხომ არის, მეთერთმეტეც კიდევ? ზედმეტია.

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლი”, ვერ ვიტყვი, რომ არ მომეწონა, უბრალოდ ორჯერ მივუბრუნდი და ორჯერვე შევწყვიტე რაღაც გარემო-პირობების გამო.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცნობ კარგად ქართველ კრიტიკოსებს და მგონი ეგ პრობლემაა, ჩემიც და ალბათ მათიც. ისე კი რამდენიმეს ტექსტი წამიკითხავს, ნაწილი სასაცილოდ მეჩვენა, ნაწილი მომეწონა.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”, ასე ჰქვია ხომ წიგნს? აი, ესეც კინაღამ დამავიწყდა.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

გადაცემა “გააცინე და მოიგეს” ყურება გაღვიძებიდან დაღამებამდე, ყველაზე სევდიანი გადაცემაა, რასაც ეკრანებზე უჩვენებენ.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

აი, “თუნიქის დოლის.” მაშინ მაინც დავასრულებდი ))

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

სად არის ჩემი ყველა დაკარგული ქუდი, რომელსაც წელიწადში ორის სიხშირით ვკარგავ.

 

© არილი

Facebook Comments Box