ესე

მანანა კვაჭანტირაძე – ოთარ ჭილაძე 75

მანანა კვაჭანტირაძე

“ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიყურება თქვენს თვალში ჩემი სამყარო”…

ერთ თავის ინტერვიუში ოთარ ჭილაძე ამბობს, “მწერლობა უფრო ძებნაა, ვიდრე მოლოდინი”. თუ ენის იმ უცნაურ მდგომარეობას ჩავუკვირდებით, რომელშიც იგი ტექსტის შექმნის დროს ექცევა, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა ნამდვილად გაჭირდება. მოგეხსენებათ, ძებნა, ისევე, როგორც შრომა, ბრძოლის ფორმაა და სხვა არაფერი, ოღონდ, ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებით, მწერალი ამ ძებნისა და ბრძოლის ფასად სხვებისგან გასხვავებულ გამოცდილებას მოიპოვებს, ისეთს, მარადჟამს რომ ადგება ყველა დანარჩენს. თანაც, გამოცდილება ისეთი რამეა, წლებთან ერთად კი არ ქრება, კი არ სუსტდება, არამედ გროვდება, მრავლდება და თუ მწერალი ბრძოლის ჟინს არ დაკარგავს, ცხოვრების სულ უფრო იდუმალი, გამოუცნობი მხარეები გამოაქვს სამზეოზე. მკითხველი მწერლის სამყაროში სწორედ ამ გამოცდილების გასაზიარებლად შედის და ის, რაც გამოაქვს, ხშირად მისთვისვე გაუცნობიერებლად ცვლის, ასხვაფერებს თვით ცხოვრებას თუ არა, მასზე აზრს მაინც. შეცვლილი აზრი კი, თვის მხრივ, უკეთესი ცხოვრების მოსაპოვებელ იარაღად იქცევა და ასე დაუსრულებლად. ამიტომ სულაც არაა სულერთი, რა სახის გამოცდილებას სთავაზობ მკითხველს და არც ის, როგორ გამოიყურება მკითხველის თვალში მწერლის სამყარო. მაშინაც მართალია ბ-ნი ოთარი, როცა ამბობს: “ვიდრე მწერალს აზრს ეკითხებიან, ჯერ ყველაფერი არ დაღუპულაო”. ვიდრე კითხვის სურვილი არ დაუკარგავს ადამიანს-მეთქი, დავამატებდი.
ბედნიერება მქონდა, მისი რომანების არა მხოლოდ მკითხველი ვყოფილიყავი, არამედ მკვლევარიც. თუმცა აქ მთავარი მკითხველია და ჯერ ამაზე ვიტყვი: ჭილაძის რომანების კითხვა სერიოზული და შეიძლება ითქვას, გამაბედნიერებელი საქმიანობაა. მისი ენის სტიქიაში შესვლა, დაძაბული, ხანგრძლივ სუნთქვაზე გათვლილი წინადადებების სიღრმე გაოცებს, გაფორიაქებს. იძირები და ფსკერს ვერ გრძნობ, თანაც საშინლად გსიამოვნებს ამ სიღრმეებში შესვლა. სიცოცხლის იმ ნაკადებით ივსები, რომელიც ენას მოაქვს შენთან და საოცარი ძალით გრძნობ ერთიანობას ყველაფერთან, რაც გარს გაკრავს ხილული თუ უხილავი სახით. ბედნიერდები კი იმიტომ, რომ რაღაც ისეთ დროში დაჰყავი, რომელშიც არასოდეს გიცხოვრია, მაგრამ შენია და შენში გაცოცხლებას ელის, ცოცხლდება კიდეც და ჯილდოსავით იღებ ამ დამატების დროს. მერე რაღაც ძალიან საჭიროს მიგნების თუ შესრულებული მოვალეობის გრძნობაც ჩნდება, საიდან, ჯერ არ იცი. იწყებ ფიქრს, გროვდება კითხვები, გინდა გაარკვიო, როგორ ზიდავს ასე იოლად მისი “მსუბუქად მძიმე” წინადადება აზრის ამხელა სივრცეს, როგორ ანიჭებს ასეთ ხიბლსა და მოქნილობას ხატების წონად და მკვრივ მატერიას. მერე თავს უყრი ნაფიქრს, ცივი გონებით იგერიებ შენს თავს დატეხილი ჭეშმარიტი ლიტერატურის შემოტევას და “გონივრულ”, სხვებისთვისაც ანგარიშგასაწევ აზრებად ალაგებ, რაღა თქმა უნდა, “თეორიული არგუმენტების მოშველიებით”.
პირადად ჩემთვის, ოთარ ჭილაძე მთელი ლიტერატურული ეპოქაა, სრულიად განსაკუთრებული, განცალკევებით მდგარი თავისი ნიჭის მასშტაბით, მოქალაქეობრივი პოზიციით, ცხოვრების წესით. 70-იანი წლების დასაწყისში, როცა მისი პირველი რომანი გამოჩნდა, უმალ გახდა საგრძნობი, რომ უკვე კარგად ცნობილმა და აღიარებულმა პოეტმა ქართული პროზის ვეებერთელა, ხელუხლებელი სივრცის ათვისება დაიწყო.
