რეცენზია

დაბოლილი ცნობიერების ნაკადი

დათო პაიჭაძე
დაბოლილი ცნობიერების ნაკადი
აკა მორჩილაძე:
“შენი თავგადასავალი”
რომანი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002

მოსაწევი, პლანი, მარიხუანა – საერთოდ, ნარკოტიკი ფრიად მნიშვნელოვანი რამ გახლავთ აკა მორჩილაძის პერსონაჟებისათვის. მისი ჯერ კიდევ პირველი პერსონაჟი ახალ ნაპუტჩევს სწორედ წამლის საშოვნელად წავიდა მეზობელ აზერბაიჯანში და ყარაბაღში მოგზაურობა კი გამოუვიდა. კი ბატონო, შეგვიძლია გავიაზროთ ეს მცირე რომანი, როგორც გეოპოლიტიკური მეტაფორა და თავისებური რეცეპტი საქართველოსთვის ამ გარემოში გასაძლებად, მაგრამ აკა მორჩილაძეს ნურც იმას დავუკარგავთ, რომ მის პერსონაჟებს უჭირთ დაარღვიონ საზღვრები მოსაწევის, შესაყნოსის თუ გასაკეთებლის გარეშე. ბარემ აქვე დავაზუსტოთ, რომ ეს ეხება თბილისელ და არა ტფილისელ (თუ ტფილელ) პერსონაჟებს. (აკა მორჩილაძესთან დროში დაცილებული ორი ქალაქის რაობაზე იხ. ზაზა შათირიშვილის წერილი ალმანახ “ახალი დროების” მეორე ნომერში).
ყველას ახსოვს, რა ურჩია პუშკინმა გოგოლს “მკვდარი სულების” დასაწერად: აიღე ერთი პერსონაჟი და დანარჩენებს აწვიეო. აკა მორჩილაძის “შენს თავგადასავალშიც” რაღაც მსგავსი ხდება: პროტაგონისტი გაუნელებლად სტუმრობს თუ მოგზაურობს სხვა პერსონაჟებთან, რომლებიც თავად გახლავან მკვდარი სულები – ლიტერატურის, ისტორიისა თუ თანამედროვეობის კარგად ნაცნობი პერსონაჟები. გაუნელებლად იმიტომ, რომ ნარკოტიკის გარეშე ასეთი მოგზაურობა არ გამოდის.
პეტრე ჯაფარიძე ლონდონში კონფლიქტოლოგიას სწავლობს. 25-ე გვერდზე ის ერთი სოხუმელი დოსტის ნაჩუქარ ჰალუცინატორს გადაყლაპავს და შეიქნება ჯორჯ ჯეფერსად, რომელიც წამლის ეფექტის განელებამდე დაფრინავს ბავშვობის, ყმაწვილკაცობისა და მოწიფულობის დროინდელ ზმანებებსა თუ კოშმარებში. ასეთი ფაბულა თითქოს რისკის წინაშე აყენებს მწერალს სიუჟეტის კომპოზიციის აგებისას – აბა, ხილვებსა და წარმოდგენებში როგორ უნდა შეეთანადონ ერთიმეორეს ქცევები, ამბები და მოქმედებები?! მაგრამ რომანის სტრუქტურული კარკასი აქ მთავარი არ არის. იშვიათი კომპოზიციური სიმწყობრის საჩვენებლად აკა მორჩილაძემ ერთი რომანი უკვე დაწერა (“აგვისტოს პასეანსი”), რომლის ღირსება (დავესესხოთ ძველ დიქოტომიას) ჯერ ფორმაა და მერე – შინაარსი. ეს ღირსება ავტორს ისევე გამოაქვს წიგნის სათაურში, როგორც ახლა, “შენი თავგადასავალის” (sic! კუმშვის გარეშე) დასტამბვისას.
რას ნიშნავს “შენი თავგადასავალი”? რასაკვირველია, აკაკი წერეთელს. წიგნი არა გადაშლისთანავე, არამედ გადაუშლელად გეუბნება: იყავ მზად უამრავი ალუზიისა და ასოციაციის, ციტატისა და პარაფრაზის, პაროდიისა და სტილიზაციისათვის.
უმადური და არასწორი საქმე იქნება, დავყვეთ ახლა და ამ რომანის მომავალში წამკითხველს განვუმარტოთ, საიდან მოაქვს აკა მორჩილაძეს ტექსტის საგრძნობი ნაწილი. რატომ უნდა მოუსპო ადამიანს ძველ ნაცნობებთან შეხვედრის სიხარული? მით უმეტეს, ძალიან ბევრ პარალელსა და სხვა სამყაროებიდან გამოხმობილ პერსონაჟებს ვერც მე ჩავწვდი. აკა მორჩილაძის აჩრდილთა სამყაროში თვითეულ მკითხველს თავისი მასპინძელი ელოდება.
