პორტრეტი

გაზეთში თევზს ახვევენ, წიგნი ბიბლიოთეკაში რჩება

გაზეთში თევზს ახვევენ, წიგნი ბიბლიოთეკაში რჩება
თამარ ბაბუაძე
დედა გუგენჰაიმი ჰყავდა, მამა – სტრაუსი, დღესაც ძალზე ცნობილი სავაჭრო ქსელის Macy’s-ის მფლობელი და ისტორიული გვარის წარმომადგენელი. იყო კიდევ ერთი მიზეზი თავმოწონებისთვის: მის დიდ ბებიას, იდას მეუღლე ისე უყვარდა, რომ გემიდან ნავში არ გადაჯდა და “ტიტანიკზე” ისიდორ სტრაუსთან ერთად დაიღუპა.
მერე დადგა დრო, როდესაც წარსულის და ლეგენდადქცეული წინაპრების გარდა, თავმოსაწონებლად საკუთარი მიღწევებიც ბლომად დაუგროვდა – წარმატებული საგამომცემლო სახლი, “ნობელიანტი” მეგობარი მწერლები და ტკბილი მოგონებები… სტამბიდან…
ეს სახელოვანი კაცია როჯერ სტრაუს უმცროსი – ერთ-ერთი იმ სამი თევზიდან, რომელიც გამომცემლობა FSG-ის ლოგოს ამშვენებს და თან, ალბათ, ყველაზე დამსახურებული “თევზი”.
FSG-ი, პირველ რიგში, ბიზნესია თავისი ბუღალტერიით, ხარჯთაღრიცხვებით, გადარიცხვებით, კომერციულად წარმატებული და ჩავარდნილი ნაწარმით. თუმცა, კომპანიაში არავის ავიწყდება, რომ პროდუქციას, რომელსაც აწარმოებენ, წიგნი ჰქვია; რომ წიგნი ძალიან სათუთი ცნებაა და მისი მხოლოდ ნაწარმით სახელდება არაფრით შეიძლება.
ეს დაუწერელი კანონი FSG-ის ახლანდელ ხელმძღვანელობას სისხლში აქვს გამჯდარი, რადგან ასე დაწესდა თავიდანვე. 1945 წელს, როდესაც სტრაუსმა და ჯონ ფარარმა საგამომცემლო სახლის საძირკველი გათხარეს, ის ყველაზე გამძლე მასალით – ცნება “მაღალი კლასის ლიტერატურით” ამოავსეს. ასე რომ, მეტყველ და მრავლისმთქმელ სახელწოდებას – “წიგნს” მათ ხელში არც არასდროს ეწერა პროზაულ და მხოლოდ ფინანსური მოგების მომტან ცნებად – “ნაწარმად” ქცევა.
…მართალია, სულ ერთი წინადადების წინ მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდით, მაგრამ სხვა გზა არ არის, შემდეგი წინადადების დასაწერად, მაინც უნდა ვიხმაროთ ერთი პროზაული ტერმინი – ბიზნესი. 1946 წელს ხომ ჯონ ფარარმა და როჯერ სტრაუსმა სწორედ ბიზნესი დაიწყეს, რომელსაც, ვერაფერს გავაწყობთ და, წიგნებით ვაჭრობა ერქვა.
ფარარმა ომი მოიარა, ომის ინფორმაციათა ოფისში იმსახურა, შინდაბრუნებულმა კი გამომცემლობა Farrar&Rinehart-ზე საბოლოოდ აიყარა გული და ბედად როჯერ სტრაუსს გადაეყარა.
სტრაუსი, როგორც უკვე მოგახსენეთ, იმ გვარს ეკუთვნოდა, საუკუნის დასაწყისიდანვე რომ მაღალ საზოგადოებაში ამინდს ჰქმნის. იმ დროისთვის, როდესაც მისი და ფარარის სურვილები ერთმანეთისას დაემთხვა, როჯერს უკვე გამოვლილი ჰქონდა გაზეთში კურიერად სირბილის, სკოლის დიპლომის გარეშე ჰამილტონის კოლეჯში ჩარიცხვის, მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის, ომში საზღვაო ფლოტში მოღვაწეობის პერიოდები. მეტიც, ეს დაახლოებით ის დრო იყო, როდესაც როჯერმა დაასკვნა: “რადგანაც გაზეთებში ბოლოს თევზს ახვევენ, წიგნები კი სამუდამოდ ბიბლიოთეკებში რჩება, მე წიგნების გამომცემლობას უნდა მივხედო”. ეტყობა, არ იცოდა, ან შესაძლოა, დემოკრატი პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრებს, უბრალოდ, დავიწყებული ჰქონდა, რომ ყველა წიგნი ბიბლიოთეკაში არ ბინავდება, რომ ხშირად წიგნებს კრძალავენ, წვავენ და ხანდახან კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფასაც აყენებენ.