დანიურ ენაზე “რკინის თეატრის” გამოქვეყნებისას ოთარ ჭილაძის შემოქმედება “დიდ ლიტერატურად” შეფასდა. საუბარი იყო “დიდ ეგზოტიკურ წიგნზე”, “დიდ ეპოსზე”, “ნატიფ რომანზე”, “მსოფლიო ლიტერატურის რუქაზე საქართველოს დაბრუნების” შესახებაც. დანიელი მწერალი ლარს ბონნევი წერდა, “რკინის თეატრით” მხოლოდ იწყება ოთარ ჭილაძის გაცნობა. ჩვენ ეს დავიმსახურეთო”. როცა ჭილაძე “კავკასიელ მარკესად” მოიხსენიეს, მარია ტეტცლაფფმა შენიშნა, “ჭილაძეს სულაც არ სჭირდება მარკესი, როგორც სარეკლამო “ლოკომოტივიო” და თავისი კოლეგის აზრი გაიზიარა: “ჭილაძის მკითხველი “უმაღლეს ხარისხში მიიღებს თავის ჯილდოსო”. “ჯილდოზე” და “დამსახურებაზე” ლაპარაკი ჭილაძესთან დაკავშირებით შემთხვევითი არაა და ჩვენ, ქართველმა მკითხველმა, შესაძლოა, საკუთარ ენასთან სიახლოვის გამო კიდევ უფრო კარგად ვიცით ამ ჯილდოს ფასი.
მახსოვს, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, მარკესის “მარტოობის ასი წელის” წაკითხვა რომ მირჩიეს. ავიღე წიგნი, დავიწყე კითხვა და გადავდე. ერთხელ, მეორეჯერ… ვერ შევედი რომანში, არადა, ერთგული, თავგადაკლული მკითხველი ვიყავი, სპეციალობაც მავალებდა კითხვას. მოგვიანებით მივხვდი, რაც მოხდა: სამხრეთამერიკული ლიტერატურისაგან არაფერს ველოდი განსაკუთრებულს, არ მიზიდავდა მათი სამყარო (სხვათაშორის, არც აზერბაიჯანულ ფილმებს ვუყურებდი ტელევიზორში), არ მაინტერესებდა. მერე კი, როცა დავიწყე, ვეღარ მოვწყდი და ამ ლიტერატურის ერთგულ მკითხველად დავრჩი დღემდე. არის მასში ის განსაკუთრებული – თემატიკას და პრობლემებს არ ვგულისხმობ – რაშიც ჩემს ლიტერატურასთან სიახლოვეს ვგრძნობ. ისტორიის, მითის, კაცობრიობის ბედის რაღაცნაირი ხედვა, სამხრეთის ხალხებს რომ ახასიათებთ. სხვა ტემპერამენტი და რიტმი, პოეტურობა და ტრაგიზმი ერთად, და ამის ძალზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური აღქმა, მაღალი ტემპერატურა თუ მუხტი; რაღაც ისეთის ხედვა, დასავლეთი რომ ვერ ამჩნევს, რაღაც ისეთის ერთგულება, ჩამავალი მზის ქვეყნებს რომ დავიწყებიათ.
რუსებიდან შუკშინი მომწონდა, აიტმატოვი განსაკუთრებით. ორივენი ძალიან გახმაურებულები იყვნენ. როცა ჩინგიზ აიტმატოვთან ჭილაძის შედარებას ახდენდნენ, მე ჭილაძის უპირატესობას ვგრძნობდი აშკარად, თუნდაც იმიტომ, რომ აიტმატოვი რუსულად წერდა. ეს სერიოზული ფაქტორი იყო, ცნობიერების ღრმა შინაგან პრობლემაზე მიმანიშნებელი. იმ ენაზე წერდა და აზროვნებდა, მანქურთიზმს რომ თესავდა მის ქვეყანაში, მის ენაზე მოლაპარაკე ხალხში. ამის მეცნიერული ახსნაც შეიძლება და გამართლებაც, მაგრამ მაინც ტრადიციულ აზრზე ვრჩები: დიდი ლიტერატურა მხოლოდ საკუთარ ენასთან უღრმესი კავშირით იქმნება. ამიტომ, როცა ლიტერატურის ინსტიტუტმა ნობელის კომიტეტისაგან წინადადება მიიღო, თავისი კანდიდატურა დაესახელებინა ნობელის ნომინაციაზე, ზუსტად და უყოყმანოდ ვიცოდი, რისთვისაც ვასახელებდი ოთარ ჭილაძეს. მისი შემოქმედების სახით ქართულ ენას ვაძლევდი ხმას, მის დიდებულებასა და სისადავეს, სიბრძნესა და ხატოვანებას, უსასრულო სივრცეებში განავარდების სურვილსაც და დანის პირზე სიარულის ჟინსაც. რადგან უკეთესად ვერ ვიტყვი, უკვე ნათქვამს სწორედ ნობელის მინიჭებისას სტოკჰოლმში წარმოთქმულ ფოლკნერის სიტყვებს დავამატებ: მე ხმას ვაძლევდი “მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად, ან, მითუმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისგან რაღაც მანამდე არარსებული შეექმნა”.