კოშმარი, ზმანება და ხილვები ვახსენეთ. არ იფიქროთ, თითქოს მძიმე კითხვა გელით და გზად სასაცილო არაფერი შეგხვდებათ. პერსონაჟის კოშმარი მკითხველისთვის კომედიაა: წარმოიდგინეთ მარქსი, რომელიც დათა თუთაშხიას სინტაქსით ლაპარაკობს; მოლესბოსელო წყვილი, ხანდაზმული ეტელ ვოინიჩი და ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, რომელთაც ბოცვრები მიჰყავთ ჩე გევარას ბომონისთვის შესაწირად და ბოდღო ყვალთავას, ყურუ ქარდავასა და კაზა ჩხეტიას ფრაზებით მეტყველებენ; მელ გიბსონი ასრულებს სოსო პავლიაშვილის უძველეს ჰიტს; ნოე ჟორდანია ლონდონში კონსპირაციულ ბინაზე ცხოვრობს ტრანსსექსუალი კახპების მეზობლად; ლონდონელი ნარკოდილერი ლეგენდარულ ნაცისტ დამნაშავეს, ოტო სკორცენის (იგი ჯეფერს-ჯაფარიძის მოკავშირე შეიძლება გახდეს ერთ ამბავში) გამხმარ თევზს აძლევს და თქვენ ილარიონ შევარდნაძეს ხედავთ, ილიკო ჩიგოგიძესთან მოუბარს: აგი ტარანია, კარგია ღომზე და ადესაზე…
განზრახ არ ვამბობ, რატომ ხვდება წიგნში ჯორჯ ჯეფერსი-პეტრე ჯაფარიძე ამ აჩრდილებს, რა უნდა მათგან, რას მოელის, რისთვის სჭირდება. საამისო მოტივი მთავარ პერსონაჟს ნამდვილად აქვს. მაგრამ ჩვენ რას ვაქნევთ შორეულ თუ უახლოეს, ვირტუალურ თუ ისტორიულ წარსულთან შეხვედრებით გადაძეძგილ ამ ტექსტს?
აკა მორჩილაძისა არ იყოს, მეც “ახალი სამოციანელი” ვარ, ანუ ის, ვინც სამოციან წლებში ან დაიბადა, ან წერა-კითხვა ისწავლა. ჩემი, როგორც იმ ეპოქის ათასობით ბავშვის, მერე მოზარდისა და კაცის ტვინი გამოტენილია სწორედ იმ ტიპებით, ფრაზებით, მოვლენებით, ემოციებით, მიმართებებით და რა ვიცი, კიდევ რით, რასაც ჰალუცინატორით ჭკვიდამ გადამდგარი ჯორჯი თუ პეტრე ცდილობს გაუმკლავდეს. ეს არ არის პერსონაჟის ავტოფსიქოანალიზი. ეს ჩვენი შანსია, საღ ჭკუაზე კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი აქამომდელ გზას და ან გავერთოთ, ან ვიფიქროთ. აკა მორჩილაძის “გმირი” ლონდონშია და მაინც ვერ წაუვიდა იმას, რაც კოტე ყუბანეიშვილმა თქვა საკუთარ სამშობლოზე: “გრუზია მართლა გრუზიაო”. ეს “გრუზი”, მთელ ამ ბოდვაში ფარფატის მიუხედავად (აჩრდილები წიგნში მსუბუქად დაფრინავენ ხოლმე), ყოველთვის დასთრევს მთავარ პერსონაჟს და ზმანების დასასრულს იქცევა საზარელ ხილვად; ყარიბობა ლამის სიურეალისტურ ჰადესში მთავრდება აპოკალიფსით ერთ ცალკე აღებულ ქალაქ-სახელმწიფოში. ბიბლიის ფინალური აკორდის ამ ბრწყინვალე პაროდიას (“შენი თავგადასავალი”, გვ. 204-229), თქვენი ნებაა, რასაც დაუყენებთ გვერდით ქართული მწერლობიდან.
ჰალუცინატორის მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე პეტრე ჯაფარიძეს ერთი ხორვატი ნაშა წაუვიდა ზაგრებში. გამოფხიზლებულ პეტრეს კი შეიძლება რომანული ურთიერთობა აეწყოს ბრიტანელ შერილთან. მაგრამ ეს ჩვენი, ქართველი მკითხველების, საქმე აღარ არის. ქართველმა პერსონაჟებმა მათ რეალურ თანამემამულეებზე გაცილებით გვიან დაიწყეს საქართველოდან გასვლა. ისინი ჯერ არ დაცლილან საქართველოსგან (თვით “ტერცო მონდოს” გმირებიც კი). ამ პერსონაჟების პირველი მეგზური აკა მორჩილაძეა, რომელმაც ეროვნულ ლიტერატურაში ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართველები ისევ გაიყვანა დასავლეთში. “შენს თავგადასავალში” ჩვენ ვხედავთ, როგორ იჭრიან თუ ებღაუჭებიან ისინი დედასამშობლოსთან დამაკავშირებელ პლაცენტას.
დაბოლოს, ერთი რამ, რაც უთუოდ დაამშვენებდა ამ რომანს: გამოყენებული ლიტერატურის სია. მაგრამ ეს ერთხელ უკვე გააკეთა გურამ დოჩანაშვილმა “ვატერპოლო(ო)ს” ფინალში. ამიტომ მკითხველებს დამატებითი თავშესაქცევი გვეძლევა: შეგვიძლია ასეთი სია თავად შევადგინოთ. თუნდაც – ზეპირად.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box