ასეა თუ ისე, სტრაუსი საგამომცემლო საქმეში მოვიდა იმ მიზნით, რომ წიგნებზე განხორციელებული ყველანაირი ძალადობა აღეკვეთა. მას საამისოდ ჰქონდა ფული, კონტაქტები და ენთუზიაზმი.
კომპანიის სტარტი მაინც უღიმღამო გამოდგა. ეტყობა, მრავალი საამაყო მიზეზის მიუხედავად, სტრაუსი ბუნებით არ იყო თავმომწონე კაცი და აღიზიანებდა ყველაფერი მყვირალა. ალბათ, ამიტომაც არ უცდია ველოსიპედის თავიდან გამოგონება, ამის ნაცვლად იმ ეპოქის მოდურ ტალღას – ომის თემატიკას უპრეტენზიოდ აედევნა და პირველი წიგნი, რაც “ფარარი, სტრაუსი და კომპანიის” სახელით დაბეჭდა, იყო ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალის “იანკის” მასალების კრებული.
1947 წელს გამოვიდა კარლო ლევის “ქრისტე ებოლიში შეჩერდა”, 1949 წელს ალბერტო მორავიას “რომაელი ქალი”, მაგრამ საქმე მაინც არ გამოსწორებულა. რაც არ უნდა ემტკიცებინათ ერთმანეთისთვის როჯერსა და ჯონს, რომ სუ, ჩუმად, წიგნი პროდუქცია არ არისო, ფაქტი ფაქტად რჩებოდა – წიგნები არ იჭმებოდა, არც დოლარებს ისხამდა, ფინანსური კრიზისი კი სულ უფრო მწვავდებოდა და შექმნილ მდგომარეობას არც ხელმძღვანელების ცვლა შველიდა.
ნუ შეახსენებთ FSG-ს, თუ როგორ დაძლია ფინანსური კრიზისი, თანაც, მაინცდამაინც ახლა, როდესაც ის მაღალხარისხიან ლიტერატურასთან ასოცირდება. ნუ შეახსენებთ, რადგან შერცხვება და გაწითლდება. კომპანიას ხომ ვერც მორავიამ უშველა და ვერც ლევიმ. არამედ უშველა ფიზკულტურის სახელმძღვანელომ.
1950 წელს გეილორდ ჰაუზერმა, ფიტნესის პოპულარულმა მაესტრომ “ფარარი, სტრაუსის და კომპანიის” ნიშნით “იყავი ახალგაზრდა, იცოცხლე დიდხანს” გამოაქვეყნა. იმ წელს 300 ათასი წიგნი გაიყიდა და ფარარი და სტრაუსიც მაშინ პირველად ცდუნდნენ და წიგნს ისე შეხედეს, როგორც დოლარების მომტან პროდუქტს. თუმცა, მორიგ ცდუნებას იმავე წელს “ხარისხიანი” ანდრე ჟიდის გამოჩენამ შეუწყო ხელი. მერე სიტუაცია დაბალანსდა და “არაფიზკულტურულმა” წიგნებმაც დაიწყეს მოგების მოტანა: 1950 წელსვე რაბი ფილიპ ბერნშტეინის “რა სწამთ ებრაელებს” ბესტსელერი გახდა – მოგეხსენებათ, თემატიკა ფიგურის დაყენებაზე არანაკლებ აქტუალური იყო.
სხვათა შორის, FSG-ის პროფილის განსაზღვრაზე სტენლი იანგის, ცნობილი მწერლისა და “ნიუ იორკ ტაიმსის” ლიტერატურული კრიტიკოსის რედაქტორობამაც იმოქმედა. სწორედ იანგის გვარიდან დაიწყო ის ურიცხვი ცვილებების პროცესი, რაც კომპანიის სათაურში ფარარისა და სტრაუსის მესამე პარტნიორის ადგილმა გადაიტანა.
50-იანი წლებიდანვე შეიქმნა ის იმიჯი, რითაც კომპანია დღემდე ამაყობს და რაც სტრაუსისა და ფარარის ჯიუტ პრინციპს – კარგი წიგნები ბიბლიოთეკისთვის, ანუ მარადიული სიცოცხლისთვის იწერებაო – უნდა უმადლოდეს. დაისტამბა მარგერიტ იურსენარის “ადრიანის მოგონებები”. 1953 წელს კი FSG-იმ გამოსცა ფრანსუა მორიაკის “უბიწოების ნიღაბი”. ეს დიდი პატივი იყო გამომცემლებისთვის – ერთი წლით ადრე ხომ მორიაკმა ნობელის ლიტერატურული პრემია მიიღო.
მალევე მოხდა უმნიშვნელოვანესი ცვლილება კომპანიის მენეჯმენტშიც. მესამე ვაკანტური ადგილი ფარარისა და სტრაუსის შემდეგ სამუდამოდ შეივსო – რობერტ ჟირო ერთდროულად გახდა გამომცემლობის მთავარი რედაქტორი და ვიცე-პრეზიდენტი (მაგრამ FSG-ის აბრევიატურით წიგნი 1964 წლამდე არ გამოსულა).