ჰოდა, მეც სწორედ “მანამდე არარსებულ” საქართველოს ხატს ვხედავდი და ვხედავ დღესაც ანაში, შვილისკენ რომ გარბის, მაკაბელებისგან თავდაღწეული; შეყვარებულებივით რომ ხვდებიან დედა-შვილი გომურში. სათითაოდ მქონდა დათვლილი ძველი ქვები, ერთზე ამოკაწრული საბედისწეროდ ამოყირავებული კაცუნათი. გამაოგნებელი იყო ის მორჩილება, გიორგა რომ თათარს ეკვლევინებოდა და თან ბავშვობის მონატრებულ სუნს რომ ისუნთქავდა მისი სხეულიდან. ხომ მკვლელია, მაინც აღიარებ თათრის უპირატესობას მაიორთან შედარებით. ყოველთვის მახსოვდა ზოსიმეს სიტყვები მაიორისადმი: ფესვებს მოგლეჯილი ია ხარო, ანუ საკუთარ არსს, გენეტიკას, სახელს დაშორებული დამჭკნარი სიცოცხლეო. “მამი… შინ მინდა… სადა ხარ, კაცოო” – ეს უკანასკნელი ამოძახილი სხვა, შორეულ, მაგრამ ძალზე ნაცნობ ძახილს მახსენებდა. მისი კითხვის დროს ყველა დროის ერთიანობას ვგრძნობდი. საოცრება იყო იმ პასუხისმგებლობის აღძვრა ჩემში, მკითხველში, რაც მას, როგორც მწერალს, როგორც ენის – “ყოფიერების სახლის” მასპინძელს ამ ყოფიერების, სიცოცხლის მიმართ ქონდა. ეს პასუხისმგებლობა მტკივნეულიც იყო, შემაწუხებელიც, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცას გატყობინებდა შენს ადამიანურ დანიშნულებაზე, თუ, რა თქმა უნდა, დღეს ძალიან არ დავცილდით ამ სიტყვების თავდაპირველ მნიშვნელობას. არაფერს გავალებდა პირდაპირ, მაგრამ გმართავდა სიტყვით, ენის ძალაუფლების ქვეშ გაქცევდა. ვხედავდი, როგორ “დაჰყვიროდა” საბა ლაფაჩის დედა თავის საწყალ ქმარს და ამ ერთი სცენით და ერთადერთი ზმნით ზუსტად ვიცოდი, რატომ იყო საბა ლაფაჩი სწორედ ასეთი და ვერაფრით იქნებოდა სხვანაირი.
კარლოს ფუენტესი ერთ თავის ინტერვიუში წერს, ხელისუფლება ყოველთვის ებრძვის მწერლობას იმიტომ, რომ ლიტერატურა ადამიანს თავისუფლებას ასწავლისო. ოთარ ჭილაძე გვასწავლის, “თავისუფლება ბრძოლის უფლება რომაა და სხვა არაფერი”. მარტო ხელისუფლებას კი არა, თითქოს ყველაფერს შუკრავს პირი საიმისოდ, რომ ეს უფლება წაგართვას, უფრო სწორად, კი არ წაგართვას – დაგავიწყოს, დავიწყების გზით წაგართვას. ჭილაძე კი ამ დროს დაჟინებით გიმეორებს: “დაიმახსოვრე, მერე მიხვდები”. დავიწყებით დაავადმყოფებულ, სახედაკარგულ თავის ხალხს და, თუ გნებავთ, კაცობრიობასაც იმით მკურნალობს, რომ წარსულს ახსენებს გამუდმებით. იგი იმ სიღრმეებში იხედება, სადაც ინდივიდუალური და საკაცობრიო, პიროვნული და საყოველთაო ერთმანეთს კვეთენ, მსჭვალავენ და მხოლოდ ასე, ერთიანობაში ახერხებენ არსებობას. მისი ენა ყოფიერების იმ ფენებთან გვაახლოებს, რომლებიც ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს ემიჯნებიან. ოთარ ჭილაძე პოეტური და ტრაგიკულია ერთდროულად. ამაში, ამ ორი საპირისპირო საწყისის ვირტუოზულ შერწყმაში ვხედავ მისი მწერლობის ძალასაც.
შეკითხვა – როგორია მისი აზროვნების ტიპი – რაციონალისტურ-ინტელექტუალური თუ ინტუიტიური, ზედმეტია: ორივე ეს საწყისი ერთმანეთს მსჭვალავს და სამყაროს განსაკუთრებული აღქმაც ამ ბედნიერი გადაკვეთისას იბადება.
…ვხედავდი კაცსა და ბავშვს, მამა-შვილს, ვანის პატარა მოკირწყლულ ქუჩას ხელიხელჩაკიდებულები რომ მიუყვებიან და ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ერთიანობას არაფერი ემუქრებოდა: “ერთნი არიან და არავითარ ძალას არ შეუძლია მათი დაშორება”. უკვე სამი ათწლეულის მერე, მარკესის გამოსათხოვარი წერილის კითხვისას, როცა ის მამის ხელში მოქცეულ, ჩვილის პაწაწინა მუშტზე ლაპარაკობს, გამახსენდა, რომ სადღაც უკვე წამეკითხა ასეთი რამ. ჰო, ჭილაძესთან, თუმცა იმის თქმას, რომ ჭილაძემ დაასწრო, არავითარი აზრი არ ქონდა, რადგან ასეთ რამეს მხოლოდ დიდი მწერლები ხედავენ, მარადისობას მზერაშეჩვეული ხალხი, უბრალოდ, სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ალბათ, ასე იფიქრა სწორედ იმ დანიელმა მწერალმაც, ზემოთ რომ ვახსენე.
ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ცნობილი სახელი მახსენდება – მარიო ვარგას ლიოსა. მის რომანში “ლიტუმა ანდებში”, რომლის რუსული თარგმანიც 1996 წელს გამოქვეყნდა, არის პერსონაჟი – დიონისიო, ანდებში რომელიღაც მიყრუებული სოფლის ღამის ბარის მეპატრონე. მისი მსგავსება ოთარ ჭილაძის ბახასთან იმდენად აშკარა იყო, რომ დავინტერესი, “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” თუ არის ესპანურად თარგმნილი-მეთქი. 1976 წელს უთარგმნიათ. ხომ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს ეს ფაქტი, მაინც ფუჭი მეჩვენება გავლენების ძებნა. ალბათ, უფრო სამყაროს საერთო ტექტზე, კაცობრიობის საერთო მეხსიერებაზე თუ შეიძლება საუბარი, სადაც ჩვენი ყოველწამიერი აზრებიც კი დაუკარგავად ეწერებიან რომელიღაც ნანოფირფიტაზე. თუმცა ამ ტექსტში არც პატარა და დიდი არსებობს, ასეთი ცნებებიც აზრს კარგავს. სხვათაშორის, ამ ტექსტისთვის მკითხველი და მწერალიც კი ერთია (მაგრამ არა სულერთი).
შეიძლებოდა გვეკითხა, როგორია ჭილაძის მსოფლხედვის ყველაზე ზოგადი და დამახასიათებელი მოდელი, რათა აგვეხსნა, რატომ ხედავს ასე და არა სხვაგვარად. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა გვეპასუხა ერთი ცნობილი რუსი მეცნიერის მიერ დასმულ, სხვათაშორის, საინტერესო კითხვაზე: საიდან ჩნდება ასეთი ტრაგიკული ხედვის მწერალთან იმედი, რომელსაც ის უშურველად სთავაზობს მკითხველს თავისი რომანების ფინალში. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ეს იმედი ახლავს სიცოცხლეს, მის არსს და საზრისს. ტანჯვაც ამ გზის ნაწილია და ყველაფერიც, რაც ადამიანს სიცოცხლის გზაზე თავს გადახდება. “გახსოვდეს სიცოცხლე” – ასე ქვია მისი პოეზიის ერთ კრებულს. ამიტომ არაფერია მოულოდნელი არც ნიკოსთან და გელასთან, არც ალექსანდრესთან. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს გზა ტანჯვის გზაა, ჩვენ მაინც ვგრძნობთ, რომ მან გაიმარჯვა, მაინც იპოვა ადამიანის შესახებ ყველაზე რთული კითხვის პასუხი იმ რწმენის და რჩევის წყალობით, ანასგან რომ მიიღო: “ძმას ჩააკითხე”. უცებ მიხვდა, რომ თავისი გენის, სისხლის პატარა, სუსტი ყლორტის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. აი, ადამიანის პრობლემის დაუჯერებლად უბრალო და დამაჯერებელი გადაწყვეტა, ერთი ქართული ზღაპარივით, პრობლემით შეჭირვებულ მღვდელს რომ ურჩევს: “ეგ ეკლესია მოიხსენი და მიწაზე დადეო”. აი, კითხვა, რომელიც ადამიანური სიბრმავიდან მოდის, და მისი პასუხი, რომელიც ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ვერ ვხედავთ. იგი მხოლოდ მწერალმა და ზღაპრის მთხრობელმა იცის.
სამწუხაროდ, დღეს ბევრი წერს სიცარიელეზე, სამყაროს დასასრულზე და ეს ბევრი მწერალი, უბრალოდ, ცრუობს. შესაძლოა, მათ დაკარგეს გავლენა რეალობაზე და სიტყვაზე – რაც, ბოლოსდაბოლოს, ერთი და იგივეა – და შერცხვათ ამის აღიარება. ამ უბედურების გამო კი დაივიწყეს მწერლის პასუხისმგებლობა იმის მიმართ, რაც ხდება, დაივიწყეს ხსოვნა და ამიტომაც აღარაფერი დარჩათ სათქმელი მკითხველისთვის. არამარტო გულმავიწყები, არამედ გულგრილებიც გახდნენ.
რეზო ინანიშვილი წერდა, მწერლისთვის მხოლოდ დარაჯის ადგილი დარჩა და მასაც დარაჯივით უმწეოდ აქვს ხელები გაშლილიო. ოთარ ჭილაძემ მწერალი დავიწყებული ცოდნის საფლავზე დარგულ იმ ხეს შეადარა, ადგილის ხსოვნა რომ ევალება. ხსოვნის დარაჯი – აი, დღევანდელი ჭეშმარიტი ლიტერატურის დანიშნულება მანამ, სანამ რაიმე ახალს იტყვის ისტორია და დრო, რაიმე ახალ გზაზე მიუთითებს მწერლობას. ხანდახან მგონია, რომ ლიტერატურა წრეს შეკრავს და შეცვლილი სახით ძველი ელინების იმ ტრადიციას დაუბრუნდება, რომელიც ადამიანებს ძველი გმირების საქმეებს შეახსენებს, მაგალითად დაუსახავს და ამით მათ ხსოვნას მიაგებს პატივს. ჭილაძე მითსა და ისტორიას შეგვახსენებს, მათთან ერთად კი – სიყვარულს, ერთგულებას, თავისუფლებას, ძალისხმევას – როგორც ფოლკნერი იტყოდა, “ადამიანის გულის ძველთაძველ ჭეშმარიტებებს”.
…ვხედავდი იასონს, შოლტს რომ იტყლაშუნებს წვივზე და ვგრძნობდი, რომ ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებდა მის ცდუნებას. სადღაც წავიკითხე, რომ გარკვეულ კულტურებში შოლტი ძალაუფლების სიმბოლოა. მაშინ ეს არ ვიცოდი, მაგრამ იასონისგან მომავალი ხიფათი სწორედ შოლტს დავუკავშირე. ამ ჟესტმა მაგრძნობინა, რომ მედეა აუცილებლად დაიღუპებოდა სიყვარულისგან. იმ წამიდან, როცა მედეას ხელებზე უცებ, შემთხვევით მზერაშეყოვნებულ იასონს ამ ხელების სრულყოფილება გააოცებს, უკვე იცი, რომ მას მართლა შეეძლო იმ დანაშაულის ჩადენა, დღემდე რომ ანცვიფრებს ადამიანს, რომ ევრიპიდეს არაფერი მოუგონია. ასეთ დანაშაულს სწორედ მედეასნაირები ჩადიან – სრულყოფილები, ამაყები, ბუნების პარადოქსულობის მატარებელნი და ამ ბუნებისავე მიუწვდომელი ეთიკით გამართლებულები. განა ბუნებას ეკითხება ვინმე, რატომ ანგრევს გამძვინვარების ჟამს თავისსავე შექმნილს?