თუმცა, მოსვლაცაა და მოსვლაც. ჟიროს, რომელიც “ქოლამბია რევიუსთვის” ბევრ ცნობილ მწერალს ბეჭდავდა (ამ გამოცემების უმრავლესობას სწორედ ჟიროს შესავალი აქვს დართული, ან ტექსტია ჟიროს რედაქტირებული), FSG-ში 17 ავტორი გადაჰყვა – ტომას ელიოტი, ფლენერი ო`კონორი, ჯონ ბერიმენი, ბერნარდ მალამუდი… ეს იყო საგამომცემლო საქმეში ყველაზე გრანდიოზული “მსვლელობა”, რომელიც რედაქტორის ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლას მოჰყვა.
მშრალ ფაქტებს რომ გადავხედოთ, ჟიროს მოსვლის შემდეგ კომპანიას საქმე “იყო და არა იყო რა-სავით” წაუვიდა: გამუდმებული წინსვლა, მაღალხარისხიანი გამომცემლობის იმიჯის გამყარება, ახალი საგამომცემლო სახლების შესყიდვა, კიდევ მეტი “ნობელიანტი”, პულიცერის პრიზისა და ნაციონალური წიგნის ჯილდოს მფლობელი ავტორები: სიუზენ სონტაგი, ტომ ვულფი, ჯომ მაქფი, რობერტ ლოუელი, იოსიფ ბროდსკი, უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, კნუტ ჰამსუნი, ჰერმან ჰესე, ხუან რამონ ხიმენესი, ჩესლავ მილოში, სალვატორე კვაზიმოდო, ალექსანდრ სოლჟენიცინი, დერეკ უოლკოტი.
თუმცა, რეალურად ეს ბედნიერი ზღაპარი მრავალი სევდიანი და მწვავე ეპიზოდითაც იყო სავსე: 1974 წელს გარდაიცვალა ჯონ ფარარი, როჯერ სტრაუსი უფრო მთავარი “თევზი” და თავისი პირვანდელი პრინციპების უფრო ჯიუტი დამცველი გახდა. 1970-იან წლებში განრისხებული სტრაუსი “ამერიკელი გამომცემლების ასოციაციიდანაც” კი წამოვიდა იმიტომ, რომ ორგანიზაცია იცავდა კონგლომერატებს და ჩირად არ აგდებდა ავტორებსა და დამოუკიდებელ გამომცემლებს. მართალია, 1994 წელს FSG-ი გერმანულ კომპანია “ვერლაგსგრუპეს” მიჰყიდა, რომელიც “ჰენრი ჰოლტს” და Saint Martin’s Press-საც ფლობს, მაგრამ სტრაუსი კონგლომერატებს და ცნება კომერციას ძველებურად ვერ იტანს. ახლა ეს ლეგენდარული კაცი 80 წელსაა გადაშორებული, მაგრამ მაინც ზიზღით ეჭმუხნება ხოლმე სახე იმის წარმოდგენისას, თუ როგორ შეიძლება, იქცეს ჭეშმარიტი შემოქმედება კომერციული ნაგვის მსხვერპლად.
P.S. მოკლედ, ბოლომდე მეგონა, რომ სტრაუსმა ფიტნესი იმ “გასაწითლებელი” ეპიზოდის შემდეგ სამუდამოდ დაივიწყა და მეც ასე ჭირი იქა, ლხინი აქასავით ვამთავრებდი წერილს, მაგრამ მერე FSG­-ს ახალ გამოცემებს გადავხედე და თვალებს არ დავუჯერე, როდესაც სიუზენ სონტაგის, ჯეიმს მაკმანუსის, პოლ ელის წიგნებს შორის მორიგ ფიტნესს წავაწყდი – ჯინა კოლატას “მაქსიმალურ ფიტნესს”, 2003-ში გამოცემულს!.. თუმცა, აგერ უკვე ხუთი წუთი გავიდა, პირველმა შოკმა გამიარა და მივხვდი: რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს გამომცემლობა, ხანდახან მაინც გააპარებს ხოლმე წიგნს, რომელიც, ძალიან მარტივად, დოლარების მომტანი ნაწარმია და სხვა არაფერი. რა ქნან – მძაფრად კომერციულ გარემოში სხვაგვარად ვერც ისეთი პრინციპული და ჯიუტი მოხუცები გაძლებენ, როგორიც როჯერ სტრაუსია. მე კი აღარსდროს მოვტყუვდები. საშვილიშვილოდ შევიმეცნე უკვე, რომ ცოტა სონტაგთან და მის მაღალმატერიულ მსჯელობებთან ერთად, არც ცოტა ფიზკულტურა აწყენს ვინმეს; მით უფრო ამერიკელებს, რომლებიც, სტატისტიკის მიხედვით, თურმე, დღითი დღე სუქდებიან და აღარც ფიტნესი შველით. ვაიმე…

© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box