ჭილაძეს ისე შემოჰქონდა თანამედროვეობაში კულტურისა და ხსოვნის ნიშნები, მითი და ისტორია, როგორც ხსოვნა ერთვება ჩვენს ყოველდღიურობაში – ბუნებრივად, ძალდაუტანებლად, სახიერად.
“რა ვიცი, რომ მე მე ვარ, და ჩემი მოყვასი კიდევ ჩემი მოყვასია?” – ქაიხოსროს კითხვა ურწმუნო, დაეჭვებული ადამიანის კითხვაა, თანაც ისეთი, ისტორიის განსაკუთრებულ ეტაპს – რაციონალიზმის, “კარტეზანული ეჭვის” ეპოქის დასაწყისს რომ შეეფერება. მღვდელი შეკითხვას პირდაპირ არ პასუხობს: “ეს რაღაც ახალია”. ასეთი კითხვა მხოლოდ ქაიხოსროს შეეძლო დაესვა, მღვდელი ზოსიმეც ის ერთადერთი კაცია, ვისაც ასეთი შეფასების მიცემა შეეძლო, თანაც, ღვინიანი ჭიქით ხელში, ფვალებაჟუჟუნებულს, ყველაფერი რომ იცის, ყველაფერს რომ ხვდება და ნაბიჯსაც არ დგამს ქაიხოსროს გადასარჩენად. უფრო თანამეინახეა, ვიდრე მოძღვარი, თუმცა ამ ორის ურთიერთობა ცალკე საუბრის თემაა, ცალკე რომანის თუ დრამის სიუჟეტი.
რა პატარა და უმნიშვნელოა თანამედროვე მწერლობის მთელი გაწამაწია ამ რომანების სერიოზულობის ფონზე. მთელი ეს ავადმყოფური გულახდილობები, ფსიქოლოგიზმები, “სექსიზმები” და ცინიზმი. რაც ყველაზე აუხსნელია, ცინიზმი – ადამიანის დაცარიელებული, ტრაგიკულად დანგრეული სულის მიმართ.
“თუ არ იცი, რა არის უცვლელი, საყრდენს კარგავ, თუ არ იცი, რა არის ცვალებადი – სტილს” (იასუნარი კავაბატა). ოთარ ჭილაძემ ზუსტად იცის, რა არის უცვლელი და ისიც იცის, ცვალებადი რაც არის. ამიტომ, როცა თავის “განგაშის რომანებს” წერდა, საყრდენიც საკუთარი ჰქონდა და სტილიც. მე მათში ქართული სულის სიღრმეს, სიმდიდრეს, ჭირთათმენის უნარს ვხედავ. ვხედავ რაღაცნაირ შეშფოთებასაც ამ პოტენციის განუხორციელებლობის გამო, მისი გადარჩენის, შენახვის სურვილსაც, პასუხისმგებლობასაც.
მისი ტექსტის ყოველი წერტილი გრძნობს, რომ მთლიანობის, სისტემის ნაწილია. ერთიანობის ეს შეგრძნება, რომელიც ჭილაძის ტექსტებიდან მოდის, თავისი ბუნებით კოსმიურ წესრიგს გავს, ქაოსს რომ უპირისპირდება და ამით სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იღებს. შენ კი, რომელიღაც წერტილი თუ ქვიშის მარცვალი, აცნობიერებ, რომ უბრალოდ, კითხვაში კი არ მონაწილეობ, არამედ საერთო წესრიგში ხარ ჩართული. თანაც ეს სისტემა ღიაა, გახსნილი, განსხვავებული აღქმებისათვის შეღწევადი. მნიშვნელობები ისე გადაედინებიან ერთმანეთში, ისეთი სიშორიდან უკავშირდებიან ერთმანეთს, რომ ჩნდება სამყაროს, სიცოცხლის თავდაპირველი ერთიანობის განცდა. აზრს კარგავს განსხვავებები “ახლოსა” და “შორს”, “წარსულსა” და “მომავალს” შორის. ამ სამყაროში ეჭვი ისე შეგიძლია “აწონო”, “ათვალიერო”, როგორც მატერიალური საგანი, მთელი სივრცე კი მეხსიერების მატარებელი საგნებით დაასახლო და “სინათლის წიწილებით” გაანათო. ისტორია ისე ახლოს მოდის, რომ ხედავ ზღვას, უკან რომ იხევს. იმას ხედავ, რასაც თვითონ ვანელები ვერ ამჩნევენ. იმ სიტყვების მნიშვნელობასაც შეიცნობ, ბახა რომ ვითომ შემთხვევით ბერძნებზე ამბობს. იმასაც ხვდები, რომ ეს სიტყვები სწორედ ბახას უნდა ეთქვა, ბახუსის მიწისქვეშა ტაძრის, თრობისა და ინტუიციის ქურუმს, ერთნაირად რომ ფლობს წარსულზე და მომავალზე სხვებისთვის მიუწვდომელ ცოდნას. წარსული ისე ახლოსაა, რომ ვანელების გაფრთხილება გინდა, მაგრამ ვერ ასწრებ და ვერც მოასწრებდი, რადგან ისტორია უკვე შეჭრილა მათში და დროის შეუქცევადი სვლა დაწყებულა.
ჭილაძის ენას მთელი ტექსტი ახსოვს – მითიდან დღემდე, კაცობრიობის მთელი გზა, რომელსაც, რატომღაც, ყოველთვის ერთი კაცი ადგას, მხოლოდ ერთი, და მთელი დანარჩენი კაცობრიობის ყველა გზის, ყველა ხსოვნის გადარჩენა ევალება. ის ერთი კაცი მიდის შეუსვენებლად – ტკივილით, ტანჯვით, ხანდახან პატარ-პატარა სიხარულებიც ხვდება ამ გზაზე. რუსთაველის სიტყვებს – “დგომა მგზავნისა ცდომაა”-ო, ოთარ ჭილაძე მე-20 საუკუნის გადასახედიდან ეხმაურება: “არ მიატოვო სანგარი, რომელშიც განგება ჩაგსვამს”. ესაა ადამიანად ყოფნის ძალისხმევა და ესაა მგზავრის მოვალეობაც გზისა (სივრცისა) და დროის წინაშე. მწერალი ყოველთვის ერთის, თითო-ეულის პასუხისმგებლობაზე, ხსოვნაზე, განსაცდელზე და თავისუფლებაზე გვიამბობს. ის ერთი აძლევს პასუხს ისტორიას, ქვეყანას, კაცობრიობას.
ოთარ ჭილაძემ ბევრ, ჩვენთვის და სხვებისთვის მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა, იმ კითხვებს, რომლებიც უკანასკნელ ხანს ნაკლებად დაისმის დასავლეთში: რაშია საშველი, რით შეიძლება დღეს ლიტერატურა დაეხმაროს ადამიანს? დღეს, როცა რეალიზმის მწვერვალებიც დაპყრობილია და ფსიქიკის უფსკრულებიც მისხალ-მისხალ გაზომილი, ყველა ტრადიციული მოდელი მრავალგზის ხორცშესხმული და ყველა ფორმალური ექსპერიმენტი ჩატარებული, ალბათ, ძნელია რაიმე ახალი კუთხე მოუძებნო სათქმელს. ჭილაძემ ეს შეძლო: სიცოცხლის ტრაგიკულობა და მისი მშვენიერება შეაჯვარა და ამ შეჯვარების ნაყოფი ქართულ ნივთიერებად ჩამოძერწა. მას საკუთარი “ლოკომოტივი” აქვს – ქართული მწერლობის ტრადიცია და რაკი ტრადიცია ვახსენეთ, მისი მხატვრული სინთეზის შესახებაც ვიტყვი: აქ რუსთაველის ფრაზის სიღრმესაც შეხვდებით, გურამიშვილის თხრობის მოქნილობასაც და მთელი მე-19-მე-20 საუკუნეების პროზისა და პოეზიის ყველაზე ღირებულ გამოცდილებასაც. იგი ყოველთვის ინარჩუნებს რეალობასთან კავშირს, მაშინაც კი, როცა ძალზე ზოგადზე და საყოველთაოზე, ან სულაც, აბსტრაქტულზე წერს. მისი სიტყვა უამრავი ხილული თუ უხილავი ძაფითაა მიბმული რეალობაზე, მატერიაზე, სიცოცხლეზე. მთელი ხიბლიც ესაა – სიცოცხლის მომპატრონებელი და გადამცემი სიტყვა, სიტყვით შექმნილი უცნაური მატერია. “სიტყვა ერთადერთი და საკმაოდ ბნელი გვირაბია, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ვუკავშირდებითო” – წერს ერთგან. ამ გვირაბში მისი ყველაზე ერთგული მეგზური მეტაფორაა, რომელიც “ენის საშიშ სიღრმეებსაც” ავლენს და გვირაბიდან სინათლის შუქიც გამოაქვს.
ამ სიტყვის ძალით შექმნა ბარათაშვილის ბრწყინვალე პორტრეტი თავის ესეში: “ის კი ნელა მოდიოდა პურის ყანაში და ჩამოგლეჯილი საყელოდან ბავშვურად სუსტი მკერდი მოუჩანდა”. ეს ის პორტრეტია, რომელიც მე-20 საუკუნის დიდმა მწერალმა მიუძღვნა თავის დიდ წინაპარს – საბედისწეროდ გამქრალი თუ ადამიანთა დაუდევრობით დაკარგული მისი ყველა სურათის სანაცვლოდ, სიყვარულით ჩახატა და დაცარიელებულ კედელზე საკუთარი ხელმოწერით ჩამოჰკიდა. არსად წამიკითხავს ფიროსმანის ფერწერის უფრო ზუსტი შეფასება, ვიდრე ოთარ ჭილაძესთან: საეკლესიო მხატვრობასთან მის მსგავსებაზე, საერთო სულიერებაზე, ერთნაირად რომ მსჭვალავს მოქეიფეებსაც, მეთევზესაც და ისეთ “არაქართულ” მოვლენასაც, როგორიც ჟირაფია.
ერთ ინტერვიუში ფამუქი ამბობს, სახლი იქაა, სადაც დედააო. სახლი სამყაროს დასაწყისია, იქაა, სადაც დედობრივი ხმა გესმის, სადაც დაცული ხარ, სადაც საწყისებია, მოგონებები და რა თქმა უნდა, მშობლიური ენაო. იქნებ ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ ოთარ ჭილაძესთვის ეს დაცულობის განცდა უფრო კაცურ საწყისს – მამას უკავშირდება. უბედურების სათავეც ყოველთვის ან უმამო ან მამის მიერ უარნათქამი. სამშობლო ჩვენს ენასა და კულტურაში “მამულია”, უფრო ძველი, ძალასთანაც უფრო მეტად ასოცირებული, ვიდრე “დედულეთი”. ასეც უნდა იყოს, რადგან ჭილაძესთან მთავარი ძალისხმევაა, სიყვარულის, ქალის, დედის, ოჯახის, დედამიწის – ანუ იმ ყველაფრის გადასარჩენად, რაც სიცოცხლესთან და სითბოსთან, ე. ი. ქალაქურ საწყისთან ასოცირდება. ჭილაძესთან მამები შვილებს სიკვდილთან ბრძოლას ასწავლიან თავიანთი უმწეობითაც, სიკვდილითაც, შეცდომებითაც. გავიხსენოთ მამის “ჩასახლებები” გიორგას სხეულში, ხილვის რა ექსპრესიაა, აზრის რაოდენი სიღრმე!
თანამედროვე რომანს არაერთი პრობლემა აწუხებს. ზოგისთვის ეს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებია, ზოგისთვის – “მსოფლიო ხელისუფლების” ფარული სვლები, “უცხოსა” და “ჩვენიანის” მომავალი ჩვენს პლანეტაზე და ა. შ. ერთი რამ, რაც დღეს მწერალმა კარგად იცის, ისაა, რომ ისეთს ვერაფერს შექმნის, კაცობრიობა რომ გააკვირვოს, რადგან გაკვირვებაც – სისუფთავისა და გულუბრყვილობის ნაყოფი – ყავლგასულია. მაგრამ ლიტერატურის ქვეყნის მოსახლეობა, ანუ მკითხველი, მაინც მოლოდინშია. და არამარტო ჩვენთან, არამედ დასავლეთშიც. სხვანაირად ვერ ავხსნით აღფრთოვანებულ გამოხმაურებებს გერმანულ პრესაში “აველუმთან” დაკავშირებით. გერმანელებს სულაც “არ მიაჩნიათ შემთხვევითობად, რომ ეს მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ საქართველოდან მოვიდა”, რადგან “ქართული ლიტერატურა ძალდაუტანებლად ეწერება საერთო საკაცობრიო კულტურის კონტექსტში, როგორც დამოუკიდებელი, თავისთავადი, ორიგინალური ცივილიზაციის ნაყოფი” (ქ. ლიჰტენფელდი). მათ, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონათ კულტურის ენის ის ფაქტურა, რომელიც ჭილაძის რომანმა შეაგრძნობინა: ერთდროულად ძველი და ახალი, ფაქიზი და მყარი პოეტური ქსოვილი. ჩვენ, ჭილაძის მკითხველები, მას კარგად ვიცნობთ: ამირანის ჯაჭვის პერანგით, უხეიროს აფრისხელა ტილოთი, ბედიას თოკით, პოპინას ბუნებრივი საღებავით ნაღები ძაფებით, მელანიას ძაფის გორგალით, ფარნაოზისა და ალექსანდრეს მიერ ნავალი უსასრულო გზებით მოქსოვილ ტექსტებს. სხვათა შორის, კულტურის ამ ტექსტში გოდრის მოწნულ ფაქტურასაც ვამჩნევთ, რომლის ღრიჭოებიდანაც სამყაროს მახინჯი სურათი მოჩანს. ჭილაძე არ წერს სოციალურ ურთიერთობებზე. სოციალური მასთან იმავდროულად ისტორიულიცაა და მასთან ერთად ჩნდება. ამიტომ წერს იმაზე, რაც ამოძრავებს ხალხს და ისტორიას: დროზე და ხსოვნაზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე – დიდ თემებზე, დიდ ტრაგედიებზე პატარა ქვეყნის შიგნით.
მის რომანებში ჩუმი, ყველგანშემღწევი ძალადობა სუფევს. მთელი სამყარო ორადაა გაყოფილი: ან კლავს, ან ეკვლევინება. ამ უალტერნატივო სივრცეში თითქოს მორჩილებაც ძალადობაა. უზნეობიდან, გულგრილობიდან, შიშიდან აღმოცენებული ძალადობის ასეთი ფორმა ბაცილას გავს, გარედან რომ არ ჩანს და შიგნიდან შლის საზოგადოების სხეულს. დღევანდელი სამყარო გუშინდელზე რთულია და ყოველნაირი ღირებულების თავდაპირველი გარკვეულობაც – დარღვეული. გაურკვევლობაში კი ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბრძოლა არ შეგიძლია, რადგან მოწინააღმდეგე სადღაცაა მიმალული, გაძრული, რაღაც საპირისპირო თვისობრიობასთან შერეული. ჭილაძე გაურკვევლობიდან გარკვეულობაში აბრუნებს ღირებულებებს და ამით ბრძოლას გიადვილებს.
ამ ბრძოლაში ხსოვნა იარაღია, დავიწყება კი – ღალატი. სწორედ ხსოვნა ინახავს ენას და მასთან ერთად ყველაფერს, რაც სიტყვაში მოექცა მისი წარმოთქმის დღიდან დღემდე, ჩვენამდე. ლიტერატურა უბრალოდ აწმყო კი არ არის, არამედ გამძაფებული დრო, რომელშიც ერთდროულად არსებობს წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. ჭილაძის ენაში ხატებად გარდაქმნილი წარსულის მთელი სუბსტანციაა თავმოყრილი, მთელი ისტორიული და მითოლოგიური გამოცდილება. მისი ენის პოეტურობაც სწორედ ამ ღრმა მეხსიერების შედეგია, მისი განსაკუთრებული ხარისხი. მასში თავმოყრილია სამყაროს აღქმის ყველაზე ადრინდელი ფორმები, რაც სხვა არაფერია, თუ არა სამყაროსთან, ბუნებასთან თავდაპირველი ერთიანობის განცდა ანუ პოეტური განცდა. სწორედ ამ მეხსიერების წყალობითაა მისი რომანები ასეთი ქართული.
ოთარ ჭილაძემ ისტორიის გზებზე გვატარა: ვანიდან, მითოსური დროიდან ბოლომდე, იმპერიის ნგრევამდე და მთელი ამ პერიოდის შეფასებაც მოგვცა თავისი რადიკალური, ძნელად სათქმელი სიმართლით “გოდორში”. ის კითხვები დასვა, კაცობრიობის მშფოთვარე გონება რომ უტრიალებდა მარადჟამს, ოღონდ, ქართული შეფერილობით, ტემპერამენტით და აქცენტებით: რა სჭირს ადამიანს, რა შეაყოლა ღმერთმა თიხას ამისთანა მოურჩენელი?” სიყვარულით, დანანებით ჰკითხა თავის ხალხს: “რატომ, რატომ არ იცი შენი ფასი?” ქართული ზღაპრის უბრალოებითა და სიბრძნით გადაჭრა ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულების ამოცანა; ტრაგიკული სიმძაფრითა და დაუზოგავი პირდაპირობით მოგვცა იმედიც: “სანამ დედას შვილის სისხლიანი პერანგი აცვია, ქვეყანა არ დაიღუპება”.
ოთარ ჭილაძემ, უჩვეულო წინასწარმეტყველური გუმანით, დიდ მწერლებს რომ ჩვევიათ, იგრძნო “ფუტურო დრო”, კრიზისული რეალობა და წარსულის ხსოვნა შეაშველა აწმყოს ჩამონგრეულ, დასაშლელად განწირულ სხეულს. მისი ენის წყალობით წარსული და ხსოვნა რაღაცნაირ რეალურ განზომილებას იძენს და ისე დგება რეალობის გვერდით, მის სიღრმეში თუ პარალელურად, რომ აძლიერებს, ავსებს და აღრმავებს მას. იგი განფენილია ყველგან – ჭილაძის პოეტური ენის მთელ ქსოვილზე და განუწყვეტილვ მოედინება აწმყოსთან, სიცოცხლესთან ერთად. თითქოს მოულოდნელიც არაფერია, აკი განგება იმიტომ აძლევს მწერალს იარაღად სიტყვას, რომ სიცოცხლის საქმე აკეთოს, გაამრავლოს, შეცვალოს, გაამდიდროს, ანუ “მანამდე არაარსებული შექმნას”.
ოთარ ჭილაძის რომანები მსოფლიოს ათეულობით ენაზეა თარგმნილი. იმ რუსეთშიც კი, რომლის იმპერიული პოლიტიკის სიბილწე კალმის წვერზე ესვა, არ დარჩენილა თითქმის არცერთი ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, მისი რომანებისთვის, მისი შემოქმედებისთვის წერილი რომ არ მიეძღვნა. ასე გრძელდება აგერ, ოცდაათი წელია. დღემდე წერენ ინტერესით, აღფრთოვანებით, გაოცებითაც კი, არაფერს იშურებენ შეფასებისას. ვის ვის, და ამხელა მწერლობის პატრონ რუსულ კრიტიკას ლიტერატურით გაკვირვებას ნამდვილად ვერ დავწამებთ. პარადოქსია, მაგრამ სწორედ რუსულმა კრიტიკამ შეგვახსენა, რომ “თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ქვეყანა ვართ” და რომ “მის ზურგს უკან მრავალსაუკუნოვანი მწერლობა დგას, დაუშრეტელი წყარო, საიდანაც მწერალს შეუძლია უნივერსალური მნიშვნელობის ფორმები მოიპოვოს” (ვლ. ოგნევი). ეს “გოდორის” შეფასებაა. მახსოვს, საფრანგეთის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბ-ნ მალვილთან შეხვედრისას როგორი დანანებით თქვა, გერმანელებმა დაგვასწრეს “აველუმის” თარგმნაო.
იტალო კალვინო ერთგან იდეალური ლიტერატურის ერთ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობს: საბოლოოდ მწერალი და მკითხველი ერთ ან ერთადერთ პიროვნებად იქცევიანო. შესაძლოა, ათასგვარი გასართობით სავსე მსოფლიოში სწორედ ამიტომ არ ტოვებს ადამიანს დიდ, ჭეშმარიტ ლიტერატურასთან შეხვედრის მოთხოვნილება, ეს ერთიანობა რომ შეიგრძნოს, მასში რომ დაჰყოს მცირე ხნით. ამიტომ სიცრუეა, როცა წერენ, ადამიანები დიდ რომანებს ვერ კითხულობენო. შეიძლება, იმის თქმა უნდათ, მწერლები ვეღარ წერენ დიდ და ჭეშმარიტ რომანებსო.
ამიტომ, სანამ რაიმე ახალი გამოჩნდება, მინდა, მთელმა მსოფლიომ იკითხოს ოთარ ჭილაძის რომანები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მათი წაკითხვის მერე ადამიანი ცოტათი მაინც გახდება უკეთესი. კიდევ უფრო მეტად კი ის მინდა, იგი ქართველმა კაცმა იკითხოს, ყველამ, ვინც წერა-კითხვა იცის. გასართობად კი არა – ამას ოთარ ჭილაძე არანაირად არ გვპირდება – საფიქრალად, სააზროვნოდ, ღირებულებებში გასარკვევად, სიყვარულის, იმედისა და რწმენის გადასარჩენად.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box